მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი მა

წმინდა იოანე ოქროპირი

📋 სარჩევი

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „იცნოდა იესუ ზრახვანი გულისა მათისანი და ჰრქუა მათ: ყოველი მეუფებაჲ, რომელი განევლთის თავსა თჳსსა, მოოჴრდის; და ყოველი ქალაქი გინა სახლი, რომელი განევლთის თავსა თჳსსა, ვერ დაემტკიცოს. და უკუეთუ ეშმაკი ეშმაკსა განასხამს, თავსა თჳსსა განევლთა; ვერ მტკიცე არს მეუფებაჲ მისი“ (12,25-26).

პირველ ამისაცა თქუეს გმობაჲ ესე მგმობართა მათ და ყოვლითურთ ეშმაკეულთა, ვითარმედ: „მთავრითა ეშმაკთაჲთა განასხამსო ეშმაკთა“,1 და სახიერმან მან არა შეჰრისხნა, არამედ დაუტევნა, რაჲთა სასწაულთა მიერ ცნან ძალი მისი და სწავლათა მისთაგან გულისჴმა-ყონ დიდებულებაჲ მისი. ვინაჲთგან უკუე თჳსსავე უკეთურებასა ზედა დაადგრეს და ბოროტსა მასვე გმობასა იტყოდეს (დაღაცათუ, ერთად, შიშისათჳს ერისა მის, და მეორედ, ფრიადისა უპირულობისათჳს გმობისა მის, ჴმამაღლად ვერ იკადრებდეს თქუმად, არამედ გონებათა შინა თჳსთა, და რომელნიცა იყვნიან მორჩილ მათა, იტყოდეს), ამისთჳს აწ ამხილებს მათ უფალი; ერთად, რამეთუ ამით სახითა აჩუენებს ძალსა ღმრთეებისა თჳსისასა, რომელ დაფარულთა გულისა მათისათა გამოუცხადებს; მეორედ, ესრეთ ჴელმწიფებით განსხმითა ეშმაკთაჲთა. დაღაცათუ იგინი გმობდეს ფრიადისა მის შურისაგან, არამედ უფალმან კუალადცა ჴელ-ყო მხილებითა ამით კურნებაჲ მათი, რაჲთა გუასწაოს ჩუენ სიმშჳდე მტერთა მიმართ და კეთილის-ყოფაჲ მათი, რაოდენცა უცხოთა ჩუენგან ბოროტთა გუწამებდენ.

ესრეთ უკუე ინება რაჲ კუალადცა ჴელ-ყოფად კურნებისა მათისაჲ, აუწყა, ვითარმედ იცნის ზრახვანი გულისა მათისანი. ამისთჳს არცა ჰრქუა პირველ სიტყუაჲ იგი გმობისაჲ, რომელსა იტყოდეს, არამედ ვითარმცა ასმიოდავე, ესრეთ მიუგებს პასუხსა, რაჲთა ესრეთ ამხილოს მათ გონებამან, და შეიკდიმონ, რამეთუ ერთი ხოლო იყო ფრიად საძიებელ მის მიერ: რაჲ-თა მოაქცინეს წარწყმედულნი, არა თუ რაჲთა განაქიქნეს.

ხოლო არარას იწყო აწ სიტყუად წერილთაგან, რამეთუ ბოროტად გარდამაქცეველნი იყვნეს სიტყუასა წერილთასა, არამედ ბუნებითთაგან სოფლისა საქმეთა ჰყოფს სიტყუასა: „ყოველი მეუფებაჲ, რომელი განევლთის თავსა თჳსსა, მოოჴრდის“; რომელი-იგი ყოველთავე სოფლისა საქმეთა უძლიერეს არს, არამედ ვერვე იტჳრთის სიძნელე ამის საქმისაჲ. ეგრეთვე ყოველი ქალაქი და ყოველი სახლი, რომელი განევლთის თავსა თჳსსა, ვერ დაემტკიცის.

აწ უკუეთუ მე, ვითარ თქუენ იტყჳთ, ეშმაკისა მიერ განვასხამ ეშმაკ-თა, მბრძოლქმნილ არიან სადმე იგინი ურთიერთას, და არღარა დაემტკი-

1 მათ. 9,34.

