მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ბ

წმინდა იოანე ოქროპირი

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „პირველითგან იყო სიტყუაჲ“ (1,1).

უკუეთუმცა იოვანეს ეგულებოდა ჩუენდა მომართ სიტყუად და თჳსთა თქუმულთა თხრობად, ჩუენდა კეთილ იყო, რაჲთამცა ნათესავიცა მისი და აღზრდილობაჲ და მამული ვთქუთ. ვინაჲთგან უკუე არა იგი, არამედ ღმერთი მისითა პირითა იტყჳს ბუნებასა კაცთასა, აწ არა საჴმარ არს თქუმად ამისთჳს, და უფროჲსად ესრეთცა არავე უჴმარ არს, არამედ ფრიადცა საჴმარ. რამეთუ რაჟამს სცნა, თუ ვინ იყო და ვინაჲ, ანუ ვი-თარი, და მერმე გესმეს ჴმაჲ მისი და იხილო ესევითარი იგი სიბრძნე, მა-შინ სცნა კეთილად, ვითარმედ არა მისნი არიან სიტყუანი ესე, არამედ საღმრთოჲსა მის ძალისა, რომელმან აღძრა სული მისი.

ვიხილოთ უკუე, ვინაჲ არს. რამეთუ არს იგი დაბისა ფრიად მცირისაჲ და ქუეყანისა უნდოჲსაჲ, რომელი არარას კეთილსა გამოიღებდა, რამეთუ გალილეასა შეასმენდეს მწიგნობარნი და იტყოდეს: „იხილეთ, რამეთუ გალილიაჲთ წინაჲსწარმეტყუელი არა აღდგომილ არს“.1 და იტყოდა ჭეშმარიტი იგიცა ისრაიტელი, ვითარმედ: „ნაზარეთით შესაძლებელ არსა კეთილისა რაჲსამე ყოფად?“2 და ამის ესევითარისა ქუეყანისაჲ იყო ნეტარი ესე, ხოლო მამისა გლახაკისა მეთევზურისაჲ, ტბასა შინა მცირესა იქცეოდეს და კერვიდეს ბადეთა, რომელ ესეცა სიგლახაკისა სასწაული არს; და ესრეთ მიუწოდა მას ქრისტემან ძმასა მისსა თანა. ხოლო სწავლისათჳს რადღა საჴმარ არს თქუმად? რამეთუ თჳთ ამას ჴელოვნებასა მეთევზურობისასა ფრიადი უსწავლელობაჲ შეუდგს, რამეთუ რომელი-იგი მარადის მეთევზურობასა შინა იყო, ოდესმცა ესწავა წერილისაჲ რაჲმე? და ესრეთ ამან მეთევზურმან, რომელი ტბათა შინა იქცეოდა და თევზთა თანა; ბეთსაიდაჲთ გალილეაჲსა მოსრულ იყო მამისა გლახაკისა ძჱ და გლახაკი ფრიად და უსწავლელი სრულიად, რომელსა არცა პირველ ესწავა წერილისაჲ, არცა უკუანაჲსკნელ ისწავა, ვინაჲთგან შეუდგა ქრისტესა.

ვიხილოთ, თუ რასა იტყჳს, ანუ რომელთა საქმეთათჳს? ნუუკუე უნდოსა რასმე იტყჳსა და მეთევზურობისათჳს და საქმეთა სოფლისათა, რამეთუ ესე არიან სიტყუანი მეთევზურთანი? გარნა ამან არცა ერთი თქუა ამათგანი, არცა გუესმა ესევითარი რაჲმე მისგან, არამედ გუესმნეს მის მიერ სიტყუანი ზეცისანი, რომელნი არავინ სადა ცნნა უწინარჱს მისა, რამეთუ ესევითართა სწავლათა მაღალთა მოსრულ არს აწ თქუმად ჩუენდა, ვითარცა ჭეშმარიტად საუნჯეთაგან სულისა წმიდისა-თა, ვითარმცა აწ ოდენ მოსრულ იყო ზეცით, და უფროჲსად ცათა შინა მყოფთაცა ყოველთავე არა უწყოდეს ესე, ვითარცა ზემო ვთქუთ.

1 იოან. 7,52. 2 იოან. 1,46.

