მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ოე

წმინდა იოანე ოქროპირი

📋 სარჩევი

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და გამოვიდა იესუ ტაძრისა მისგან და წარვიდოდა. და მოუჴდეს მას მოწაფენი მისნი და უჩუენებდეს შენებულსა მას ტაძრისასა. ხოლო იესუ მიუგო და ჰრქუა მათ: ხედავთ სამე ამას ყოველსა? ამენ გეტყჳ თქუენ: არა დაშთეს აქა ქვაჲ ქვასა ზედა, ვიდრემდე ყოველი დაირ-ღუეს“ (24,1-2).

ვინაჲთგან ზემო თქუა უფალმან ჰურიათა მიმართ, ვითარმედ: „დაეტეოს სახლი თქუენი ოჴრად“,1 და სხუანი იგი მრავალნი ძნელოვანნი მოწევნადნი მათ ზედა აუწყნა, ესმა ესე ყოველი მოწაფეთა და უკჳრდა. ამისთჳს მოუჴდეს მას და უჩუენებდეს შენებასა მის ტაძრისასა, ვითარცა განკჳრვებით, უკუეთუ ნანდჳლვე ესოდენი შუენიერებაჲ და ჴელოვნებანი იგი ნაქმართანი და ნივთნი იგი დიდფასისანი ოჴრებად მიეცნენ. ხოლო უფალმან განცხადებულად ჰრქუა მათ, ვითარმედ: „ხედავთ სამე ამას ყოველსა“ და გიკჳრს? „ამენ გეტყჳ თქუენ: არა დაშთეს აქა ქვაჲ ქვასა ზედა, ვიდრემდე ყოველი დაირღუეს“.

ნუუკუე თქუას ვინმე, ვითარმედ: იპოებიან აწცა ადგილნი მის ტაძრისანი, არა სრულიად დარღუეულნი; ვითარ უკუე იტყჳსო, თუ: „არა დაშ-თეს ქვაჲ ქვასა ზედა“? და რაჲ არს ესე? ამისგან სიტყუაჲ მისი არა დავარდების, რამეთუ მას ადგილსა, სადა მაშინ უფალი დგა და ესე სიტყუაჲ თქუა, არა დაშთომილ არს ქვაჲ ქვასა ზედა ვიდრე საფუძველადმდე; ხოლო სხუათა ადგილთა დაღაცათუ მცირედი რაჲმე ჩანს კედლები, არამედ იგიცა დარღუევად არს. ვინაჲთგან სრულიადი ოჴრებაჲ მისი იქმნა, რომელიმცა უგუნური იჭუეულ იყო სიტყჳსა მისთჳს?

და კუალად ესეცა საცნაურ იყავნ, ვითარმედ: ამისთჳს ჩანს ადგილი ტაძრისაჲ მის და კნინოდენი შენებული - სამხილებელად ჰურიათა უკე-თურებისა და საკდემელად მათისა მის გარდამატებულისა გულფიცხელობისა. უკუეთუ არა, ვინმცა უმეცარ იყო დარღუეულისა მისგან, ვითარმედ დაშთომილიცა იგი სრულიად დარღუევად არს.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და ვითარცა დაჯდა იგი მთასა მას ზეთისხილთასა, მოუჴდეს მას მოწაფენი თჳსაგან და ეტყოდეს: მითხარ ჩუენ, ოდეს იყოს ესე, და რაჲ არს სასწაული შენისა მის მოსლვისაჲ და აღსასრული ამის სოფლისაჲ?“ (24,3).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ამისთჳს თჳსაგან მოუჴდეს, რამეთუ საქმეთათჳს დიდ-თა ჰკითხვიდეს, რამეთუ სურვიელ იყვნეს სწავლად დღესა მას მოსლვისა მისისასა, რაჲთა ღირს იქმნესმცა ხილვად დიდებასა მას გამოუთქუმელ-

1 მათ. 23,38.

სა და მიმთხუევად კეთილთა მათ დაუსრულებელთა. და იყო კითხვაჲ მა-თი ორისა საქმისათჳს: „მითხარ ჩუენ, ოდეს იყოსო ესე?“ რომელი „ესე“? - დარღუევაჲ იგი მის ტაძრისაჲ. ვითარმცა ეტყოდეს, თუ: გუაუწყე, რომელი-ესე აწ სთქუ, ვითარმედ: „არა დაშთეს აქა ქვაჲ ქვასა ზედა, ვიდრემდე ყოველი დაირღუეს“, ოდეს ყოფად არს ესე საქმე? და კუალად თქუეს: „რაჲ არს სასწაული შენისა მის მოსლვისაჲ და აღსასრული ამის სოფლისაჲ?“ ერთად, დარღუევაჲ ამის ტაძრისაჲ და მოოჴრებაჲ იერუსალჱმისაჲ ოდეს იყოსო, და მეორედ, რაჲ სასწაული ვიცოდითო შენისა მის კუალად მოსლვისაჲ და აღსასრული ამის სოფლისაჲ. ხოლო ლუკა მახარებელი ერთსა ოდენ იტყჳს საქმესა კითხვად - დარღუევისა მისთჳს იერუსალჱმისა, რამეთუ ჰგონებდეს მაშინვე ყოფად მოსლვისა მისისა. და კუალად მარკოზ იტყჳს, ვითარმედ სიტყუასა ამას პეტრე და იოვანე იწყეს კითხვად, ვითარცა უმეტესისა კადნიერებისა ღირსქმნულთა.1

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: ეკრძალენით, ნუ ვინმე გაცთუნნეს თქუენ, რამეთუ მრავალნი მოვიდოდიან სახელითა ჩემითა და იტყოდიან, ვითარმედ: მე ვარ ქრისტე, და მრავალთა აცთუნებდენ. და გესმოდიან ბრძოლანი და ჰამბავნი ბრძოლათანი. იხილეთ და ნუ შესძრწუნდებით, რამეთუ ჯერ-არს ესე ყოფად, არამედ არღა არს აღსასრული“ (24,4-6).