ცოს მათი მეუფებაჲ, არამედ დაჴსნილ არს და მოუძლურებულ, ხოლო მო-თუ-უძლურებულ არს და წარწყმედილ, ვითარღა ძალ-უც სხჳსა ეშმაკისა განდევნად?

იხილეა, რავდენ საკიცხელ იყო ცილისწამებაჲ მათი? იხილეა, რავდენ საცინელ იყო და უგუნურებითა სავსე? ხოლო ესევითარი რაჲ სიბრძნით მხილებაჲ მიუთხრა, მერმე კუალად მეორითაცა სახითა უსიტყუელ-ჰყოფს მათ, რაჲთა ყოვლით კერძო მიზეზი მიუღოს უკეთურებისა მათისაჲ; ამის-თჳსცა ეტყჳს:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და უკუეთუ მე ბერზებულითა განვასხამ ეშმაკთა, ძენი თქუენნი რაჲთა განასხმენ? ამისთჳს იგინივე მსაჯულ თქუენდა იყვნენ“ (12,27).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე მოწაფეთა თჳსთათჳს თქუა. და იხილეღა სიტკბოებაჲ სიტყუათა მისთაჲ: არა თქუა, თუ: მოციქულნი ანუ მოწაფენი ჩემნი, არამედ: „ძენი თქუენნიო“, რაჲთა უკუეთუ ინებონ მათსა მას სიკეთესა ბაძვად, ფრიადი სარგებელი პოონ ამის სიტყჳსაგან, ხოლო უკუეთუ უკე-თურებაჲვე შეიტკბონ, უმეტესადღა უსიტყუელ იყვნენ.

ხოლო სიტყუაჲ ესე ესრეთ არს: ვინაჲთგან მიეცა მოციქულთადა ჴელმწიფებაჲ უფალსა, ვითარცა ზემო წერილ არს, განსხმად ეშმაკთა, და განასხმიდეს, და არარას ვინ აბრალებდა, ხოლო ქრისტესთჳს გმობდეს, რამეთუ მისა მიმართ იყო შური მათი, ამისთჳს ეტყჳს: უკუეთუ მე ბერზებულითა განვასხამ ეშმაკთა, არა მოწაფენიცა ჩემნი ეგრეთვე იქმანა? რამეთუ მათცა ჩემ მიერ აქუს ჴელმწიფებაჲ. ვითარ უკუე მათთჳს არცა ერთსა იტყჳთ ესევითარსა ბრალობასა და ყოველი ბრძოლაჲ თქუენი ჩემდა მომართ არს? გარნა არა თუ ესემცა სარგებელ რაჲმე გეყო, არამედ უფროჲსღა დასასჯელ, რამეთუ იგინივე იყვნენ მსაჯულ თქუენდაო. ესე იგი არს, ვინაჲთგან იგინიცა თქუენგან არიან და ძენი ნათესავისა თქუენისანი და ესრეთ წრფელ გულითა და კეთილ გონებითა იპოვნეს და ყოვლითა სარწმუნოებითა შემომიდგეს მე, ესე მებრ დიდად დასასჯელ თქუენდა იქმნას, რამეთუ რაჲ-იგი უმეცართა მათ და უსწავლელთა შეუძლეს გულისჴმის-ყოფად, თქუენ არა ინებეთ გულისჴმის-ყოფად, რომელნი-ეგე იქადით სიბრძნისათჳს და მეცნიერებისა.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „უკუეთუ მე სულითა ღმრთისაჲთა განვასხამ ეშმაკთა, მო-სამე-იწია თქუენ ზედა სასუფეველი ღმრთისაჲ“ (12,28).