აწ უკუე ესე არიან სიტყუანი მეთევზისანი? ანუ მრავლისმეტყუელთა მათ რიტორთა თქუეს სადა ესევითარი რაჲმე, ანუ ფილოსოფოსთა და სიბრძნისგამომეტყუელთა? ნუ იყოფინ! რამეთუ ესე საქმე არა კაცობრივისა ბუნებისაჲ არს: უხრწნელისა მისთჳს და ნეტარისა ბუნებისა ესრეთ სიბრძნისმეტყუელებაჲ და ძალთა მათთჳს და გარემო მისა მდგომარეთა, უკუდავებისათჳს და ცხორებისა საუკუნოჲსა, ბუნებისათჳს ჴორცთაჲსა მოკუდავთა და უკუანაჲსკნელ უკუდავ-ყოფადთა, სატანჯველისათჳს და საუკუნოჲსა სამშჯავროჲსა და საშჯელთა მათთჳს ყოფადთა, სიტყუათათჳს და საქმეთა და გულისზრახვათა; და თუ რაჲ არს კაცი, ანუ რაჲ არს სოფელი, ანუ თუ რაჲ არს ჭეშმარიტად კაცი, და რაჲ არს, რომელსა ეგონოს, ვითარმედ კაცი არს, და იგი არა იყოს, ანუ თუ რაჲ არს უკეთურებაჲ, და რაჲ არს სათნოებაჲ.

რამეთუ ამათგანი რომელიმე გამოიძიეს პლატონ და პითაღორა ფილოსოფოსთა, რამეთუ სხუათა მათ არცა ვაჴსენებ ფილოსოფოსთა, არამედ ვინაჲთგან თავნი ესე მათნი ესრეთ გამოჩნდეს, სხუათათჳს რაჲ სთქუა? რამეთუ იქმნნეს ესენი საცინელ და საკიცხელ, ვითარცა ყრმანი მცირენი, რომელთა ინებეს აღწერად სიტყუათა სწავლისათა და ყოველი საძაგელებაჲ მათ შინა დააწესეს, ხოლო სულისათჳს თქუეს, - გარნა ვი-თარ მიგითხრა მათი იგი ამაოებაჲ, რაოდენნი გმობანი წარმოთქუნეს? - რამეთუ მუმლად და ბუზუად და ძეძუად უწოდდეს სულსა კაცისასა ყოფად და ღმერთსა ჰგმობდეს. და არა ესე ოდენ არს მათი საცინელ, არამედ ესეცა, რომელ, ვითარცა ზღუასა შინა მღელვარენი, ვეროდეს დგანან ერთსა სიტყუასა ზედა, არამედ სხუად და სხუად იქცევიან ცთომილთა გონებათაგან. გარნა მეთევზური ესე არა ესრეთ არს, არამედ ყოველსავე მტკიცედ იტყჳს და, ვითარცა კლდესა ზედა დამყარებული, არასადაჲთ შეირყევის, რამეთუ უხილავთა მხილველ იქმნა და ყოველთა მეუფჱ აქუნდა თავსა შორის თჳსსა მეტყუელად. და ამისთჳს არაჲ კაცობრივი იყო მის თანა, არამედ ყოველივე საღმრთოჲ.

ხოლო იგინი, ვითარცა კაცი, რომელი არაოდეს წინაშე მეფისა მისრულ არნ, არამედ გარე სოფლებსა შინა იქცევინ, და ინების თქუმად საქმეთათჳს პალატისათა. ესრეთვე იგინი შესცთეს, ვინაჲთგან უხილავთათჳს ინებეს თქუმად, და ცთომასა მას შინა ურთიერთას წინააღუდგებიან, და არა ურთიერთას ოდენ, არამედ თავთა თჳსთაცა.