თ ა რ გ მ ა ნ ი: რამეთუ ესმოდეს განსაცდელნი იგი იერუსალჱმსა ზედა მოწევნადნი და ვითარცა უცხოჲ რაჲმე საქმე აქუნდა; და ჰგონებდეს, თუ მათდა ყოვლადვე არარაჲ ძჳრი შემთხუევად არს, არამედ მოკლედ მიემთხუევიან სასუფეველსა ცათასა მათ სადმე დღეთა; ამისთჳს უფალი კუალად ჭირთა და განსაცდელთა შემთხუევასა აუწყებს, რაჲთა შეურვებულ იყვნენ და ფრთხილ გონებითა, რაჲთა არცა მაცთურთა და ცრუწინაჲსწარმეტყუელთაგან სცთებოდინ, არცა მოწევნადთა მათ განსაცდელ-თაგან დაიჴსნებოდინ. რამეთუ ორკერძო იყოსო ბრძოლაჲ: მაცთურთაგან და მბრძოლთაგან. და ნანდჳლვე ფრიადიცა იქმნა შფოთი ბრძოლათა მათგან ჰრომთაჲსა, რაჟამს მიეცა მათ ჴელმწიფებაჲ, და მოოჴრდებოდეს ქალაქნი, და აღიძრვოდეს მჴედრობანი. ხოლო სიტყუაჲ ესე, თუ: „გესმოდიან ბრძოლანი“, ბრძოლათა მათთჳს იერუსალჱმისათა თქუა, არა თუ ყოვლისა სოფლისათა, რამეთუ არა იყო მაშინ მათი სიტყუაჲ ანუ ზრუნვაჲ ბრძოლა-თათჳს სოფლისათა. და ესეცა საცნაურ არს, ვითარმედ უკუეთუმცა ბრძოლათათჳს სოფლისათა იტყოდა, არარაჲმცა საკჳრველი იყო ანუ ახალი რაჲმე საქმე, რამეთუ ბრძოლანი და ჰამბავნი ბრძოლათანი სოფელსა შინა პირველითგანვე იყვნეს, და რაჲ სათქუმელ იყო ანუ მოსასწავებელ ესე სიტყუაჲ? არამედ მათ ბრძოლათა მოასწავებს, რომელნი იერუსალჱმსა ზედა მოწევნად იყვნეს, და ბოროტთა მათ, რომელნი შემთხუევად იყვნ-

1 მარკ. 13,3.

ეს ჰურიათადა ზედამოსლვითა მით ჰრომთაჲთა შემდგომად ჯუარ-ცუმისა უფლისა.

ხოლო რაჲთა აუწყოს, ვითარმედ არა კაცობრივ არიან ბრძოლანი იგი ჰურიათა ზედა, არამედ რისხვითა მით უფლისაჲთა, ამისთჳს არა ბრძოლა-თა მოწევნასა ხოლო იტყჳს, არამედ წყლულებათაცა ზეგარდამოთა: სიყმილთა და ძრვათა და სრვათა, რაჲთა ცნან, ვითარმედ ბრძოლანიცა მის მიერ მომავალ არიან რისხვითა მით ზეგარდამოჲთა ჰურიათა ზედა. ხოლო რაჲთა არა ესმოდის მოწაფეთა სიმრავლე იგი და სიმძაფრე განსაცდელთაჲ მათ და ჰგონებდენ, თუ ეგულების მათისაცა ქადაგებისა დაჴსნად, ამის-თჳს შესძინა თქუმად: „იხილეთ და ნუ შესძრწუნდებით, რამეთუ ჯერ-არს ესე ყოფად“. ესე იგი არს, რომელი აწ გაუწყე და მიგითხარ. არამედ მოწევნამან მან განსაცდელთამან ვერ უძლოს სიტყუათა ჩემთა დაჴსნად ანუ ქადაგებისა მის შერყევად. ხოლო ვინაჲთგან ესმა მოწაფეთა, ვითარ-იგი ჰრქუა უფალმან ჰურიათა, ვითარმედ: „არღარა მიხილოთ მე ამიერითგან, ვიდრემდე სთქუათ: კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა“,1 და ამის გამო ჰგონებდეს, თუ დარღუევასა თანა და მოოჴრებასა იერუსალჱმისასა მეყსეულად აღსასრულიცა სოფლისაჲ იქმნების, ამისთჳს ჰრქუა უფალმან, ვითარმედ: „ჯერ-არს ესე ყოფად, არამედ არღა არს აღსასრული“. და რაჲთა სცნათ, ვითარმედ ესევითარი აქუნდა მათ გულისსიტყუაჲ მათისა მის კითხვისაგან, გულისჴმა-ყავთ, რამეთუ ესრე ჰრქუეს: „მითხარ ჩუენ, ოდეს იყოს ესე?“ ესე იგი არს, ოდეს იყოს მოოჴრებაჲ იერუსალჱმისაჲო და „რაჲ არს სასწაული შენისა მის მოსლვისაჲ და აღსასრული ამის სოფლისაჲ?“

ხოლო თავადმან არა მათისა მის სიტყჳსა მისცა მეყსეულად პასუხი, არამედ რაჲ-იგი პირველად ყოფად იყო, მიუთხრა და მოსლვაჲ იგი მაცთურთაჲ აუწყა და განაკრძალნა მათგან, და მერმე მოოჴრებისათჳს იერუსალჱმისა მოასწავა, და უკუანაჲს თჳსისა მისთჳს დიდებულისა მეორედ მოსლვისა შემოიღო სიტყუაჲ. „ეკრძალენითო, ნუ ვინმე გაცთუნნეს თქუენ, რამეთუ მრავალნი მოვიდოდიან სახელითა ჩემითა და იტყოდიან, ვითარმედ: მე ვარ ქრისტე, და მრავალთა აცთუნებდენ“. ესე მაცთურთა მათთჳს მწვალებელთა და ქრისტეს წინააღმდგომთათჳს თქუა, ვითარი იყო სჳმონ მოგჳ, ვითარი იყო აპიონ, ანუ ვიონ, კირინთოს, კარპოკრატი, მანენ, კუვრიკოს და სხუანი მსგავსნი მათნი მრავალნი, რომელთათჳს იტყჳს იოვანე მახარებელი, ვითარმედ: აწცა ანტექრისტენი მრავალნი არიან;2 და ნეტარი პავლე იტყჳს, ვითარმედ: „რომელთამე კეთილი გონებაჲ განიშორეს და სარწმუნოებასა შეეცოდნეს, რომელნი-იგი არიან იმენეოს და ალექსანდროს, რომელნი-იგი მივსცენ ეშმაკსა, რაჲთა ისწავლნენ არა გმობად“.3 და კუალად იტყჳს: „ხოლო ბილწთა მათ და ცუდთა ჴმათა განეშორე, რო-

1 მათ. 23,39. 2 2 იოან. 1,7. 3 1 ტიმ. 1,19-20.

