მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი პ

წმინდა იოანე ოქროპირი

📋 სარჩევი

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ხოლო იესუ იყო რაჲ ბეთანიას, სახლსა სიმონის კეთროვნისასა, მოუჴდა დედაკაცი, რომელსა აქუნდა ალაბასტრითა ნელსაცხებელი მრავლისა სასყიდლისაჲ, და დაასხა თავსა მისსა ინაჴით-მჯდომარესა“ (26,6-7).

ესე დედაკაცი საგონებელ არს, თუ ერთი არს ყოველთავე მახარებელ-თა მიერ თქუმული. გარნა არა ეგრეთ არს. ნუ იყოფინ! არამედ სამნი მახარებელნი ერთისა ამის დედაკაცისათჳს იტყჳან, ხოლო იოვანე არა ამას აჴსენებს, არამედ სხუასა საკჳრველსა დედაკაცსა, დასა მას ლაზარესსა. რაჲსათჳს აჴსენა აწ მახარებელმან სიმონ კეთროვანი? რაჲთა გამოაჩინოს, თუ ვინაჲ კადნიერ იქმნა დედაკაცი იგი მოსლვად, რამეთუ კეთრი ძუელსა შჯულსა შინა არაწმიდად და საძაგელად შერაცხილ იყო. იხილა უკუე დედაკაცმან მან, ვითარ განკურნა იგი უფალმან, რამეთუ არა თუმცა განეკურნა, არამცა შესრულ იყო მისა. ესე რაჲ იხილა დედაკაცმან, გულსავსე იქმნა, ვითარმედ რომელმან კეთრი იგი მყის განწმიდა, ძალ-უც მას სულისაცა მისისა არაწმიდებათა განწმედად ადვილად. ამისთჳს იკადრა მოსლვად და შევრდომად. ხოლო სახელი ქალაქისა მისცა, ბეთანიაჲსაჲ, ჯეროვნად აჴსენა, რაჲთა სცნა, ვითარმედ ნეფსით მოვიდოდა ვნებად. ამისთჳსცა რომელი-იგი პირველ ივლტოდა, ოდეს არა იყო ჟამი ვნებისაჲ, აწ, ოდეს უმეტესად აღეტყინა ჰურიათა შური, მახლობელად მოვიდა იერუსალჱმსა, ვითარ ათხუთმეტ ოდენ უტევან. ამით ცანთ, რამეთუ პირველიცა იგი წარსლვაჲ არა სივლტოლაჲ იყო, არამედ განგებულებაჲ. ესრეთ უკუე გან-ძლიერდა სულითა დედაკაცი იგი და მოვიდა უფლისა. რამეთუ მრავლით ჟამითგან უნდა ესე ყოფად, არამედ შიშით იწვოდა. ვითარცა-იგი წიდოვანი ჴორციელისა სენისათჳს ეშინოდა ცხადად შევრდომად, ამასმცა ვი-თარ არა ეშინოდა სიმრავლისა მისთჳს ცოდვათაჲსა? ამისთჳს შემდგომად სამარიტელისა მის და ქანანელისა და წიდოვნისა და სხუათა მრავალთა ძლით იკადრა მოსლვა, რამეთუ უწყოდა სიმრავლე ცოდვათა თჳსთაჲ. და არა ცხადად მოუჴდა, არამედ სახლსა შინა. და ყოველნი ჴორციელისა კურნებისათჳს მოვიდოდეს, ხოლო ესე ოდენ სულიერთა სენთა კურნებად მოვიდა, რამეთუ ჴორციელად არარაჲ ელმოდა. ამისთჳს უმეტესად საკჳრველ არს საქმე მისი. და არა მოუჴდა ვითარცა კაცსა ლიტონსა, არამედ ვითარცა უზეშთაეს ამაღლებულსა ბუნებათაგან. ამისთჳს ნელსაცხებელი დაასხა და ამბორს-უყოფდა ფერჴთა მისთა და სცხებდა ნელსაცხებელსა და ცრემლითა დაალტობდა და თმითა თავისა თჳსისაჲთა წარჰჴოცდა, და ყოვლითურთ საქმესა აჩუენებდა მჴურვალისა და შეუორგულებელისა სარწმუნოებისასა.