მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ლბ

წმინდა იოანე ოქროპირი

📋 სარჩევი

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და წარმო-რაჲ-ვიდოდა მიერ იესუ, მოსდევდეს მას ორნი ბრმანი, ღაღადებდეს და იტყოდეს: შემიწყალენ, ჩუენ, უფალო, ძეო დავითისო! და ვითარცა შევიდა იესუ სახლსა, მოუჴდეს მას ბრმანი იგი, და ჰრქუა მათ იესუ: გრწამსა, ვითარმედ ძალ-მიც ესე ყოფად? ჰრქუეს მას: ჰე, უფალო. მაშინ შეახო თუალთა მათთა და ჰრქუა: სარწმუნოებისა თქუენისაებრ გეყავნ თქუენ! და მეყსეულად აღეხუნეს თუალნი მათნი“ (9,27-30).

რაჲსათჳს გზასა ზედა, მისდევდეს რაჲ და ღაღადებდეს, თანაწარჰჴდა მათ? კუალად აქაცა გუასწავებს, რაჲთა ვევლტოდით მრავალთა დიდებასა და გამოცხადებასა საქმეთა კეთილთასა; ამისთჳსცა შე-რაჲ-ვიდა სახლსა, განკურნა იგინი თჳსაგან და ამცნო, რაჲთა არავის აუწყონ. ხოლო ესეცა დასასჯელად ჰურიათა იქმნებოდა, რამეთუ ბრმათაცა შეიწყნარეს სარწმუნოებაჲ მისი, და მათ ნეფსით დაიყვნეს თუალნი ხილვად ნათლისა.

რამეთუ იხილეღა მათი იგი სარწმუნოებაჲ ღაღადებისა მისგან და უკუანა შედგომისა. და რაჲ იყო ღაღადებაჲ მათი? - „შემიწყალენ ჩუენ, უფალო!“ ხოლო ძედ დავითისა უწესდეს, რამეთუ დიდად პატივად შეერაცხა ესე მაშინ ჰურიათა. წინაჲსწარმეტყუელნიცა მეფეთა, რომელთაცა პატივ-სცემდიან, ძედ დავითისა უწოდდიან. ხოლო შე-რაჲ-ვიდა სახლსა, მეორედ მოუჴდეს მას, და ჰკითხა მათ სარწმუნოებაჲ მათი. ესე ამისთჳს, რაჲთა ცნან ყოველთა, ვითარმედ ღირს იყვნეს იგინი წყალობისა ჭეშმარიტად, და ვერვინ იტყოდის, ვითარმედ: უკუეთუ სახიერებისათჳს მისისა ჰკურნებდა მათ, რად არა ყოველნი განკურნნა? ამისთჳს აჩუენა, ვითარმედ ჩუენმიერიცა სარწმუნოებაჲ საჴმარ არს. და კუალად, ვინაჲთგან მათ თქუეს: „შემიწყალენ, უფალო, ძეო დავითისო!“ ასწავებს უმაღლესსა გულისჴმის-ყოფასა, თუ ვითარ უჴმს ქონებაჲ სარწმუნოებისა მისისა; ამისთჳს ჰრქუა: „გრწამსა, ვითარმედ ძალ-მიც ესე ყოფად?“ არა ჰრქუა, თუ: გრწამსა, ვითარმედ ძალ-მიც ვედრებად მამისა ჩემისა? არამედ: „ძალ-მიც ესე ყოფადო?“ ჰრქუეს მათ: „ჰე, უფალო“. არღარა ძედ დავითისა უწოდეს, არამედ განცხადებულად მეუფებაჲ მისი წამეს და აღიარეს. მაშინ შეახო თუალთა მათთა და ჰრქუა: „სარწმუნოებისა თქუენისაებრ გეყავნ თქუენ!“ პირველად სულნი მათნი განსწავლნა სარწმუნოებად მტკიცედ და მერმე ჰრქუა: „სარწმუნოებისაებრ თქუენისა გეყავნ თქუენ“, რაჲთა გულისჴმაუყოს ყოველთა, ვითარმედ შეუორგულებელი სარწმუნოებაჲ აჩუენეს და მის მიერ განიკურნნეს.

ხოლო ესე არა მათ ზედა ოდენ ქმნა, არამედ სხუათა მრავალთა. პირველ ჴორციელთა სენთა კურნებისა სულთა კურნებაჲ მიანიჭის და სარწმუნოებად მოიყვანნის, რაჲთა იგინიცა უმეტესად წარემატნენ და მათ მიერ სხუათა სარგებელ ეყოს. ეგრეთ ქმნა განრღუეულსა მას ზედა, პირველ ჴორცთა კურნებისა სული განკურნა, რაჟამს ჰრქუა: „ნუ გეშინინ, შვილო, მიგეტევნენ ცოდვანი შენნი!“ ეგრეთვე შესაკრებელთმთავარსა მას პირველ აღდგინებისა ასულისა მისისა სარწმუნოებაჲ ასწავლა მას და ჰრქუა: „ნუ გეშინინ, გარნა გრწმენინ!“ და ასისთავისა მის ზედა ეგრეთვე ყო, - ყოველივე სარწმუნოებასა მიაჩემა. და მოწაფეთა რაჲ იჴსნიდა ზამთრისა მისგან, პირველად მცირედმორწმუნეობისაგან იჴსნნა. ეგრეთვე აქა, პირველ მათისა სიტყჳსაცა იცოდა მან დაფარულნი გულთა მათთანი, არამედ ამისთჳს გამოაცხადნა გულისსიტყუანი მათნი, რაჲთა სხუანიცა ბაძვად მათდა აღადგინნეს.

ხოლო შემდგომად განკურნებისა უბრძანა, რაჲთა არავის უთხრან, და არა ესრეთ ლიტონად, არამედ ფრიადითა სიმტკიცითა, ვითარცა იტყჳს მახარებელი:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და შეჰრისხნა მათ იესუ და ჰრქუა: იხილეთ, ნუმცა ვინ უწყის. ხოლო იგინი გამოვიდეს და მიმოსდვეს იგი ყოველსა მას ქუეყანასა“ (9,30-31).

თ ა რ გ მ ა ნ ი: დაღაცათუ უფალმან უბრძანა არა თხრობად, გარნა მათ არა თავს-იდვეს დაფარვაჲ სასწაულისაჲ მის, არამედ იქმნეს ქადაგ და მახარებელ ჭეშმარიტებისა. ხოლო რომელ-იგი სხუასა ადგილსა ჰრქუა: „წარვედ და მიუთხრობდი დიდებასა ღმრთისასა“, არა წინააღმდგომი არს ამის სიტყჳსაჲ, არამედ ფრიადცა ეწამების, რამეთუ გუასწავებს ჩუენ, რაჲ-თა თავთა თჳსთათჳს არარას საქებელსა ვქადაგებდეთ, არამედ დაღაცათუ ვის ენებოს ქებაჲ ჩუენი, ვაყენებდეთ; ხოლო უკუეთუ საქმე რაჲმე იყოს სადიდებელი ღმრთისაჲ, არა თუმცა ვაყენებდით, არამედ უფროჲსად თანავეწამებოდითცა ქადაგებად დიდებასა ღმრთისასა.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და ვითარცა იგინი გამო-ოდენ-ვიდეს, მოჰგუარეს მას კაცი ყრუჲ და ეშმაკეული. და ვითარცა განჴადა ეშმაკი იგი, იტყოდა მრთელად ყრუჲ იგი. და დაუკჳრდებოდა ერსა მას და იტყოდეს: არასადა ისრაჱლსა შორის ესრეთ გამოჩნდა“ (9,32-33).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე იყო, რომელი მოსწყლვიდა გულსა უღმრთოთა მათ ფარისეველთასა, რომელ ერი იგი ადიდებდა უფალსა და უაღრესობასა მისსა ქადაგებდეს არა მაშინ მყოფთა შორის ხოლო, არამედ ოდესვე ყოფილთაცა კაცთასა, ვითარმედ: „არასადა ისრაჱლსა შორის ესრეთ გამოჩნდა“. რამეთუ ჭეშმარიტად საკჳრველი იყო დიდებული არა ესე ხოლო, რომელ კურნებათა იქმოდა, არამედ რომელ ესრეთ ადვილად და მსწრაფლ განჰკურნებდა სენთა ურიცხუთა და უკურნებელთა, ვითარცა-ესე აწ აღმოკითხული, რომელი-იგი არა ბუნებითისა სენისაგან უტყუ და ყრუ იყო, არამედ ეშმაკისაგან. ამისთჳსცა ვერ თავით თჳსით მოვიდა, ვერცა თავით თჳსით ევედრებოდა (რამეთუ ეშმაკსა შეეკრა ენაჲ მისი), არამედ სხუათა მოჰგუარეს იგი. ამისთჳს არცა სარწმუნოებაჲ ძებნა მისგან, არამედ მეყსეულად ეშმაკი იგი განიოტა, და უტყჳ იგი ზრახვიდა ფლობილად და ესმოდა დაუყენებელად. ამას ზედა ერნი განკჳრდებოდეს, ხოლო უღმრთონი იგი ფარისეველნი და ყოვლითურთ ეშმაკისადა განჩემებულნი, ისმინეთ, რასა იტყჳან:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო ფარისეველნი იგი იტყოდეს: მთავრითა ეშმაკ-თაჲთა განასხამს ეშმაკთა“ (9,34).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ვჰრქუათ მათ სიტყჳსა მისებრ ესაია წინაჲსწარმეტყუელისა: „მოედით აქა, შვილნო ურჩულოებისანო, თესლნო მემრუშეთანო და ნაშობნო მეძავთანო! ვის ზედა აღაღეთ პირი თქუენი, ანუ ვის ზედა განსძართ ენაჲ თქუენი? არა თქუენ ხართა შვილნი წარწყმედისანი და ნათესავნი უშჯულონი? რამეთუ არა მიგეტეოს თქუენ ცოდვაჲ ესე, ვიდრემდე მოსწყდეთ თქუენ, იტყჳს უფალი ძალთაჲ. აწ იხილეთ, რამეთუ დაბრმეს წინამძღუარნი თქუენნი და არა ცნეს გულისჴმის-ყოფად. ძაღლნი არიან ურცხჳნონი გულითა და არა იციან მოძღურებაჲ და არიან ყოველნი უკე-თურ. ანუ არა თქუენ ხართა, რომელნი ევედრებოდეთ კერპთა ხეთა ქუეშე სერტყოვანთა, დაუკლევდით შვილთა თქუენთა? ესე არს ნაწილი თქუენი, ესე არს სამკჳდრებელი თქუენი. ვაჲ სულისა თქუენისა, რამეთუ იზრახეთ ზრახვაჲ ბოროტი!“1