თ ა რ გ მ ა ნ ი: სასუფეველად ღმრთისა მოსლვასა თჳსსა სახელ-სდვა. ვინაჲთგან ჴმისა მიერ წინაწარმეტყუელთაჲსა დიდ იყო მოლოდებაჲ ქრისტეს მოსლვისაჲ, ამისთჳს ეტყჳს: ვინაჲთგან ესერა მტკიცე არს, რაოდენცა თქუენ ჰგმობთ, ვითარმედ სულითა ღმრთისაჲთა განვასხამ ეშმაკთა, რამეთუ ღმერთი ვარ ჭეშმარიტი, საცნაურ არს, ვითარმედ მე ვარ ქრისტე, და მოწევნულ არს სადმე ქადაგებაჲ იგი სასუფეველისაჲ ჩემ მიერ. ხოლო თქუენ, უბადრუკნო, არა შეიწყნარებთ ქადაგებასა ამას, არამედ ჰყვენით თავნი თჳსნი ღირს ჯოჯოხეთისა. ჯერ-იყო თქუენდა სიხარული, რამეთუ მოიწია თქუენ ზედა ესოდენი ესე კეთილი, და მოვიდა ჟამი წარმატებისა თქუენისაჲ, რომელსა პირველითგან ჴმობდეს წინაჲსწარმეტყუელნი; გარნა თქუენ არა ხოლო თუ შეწყნარებაჲ სასუფეველისაჲ არა ინებეთ, არამედ ყოვლით კერძო მბრძოლ და წინააღმდგომ იქმნენით.

ხოლო რომელ-ესე მათე იტყჳს, თუ: „სულითა ღმრთისაჲთა“, ლუკა თქუა: „თითითა ღმრთისაჲთა“,1 რაჲთა ყოვლით კერძო გამოაჩინოს, ვი-თარმედ განსხმაჲ ეშმაკთაჲ დიდ არს და საღმრთოჲსა ჴელმწიფებისა საქმე; ვითარმცა ეტყოდა, ვითარმედ: ამით ყოვლითა ცნათ, უგულისჴმონო, ვი-თარმედ მოსრულ არს ძე ღმრთისაჲ. გარნა არა ჰრქუა ესრეთ განცხადებულად, არამედ მიფარულადრე, მრავლისა მის მოშურნეობისა მათისათჳს.

„მო-სამე-იწია თქუენ ზედა სასუფეველი ღმრთისაჲო“. იხილე სახიერებაჲ, იხილე მრავალსახე კაცთმოყუარებაჲ ყოვლადბრძნისა მის მეუფისაჲ, ვითარ ყოვლით კერძო სარგებელსა მათსა ეძიებს. არა თქუა, თუ: მოიწია სასუფეველი ღმრთისაჲ, არამედ: „მოიწია თქუენ ზედაო“, ვითარმცა ეტყოდა, ვითარმედ: თქუენ მოგეცა, უბადრუკნო, ესევითარი კეთილი, რაჲსათჳს მბრძოლ ხართ ცხორებისა თქუენისა?

ესე არს ჟამი იგი, რომელსა წინაწარმეტყუელნი გახარებდეს, ესე არს სასწაული, მათ მიერ ქადაგებული, ესევითართა ამათ საკჳრველებათა საქმე, რომელნი-ესე იქმნებიან, ვითარცა ხედავთ. ხოლო საქმენი ქადაგებენ, ვითარმედ ძალი ღმრთისაჲ არს ამათი მოქმედი, და არა შესაძლებელ არს, არცა ჴელ-ეწიფების ეშმაკსა ესევითარი საქმე. ვითარ უკუე ესრეთ დაგიყოფიან თუალნი ხილვად ჭეშმარიტებისა ნათელსა?

ამისა შემდგომად მესამესაცა სახესა წინაუყოფს უგუნურებისა მათისა შეგონებად და იტყჳს:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ანუ ვითარ ვის ჴელ-ეწიფების სახლსა ძლიერისასა შესლვად და ჭურჭელი მისი გამოღებად, უკუეთუ არა პირველად შეკრას ძლიერი იგი და მაშინღა სახლი მისი იავარ-ყოს?“ (12,29).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ესრეთ ეტყჳს, ვითარმედ: ესე გულისჴმა-გიყავო, უკუე-თუ გნებავს ცნობის, ვითარმედ ვერ ჴელ-ეწიფების ეშმაკსა ეშმაკისა განდევნაჲ; ხოლო ესეცა ყოველთა მიერ საცნაურ არს, ვითარმედ უკუეთუ არა სრულიად მძლე ექმნას ვინ ეშმაკსა, ვერ განიოტებს მას. აწ უკუე, უგულისჴმონო, ამის ყოვლისაგან გულისჴმა-ყავთ, ვითარმედ არა ხოლო თუ უცხო არიან საქმენი ჩემნი ეშმაკისაგან, არამედ უფროჲსღა შემიკრავს ძალი მისი და ჭურჭელი მისი იავარ-მიქმნია. იხილეა, ვითარ წინა-

1 ლუკ. 11,20.

