მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ივ

წმინდა იოანე ოქროპირი

📋 სარჩევი

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და ესე არს წამებაჲ იოვანესი, ოდეს მიავლინნეს ჰურიათა იერუსალჱმით მღდელნი და ლევიტელნი, რაჲთა ჰკითხონ მას, ვითარმედ: შენ ვინ ხარ?“ (1,19).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ბოროტ არს შური, საყუარელნო, ბოროტ არს მოშურნეთათჳს და არა რომელთა ეშურებოდიან. და პირველად მათ ავნებს, ვითარცა გესლი სასიკუდინე, სულთა შორის მათთა დამკჳდრებული, და უკუეთუ სადა რომელთა მიმართ იყოს შური, მათცა ავნოს მცირე ვნებაჲ და არარაჲ, და უმეტესი არნ სარგებელი სავნებელისაჲ. ხოლო ესე ყოველი ვთქუ შურისა მისთჳს ჰურიათაჲსა, რამეთუ რომელნი-იგი განვიდეს ქალაქთაგან იოვანეს მიმართ და ნათელ-იღეს, იგინივე შემდგომად ნათლის-ღებისა, ვითარმცა შეენანა საქმჱ იგი, მიავლენენ იოვანეს მიმართ და ჰკითხვენ, ვითარმედ: „შენ ვინ ხარ?“ ჭეშმარიტად ნაშობნო იქედნეთანო, ნათესავო ბოროტო და მემრუშეო, ნათლის-ღებისა შემდგომად ჰკითხავთა და იწულილავთ? რამეთუ ვითარ განხჳდოდეთ მისა? და ვი-თარ აღუარებდით ცოდვათა? ვითარ ნათელ-იღებდით? ვითარ ჰკითხევდით, თუ რასა ვიქმოდითო, ვინაჲთგან არა უწყოდეთ, თუ ვინ არს? რამეთუ ყოველივე იგი თქუენი საქმე პირუტყუებრი იყო. არამედ ნეტარმან იოვანე ამისგანი არარაჲ ჰრქუა მათ, არცა აბრალა, არამედ სიტკბოებით მიუგო, რაჲთამცა უმეტესად გამოაცხადა მათი სიბოროტე. რამეთუ ვინაჲთგან იოვანე მრავალგზის ეწამა ქრისტესა და რაჟამს ნათელსცემდა, ყოველთა ეტყოდა, ვითარმედ: „მე ნათელ-გცემ წყლითა, ხოლო რომელი შემდგომად ჩემსა მოვალს, უძლიერესი ჩემსა, მან ნათელ-გცეს სულითა წმიდითა“,1 ხოლო მათ ვითარცა უყუარდა მარადის კაცობრივი და ამაოჲ საქმე, არა ენება ესე, რაჲთა ქრისტესა დაემორჩილნენ, არამედ უფროჲსად იოვანე აქუნდა დიდად, ხოლო ქრისტესთჳს იტყოდეს, ვი-თარმედ: „ძჱ არს ხუროჲსაჲ“,2 და ვითარმედ: „ნაზარეთით არს“,3 რომელი-იგი შეურაცხად აქუნდა; და ვითარმედ: „მეზუერეთა და ცოდვილთა თანა ჭამსო“,4 რომელი-იგი იქმოდა ამას, რაჲთამცა იგინი მოიზიდნა, და რამეთუ არა ემოსა სამოსელი სტევისაგან აქლემისა და სარტყელი ტყავისაჲ.5 და ამას ყოველსა უბადრუკნი იგი ვერ გულისხმა-ჰყოფდეს, არამედ შეურაცხად აქუნდა ქრისტე.

ხოლო რაჟამს იოვანე მარადის მისა მიმართ მიავლენდა მათ, და მათ სირცხჳლ-უჩნდა საქმე ესე და ენება, რაჲთამცა უფროჲსად იოვანე აქუნდა მოძღურად, ხოლო ცხადად ამისა თქუმად ვერ იკადრებდეს, არა-

1 შდრ. მათ. 3,11; მარკ. 1,7-8; ლუკ. 3,16; იოან. 1,26-27. 2 შდრ. მათ. 13,55; მარკ. 6,3. 3 შდრ. მათ. 21,11. 4 შდრ. მათ. 9,11; მარკ. 2,16; ლუკ. 5,30. 5 შდრ. მათ. 3,4; მარკ. 1,6.