ეტყოდენ კუალად იერემიაცა თჳსითა მით ღაღადებითა: „ორი ბოროტი ქმნა ერმან ამან: მე დამიტევეს, წყაროჲ წყლისა ცხოელისაჲ, და აღმოთხარეს თავისა მათისა ჯურღმული ჴურელოვანი, რომლითა ვერ უძლონ დაპყრობად წყალი. ისმინეთ სიტყუაჲ უფლისაჲ ყოველთა ტომთა სახლისა ისრაჱლისათა: რაჲ პოვეს მამათა თქუენთა ჩემ თანა შეცოდებაჲ, რამეთუ განდგეს იგინი ჩემგან შორად? მღდელთა არა თქუეს: სადა არს უფალი? და მეცნიერთა მათ შჯულისა ჩემისათა არა მიცნეს მე, და მწყემსნი უღმრთოებდეს ჩემდამო; რამეთუ დასაბამითგან შეურიე უღელი შენი და განხეთქენ აპაურნი შენნი და სთქუ: არა გმონო შენ, არამედ მივიდე ყოველსა ზედა ბორცუსა მაღალსა და ყოველსა ხესა მაღალსა, მუნ განვსცთე სიძვითა ჩემითა. შეაგინე ქუეყანაჲ იგი სისხლითა და უკეთურებითა შენითა, და გესხნეს შენ მწყემს მრავალ საცთურად შენდა. პირი, ვითარცა როსპიკისაჲ, გექმნა შენ, ურცხჳნო იქმენ ყოველთა მიმართ“,2 და შემდგომი ამისი.

ამხილებედ სხუანიცა წინაჲსწარმეტყუელნი, ყოველნი თითოფერად და თითოსახედ, ბილწთა მათ და საძაგელთა, რომელთა მიმართ ჩუენცა მსგავსად ჴმისა მის წინაჲსწარმეტყუელთაჲსა ვეტყოდით: თქუთღა, ურ-

1 შდრ. ესაია 57,3-6; 56,10-11. 2 შდრ. იერ. 2, 13,4-5,8,20; 3,2-3.

ჩულონო და ჭეშმარიტად ეშმაკეულნო, რომელმან ეშმაკმან განიოტა ეშმაკი? ოდეს განეწყვნეს იგინი ურთიერთას ბრძოლად? ოდეს დაემეგობრნეს მთავარნი მათნი ბუნებასა კაცთასა, რაჲთამცა განასხმიდეს ეშმაკთა მათგან და დაჰჴსნიდესმცა თჳსთა მათ აგებულებათა? ხოლო სხუათა მათთჳს სასწაულთა რაჲ სთქუათ, რომელთა იქმოდა მაცხოვარი ჩუენი: მკუდარნი აღადგინნა, კეთროანნი განწმიდნა, ზღუასა აღჳრ-ასხნა, ჴელისწერილნი ცოდვათანი აჴოცნა, სასუფეველი ცათაჲ ქადაგა, ბუნებაჲ კაცთაჲ განდგომილი დააგო ღმერთსა და მამასა, საცთური იგი კერპთმსახურებისაჲ უჩინო-ყო და განაქარვა. სადა გიხილავს ეშმაკი ამათ საქმეთა მოქმედად? რამეთუ მათი საქმე ესე არს, რაჲთა ღმრთისაგან კაცნი განაშორნენ და კერპთა თაყუანის-ცემაჲ ასწაონ და საუკუნოჲსა მის ცხორებისაგან უცხო-ყვნენ. მბრძოლნი არიან და მტერნი ბუნებისა ჩუენისანი, მარადის წარწყმედასა ზედა კაცთასა იხარებენ, არა თუ მბრძოლთა ხოლო მათთა ემტერებიან, არამედ პატივისმცემელთაცა მათთა ქუესკნელთა ჯოჯოხეთისა-თა შთაჴდიან, ვითარცა-ეგე თქუენ გიყვეს, საწყალობელნო და მათისა მის ღმრთისაგან განდგომილებისა მიმსგავსებულნო, რამეთუ ყოვლითურთ ნებისა მათისა აღმასრულებელ იქმნენით; და აჰა ეგერა იხილეთ, ვითარისა კეთილისა მომატყუებელ გექმნეს, მტერ და წინააღმდგომ მეუფისა და ღმრთისა და ქველისმოქმედისა თქუენისა გყვეს და წარწყმედაჲ იგი საუკუნოჲ ნაწილად დაგიდვეს, რამეთუ ღირსვე ამას იყვენით უშჯულოებისა თქუენისათჳს.

გარნა უკეთურთა მათ მწიგნობართა და ფარისეველთა მიმართ სიტყუაჲ სხუად ჟამად დამარხულ იყავნ, რამეთუ მრავალ არს სამხილებელი ბოროტთა მათთაჲ. ხოლო ჩუენ ვიხილოთ, მორწმუნენო, თუ ვითარ ყოველთა მათ შეურაცხებისა სიტყუათა სახიერებით და სიმშჳდით თავსიდებდა უფალი ჩუენი, რამეთუ შემდგომად ესევითარისა მის გმობის მა-თისა რაჲ ნაცვალი მიაგო მათ, ისმინეთ:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და მოჰვლიდა იესუ ქალაქებსა ყოველსა და დაბნებსა და ასწავებდა შესაკრებელთა შორის მათთა და ქადაგებდა სახარებასა სასუფეველისასა და განჰკურნებდა ყოველთა სენთა და ყოველთა უძლურებათა ერსა შორის“ (9,35).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ესოდენსა მას უკეთურებასა მათსა ზედა და სიცოფესა არა ხოლო თუ ცეცხლითა არა დაწუნა ანუ უფსკრულთა ჯოჯოხეთისათა შთაჴადნა, არამედ არცა თუ სიტყჳთ შეჰრისხნა. ერთად, რაჲთა გამოუთქუმელი იგი სიმშჳდე და სახიერებაჲ თჳსი აჩუენოს და იგი ქმნას სამხილებელად მათდა; და მეორედ, რაჲთა უმრავლესთა მათ სასწაულთა მიერ ძალი თჳსი უჩუენოს უმეტესად და მერმეღა იწყოს სიტყჳთცა მხილებად. ამისთჳსცა მოჰვლიდა ქალაქებსა და დაბნებსა და შესაკრებელთა შორის მათთა ასწავებდა და ყოველთავე სენთა ჰკურნებდა, რაჲთა გუასწაოს ჩუენ ძჳრისმეტყუელთა ჩუენთა ესევითარისა ნაცვლისა ყოფად. ესე იგი არს, რაჲთა ძჳრისმეტყუელებისა წილ არა ძჳრისმეტყუელებაჲ მივაგოთ, არამედ ქველისმოქმედებაჲ და ყოველივე კეთილი.