აღმდგომი მათისა უკეთურებისაჲ დაემტკიცა? იგინი იტყოდეს, ბერზებულითაო, მთავრითა ეშმაკთაჲთა განასხამს ეშმაკთა, ხოლო თავადმან გამოაჩინა, ვითარმედ არა ხოლო თუ ეშმაკნი, არამედ მთავარიცა მათი ძალითა ღმრთეებისა მისისაჲთა შეკრულ არს, და ამისთჳს ჴელმწიფებითა ძალისა თჳსისაჲთა განასხამს ეშმაკთა. ხოლო ესე სიტყუაჲ არა მის ჟამისა საქმეთა ოდენ იყო გამომაჩინებელ, არამედ ყოფადთაცა მომასწავებელ, რამეთუ ჭურჭელ მთავრისა მის ეშმაკთაჲსა არა ხოლო თუ ეშმაკნი არიან, არამედ კაცნიცა, საქმეთა მისთა მოქმედნი. ამისთჳს მოასწავებს, ვი-თარმედ არა ხოლო თუ ეშმაკთა განასხამს, არამედ ყოველივე საცთური სოფლისაგან განდევნოს და მანქანებანი ეშმაკისანი განაქარვნეს და ყოველივე ძალი მისი უძლურ და უჴმარ ყოს და სრულიად იავარ-ყოს ჴელმწიფებაჲ მტერისაჲ.

ხოლო ძლიერად უწოდა მას, არა თუ ბუნებით ესრეთ არს, - ნუ იყოფინ! - არამედ პირველ მოსლვისა თჳსისა მძლავრებასა მტერისასა მოასწავებს, რომელი-იგი მიიღო მან ჩუენისა უდებებისა და დაჴსნილებისაგან და ბოროტთა მათ ნებათა ჩუენთაგან.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რომელი არა არს ჩემ თანა, იგი მტერი ჩემი არს; და რომელი არა შეჰკრებს ჩემ თანა, იგი განაბნევს“ (12,30).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე მეოთხე სახე არს პირთა მათთა დაყოფისაჲ, რამე-თუ ესრეთ ეტყჳს: იხილენით, უგუნურნო, და გულისჴმა-ყვენით საქმენი ჩემნი, რასა-ესე ვიქმ: ღმერთსა შევაწყნარებ კაცთა, სათნოებასა ვასწავებ, სასუფეველსა ვქადაგებ, სინანულსა წინაუყოფ, წარწყმედულთა ვეძიებ, შეცთომილთა მოვაქცევ, დაცემულთა აღვადგინებ; ხოლო ეშმაკი წინააღმდგომსა იქმს ამის ყოვლისასა: წარწყმედასა ზედა კაცთასა მოხარულ არს, ცოდვასა ასწავლის, ღმრთისაგან უცხო-ჰყოფს.

აწ უკუე რომელი-იგი ესრეთ წინააღმდგომ არს ჩემდა, მტერი უძლური, და მოსწრაფე არს ჩემ მიერ შეკრებულთა განბნევად, ვითარ იტყჳთ, უბადრუკნო, ცოფნო და უგუნურნო, თუ მის მიერ განვასხამ ეშმაკთა?