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „იხილეს რაჲ მოწაფეთა, განრისხნეს და თქუეს: რაჲსათჳს იყო წარწყმედაჲ ნელსაცხებელისაჲ ამის? შესაძლებელ იყო განსყიდად ესე დიდძალის და მიცემად გლახაკთა. გულისჴმა-ყო იესუ და ჰრქუა მათ: რაჲსა შრომასა შეამთხუევთ დედაკაცსა მაგას? რამეთუ საქმე კეთილი ქმნა ჩემდა მომართ. რამეთუ გლახაკნი მარადის თქუენ თანა არიან, ხოლო მე არა მარადის თქუენ თანა ვარ. რამეთუ დამასხა მაგან ნელსაცხებელი ესე ჴორცთა ჩემთა, დასაფლავად ჩემდა ყო. ამენ გეტყჳ თქუენ: სადაცა იქადაგოს სახარებაჲ ესე ყოველსა სოფელსა, ითქუმოდის, რომელცა-ესე ყო მაგან, საჴსენებელად მაგისა“ (26,8-13).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ვინაჲ აქუნდა მათ ესევითარი ესე გულისსიტყუაჲ? ასმიოდა სიტყუაჲ იგი მოძღურისაჲ, ვითარ ეთქუა: „წყალობაჲ მნებავს და არა მსხუერპლი“.1 და სხუაჲ მრავალი ეთქუა მოწყალებისათჳს გლახაკთაჲსა. ამის ყოვლისაგან ჰგონებდეს, თუ აწცა უმეტესად სთნდეს ღმერთსა მიცემაჲ გლახაკთაჲ. გარნა განმკითხველი იგი გულთაჲ და მხედველი იგი დაფარულთაჲ ხედვიდა გონებასა მის დედაკაცისასა და არა გარემიაქცია შესაწირავი მისი, არამედ დიდითა სახიერებითა შეუნდო თავსაცა მისსა დასხმად ნელსაცხებლისა მის. რამეთუ მან სახიერმან ცხორებისათჳს კაცთაჲსა თავს-იდვა განკაცებაჲ და შობაჲ დედაკაცისაგან და სძითა გამოზრდაჲ და სხუაჲ ყოველივე ბუნებისა ჩუენისაჲ. ეგრეთვე ესეცა აწ თავს-იდვა ცხორებისა მისისათჳს. რამეთუ ძუელსაცა შინა შესაწირავთა მრგულიადდასაწუველთა შესწირვიდეს და ცმელსა აკუმევდეს და ზეთსა შესწირვიდეს. და ამას ყოველსა უძლურებისათჳს მათისა ღმერთი შეიწირვიდა, რაჲთა ჟამსა თჳსსა სრული იგი შესაწირავი ასწაოს. ეგრეთვე აქა უძლურებისაებრ დედაკაცისა მის სარწმუნოებაჲ იგი მისი შეიწირა და ნელსაცხებელი მიითუალა და მოწაფეთა აბრალებს, რომელ-იგი შრომასა შეამთხუევდეს მას, და დაფლვასა თჳსსა აჴსენებს: „დასაფლავადო ჩემდა ყო. ამენ გეტყჳ თქუენ: სადაცა იქადაგოს სახარებაჲ ესე ყოველსა სოფელსა, ითქუმოდის, რომელცა-ესე ყო მაგან, საჴსენებელად მაგისა“.