აწ უკუე, მორწმუნენო, ოდეს კეთილი ვისმე უყო მოყუასსა შენსა და მან მოგაგოს ბოროტი, შენ ნუ-ვე-დასცხრები კეთილის-ყოფისაგან, რაჲთა უმეტესად განმრავლდეს სასყიდელი შენი ღმრთისა მიერ. ხოლო რომელმან იხილოს მოყუასი უმადლოჲ და დასცხრეს ქველისმოქმედებისა მისისაგან, გამოაჩინებს ესევითარი იგი, ვითარმედ არა ღმრთისათჳს იქმოდა ქველისსაქმესა მას, არამედ კაცობრივისა ქებისათჳს. ხოლო რად საჴმარ არს ქებაჲ იგი კაცთაჲ უსარგებლოჲ? უფროჲსად ყოველივე ქველისსაქმე ჩუენი, ძმანო, ღმრთისათჳს იყავნ და ბუნებითისა მის სახიერებისათჳს, ვითარცა-იგი უფალმან ჩუენმან მოგუცა სახე კეთილისაჲ თავისა მიერ თჳსისა, რამეთუ ესერა გულისჴმა-გჳყოფს, ვითარმედ სახიერებისათჳს თჳსისა და წყალობისათჳს კაცთაჲსა იქმოდა ყოველსავე. ამისთჳსცა არა ერთსა ადგილსა იყოფოდა და მოელოდა მისა მომართ მოსლვასა უძლურთასა, არამედ თავადი მოჰვლიდა ყოველსა ქალაქებსა და დაბნებსა და მიანიჭებდა უსასყიდლოდ ორთა მათ დიდთა კეთილთა: ერთად, სწავლასა ამას კეთილსა და სახარებასა სასუფეველისასა, და მეორედ, ყოველთავე სენთა კურნებასა, რაჲთა ცნან, ვითარმედ იგი არს მაცხოვარი სულთა და ჴორცთაჲ და უფალი ორისავე ცხორებისაჲ. და არა თავით თჳსით ხოლო იქმოდა ესრეთ, არამედ სხუაჲცა შესძინა მოღუაწებისა და ქველისმოქმედებისა საქმე, ვი-თარცა იტყჳს მახარებელი:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და ვითარცა იხილა ერი იგი, შეეწყალნეს იგინი, რამეთუ იყვნეს დამაშურალ და დაცჳვნებულ, ვითარცა ცხოვარნი, რომელ-თა არა აქუნ მწყემსი. მაშინ ჰრქუა მოწაფეთა თჳსთა, ვითარმედ: სამკალი ფრიად არს, ხოლო მუშაკნი - მცირედ. ევედრენით უფალსა სამკლისასა, რაჲთა გამოავლინნეს მოქმედნი სამკალსა თჳსსა. და მოუწოდა ათორმეტ-თა მოწაფეთა თჳსთა და მისცა მათ ჴელმწიფებაჲ სულთა ზედა არაწმიდა-თა, რაჲთა განასხმიდენ მათ და განჰკურნებდენ ყოველთა სენთა და უძლურებათა“ (9,36-10,1).

თ ა რ გ მ ა ნ ი: აურაცხელისა მის სახიერებისა და კაცთმოყუარებისათჳს არა კმა-ეყო თავისა მიერ თჳსისა სწავლაჲ და კურნებაჲ უმადლო-თაჲ მათ, არამედ მოწაფეთაცა მისცა ესერა ჴელმწიფებაჲ კურნებათაჲ და წარავლენს მიმოსლვად სწავლად ერისა და კურნებად უძლურთა, რაჲთა მათდა მიმართცა წყალობაჲ და ძჳრუჴსენებლობაჲ თჳსი და ღმრთივშუენიერი სიმდაბლე აჩუენოს და მოციქულნიცა განწუართნეს პალესტინეს შინა საქმესა მას მოციქულებისასა, რაჲთა განვიდენ რაჲ ყოველსა სოფელსა, ახოვნად თავს-იდვან სიმრავლე იგი ღუაწლთა და განსაცდელთაჲ. ამის-თჳსცა, ვითარცა მფრინველი რაჲ მართუეთა ჩჩჳლთა ასწავებნ ფრინვასა და მცირედ-მცირედ განიყვანებნ ბუდისაგან, ეგრეთ იწყო სწავლად მათდა წინამდებარისა მის საგრობისა. და აწ პირველად კურნებასა ჴორციელთა სენთასა მისცემს, ხოლო კურნებასა მას სულთასა უკუანაჲსკნელ დაუმარხავს, ვითარცა უაღრესსა და უზეშთაესსა. და იხილე, ვითარ ქადაგებს მახარებელი, ვითარმედ კაცთმოყუარებისათჳს და ფრიადისა მის მოწყალებისათჳს იწყო საქმესა ამას და სხჳსა არარაჲსათჳს: „იხილა ერი იგი და შეეწყალნესო, რამეთუ იყვნეს დამაშურალ და დაცჳვნებულ, ვითარცა ცხოარნი, რომელთა არა აქუნ მწყემსი“. იხილა უკეთურებაჲ იგი მღდელთა მათ და მწიგნობართა და ფარისეველთაჲ, რომელნი განწესებულ იყვნეს მთავრად და მწყემსად ერისა მის, ვითარ-იგი არა მწყემსთა საქმესა აჩუენებდეს, არამედ მგელთასა; არა ხოლო თუ კეთილისა სწავლისაგან უდებ იქმნებოდეს, არამედ ყოვლით კერძო ბოროტსა ასწავლიდეს და ყოვლისავე კეთილისაგან დააბრკოლებდეს. ამისთჳსცა, დაუკჳრდებოდა რაჲ ერსა მას და იტყოდეს, ვითარმედ: „არასადა ისრაჱლსა შორის ესრეთ გამოჩნდა“, უღმრთონი იგი ფარისეველნი წინააღუდგებოდეს და იტყოდეს: „მთავრი-თა ეშმაკთაჲთა განასხამს ეშმაკთა“, და სხუასა ესევითარსა მრავალსა ბოროტსა ასწავლიდეს.

ამათ ესევითართა მწყემსთათჳს იტყოდა იერემია წინაჲსწარმეტყუელი, ვითარმედ: „მწყემსთა მრავალთა განრყუნეს საყურძენი ჩემი, უდაბნოდ უგზოდ ქმნეს იგი განსარყუნელად წარსაწყმედელისად“.1 მათთჳსვე ღაღადებს ეზეკიელ და იტყჳს: „იყო სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდა მომართ, და თქუა: ძეო კაცისაო, წინაჲსწარმეტყუელებდ მწყემსთა მიმართ ისრაჱლისათა და არქუ მათ: ჵ მწყემსთა მაგათ ისრაჱლისათა, ვითარ განიბნინეს ცხოარნი ჩემნი, რამეთუ არა იყო მწყემსი, და იქმნეს იგინი შესაჭმელ ყოველთა მჴეცთა ველისათა“,2 და შემდგომი ამისი, რაჲ-იგი თქუა ყოფად მწყემსთა მათთჳს ბოროტთა, ვითარცა სცნათ, რომელთაცა აღმოიკითხოთ წინაჲსწარმეტყუელებაჲ იგი.

ამისთჳს, იხილა რაჲ უფალმან, ვითარმედ მწყემსნი იგი საქმესა მგელ-თასა იქმოდეს და ერი იგი დამაშურალ იყვნეს სულითა და დაცჳვნებულ ბოროტთა საქმეთა შინა, შეეწყალნეს იგინი სახიერსა მას და მოწყალესა და ჰრქუა მოწაფეთა თჳსთა: „სამკალი ფრიად არს, ხოლო მუშაკნი - მცირედ“. ვითარცა-იგი იოვანეს თავსა შინა წერილ არს, ვითარმედ: „მე წარგავლინებ თქუენ მკად, რომელსა თქუენ არა დაშუერით, სხუანი დამაშურალ არიან, და თქუენ შრომილსა მათსა შემოხუედით“;3 ეგრეთვე აქა სამკალი თქუა, ვითარმცა ეტყოდა, ვითარმედ: არა თესვად წარგავლენ, არამედ მკად. ხოლო ამათ სიტყუათა ეტყოდა დამდაბლებისათჳს გონება-თა მათთაჲსა და რაჲთა უჩუენოს, ვითარმედ უმეტესი შრომაჲ გარდასრულ არს, რამეთუ უმეტეს არს შრომაჲ თესვისა, ვიდრეღა მკისაჲ. ვინაჲთგან

1 იერ. 12,10. 2 შდრ. ეზეკ. 34,1-5. 3 იოან. 4,38.

უკუე მკად წარავლინნა, საცნაურ არს, ვითარმედ არა უცხოჲსა რაჲსმე სამკალისა წარავლინნა მკად, არამედ რაჲ-იგი წინაჲსწარმეტყუელთა მიერ ეთესა, რაჲთა აჩუენოს, ვითარმედ იგი არს მუშაკი კეთილი, იგი არს უფალი სამკლისაჲ მის, იგი არს მეუფე წინაჲსწარმეტყუელთაჲ, რომელმანცა პირველად მთესვარად მოავლინნა იგინი, ვითარცა-იგი იოვანე კეთილსა მას მუშაკთმთავრობასა მისსა გამოაჩინებს, ვითარმედ: „ნიჩაბი ჴელთა შინა მისთა, და განწმიდოს კალოჲ თჳსი და შეკრიბოს იფქლი მისი საუნჯე-თა, ხოლო ბზე დაწუას ცეცხლითა უშრეტითა“.1

გარნა ესე საძიებელ არს, თუ ვითარ მუშაკად რაჲ სახელ-სდვა მოწაფე-თა და თქუა: „სამკალი ფრიად არს, ხოლო მუშაკნი - მცირედ. ევედრენით უფალსა სამკლისასა, რაჲთა გამოავლინნეს მოქმედნი სამკალსა თჳსსა“, არავე შეჰმატნა მუშაკნი იგი, არამედ მასვე რიცხუსა ზედა ათორმეტთასა დაიცვნა. ესრეთ უკუე გულისჴმა-ვყოთ: ჰრქუა რაჲ, ვითარმედ: „ევედრენით უფალსა სამკლისასა“, გულისჴმა-უყო, ვითარმედ იგი თავადი არს უფალი სამკლისაჲ. ამისთჳს დაღაცათუ ვედრებაჲ უბრძანა, რაჲთა ცნან ნიჭისა მის სიმაღლე, არამედ თჳნიერ ვედრებისაცა მათისა მან თავადმან ყო საქმისა მის მოღუაწებაჲ და შემატებაჲ იგი მუშაკთა მათ საღმრთოთაჲ. ხოლო ნუ იტყჳ, თუ: არა შეჰმატა მათ; ჰე, ფრიად შეჰმატა და ფრიად განამრავლნა ათორმეტნი იგი, არა თუ რიცხჳთა, არამედ შემატებითა მით და მიმადლებითა ძალისა და მადლისაჲთა; რამეთუ ესე იყო ჭეშმარიტად საკჳრველი შემატებაჲ, რომელ ათორმეტნი მძლედ და დამმორჩილებელად ყოვლისა სოფლისა გამოაჩინნა. და იხილე წესი იგი და სახე შემატებისა მათისაჲ საკჳრველი:

„მოუწოდა ათორმეტთა მოწაფეთა თჳსთა და მისცა მათ ჴელმწიფებაჲ სულთა ზედა არაწმიდათა, რაჲთა განასხმიდენ მათ და განჰკურნებდენ ყოველთა სენთა და უძლურებათა“. სული წმიდაჲ არღა მოცემულ იყო მათდა, ვითარცა იოვანე იტყჳს, „რამეთუ იესუ არღა იყო დიდებულ“;2 ხოლო დიდებად ჯუარ-ცუმასა მისსა სახელ-სდებს. ვითარ უკუე განასხმიდეს სულთა მათ არაწმიდათა? ძალითა მით და ჴელმწიფებითა ბრძანებისა მის უფლისაჲთა იქმოდეს მაშინ სასწაულთა მათ. ხოლო ვინაჲთგან მოვიდა სული წმიდაჲ მათ ზედა, მიერითგან სამარადისოჲ და განცხადებული მოიღეს ჴელმწიფებაჲ ყოვლისავე სასწაულთა საქმისაჲ.

იხილეთ უკუე, ვითარ ჟამსა ჯეროვანსა იწყო წარვლინებად მათდა, რამეთუ არა პირველითგან ქმნა ესე, არამედ ვინაჲთგან მყოარ ჟამ შეუდგეს მას და იხილეს მკუდარი აღდგომილი, ზღუაჲ შერისხული და დამორ-ჩილებული, ეშმაკნი განსხმულნი და განრღუეული აღმართებული, ცოდვანი აღჴოცილნი და კეთროანი განწმედილი და ცნეს გონიერად ძალი მისი საქმით და სიტყჳთ, მაშინღა იწყო წარვლინებად მათდა, და წინაჲთვე უთ-

1 მათ. 3,12. 2 იოან. 7,39.

ხრობს მომავალთა მათ ზედა საქმეთა, რაჲ-იგი მოწევნად იყო არა მაშინ, არამედ შემდგომად ამაღლებისა მისისა, რაჲთა წინაჲსწარ თხრობითა მით განმზადებულ იყვნენ იგინი მოთმინებად ყოვლისა ჭირისა.

ხოლო ვინაჲთგან პეტრეს და ანდრიას და იაკობის და იოვანეს წოდებაჲ ოდენ აღწერა მახარებელმან ამან და მერმე თჳსიცა შესძინა წოდებაჲ, ხოლო სხუათა მოწაფეთა არცა წოდებაჲ ეთქუა, არცა სახელები, ამისთჳს ჯეროვნად ამას ადგილსა სახელებსა და რიცხუსა მათსა გჳთხრობს და იტყჳს:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო ათორმეტთა მათ მოციქულთა სახელები ესე არს: პირველად სიმონ, რომელსა ეწოდა პეტრე, და ანდრეა, ძმაჲ მისი, იაკობ ზებედესი და იოვანე, ძმაჲ მისი, ფილიპე და ბართლომე, თომა და მათეოზ მეზუერე, იაკობ ალფესი და ლებეოს, რომელსა ეწოდა თადეოს, სიმონ კანანელი და იუდა ისკარიოტელი, რომელმანცა განსცა იგი“ (10,2-4).

თ ა რ გ მ ა ნ ი: „პირველად სიმონ, რომელსა ეწოდებოდა პეტრე“. იყო სხუაჲცა სიმონ - კანანელი. ამისთჳს თქუა პეტრე, რაჲთა გულისჴმა-გჳყოს, თუ რომელსა იტყჳს. და კუალად სათნოებისაცა და სიმტკიცისა მისისა მომასწავებელი არს სახელი ესე, რომელ-ესე გამოითარგმანების კლდე, ვი-თარცა უწოდა მას უფალმან.

„და ანდრეა, ძმაჲ მისიო“. ესეცა დიდი ქებაჲ არს, რამეთუ ერთი იგი სათნოებისა მისისაგან გამოსახა და მეორე ესე თჳსებითა სიკეთისა მისისაჲთა გამოსახა, რამეთუ ანდრეა მჴნედ გამოითარგმანების. ხოლო მარკოზ პეტრე აჴსენა და მერმე ორნი იგი ძენი ზებედესნი და ეგრეთ ანდრეა, განწესებისა მისებრ პატივისა მათისა; არამედ ესე ბუნებითსა მას თჳსებასა მათსა განუყოფელად იტყჳს: „სიმონ-პეტრე და ანდრეა, ძმაჲ მისიო, იაკობ ზებედესი და იოვანე, ძმაჲ მისი“. ჰხედავა, ვითარ არა პატივისაებრ, არამედ ბუნებითისა წესისაებრ წარმოიტყჳს, რამეთუ იოვანე არა სხუათა ხოლო, არამედ ძმისაცა უზეშთაეს იყო საზომითა, გარნა აწ მახარებელმან იაკობ თქუა პირველად და მერმე „ფილიპე და ბართლომე და თომა და მა-თეოზ მეზუერე“. ხოლო ლუკა უწინარეს მათეოზს იტყჳს და მერმე თომას; მერმე იაკობ ალფესი, რამეთუ იყო სხუაჲცა იაკობ - ზებედესი; მერმე თქუა ლებეოს, რომელსა ეწოდა თადეოს; და სიმონ მოშურნე, რომელსაცა კანანელ უწოდა; და ესრეთ აჴსენა იუდა განმცემელი და არა თქუა, ვი-თარმედ: იუდა, ბილწი იგი და არაწმიდაჲ, არამედ ქალაქი ხოლო მისი აჴსენა - ისკარიოტელიო. რამეთუ იყო სხუაჲცა იუდა, რომელ არს ლებეოს, რომელსა ეწოდა თადეოს, რომლისათჳს იტყჳს ლუკა, ვითარმედ: „იუდა იაკობისი“.1 ამისთჳს უკუე სახელითა მით ქალაქისაჲთა განყოფილებაჲ მისი ქმნა ამისგან და თქუა: „იუდა ისკარიოტელი, რომელმანცა განსცა იგი“. და ესეცა არავე სირცხჳლ-იჩინა თქუმად, ვითარმედ: „რომელმანცა განსცა

1 ლუკ. 6,16.

იგი“; ესრეთ არარას დაჰფარვიდეს, რომელიცა საყუედრელად შერაცხილ არნ. ხოლო ვისმინოთ შემდგომიცა იგი სიტყუაჲ მახარებელისაჲ:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ესე ათორმეტნი წარავლინნა იესუ, ამცნო მათ და ჰრქუა: გზასა მას წარმართთასა ნუ მიხუალთ და ქალაქსა სამარიტელთასა ნუ შეხუალთ, არამედ მივედით უფროჲს ხოლო ცხოვართა მათ წარწყმედულთა სახლისა ისრაჱლისათა“ (10,5-6).

თ ა რ გ მ ა ნ ი: „ესე ათორმეტნი წარავლინნაო“; ესე რომელნი, გჳთხარ-ღა? - მეთევზურნი ესე და უსწავლელნი და მეზუერენი; რამეთუ ოთხნი მე-თევზურნი იყვნეს და ორნი მეზუერენი: მათეოზ და იაკობ ალფესი; და ერ-თი იგი განმცემელი და სხუანიცა იგი უნდონი და გლახაკნი. რომლისათჳს განკჳრვებით იტყჳს მახარებელი, ვითარმედ: ესე ათორმეტნი, რიცხჳთცა მცირედნი და ძალითა სიტყჳსაჲთა, ანუ სწავლულებითა, ანუ სიმდიდრი-თა უძლურნი და უნდონი წარავლინნა იესუ მოციქულებად და ამცნო მათ: „გზასა მას წარმართთასა ნუ მიხუალთ და ქალაქსა სამარიტელთასა ნუ შეხუალთ, არამედ მივედით უფროჲს ხოლო ცხოვართა მათ წარწყმედულ-თა სახლისა ისრაჱლისათა“. ნუ ჰგონებთო, ვითარმედ რომელ-ესე გმობენ ჩემდამო და ეშმაკეულით მიწოდენ, თუ მძულან იგინი და გარემიქცეულ ვარ მათგან, - ნუ იყოფინ! - არამედ ჯერეთ მნებავს ყოვლისავე ღონის-ძიებისა მათ ზედა ჩუენებად, ნუუკუე შეიკდიმონ და მოიქცენ. ამისთჳს მნებავს, რაჲთა ყოველთა პირველ მათდა მიმართ ჰყოთ ქადაგებაჲ თქუენი, მათ ასწაოთ, იგინი განჰკურნნეთ. ამისთჳს ყოვლადვე ნუ მიხუალთ გზასა წარმართთასა, ნუცა ქალაქსა სამარიტელთასა შეხუალთ; რამეთუ იგინიცა წინააღმდგომ იყვნეს ჰურიათა, გარნა ფრიად უმეტეს შემწყნარებელ იყვნეს სარწმუნოებისა, ხოლო ჰურიანი უფიცხეს და უბოროტეს იყვნეს. გარნა ეგრეთცა მათდა მიავლინნა მოციქულნი, რაჲთა აჩუენოს მათ ზედა სახიერებაჲ თჳსი და რაჲთა სრულიად დაუყოს პირი, და ვერ იტყოდინ, ვითარმედ: წინადაუცუეთელთა მიმართ მივიდეს მოციქულნი, ამისთჳს არა შევიწყნარენით იგინი. ხოლო ცხოვრად წარწყმედულად უწოდა მათ, რამეთუ მწყემსნი მათნი უძჳრეს მგელთასა იყვნეს, და იგინი პირველითგან შეცთომილ იყვნეს გზათაგან საღმრთოთა და არაოდეს დადგრომილ წესსა მას რჩულისა, მოცემულისა მოსეს მიერ, არამედ განხრწნილ იყვნეს კერპთმსახურებათა შინა და სხუათა ყოველთავე უშჯულოებათა. ამისთჳს წარავლენს ძიებად მათდა და ეტყჳს:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და შე-რაჲ-ხჳდეთ, ქადაგებდით და იტყოდეთ, ვითარმედ: მოახლებულ არს სასუფეველი ცათაჲ“ (10,7).