მელ-იგი არიან იმენეოს და ფილიტოს“.1 და რაჲთა არა მრავალთა წარმოვიტყოდი, ამათ ესევითართა მოასწავებს უფალი აწ და განაკრძალებს მათ საცთურისა მისგან მათისა და ყოველთა მათ გინა თუ კერპთმსახურებისა, გინა თუ წვალებისა მეტყუელთა. მერმე განსაცდელთა მათთჳს იერუსალჱმისათა იწყო სიტყუად: „გესმოდიან ბრძოლანი და ჰამბავნი ბრძოლა-თანი. იხილეთ და ნუ შესძრწუნდებით, რამეთუ ჯერ-არს ესე ყოფად, არამედ არღა არს აღსასრული“.

ამათ სიტყუათა მიერ ბრძოლანი იგი ჰრომთანი მოასწავნა, ჰურიათა მიმართ ყოფადნი, და მოწაფენი განამტკიცნა და აუწყა, ვითარმედ არა მეყსეულად მოწევნად არს აღსასრული. მერმე განავრცელებს უწყებასა ყოფადთა მათ საქმეთასა და იტყჳს:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „აღდგეს ნათესავი ნათესავსა ზედა და მეუფებაჲ მეუფებასა ზედა, და იყვნენ სიყმილნი და სრვანი და ძრვანი ადგილ-ადგილ. ესე ყოველი დასაბამი სალმობათაჲ არს“ (24,7-8).

თ ა რ გ მ ა ნ ი: რომელთა სალმობათა დასაბამსა იტყჳს? სალმობათა მათ მოწევნადთა ჰურიასტანსა ზედა. ესე იგი არს: ოდეს მოიწეოდინ მათ ზედა რისხვითა მით ზეგარდამოჲთა სალმობანი და ძჳრნი, მაშინ სასწაულად მოწევნადისა მის რისხვისა იყვნენ ძრვანი და სიყმილნი და სრვანი ადგილ-ადგილ ქუეყანასა მას ჰურიასტანისასა. ესე რაჲ იხილოთ, ცანთო, ვითარმედ დასაბამი არს სალმობათა მათთაჲ.

მაშინ აღდგეს ნათესავი ნათესავსა ზედა, და მეუფებაჲ ჰრომთაჲ აღიძრას ჰურიასტანსა ზედა და ეგჳპტესა და სპარსეთსა და სომხითსა. რამეთუ ესრეთცა იქმნა: პირველად სხუათა მათ ჰბრძოდეს და მერმე მიაქციეს ყოველი ბრძოლაჲ ჰურიასტანსა ზედა. ხოლო ისმინეთ შემდგომიცა:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მაშინ მიგცნენ თქუენ ჭირსა და მოგწყჳდნენ თქუენ, და იყვნეთ თქუენ მოძულებულ ყოველთაგან წარმართთა სახელისა ჩემისათჳს. და მაშინ დაბრკოლდებოდიან მრავალნი და ურთიერთას შინაგანსცემდენ. და მრავალნი ცრუწინაჲსწარმეტყუელნი აღდგენ და აცთუნებდენ მრავალთა. და განმრავლებითა უშჯულოებისაჲთა განჴმეს სიყუარული მრავალთაჲ. ხოლო რომელმან დაითმინოს სრულიად, იგი ცხონდეს“ (24,9-13).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ჯეროანსა ჟამსა შემოიღო სიტყუაჲ, მაუწყებელი ჭირთა მათ მოციქულთა ზედა მოწევნადთა. პირველად თქუა ზოგადი იგი განსაცდელი ჰურიათაჲ; მერმე აწ იტყჳს ბრძოლასა მას, რომელი მოციქულთა ზედა ყოფად იყო ყოვლისა სოფლისაგან, ჰურიათა მიერცა და წარმართთა; ვითარმცა ეტყოდა, ვითარმედ: მოწევნად არს ჰურიათაცა ზედა ბრძოლაჲ და განსაცდელი, და თქუენ ზედაცა მოსლვად არიან მრავალნი ჭირნი და

1 2 ტიმ. 2, 16-17.

იწროებანი. არამედ ნუ ჰგონებთ, თუ ორივე ესე ერთისა მიზეზისაგან ყოფად არს. ნუ იყოფინ! რამეთუ მათ ზედა მოწევნად არს ყოველი, რომელ ვთქუ, რისხვისაგან ზეგარდამოჲსა, მომასწავებელად საუკუნოჲსა მის სასჯელისა, რომელი მიელის მათ. ხოლო თქუენ ზედა მოსლვად არიან ბრძოლანი მაცთურთაგან და ცრუწინაჲსწარმეტყუელთა, ჰურიათაგან და წარმართთა, მეფეთაგან და მთავართა უშჯულოთა უმეტესისა განბრწყინვებისათჳს თქუენისა და გამოჩინებად ახოვნებისა თქუენისა და განსამრავლებელად სასყიდლისა თქუენისა, რამეთუ „რომელმან დაითმინოს სრულიად, იგი ცხონდეს“ ცხორებითა მით დაუსრულებელითა, კეთილთა მათ შინა გამოუთქუმელთა სასუფეველისა ცათაჲსა. რამეთუ ზემო თქუა: „იხილეთო და ნუ შესძრწუნდებით“, ხოლო აქა იტყჳს: „რომელმან დაითმინოს სრულიად, იგი ცხონდეს“. ხოლო რაჲთა არა თქუან, თუ: ვითარ უძლოთ ცხორებად ესოდენთა მათ ჭირთა შინა, ოდეს ყოველთაგან მოვსწყდებოდით და ყოველთაგან მოძულებულ ვიყვნეთ, და ყოველნი განმცემელ ჩუენდა იყვნენ, და სიყუარული არასადა იყოს, არამედ განმრავლებულ იყოს უშჯულოებაჲ, და აღდგებოდინ მაცთურნი და ცრუწინაჲსწარმეტყუელნი; ესოდენსა მას შფოთსა და განსაცდელსა შინა ვითარ წარემართოს ქადაგებაჲ ჩუენი? ამისთჳს პირველვე განამტკიცებს და ეტყჳს: „რომელმან დაითმინოს სრულიად, იგი ცხონდეს“. და კუალად შესძინა და ჰრქუა, ვითარმედ: ქადაგებაჲცა თქუენი წარემართოს, და მოძღუარ ყოვლისა სოფლისა იქმ ნეთ. ვითარცა ესერა კუალად იტყჳს:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და იქადაგოს სახარებაჲ ესე სასუფეველისაჲ ყოველსა სოფელსა საწამებელად ყოველთა წარმართთა. და მაშინ მოიწიოს აღსასრული“ (24,14).