გულისჴმა-ყავთ აწ ძალი სიტყჳსაჲ მის, რამეთუ აჰა ესერა, სადაცა მიხჳდე კიდეთა ქუეყანისათა, გესმას სახარებაჲ ესე და საქმე, რომელი ქმნა დედაკაცმან მან. არცა მოქმედი იგი იყო სახელოან, არამედ დედაკაცი იყო მეძავი, უნდოჲ და შეურაცხი, არცა ერთა წინაშე მრავალთა იქმნა საქმე იგი, არამედ სახლსა ერთსა შინა კაცისა კეთროვნისასა, და ათორმეტნი ხოლო მოწაფენი ხედვიდეს. ვინაჲ უკუე ესრეთ განითქუა ყოველსა სოფელსა?

არა ცხადი არსა, ვითარმედ ძალმან მის სიტყჳსამან, რომელი უფალმან ბრძანა, განჰფინა ესე კიდეთა ქუეყანისათა? და ახოვნებანი მეფეთა მრა-

1 ოსე 6,6.

ვალთა და ძლიერთანი და საქმენი განსაკჳრველნი დადუმებულ არიან და დავიწყებულ, რომელთა-იგი ქალაქნი აღაშენნეს და გოდლები აღჰმართეს და მბრძოლნი დაიმორჩილნეს და ერნი მრავალნი დაიმონნეს. აწ არცა სახელი მათი ისმის, არცა საქმე მათი იჴსენების, რომელთა-იგი არადავიწყებისათჳს საქმეთა მათთაჲსა ძეგლები დიდფასები აღჰმართეს და საქმენი თჳსნი დაწერნეს. არამედ ყოველივე ცუდ და ამაო იქმნა, და ყოველივე დაივიწყა. ხოლო საქმე დედაკაცისა მეძვისაჲ, ვითარ-იგი მოიღო ნელსაცხებელი და სცხო ღმერთსა მიფარულად სახლსა შინა წინაშე ათორმეტთა კაცთა, ესე ყოველსა სოფელსა იქადაგა. და ჟამნი ესოდენნი წარჴდეს, და ჴსენებაჲ საქმისაჲ მის არა განქარდა, არამედ სპარსთა და ჰინდოთა და გუთთა და სავრომატთა და ეთიოპელთა და რომელნი ჭალაკთა მათ ვრეტანისათა მკჳდრ არიან და სხუათა ყოველთავე ტომთა ზეპირით იციან საქმე იგი, და ყოველნივე ურთიერთას მიუთხრობენ.

დიდ არს კაცთმოყუარებაჲ იგი მეუფისაჲ: დედაკაცისა ცოდვილისაჲ თავს-იდვა შეხებაჲ უხრწნელთა მათ და წმიდათა ფერჴთა მისთა, ამბორსუყოფდა რაჲ და სცხებდა ნელსაცხებელსა, და არა ხოლო თუ თავს-იდვა, არამედ მაბრალობელთაცა მისთა აბრალა და საქმე იგი საქებელ-ყო. ხოლო რაჲსათჳს არა ესრეთ ოდენ თქუა, ვითარმედ: „საქმე კეთილი ქმნა“, არამედ პირველად ჰრქუა: „რაჲსა შრომასა შეამთხუევთ დედაკაცსა მაგას?“ რაჲთა ასწაოს მოწაფეთა არაძიებად უძლურთაგან პირველითგანვე მაღალსა და სრულსა საზომსა. რამეთუ თავადისაცა დიდად სათნო იყო მოღუაწებაჲ გლახაკთაჲ.