თ ა რ გ მ ა ნ ი: იხილეა სიმაღლე მსახურებისაჲ ამის მათისაჲ? იხილეა პატივი იგი მოციქულთაჲ? არარაჲ ხილული უბრძანა მათ ქადაგებად, ვი-თარცა-იგი მოსეს და სხუათა მათ წინაჲსწარმეტყუელთა, არამედ ყოველივე უცხოჲ და საკჳრველი. ხოლო წინაჲსწარმეტყუელნი და მოსე არარას ესევითარსა ქადაგებდეს, არამედ ქუეყანასა და კეთილთა ქუეყანისათა, გარნა მოციქულნი სასუფეველსა ცათასა იტყოდეს და კეთილთა მათ მოუგონებელთა; და არა ამით ხოლო ჯერითა უაღრეს იქმნეს, არამედ შეუორგულებელისა მისთჳსცა მორჩილებისა, რამეთუ ესოდენნიღა წინაჲსწარვე აუწყნა მოწევნადნი ჭირნი და ღუაწლნი მათ ზედა: პყრობილობანი, გუემანი, წარდგინებანი წინაშე მეფეთა და მთავართა, მოძულებანი ყოველ-თაგან, სიკუდილნი თითოსახენი, და არავე შეშინდეს, არამედ ფრიადითა მორჩილებითა შეიწყნარეს ბრძანებაჲ იგი, რამეთუ ქადაგნი იყვნეს ჭეშმარიტად სასუფეველისანი და მახარებელნი ბევრეულთა მათ კეთილთანი. ხოლო ვინაჲთგან ქადაგებაჲ მათი უცხოჲ იყო და დიდებული, სარწმუნოჰყოფს უფალი სიტყუათა მათთა საქმეთაგან და ეტყჳს:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „უძლურთა განჰკურნებდით, კეთროვანთა განსწმედდით, ეშმაკთა განასხემდით; უსასყიდლოდ მიგიღებიეს, უსასყიდლოდ მისცემდით“ (10,8).

თ ა რ გ მ ა ნ ი: გულისჴმა-ყავთღა, ვითარ წესსა სათნოებისასა ამცნებს შეკრძალვად უფროჲს, ვიდრეღა სასწაულთა, რაჲთა გამოაჩინოს, ვითარმედ სასწაულნი თჳნიერ სათნოებათაჲსა არად საჴმარ არიან. ამისთჳსცა სიმდაბლესა ასწავლის მათ სიტყჳთა ამით, ვითარმედ: „უსასყიდლოდ მიგიღებიეს, უსასყიდლოდ მისცემდით“, და ყოვლისავე საჴმართმოყუარებისაგან განათავისუფლებს. ვითარმცა ეტყოდა მათ, ვითარმედ: დაღაცათუ სასწაულთა და კურნებათა იქმთ, ნურარას აღჰზუავნებით, რამეთუ არა თავით თჳსით მოგიგიეს ესე, არცა სასყიდლითა გიყიდიეს, არცა შრომი-თა თქუენითა წარგიმართებიეს, არამედ ჩემი არს ნიჭი ესე, უსასყიდლოდ თქუენდა მონიჭებული. აწ უკუე უსასყიდლოდვე მისცემდით, რამეთუ არა შესაძლებელ არს პოვნად სასყიდელი ამის ნიჭისაჲ; გარნა მე ვარ მიმნი-ჭებელი და არა თქუენ. და მეყსეულად ძირსა მას ყოველთა ბოროტთასა აღმოჰფხურის და ეტყჳს:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ნუ მოიგებთ ოქროსა, ნუცა ვეცხლსა სარტყელთა თქუენთა, ნუცა ვაშკარანსა გზასა ზედა, ნუცა ორსა სამოსელსა, ნუცა ჴამლთა, ნუცა კუერთხსა, რამეთუ ღირს არს მუშაკი სასყიდლისა თჳსისა“ (10,9-10).

თ ა რ გ მ ა ნ ი: მრავალი კეთილი წარჰმართა ამით მცნებითა: ერთად, სრული ესე და მაღალი საზომი ასწავა ნეტართა მათ მოწაფეთა თჳსთა; მეორედ, რაჲთა უმეტესად შეწყნარებულ იყოს სიტყუაჲ მათი წესისა მის მიერ მაღლისა; მესამედ, რაჲთა ყოვლისავე ზრუნვისაგან თავისუფალ იყვნენ და ყოვლითურთ შექცეულ მსახურებასა მას სიტყჳსასა; მეოთხედ, რაჲთა ასწაოს მათ ძალი განგებულებისა თჳსისაჲ, რომლისათჳსცა ამისა შემდგომად ეტყოდა მათ: „ოდეს-იგი წარგავლინენ თქუენ თჳნიერ ბალანტისა და ვაშკარანისა და ფერჴთაშესასხმელთა, ნუ გაკლდა რაჲა თქუენ? ხოლო მათ თქუეს: არარაჲ გუაკლდა“.1

ვინაჲთგან უკუე ესრეთ ეგულებოდა მოღუაწებაჲ მათი, ამისთჳს ყოვლისავე ზრუნვისაგან უბრძანა განშორებაჲ, რაჲთა ცნან ძალი მოღუაწებისა მისისაჲ, და იყოს საქმე მათი შუენიერ და უაღრეს სხუათა კაცთასა და განსაკჳრვებელ ყოველთა მიერ. ხოლო უკუეთუ ვინმე იტყოდის, ვითარმედ: სხუასა მას ყოველსა აქუნდა სიტყუაჲ ბრძანებად მათდა, ხოლო ვაშკარანისა არა ქონებად გზასა ზედა, არცა ორისა სამოსლისა, არცა ჴამლთა, არცა კუერთხისა, რაჲსათჳს უბრძანა ბუნებისა უმეტესი ესე სიძნელე? ესრეთ უკუე გულისჴმა-ყავნ მეტყუელმან მან: ვინაჲთგან მოძღურად ყოვლისა სოფლისა წარავლენდა მათ, ამისთჳს განიყვანებს უძლურებისაგან კაცობრივისა და ანგელოზთა წესსა შეიყვანებს; და ყოველსავე სახესა მოღუაწებისასა ასწავებს და უფროჲს ყოვლისა ზრუნვათაგან ჴორციელთა სრულიად შორს-ჰყოფს, რაჲთა ერთი ხოლო აქუნდეს ზრუნვაჲ, მოძღურებისაჲ, და უფროჲსღა ვთქუა, ვითარმედ: მისთჳსცა უზრუნველ-ჰყოფს, ვითარცა-იგი ჰრქუა, ვითარმედ: „ნუ ჰზრუნავთ, ვითარ ანუ რასა იტყოდით“.2

აწ უკუე რომელ-ესე დიდად სიმძიმედ საგონებელ არს, მათთჳს განსასუენებელ იყო, აზნაურებაჲ იგი ყოვლისავე ზრუნვისაგან; რამეთუ რაჲმცა იყო უსაწადელეს უზრუნველობისა, და უფროჲსად, ოდეს ექმნებოდის ვის, თჳნიერ ზრუნვისა, არარაჲსა ნაკლულევანებაჲ მოღუაწები-თა ღმრთისაჲთა; ამისთჳსცა, რაჲთა არა თქუან მათ, ვითარმედ: ესრეთ თუ ვიყვნეთ, ვითარ ჰბრძანებ, ვინაჲ ვპოოთ სათანადოჲ იგი ჴორცთა საზრდელი? მეყსეულად შესძინა და ჰრქუა: „რამეთუ ღირს არს მუშაკი სასყიდელსა თჳსსა“. ამით სიტყჳთა აუწყა, ვითარმედ მოწაფეთა მათ მიერ, შემწყნარებელთა ქადაგებისა მათისათა, განუმზადებს მათ საზრდელსა, რაჲთა არცა იგინი ზუაობდენ მოწაფეთა ზედა, ვითარმცა ყოვლადვე არარას მიიღებდესმცა მათგან, არცა მოწაფენი მწუხარე იყვნენ, რაჟამს არარას მიიღებდენ მათგან მოციქულნი. ამისთჳსცა თანანადებად სახელსდვა საქმესა მას, ამათ უწოდა მუშაკად და მსახურებასა მას მორწმუნე-თასა - სასყიდელად, რაჲთა არცა ამათ ჰრცხუენოდის, ვითარმცა ცუდად რასმე მიიღებდეს, არცა იგინი უდებ იქმნებოდინ მოცემად, რაჟამს ცნან, ვითარმედ თანამდებ არს მათდა მიცემაჲ განწესებული იგი სასყიდელი მუშაკობისაჲ. ხოლო არა თუ ამისთჳს თქუა სიტყუაჲ ესე, ვითარმცა ჰგონებდა ვინ, თუ ესოდენ არს ხოლო სასყიდელი იგი მოციქულთა შრომისაჲ, - ნუ იყოფინ! - არამედ ამისთჳს თქუა, რაჲთა მორწმუნეთა ცნან, ვითარმედ გამოზრდაჲ იგი და სხჳსა ყოვლისავე სათანადოჲსა საჴმრისაჲ წინაყოფად მოციქულთა თანანადები არს წარუვალი, მათ ზედა განწესებული, და კუალად, რაჲთა მოციქულთა განუწესოს არარაჲ უმეტეს საჴმრისა ძი-

1 ლუკ. 22,35. 2 მათ. 10,19.