თ ა რ გ მ ა ნ ი: მოწევნასა აღსასრულისასა აწ ამას ადგილსა იერუსალჱმისა მოოჴრებისასა იტყჳს, ვითარმედ პირველად იქადაგოსო სახარებაჲ ესე ყოველსა სოფელსა, და მაშინ მოიწიოს იერუსალჱმისა აღსასრული. ხოლო რაჲთა სცნა, ვითარმედ პირველ მოოჴრებისა იერუსალჱმისა იქადაგა სახარებაჲ ყოველსა სოფელსა, ისმინე, ვითარ იტყჳს ნეტარი პავლე: „ყოველსა ქუეყანასა განჴდაო ჴმაჲ მათი, და კიდეთა სოფლისათა - სიტყუანი მათნი“.1 და კუალად იტყჳს: „სახარებაჲ იგი, რომელი იქადაგა ყოველსა სოფელსა, რომელ არს ცასა ქუეშე“.2 და საცნაურ არს იგი, ვითარ იერუსალჱმითგან ვიდრე ილირიკედმდე და ვიდრე სპანიადმდე რბიოდა. ხოლო ვინათგან ერთმან ესოდენი ნაწილი სოფლისაჲ მოვლო, გულისჴმა-ყავ, თუ სხუათა მოციქულთა თითოეულმან რავდენნი ქუეყანანი მოვლნეს და ქადაგებდეს სახარებასა. ხოლო რაჲ არს ესე, თუ: „საწამებელად ყოველთა წარმართთა“? ესე იგი არს, სამხილებელად და საყუედრებელად და შემწა-

1 რომ. 10,18; ფსალმ. 18,5. 2 შდრ. კოლ. 1,23.

მებელად წარმართთა მათ, რომელთა არა ჰრწმენა. რამეთუ იქადაგა სახარებაჲ ყოველსა სოფელსა, არამედ არა ჰრწმენა ყოველთა. ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: საწამებელად და სამხილებელად ურწმუნოთა მათ წარმართთა, რამეთუ რომელთა ჰრწმენა, იგინი შესწამებდენ ურწმუნოთა და დასჯიდენ მათ. ხოლო ამისთჳს პირველად იქადაგა სახარებაჲ, და მაშინღა მოიწია მოოჴრებაჲ იერუსალჱმისაჲ, რაჲთა არა აქუნდეს ადგილი სიტყჳს-გებისაჲ ჰურიათა ყოვლადვე, რამეთუ იხილეს ძალი მისი, ყოველსა სოფელსა განფენილი, და სახარებაჲ, ყოველთა კიდეთა ქადაგებული, რომელ-ესე დიდი სასწაული იყო ქრისტეს ძალისაჲ, რომელ ოცსა გინა ოცდაათსა წელსა შინა ყოველი სოფელი დაიპყრა სიტყუამან მან ჭეშმარიტებისამან, და უბადრუკთა მათ ჰურიათა, რომელნი ურწმუნოებასა შინა ეგნეს, არავე შეიგონეს. ამისთჳს მოიწიოს აღსასრული იერუსალჱმისაჲ და მოოჴრდესო იგი და იყოს დასათრგუნველად წარმართთა. რამეთუ ჭეშმარიტად ამას ადგილსა აღსასრულად იერუსალჱმისა მოოჴრებასა იტყჳს. და ესე საცნაურ არს შემდგომისა მის სიტყჳსაგანცა, რამეთუ შემოიღო სიტყუაჲ წინაჲსწარმეტყუელებისაჲ დასამტკიცებელად მათისა მის მოოჴრებისა და იტყჳს:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რაჟამს იხილოთ საძაგელი იგი მოოჴრებისაჲ, თქუმული დანიელ წინაჲსწარმეტყუელისა მიერ, მდგომარე ადგილსა წმიდასა,1 რომელი აღმოიკითხვიდეს, გულისჴმა-ყავნ“ (24,15).

თ ა რ გ მ ა ნ ი: აღუჴსენნა სიტყუანი დანიელისნი, რაჲთა აღმოიკითხონ წინაჲსწარმეტყუელებაჲ მისი და გულისჴმა-ყონ. ხოლო საძაგელად მოოჴრებისა უწესს ხატსა მას ძეგლოანსა მომაოჴრებელისა მის, რომელი აღჰმართა ქალაქსა მას შინა და ტაძარსა, ამისთჳს მოოჴრებისად სახელსდვა. და რაჲთა ცნან, ვითარმედ ცხორებასავე ვიეთთამე მათგანთა ყოფად არს ესე, ამისთჳს ეტყჳს: „რაჟამს იხილოთო საძაგელი მოოჴრებისაჲ“.

და ესეცა სასწაული არს ქრისტეს ძალისაჲ და მათისა მის ახოვნებისაჲ, რომელ ჟამთა მათ, რომელთა ებრაელთა მიმართ ყოველთა ტომთა ბრძოლაჲ დაუგებელი აქუნდა, იგინი ქადაგებდეს უშიშად. ოდეს-იგი ბრძანებაჲ კეისრისაჲ განაჩინებდა დევნულებისა დიდისა ყოფად მათ ზედა, და მსგავს იყო საქმე მათი, ვითარმცა ზღუაჲ აღძრულ იყო ღელვითა სასტიკითა, და ჰაერი დაბნელებულ იყო ალმურითა ჴშირითა, და ნიავქარნი სასტიკნი ეკუეთებოდეს ურთიერთას, და ყოველნივე ნავნი, ზღუასა შინა მავალნიმცა, დაიქცეოდეს, და მჴეცნი მძჳნვარენი, უფსკრულთაგან აღმოსრულნი, შთანთქმიდესმცა ყოველთა, რომელნიცა შთაცჳვიან ზღუად, და ელვანი ქუხილითურთ მეხის-ტეხით საშინელნი ისმოდეს, და ზღჳსპირნი სავსემცა იყვნეს ავაზაკთაგან კაცთმკლველთა. ესევითარსამცა ჟამსა, ესრეთ ძნელსა და ფიცხელსა, ჰრქუამცა მეფემან კაცთა ვიეთმე, უმეცართა ზღჳსათა

1 დან. 9,27.

