მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ლთ

წმინდა იოანე ოქროპირი

📋 სარჩევი

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „მამაჲ არავის შჯის, და ყოველი საშჯელი მოსცა ძესა, რაჲთა ყოველნი პატივ-სცემდენ ძესა, ვითარცა-იგი პატივ-სცემენ მამასა“ (5,22-23).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ფრიადი მოსწრაფებაჲ გჳჴმს ჩუენ ყოველსავე ზედა, საყუარელნო, რამეთუ სიტყუაჲ თანაგუაც მიცემად სიტყუათათჳსცა და საქმეთა ცხორებასა მას, რომელსა მისლვად ვართ, და საყდარსა, რომლისა წინაშე წარდგომად ვართ მოგებად საქმეთა ჩუენთაებრ, გინა თუ კეთილი გუექმნას, გინა თუ ბოროტი. მას უკუე სამშჯავროსა ვიჴსენებდეთ მარადის და ესრეთ შეუძლოთ ყოფად სათნოებასა შინა. რამეთუ ვითარცა რომელმან დღჱ იგი სულისაგან თჳსისა აღმოიგდოს, ვითარცა უაღჳროჲ კლდეთა შინა და კაპანთა შთავარდების, რამეთუ წერილ არს, ვითარმედ: „ბილწ არიან გზანი მისნი ყოველსა ჟამსა“; და მერმე მიზეზიცა თქუა მის საქმისაჲ, ვითარმედ: „მიღებულ არიან სამართალნი შენნი პირისაგან მისისა“.1 ეგრეთვე რომელსა მარადის შიში აქუნდეს, კეთილი-თა მოქალაქობითა იყოფვის, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: „იჴსენებდი აღსასრულსა შენსაო და უკუნისამდე არა სცოდო“.2 რამეთუ რომელიიგი აწ ცოდვათა ჩუენთა შეგჳნდობს, მას ეგულების შჯაჲ ჩუენი; რომელი ჩუენთჳს მოკუდა, იგი არს, რომელმან განიკითხოს ბუნებაჲ ჩუენი. ამისთჳსცა იტყოდა:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მამაჲ არავის შჯის, არამედ ყოველი საშჯელი მოსცა ძესა, რაჲთა ყოველნი პატივ-სცემდენ ძესა, ვითარცა-იგი პატივ-სცემენ მამასა“ (5,22-23).

თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჟამს თქუას, ვითარმედ: „ყოველი საშჯელი მოსცა ძესა“, „ყოველსა“ იტყჳს, ვითარმედ უფალი არს პატივის-ცემისა და ტანჯვისაჲ. რამეთუ იხილა ბუნებაჲ კაცთაჲ უგულისხმო, და ვითარმედ არა ესრეთ მოდრკებიან კეთილისა ქადებითა, ვითარ შიშითა ტანჯვისაჲთა, ამისთჳს მიუთხრა ესე, რაჲთა ნუუკუე შიშმან მოიყვანნეს პატივად მისა. ხოლო სიტყუაჲ ესე, ვითარმედ: „მოსცა“, თქუმულ არს, რაჲთა არა უშობელად შეჰრაცხო იგი, არცა ორნი მამანი მოიგონნე, რამეთუ ყოველივე, რაჲცა არს მამაჲ, იგივე არს ძჱ, შობილი და დადგრომილი ღმრთეებასა შინა ძედ. და რაჲთა სცნა, ვითარმედ სიტყუაჲ ესე, თუ: „მოსცა“, ამას მოასწავებს, ვითარმედ: შვა, ისმინე სხუაჲ სიტყუაჲ, რაჲთა მისგან ესეცა სცნა, რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: „ვითარცა-იგი მამასა აქუს ცხორებაჲ თავისა თჳსისა თანა, ეგრეთვე ძესა მოსცა, რაჲთა ცხორებაჲ აქუნდეს თავისა თჳსისა თანა“.3 რაჲ არს უკუე სიტყუაჲ ესე? პირველად შვა და

1 ფსალმ. 9,26. 2 ზირ. 7,39. 3 იოან. 5,26.