ებად მოწაფეთაგან; ხოლო ღირსი იგი და ჭეშმარიტი სასყიდელი შრომათა მათთაჲ ზეცათა შინა დამარხულ არს.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რომელსა ქალაქსა ანუ დაბასა შეხჳდეთ, გამოიკითხეთ, ვინ ღირს იყოს, და მუნ დაადგერით ვიდრე გამოსლვადმდე. და შე-რაჲხჳდოდით სახლსა მას, მოიკითხეთ იგი და თქუთ: მშჳდობაჲ სახლსა ამას! და უკუეთუ სახლი იგი ღირს იყოს, მოვიდეს მშჳდობაჲ თქუენი მას ზედა; უკუეთუ არა ღირს იყოს, მშჳდობაჲ თქუენი თქუენდავე მოიქეცინ. და უკუეთუ არავინ შეგიწყნარნეს თქუენ, არცა ისმინნეს სიტყუანი თქუენნი, გამორაჲ-ხჳდეთ მიერ სახლით გინა მიერ ქალაქით, განიყარეთ მტუერი ფერჴთა თქუენთაჲ. ამენ გეტყჳ თქუენ: უმოლხინეს იყოს ქუეყანაჲ იგი სოდომისაჲ და გომორისაჲ დღესა მას სასჯელისასა, ვიდრე ქალაქი იგი“ (10,11-15).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ესრეთ ეტყჳს, ვითარმედ: დაღაცათუ გარქუ, თუ: „ღირს არს მუშაკი სასყიდელსა თჳსსა“, ნუ ჰგონებთ, თუ ყოველთა კაცთა კარნი განმიხუმან წინაშე თქუენსა, არამედ რომელნი ღირს იყვნენ შეწყნარებად თქუენდა და სწავლისა მის თქუენისა. ამისთჳს გამცნებ, რაჲთა ეძიებდეთ ესევითართა მათ და მათ თანა ჰყოფდეთ სავანესა და მათ მიერ იზრდებოდით, რამეთუ უკუეთუ ღირს იყოს შეწყნარებად თქუენდა, საზრდელიცა გულსმოდგინედ დაგიმზადოს, უფროჲსად გიხილნეს რაჲ ესრეთ ლიტონითა და უნდოჲთა საზრდელითა დაჯერებულნი. ამისთჳს არცა მნებავსო სახლითი სახლად სლვაჲ თქუენი, არამედ სადა-იგი ჰყოთ სავანე, მუნ დაადგერით ვიდრე განსლვადმდე ქალაქისა მისგან, რაჲთა ყოვლით კერძო წესიერ იყოს საქმე თქუენი.

ხოლო ამათ სიტყუათა მიერ გამოაჩინა, ვითარმედ შემწყნარებელნი მათნი თანამდებ არიან ზრდად მათდა, რამეთუ იგინი უმეტესსა სარგებელსა მოისთულებენ მათისა მის კურთხევისაგან. ამისთჳს იტყჳს: „შერაჲ-ხჳდეთ სახლსა მას, მოიკითხეთ იგი და თქუთ: მშჳდობაჲ სახლსა ამას. და უკუეთუ სახლი იგი ღირს იყოს, მოვიდეს მშჳდობაჲ თქუენი მას ზედა; უკუეთუ არა ღირს იყოს, მშჳდობაჲ თქუენი თქუენდავე მოიქეცინ“.

ვინაჲთგან ქადაგად სასუფეველისა და მოძღურად ყოვლისა სოფლისა განაჩინნა იგინი, ამისთჳს ეტყჳს, ვითარმედ: ნუ სხუათა მიერ მოელით მოკითხვასა, არამედ თქუენ პირველად მოიკითხევდით, რამეთუ მოკითხვაჲ იგი თქუენი არა მოკითხვაჲ არს ლიტონი, არამედ კურთხევაჲცა. ამისთჳს გეტყჳ, ვითარმედ: უკუეთუ ღირს იყოს სახლი იგი, მოვიდეს მის ზედა კურ-თხევაჲ იგი და მშჳდობაჲ თქუენი; უკუეთუ არა ღირს იყოს და არცა შეგიწყნარნეს თქუენ, თქუენდავე მოიქცეს კურთხევაჲ იგი. და არა ესე ოდენ, არამედ დღესა მასცა საშჯელისასა უძჳრეს სოდომელთასა დაისაჯნენ წინააღმდგომნი იგი და შეურაცხისმყოფელნი თქუენნი.

ხოლო რაჲ არს ესე, თუ: „განიყარეთ მტუერი ფერჴთა თქუენთაჲ“? ესე იგი არს, საწამებელად მრავლისა მის შრომისა და მოგზაურებისაჲ, რომელ მათდა მიმართ მისლვისათჳს თავს-იდვეს, და ვითარმედ მას ყოველსა ზედა ცარიელნი და შეუწყნარებელნი გამოვიდეს მათგან. ხოლო ესეცა გულისჴმა-ვყოთ, ვითარ არა მისცა მათ ყოველივე, არამედ რაოდენი ჯერ-იყო და სამართალ, რამეთუ აჰა ესერა ჩანს, ვითარმედ წინაჲსწარმცნობელობაჲ არა მისცა, რაჲთამცა იცოდეს, თუ ვინ ღირს არს, ანუ ვინ არა ღირს, არამედ გამოკითხვაჲ და მოძიებაჲ უბრძანა, რაჲთა ცნან, თუ ვინ არს კეთილითა გონებითა შემკობილი, და მის თანა ყონ სავანე.

ხოლო იხილე, ვითარ ჯეროვნად განაწესა საქმე მათი: განაშიშულნა ყოვლისავე მონაგებისა და ყოვლისავე ზრუნვისაგან, ვითარცა შუენოდა მახარებელთა მათ მშჳდობისათა, და მერმე სახლნი ყოველთავე მორწმუნეთანი განუხუნა მათ და უბრძანა, რაჲთა სიხარულით შეიწყნარებდენ ქადაგთა მათ ცხორებისა მათისათა, შემკობილთა ყოვლითავე სათნოებითა და უპოვართა სოფლისა ნივთთაგან, რომელ-ესე სრულისა მის მოქალაქობისა სახე არს. რამეთუ ვინაჲთგან ესევითარი განაჩინა სასჯელი მათ ზედა, რომელთა არა შეიწყნარნენ იგინი, ვიდრეღა უმოლხინესობაჲ თქუა სოდომელთა და გომორელთაჲ, ვიდრეღა მის ქალაქისა ანუ სახლისაჲ, ვინმცა არა სიხარულით და გულსმოდგინებით შეიწყნარებდა მათ, რომელთა შეწყნარებაჲ ცხორებისა მიზეზ ექმნებოდა და საჴმარი საზრდელისა მათისაჲ უნდო იყო და წარუგებელ?

სწავლაჲ ლბ ვითარმედ აწცა წესი მოციქულთაჲ უპყრიეს წინამძღუართა ეკლესიისათა, და სათნოებაჲ უაღრეს არს სასწაულთა

აწ უკუე, მორწმუნენო, სიტყუათა ამათ ნუ ხოლო ვისმენთ, არამედ აღვასრულებდეთცა, რამეთუ არა მოციქულთათჳს ხოლო თქუმულ არს, არამედ შემდგომად მათსაცა მომავალთა წმიდათათჳს. ვისწრაფოთ უკუე, რაჲთა ვყვნეთ თავნი ჩუენნი ღირს შეწყნარებისა მათისა, რამეთუ გონებისაგან შემწყნარებელთაჲსა გინა თუ მოვალს მშჳდობაჲ, ანუ თუ წარვალს, და არა თუ კადნიერებისაგან ხოლო მოძღუართაჲსა.