ამისთჳსცა, რომელსა-იგი არა აქუნდა ადგილი, რაჲთამცა თავი მიიდრიკა, მოღუაწებისათჳს გლახაკთაჲსა გუადრუცისა ქონებაჲ განაწესა. გარნა აწ არა იყო ჟამი ესევითარისა მის საქმისაჲ, რაჲთამცა არა დააბრკოლა სარწმუნოებაჲ უძლურისა მის დედაკაცისაჲ. ამისთჳს იტყჳს: „რაჲსა შრომასა შეამთხუევთ დედაკაცსა მაგას?“ რაჲთა სცნა, ვითარმედ მისთჳს თქუა ესე, რაჲთა არა დააბრკოლონ მისი იგი სარწმუნოებაჲ. და რაჲთა ამით ჯერითა გუასწაოს, რაჲთა ვიხილოთ რაჲ ვისგანმე საქმე რაჲმე კეთილი, დაღაცათუ არა სრულ იყოს, შევიწიროთ იგი და ვაქოთ, რაჲთა მცირედ-მცირედ სრულსაცა მიიწიოს. და ნუ პირველითგანვე სრულებასა ვეძიებთ, რაჲთა არა მცირე იგი დავახრწიოთ. რამეთუ უფლისადაცა უკუეთუმცა ეკითხა პირველ მოსლვისა დედაკაცისა მის, თუ რომელი სთნავს, რაჲთა მოიღოს ნელსაცხებელი მრავლისა სასყიდლისაჲ და სცხოს მას, ანუ რაჲთა სასყიდელი იგი მისცეს გლახაკთა, უეჭუელად გლახაკთა მიცემასა უქებდა. გარნა ვინაჲთგან ქმნა საქმე იგი დედაკაცმან მან და ნელსაცხებელი იგი დაასხა და სარწმუნოებაჲ თჳსი აჩუენა, არღარა ჯერ-იყო მისი დაბრკოლებაჲ. ამისთჳს სახიერმან მან და ყოვლადბრძენმან აქო საქმე მისი და განაძლიერა სასოწარკუეთილი იგი გონებაჲ მისი.

ეგრეთვე შენცა, კაცო, უკუეთუ იხილო ვინმე, რომელმან შეჰმზადოს ჭურჭელი პატიოსანი საეკლესიოჲ ანუ სხუაჲ რაჲმე სამკაული ეკლესიისაჲ და შეწიროს, ნუ ეტყჳ, თუ: არა კეთილ არს საქმე ესე, არამედ წარვედ და განყიდე ეგე და მიეც გლახაკთა. ნუ იქმ ამას, რაჲთა არა დააბრკოლო სარწმუნოებაჲ მისი. ხოლო უკუეთუ პირველ ქმნისა გკითხოს, უბრძანე უფროჲსად მიცემაჲ გლახაკთაჲ; ვითარცა-ესე აწ უფალმან ქმნა და არადაბრკოლებისა მისისათჳს აქო დიდად საქმე მისი და ყოვლით კერძო ნუგეშინის-სცა მას: ერთად, რომელ ჰრქუა, ვითარმედ: „დასაფლავად ჩემდა ყო ესეო“; მეორედ, რომელ განაწესა, ვითარმედ: „ყოველსა სოფელსა იქადაგოსო სახარებაჲ ესე, და ითქუმოდის, რომელ-ესე ყო მაგან, საჴსენებელად მაგისა“.

ჵ სახიერებაჲ მეუფისაჲ! მეყსა შინა მრავალთა მათ ცოდვათა მისთა ჴელისწერილნი აჴოცნა და სახელოან ყოველსა სოფელსა ყო სინანული მისი; რამეთუ იხილა მას თანა სარწმუნოებაჲ მჴურვალე და გული შემუსრვილი და სინანული ჭეშმარიტი.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მაშინ წარვიდა ერთი იგი ათორმეტთაგანი, რომელსა სახელი ერქუა იუდა ისკარიოტელი, მღდელთმოძღუართა და ჰრქუა: რაჲ გნებავს მოცემად, და მე მიგცე იგი? ხოლო მათ მიუწონეს მას ოცდაათი ვეცხლი. და მიერითგან ეძიებდა ჟამსა მარჯუესა, რაჲთა იგი მისცეს მათ“ (26,14-16).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე იგი არს, ოდეს საკჳრველნი ესე საქმენი აღესრულებოდესო, ოდეს ესოდენ განეფინა წყალობაჲ მისი, ვიდრე დედანიცა მეძავნი მოიქცეოდეს, ოდეს სიმრავლე იგი ცოდვათაჲ აღიჴოცებოდა, ოდეს ესმა, ვითარმედ: „იქადაგოს სახარებაჲ ესე ყოველსა სოფელსა“,1 მაშინ საეშმაკოჲ იგი საქმე იწუართა უბადრუკმან მან და არა შეიკდიმა. რაჲსათჳს აჴსენა მახარებელმან ქალაქი მისი? რამეთუ იყო სხუაჲცა იუდა - იაკობისი.

