📋 სარჩევი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და სიტყუაჲ იგი ჴორციელ იქმნა და დაემკჳდრა ჩუენ შორის“ (1,14).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ერთსა ვითხოვ თქუენ ყოველთაგან, ვიდრეღა არა მიწყიეს სიტყუათა ამათ სახარებისათა, და ნუ ურჩ მექმნებით თხოვასა ამას, რამეთუ არცა მძიმესა რასმე ვითხოვ, არცა ჩემისა თავისა სარგებელად, არამედ თქუენთჳს. რამეთუ ესე არს თხოვაჲ ჩემი, რაჲთა ყოველთა შაბათთა, რომელთა წარგიკითხავ და გამოგითარგმანებ სახარებისა სიტყუათა, წინადღით აღიღებდეთ და აღმოიკითხვიდეთ თჳსაგან თითოეული და გამოეძიებდეთ ძალსა მათ სიტყუათასა, თუ რომელი სიტყუაჲ არს ადვილ გულისხმის-საყოფელად, ანუ რომელსა უჴმს ფრიადი გამოძიებაჲ და არს ძნელ; და ამას ყოველსა გულისხმა-ჰყოფდით და ეგრეთ მოვედით სმენად, რამეთუ ამის საქმისაგან არამცირედი გექმნას სარგებელი თქუენცა და ჩუენცა, და ჩუენ არა ფრიადი შრომაჲ შეგუემთხუეოდის გამოცხადებად თქუენდა ძალსა სიტყუათასა, რაჟამს პირველ თქუენცა გეწუართოს და თქუენცა ადვილად გულისხმისმყოფელ იყვნეთ. რამეთუ მრავალნი აწ მოვლენ და სიტყუანიცა სახარებისანი არა იცნიან, არამედ ერთბამად ჰნებავნ დასწავლაჲ სიტყუათაჲცა და ძალისაცა მათისაჲ, რომელსა ვიტყჳთ. და ესე შეუძლებელ არს, რამეთუ ვითარ ისწავლონ მცირედსა ამას ჟამსა, და ამასცა რამეთუ გარეწარად ისმენენ? უკუეთუ კულა ვინმე ზრუნვათა სოფლისათა მიზეზობდეს, შესწამებენ სხუანი იგი საქმენი: რაჟამს სიმღერაჲ იყოს, ყოველნი მოცალე იპოვებიან, და საქმესა ღმრთისასა უცალო იქმნებიან, რომელ ჟამ ერთცა ვერ მოიცალებენ. და არა ბევრეულთა სატანჯველთა ღირს არსა ესე საქმე? არამედ მიზეზობენ სხუასაცა საქმესა ვიეთნიმე, ვითარმედ: არა გუქონანო წიგნნი. გარნა მდიდართა მიმართ არად საჴმარ არს ამისთჳს თქუმად, ხოლო გლახაკთა მიმართ ვთქუათ: ვითარ თითოეულსა საჴმარნი თჳსნი ჰქონან სხუანი ყოველნივე, რომელნი არად სარგებელ ექმნებიან სულსა? და რომელნი-იგი უჴმართა მათ მოსწრაფებით მოიგებენ, ჭეშმარიტთა მათ სარგებელთა სულისათა, რომელნი არიან წიგნნი, არა ეძიებენ? უკუეთუ კულა ესეოდენ გლახაკი ვინმე იყოს, რომელ ვერ ეძლოს მოგებად წიგნისა, შესაძლებელ არს ზედაჲსზედა ეკლესიას მოსლვითა დასწავლად ყოველსავე, გარნა ნუ გარეწარად და ვითარცა თანანადებსა აღსრულებად და ჴორცითა ოდენ, არამედ გონებითაცა და ყოვლითა სულითა მოვიდოდეთ სწავლად სიტყუათა სახარებისათა. ვიტყოდი უკუე აწ სიტყუათა მათ, რომელთა ღაღადებს ღმრთისმეტყუელებისა იგი ნესტჳ:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და სიტყუაჲ იგი ჴორციელ იქმნა და დაემკჳდრა ჩუენ შორის“ (1,14).