აწ უკუე ნუ ვჰგონებთ, თუ მცირედ დაჭირვებაჲ არს ესევითარისა მშჳდობისაგან დაკლებაჲ; არა გესმისა, ვითარ შეამკობს მას წინაჲსწარმეტყუელი და იტყჳს: „ვითარ შუენიერ არიან ფერჴნი მახარებელთა მშჳდობისათანი, რომელნი ახარებენ მშჳდობასა და კეთილთა?“1 ეგრეთვე უფალი სიკეთესა მას მშჳდობისასა მოასწავებს და ეტყჳს მოწაფეთა: „მშჳდობასა დაგიტევებ თქუენ, მშჳდობასა ჩემსა მოგცემ თქუენ“.2

1 ესაია 52,7. 2 იოან. 14,27.

აწ უკუე ვისწრაფოთ, რაჲთა მშჳდობასა მას არა დავაკლდეთ, რამეთუ აჰა ესერა წინამძღუარნი ეკლესიისანი მისცემენ მშჳდობასა, და ესე მშჳდობაჲ მის მშჳდობისა სახე არს, ამისთჳს ჯერ-არს დიდითა გულსმოდგინები-თა შეწყნარებაჲ. უკუეთუ რომელმან არა შეიწყნარნეს მახარებელნი იგი მშჳდობისანი სახედ თჳსა და არა გამოზარდნეს, ესოდენისა სასჯელისა ღირს არს, რომელი არცა თუ სმენასა თავს-იდებდეს მშჳდობისასა, ვითარ მიეცეს მას მშჳდობაჲ? აჰა ესერა, მორწმუნეო, შენთჳს აღვალს მღდელი საკურ-თხეველსა, შენთჳს შესწირავს ვედრებასა, შენ მოგცემს მშჳდობასა, ვითარ უკუე ესრეთ უდებ ხარ სმენად? მშჳდობისა სახლი მორწმუნეთაჲ ზოგადი არს წმიდაჲ ეკლესიაჲ; შევლენ მორწმუნენი და მერმე მღდელთმოძღუარი ანუ მღდელი მისცემს მშჳდობასა წესისა მისებრ მოციქულთაჲსა. ნუმცა ვინ უკუე იპოების უდები, ნუმცა ვინ დაჴსნილი და გარეწარად მსმენელი, რაჲთა არა სასჯელისა თანამდებ იქმნას, რამეთუ დიდად უმჯობეს არს ჩემდა, რაჲ-თა შევიდე სახლსა ვისსამე და არა შემიწყნაროს, ვიდრეღა, მო-რაჲ-ვიდეს ეკლესიად, უდებებით ისმენდეს სწავლათა საღმრთოთა; ესე ფრიად მძიმედ მიჩნს, რამეთუ უპატიოსნესცა არს ესე ტაძარი, ვიდრე სახლი კაცად-კაცადისაჲ, და აქა არს სიმდიდრე ჩუენი და სასოებაჲ.

გულისჴმა-ყავ, თუ რაჲ ჰპოო დიდთა საიდუმლოთაგანი, რომელი აქა არა არს: ტრაპეზი შესაძრწუნებელი, სასანთლე ბრწყინვალე, საცხებელი პატიოსანი, რომლისა ცხებითა მრავალნი უძლურებისაგან განიკურნნეს, კიდობანი უპატიოსნესი კიდობნისა მის ძუელისა და სხუაჲ ყოველივე კე-თილი. აწ უკუე ჯერ-იყო, რაჲთამცა ესე გუაქუნდა ყოველთა სახლად, ვი-თარცა მაშინ ყვეს სამ ათასთა მათ და ხუთ ათასთა, რომელთა ერთი აქუნდა სახლი, ერთი ტაბლაჲ, ვითარცა იტყჳს, ვითარმედ: „სიმრავლისა მის მორწმუნეთაჲსა ერთი იყო გული და გონებაჲ“;1 გარნა ვინაჲთგან ფრიად დაკლებულ ვართ მათისა მის სათნოებისაგან და ამისთჳს განბნეულ ვართ კაცად-კაცადი სახლსა თჳსსა, მეორესა ამას წესსა ნუ დავაკლდებით, ესე იგი არს, რაჲთა ფრიადითა გულსმოდგინებითა შემოვკრბებოდით ეკლესიად და შევიწყნარებდეთ სწავლათა მჴურვალითა გონებითა. ოდეს-იგი ვთქუა: „მშჳდობაჲ ყოველთა“, და თქუენ მომიგოთ: „სულისა შენისა თანა“, ნუ ენითა ხოლო, არამედ გულითაცა იტყოდეთ. ხოლო უკუეთუ აქა მეტყოდი: „მშჳდობაჲ სულისა შენისა თანა“, და გარე-რაჲ-განხჳდე ეკლესიით, ბოროტსა იტყოდი და ბრძოლათა შემიმზადებდე, ვითარიმცა იყო ესე მშჳდობაჲ? მე, დაღაცათუ ბევრეულსა ბოროტსა ჰზრახვიდე, გულითა წმიდითა მიგცემ მშჳდობასა, სიყუარულითა შენითა აღსავსე ვარ, დაღაცათუ სადმე გამხილო, წყალობისა შენისათჳს ვიქმ ამას. ხოლო შენ უკუეთუ სიტყუასა ჩემსა არა სიყუარულით შეიწყნარებდე, არამედ მბრძოლ და მტერ იყო, დიდად შევწუხნე ამას ზედა არა თუ ამისთჳს, რომელ მე შეურაცხ-

1 საქმე 4,32.

მყოფ, - ნუ იყოფინ! - არამედ ამისთჳს, რომელ შენ მშჳდობაჲ განაგდე თავისა შენისაგან და სასჯელისა მის ესევითარისა თანამდებ იქმენ; რამეთუ დაღაცათუ არა განვიყარო მე მტუერი ფერჴთაჲ, არცა გარემივიქცე, გარნა განწესებული იგი სასჯელი ეგრეთვე ეგოს. ხოლო დაღაცათუ არარაჲ მევნო თქუენთჳს, არცა გზათა შორთაგან მოვედი, არცა წესითა მით და უპოვრებითა მოციქულთაჲთა, თჳნიერ ჴამლთასა და თჳნიერ ორისა სამოსლისა, და ამისთჳს თავსაცა ჩემსა ვაბრალებ, და თქუენცა სადმე ამისთჳს თქუენდა განწესებულსა მას სახესა ნაკლულევანებით იქმთ, არამედ არარაჲ მიზეზი არს ესე თქუენთჳს, არამედ ჩუენი ესე - მღდელთაჲ ამათ - უდებებაჲ ჩუენდა, ჰე, დასასჯელ არს, გარნა თქუენ ვერ განგამართლებს, რამეთუ არა თქუენდა განწესებულ არს განკითხვაჲ ჩუენი.

აწ უკუე, საყუარელნო, ეკრძალენით თავთა თჳსთა და ჰბაძევდით სათნოებასა მას პირველთა მორწმუნეთასა; მაშინ სახლნიცა ეკლესია იყვნეს, ხოლო აწ ეკლესიანიცა სახლად გარდაქცეულ არიან; მაშინ სახლთაცა შინა სოფლიოჲ არარაჲ ითქუმოდა, აწ ეკლესიათაცა შინა სულიერი არარაჲ ითქუმის, არამედ სოფლისა საქმეთათჳს ზრახვენ; და სიტყუანიღა საღმრთონი აღმოიკითხვოდინ და იქადაგებოდინ, არა ისმენთ შიშით და დუმილით, არამედ ცუდთა და ამაოთა საქმეთათჳს ჰზრახავთ. ამისთჳს მგლოარე ვარ მე და მწუხარე, რამეთუ ფრიადი სიგრილე და დაჴსნილობაჲ განმრავლდა ჩუენ შორის. არამედ გევედრები, შეიკრძალენით თავნი თჳსნი, შეიტკბეთ სიყუარული და სხუანი იგი ყოველნივე სათნოებანი, რაჲთა სულსაცა ჩემსა ახაროთ და სულნი თქუენნი აცხოვნნეთ. რამეთუ მრავალნი მოცემულ არიან ჩუენდა მიზეზნი სიყუარულისანი: ერთი ტაბლაჲ დაგებულ არს ყოველთადა, ერთისა მამისა შვილნი ვართ ყოველნი, ერთისა ემბაზისაგან შობილ ვართ, ერთი სასუმელი ერთისა ბარძიმისაგან მოცემულ არს სუმად ჩუენდა, რომელ-ესე ფრიადისა სიყუარულისა და ერთობისა სახე არს, და ამისთჳს ესრეთ განაწესა სახიერმან მან მამამან წყალობისამან, რაჲთა ყოვლითურთ შემაერთნეს წესითა მით სიყუარულისაჲთა.

აწ უკუე გულისჴმა-ყავთ, რაოდენი სიყუარული თანაგაც მოგებად ურთიერთასცა და უფროჲსად მოძღუართა მიმართ სულიერთა. დაღაცა-თუ იგინი არა იყვნენ ღირს მსგავსებასა მოციქულთასა, რამეთუ არცა თუ აჩრდილსა მათსა ღირს ვართ, გარნა თქუენდა არაჲ სავნებელ არს ესე, არამედ უფროჲსად მიზეზ სასყიდლისა, რაჲთა იგივე აჩუენოთ სიყუარული და მორჩილებაჲ, ვითარცა მოციქულთათჳს განწესებულ არს. არა უწყი-თა, ვითარმედ მოძულეთაცა ჩუენთა სიყუარული თანაგუაც სიტყჳსაებრ უფლისა? აწ უკუე ვითარ მოყუარენი და უფროჲსად მოძღუარნი სულიერნი არა შევიყუარნეთ? დაღაცათუ მრავლითა ცოდვითა სავსე იყოს მოძღუარი, მოწაფეთა სიყუარულივე თანააც.

