მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჱ

წმინდა იოანე ოქროპირი

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „იყო ნათელი ჭეშმარიტი, რომელი განანათლებს ყოველსა კაცსა, მომავალსა სოფლად“ (1,9).

თ ა რ გ მ ა ნ ი: არარაჲ არს დამაყენებელ, რაჲთა დღესცა მათვე სიტყუათა ჴელ-ვყოთ გამოძიებად, ვინაჲთგან პირველ ვერ უძლეთ ყოველთა მათ სიტყუათა ზედამიწევნად. სადა არიან უკუე, რომელნი იტყჳან მისთჳს, ვითარმედ არა ჭეშმარიტი ღმერთი არს? რამეთუ აქა წოდებულ არს „ნათლად ჭეშმარიტად“, ხოლო სხუასა ადგილსა თჳთ „ჭეშმარიტებაცა“ ეწოდების მას და თჳთ „ცხორება“;1 გარნა იგი სიტყუაჲ, რაჟამს თჳსსა ადგილსა მივიწინეთ, მაშინ გამოვიძიოთ, ხოლო აწ ესე კე-თილ არს თქუმად თქუენისა სიყუარულისა მიმართ, ვითარმედ: უკუეთუ განანათლებს იგი ყოველსა კაცსა, მომავალსა სოფლად, ვითარ ესეოდენი დაშთეს განუნათლებელად? რამეთუ არა ყოველთა უცნობიეს ქრისტეს სარწმუნოებაჲ, ვითარ უკუე განანათლებს ყოველსა კაცსა? გარნა გულისხმა-ყავთ, ვითარმედ იგი განანათლებს ყოველსა, რაოდენი-იგი მის მიერ იქმნების, ყოვლითურთ ისწრაფის განათლებად და ყოველნი განანათლნა. უკუეთუ ვიეთმე ნებსით გონებისა მათისა თუალნი დაიყვნენ და არა ინებონ ბრწყინვალებასა მის ნათლისასა შეწყნარებად, არა თუ ნათლისა მისგან არს მათი დაბნელებაჲ, არამედ მათისა მის უკეთურებისაგან, რომელთა-იგი ნებსით დაკლებულ-ყვნეს თავნი თჳსნი ნიჭისა მისგან, რამეთუ მადლი იგი ყოველთა ზედა მოეფინა და არცა ჰურიასა მიაქცევს გარე, არცა წარმართსა, არცა ბარბაროზსა, არცა აზნაურსა, არცა მონასა, არცა მამაკაცსა, არცა დედაკაცსა, არცა ჭაბუკსა, არცა ბერსა, არამედ ყოველთა სწორად შეიწყნარებს და ერთითა პატივითა უწოდს.

ხოლო რომელთა არა ენებოს ესევითარისა მის ნიჭისა მიღებად, იგინი თავთა თჳსთა აბრალებდენ, რამეთუ ნებსით მოატყუეს თავთა თჳსთა ესევითარი იგი სიბრმჱ. რაჟამს გზაჲ იგი ყოველთათჳს განმზადებულ იყოს, და არავინ იყოს დამაყენებელ მუნ შესლვად, და ნებსით ვიეთნიმე დაშთენ გარე, ესევითარნი იგი სხჳსა არარაჲსაგან, არამედ თჳსისა უკე-თურებისაგან წარწყმდეს.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „სოფელსა შინა იყო“ (1,10).

თ ა რ გ მ ა ნ ი: „სოფელსა შინა იყო“, არამედ არა თუ ვითარცა ჟამითა სოფლისა სწორი, - ნუ იყოფინ! - რამეთუ ამისთჳს შესძინა და თქუა: „და სოფელი მის მიერ იქმნა“ (1,10), რაჲთა ამით სიტყჳთა მოგიყვანოს შენ გულისხმის-ყოფად დაუსაბამოებასა მას მხოლოდშობილისასა. და რაჟამს გესმეს, ვითარმედ ყოველივე ესე მისი დაბადებული არს,

1 შდრ. იოან. 14,6; 1 იოან. 5,20.