„მაშინ წარვიდა ერთი იგი ათორმეტთაგანი“. არა ჰრიდა ამისაცა თქუმად, თუ: „ათორმეტთაგანი“, არცა სირცხჳლ-იჩინა. ესრეთ არცა ერთსა საყუედრელთა საქმეთაგანსა ჰფარვენ მახარებელნი, არამედ ყოველსავე ჭეშმარიტებით იტყჳან; რამეთუ ძალ-ედვა ესრეთ ლიტონად თქუმად, თუ: ერთი მოწაფეთაგანი, რამეთუ იყვნეს სხუანიცა.

ხოლო აწ განცხადებულად თქუა, „ათორმეტთაგანიო“. ესე იგი არს, რჩეულისა მისგან და პატივცემულისა კრებულისა, რომელი იყო პეტრეს თანა და იოვანესა, მან ქმნა განცემაჲ იგი; რამეთუ ყოველსავე ზედა ჭეშმარიტებისა თქუმად მოსწრაფე არიან და არა დაფარვად. ამისთჳს სასწაულთა მრავალთა თანაწარჰჴდებიან, ხოლო რომელ-იგი საყუედრელად და შეურაცხად ჩანან, არცა ერთსა საქმესა გინა სიტყუასა დაუტეობენ. და უფროჲსად ღმრთისმეტყუელი იოვანე იქმს ესრეთ და თითოეულად წარ-

1 მათ. 24,14.

მოიტყჳს შეურაცხებათა მათ და ძჳრისმეტყუელებათა, რომელ-იგი ეტყოდეს და იქმოდეს ჰურიანი.

ხოლო აწ იხილეთ, რაოდენ იყო უკეთურებაჲ იუდაჲსი! ვითარ თავით თჳსით მივიდა და ოცდაათის ვეცხლის დაეზავა მიცემად უფალი. ჵ უგულისჴმოებაჲ! ვითარ ესრეთ ერთბამად დააბრმო ვეცხლისმოყუარებამან.

რავდენგზის ეხილვა, ვითარ განვლის უფალმან შორის მათსა, და ვერ უძლიან შეპყრობად, რავდენნი სასწაულნი ეხილვნეს ღმრთეებისა მისისანი, რავდენნი ასმიოდეს სწავლანი საშინელნი, და ყოველივე იგი უგულებელს-ყო.

ხოლო უფალი ვიდრე აღსასრულადმდე სულგრძელ ექმნა და სერობასა ღირს-ყო და ფერჴთა ბანასა და დაუცხრომელად ასწავლიდა, გარნა არარაჲ ერგო მას. ხოლო უფალი არავე დასცხრა ჩუენებად სულგრძელებისა.

ეგრეთვე ჩუენცა ვიქმოდით, მორწმუნენო; სულგრძელებასა ვაჩუენებდეთ უდებთა და ცოდვილთა, ვასწავლიდეთ, შევრჩულვიდეთ, ნუგეშინისვსცემდეთ. დაღაცათუ არაჲ ერგებოდის, ჩუენ ნუმცა დავსცხრებით. რამე-თუ ქრისტემან იცოდა უნანელი იგი და მოუდრეკელი გული იუდაჲსი, არამედ არავე დასცხრა ყოფად, რაჲ-იგი მისგან ჯერ-იყო, ასწავლიდა, აბრალებდა, ამხილებდა, და არავე განცხადებულად, არამედ იგავით და რეცა მიფარულად, და ჟამსა მას მიცემისასა ამბორის-ყოფაჲცა მისი თავს-იდვა. ხოლო მან ამის ყოვლისაგან არა ინება სარგებელი, რამეთუ ესოდენ ბოროტ არს ვეცხლისმოყუარებაჲ, ვიდრეღა ესევითარსა უკეთურებისა უფსკრულსა შთაჰჴადა იგი.