ზიარებულ ვართ ერთსა ტრაპეზსა, ვეზიარნეთ სიყუარულითაცა ურ-თიერთას, ძმანო! ავაზაკნიცა ტაბლასა ამას ხილულსა და სოფლიოსა რაჲ ზიარ ვიეთთანამე იქმნიან, დაივიწყიან უკეთურებაჲ თჳსი. ხოლო ჩუენ რაჲმცა გუაქუნდა მიზეზი, რომელნი-ესე ზიარქმნილ ვართ ჴორცსა და სისხლსა ქრისტესსა, რაჲთამცა არა ვიყუარებოდეთ ურთიერთას?! მრავალთა მოქალაქობაჲ ერთისა ქალაქისაჲ მიზეზ სიყუარულისა ექმნა, ხოლო ჩუენდა ერთი განწესებულ არს ქალაქი - ზეცისა იერუსალჱმი, ერთი სახლი - წმიდაჲ ეკლესიაჲ, ერთი ტაბლაჲ საიდუმლოთაჲ, ერთი გზაჲ ცხორებისაჲ, ერ-თი კარი სასუფეველისაჲ, ერთი ცხორებაჲ სათნოებისაჲ, ერთი თავი, ერთი მეუფე, ერთი მწყემსი, და მოძღუარი, და მსაჯული, და დამბადებელი, და მამაჲ, უფალი ჩუენი იესუ ქრისტე. ვინაჲთგან უკუე ყოველივე ჩუენი ზიარი არს, რაჲ-მე მიუგოთ უფალსა, უკუეთუ გონებითა განყოფილ და განშორებულ ვიყვნეთ ურთიერთას და უფროჲსად მოძღუართაგან სულიერთა, რომელთა მიმართ ეგევითარი თანაგუაც სიყუარული, ვითარცა მოციქულ-თა მიმართ? ხოლო უკუეთუ სასწაულთა ეძიებთ, ვითარცა იგინი მაშინ იქმოდეს, - მკუდართა აღადგინებდეს, კეთროვანთა განსწმედდეს, ეშმაკთა განასხმიდეს, - ესეცა გულისსიტყუაჲ ცუდ არს. დაღაცათუმცა ჯერ-იყო აწ სასწაულთა ქმნაჲ, თქუენდა უმეტესი სასყიდელი არს თჳნიერ სასწაულ-თასა აღსრულებად წესსა მას სიყუარულისა და მორჩილებისასა, ხოლო აწ ჟამიცა სასწაულთაჲ არღარა არს, არცა რაჲ იქმნების მათგან სარგებელი, უფროჲსღა, უკუეთუმცა იქმოდეს ვიეთნიმე აწ სასწაულთა, უმრავლესიმცა იყო სავნებელი. არა ჰხედავთა, ვითარ თჳნიერ სასწაულთაცა უკუეთუ ვის მიეცეს სიტყუაჲ სიბრძნისაჲ ანუ მეცნიერებისაჲ, ანუ საქმე მოღუაწებისაჲ, უფროჲს სხუათასა, მეყსეულად აღზუავნების? აწ უკუეთუმცა სასწაულნიცა იქმნებოდეს, რაჲმცა ყვეს მათ? არა ჰხედავთა კორინთელთა, ვითარ ამით ჯერითა განიწვალნეს ურთიერთას? ამისთჳსცა და სხუათა მრავალთა მიზეზთათჳს გარდასწყდა სასწაულთმოქმედებაჲ.

აწ უკუე, კაცო, ნუ სასწაულთა ეძიებ, არამედ სათნოებათა ეძიებდი და სიწმიდესა სულისასა. ნუ ეძიებ ერთისა მკუდრისა აღდგომასა, რამეთუ გისწავიეს, ვითარმედ ყოველივე სოფელი აღდგომად არს; ნუ ეძიებ ერთისა ბრმისა ახილვასა, არამედ განიცადე, ვითარმედ ყოველთა აღუხილვან მადლითა ქრისტესითა აღხილვითა მით კეთილითა და უაღრესითა, და ისწავე შენცა კეთილად და სულიერად ხილვაჲ, რამეთუ უკუეთუმცა ყოველნი სათნოდ და სულიერად ვცხონდებოდეთ, ფრიად უმეტეს სასწაულთასამცა უკჳრდა ესე წარმართთა; რამეთუ სასწაულთათჳს ნუუკუე იჭჳცა უცნებისაჲ ვისმე შეექმნას, ხოლო სათნოებათათჳს ვერარას ვინ იტყჳს ესევითარსა, არამედ სრულიად პირი დაეყოფის წინააღმდგომთა. ვისწრაფოთ უკუე მოგებად სათნოებათა, რამეთუ ესე არს სიმდიდრე წარუპარველი, ესე არს ჭეშმარიტი სასწაულთმოქმედებაჲ, ესე არს აზნაურებისა მის საღმრთოჲსა მომატყუებელი, ესე არს სიმდიდრე წარუპარველი. ხოლო გსურის თუ სასწაულთმოქმედებად, განიოტენ სულისა შენისაგან ვნებანი, განიწმიდე თავი შენი ცოდვათაგან და ამისა უაღრესსა სასწაულსა ნუ ეძიებ, რამეთუ ცოდვაჲ უძჳრეს ეშმაკისა არს, საყუარელნო, უკუეთუ იგი განიოტო, უაღრეს ხარ მათსა, რომელნი ეშმაკთა განასხმიდეს.

ისმინე პავლესი, ვითარ სათნოებასა უაღრეს-ჰყოფს სასწაულთასა, რამეთუ იტყჳს: „გშურდინ მადლი იგი უფროჲსი, და მერმე უმეტესი გზაჲ გიჩუენო თქუენ“;1 და მერმე, იტყოდა რაჲ ესევითარსა მას გზასა, არა მკუდართა აღდგინებაჲ თქუა, არცა ბრმათა აღხილვაჲ, არცა სხუაჲ რაჲმე სასწაული, არამედ სიყუარულსა სახელ-სდვა უმეტესად გზად და თქუა, ვითარმედ: თჳნიერ სიყუარულისა ყოველივე არარაჲ არს. ისმინე კუალად, რასა იტყჳს უფალი: „ამას ზედა ნუ გიხარინო, რამეთუ სულნი უკეთურნი დაგემორჩილებიან, არამედ გიხაროდენ, რამეთუ სახელები თქუენი დაიწერა ცათა შინა“.2 და კუალად იტყჳს: „მრავალთა მრქუან მე მას დღესა: უფალო, არა სახელითა შენითა ვწინაჲსწარმეტყუელებდით და ეშმაკნი განვასხენით და ძალნი მრავალნი ვქმენით? მას ჟამსა ვჰრქუა მათ, ვითარმედ: არა გიცნი თქუენ“.3 და კუალად, ეგულებოდა რაჲ ჩუენთჳს ვნებად, მოუწოდა მოწაფეთა და ჰრქუა მათ: „ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ მოწაფენი ჩემნი ხართ“, არა თუ რაჲთა სასწაულთა იქმოდით, არამედ „რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას“.4 რამეთუ სასწაულთმოქმედებამან მრავალგზის სხუათა არგო, მოქმედსა მას ავნო ანუ ზუაობითა, ანუ ანპარტავანებითა, ანუ სხჳთა რაჲთმე სახითა, ხოლო ჭეშმარიტი სათნოებაჲ მოქმედთაცა მისთა არგებს და მხილველთაცა აღაშენებს.

ამისთჳს გევედრები, საყუარელნო, ესე შევიტკბოთ, ამას ვეძიებდეთ, რაჲთა ვცხონდეთ. უკუეთუ მოაქციო თავი შენი უწყალოებისაგან და წარჰმართო მოწყალებაჲ, ჴელი განჴმელი განგიმარტებიეს; უკუეთუ განეყენო სამღერელთა და სახიობათაგან და უცონელად მიჰრბიოდი ეკლესიად, განგიკურნებიეს ფერჴი მკელობელი; უკუეთუ მოსწყჳდნე თუალნი შენნი ხედვისაგან პირთა შუენიერთასა, აღგიხილვან თუალნი დაბრმობილნი; უკუეთუ ცუდთა სიტყუათა წილ და სავნებელთა ზრახვათა წილ, საეშმაკო-თა ზღაპართა და სიმღერათა წილ ისწავლნე ფსალმუნნი, უტყუ იყავ და აწ კეთილად ჰმეტყუელებ.

ესევითარნი არიან საკჳრველნი დიდებულნი, ესე არიან სასწაულნი ჭეშმარიტნი; უკუეთუ ამათ სასწაულთა ვიქმოდით, ჩუენცა დიდ და საკჳრველ ვიყვნეთ და სხუათა მრავალთა მიზეზ კეთილისა ვექმნეთ და საუკუნეთა მათ კეთილთა მკჳდრად გამოვჩნდეთ, რომელთა ღირსმცა ვართ ყოველნივე მიმთხუევად მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისა თანა მამასა სულით წმიდითურთ შუენის დიდებაჲ, პატივი და სიმტკიცე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

წმიდანო ღმრთისანო, გლახაკი ეფთჳმე ლოცვასა მომიჴსენეთ.

1 1 კორ. 12,31. 2 ლუკ. 10,20. 3 მათ. 7,22-23. 4 იოან. 13,35.