დაღაცათუ უგულისხმო იყო და მბრძოლ დიდებისა ღმრთისა, უნებლიაჲთ აღიარო, ვითარმედ დამბადებელი უწინარეს ყოველთა დაბადებულთაჲსა არს. ამისთჳსცა მარადის მიკჳრს მე პავლჱს სამოსატელისა სიცოფჱ, თუ ვითარ ესევითარისა მის ცხადისა ჭეშმარიტებისა წინააღდგომაჲ იკადრა და ნებსით თჳსით წარწყმიდა თავი თჳსი ეშმაკთა თანა. რამეთუ არა თუ უმეცარ იყო ჭეშმარიტებასა, - ნუ იყოფინ! - არამედ ფრიადცა იცოდა ჭეშმარიტებაჲ, და ნებსით შეიყუარა უშჯულოებაჲ. და შეემთხჳა მასცა, ვითარცა ჰურიათა: რამეთუ მათ კეთილად იცოდეს, ვითარმედ იგი არს მხოლოდშობილი ძჱ ღმრთისაჲ, არამედ კაცთა სათნოებისათჳს და მთავართაჲსა არა აღიარებდეს. ეგრეთვე ამან უბადრუკმან იცოდა ყოველი, არამედ სათნოებითა დედაკაცისა ერთისაჲთა მისცა თავი თჳსი ეშმაკსა, რამეთუ ბოროტ არს ცუდადმზუაობრობისა მძლავრებაჲ და ბრძენთაცა კაცთა თუალთა დაუყოფს, უკუეთუ არა ფრთხილად იყვნენ, რამეთუ უკუეთუ ქრთამისა აღებაჲ დააბრმობს კაცსა,1 ცუდადმზუაობრობამანცა არამცა დააბრმოა, რომელი-იგი უძჳრჱს არს მისა ფრიად? ამისთჳს ჰურიათაცა ეტყოდა უფალი, ვითარმედ: „ვითარ შეუძლოთ რწმუნებად, რომელნი დიდებასა კაცთაგან მიიღებთ და დიდებასა მხოლოჲსა ღმრთისასა არა ეძიებთ?“2

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და სოფელმან იგი ვერ იცნა“ (1,10).

თ ა რ გ მ ა ნ ი: „სოფლად“ ამას ადგილსა ერსა მას უსწავლელსა და უგუნურსა იტყჳს, განხრწნილსა მას და ქუეყანისა საქმეთა შექცეულსა. ხოლო მეგობართა მათ ღმრთისათა და საკჳრველთა კაცთა ყოველთა იცნეს იგი უწინარეს ჴორცთშესხმისაცა მისისა. და მამათმთავრისათჳს თავადი ქრისტე იტყჳს: „აბრაჰამს, მამასა თქუენსა, უხაროდა, რაჲთა იხილოს დღე ჩემი, და იხილა და განიხარა“.3 და დავითისთჳს კუალად ჰურიათა ამხილებდა და იტყოდა, ვითარმედ: „დავით სულითა უფლად სახელ-სდებს მას და იტყჳს: ჰრქუა უფალმან უფალსა ჩემსა: დაჯედ მარჯუენით ჩემსა“.4 და კუალად მრავალსა ადგილსა მოსეს აჴსენებს მათა მიმართ, და კუალად სხუათა ყოველთა წინაჲსწარმეტყუელთათჳს მოციქული პეტრე იტყჳს, ვითარმედ: „სამოელითგან და ყოველთა წინაჲსწარმეტყუელთა იცოდეს ქრისტჱ და მოსლვასა მას მისსა ქადაგებდეს“.5 ხოლო იაკობს და მამასა მისსა, ვითარცა პაპსაცა, ესრეთ ეჩუენებოდა და ეტყოდა და მრავალსა კეთილსა აღუთქუმიდა მიცემად, რომელი-იგი აღასრულაცა. ხოლო ვითარ იგივე კუალად თავადი იტყოდა, ვითარმედ: „მრავალთა წინაჲსწარმეტყუელთა სწადოდა ხილვად, რომელსა ჰხედავთ თქუენ, და ვერ იხილეს, და სმენად, რაჲ-ესე თქუენ გესმის, და

1 შდრ. 2სჯ. 16,19. 2 იოან. 5,44. 3 იოან. 8,56. 4 მათ. 22,43-44; მარკ. 12,36; ლუკ. 20,42. 5 შდრ. საქმე 3,24.