მერმეღა მისცაა ცხორებაჲ? რამეთუ რომელი მისცემდეს, არსსა ვისმე მისცემს; და რაჲ არს, შობილ იყოა იგი ოდესმე თჳნიერ ცხორებისა? არამედ ამას არცა თუ ეშმაკნი მოიგონებენ, რამეთუ უშჯულოებასა თანა უგულისხმოებაჲცა ფრიადი აქუს; არამედ ვითარცა სიტყუაჲ იგი, თუ: „მოსცა ცხორებაჲ“, ესე არს, ვითარმედ: შვა იგი, ეგრეთვე სიტყუაჲ ესე, თუ: „მოსცა საშჯელი“, ესე არს, ვითარმედ: მსაჯულად შვა იგი, რამეთუ იგი მოვალს შჯად, რაჲთა სცნა, ვითარმედ ყოვლითურთ სწორ მამისა არს, რამეთუ რომელსა ჴელმწიფებაჲ აქუს ტანჯვად და პატივის-ცემად, რომელთაჲცა ენებოს, მას სწორადვე მამისა ძალ-უც. თუ არა, ვითარ იტყჳთ, ვითარმედ არა ესრეთ არს, ვითარ-ესე მე ვიტყჳ, არამედ პირველ იშვა და მერმე მიეცაო ჴელმწიფებაჲ ესე? ანუ რომლისა საქმისათჳს მიეცა მას შემდგომად შობისა საქმჱ ესე? რომლითა წარმართებითა მოვიდა ამას პატივსა? არა გრცხუენისა ამათ კაცობრივთა ზრახვათა უნდოთა შემოღებად უხრწნელსა მას ბუნებასა ზედა, რომლისა თანა არარაჲ არს უკუანაჲსკნელ შემოსრული? ხოლო უკუეთუ იტყჳ, ვითარმედ: რად იტყჳს ესრეთ? გულისხმა-ყავ, რამეთუ ამისთჳს იტყჳს ესრეთ, რაჲ-თა შესაწყნარებელ იქმნეს სიტყუაჲ მისი და გზა-უყოს მაღალთა მათ სიტყუათა. ამისთჳს შეჰრთავს მდაბალთა მაღალთა თანა და მაღალთა - მდაბალთა თანა.

და ისმინე პირველითგან, რამეთუ თქუა, ვითარმედ: „მამაჲ ჩემი მოაქამომდე იქმს, და მეცა ვიქმ“,1 და აჩუენა ამის მიერ სწორებაჲ თჳსი, არამედ მათ ინებეს მისი მოკლვაჲ. იხილე უკუე, კუალად რაჲ ქმნა, რამეთუ სიტყუაჲ სიმდაბლისაჲ თქუა, ხოლო ძალი იგივე, ვითარმედ: „არა ძალ-უც ძესა თავით თჳსით საქმედ არცა ერთი რაჲ“, და მერმე კუალად აღიყვანა სიმაღლედ სიტყუაჲ თჳსი, ვითარმედ: „რაოდენსაიგი მამაჲ იქმს, მისა მსგავსად ძჱცა იქმს“;2 და კუალად სიმდაბლედ მოიყვანა, ვითარმედ: „მამასა უყუარს ძჱ და ყოველივე უჩუენა მას, რაოდენსაცა იგი იქმს, და უფროჲსი ამისა უჩუენოს მას საქმჱ“.3 და კუალად სიმაღლედ აღიყვანა სიტყუაჲ თჳსი, ვითარმედ: „ვითარცა მამაჲ აღადგინებს მკუდართა და აცხოვნებს, ეგრეთვე ძჱ, რომელთაჲ ჰნებავს, აცხოვნებს“.4 და ამისა შემდგომად კუალად თქუა სიტყუაჲ, ერთბამად სიმდაბლისაცა მომასწავებელი და სიმაღლისაჲცა, ვითარმედ: „მამაჲ არავის შჯის, არამედ ყოველი საშჯელი მოსცა ძესა“, და კუალად აღიყვანა სიმაღლედ, ვითარმედ: „რაჲთა ყოველნი პატივ-სცემდენ ძესა, ვითარცა-იგი ყოველნი პატივ-სცემენ მამასა“.