და ყოვლადვე უჩუეველთა, შესლვაჲ ნავად და საჭეთა ჴელ-ყოფად და მენავეთმოძღურობად და ერთითა ჴუამალდითა მცირითა წინაგანწყობად ნავთა ბევრეულთა, სავსეთა მბრძოლთაგან ძლიერთა. ეგრეთ იყო მაშინ საქმე იგი მოციქულთაჲ ძნელ და შეუძლებელ კაცობრივითა გულისსიტყჳთა, რამეთუ წარმართთაგან მოძულებულ იყვნეს, ვითარცა ებრაელნი, ჰურიათაგან იდევნებოდეს, ვითარცა წინააღმდგომნი შჯულისა მათისანი, ყოველნი მთავარნი მათ ჰბრძოდეს, ყოველნი ჴელმწიფენი, ყოველნი მდიდარნი და გლახაკნი, ყოველნი ტომნი და ნათესავნი, და შფოთი იყო მიუთხრობელი, რამეთუ დიდად საძულელ იქმნა ნათესავი ებრაელთაჲ ჰრომ-თაგან მრავალთა მათთჳს შრომათა და ბრძოლათა, რომელნი შეამთხჳნეს მათ. ამისთჳს ქალაქი იგი აღოჴრდა და დაიწუა, და ერნი იგი ურიცხუნი მოსწყდეს პირითა ჰრომთა მახჳლისაჲთა, და სხუანი ტყუე იქმნეს, და დევნულებაჲ დიდი იყო მათ ზედა. ხოლო ამან ყოველმან შფოთმან და განსაცდელმან დაყენებად ქადაგებისა მის მოციქულთაჲსა ვერ უძლო, რომელნი-იგი ტომისაგან ებრაელთაჲსა იყვნეს და შჯულსა ახალსა დაუდებდეს ჰრომთა და ბერძენთა და ყოველსა სოფელსა, და დაყენებად მათდა ვერვის ჴელ-ეწიფებოდა, არამედ ყოველთავე სძლევდეს.

ჵ ახალი იგი და დიდებული საკჳრველი! ურიცხუნი ბევრეულნი მოსწყჳდნეს მაშინ და ტყუე-ყვნეს ჰრომთა ერისა მისგან ებრაელთაჲსა, და ათორმეტთა კაცთა წინა ვერ აღუდგეს, შიშუელთა და უჭურველთა, არამედ იძლინეს მათგან და დაემორჩილნეს. რაჲ-მე იყო დიდი იგი სასწაული? რამეთუ მოძღუართა ორი ესე საქმე უჴმს: რაჲთა სარწმუნო იყვნენ და საყუარელ მოწაფეთაგან, და სიტყუაჲ მათი მტკიცე იყოს და ჟამი მშჳდობისაჲ.

ხოლო მათ ზედა ყოველივე ესე წინააღმდგომად იქმნებოდა: არა საყუარელ იყვნეს, არამედ მოძულებულ ყოველთაგანვე, და სიტყუაჲ მათი არა სარწმუნოდ ჩნდა. და ამას ყოველსა ზედა ყოველი სოფელი მოიმოწაფეს და წესთაგან და ჩუეულებათა გულისსათქუმელთა კაცნი მოსწყჳდნეს, რჩულთაგან მამულთა და საქმეთაგან საწადელთა მოდრიკნეს და ასწავეს მოძღურებაჲ ძნელი და ფიცხელი: გულისთქუმათა წილ და გემოთა - მარხვაჲ და მოღუაწებაჲ სიწმიდისაჲ, სიმდიდრისა წილ - სიგლახაკე, ცხორებისა ამის წილ, სოფლისმოყუარეთაგან საწადელისა, - სიკუდილი შეურაცხი სატანჯველითა უწყალოჲთა. და ამას ყოველსა ზედა სოფელი მათ შეუდგა და აღიარნეს იგინი ყოველთა მოძღურად და წინამძღურად ცხორებისა.

ამის ყოვლისათჳს ჟამი არს თქუმად: „ვინ-მე იტყოდის ძლიერებათა უფლისათა და სასმენელ-ყვნეს ყოველნი ქებულებანი მისნი?“1 ებრაელნი ეგჳპტეს შინა მონანი იყვნეს და საქმითა თიჴისა და ალიზისაჲთა განიკაფებოდეს; და მიივლინა მათა მოსე ნიშებითა და სასწაულებითა გამოყვანებად სახლისა მისგან კირთებისა და შეყვანებად ქუეყანასა მას კეთილ-

1 ფსალმ. 105,2.

სა, და ძლით შეიწყნარეს იგი და მარადღე განდგებოდეს და დრტჳნვიდეს. ხოლო ესენი უცხოთესლნი იყვნეს და უქადაგებდეს ყოველსავე ჭირსა და იწროებასა, სისხლთა დათხევასა და სიკუდილსა კაცთა, შუებულთა და ფუფუნეულთა, განაშორებდეს შვილთა მშობელთაგან, მშობელთა - ნაშობ-თაგან, მეუღლეთა - ერთმანერთისაგან. კაცნი გლახაკნი და შეურაცხნი და უსწავლელნი და უცხოთესლნი ამას იქმოდეს; ვინმცა შევიდა სახლსა ერთსა და უძლო ამათ საქმეთა ქმნად, რომელ-ესე ქრისტემან ქალაქთა შინა და დაბათა და ყოველსა სოფელსა ქმნა პირითა მოწაფეთა თჳსთაჲთა, განავლნა იგინი ცეცხლი და წყალი, ბრძოლათა და ამბოხებათა, ზღუასა შინა და ჴმელსა და ყოველთა ზედა მძლედ გამოაჩინნა. და უკუეთუ გნებავს სიძნელეთა მის ჟამისათა ცნობად, აღმოიკითხეთ წიგნი იოსიპოს ჰურიისა მიერ აღწერილი და გულისჴმა-ჰყოთ. ამისთჳს წინაჲთვე უფალი მრავალფერსა მას ბრძოლასა აუწყებს. რამეთუ იყო პირველი ბრძოლაჲ ქრისტემტყუართაჲ, ვითარცა იტყჳს, ვითარმედ: „მრავალნი მოვიდოდინ სახელითა ჩემითა და იტყოდინ, ვითარმედ: მე ვარ ქრისტე, და მრავალთა აცთუნებდენ“; მეორე ბრძოლაჲ - ჰრომთაჲ, ვითარცა იტყჳს, ვითარმედ: „გესმოდიან ბრძოლანი და ჰამბავნი ბრძოლათანი“; მესამედ - სიყმილისა იგი განსაცდელი; მეოთხედ - სრვანი იგი და ძრვანი; მეხუთედ - „მიგცნენ თქუენო ჭირსა და მოგწყჳდნენ“; მეექუსედ - „და იყვნეთ თქუენ მოძულებულ ყოველთაგან“; მეშჳდედ - „მაშინ დაბრკოლდებოდიანო მრავალნი და ურთიერთას მისცემდენ“, რომელ-ესე ზოგადსა ყოველთა ბრძოლასა მოასწავებს; მერვედ - ცრუწინაჲსწარმეტყუელნი; მეცხრედ - განჴმობაჲ სიყუარულისაჲ, რომელ უძჳრეს არს ყოველთა ბოროტთა. და ამას ყოველსა ზედა აღესრულა ბრძანებაჲ ქრისტესი, რომელ თქუა, ვითარმედ: „იქადაგოს სახარებაჲ ესე სასუფეველისაჲ ყოველსა სოფელსა“. დიდებაჲ დიდად-შუენიერებასა ძლიერებისა მისისასა.