არა ესმა“?1 ხოლო რაჲსათჳს, ნუუკუე არა მიიღესა გულისხმის-ყოფაჲ და იცნეს იგი? ჰე, ფრიადცა კეთილად იცნეს, და ესე საქმჱ გამოვაჩინო თჳთ ამისვე სიტყჳსაგან. იტყჳან ვიეთნიმე, ვითარმედ არა იცნეს, რამეთუ იტყჳს: „მრავალთა სწადოდა ხილვად, რომელსა თქუენ ჰხედავთ“. საცნაურ არს უკუე, ვინაჲთგან სწადოდა ხილვად, იცოდეს სამე მოსლვაჲ მისი კაცთა თანა. და უკუეთუმცა არა იცოდეს, არცამცა სწადოდა ხილვად, რამეთუ არავის მოეგონების საქმჱ, რომელსა არა იცნობდეს, არცა ჰსურის მისთჳს. და საცნაურ არს, ვითარმედ იცნობდეს იგინი ძესა ღმრთისასა და იტყოდეს, ვითარმედ: მოსლვად არს კაცთა თანა. ხოლო რომელ იტყჳს, ვითარმედ: „არა იხილეს, არცა ესმა, რომელსა აწ თქუენ ჰხედავთ და გესმის“, განჴორციელებისა მისისათჳს იყო სიტყუაჲ იგი, რამეთუ ჴმაჲცა ესმა მისი და იხილესცა, გარნა არა ესრეთ განჴორციელებული, არა კაცთა თანა ქცევით, არცა ესრეთ განცხადებულად ქუეყანასა ზედა მყოფი, და ამისთჳს თავადმანცა არა თქუა, თუ: სწადოდა ხილვაჲ ჩემი, არამედ: „რომელსა აწ თქუენ ჰხედავთო“. და დაღაცათუ არა ეხილვა განჴორციელებაჲ მისი, არამედ იცოდეს, ვითარმედ ყოფად არს იგი, რომელსაცა ხილვად სწადოდა, და ჰრწმენა იგი, დაღაცათუ არა ეხილვა. ხოლო რაჟამს გუეტყოდიან ჩუენ წარმართნი, ვითარმედ: რასა იქმოდა პირველთა მათ ესოდენთა ჟამთა ქრისტე, რომელ არა ჴელსა აღუპყრობდა ნათესავსა კაცთასა? და რაჲსათჳს უკუანაჲსკნელ მოვიდა ცხორებისა ჩუენისა ძიებად, და ესოდენთა ჟამთა უდებ ვიყვენით ჩუენ? ხოლო ამისთჳს მიუგოთ მათ, ვითარ ამისსა პირველ სოფელსა შინა იყო და განაგებდა დაბადებულთა თჳსთა და საცნაურ იყო ყოველთა ღირსთა მიერ; უკუეთუ კულა რაჟამს ყოველნი არა იცნობდეს მას, არამედ წმიდანი ოდენ და სათნონი, და ამას აბრალობთ, აწცა დასდვათ მის ზედა ბრალობაჲ, რამეთუ აწცა არა ყოველთა იციან იგი, არამედ ვითარცა აწ არავინ ურწმუნოთათჳს მორწმუნეთასაცა არა ირწმუნებს, ეგრეთვე არცა პირველთა მათ ჟამთათჳს ჯერ-არს იჭუეულებაჲ, რამეთუ ყოველთა მიერ მორწმუნეთა კაცთაჲსა საცნაურ იყო.

უკუეთუ კულა ვინ თქუას: და რად არა ყოველნი ისმენდეს მისსა? მეცა ვთქუა: და რად არა აწცა ყოველნი ისმენენ მისსა? და რომელნიმე იტყოდიან, ვითარმედ: თავით თჳსით არიან ყოველნი დაბადებულნი; და რომელნიმე განგებასა ყოვლისა სოფლისასა ეშმაკთა მიაჩემებენ. არამედ არა მათ ვხედავთ, რომელნი ურწმუნო არიან, რამეთუ ესეცა სიცოფჱ არს, უკუეთუ ცოფთა ვჰბაძვიდეთ. რამეთუ მზესაცა არავინ იტყჳს მავნებელად თუალთა, დაღაცათუ ვიეთმე უძლურთა თუალთა ავნებს; და თაფლსა არავინ იტყჳს მწარედ, დაღაცათუ ვიეთმე სნეულთა მწარედ

1 ლუკ. 10,24.

აღუჩნდების. ხოლო ღმრთისათჳს ვთქუათა ბოროტი რაჲმე, ვინაჲთგან ვიეთნიმე იტყჳან? და ვინმცა ქმნა ესე ცნობისა უფალმან, რომელი არა განცოფებულ იყოს და ეშმაკეულ? რამეთუ სოფელმან ვერ იცნა იგი, არამედ რომელთათჳს სოფელი ღირსვე არა იყო, მათ იცნეს იგი. რამეთუ მახარებელმან არა თუ ესრეთ თქუა ლიტონად, ვითარმედ: არა იცნეს იგი, არამედ: „სოფელმან არა იცნაო“, ესე იგი არს, ვითარმედ სოფლისა საქმეთა შემშჭუალულთა კაცთა და სოფლისმოყუარეთა ვერ იცნეს; რამეთუ ქრისტეცა ეგრეთვე უწესს ესევითართა მათ და იტყჳს: „მამაო მართალო, და სოფელმან შენ არა გიცნა“.1 და არა სამე იგი ოდენ, არამედ მამაჲცა ვერ იცნა სოფელმან ამით სახითა, რომელ ვთქუთ, რამეთუ არარაჲ ესრეთ დააბნელებს გონებასა, ვითარ შექცევაჲ სოფლისა საქმეთაჲ და სიყუარული მათი.

