📋 სარჩევი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „რამეთუ არა ესრეთ მოავლინა ღმერთმან ძჱ თჳსი სოფლად, რაჲთა დასაჯოს სოფელი, არამედ რაჲთა ცხოვნდეს სოფელი მის მიერ“ (3,17).
თ ა რ გ მ ა ნ ი: მრავალნი კაცნი უდებნი და ცოდვისმოყუარენი მიზეზად თჳსისა დაჴსნილობისა იჴმარებენ სიტყუათა ამათ და იტყჳან, ვი-თარმედ: არა არს ჯოჯოხეთი, არცა სატანჯველი, არამედ ღმერთი ყოველთა ცოდვათა შეგჳნდობს; რომელთა მიმართ იტყჳს წერილი, ვითარმედ: „ნუ იტყჳთ, თუ: მოწყალებანი მისნი მრავალ არიან, და მილხინონ ცოდვათა ჩემთა, რამეთუ წყალობაჲ და რისხვაჲ არს მის თანა“;1 და: „მრავლისაებრ წყალობისა მისისა მრავალ არს მხილებაჲცა მისი“,2 რამეთუ ცოდვათაებრ ჩუენთა მოგუეცემის მოსაგებელი, ვითარცა იტყჳს წინაჲსწარმეტყუელი, ვითარმედ: „შენ მიაგო კაცად-კაცადსა საქმეთა მათთაებრ“.3
და ესე დიდი კაცთმოყუარებაჲ არს ღმრთისაჲ, რამეთუ ღმერთმან ორად ცხორებად განყო საქმჱ ჩუენი: ერთად, საწუთროდ, და მეორედ, საუკუნოდ. და ერთი ესე ცხორებაჲ ღუაწლთა ჟამად განაწესა და მეორე იგი - გჳრგჳნთა და მოსაგებელთა. და ამასცა ზედა დიდი კაცთმოყუარებაჲ გუაჩუენა, რამეთუ ვქმნენით ჩუენ მრავალნი ცოდვანი და არა დავსცხერით სიყრმითგანვე სიბერედმდე შეგინებად სულისა, და მათ ყოველთა შენდობაჲ მოგუცა წმიდითა ნათლის-ღებითა, და მოგუენიჭა ჩუენ სიწმიდჱ. და კუალად, რომელმან სიჩჩოჲთგან მიიღოს წმიდისა ნათლის-ღებისა საიდუმლოჲ, და მერმე შემდგომად ამისა შეაგინოს სული თჳსი, იგი ბევრეულთა სატანჯველთა ღირს არს, გარნა მასცა განუღო ღმერთმან კარი სინანულისაჲ და მოსცა მრავალი ღონჱ განწმედად ცოდვათა თჳსთა. და ესე ყოველი გულისხმა-ყავ, ვითარისა სახიერებისა სახენი არიან: პირველად, რომელ მოგუცემს სრულიადსა შენდობასა ცოდვა-თასა ნათლის-ღებითა, და კუალად, უკუეთუ ვცოდოთ, მოგჳტევებს სინანულითა ბოროტთა მათ ჩუენთა და გუადროებს შენანებად. და ამის ყოვლისათჳს ეტყოდა ქრისტე ნიკოდემოსს, ვითარმედ: „არა მოავლინა ღმერთმან ძჱ თჳსი, რაჲთა დასაჯოს სოფელი, არამედ რაჲთა ცხოვნდეს სოფელი მის მიერ“. რამეთუ ორნი არიან ქრისტეს მოსლვანი: პირველად, ესე, და კუალად მეორედ, რომელი ყოფად არს, არამედ ორნივე არა ერთსა ზედა არიან, რამეთუ პირველ მოვიდა, რაჲთა არა გამოიძინეს, არამედ მოგჳტევნეს ცოდვანი, ხოლო მეორედ მოსლვად არს, არა რაჲ-თა მოგჳტევნეს, არამედ რაჲთა გამოიძინეს. ამისთჳსცა პირველისათჳს იტყჳს, ვითარმედ: „არა მოვედ, რაჲთა დავსაჯო სოფელი, არამედ რაჲთა
1 შდრ. ზირ. 5,6. 2 შდრ. ზირ. 16,12. 3 ფსალმ. 61,13; შდრ. მათ. 16,27; რომ. 2,6.