ხოლო სიტყჳთა ამით არა ეშმაკთათჳს ოდენ მოასწავა, არამედ ჰურიათათჳსცა, და ეშმაკთა თანა განაჩინნა ბოროტნი იგი მწიგნობარნი და ფარისეველნი, რამეთუ იგინიცა მტერ მისა იყვნეს და მოსწრაფებაჲ აქუნდა განბნევად მის მიერ შეკრებულთა; არამედ განიბნინეს ძუალნი მათნი ჯოჯოხეთს შინა და, ვინაჲთგან ეშმაკისა თანაშემწე იყვნეს, ეშმაკისაცა ნაწილი დაიმკჳდრეს. რამეთუ გამოაჩინა უფალმან შემდგომითა მით სიტყჳთა, ვითარმედ მათცა მოასწავებდა, და ჰრქუა მათ:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ამისთჳს გეტყჳ თქუენ: ყოველი ცოდვაჲ და გმობაჲ მიეტეოს კაცთა, ხოლო სულისა წმიდისა გმობაჲ არა მიეტეოს კაცთა. და რომელმან თქუას სიტყუაჲ ძისა კაცისათჳს, მიეტეოს მას; ხოლო რომელმან თქუას სულისა წმიდისათჳს, არა მიეტეოს მას არცა ამას სოფელსა, არცა მერმესა მას“ (12,31-32).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ვინაჲთგან ჯეროვანი პასუხი მისცა მათ გულისზრახვათა მათთაჲ და ყოვლით კერძო პირი დაუყო, აწ სამართლად სასჯელსა უსჯულოებისა მათისასა აუწყებს, რაჲთა ანუ შეშინდენ, ანუ სრულიად დაისაჯნენ უკეთურნი იგი.

ხოლო ჩანს სიტყუაჲ ესე ბნელად და ძნიად გულისჴმისსაყოფელად, არამედ უკუეთუ განვიფრთხოთ გონებითა, კეთილად ვპოოთ ძალი მისი. ესრეთ უკუე მოასწავებს სიტყუათა ამათ მიერ, ვითარმცა ეტყოდა, ვითარმედ: მრავალი გმობაჲ სთქუთ ჩემდა მომართ, მაცთურად სახელ-მდევით, წინააღმდგომად რჩულისა, ღმრთისა მიერ მოცემულისა, და სხუაჲ მრავალი ძჳრი სთქუთ; აწ ვთქუა, თუ: ხილვისა ამისთჳს და ბუნებისა ჴორცთაჲსა ვერ გულისჴმა-ჰყოფთ ღმრთეებასა ჩემსა და იტყჳთ ესევითარსა; ხოლო საქმეთა მათ, რომელნი სულისა მიერ წმიდისა იქმნებიან, რამეთუ რომელნიცა ძალითა მით ღმრთეებისაჲთა სასწაულნი იქმნებოდეს, სულსა წმიდასა მიაჩემა, ვითარცა-იგი ყოველივე ღმრთეებისა მისისაჲ განუყოფელ არს, და ეტყჳს: სასწაულთა მათ სულისა წმიდისა მიერ ქმნილთა ვითარ იკადრებთ გმობად? რამეთუ არა უმეცარ ხართ წერილთაგან ძალსა მისსა. აწ უკუე რომელი ჩემისა ამის კაცობრივისა ბუნებისათჳს სთქუთ და ჰქმენით, - შეურაცხებაჲ პირველ ჯუარ-ცუმისა და კადნიერებაჲცა იგი ჯუარ-ცუმისაჲ, - მიგიტეო, ხოლო რომელ-ესე სულისა მიმართ წმიდისა ჰგმობთ, შეუნდობელ იყოს თქუენდა უკუნისამდე!

რაჲ არს უკუე სიტყუაჲ ესე? უკუეთუმცა შეინანეს, არამცა შეუნდოა? ჰე, ჭეშმარიტად! რამეთუ მათგანნიცა, რომელნი ესრეთ ბოროტ იყვნეს, მრავალნი მოიქცეს, და შეენდო მათ.

გარნა აწ ამას ადგილსა არარას აჴსენებს ნათლის-ღებისა და სინანულისათჳს, რამეთუ არა იყო აწ ჟამი სიტყუად მათდა ნათლის-ღებისათჳს და სინანულისა, არამედ მათთჳის იტყჳს, რომელნი არა მოიქცეს. სინანული ჭეშმარიტი ყოველსავე ცოდვასა აჰჴოცს. უკუეთუ კულა არა შეინანოთ კაცებისა ამის ჩემისა მომართ ქმნილთა შეურაცხებათა თქუენთათჳს, რომელნი პირველ ჯუარ-ცუმისა აჩუენენით, არა მიგეჴადოს ამას სოფელსა, არამედ მას ოდენ საუკუნესა; ამისთჳსცა ეტყოდა მამასა: „მამაო, მიუტევე მათ, რამეთუ არა იციან, რასა იქმან“.1

ხოლო გმობანი ეგე თქუენნი, რომელთა იტყჳთ სულისა წმიდისათჳს, რამეთუ მე სულითა წმიდითა განვასხამ ეშმაკთა, და თქუენ საქმესა მას ეშმაკთა მიაჩემებთ, ამისი არა თუ შეინანოთ, ვერ ჰპოოთ მოტევებაჲ არცა ამას სოფელსა, არცა მერმესა მას, არამედ აქაცა იტანჯნეთ და მერმეცა. და რაჲთა სცნა, ვითარმედ პირველ ჯუარ-ცუმისა თქუმულთა შეურაცხე-

1 ლუკ. 23,34.