სწავლაჲ პ ვეცხლისმოყუარებისათჳს

ისმინეთ ყოველთა ვეცხლისმოყუარეთა, რომელნი შეპყრობილ ხართ სენითა იუდაჲსითა. ისმინეთ და განეკრძალენით ბოროტისა ამის ვნებისაგან. უკუეთუ იგი ქრისტეს თანა იყო და ესოდენნი სწავლანი მის მიერ ასმიოდეს და მადლი სასწაულთმოქმედებისაჲ მიეღო, და ამას ყოველსა ზედა, ვინაჲთგან არა ეკრძალა ვნებისა მისგან, ესევითარსა მთხრებლსა შთავარდა, რაჲ-მე ვყოთ ჩუენ, უმეცართა ამათ, რომელნი მარადის ამის საწუთროჲსადა შემსჭუალულ ვართ? იგი უბადრუკი იქცეოდა მარადის ქრისტეს თანა, რომელსა არა აქუნდა ადგილი მიდრეკად თავისა, და ესმოდა მისგან მარადღე, ვითარმედ: „ნუ მოიგებთ ოქროსა, გინა ვეცხლსა, ნუცა ორსა სამოსელსა“,1 და არავე შეიგონა.

1 მათ. 10,9-10.

რამეთუ ბოროტ არს მჴეცი ესე და მძჳნვარე, და უკუეთუ ვინ განსცეს თავი თჳსი, მყის შთაჰჴდის მას ქუესკნელთა ქუეყანისათა. ხოლო უკუეთუ ვინებოთ წინააღდგომად მისა, ადვილად იძლიოს და იოტოს. რამე-თუ ბრძოლაჲ იგი არა ბუნებითი არს, არამედ უდებებისა და დაჴსნილობისაგან ჩუენისა იქმნების. ხოლო ვინაჲთგან ეუფლოს კაცსა, სრულიად გარეგან წესთა ბუნებისათა ჰყოფს. უმეცარ-ჰყოფს მეგობართა თჳსთა და ძმათა, ვითარ-იგი იუდას შეემთხჳა, უარ-ყო უფალი და მეუფე და მოძღუარი და განმცემელ იქმნა სახიერისა მის. თქუას ვინმე, თუ: რად ესევითარი იქმნა წოდებული იგი ქრისტეს მიერ მოწაფე-ყოფად მისა? ესე ნუ გიკჳრს, ძმაო, რამეთუ წოდებაჲ ქრისტესი არა იძულებით იქმნების, არცა აიძულებს გონებასა მათსა, რომელთა არა ენებოს სათნოებაჲ. ასწავებს ყოველთა და კეთილისა გზასა უჩუენებს და ყოვლით კერძო აწუევს კეთილისა მიმართ, ხოლო რომელთა არა ენებოს, იძულებით არა იმჭირავს.

ეგრეთვე იუდას ზედა ქმნა: მოუწოდა, ასწავა, კეთილი უყო, ყოველივე ღონე ქმნა. ვინაჲთგან მან ვეცხლისმოყუარებაჲ აღირჩია, არღარა ჯერიჩინა იძულებად მისა, რამეთუ თჳთმფლობელად დაუბადებიეს ბუნებაჲ ჩუენი და არა აგჳძულებს.

ამისთჳს რომელნიმე იყვნეს მტაცებელ, ანგაჰრ და მედგარ. ინებეს მოქცევად და იქმნეს ცხოვართა უმშჳდეს. სხუანი მეძავნი იყვნეს და მოიქცეს სიწმინდედ. სხუანი ანგაჰრნი იყვნეს და მერმე თჳსიცა მონაგები გლახაკთა განუყვეს.