ვაცხოვნო“,1 ხოლო მეორისათჳს იტყჳს, ვითარმედ: „ოდეს მოვიდეს ძჱ კაცისაჲ დიდებითა მამისაჲთა და დაიდგინნეს ცხოვარნი მარჯუენით მისა და თიკანნი მარცხენით“.2 და უკუეთუმცა არა ფრიადითა სახიერებითა თჳსითა შეგჳნდობდა, პირველიმცა მოსლვაჲ მისი საშჯელიმცა კაცთაჲ ყოფილ იყო, რამეთუ პირველ მოსლვისა მისისაცა შჯული იყო ბუნებით, და კუალად შჯული და წერილი და სიტყუანი წინაჲსწარმეტყუელთანი და საქმენი სასწაულთანი და სატანჯველთათჳს საუკუნეთა სიტყუანი და სხუაჲ ესევითარი მრავალი; და ღირს იყო, რაჲთამცა მის ყოვლისათჳს სიტყუაჲ იძია, არამედ მან კაცთმოყუარებისა თჳსისათჳს პირველი ყოველი შეგჳნდო, თუ არა, ყოველნიმცა წარწყმედულ ვიყვენით, რამეთუ ყოველ-თავე ვცოდეთ და დაკლებულ ვიყვენით დიდებასა ღმრთისასა, არამედ განვმართლდით უსასყიდლოდ მადლითა მისითა. იხილეა მიუწდომელობაჲ იგი სახიერებისა მისისაჲ?
უკუეთუ კულა ვინ თქუას, ვითარმედ: უკუეთუ არა ამისთჳს მოვიდა, რაჲთა დასაჯოს სოფელი, ვითარ იტყჳს, ვითარმედ: „რომელსა არა ჰრწმენეს, აწვე დაშჯილ არს“ (3,18)? უკუეთუ არა არს ჟამი საშჯელისაჲ, ვითარ დაშჯილ არს? არამედ გულისხმა-ყავთ, ვითარმედ ანუ იტყჳს, ვი-თარმედ თჳთ იგი საქმჱ ურწმუნოებისაჲ და უნათლავად ყოფაჲ სატანჯველ არს, რამეთუ გარეგან ნათლისა ყოფაჲ თჳთ კმა არს ბოროტად, ანუ თუ მომავალსა მას საუკუნოჲსა საშჯელსა მოასწავებს სიტყჳთა ამით, რამეთუ ვითარცა კაცისმკლველი დაღაცათუ მსაჯულისა სიტყჳთა არა დაისაჯოს, არამედ ბუნებითა მის საქმისაჲთა დაშჯილ არს, ეგრეთვე ურწმუნოჲ; რამეთუ ადამსცა ჰრქუა უფალმან, ვითარმედ: „რომელსაცა დღესა შჭამო ხისა მისგან, მოჰკუდე“,3 და მან შემდგომად ჭამისა მრავალი ჟამი დაყო. და ვითარ ჰრქუა ღმერთმან, ვითარმედ: „რომელსა დღესა შჭამო, მასვე დღესა მოჰკუდე“? გარნა დაღაცათუ საქმით არა იქმნა მაშინვე სიკუდილი, არამედ ბრძანებითა მით ღმრთისაჲთა და ბუნებითა მის საქმისაჲთა, და ვინაჲთგან გამოჴდა მის ზედა განჩინებაჲ სიკუდილისაჲ, ვითარმცა მომკუდარ იყო, დაღაცათუ დაყვნა ჟამნი რაოდენნიმე. რამეთუ რაჲთა არავის ესმეს, ვითარმედ: „არა მოვედ დაშჯად სოფლისა“, და ჰგონებდეს, თუ არა სამე არს საშჯელი. ამისთჳს თქუა სიტყუაჲ ესე, რაჲთა ვიცოდით, ვითარმედ საშჯელი ყოფად არს. და ესე დიდი სახიერებაჲ არს ღმრთისაჲ, რომელ არა ოდენ ძჱ მოსცა, არამედ ჟამიცა საშჯელისაჲ დააყოვნა, რაჲთა აქუნდეს ცოდვილთა ჟამი სინანულისაჲ.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რომელსა ჰრწმენეს ძისაჲ, არა ისაჯოს“ (3,18).