ხოლო ამან უსწავლელმან მადლითა მაღლისაჲთა თქუა ყოველი ჭეშმარიტებაჲ, რამეთუ დაღაცათუ ბევრეულგზის გუეცინოდიან წარმართნი უსწავლელობისათჳს, არავე მრცხუენის თქუმად, ვითარმედ უსწავლელი იყო, და რაოდენცა მისი უსწავლელობაჲ გამოჩნდეს, ეგოდენად ჩუენნი საქმენი განბრწყინდებიან. რაჟამს ბარბაროზი იგი და უსწავლელი ესევითართა სიტყუათა იტყოდის, რომელნი ვერვინ სადა კაცთაგანმან გულისხმა-ყვნა, და არა ოდენ იტყჳს, არამედ ყოველთავე დაარწმუნებს, რომელთა ესმოდიან სიტყუანი მისნი, რომელ-ესე სასწაული არს საღმრთოჲსა მადლისაჲ, ვის არა უკჳრდეს ძალი იგი მის თანა დამკჳდრებული? რამეთუ ამან ნეტარმან სახარებისა მიერ ყოველი სოფელი დაიპყრა, ხოლო ჴორცითა იყოფოდა ასიას შინა, რომელსა შინა პირველ იყო საწარმართოჲ იგი საფილოსოფოსოჲ, და მუნ მყოფმან ამან ნეტარმან შეაძრწუნნა ეშმაკნი და ბნელი მათი განაქარვა და თავნი მათთა ქალაქთანი დააქცინა და სულითა მივიდა სოფელსა მას, სადა ჯერ-არს მისი და მსგავსთა მისთა დამკჳდრებაჲ, რამეთუ წარმართთაჲ ყოველივე დაიჴსნა და წარჴდა, ხოლო ამისი ყოველი ბრწყინავს; რამეთუ ვინაჲთგან ესე და სხუანი იგი მეთევზურნი და მოციქულნი გამოჩნდეს, მიერითგან პლატონისი და პითაღორაჲსი ყოველივე წარჴდა, და არცა სახელი მათი იციან მრავალთა, რომელნი მძლავრნიცა იყვნეს და მდიდარნი იგი და გრძნებით მოქმედნი ყოვლისანივე, რომელთა არარაჲ კეთილი ასწავეს კაცთა, არამედ ყოველივე ბოროტი. ამისთჳს დაშრტა მათი საჴსენებელი და წარჴდა სრულიად სამართლად და ჯეროვნად, ხოლო ამისნი ბრწყინვენ და საცნაურ არიან მეგჳპტელთა შორის და ჰინდოთა და სპარსთა და ეთიოპელთა და ბარბაროზთა, და სხუათა მრავალთა ენათა უთარგმნნიან სიტყუანი მისნი თჳსსა ენასა, და უსწავლელისა მის მიერ ისწავეს კაცთა ბარბაროზთა უგუნურთა სიბრძნე ფრიადი.

ამისთჳსცა კეთილად სამე ვიტყოდე, ვითარმედ სახილველ მისა იქმნა ყოველი სოფელი, რამეთუ არა სიტყუათა შემკობისათჳს იყო სწრაფაჲ მისი, არამედ ამისთჳს, რაჲთამცა ოდენ ასწავა კაცთა სათნოებაჲ და სარწმუნოებაჲ მართალი და აღამაღლნამცა ქუეყანით ზეცად. ამისთჳსცა არა ბნელსა შინა დაფარა ძალი სიტყუათა თჳსთაჲ, ვითარცა მათ ქმნეს, - რამეთუ ბოროტ იყვნეს სიტყუანი მათნი, ამისთჳს ენება დამალვაჲ მათი სიძნელითა მით სიტყუათაჲთა, - არამედ ამისნი სწავლანი უფროჲს მზისა ბრწყინვენ. ამისთჳსცა „ყოველსა ქუეყანასა განჴდა ჴმაჲ მისი და კიდეთა სოფლისათა - სიტყუანი მისნი“,1 რამეთუ არა ქმნა ამან საეშმაკონი საქმენი მათნი, არამედ ესრეთ ადვილ-ყო სიტყუაჲ თჳსი, ვიდრეღა ყრმათაცა მცირეთა მიერ საცნაურ არიან, რამეთუ ჭეშმარიტ არიან და საჴმარ ყოველთათჳს, და საქმენი მოწამე არიან, და ყოველი სოფელი მოიზიდა მისა მიმართ და განგუათავისუფლნა ყოველთა ბოროტთაგან სიტყჳთა თჳსითა. ამისთჳსცა უადვილჱსად გუაქუს სიკუდილი, ვიდრეღა სწავლათა მისთაგან განშორებაჲ. და ამის ყოვლისა მიერ საცნაურ არს, ვითარმედ არარაჲ არს მის თანა კაცობრივი, არამედ ყოველივე ღმრთისამიერი, მისისა მის წმიდისა სულისა მიერ ჩუენდა მოსრუ-

1 შდრ. ფსალმ. 18,5.

ლი, არამედ არა არს აქა ამაოჲ სიტყუათა სიმრავლჱ და შეწყობილებაჲ უსარგებლოჲ, არამედ ძალი უძლეველი სარწმუნოებისა მართლისაჲ და საუნჯჱ ურიცხუთა კეთილთაჲ.