სწავლაჲ ოე მათა მიმართ, რომელნი იტყჳან, თუ შობასა კაცისასა ანუ ვარსკულავთა ქცევასა შეუდგან საქმენი სოფლისანი

სადა არიან აწ ურწმუნონი? სადა არიან, რომელნი იტყჳან, თუ შობასა კაცთასა ანუ ქცევასა ვარსკულავთასა შეუდგან საქმენი სოფლისანი, და ჟამთა ცუდთა შემოიღებენ ეკლესიისა წესთა დამჴსნელად? ვითარ იტყჳთ, უბადრუკნო, თუ ყოველნი საქმენი ქცევითა ჟამთა და ვარსკულავთაჲთა იქმნებიან? და ამაოებასა ყოვლისასავე ჰქადაგებთ. ვის სადა აჴსოს, თუ სხუაჲ ქრისტე გამოჩნდა, თჳნიერ ერთისა მის ყოველთა მეუფისა? რად არა მიიღო ქცევამან ჟამთამან სხუაჲ მსგავსი საქმისაჲ მის? და გარეშე ამისა სხუანიცა საქმენი გულისჴმა-ყვენით: გიხილავსა სხუაჲ სოდომ-გომოროჲ? ქმნილ არსა სხუაჲ წყლითრღუნაჲ? რად არა მოიღო ქცევამან ჟამთამან ესევითარი? ვიდრემდის ეკიცხევთ თავთა თჳსთა ქცევითა მით ჟამთაჲთა და წესითა ვარსკულავთრაცხისაჲთა?

და ვითარ აღესრულებისო მრავალი ვარსკულავთმრაცხელთა თქმული? - მეტყჳან ჩუენ გონებაცთომილნი ვინმე.

ისმინე, უგუნურო, მიზეზი ამის საქმისაჲ: რამეთუ ოჴერ გიქმნიეს თავი შენი შეწევნისაგან ღმრთისა უკეთურებითა მაგით შენითა და განგიცემიეს ეშმაკისადა და განშორებულ ხარ ნეფსით განგებისაგან ღმრთისა, ამისთჳს, ვინაჲცა ჰნებავს ეშმაკსა, შესცვალებს და მიმოდასდებს საქმეთა შენთა, ხოლო წმიდათა ზედა ვერარას იქმს ესევითარსა. და რად ვიტყჳ წმიდათა? ვერცა თუ ჩუენ ზედა, ცოდვილთა ამათ, რომელნი შეურაცხვჰყოფთ მას და არარად შეგჳრაცხია, ვერარაჲ ჴელ-ეწიფების ქმნად, ვერცა შემძლებელ არს, დაღაცათუ მოქალაქობაჲ ჩუენი უწესო არს და განფრდილ ცოდვითა, გარნა ვინაჲთგან მადლითა ღმრთისაჲთა სარწმუნოებაჲ მართალი კეთილად გჳპყრიეს, ამისთჳს უზეშთაეს ვართ მძლავრებისა მის ეშმაკისა და არცა ერთი რაჲ ჴელმწიფებაჲ აქუს მას ვნებად ჩუენდა.

ხოლო შენ, რომლისა-ეგე თუალნი გულისანი დაბნელებულ არიან, და მიდრეკილ ხარ წესისა მისგან ქრისტეანეთაჲსა და იტყჳ, თუ საქმენი შენივე შობისა ჟამსა და ვარსკულავთა წესსა შეუდგან, და ამით ჯერითა მიგიცემიეს ეშმაკისადა შენ ზედა უფლებაჲ, შესცვალებს იგი საქმეთა შენთა, ვითარცა ჰნებავს, რაჲთა სრულიად გაცთუნოს და მიგიღოს ცნობაჲ შენი.

აწ უკუე გულისჴმა-ყავ, ვითარმედ ყოვლითურთ სიტყუაჲ ეგე შობისა და ვარსკულავთაჲ ცუდ არს და არარაჲ და ყოველივე უწესოება და ტყუილ.

კუალად იტყჳს ცუდადმეტყუელი იგი, ვითარმედ: უკუეთუ ცუდ არს სიტყუაჲ იგი შობისაჲ და ვარსკულავთაჲ, ვითარ იგი ვინმე მდიდარ არს და იგი ვინმე გლახაკ? ხოლო მე ვრჰქუა მას, ვითარმედ: არა უწყი; რამე-თუ ესრეთ ვთქუა ჟამისად, რაჲთა გასწაო შენ არა გამოძიებად ყოვლისავე საქმისა, არამედ უწყებად, ვითარმედ არიან მრავალნი საქმენი ჩუენგან დაფარულნი, ხოლო წინაშე ღმრთისა განცხადებულნი. აწ უკუე რომლისაცა საქმისა მიზეზი არა იცოდი, ნუ იტყჳ, თუ ესე ცუდად და ამაოდ არს, და მიზეზსა მისსა ვარსკულავთა მიაჩემებ და არაარსთა საქმეთა მისცემ უფლებასა. უმჯობეს არს უმეცრებაჲ კეთილი, ვიდრე მეცნიერებაჲ ბოროტი, რამეთუ უმეცრებამან მან ადვილად ისწავის ჯეროვანი, ხოლო ბოროტისა მზრახვალმან უძნელესად დაივიწყოს ბოროტი იგი და ისწავის კეთილი. და წიგნსა შინა უწერელსა ადვილად იწერების, ხოლო ბოროტად წერილისაჲ კეთილად გარდაქცევაჲ ძნელ არს, რამეთუ პირველად აჴოცაჲ ჯერ-არს ბოროტისა მის წერილისაჲ და მერმეღა დაწერაჲ კეთილისაჲ. და ქუეყანაჲ სრულიად უნაყოფოჲ უაღრეს არს, ვიდრეღა ეკლისა და კუროჲსთავისა აღმომაცენებელი, რამეთუ მას ზედა თესვად ადვილ არს, ხოლო ეკლოანისა მის პირველად ჯერ-არს შრომაჲ განწმედად და აღმოფხურად ბოროტისა მის ძირისა და მერმეღა - თესვად კეთილისა. ამისთჳს გეტყჳ: ნუ მოსწრაფე ხართ ყოვლისავე საქმისა მიზეზთა ცნობად, რამეთუ ამის ჯერისაგან მრავალნი შთავარდეს წვალებათა ბოროტთა და უკურნებელ იქმნეს. ვინ ხარ შენ, მიწაჲ ეგე და ნაცარი, რომელ გნებავს, თუმცა გულისჴმა-ჰყვენ სასჯელნი ღმრთისანი? არა გესმისა, რასა ღაღადებს ესაია: „ვინ ცნა გონებაჲ უფლისაჲ, ანუ ვინ თანამზრახვალ ექმნა მას?“1 არა აღმოიკითხავა წიგნსა პავლე მოციქულისასა, ვითარ იტყჳს: „ჵ სიღრმე სიმდიდრისა და სიბრძნისა და მეცნიერებისა ღმრთისა! ვითარ გამოუძიებელ არიან სასჯელნი მისნი, და გამოუკულეველ არიან გზანი მისნი!“2