ჰხედავა, ვითარ თჳთოფერ-ჰყოფს სიტყუასა თჳსსა და მაღლითა და მდაბლითა სიტყჳთა და სახელითა ქსოვს მას, რაჲთა მაშინდელთა მიერცა

1 იოან. 5,17. 2 იოან. 5,19. 3 იოან. 5,20. 4 იოან. 5,21.

შესაწყნარებელ იქმნეს და შემდგომთაცა ნათესავთა არარაჲ ევნოს? რამეთუ ჩუენ გულისხმა-ვჰყოფთ, ვითარმედ მიზეზი მდაბალთა სიტყუათა მისთაჲ ყოველივე ღმრთივშუენიერ არს და მაღალ, რამეთუ ჩუენთჳს იქმოდა, რაჲთა ვისწაოთ სიმდაბლჱ, და რაჲთა გჳჩუენოს ცხორებაჲ, რამეთუ მის მიერ იქმნების, რომელსაცა თავადი მოასწავებდა სხუასა ადგილსა და იტყოდა, ვითარმედ: „ამას ვიტყჳ, რაჲთა თქუენ სცხოვნდეთ“.1 რამეთუ ვინაჲთგან იოვანეს წამებაჲ შორის შემოიღო და თჳსი დაუტევა, რამეთუ ესე არა ღირს იყო მისისა დიდებულებისა, ამისთჳს მიზეზსა იტყჳს ესოდენისა მის სიმდაბლისა სიტყუათაჲსა, ვითარმედ: „ამას ვიტყჳ, რაჲთა თქუენ სცხოვნდეთ“. ხოლო ისმინეთ კუალად სიტყუაჲ სწორებისაჲ მამისა თანა: ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რომელმან არა პატივ-სცეს ძესა, არა პატივ-სცემს

მამასა, რომელმან მოავლინა იგი“ (5,23).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ჰხედავა, ვითარ შეთხზულ არს პატივი ძისაჲ პატივსა თანა მამისასა? რამეთუ არა თქუა, თუ: უკუეთუ არა პატივ-სცემდენ ოდენ, არამედ: „რომელი არა პატივ-სცემდეს ესრეთო, ვითარცა მამასა, იგი არა პატივ-სცემს მამასა“. რამეთუ იტყჳს სიბრძნით სიტყუათა თჳსთა, რაჲთა მიზეზიცა გულისხმა-ვყოთ და საბელიოზის წვალებასა არა შთავვარდეთ, და ჰურიათაცა უძლურებაჲ განიკურნოს ამის სახითა, რაჲთა არა შერაცხილ იყოს იგი მათ მიერ ღმრთისა წინააღმდგომად, რამეთუ იტყოდეს, ვითარმედ: ესე არა ღმრთისაგან მოსრულ არს, და ამის იჭჳსა დაჴსნად ვერ ესრეთ შემძლებელ იყვნეს მაღალნი სიტყუანი, ვითარ მდაბალნი. ამისთჳს ზედაჲსზედა იტყოდა მოვლინებასა თჳსსა, არა თუ რაჲთამცა უდარჱსობაჲ მისი რაჲმე გულისხმა-ვყავთ სიტყჳსა მისგან, არამედ რაჲთა მათნი პირნი დაუყვნეს. ამისთჳს ზედაჲსზედა მამისა მიმართ მიიყვანებს სიტყუასა თჳსსა და თანა თჳსსაცა პატივსა გამოაჩინებს, რამეთუ უკუეთუმცა მარადის თჳსისა ბუნებისა და პატივისაებრ იტყოდა, არამცა შეიწყნარნეს მათ სიტყუანი იგი, ვინაჲთგან მცირენიცა თუ ესევითარნი სიტყუანი ესმნიან, სდევნიდიან მას. და კუალად, უკუეთუმცა მათთჳს ყოველთავე სიმდაბლისა სიტყუათა იტყოდა, შემდგომად მისა მრავალთამცა ევნო. ამისთჳსცა შეზავა სიტყუაჲ თჳსი სიმაღლითა და სიმდაბლითა, ამისთჳსცა შემდგომიცა ესე თქუა:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ: რომელმან სიტყუანი ჩემნი ისმინნეს და ჰრწმენეს მომავლინებელი ჩემი, აქუნდეს მას ცხორებაჲ საუკუნოჲ“ (5,24).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ჰხედავა, ვითარ ისწრაფის განქარვებად იჭჳსა მის, რომელი აქუნდა მათ, თუ წინააღმდგომი არს ღმრთისაჲ, და შეშინებითაცა და კეთილისა ქადებითა წინააღდგომასა მისსა აყენებს? და