ხოლო ამაოთა მათ ფილოსოფოსთა თქუმულნი ვითარცა სამარენი არიან, გარეთ შემკულნი და შინაგან სიმყრალითა სავსენი.1 უკუეთუ სიტყუათა შეწყობილებაჲ აღიღო, იხილო მუნ ფრიადი სიმყრალჱ საქმეთაჲ და საძაგელებაჲ ურიცხჳ; და უფროჲსად, რაჟამს სულისათჳს იტყოდიან და უზომოდ პატივ-სცემენ მას, და მერმე მოიქცევიან და ჰგმობენ მას. რამეთუ ესრეთ არს ეშმაკისა საბრჴჱ, რომელ არასადა უტეობს საზომსა ზედა დადგომად, არამედ ანუ უზეშთაეს ზომისა აღამაღლებს, ანუ უზეშთაეს ზომისა დაამდაბლებს მორჩილთა მისთა. არამედ ჩუენ დაუტევნეთ მათთა საქმეთა ბილწებანი, რამეთუ ესეცა, რომელ ვთქუთ, მათთჳს უჴმარვე იყო, გარნა რაჲთა სცნათ მათი იგი ბილწებაჲ. არამედ აწ ჩუენთა ამათ სიტყუათა ვიწყოთ თქუმად, რომელნი ზეცით მოივლინნეს ჩუენდა, და არარაჲ არს მათ შორის კაცობრივი.

ხოლო აწ მოვედით და სიტყუანი იგი შორის შემოვიხუნეთ, რომლისათჳს პირველცა გევედრე და აწცა გევედრები, რაჲთა კეთილად ისმინოთ, რაჲ არს უკუე დაწყებაჲ სიტყუათა ამათ მახარებელისათაჲ:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „პირველითგან იყო სიტყუაჲ, და სიტყუაჲ იგი იყო ღმრთისა თანა, და ღმერთი იყო სიტყუაჲ იგი“ (1,1).

თ ა რ გ მ ა ნ ი: იხილეა კადნიერებაჲ ესე და ჴელმწიფებაჲ დიდი? ვი-თარ არცა იჭუეულად, არცა ორგულებით, არამედ განჩინებით ქადაგა ჭეშმარიტებაჲ? რამეთუ ესე არს საქმე მოძღურისა კეთილისაჲ, რაჲთა არა უძლურებით იყოს სიტყუასა ზედა თჳსსა და იჭუეულად.

უკუეთუ კულა, რომელი-იგი სხუათა ასწავებდეს, და მას სხჳსა მიერ უჴმდეს განმტკიცებაჲ, იგი არა მოძღუარი არს, არამედ მოწაფჱ. უკუეთუ კულა იტყოდის ვინმე: რაჲსათჳს პირველი იგი მიზეზი დაუტევაო და მეყსეულად მეორისა მიზეზისათჳს იწყო სიტყუად? ხოლო ჩუენ პირველისა და მეორისა თქუმაჲ დაუტეოთ, რამეთუ არა ჩუენი არს ესე საქმჱ, რამეთუ ღმერთი რიცხჳსა უზეშთაეს არს და ჟამთა ბუნებისა. ამისთჳს ესეცა დაუტეოთ, და ჩუენ აღვიარებთ მამასა უშობელსა და ძესა მამისაგან შობილსა.

ხოლო უკუეთუ გუეტყოდის მეტყუელი იგი, ვითარმედ: ჰე, ესრეთ არს, გარნა რაჲსათჳს მამაჲ დაუტევა და ძისათჳს იტყჳს? ვიტყჳთ, ვი-თარმედ: ამისთჳს, რამეთუ მამაჲ ყოველთა მიერ საცნაურ იყო, დაღაცათუ არა ვითარცა მამაჲ, არამედ ვითარცა ღმერთი, ხოლო მხოლოდ-შობილი ძჱ ჯერეთ უმეცარ იყო სოფელსა შინა, და ამისთჳს სამართლად

1 შდრ. მათ. 23,27.

იწყო დასაბამსავე სიტყჳსასა, რაჲთამცა მეცნიერებაჲ ძისაჲ ასწავა უსწავლელთა მათ.

და კუალად ესეცა გულისხმა-ყავ, რამეთუ მამაჲცა არავე დაიდუმა სიტყუათა ამათ შინა, და იხილე შეწყობილებაჲ ესე სულიერი, რამეთუ იხილნა კაცნი, ვითარმედ უწინარეს ყოვლისა ღმერთსა პატივ-სცემდეს და უპირატჱს ყოველთა აქუნდა იგი. ამისთჳს ესრეთ ყო დასაბამი სიტყჳსა თჳსისაჲ და წინარე ღმრთად იტყჳს მას, ამისთჳს „სიტყუად“ უწესს მას, რამეთუ ვინაჲთგან ეგულებოდა სწავლად ჩუენდა, ვითარმედ ესე „სიტყუაჲ“ მხოლოდშობილი არს ძჱ ღმრთისაჲ, რაჲთა არავინ ვნებული შობაჲ გულისხმა-ყოს, ამისთჳს წინაჲთვე სახელითა ამით სიტყჳსაჲთა დაჰჴსნა ბოროტი იგი იჭჳ, რამეთუ მოასწავა მამისაგან შობაჲ ძისაჲ და უვნებელობაჲცა.