ეგრეთვე კუალად წინააღმდგომიცა მრავალგზის იქმნის უდებებისაგან და დაჴსნილობისა.

ამისთჳს გიეზი მოწაფე იყო წინაჲსწარმეტყუელისა დიდისაჲ და ვეცხლისმოყუარებითა სამარადისოჲ კეთროვნებაჲ დაიმკჳდრა.1 იუდა ქრისტეს თანა იყო და განმცემელ მისა იქმნა და თანამზრახვალ ჰურიათა ამისვე სენისაგან.

ესე ყოველთა ვნებათა უძჳრეს არს, ამისგან იქმნებიან მპარავნი და ავაზაკნი და საფლავთა მჭკუერველნი, ამისგან შეიმზადებიან ბრძოლანი და კაცის-კლვანი, და რომელიცა ბოროტი მოიგონო, ამისი ნაშობი არს.

ამის ვნებისა მიერ ძლეული კაცი ყოველსავე საქმესა უჴმარ არს, გინა თუ მთავარი იყოს, გინა თუ ერისთავი.

ანგაჰრი და ვეცხლისმოყუარე ყოვლადვე უჴმარ არს და ყოველთა მიერ საძულელ. და რად ვიტყჳ მთავარსა და ერისთავსა? დაღაცათუ მეფჱ იყოს ანგაჰრი და ვეცხლისმოყუარე, ყოველთა უსაწყალობელეს არს და მავნებელ არს ყოვლისა სოფლისა, ყოველთაგან მოიტაცებნ, ყოველთაგან მოიხუეჭნ.

1 4 მეფ. 5,20-27.

ამისთჳს წერილ არს, ვითარმედ: „არარაჲ არს უძჳრეს ვეცხლისმოყუარებისა“;1 არა იცის განძღომაჲ, არავინ უვის მოყუარე, ყოველთა უუბადრუკეს არს. ვითარცა იგი, რომელი მძლე ექმნას ვნებასა მას, სანატრელ არს, დაღაცათუ მონაჲ იყოს, საწადელ არს ყოველთა მიერ, რამეთუ სათნოებაჲ მუშაკთა თჳსთა საწადელ და სანატრელ ჰყოფს ყოველთა მიერ.

აწ უკუე, კაცო, ნუ მწუხარე ხარ, უკუეთუ სიგლახაკესა შინა იყო, არამედ მოიგე სიმდიდრე სათნოებისაჲ და ნეტარ იყოს შენდა. რომელი სულითა გლახაკ იყოს, დაღაცათუ ყოველი სოფელი აქუნდეს, იგი მდიდრად არა შემირაცხიეს; ეგრეთვე რომელი სულიერად მდიდარ იყოს, დაღაცათუ პურიცა არა აქუნდეს, მას არა ვიტყჳ გლახაკად.

რამეთუ სული უმთავრეს არს და უპატიოსნეს ჴორცთასა, და ვერ ძალუც უდარესსა მას უაღრესისა თავისა თჳსისა წესსა შეცვალებად, რაჲთამცა თჳსითა სიგლახაკითა დააგლახაკა მისი იგი სიმდიდრე, ანუ თჳსითა სიმდიდრითა განამდიდრამცა მისი სიგლახაკე. არამედ უფროჲსად უაღრესი იგი უდარესსა მას მიიზიდავს თჳსისა მიმართ წესისა.

და ესე ცხად არს ჴორციელთაცა საქმეთა შინა, ვითარ უაღრესი უდარესსა თჳსისა მიმართ წესისა შესცვალებს. ამისთჳსცა, უკუეთუ გულსა რაჲმე ევნის, ყოველივე გუამი უძლურებასა შთავარდის, ხოლო უკუეთუ იგი მრთელ იყოს და მხიარულ, დაღაცათუ სხუასა ასოსა ელმინ რაჲმე, ადრე მოვიდის სიმრთელედ.