აჰა ესერა ესე ყოველი ვთქუ, რაჲთა სცნა, ვითარმედ მრავალნი არიან საქმენი ჩუენგან დაფარულნი და ღმრთისადა საცნაურნი. ხოლო აწ ესეცა ვთქუა: იტყჳ, თუ: ვინაჲ არს ვინმე მდიდარ? - რომელნიმე მდიდარ არიან ნებითა და მიცემითა ღმრთისაჲთა, სხუანი კუალად მიშუებითა მისითა მოიგებენ სიმდიდრესა, რამეთუ ესე არს მოკლე და მარტივი სიტყუაჲ. და რაჲ არს სიტყუაჲ ესეო? - იტყჳს წინააღმდგომი, - მეძავთა და მემრუშეთა და მტაცებელთა ღმერთი მისცემსა სიმდიდრესა და იგი იქმსა განმდიდრებასა მათსა? არა იგი იქმს, არამედ მიუშუებს განმდიდრებად. ხოლო ფრიადი განყოფილებაჲ არს და უზომოჲ სიშორე შორის ქმნისა და მიშუებისა. და თუ სთქუა, ვითარმედ: ყოვლადვე რაჲსათჳს მიუშუებს? მე გრქუა შენ, ვითარმედ: ამისთჳს, რამეთუ არღა მოწევნულ არს ჟამი განკითხვისაჲ, რაჲთამცა მიიღო კაცად-კაცადმან ღირსებისაებრ. ვინმცა იყო უძჳრეს მდიდრისა მის, რომელი ნაბიჭევსაცა ტაბლისასა არა მისცემდა ლაზარეს? გარნა არავე დააყენა იძულებით სიმდიდრისაგან. ამისთჳსცა უუბადრუკჱს ყოველთაჲსა იქმნა, რამეთუ არცა თუ წუეთისა ერთისა წყლისა უფალ იყო.3

და ესე მარადის ესრეთ არს: უკუეთუ იყვნენ ორნი ცოდვილნი, და ერთსა მას აღესრულოს ცხორებაჲ თჳსი სიმდიდრით და მეორესა მას სიგლახაკი-თა, არა სწორად იტანჯებიან მუნ, არამედ მდიდარი იგი და ფუფუნებული უძჳრესად იტანჯოს, ვითარცა-იგი მდიდარსა მას შეემთხჳა, რამეთუ კე-თილი მისი აქავე მიეღო. აწ უკუე შენცა, იხილო რაჲ კაცი უკეთური და უსახური სიმდიდრესა შინა და ბედნიერობასა, სულთ-ითქუენ მისთჳს და ცრემლოდე, რამეთუ სიმდიდრე იგი აღმაორძინებელ სატანჯველთა მისთა იქმნების. რამეთუ ვითარცა-იგი რომელთა მრავალი ეცოდოს და არა ენებოს სინანული, იუნჯებენ თავისა თჳსისა საუნჯესა რისხვისასა, ეგრეთვე რომელნი არა ხოლო თუ უტანჯველად დაშთენ ამას სოფელსა, არამედ შუებითცა და დიდებით აღასრულნენ დღენი თჳსნი, უმეტესსა მიეცნენ სატანჯველსა მას საუკუნესა.

1 ესაია 40,13. 2 რომ. 11,33. 3 ლუკ. 16, 19-24.

ისმინე ნეტარისა დავითისთჳს, ოდეს შთავარდა ცოდვასა მას, და ამხილებდა ნათან წინაჲსწარმეტყუელი, ვითარ ამას საქმესა - სიმდიდრისა და დიდებისა მისისასა - უმეტესისა ბრალობისა მიზეზად მოიღებდა, რომელ-იგი ესოდენთა კეთილთა ზედა ესრეთ მისცა თავი თჳსი ცოდვასა და აჩუენა სახე უმადლოებისა და დაჴსნილობისაჲ. ამისთჳს აყუედრებდა ღმერთი და ეტყოდა: „არა მეფედ გცხეა და გიჴსენ შენ ჴელისაგან საულისა და მიგეც შენ ყოველი სახლი ისრაჱლისა და იუდაჲსი? და უკუეთუ მცირე იყო ესე შენდა, სხუაჲცამცა შევჰმატე. და რაჲსათჳს ჰქმენ ბოროტი წინაშე ჩემსა?“1 რამეთუ არა თუ ყოვლისავე ცოდვისა ერთი არს საშჯელი, არამედ მრავალი და ფრიად განყოფილი ჟამთაგანცა და პირთაგან და პატივთაგან და მეცნიერებისაგან და სხჳსა მრავლისა. და რაჲთა ცხად იქმნას სიტყუაჲ ესე, შემოვიღოთ შორის ერთი რაჲმე ცოდვაჲ, და იხილეთ, რავდენი განყოფილებაჲ აქუს. და ამას არა თავით თჳსით ვიტყჳთ, არამედ საღმრთოთა წერილთაგან.