ჰხედავა, რამეთუ, ვითარცა ვთქუ, არცა მამაჲ დაიდუმა ძისათჳს თქუმულთა ამათ სიტყუათა შინა? უკუეთუ კულა არცა კმა არიან ესე სახენი ყოვლისავე გამოცხადებულად თქუმად, ნუვე გიკჳრს, რამეთუ ღმრთისათჳს არს სიტყუაჲ ჩუენი, რომლისათჳს არცა თქუმად, ვერცა გულისხმის-ყოფად ვინ შემძლებელ არს ჯერისაებრ. ამისთჳს ესეცა ესრეთ არსებისა სახელსა არასადა აჴსენებს, რამეთუ არცა შესაძლებელ არს თქუმად, თუ რაჲ არს არსებაჲ ღმრთისაჲ, არამედ ყოველსა ადგილსა საქმეთა მიერ მისთა გჳჩუენებს მას, რამეთუ რომელი-ესე აქა „სიტყუად“ თქუა, შემდგომად მცირედისა იხილო, ვითარ იტყოდის „ნათლად“, და „ნათელსა“ მას კუალად უწოდის „ცხორება“. ხოლო არა ესრეთ ამის მიზეზისათჳს ოდენ სახელ-სდვა ესრეთ, არამედ ამისთჳსცა, რამეთუ ვინაჲთგან ეგულებოდა მამისათჳს სიტყუად ჩუენდა მომართ, ვითარცა იტყჳს, ვითარმედ: „ყოველი, რაოდენი მესმა მამისაგან, გი-თხარ თქუენ“.1

ხოლო უწესს მას „ნათლად“ და „ცხორებად“, რომელმან-იგი გულისხმის-ყოფისა ნათელი მოგუანიჭა ჩუენ და მისმიერი ცხორებაჲ. და ყოვლით არა კმა არს ერთი სახელი, რაჲთამცა გუასწავა ღმრთისათჳს, არცა ორი და სამი, არამედ კეთილ არს, უკუეთუ მრავალთა მიერ სახელ-თა ვისწაოთ მცირედი რაჲმე მისთჳს.

„სიტყუად“ უკუე უწოდა მას, რაჲთა უვნებელი იგი შობაჲ მოასწაოს. ჰხედავა, რამეთუ არა ამაოდ ვიტყოდე, ვითარმედ ზეცით გუეტყჳს ჩუენ ესე მახარებელი? ჰხედავა, დაწყებასავე სადა აღიყვანა სული და გონებაჲ მსმენელთაჲ? რამეთუ უზეშთაჱს ყოველთა ხილულთასა აღიყვანა იგი და უპირატჱს მოაქცია ქუეყანისა და ზღჳსა და ცისა, უზეშთაჱს აღიყვანა ანგელოზთასა, უზეშთაჱს ქერობინთა და სერაბინთასა, უზეშთაჱს

1 იოან. 15,15.

საყდართა და მთავრობათა და ჴელმწიფებათასა და უზეშთაჱს ყო ყოვლისა დაბადებულისა.