თ ა რ გ მ ა ნ ი: „რომელსა ჰრწმენესო“, არა თუ რომელი გამოეძიებდეს ორგულებით. და უკუეთუ ვინ თქუას: და უკუეთუ ვისმე ჰრწმენეს
1 იოან. 12,47; შდრ. იოან. 3,17. 2 შდრ. მათ. 25,31-33. 3 შდრ. დაბ. 2,17.
კეთილად, და საქმენი ბოროტნი აქუნდენ, რაჲ ყოფად არს? არამედ გულისხმა-ყავთ, ვითარმედ ესევითართა მათ არცა მორწმუნედ ჭეშმარიტად სახელ-სდებს მოციქული პავლე, რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: „აღიარებენ სიტყჳთ, ხოლო საქმით უარ-ჰყოფენ“1 . გარნა მე ამასცა ვიტყჳ, ვი-თარმედ: იტყჳს უფალი, თუ: „რომელსა ჰრწმენეს, არა დაისაჯოს“, ესე იგი არს, ვითარმედ ამის პირისათჳს არა ისაჯოს, ხოლო ბოროტთა მათ საქმეთათჳს მიიღოს უმეტესი საშჯელი; ხოლო ურწმუნოებისათჳს არა ისაჯოს, უკუეთუ მორწმუნე იყოს. ჰხედავა, ვითარ საშინელთა საქმეთაგან იწყო და კუალად საშინელთავე ზედა დაასრულა სიტყუაჲ თჳსი? რამეთუ დაწყებასა სიტყჳსასა იტყოდა, ვითარმედ: „უკუეთუ ვინმე არა იშვეს წყლითა და სულითა, ვერ ჴელ-ეწიფების შესლვად სასუფეველსა ღმრთისასა“;2 აქა დასასრულსა ზედა იტყჳს, ვითარმედ: „რომელსა არა ჰრწმენეს, აწვე დაშჯილ არს“. ხოლო ნუ ჰგონებ, თუ დროებაჲ ესე ერგების რას, რომელი არა ინანდეს, რამეთუ ურწმუნოჲ არარაჲთ უმჯობეს არს მათსა, რომელნი ჯოჯოხეთს შინა არიან.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და ესე არს საშჯელი, რამეთუ ნათელი მოვიდა სოფლად, და შეიყუარეს კაცთა ბნელი, ვიდრე ნათელი“ (3,19).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ხოლო სიტყუაჲ ესე ესევითარი არს, ვითარმედ: ამისთჳს დაისაჯებიან კაცნი, რამეთუ ნათელსა დაუტევებენ და ბნელი უყუარს და არა ჰნებავს მისლვაჲ ნათლად, რამეთუ უკუეთუმცა მოსრულ ვიყავ შჯად და არა შენდობად ცოდვათა, აქუნდამცა სიტყუაჲ, თუ: ამისთჳს ურწმუნო ვიქმნენით; ხოლო ვინაჲთგან მოვედ გამოყვანებად ბნელისაგან და მოყვანებად ნათლად, ვინღა შეიწყალოს იგი, რომელსა არა ენებოს ბნელისაგან ნათლად მოსლვაჲ? ვითარცა სხუასა ადგილსა იტყჳს, ვითარმედ: „მომიძულეს მე ცუდად“;3 და ვითარმედ: „უკუეთუმცა არა მოსრულ ვიყავ, ცოდვაჲმცა არა აქუნდა“.4 რამეთუ რომელსა არა აქუნდეს ნათელი და ამისთჳს ჯდეს ბნელსა შინა, წყალობისა ღირს არს, ხოლო რომელი შემდგომად მოსლვასა ნათლისასა ბნელსა შინა დაადგრეს, არღარა ღირს არს წყალობისა.