თ ა რ გ მ ა ნ ი: პირველად თქუა, ვითარმედ: „ღმრთისაგან იშვნეს, რომელთა შეიწყნარეს იგი და შვილ ღმრთისა იქმნნეს“.1 და ამისთჳს აწ მიუწდომელისა მის პატივისა მიზეზსა იტყჳს აქა, რომელ-იგი არს განჴორციელებაჲ სიტყჳსაჲ და შემოსაჲ ხატისა მის მონებისაჲ. რამეთუ იქმნა იგი ძე კაცისა, რომელი ძჱ არს ღმრთისაჲ, რაჲთა კაცნი შვილ ღმრთისა ყვნეს. რამეთუ მაღალი რაჟამს მდაბალსა თანა მივიდეს, მას არაჲ ევნების დიდებისა თჳსისაგან, ხოლო მდაბალსა მას აღამაღლებს თავისა თჳსისა თანა, ვითარცა უფალმანცა ქმნა, რამეთუ თჳსი ბუნებაჲ არა თუ დაამცირა გარდამოსლვითა მით, ხოლო ჩუენ, „ბნელსა შინა და აჩრდილთა სიკუდილისათა მსხდომარენი“,2 აღგუამაღლნა და მიგჳყვანნა დიდებასა მას მიუწდომელსა. რამეთუ მეფჱცა უკუეთუ გლახაკსა ვისმე სიტკბოებით ეტყოდის, თავსა თჳსსა არას ავნებს, ხოლო მას პატიოსანჰყოფს. და უკუეთუ უნდოსა ამას შინა ბუნებასა კაცთასა დიდებულსა გლახაკსა თანა ყოფისაგან არაჲ ევნების, უხრწნელსა მას და შეუხებელსა ბუნებასა რაჲმცა ევნო, რომლისა პატივი არა მოპოვნებული არს, ვითარიგი კაცისაჲ, არცა მომავალი და კუალად წარმავალი, არამედ ყოველივე მისი შეურყეველ არს და მტკიცე უკუნისამდე. და ამისთჳს რაჟამს გესმეს, ვითარმედ: „სიტყუაჲ ჴორციელ იქმნა“, ნუ შეშფოთნები. არა თუ არსებაჲ ბუნებისა მისისაჲ ჴორციელად შეცვალა, რამეთუ ამისი მოგონებაჲცა საშინელ არს, არამედ მისი ბუნებაჲ, ვითარ იყო, ჰგიეს, და ხატი მონისაჲცა შეიმოსა. ხოლო მახარებელმან თქუა, ვითარმედ: „ჴორციელ იქმნა“, რაჲთა დაუყვნეს პირნი მწვალებელთანი, რომელნი იტყჳან, ვითარმედ უცნებაჲ რაჲმე იყო ჴორცთა შესხმაჲ მისი, და რაჲთა პირველითგანვე მათსა გმობასა პირი დაუყოს, ამისთჳს თქუა, ვითარმედ: „ჴორციელ იქმნა“. არა თუ ბუნებისა მისისა შეცვალებასა აჩუენებს, - არამედ ამას არცა თუ ეშმაკნი მოიგონებენ, არცა ცოფნი და განსრულნი გონებისაგან, - არამედ მოციქული ესე ღმრთისმეტყუელი ჴორცთშესხმისა მისისა ჭეშმარიტებასა მოასწავებს, ხოლო მისისა ღმრთეებისა ბუნებაჲ ყოლადვე შეუცვალებელ არს, ვითარცა მოციქული იტყჳს, ვითარმედ: „ყოველნი ვითარცა სამოსელნი დაძუელდენ, და ვითარცა შესამოსელნი სცვალნე, და იგინი იცვალნენ. ხოლო შენ თავადი იგივე ხარ, და წელიწადთა შენთა არაჲ მოაკლდეს“,3 რამეთუ მისი ბუნებაჲ უზეშთაეს ყოვლისავე შეცვალებისა არს. და მიექეცინ გმობაჲ მათი თავსავე მათსა,4 რომელნი იტყჳან, ვითარმედ ბუნებაჲ მისი ჴორციელ იქმნა. რაჲთა სცნა, ვითარმედ სიტყუაჲ ესე, თუ: „ჴორციელ იქმნა“, ამისთჳს ოდენ თქუა მახარებელმან, რაჲთა ჭეშმარიტად ჴორცთა შესხმაჲ მისი დაამტკიცოს, ისმინე შემდგომი
1 შდრ. იოან. 1,13,12. 2 შდრ. ლუკ. 1,79; ფსალმ. 87,7; 106,10,14. 3 ფსალმ. 101,27-28. 4 შდრ. ფსალმ. 7,17.