ხოლო რაჟამს ესევითარსა სიმაღლესა აღიყვანა, ნუუკუე შემძლებელ იქმნა მუნ დასრულებად ამაღლებასა მას? ნუ იყოფინ! არამედ ვითარცა ვინმე აღიღის კაცი მდგომარჱ კიდესა ზღჳსასა, რომელი ჰხედავნ ქალაქთა და ჭალაკთა და ნავთსაყუდელთა, და შეიყვანის გულსა ზღჳსასა ჩუენებად უზეშთაესთა საქმეთა, და სიმყრალისა მისგან განიყვანის და აღამაღლის ფრიად, ხოლო დასასრული ზღჳსა მის ხილვათაჲ ვერ პოვის, არამედ შთავარდის გონებაჲ კაცისაჲ მის დაუსრულებელთა ხილვათა შინა, ეგრეთვე ყო მახარებელმან ამან, რამეთუ უზეშთაჱს ყოველთა დაბადებულთასა აღგუამაღლნა, და საუკუნეთა მათ მიმართ უზეშთაჱს-თასა მიგჳყვანნა, და დაუტევა სახედველი ჩუენი აღპყრობილად, და არარაჲ მოგუცა დასასრული სიმაღლისა მის, რამეთუ არცა არს დასასრული. რამეთუ აღვალს გონებაჲ პირველითგანისა მის მიმართ და მერმე ეძიებს, თუ რომელი პირველი არს, და მერმე ჰპოებს სიტყუასა მას, ვითარმედ „იყო“, და ესე სადაცა წარვიდეს, გონებაჲ წინაუსწრობს მას, და ვერსადა დადგების გულისსიტყუაჲ, არამედ ჰხედავს აღპყრობილად და ვერსადა ჰპოებს დადგომასა, მერმე დაშურების და აქავე მოიქცევის, რამეთუ სიტყუაჲ ესე, ვითარმედ: „პირველითგან იყო“, სხუაჲ არარაჲ არს, არამედ სამარადისოჲსა მის ყოფისა მომასწავებელი არს.

იხილეა სიბრძნისმეტყუელებაჲ ჭეშმარიტი და სიტყუანი საღმრთონი? რამეთუ გჳჩუენებს ჩუენ ჭეშმარიტსა მას ღმერთსა, რომლისა უპირატჱს არავინ არს, რამეთუ იგი არს მეუფჱ და შემოქმედი ყოველთაჲ, და ყოველნი შემდგომად მისა არიან, და იგი მხოლოჲ არს პირველ ყოველთა საუკუნეთა.

სწავლაჲ ა* კრძალულებისათჳს ეკლესიასა შინა

მენება სხუათა მრავალთა სიტყუათა თქუმად, გარნა ნუუკუე დამა-შურალ იყოს გონებაჲ თქუენი. ამისთჳს უკუე მნებავს, რაჲთა მცირედ რაჲმე გასწაო სარგებელი თქუენი და ესრეთ დავიდუმო, რამეთუ ვიცნი მრავალნი ესრეთ სულმოკლექმნილნი სიმრავლისათჳს სიტყუათა ამათ საღმრთოთაჲსა, არამედ ესე იქმნების, რაჟამს სული დამძიმებულ იყოს

* ასეა ტექსტის გამოსაცემად გამოყენებულ ხელნაწერებში: თავი ა „სწავლაჲს“ გარეშეა წარმოდგენილი, თავ ბ-ს მოსდევს სწავლაჲ ა, თავ გ-ს - სწავლაჲ გ და ა.შ., ასე რომ, უკვე გ თავიდან მოყოლებული, ყოველი სწავლის სათვალავი ემთხვევა მისი შესაბამისი თავის სათვალავს.

მრავალთა ტჳრთთაგან სოფლისათა. ვითარცა თუალი რაჟამს წმიდა იყოს, კეთილად ჰხედავს და არა მოუძლურდების ადრე განცდად წულილ - თა ნივთთა, უკუეთუ კულა სენი რაჲმე თავისაგან მოიწიოს მათ ზედა და სისხლისსახე სიბნელე მოეფინოს გუგასა ზედა, ზრქელთაცა გუამ-თა ვერ ძალ-უც ადვილად ხედვად. ეგრეთვე არს სული: რაჟამს წმიდა იყოს და უვნებელ, კეთილად ჰხედავს, ვინაჲცა ენებოს, ხოლო რაჟამს მრავალთა ვნებათაგან შეიმრღჳოს და წარწყმიდოს სათნოებაჲ თჳსი, მერმე ვერცა ერთისა მაღლისა საქმისა მიმართ ძალ-უც ხედვად, არამედ ადრე დაშურების და დაეცემის და დაუტეობს სათნოებასა და არღარა ჴელ-ჰყოფს მისდა სურვილით.

ხოლო თქუენ ნუმცა ესრეთ ხართ, არამედ განიფრთხვენით გონებანი თქუენნი, რაჲთა არა ესრეთ გესმეს, ვითარცა ურწმუნოთა ჰურიათა პავლეს მიერ, რამეთუ მათდა მიმართ თქუა, ვითარმედ: „მრავალ არს სიტყუაჲ და ძნიად სათარგმანებელ“.1 არა თუ იგი სიტყუაჲ ესრეთ იყო, არამედ იგინი დაჴსნილ იყვნეს სმენად, რამეთუ უდებსა და დაჴსნილსა ადრე მოეწყინების და მცირედი დიდად უჩნს და ადვილი - ძნელად. გარნა ნუმცა ვინ არს აქა ესევითარი, არამედ ყოველივე ზრუნვაჲ განაგდეთ სოფლისაჲ და ესრეთ განკრძალულად ისმენდით ამათ სიტყუათა.