მედ არა მიავლინნეს მისა მიმართ შეურაცხნი კაცნი, არამედ მღდელნი და ლევიტელნი, რაჲთამცა ჰკითხეს, თუ: „შენ ვინ ხარ?“ რამეთუ არა თუ უცნაური კაცი იყო, არამედ შობაჲცა მისი ყოველთა მიერ იქმნა საცნაურ, ვიდრემდე იტყოდეს, ვითარმედ: „რაჲ-მე იყოს ყრმაჲ ესე?“1 და რაჟამს იორდანეს მოვიდა, ყოველნი მისა მივიდოდეს, და ესრეთ საცნაურ არს, ვითარმედ არა თუ უმეცარ იყვნეს, თუ ვინ არს, არამედ მისთჳს ჰკითხვიდეს, თუ რომელ პირველ ვთქუ.

ისმინე უკუე ნეტარისა იოვანესი, ვითარ მიუგო გონებისაებრ მა-თისა და არა სიტყჳსა. რამეთუ არა თქუა მეყსეულად, თუ: „მე - ჴმაჲ ღაღადებისაჲ უდაბნოსა ზედა“,2 არამედ იჭჳ იგი მათი განაქარვა პირველ, რამეთუ ჰკითხეს რაჲ, ვითარმედ: „ვინ ხარ?“ „აღიარა და არა უარ-ყო; და აღიარა, ვითარმედ: მე არა ვარ ქრისტე“ (1,20). ხოლო მათ სხუასა სიტყუასა იწყეს კითხვად, ვითარმედ: „ელია ხარა? და მან თქუა, ვითარმედ: არა ვარ“ (1,21), რამეთუ ელიაჲსსაცა მოელოდეს მოსლვასა, ვითარცა სხუასა ადგილსა წერილ არს.3 და კუალად ჰკითხეს, ვითარმედ: „წინაჲსწარმეტყუელი იგი ხარა? და ჰრქუა მათ: არა ვარ“ (1,21), და იგი წინაჲსწარმეტყუელი იყო. რად უკუე უარ-ყო? გარნა რამეთუ გონებათა მათთა ხედვიდა, ხოლო მათ ასმიოდა მოსესგან, ვითარმედ: „წინაჲსწარმეტყუელი აღადგინოს უფალმან ღმერთმან, ვითარცა მე; მისი ისმინეთ“.4 რამეთუ იგი ქრისტე იყო. ამისთჳს არა ჰრქუეს, თუ: წინაჲსწარმეტყუელი ხარა? ვითარცა ერთი სხუათა წინაჲსწარმეტყუელთაგანი, არამედ ესრეთ ჰრქუეს, ვითარმედ: „წინაჲსწარმეტყუელი იგი ხარა?“ იგი, რომელი მოსე თქუაო? ამისთჳს ამან თქუა, ვითარმედ: „არა ვარ“, არა თუ წინაჲსწარმეტყუელი არა ვარო, არამედ იგი წინაჲსწარმეტყუელი არა ვარო, რომელსა მოსე იტყოდა. ხოლო მათ ჰრქუეს მას: „გუარქუ ჩუენ, ვინ ხარ, რაჲთა სიტყუაჲ მივართუათ მომავლინებელთა ჩუენთა“ (1,22). ჰხედავა, ვითარ აიძულებენ მას? ხოლო იგი სიტკბოებით დაჰჴსნის ყოველსა იჭუსა ბოროტსა და ესრეთ იტყჳს თავისა თჳსისათჳს, თუ ვინ არს. და ჰრქუა მათ:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მე - ჴმაჲ ღაღადებისაჲ უდაბნოსა ზედა: წარჰმარ-თენით გზანი უფლისანი,5 ვითარცა თქუა ესაია წინაჲსწარმეტყუელმან. მივლინებულნი იგი იყვნეს ფარისეველთაგანნი. და ჰკითხვიდეს მას და ჰრქუეს: რაჲსათჳს ნათელ-სცემ, უკუეთუ არა ხარ ქრისტე, არცა ელია, არცა წინაჲსწარმეტყუელთაგანი?“ (1,23-25).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ჰხედავა, რამეთუ არა ამაოდ ვიტყოდე, ვითარმედ ენება, რაჲთამცა ათქუმიეს, ვითარმედ მე ვარ ქრისტეო; და ამისთჳს