იგი სიტყუაჲ მისი, ვითარ აღმოჰფხურის ყოველსა იჭუსა ბოროტსა და განსწმედს სიტყუასა თჳსსა და იტყჳს:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და დაემკჳდრა ჩუენ შორის“ (1,14).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ვითარმცა იტყოდა, ვითარმედ: ნურას ბოროტსა მოიგონებ სიტყჳსა მისგან, რომელ ვთქუ, ვითარმედ: „ჴორციელ იქმნა“, რამეთუ არა თუ შეცვალებაჲ ვთქუ შეუცვალებელისა მის ბუნებისაჲ, არამედ დამკჳდრებაჲ ჩუენ შორის. ხოლო დამკჳდრებული არა არს იგივე, რომელსა შინა დაემკჳდროს, არამედ სხუაჲ სხუასა შინა დაემკჳდრების. და ეგრეთვე მან ღმერთმან ჩუენ შორის დაიმკჳდრა; უკუეთუ არა, არღარა დამკჳდრება ეწოდების. ხოლო რომელ ვთქუ, ვითარმედ სხუაჲ სხუასა დაიმკჳდრებს, ვთქუ ბუნებისა მისთჳს ღმრთეებისა, რამეთუ შეერთებითა მით ჴორცთშესხმისაჲთა ერთ არს სიტყუაჲ ღმრთისაჲ და ჴორცნი იგი, რომელ შეიმოსნა; არა თუ შერევნაჲ და შერწყმაჲ იქმნა, არცა განქარვებაჲ არსებათაჲ, არამედ ერთობაჲ გამოუთქუმელი რაჲმე და მიუწდომელი, რომელი-იგი თუ ვითარ იქმნა, მან მხოლომან უწყის. ხოლო რაჲ არს დამკჳდრებაჲ მისი ჩუენ შორის? ისმინე წინაჲსწარმეტყუელისაჲ, რომელსა იტყჳს, ვითარმედ: „აღვჰმართო კარავი დავითისი დაცემული“,1 რამეთუ ჭეშმარიტად დაეცა დაცემითა უკურნებელითა ბუნებაჲ ჩუენი და მის მტკიცისა და ძლიერისა ჴელისაჲ იყო აღდგინებაჲ მისი, და ვერვის ძალ-ედვა სხუასა აღდგინებაჲ მისი, გარნა ძლიერსა მას ჴელსა, რომელმანცა დაჰბადა, რომელი შეეწია ზეცით და აღადგინა შობითა მით წყლისა მიერ და სულისა. და იხილე საშინელი იგი და მიუწდომელი საიდუმლოჲ, რომელი მარადის ამას კარავსა შინა მკჳდრ არს, რამეთუ ჴორცნი ჩუენნი შეიმოსნა, არა თუ რაჲთამცა კუალად დაუტევნა იგინი, არამედ რაჲთა უკუნისამდე აქუნდენ თავისა თჳსისა თანა. რამე-თუ უკუეთუმცა ესე არა იყო, არცამცა დაესუა იგი საყდარსა მას სამეუფოსა, და არცამცა მით შემოსილი თაყუანის-იცემებოდა ყოველთა მათ მჴედრობათაგან ზეცისათა: ანგელოზთა, მთავარანგელოზთა, საყდართა, უფლებათა, მთავრობათა და ჴელმწიფებათაგან. რომელმან გონებამან მოიგონოს, ანუ რომელმან ენამან თქუას პატივი იგი ესოდენი, რომლითა პატივ-სცა მან ბუნებასა ჩუენსა? ანუ რომელმან ანგელოზმან გინა მთავარანგელოზმან შეუძლოს მოგონებად ამის საქმისა? ვერვინ შემძლებელ არს მიწდომად, ვერცა ზეცისათაგანი, ვერცა ქუეყანისაჲ, რამეთუ ესრეთ დიდ არიან საქმენი უფლისანი და მიუწდომელ ქველისმოქმედებანი მისნი, რომელ არა თუ კაცთა ოდენ სიტყუასა, არამედ ანგელოზთა გონებასაცა უზეშთაეს არს.
1 ამოს 9,11.
სწავლაჲ ია სათნოებისათჳს
ამისთჳს უკუე ჩუენცა დავიდუმოთ ესევითარი ესე სიტყუაჲ, და ამას გამცნებ და გევედრები, რაჲთა ისწრაფოთ ესევითართა კეთილთა ნაცვალთა მიგებად სახიერისა მის, რომელნი-იგი სარგებელ ჩუენდა იყვნენ, ესე იგი არს, რაჲთა სულთა ჩუენთათჳს კეთილად ვზრუნვიდეთ, რამეთუ ესეცა მისისა კაცთმოყუარებისაგან, რომელ არარაჲ ეჴმარების ჩუენგან, და ჩუენსა ოდენ კეთილსა ეძიებს და იგი შეურაცხიეს, ვითარცა მისაგებელად თჳსთა კეთილთა, რაჟამს ჩუენ სულთა ჩუენთათჳს ვზრუნვიდეთ. ამისთჳსცა უკუე ფრიადისა უგულისხმოებისა საქმე არს, რაჲთა ვინაჲთგან მას ესრეთ ჰნებავს ჩუენი ცხორებაჲ, და ჩუენ არა ვქმნათ ძალისაებრ ჩუენისა კეთილი, რაჲთამცა მივემთხჳენით ურიცხუთა მათ კეთილთა. ამის ყოვლისათჳს უკუე შევწიროთ მადლი კაცთმოყუარისა ღმრთისა ნუ სიტყჳთ ოდენ, არამედ უფროჲსად საქმითა, რომელ საუკუნენი იგი კეთილნი მოგუეცნენ, რომელთა ღირსმცა ვართ ყოველნი მიმთხუევად მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისა მიერ და რომლისა თანა მამასა ჰშუენის დიდებაჲ სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.