რამეთუ რაჟამს გულისთქუმაჲ ვნებათაჲ იყოს კაცისა თანა, ვერღარა ძალ-უც გულისთქუმისა საღმრთოჲსა სიტყუათაჲსა პოვნად, რამეთუ არცა კმა არს ერთი სული მრავალთა გულისთქუმათა მოგებად, არამედ ერთი მეორესა ავნებს და განჰლევს მას. რამეთუ რაჟამს ძჱ ერთი უვინ კაცსა, ყოველი სიყუარული მისი მისა მიმართ არნ; უკუეთუ კუალად სხუაჲცა ესჳს, მოუძლურდის ერთისა მის მიმართ სიყუარული და განიყვის მეორისა მის მიმართ. ხოლო უკუეთუ სადაღა ესე ბუნებითი მძლავრებაჲ არს და საყუარელნი იგი თჳსნი არიან ორნივე, და ესრეთ არს აქა, რაჲღა ვთქუათ გულისთქუმათათჳს ნებსითთა, და უფროჲსად, რაჟამს გულისთქუმანი იგი ურთიერთას წინააღმდგომ იყვნენ, ვითარ-ესე სულიერი გულისთქუმაჲ და ვნებაჲ ურთიერთას წინააღმდგომ არიან?

არა უწყითა, ძმანო, რაჟამს აქა შემოვიდოდით, ცად შევალთ? არა ადგილითა ვიტყჳ, არამედ ძალითა და გონებითა, რამეთუ შესაძლებელ არს ქუეყანასა ყოფითა ცათა შინა ყოფაჲ და მათ სიკეთეთა განცდაჲ. აწ უკუე ცათა შინა ქუეყანისასა ნუვინ შემოიღებს, ნუმცა ვინ აქა მდგომარეთაგანი სოფლისასა ზრუნავს და სახლსა თჳსსა, რამეთუ მუნ რაჟამს მიხჳდეთ, თანაგაც, რაჲთა აქაჲთ მიღებულსა სარგებელსა იტყოდით და არა რაჲთა მუნ ქმნილთა საქმეთა აქა იჴსენებდეთ. რამეთუ ამისთჳს შემოვალთ წმიდასა ამას ადგილსა, რაჲთა განვიბანნეთ ბიწნი ცოდ-

1 ებრ. 5,11.

ვათანი. უკუეთუ კულა აქა შინა მასვე ბილწებასა შინა ვართ, უმჯობეს არს ყოლადვე არა შემოსლვაჲ აქა. ნუმცა ვინ უკუე ეკლესიასა შინა სოფლისასა ზრუნავს, არამედ უფროჲსად სოფელსა შინა ეკლესიისასა იჴსენებდით. უფროჲს ყოვლისა ესე იყავნ პატიოსან, რამეთუ ესე სულისაჲ არს, ხოლო იგი - ჴორცთაჲ, და უფროჲსად აქა თქუმულნი სიტყუანი საღმრთონი სულსაცა და ჴორცთაცა სარგებელ არიან.

ამისთჳს ჯერ-არს, რაჲთა ესე იყოს საქმედ ჩუენდა შინაგანადცა, ხოლო სხუაჲ იგი ყოველი - გარეწარად, რამეთუ ესე ამასცა ცხორებასა სარგებელ არს და მერმესაცა, ხოლო ვნებანი აქაცა მავნებელ არიან და მუნცა; რამეთუ სახლი ესე სამკურნალოჲ არს, რომელი არა თუ საუკუნესა ოდენ გუასწავებს, არამედ საწუთროჲსასაცა, თუ ვითარ ვიყოფოდით, და რაჲცა გარე წყლულებაჲ მოგუეახლოს, აქა განვიკურნებდეთ. უკუე-თუ კულა სულისა წმიდისა სიტყუათა არა ვისმენდეთ, არა თუ ოდენ ვერ განვიკურნნეთ წყლულებათა ჩუენთაგან, და სხუაჲცა მოვიღოთ. არამედ ვისმენდეთ სიტყუასა წიგნთასა მოსწრაფებით, რომელი მადლითა ღმრთისაჲთა ყოველსავე გამოგჳცხადებს, და ძალ-გჳც, უკუეთუ გუენებოს, მცირედითა შრომითა ცნობად ძალსა მათსა, რაჲთა სხუათაცა ვასწავლიდეთ, რამეთუ დიდ არს მოციქული ესე, რომლისა სიტყუათა აღმოვიკითხავთ, და მაღალთა და დიდთა საქმეთა მეტყუელი უფროჲს სხუათასა.