1 ლუკ. 1,66. 2 იოან. 1,23; მათ. 3,3; მარკ. 1,3; ლუკ. 3,4; ესაია 40,3. 3 შდრ. მათ. 11,14; 17,10; მარკ. 9,11. 4 2 სჯ. 18,15. 5 ესაია 40,3; მათ. 3,3; მარკ. 1,3; ლუკ. 3,4.

ჰკითხვიდეს და არა ჰრქუეს იგი განცხადებულად. ხოლო ვინაჲთგან ჰრქუა მან, ვითარმედ: „არა ვარ ქრისტე“, მერმე ენება დაფარვაჲ თჳსისა ზაკუვისაჲ და ჰრქუეს ელიაჲსთჳს და წინაჲსწარმეტყუელისა მისთჳს. და ვითარცა ჰრქუა, ვითარმედ: „არა ვარ“, მერმე დაუტევეს სიტყუაჲ იგი და გამოაცხადეს მზაკუვარი იგი გონებაჲ თჳსი და ჰრქუეს, ვითარმედ: „რაჲსათჳს ნათელ-სცემ, უკუეთუ არა ხარ შენ ქრისტჱ, არცა ელია, არცა წინაჲსწარმეტყუელი იგი?“ (1,25). რამეთუ ვინაჲთგან შეტყუვილითა ვერ ათქუმიეს, რაჲ-იგი არა იყო, მერმე ბრალობისა სახედ ინებეს შეჭირვებად, რაჲთამცა თქუა, რაჲ-იგი არა იყო, არამედ ვერ შეუძლეს. ხოლო იგი არავე განრისხნა, არცა თქუა, ვითარმედ: თქუენ დამდებთა მე შჯულსა? არამედ კუალად სიბრძნისა და სიტკბოებისა სიტყუაჲ შემოიღო და თქუა:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მე ნათელ-გცემ თქუენ წყლითა, ხოლო შორის თქუენსა დგას, რომელი თქუენ არა იცით, რომელი ჩემსა შემდგომად მოსლვად არს, რომლისა არა ვარ ღირს, რაჲთა განვჰჴსნნე საბელნი ჴამლთა მისთანი“ (1,26-27).

თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჲღა თქუან აწ ჰურიათა? რამეთუ აჰა ესერა სა-შჯელი შეუნდობელი განუმზადეს თჳთ მათ თავთა თჳსთა ზედა, რამე-თუ სარწმუნოდ შეჰრაცხეს იოვანე და ესრეთ ჭეშმარიტად, რომელ არა თუმცა სხუასა წამებდა, არამედ თავისაცა თჳსისათჳს რაჲთამცა ეთქუა, ჰრწმენა; რამეთუ თავისა თჳსისათჳს მათი გურწამს, რომელნი ფრიად ჭეშმარიტისა მეტყუელად გუაქუნდენ. და ვინაჲთგან ესრეთ სარწმუნოდ აქუნდა იოვანე, რაჲსათჳს არა ჰრწმენა წამებაჲ მისი, რომელი წამა მან ქრისტესთჳს? და მიავლინნეს მისა კაცნი ესე რაჲ წარჩინებულნი, მღდელნი და ლევიტელნი, და მან აღიარა წინაშე ყოველთა, ვითარმედ: არა ვარ ქრისტე, არცა ელია, არცა წინაჲსწარმეტყუელი იგი, და გამოაჩინა უზეშთაესობა ქრისტესი, და ვითარმედ: ჩემი ნათლის-ცემაჲ მცირე არს, ხოლო მისი იგი - დიდ და მაღალ, და შემოიყვანა შორის ესაიაჲს წინაჲსწარმეტყუელებაჲ, რომელი-იგი უფლით ხადის მას და იოვანეს - მსახურად. და ამას ყოველსა ზედა არა ჯერ-იყოა რწმუნებაჲ და თაყუანის-ცემაჲ წამებულისაჲ მის და ღმრთად აღსაარებაჲ მისი? „ხოლო შორის თქუენსა მდგომარე არსო, რომელი თქუენ არა უწყით“. რამეთუ ვითარცა ჩანს, თჳთ უფალი შორის ერსა მას აღრეულ იყო, ვითარცა იყო იგი მარადის სიმდაბლისა მეძიებელ. ხოლო ზედაჲსზედა იტყჳს ამას, თუ: „შემდგომად ჩემსა მოვალს“, ვითარმცა იტყოდა, ვითარმედ: ნუ ჰგონებთ, თუ ყოველი ძალი ჩემსა ამას ნათლის-ცემასა შინა არს. და უკუეთუმცა ესრეთ სრულ იყო, არამცა მოვიდოდა სხუაჲ შემდგომად ჩემსა სხჳსა ნათლის-ცემისა მოცემად უმაღლესისა, არამედ მისი წინამორბედი არს და განმზადებაჲ და ხატი არს მისი ესე.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „პირველ ჩემსა იყო“ (1,27).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე იგი არს, ვითარმედ: უპატიოსნეს და უმაღლეს ჩემსა არს. და ენება გამოჩინებად, ვითარმედ იგი უზეშთაესობაჲ ამისთჳს თქუა, ვითარმედ: არა თუ ესრეთ მცირედ უზეშთაეს არს იგი, არამედ ესოდენ, რომელ არცა თუ უდარესთა მონათა მისთა თანა შერაცხილ ვარ, რამეთუ განჴსნაჲ ჴამლთაჲ ამას მოასწავებს.

სწავლაჲ ივ ამპარტავანებისათჳს და სიმდიდრისა და მოწყალებისა

ხოლო უკუეთუ იოვანე არა ღირს იყო „საბელსა ჴამლთა მისთასა განჴსნად“, იოვანე, რომლისა უზეშთაესი ნაშობთა შორის დედათაჲსა არა აღდგომილ არს,1 ჩუენ სადა დავაწესნეთ თავნი ჩუენნი? უკუეთუ რომელი-იგი უზეშთაეს იყო ყოვლისა სოფლისა, მან თქუა, ვითარმედ: უკუანაჲსკნელთაცა მონათა მისთა თანა შერაცხად არა ღირს ვარ, რაჲ ვთქუათ ჩუენ, რომელნი ბევრეულითა ბოროტითა სავსე ვართ, რომელნი ესოდენ ნაკლულევან ვართ მისისა სათნოებისაგან, რომელ ცაჲ ქუეყანისაგან არა არს ესრეთ შორს?

და მან თქუა, ვითარმედ: „საბელსა ჴამლთა მისთასა განჴსნად არა ღირს ვარ“, ხოლო მტერთა მათ ჭეშმარიტებისათა იკადრეს თქუმად, ვი-თარმედ: ვიცით იგი, ვითარცა მან თჳთ თავი თჳსი. რაჲ არს ამის ამპარტავანებისა უმეტეს ანუ უბოროტეს? კეთილად იტყოდა ბრძენი ვინმე კაცი, ვითარმედ: „დასაბამი ამპარტავანებისაჲ არს არამეცნიერებაჲ ღმრთისაჲ“.2 არამცა გარდამოვრდომილ იყო ზეცით ეშმაკი, უკუეთუმცა არა ამით სენითა შეპყრობილ იყო. ამან შთაჴადა იგი გეჰენიად; ესე იქმნა მიზეზ ბევრეულთა ბოროტთა, რომელ-ესე მარტოდ შემძლებელ არს ყოვლისავე სათნოებისა განრყუნად, რამეთუ „მაღალი იგი წინაშე კაცთა საძაგელ არს წინაშე ღმრთისა“.3 არა სამე სიძვაჲ ოდენ შეაგინებს კაცსა, არამედ ესეცა. რამეთუ სიძვაჲ დაღაცათუ ბოროტ არს, არამედ აქუს მიზეზად გულისთქუმაჲ ჴორცთაჲ, ხოლო ამპარტავანებისა მიზეზი არცა ერთი არს, არამედ სენი არს ბოროტი სულისაჲ, უგულისხმოებისაგან შობილი; რამეთუ არარაჲ არს უბოროტეს კაცისა ამპარტავანისა, დაღაცათუ ფრიად მდიდარ იყოს, არარაჲ არს უუგუნურეს მისა, დაღაცათუ ყოველი სიბრძნე კაცთაჲ ესწაოს და ყოველი ძალი მას აქუნდეს. რამეთუ უკუეთუ რომელი სათნოებასა და მოღუაწებასა ზედა ზუაობდეს,