ბათათჳს იტყოდა, ამისთჳს თქუა: „რომელმან თქუას სიტყუაჲ ძისა კაცისათჳს, მიეტეოს მას“; რამეთუ მიუთხრობელითა მით სახიერებითა თჳსი-თა, ვითარცა ვთქუ, აღ-რაჲ-ვიდოდა ჯუარ-ცუმად, მოტევებასა ითხოვდა მათთჳს, რაჲთა გჳჩუენოს წყალობისა და ძჳრუჴსენებლობისა მისისა გამოუთქუმელობაჲ.

„ხოლო რომელმან თქუას სულისა წმიდისათჳს“. - გმობათა მათ მოასწავებდა, რომელთა ღმრთეებისა მიმართ იტყოდეს უღმრთონი იგი, და სასწაულთა მათ ეშმაკთა მიაჩემებდეს, რომელნი მადლითა სულისა წმიდისაჲთა იქმნებოდეს; ესევითარი უკუე გმობაჲ მძიმე არსო და შეუნდობელ უნანულთათჳს ამასცა სოფელსა და მერმესა მას. ამისთჳს ბოროტად იტანჯნეთო, რამეთუ საცნაურ იყო თქუენდა ძალი სულისა წმიდისაჲ და იკადრეთ გმობაჲ. თანამდებ ხართ უკუე აქაცა ტანჯვად და მას საუკუნესაცა; რამეთუ კაცნი რომელნიმე აქაცა იტანჯებიან და მუნცა, და რომელნიმე - აქა ოდენ, რომელნიმე - მას ხოლო საუკუნესა, სხუანი კუალად არცა აქა იტანჯებიან, არცა მუნ.

ხოლო რომელნი აქაცა და მუნცა იტანჯებიან, არიან ჰურიანი იგი, მბრძოლნი ქრისტესნი; რამეთუ აქაცა იტანჯნეს, რაჟამს ქალაქი იგი მა-თი წარიტყუენა, და შეემთხჳნეს ჰრომთა მიერ ბოროტნი, რომელთა რიცხჳ არა იყო; და კუალად მას საუკუნესა სასტიკად იტანჯნენ. ეგრეთვე სოდომელნი აქაცა იტანჯნეს და მუნცა იტანჯნენ, და სხუანი ესევითარნი მრავალნი. კუალად იტანჯებიან მას ხოლო საუკუნესა, ვითარცა მდიდარი იგი, რომელი იწუებოდა ცეცხლსა შინა, და სხუანი მრავალნი მსგავსნი მისნი. იტანჯა აქა ხოლო, რომელმან-იგი კორინთეს შინა ისიძვა, და სხუანი მრავალნი, რომელთა შეემთხუევის რაჲმე აქა განსაცდელი ცოდვათათჳს და ჰპოებენ მას მიზეზად სინანულისა და განთავისუფლდებიან სატანჯველისაგან საუკუნოჲსა.

კუალად, რომელნი არცა აქა იტანჯებიან, არცა მუნ, ესე არიან წინაჲსწარმეტყუელნი, მოციქულნი და მოწამენი, ნეტარი იობ და სხუანი მარ-თალნი, რამეთუ ამათ რაჲ-იგი სოფელსა ამას შეემთხჳა, მას არა სახელვსდებ მე სატანჯველად, არამედ უფროჲსად მოღუაწებად და ახოვნებად და წინდად საუკუნოჲსა მის გჳრგჳნოსნებისა.