სწავლაჲ ჱ სიმდიდრისმოყუარებისათჳს

ხოლო თქუენ, რომელთა-ესე უწყით ყოველივე, განაშორენით თავნი თქუენნი ჴორციელთაგან საქმეთა, რამეთუ მრავალი ბოროტი მოიწევის მათ მიერ ჩუენ ზედა, ვინაჲთგან არა არს კაცი, რომელსამცა უყუარდეს ამის სოფლისა საქმენი და იგიმცა მიიწია კეთილთა ზეცისათა, ანუმცა იღუაწა სასუფეველისათჳს; არამედ უეჭუელად, რომელი ამათდა შექცეულ იყოს, მათგან დაეცემის, რამეთუ „ვერვის ძალ-უც ღმრთისა მონებად და მამონაჲსა“,2 არამედ ერთისა უჴმს შეყუარებად და მეორისა - მოძულებად. და რომელნიცა მძლე ექმნნეს ვეცხლისმოყუარებასა, მათცა შეიყუარეს ღმერთი, ვითარცა ჯერ-არს, ხოლო რომელნი იძლინეს მის მიერ, იგინიცა დაეცნეს, რამეთუ სული, ვეცხლისმოყუარებისა მიერ ძლეული, ადვილად იძლევის ყოველთაგან ვნებათა, განმარისხებელთა ღმრთისათა, ვინაჲთგან მონაჲ არს ყოვლისა ბოროტისმოყუარისაჲ.

არამედ განიფრთხვეთ და აღდეგით და გულისხმა-ყავთ, ვისნი ვართ მონანი, და მისი ოდენ მეუფებაჲ ვადიდოთ. ვტიროდით და ვიგლოვდეთ პირველთა მათთჳს ჟამთა, რომელთა შინა ვჰმონეთ მამონას, განვაგდოთ ჩუენგან მძიმე იგი უღელი მისი და ვიტჳრთოთ ტკბილი იგი და სუბუქი უღელი ქრისტესი, რამეთუ იგი არარას გჳბრძანებს ესევითარსა, ვითარ-იგი მამონა. რამეთუ იგი გუეტყჳს, რაჲთა ყოველთა მტერ ვიყვნეთ, ხოლო უფალი უფროჲსად გუამცნებს სიყუარულსა; იგი თიჴასა შინა და მწჳრესა დაგუფლავს, რამეთუ ოქროჲ თიჴაჲ და მწჳრე არს, ხო-

1 იოან. 17,25. 2 მათ. 6,24; ლუკ. 16,13.

ლო ქრისტე მაღალ-გუყოფს ჩუენ ნივთთაგან ქუეყანისა საქმეთაჲსა და გჳბრძანებს ზრუნვად საუნჯისა მისთჳს ზეცათაჲსა; იგი აქაცა შრომით და ურვით წარაგებს ცხორებასა ჩუენსა და მუნ თანამდებ-გუყოფს ცეცხლისა მის უშრეტისა, ხოლო უფალი სასუმლისათჳსცა ერთისა გრილისა წყლისა მოგუცემს სასყიდელსა მოუკლებელად და უფროჲსად მრავალწილად.1 ვითარ უკუე არა სიცოფე არს ესევითარისა სახიერისა უფლისა წილ ესრეთ უკეთურსა მძლავრსა მონებად, რომელი-იგი არცა აქა რას მოგუცემს სარგებელსა, არცა მუნ, არამედ უფროჲსად ტანჯვასა და ჭირსა ორკერძოვე მორჩილთა მისთა. რამეთუ უმეტესნი ჯოჯოხეთს მიმავალნი ამის მიერ მივლენ, რამეთუ ოქროჲ შეიყუარეს და გლახაკნი არა შეიწყალნეს, რომელი-იგი რაჲთა ჩუენ ზედაცა არა მოიწიოს, განვაბნიოთ და მივსცეთ გლახაკთა, განვათავისუფლნეთ სულნი ჩუენნი აქათა ზრუნვათაგან და მუნ სატანჯველთაგან და დავიუნჯოთ ზეცას სიმართლე; ოქროჲსა წილ ქუეყანისა შევიკრიბნეთ საუნჯენი მოუკლებელნი, რომელნი მოვიდენ ჩუენ თანა ზეცად და ჴელი აღგჳპყრან ჭირსა და მოწყალე-ყონ მსაჯული იგი ჩუენ ზედა, რომლისაცა ღირსმცა ვართ ყოველნი კადნიერებით წარდგომად მის წინაშე და საუკუნეთა კეთილთა მიმთხუევად, რომელნი მიეცემიან მოყუარეთა მისთა მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისა თანა მამასა ჰშუენის დიდებაჲ სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

1 შდრ. მათ. 10,42; მარკ. 9,41.