1 იოან. 5,34.

აქაცა დაამდაბლებს სიტყუასა თჳსსა, რამეთუ არა თქუა, ვითარმედ: რომელმან სიტყუანი ჩემნი ისმინნეს და ჰრწმენეს ჩემი, თუ არა, კუალადმცა ზუაობაჲ დაეწამა მისდა. რამეთუ უკუეთუ შემდგომად მრავლისა ჟამისა და მრავალთა სასწაულთა ესე ვერ გულისხმა-ყვეს და ჰრქუეს მას: „აბრაჰამ მოკუდა, და წინაჲსწარმეტყუელნი მოსწყდეს, და შენ ვი-თარ იტყჳ, თუ: რომელმან ისმინოს სიტყუაჲ ჩემი და ჰრწმენეს, არა იხილოს გემოჲ სიკუდილისაჲ?“1 და ამისთჳს, რაჲთამცა არა აწცა განმჴეცდეს, თქუა ესრეთ, ვითარმედ: „რომელმან სიტყუანი ჩემნი ისმინნეს და ჰრწმენეს მომავლინებელი ჩემი, აქუნდეს მას ცხორებაჲ საუკუნოჲ“, რამეთუ ესე არამცირედ შესაწყნარებელ-ჰყოფდა სიტყუასა მისსა, რაჲ-თამცა ცნეს, ვითარმედ მამისა სარწმუნოებასა ქადაგებს, და უკუეთუმცა ესე გულსმოდგინედ შეიწყნარეს, სხუაჲცამცა უადვილჱსად ჰრწმენა. და ესრეთ საცნაურ არს, ვითარმედ მდაბალნიცა სიტყუანი მაღალთავე შეეწეოდეს, რამეთუ თქუა:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „აქუნდეს მას ცხორებაჲ საუკუნოჲ, და საშჯელსა იგი არა შევიდეს, არამედ გარდაიცვალოს სიკუდილისაგან ცხორებად“ (5,24).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ორითა სახითა სარწმუნო-ჰყოფს სიტყუასა თჳსსა: ერ-თად, რამეთუ მამასა სარწმუნო-ჰყოფს, და მეორედ, რამეთუ მრავალთა კეთილთა მიანიჭებს, რომელთაცა ჰრწმენეს. ხოლო თუ „საშჯელსა არა შევიდეს“, ესე არს, ვითარმედ არა იტანჯოს, რამეთუ სიკუდილად არა თუ ამას იტყჳს საწუთროჲსასა, არამედ საუკუნესა, ვითარცა-იგი ცხორებასა მას უკუდავსა იტყჳს:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ამენ, ამენ, გეტყჳ თქუენ, რამეთუ: მოვალს ჟამი, და აწვე არს, ოდეს მკუდართა ისმინნენ სიტყუანი ძისა ღმრთისანი, და რომელთა ისმინნენ, ცხოვნდენ“ (5,25).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ვინაჲთგან იტყოდა, ვითარმედ: „ვითარცა მამაჲ აღადგინებს მკუდართა და აცხოვნებს, ეგრეთვე ძჱ, რომელთაჲ ჰნებავს, აცხოვნებს“, და რაჲთა არა სიტყუაჲ ოდენ იყოს და ტყუვილად შეჰრაცხონ მათ, ამისთჳსცა საქმისაცა ჭეშმარიტებასა გამოაჩინებს, ვითარმედ: „მოვალს ჟამი“, და რაჲთა არა შორს მოელოდიან, ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: „აწვე არსო, ოდეს მკუდართა ისმინნენ სიტყუანი ძისა ღმრთისანი“ და ცხოვნდენ. იხილე აქაცა ჴელმწიფებაჲ მიუთხრობელი, რამეთუ ვითარცა მერმესა აღდგომასა, ეგრეთვე აწ იყოსო, რამეთუ მა-შინ ბრძანებითა ღმრთისაჲთა აღვდგეთ და აწცაო, ვიდრე მე თქუენ თანა ვიყო, იქმნეს ესე საქმჱ. და მერმე შემოიღებს სიტყუასა დამამტკიცებელსა ამის პირისასა და იტყჳს:

1 შდრ. იოან. 8,52.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ვითარცა-იგი მამასა აქუს ცხორებაჲ თავისა თჳსისა თანა, ეგრეთვე მოსცა ძესა, რაჲთა აქუნდეს ცხორებაჲ თავისა თჳსისა თანა“ (5,26).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ჰხედავა შეუცვალებელობასა და ვითარმედ ერთი ოდენ არს განყოფილებაჲ თჳთებისაჲ? რამეთუ იგი მამაჲ არს და იგი - ძჱ, ხოლო სხუაჲ ყოველივე სწორ და შეუცვალებელ არს, და ამით საცნაურ არს, ვითარმედ ესევითარითა ძალითა და ჴელმწიფებითა იქმს ყოველსავე, ვითარ-იგი მამაჲ, და არა სხუებრ რაჲმე, რამეთუ ესრეთ აქუს ცხორებაჲ, ვითარცა მამასა. ამისთჳსცა შემდგომიცა იგი სიტყუაჲ არს, რაჲთა მისგან ესე გულისხმა-ვყოთ, რამეთუ იტყჳს:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და ჴელმწიფებაჲ მოსცა მას საშჯელისაცა ყოფად“ (5,27).

თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჲსათჳს, რომელ აღდგომასა და საშჯელსა ამას ადგილსა ზე და ქუე აქცევს? ამისთჳს, რომელ ესე სიტყუანი უფროჲს ყოვლისა მოაქცევენ გონებასა, რამეთუ რომელსა ესე ჰრწმენეს, შეშინდების და ისწრაფის, რაჲთა დაიმშჳდოს მსაჯული იგი.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რამეთუ ძჱ კაცისაჲ არს, ნუ გიკჳრს ესე“ (5,27-28).