ეგრეთვე ხე, უკუეთუ ძირი დაჭნეს, რაჲ სარგებელ არს რტოთა სიორ-ძილე? და უკუეთუ ძირი უვნებელად იყოს, დაღაცათუ ფურცელი განჴმეს, არცა ერთი რაჲ სავნებელი შეემთხუევის.

ეგრევესახედ, უკუეთუ სული გლახაკ იყოს, სიმრავლე საფასეთაჲ არად სარგებელ არს, და კუალად, უკუეთუ სული მდიდარ იყოს სათნოებითა, სიგლახაკე ჴორციელი ვერარას ავნებს. ხოლო სიმდიდრე სულიერი უფროჲსად მაშინ იქმნების, ოდეს ჴორციელად სიგლახაკით და უპოვრებით ვცხონდებოდით.

და მაშინ ვართ ჭეშმარიტად მდიდარნი, ოდეს შეურაცხ-ვყოთ სიმდიდრე, და მაშინ ვართ გლახაკ, ოდეს გუსუროდის საფასეთათჳს. ხოლო ფრიად უადვილესად შეურაცხ-ვჰყოფთ საფასეთა, სიგლახაკესა შინა რაჲ ვიყვნეთ, ვიდრეღა სიმდიდრესა. რამეთუ ვითარცა მომთრვალე რაოდენ სუმიდეს, უმეტესად სწადინ ღჳნოჲ, ვიდრეღა რომელი არა სუამნ, ეგრეთვე საჴმართმოყუარე რაოდენ მოიგებდეს საფასეთა, უმეტესადღა სწადინ უფროჲსისა მოგებად.

რამეთუ არა აქუს გულისთქუმათა ესე წესი, რაჲთამცა უმეტესისა მოგებითა დაშრტეს, არამედ უფროჲსადღა აღეტყინებიან. ვითარცა-იგი ცეცხლმან რაოდენცა პოის ნივთი, ფრიად უმეტესად აღეტყინის, ეგრეთ-

1 შდრ. 1 ტიმ. 6,10.

ვე საჴმართა მოყუარებამან რაოდენცა უმეტესი პოოს ოქროჲ და ვეცხლი, უმეტესად განძჳნდების.

ამისთჳს ვიტყჳ, ვითარმედ: უფროჲსად იგი არს გლახაკ, რომელი უმეტესისა მოგებად სურვიელ იყოს. და გულისჴმა-ყვენით ორნი კაცნი: ერთი იგი იყავნ ანგაჰრ და აქუნდინ ბევრეული შანთი ოქროჲსაჲ, და მეორე იგი იყავნ უპოვარ და აქუნდინ ვითარ ათი ოდენ დრაჰკანი. წარწყმიდეს ორთავე მონაგები იგი, ერთმან ბევრი იგი შანთი და მეორემან ათი იგი დრაჰკანი. ვინმცა უმეტეს შეწუხნა? უეჭუელად უფალი ბევრისა მის შანთისაჲ. ამის-თჳს უმეტესად შეწუხნა, რამეთუ უმეტესად უყუარდა და გული ეტყოდა უმეტესისა მოგებად. ამისთჳსცა უგლახაკეს იყო მეორისა მის, რომელმან არარად შეჰრაცხა წარწყმედაჲ ათისა მის დრაჰკნისაჲ. რამეთუ მარადის გულისთქუმაჲ ნაკლულევანებისაგან იქმნების.

ესე ყოველი ამისთჳს ვთქუ, რაჲთა სცნათ, ვითარმედ უკუეთუ განვიფრთხოთ გონებითა და შევიყუაროთ სათნოებაჲ, ვერარამან გუავნოს ჩუენ.

გევედრები უკუე, ყოვლითავე ძალითა ვისწრაფოთ განრომად სენისა ამისგან ვეცხლისმოყუარებისა, რაჲთა აქაცა მდიდარ ვიყვნეთ გონებითა და საუკუნეთა მათ კეთილთა მივემთხჳნეთ მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისაჲ არს დიდებაჲ და სიმტკიცე თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნი-თი უკუნისამდე, ამენ.