ვთქუათ სიძვისათჳს: ისიძვა ვინმე პირველ შჯულისა, - სხუაებრ იტანჯოს, და ამას მოასწავებს პავლე, ვითარმედ: „რავდენთაცა უშჯულოდ ცოდეს, უშჯულოდცა წარწყმდენ“,2 ესე იგი არს, უადვილესად; ისიძვა ვინმე შემდგომად შჯულისა, - უძჳრესი შეემთხჳოს, რამეთუ იტყჳს: „რომელთა შჯულსა შინა შესცოდეს, შჯულითაცა იტანჯნენ“,3 ესე იგი არს, უძჳრესად; რამეთუ ბუნებითსა მას შჯულსა თანა იყოს წერილიცა იგი შემასმენელ მათა; კუალად, ისიძვა მღდელმან ვინმე, - დიდად დასართავი აქუს სატანჯველისაჲ პატივისა მისგან. ამისთჳსცა ძუელსა შჯულსა შინა უკუეთუ იპოვის დედაკაცი სიძვასა შინა, სიკუდილისა თანამდებ არნ, ხოლო ასულნი მღდელთანი იპოვნიან თუ, ცეცხლი-თა დაიწუვოდეს, რაჲთა საცნაურ იქმნას, თუ რაოდენი საშჯელი მიელის მღდელსა, უკუეთუ ცოდოს. უკუეთუ ასულსა უმეტესი საშჯელი მიეჴადა ამისთჳს, რომელ მღდელისა ასული არს, რაოდენ უმეტესად მღდელსა მოეჴადოს? კუალად, განიჴრწნა ვინმე იძულებით, - ესე ბრალისაგანცა და საშჯელისა ჴსნილ არს იძულებისა მისთჳს. სხუამან მისცა თავი თჳსი სიძვასა სიმდიდრესა შინა, სხუამან სიგლახაკისათჳს, - აქაცა ფრიადი განყოფილებაჲ არს, ვითარცა ზემო ვთქუ დავითისთჳს. ისიძვა ვინმე შემდგომად ქრისტეს მოსლვისა, - უკუეთუ უნათლავად და უნანელად მოკუდა, უძჳრეს მათ ყოველთასა დაისაჯოს; სხუამან ისიძვა შემდგომად ნათლის-ღებისა, - უმეტესი სიმძიმე არს მის ზედა, რამეთუ ნათლის-ღებაჲ მეორე არღარა არს, არამედ შრომითა და ცრემლითა სინანულისაჲთა უჴმს განბანაჲ ცოდვისა მის თჳსისაჲ, რომელი შეემთხჳა; ისიძვა სხუამან მღდელობასა ამას შინა ახლისა შჯულისასა, - ესე არს თავი ყოველთა ბოროტთაჲ.

1 2 მეფ. 12,7-9. 2 რომ. 2,12. 3 რომ. 2,12.

იხილეა, რაოდენი განყოფილებაჲ გიჩუენე ერთისა მის ცოდვისაჲ? და მეცნიერებისაგანცა არს განყოფილებაჲ უმეცარისაგან, რამეთუ იტყჳს: „მონამან რომელმან იცოდის ნებაჲ უფლისა თჳსისა და არა ყოს, იგუემოს ფრიად“.1 და პირველქმნულისა სახისა შემდგომად ცოდვაჲ აღმაორძინებელ არს საშჯელისა. ამისთჳს იერუსალჱმსა აყუედრებს: „რავდენგზის ვინებე შეკრებაჲ შვილთა თქუენთაჲ, და არა ინებეთო“.2 და შუებასა შინა ცოდვაჲ უძნელეს არს, ვიდრე სიგლახაკესა, ვითარცა ლაზარესთჳს წერილ არს; და ადგილისაგანცა ძნელოვან იქმნების ცოდვაჲ, ვითარცა იტყჳს, ვითარმედ: „შორის ტაძრისა მის და საკურთხეველისა“;3 და სახისაგანცა ცოდვათაჲსა იქმნების სიმძიმე ცოდვისაჲ, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: „დაუკლნეს ძენი და ასულნი მათნი ეშმაკთა“.4 და კუალად, ოდეს მორწმუნე უშჯულოთა მსგავსად ცოდვიდეს, უძჳრეს მათსა იტანჯოს, ვითარცა ეზეკიელ იტყჳს, ვითარმედ: „არცა თუ სამართლისაებრ წარმართთაჲსა ჰქმენ შენ და განამართლეო დაჲ შენი“.5

და კუალად, ოდეს სხუათა ზედა მოწევნულისა რისხვისაგან არა შე-შინდეს, ესეცა მიზეზ სატანჯველისა არს, ვითარცა იტყჳს, ვითარმედ: „ტჳროსს თუმცა და სიდონს იქმნეს ძალნი, რომელნი იქმნეს თქუენ შორის, მაშინვე სამემცა ძაძითა ნაცარსა ზედა მსხდომარეთა შეინანეს. ხოლო გეტყჳ თქუენ, რამეთუ ტჳროსი და სიდონი უმოლხინეს იყოს დღესა საშჯელისასა, ვიდრე თქუენ“.6

იხილეა წესი განკითხვათა მისთაჲ? ვითარ მათვე ცოდვათა ზედა კაცად-კაცადისა განყოფილებით იქნების საშჯელი. რამეთუ ოდეს სულგრძელ გუექმნას, და ჩუენ არა შევიგონოთ, უმეტესისა სატანჯველისა ღირს ვართ, ვითარცა პავლე იტყჳს, ვითარმედ: „სიფიცხისაებრ შენისა და უნანელობისა იუნჯებ თავისა თჳსისა რისხვასა“.7

აწ უკუე ესე ყოველი გულისხმა-ვყოთ და ნუ დავბრკოლდებით, ნუცა შევშფოთნებით ნურარას ზედა საქმესა, ნუცა ვეძიებთ, თუ ესე რაჲმე რად ესრეთ იქმნა, ანუ იგი რაჲმე რად ესრეთ განაწესა, არამედ მიუშუათ ყოველი მიუწდომელთა მათ განკითხვათა ღმრთისათა. ხოლო ჩუენ ესე ვი-ღუაწოთ, რაჲთა ცოდვისაგან განვეშორნეთ და სათნოებაჲ შევიკრძალოთ, რაჲთა ღირს ვიქმნეთ საუკუნეთა მათ კეთილთა მიმთხუევად მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისაჲ არს დიდებაჲ და სიმტკიცე თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

1 ლუკ. 12,47. 2 ლუკ. 13,34. 3მათ. 23,35. 4 ფსალმ. 105,37. 5 შდრ. ეზეკ. 5,7; 16,55-57.

6 მათ. 11,21-22. 7 რომ. 2,5.