1 შდრ. მათ. 11,11; ლუკ. 7,28. 2 შდრ. ზირ. 10,12. 3 ლუკ. 16,15.

ყოველსა მას სასყიდელსა მისსა წარსწყმედს, უკუეთუ რომელი სიზმარ-თა და აჩრდილთა ზედა ზუაობდეს, რომელ არს ამის სოფლისა დიდებაჲ, მისთჳს რაჲ ვთქუა? რამეთუ მსგავს არს კაცსა, რომელი სიყმილითა და სიგლახაკითა მოკუდებოდის, და უკუეთუ სადამე იხილოს სიზმარი რაჲმე კეთილი, მას ზედა მაღლოოდის.

უბადრუკო კაცო, სული შენი ბევრეულითა სენითა სავსე არს, და შენ რომელ ოქროჲ და ვეცხლი გაქუს, ამისთჳს გონებაჲ უმაღლეს ღრუბელთასა გიპყრიეს, არამედ სიმდიდრე ეგე არა შენი არს. და უკუე-თუ ჩემი არა გრწამს, თჳთ საქმენი იხილენ. და უკუეთუ ჯერეთ გთრავს და არა გულისხმა-ჰყოფ სხუათაცა ზედა მოწევნულთა საქმეთაგან, მცირედ ელოდე და შენ ზედა მოწევნულისაგან სცნა, ვითარმედ ესე ყოველი არას გერგების, რაჟამს-იგი მოიწიოს სიკუდილი და ერთისაცა ჟამისა უფალ არა იყო, არამედ უნებლიაჲთ ყოველივე დაუტეო და ნუუკუე ვიეთი არა გინდეს, მათ წარიღონ, რამეთუ მრავალთა სიტყჳსაცა თქუმად ვერ ჴელ-ეწიფა. არამედ რაჲთა ესე არა მოიწიოს ჩუენ ზედაცა, ამისთჳს, ვიდრეღა ცოცხალ ვართ, წარვსცეთ ყოველივე ჩუენი მას ქალაქსა, რაჲ-თა მუნ ვპოვოთ ყოველი იგი, რამეთუ მუნ არღარა არს შიში წარწყმედისაჲ, არცა სიკუდილისამიერი, არცა სხჳსა რაჲსამე განსაცდელისაჲ, არამედ თითოეული უკუნისამდე იშუებდეს თჳსსა მას სიმდიდრესა ზედა. მივცვალოთ უკუე სიმდიდრე ჩუენი ამიერ მუნ, რამეთუ არა საჴმარ არიან ჩუენდა ამის მიცვალებისათჳს კარაულნი, ანუ აქლემნი, ანუ ნავნი, არამედ გლახაკთა მიერ იქმნების ესე საქმე კეთილად, უძლურთა მიერ, მკელობელთა და ბრმათა, იგინი წარიღებენ მას ყოველსა ამიერ მუნ, იგინი მოწყალესა მას თანა შეგჳყვანებენ სასუფეველსა ცათასა, რომელსა ღირსმცა ვართ ჩუენ ყოველნი მიმთხუევად მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსითა, რომლისა მიერ და რომლისა თანა მამასა შუენის დიდებაჲ სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.