სწავლაჲ მა ჴსენებისათჳს ცოდვათაჲსა და სინანულისათჳს

ვისწრაფოთ უკუე, ძმანო, რაჲთა ჩუენცა მათსა მას ნაწილსა თანაზიარ ვიქმნეთ; ხოლო უკუეთუ ესე ვერ უძლოთ, მათგანმცა ნუ დავაკლდებით, რომელნი აქავე იტანჯებიან და განიბანენ ბრალსა ცოდვასა მათთასა. ნუმცა მივალთ მუნ ტჳრთმძიმენი, რამეთუ საშინელ არს სამსჯავროჲ იგი, და თანაწარუვალ არს ცოდვილთა ტანჯვაჲ, და მოუთმენელ არს ჭირი იგი. ხოლო უკუეთუ გნებავს, რაჲთა არცა აქა იტანჯო, არცა მუნ, მე გასწაო შენ, ძმაო, ჭეშმარიტად: მოჰჴადე შენვე ბრალი თავსა თჳსსა; ისმინე პავლესი, რასა იტყჳს: „უკუეთუმცა თავთა თჳსთა განვიკითხევდით, არამცა განვიკითხენით“.1 უკუეთუ ესრეთ იქმოდი, წარემართო გჳრგჳნისაცა ღირს-ყოფად.

ხოლო უკუეთუ მკითხავ, თუ ვითარ მოჰჴადო ბრალი თავსა შენსა, მე გითხრა: იგლოვდი, ტიროდე, სულთ-ითქუემდ მწარედ, დაამდაბლე თავი შენი, აჭირვენ ჴორცნი შენნი, მოიჴსენენ ყოველნი ცოდვანი შენნი, რამეთუ დიდი ტანჯვაჲ არს ესე სულისაჲ. რომელი მოსრულ არს ლმობიერებით და ტკივილითა გულისაჲთა ჴსენებად ცოდვათა თჳსთა, იცის მან, თუ ვითარი ტკივილი აქუს და ჭირი ამას საქმესა; ამისთჳს ესევითარისა მის ჴსენებისა სასყიდელად ღმერთმან განაწესა სიმართლე და იტყჳს: „იტყოდე შენ პირველ ცოდვათა შენთა, რაჲთა განჰმართლდე“.2

რამეთუ ჭეშმარიტად დიდი კეთილი არს ლმობიერად და ტკივილითა გულისაჲთა ჴსენებაჲ ცოდვათაჲ; ესევითარსა მას არა შეურაცხიეს თავი თჳსი ყოვლადვე ღირსად ცხორებისა, არამედ მარადის იგლოვნ, ტირნ და გოდებნ. ესრეთ უკუე იქმოდე, ძმაო, ნუ ხოლო სიძვასა და მრუშებასა და სხუათა ესევითართა იჴსენებ, არამედ შურსაცა და ზუაობასა და ძჳრისზრახვასა და კადნიერებასა და ყოველსავე, რავდენიცა გიქმნიეს ბრალი; წინაშე შენსა დადევ და ტიროდე მათ ზედა, რამეთუ ესე ყოველი სატანჯველისა მომატყუებელ არს. არა გესმისა, რამეთუ რომელმან აგინოს ძმასა, გეჰენიისა თანამდებ არს; და მომთრვალე სასუფეველისაგან განვარდების; რომელსა არა უყუარდეს მოყუასი, შესცოდებს ღმერთსა; რომელი ძჳრსა იჴსენებდეს, განარისხებს უფალსა, ვიდრეღა წამებად თუ მივიდეს, ვერას ერგოს მას; რომელი გლახაკსა შეურაცხჰყოფდეს, ცეცხლად წარივლინების, და ცუდისა სიტყჳსათჳს სიტყუაჲ გჳჴმს მიცემად.

ესე ყოველი ნუ მცირე გგონიეს, არამედ შეკრიბენ ყოველნი ბრალნი შენნი და, ვითარცა წიგნსა შინა, ესრეთ აღწერე საჴსენებელსა გულისა შენისასა. უკუეთუ შენ დასწერო, ღმერთმან აღჴოცოს; უკუეთუ შენ აღჰჴოცო ჴსენებისაგან შენისა და დაივიწყო, მუნ აღწერილ იყვნენ წინაშე ღმრთისა. რავდენ უკუე უმჯობეს არს ჩუენ მიერ წერაჲ და ზეცით აჴოცაჲ, ვიდრე აქა დავიწყებაჲ და მას დღესა წინაშე თუალთა ჩუენთა წარმოდგომაჲ თითოეულისა ცოდვისა ჩუენისაჲ.