ნუმცა უკუე გარეწარად ვისმენთ, რამეთუ ამისთჳს მცირედ-მცირედ გითხრობ თქუენ, რაჲთა შეუძლოთ ადვილად სწავლად ყოველსავე და არა დაგავიწყდებოდის. გუეშინოდენ უკუე, ნუმცა ვიქმნებით თანამდებ ჴმისა მის, რომელი იტყჳს: „უკუეთუმცა არა მოვედ და ვეტყოდე მათ, ცოდვაჲმცა არა აქუნდა“.1 რამეთუ რაჲ არს სარგებელი სმენისაჲ, უკუეთუ წარხჳდეთ, და ვითარმცა არა გასმიოდა, ესრეთ არარაჲ იცოდით?

მოგუეცით უკუე ქუეყანაჲ კეთილი სათესავად, რაჲთა ჩუენ გულსმოდგინე ვიქმნნეთ თესვად, და რომელსა ეკალნი ჰქონან, აღატყინენ მათ შორის ცეცხლი იგი სულისაჲ, რომლისა გული ფიცხელ და წინააღმდგომ იყოს, განასუქენ იგი და ლბილ-ყავ მითვე ცეცხლითა. რომელი გზასა ზედა არს და ყოველთა მიერ ვნებათა დაითრგუნვის, უშინაგანესსა ადგილსა შევედინ და ნუ არს ყოველთა მიერ წარსატაცებელ, რაჲ-თა ყანანი თქუენნი შუებულ იყვნენ. და უკუეთუ ესრეთ ვისწრაფდეთ, დაღაცათუ მეყსა შინა არა, არამედ მცირედ-მცირედ ყოველთა ვნებათაგან განვთავისუფლდეთ.

ვეკრძალნეთ უკუე, რაჲთა არა ჩუენთჳსცა ითქუას, ვითარმედ: „ასპიტისა ყრუჲსანი არიან ყურნი მათნი“.2 და ვითარ არა უარჱს არს

1 იოან. 15,22. 2 შდრ. ფსალმ. 57,5.

მჴეცთა და პირუტყუთასა, რომელი სიტყუათა ღმრთისათა არა ისმენდეს? და უკუეთუ კაცი იგი არს, რომელი სათნო-ეყოფოდის ღმერთსა, რომელი ყოლადვე სათნო-ყოფისა მისისა სიტყუათა არა ისმენდეს, იგი რაჲთა განყოფილ არს მჴეცთაგან?

იხილე უკუე, ვითარ ბოროტ არს, რომელ ქრისტეს ჰნებავს, რაჲ-თამცა კაცთაგან ანგელოზად შეგუცვალნა, და ჩუენ კაცთაგან მჴეცად შევიცვალენით, რამეთუ მუცლისა მონებაჲ და ვეცხლისმოყუარებისა მიერ უფლებაჲ და მრისხანებაჲ და სიძულილი - ესე ყოველი არა კაცისაჲ არს, არამედ მჴეცისაჲ, და უარესიცა არს მჴეცთაჲ, რამეთუ მათ აქუს თითოეულსა სხუაჲ და სხუაჲ ვნებაჲ, და იგიცა ბუნებით.

ხოლო რაჟამს გონებაჲ თჳსი წარიწყმიდოს და მოქალაქობისაგან საღმრთოჲსა განვარდეს, არღარა ერთსა, არამედ ყოველთა ვნებათა ერევის და არა ერთსა მჴეცსა მიემსგავსების, არამედ ყოველთა უბოროტჱს იქმნების; და არღარა აქუს წყალობაჲ, რამეთუ ნებსით შევიდა ბოროტსა. გარნა ამასმცა ერთსა ზედა ნურაჲ სმენილ არს ესევითარი, რამეთუ გურწამს თქუენთჳს უმჯობჱსი და ამისთჳს უმეტჱსად განგაკრძალებთ, რაჲთა ყოველნი მივიწინეთ თავსა სათნოებათასა და მივემ-თხჳნეთ კეთილთა მათ საუკუნეთა, რომელთა ღირსმცა ვართ ყოველნი მიმთხუევად მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსითა, რომლისა მიერ და რომლისა თანა მამასა შუენის დიდებაჲ სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.