ხოლო თქუა მიზეზიცა, რომლისათჳს უყუარს კაცთა ბნელი:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რამეთუ იყვნეს საქმენი მათნი ბოროტ. ყოველი რომელი ბოროტსა იქმნ, სძულნ ნათელი და არა მოვიდის ნათელსა, რაჲ-თა არა ემხილნენ საქმენი მისნი“ (3,19-20).
თ ა რ გ მ ა ნ ი: რამეთუ უკუეთუმცა სამშჯავროჲ დაედვა და შჯიდა, ჰქონდამცა მათ სიტყუაჲ, რომელ არა მოვიდოდეს მისა, რამეთუ ეშინოდა; ხოლო ვინაჲთგან შენდობად მოვიდა, რად არა მოვიდეს მისა და მიიღეს შენდობაჲ, ვითარცა მრავალთა მეზუერეთა და ცოდვილთა ქმნეს?
1 შდრ. ტიტ. 1,16. 2 იოან. 3,5. 3 იოან. 15,25; ფსალმ. 34,19; 37,20. 4 იოან. 15,22.
არამედ რომელთა-იგი აღირჩიეს უკუე ბნელსა შინა ყოფაჲ და ცოდვასა, ეშინოდა მათ სათნოებისაგან და ამისთჳს აღირჩიეს ვიდრე სიკუდილადმდე ცოდვასა შინა ყოფაჲ. არამედ იტყჳან ვიეთნიმე წარმართნი, რომელთა არა ჰნებავს მოსლვაჲ ნათლად და განშორებაჲ ცოდვისაგან, ვითარმედ: არა არიანა მრავალნი წარმართნი სათნოებისა მოქმედნი და ქრისტეანენი ცოდვილნი? გარნა მე ამას ვიტყჳ, ვითარმედ: მრავალნი არიან ქრისტეანენი ცოდვილნი, ხოლო წარმართნი სათნოებისა მოქმედნი არასადა იპოვებიან. ნუ იყოფინ! და ნუ იტყჳ მათთჳს, რომელნი სადამე იპოვნენ ბუნებით არა სიძვისმოყუარენი ანუ არა ვეცხლისმოყუარენი; არამედ პოვე ერთიცა, რომელი წინააღუდგებოდის ბრძოლასა ვნება-თასა, და უკუეთუ სადა ჰპოვო, კაცთა დიდებისათჳს ჰპოვო საქმჱ მისი; და რომელი კაცთათჳს იყოს, მაშინ, ოდესცა პოვოს ჟამი ფარული, ნუ იყოფინ, თუმცა აღჳრ-ასხნა გულისთქუმასა თჳსსა. გარნა რაჲთა არა შემოვიღოთ ცილობაჲ, ვთქუათ, ვითარმედ: იყოს წარმართი მოქმედი სათნოებისაჲ. არა უფროჲსად საწყალობელ არსა, რომელ აქა და-შურების და იჭირვის, და მუნ გეჰენიად მივალს, რამეთუ არა მოვიდა ნათლად? რამეთუ მოვიდა ნათელი თავით თჳსით; არა თუ მათ მოიძიეს, ანუ თუ დაშურეს მისთჳს, თჳთ მოვიდა, და არა შეიწყნარეს მათ. რამეთუ ვინმცა იყო, რომელმანმცა დაუტევა ცოდვაჲ და არამცა მოვიდა ნათლად? არამედ რომელიცა ჰგიეს ბნელსა შინა ურწმუნოებისასა, უწყიმცა, ვითარმედ სიყუარულისათჳს ცოდვათაჲსა ჰგიეს. და ნუ იტყჳ ამას, ვი-თარმედ: არს ვინმე წარმართი, რომელი არა ისიძავს, ანუ არა იტაცებს, არამედ უწყოდე, ვითარმედ მას ყოველსა დიდებისათჳს კაცთაჲსა იქმს და ფარულად არა ერიდების ცოდვასა; ანუ კაცთა დიდებისათჳს არა მოვალს ნათლად, რამეთუ ჰრცხუენინ ანუ მოყუსისაგან, ანუ თჳსთაგან. და ესე არს უკეთურებაჲ, რამეთუ ყოველი მონაჲ ამპარტავანებისაჲ უარეს მსიძავისაცა არს და უძჳრჱსთა ბოროტთა იქმს.