ამისთჳს უკუეთუ ყოველთავე საქმეთა ჩუენთა ვიჴსენებდეთ, ვპოვნეთ თავნი ჩუენნი მრავალთა ბრალთა თანამდებად. ვინმცა იპოა ჩუენგანი წმიდა ანგაჰრებისაგან? რამეთუ ნუ იტყჳ საზომსა, არამედ უწყოდე, დაღაცა-

1 1 კორ. 11,31. 2 ესაია 43,26.

თუ მცირესა ზედა იყოს, სასჯელისა თანამდებ არს; ესე გულისჴმა-ყავ და ინანდი.

ვინ არს, რომელსა არამცა ეთქუა ძმისა მიმართ არცა დიდი, არცა მცირე სიტყუაჲ გინებისაჲ? რომელ-ესე გეჰენიისა თანამდებ არს; ვის არა განუკითხავს სადა მოყუასი, გინა ძჳრი უზრახავს? რომელ-ესე განკითხვისა საუკუნოჲსა მიზეზ არს; ვინ არა აღზუავებულ არს? რომელ-ესე არაწმიდაჰყოფს კაცსა; ვის არასადა მიუხედვან თუალითა ვნებულითა? რომელ-ესე მრუშებაჲ არს, სიტყჳსაებრ უფლისა; ვინ არა განრისხებულ არს? რომელესე თანამდებ არს კრებულისაგან განვრდომად; ვის არა უფიცავს ოდეს? რომელ-ესე უკეთურისაგან არს; უკუეთუ ვეძიებდეთ, ცრუჲცა ფიცი ვპოოთ ჩუენ თანა, რომელ-ესე უმეტეს არს უკეთურებისა; ვინ არასადა ჰმონა მამონას? რომელ-ესე მონებისაგან ღმრთისა განაგდებს.

მაქუს სხუაჲცა მრავალი საქმეთა ჩუენთა საჴსენებელი, არამედ კმა არს ესე ლმობიერებად მოყვანებად, უკუეთუ ვინ არა სრულიად გულქვა იყოს; რამეთუ უკუეთუ თითოეული ამათ საქმეთაგანი შემძლებელ არს გეჰენიად შთაგდებად, ოდეს ყოველნი შეკრბენ ერთბამად, რაჲ-მე ყოფად არს?

აწ უკუე ვითარ-მე ვცხონდეთო, იტყჳან მრავალნი ამათ სიტყუათა ზედა. ხოლო ამისაცა მითხრობად მზა ვარ: დავდვათ თითოეულისა ამის ცოდვისაგან მოწევნულსა წყლულებასა ზედა წინააღმდგომისა მისისა სათნოებისა წამალი, და განიკურნოს. ესე იგი არს: მოწყალებაჲ, ლოცვაჲ, ლმობიერებაჲ, სინანული, ცრემლნი, სიმდაბლე, გული შემუსრვილი, შეურაცხებაჲ სოფლისაჲ, მიტევებაჲ ბრალთა მოყუსისათაჲ, მადლობაჲ ღმრთისაჲ ყოველსავე ზედა, მარხვაჲ ძალისაებრ, ვედრებაჲ ღმრთისაჲ მარადის, მოგებაჲ მეგობართა მამონაჲსაგან სიცრუისა, ჴსენებაჲ სიკუდილისა და სასჯელისაჲ, განშორებაჲ ყოველთავე ამაოთა და ბოროტთა გულისსიტყუათაჲ, განწმედაჲ გულისაჲ ყოვლისაგან ბიწისა.

რამეთუ მრავალნი გზანი უჩუენებიან ღმერთსა ცხორებისანი, უკუე-თუ ვინებოთ სლვად. ვიღუაწოთ უკუე სლვად მათ შინა, რაჲთა მივეწინეთ საუკუნეთა მათ კეთილთა, რომელთა ღირსმცა ვართ ყოველნი მიმთხუევად მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისაჲ არს დიდებაჲ და სიმტკიცე თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.