სწავლაჲ კჱ ცუდადმზუაობრობისათჳს
ხოლო ჩუენ ვივლტოდით, ძმანო, ცუდადმზუაობრობისაგან, რამე-თუ უძჳრჱს არს ყოველთა ვნებათასა. ამის მიერ იშვების ანგაჰრებაჲ და საჴმართა სიყუარული, ამის მიერ იქმნებიან სიძულილნი და ბრძოლანი და შფოთნი, რამეთუ რომელი უმეტჱსსა დიდებასა ეძიებდეს, მარადის ბრძოლათა და ბოროტთა შინა არს და ვეროდეს ჰპოვებს გულისთქუმისა თჳსისა დასასრულსა. ხოლო ესე ყოველი ცუდადმზუაობრობისაგან არს. რამეთუ რაჲსაგან არს სიმრავლჱ სამკაულთაჲ და მონათა და ტაძართაჲ,
რომელ ჰქონან მრავალთა? არა თუ საჴმარ მათა არს იგი ყოველი, არამედ რაჲთა ამპარტავანებისა და ზუაობისა მათისა მოწამენი მრავალნი ჰყვენ; ხოლო უკუეთუ მას ვსძლოთ რაჲთ, მრავალნი სხუანი ვნებანი უჩინო-ვყვნეთ მის თანა, და არღარა იყოს დამაყენებელ, რაჲთა ესრეთ ვიყოფოდით ქუეყანასა ზედა, ვითარცა ცათა შინა. რამეთუ ესე ვნებაჲ არა თუ ცოდვათა შინა ოდენ არს, არამედ სათნოებათაცა შეერთვის და განმრყუნელი არს სათნოებისა ყოვლისაჲ, რომელსაცა თანა იყოს, რამეთუ შრომათა თავს-დებად გუაიძულებს და ნაყოფისა მოკრებად არა შეგჳნდობს, რამეთუ აქავე მიუღებიეს სასყიდელი ყოვლისა შრომისაჲ ცუდადმზუაობართა. და რაჲმცა იყო ამის დაჭირვებისა უსაწყალობელჱს? რამეთუ შეუძლებელ არს, თუმცა სოფლისაცა დიდებასა ვეძიებდეთ და ღმრთისასაცა და ორივემცა ვპოვეთ, არამედ მაშინ ოდენ ვჰპოვებთ ორსავე, რაჟამს ერთსა ოდენ ვეძიებდეთ - ღმრთისამიერსა. და ამისთჳს გევედრები, რაჲთა ვივლტოდით დიდებისაგან კაცთაჲსა და ვე-ძიებდეთ დიდებასა ღმრთისაგან, რომელსა ღირსმცა ვართ მიმთხუევად მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსითა, რომელსა ჰშუენის დიდებაჲ და პატივი და სიმტკიცე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.