თ ა რ გ მ ა ნ ი: რამეთუ ვინაჲთგან ურწმუნოდ უჩნდა მსმენელთა მათ სიტყუაჲ იგი და შეერაცხა ქრისტე კაცად ლიტონად, ხოლო სიტყუანი იგი უზეშთაეს კაცთა და ანგელოზთაცა იყვნეს, მხოლოჲსა ღმრთისანი, ამისთჳს თქუა, ვითარმედ: „ნუ გიკჳრს ესე, რამეთუ ძჱ კაცისაჲ არს“. და ვითარმცა იქმნა ესეო? „რამეთუ მოვალს ჟამი, რომელსა ყოველნი რომელნი ისხნენ საფლავებსა, ისმინონ ჴმისა მისისაჲ. და გამოვიდოდიან კეთილისმოქმედნი აღდგომასა ცხორებისასა, ხოლო ბოროტისმოქმედნი - აღდგომასა მას საშჯელისასა“ (5,28-29). და რაჲსათჳს არა თქუა, თუ: ნუ გიკჳრს, ვითარმედ ძჱ კაცისაჲ არს, რამეთუ ძჱ ღმრთისაჲცა არს, არამედ აღდგომაჲ ხოლო აჴსენა? ამისთჳს, რამეთუ ზემო თქუა, ვი-თარმედ: „ისმინონ ჴმაჲ ძისა ღმრთისაჲ“, ხოლო აქა თქუა საქმჱ, რომელი ღმრთისაჲ ოდენ არს, რაჲთა მის მიერ მოიგონონ, ვითარმედ ღმერთი სამე არს და ძჱ ღმრთისაჲ, რომელი ამას იქმს. რამეთუ უკუეთუმცა თჳთ იტყოდა ამას ზედაჲსზედა, და ნუუკუე წინააღმდგომმცა იპოვა საქმჱ იგი, არამედ სასწაულთა მიერ უფროჲს უვნებელ-ჰყოფდა სწავლასა მას. და პირველ, რაჟამს ლაზარეს აღდგომასა აჴსენებდა, ესრეთ თქუა, ვითარმედ: „მოვალს ჟამი, და აწვე არს, ოდეს მკუდართა ისმინნენ სიტყუანი ძისა ღმრთისანი“, და საშჯელი მუნ დაიდუმა, ხოლო აქა, ყოველთა აღდგომისათჳს რაჲ იტყოდა, საშჯელიცა აჴსენა, ვითარმედ: „გამოვიდოდიან კეთილისმოქმედნი აღდგომასა ცხორებისასა, და ბოროტისმოქმედნი - აღდგომასა საშჯელისასა“; რამეთუ ვინაჲთგან ზემო თქუა, ვითარმედ: „რომელმან სიტყუანი ჩემნი ისმინნეს და ჰრწმენეს მომავლინებელი ჩემი, საშჯელსა არა შევიდეს“, რაჲთა არავინ ჰგონებდეს, ვითარმედ ესე ოდენ კმა არს ცხორებად, ამისთჳს საქმეთათჳსცა თქუა, ვითარმედ: „კეთილისმოქმედნი - აღდგომასა ცხორებისასა, და ბოროტისმოქმედნი - აღდგომასა საშჯელისასა“. ვინაჲთგან უკუე თქუა, ვი-თარმედ: ყოველსა სოფელსა სიტყჳს-მიცემაჲ მისდა თანააც, ვითარმედ ყოველნი ჴმითა მისითა აღდგენ, - საქმჱ ახალი, რამეთუ აწცა მრავალთა მიერ ურწმუნო არს, და მაშინცა ჰურიათა ვითარ არა ურწმუნო უჩნდა? - ამისთჳს ისმინე, ვითარ სარწმუნო-ჰყოფს სიტყუასა მას და უძლურებასა მათსა თანა დამდაბლდების და იტყჳს:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „არა ძალ-მიც საქმედ თავით ჩემით არარაჲ, არამედ ვითარცა მესმის, ვშჯი, და საშჯელი ჩემი მართალ არს, რამეთუ არა ვეძიებ ნებასა ჩემსა, არამედ ნებასა მომავლინებელისა ჩემისასა“ (5,30).

თ ა რ გ მ ა ნ ი: რამეთუ ვინაჲთგან ესრეთ უჩნდა მათ, თუ უცხოთა რათმე სიტყუათა იტყჳს უფროჲს წინაჲსწარმეტყუელთასა, რამეთუ იგინი იტყოდეს, ვითარმედ: ღმერთი არს, რომელმან განსაჯოს ქუეყანაჲ, ხოლო ქრისტე იტყოდა, ვითარმედ: მამაჲ არავის შჯის, არამედ ყოველ-თავე მე ვშჯი, და სიტყუაჲ ესე აღაშფოთებდა ჰურიათა და დაარწმუნებდა, რაჲთა წინააღმდგომად ღმრთისა თქუან იგი, ამისთჳს ფრიადისა სიმდაბლისა სიტყუაჲ თქუა აქა, რაჲთამცა მათი უძლურებაჲ განკურნა და ბოროტი იგი იჭჳ ძირითურთ აღმოფხურა. ამისთჳს თქუა, ვითარმედ: „არა ძალ-მიც საქმედ თავით ჩემით არარაჲ“, ესე იგი არს, ვითარმედ: შეუძლებელ არს, თუმცა იხილეთ ანუ გესმა ჩემგან საქმჱ ანუ სიტყუაჲ წინააღმდგომი მამისაჲ. და ვითარცა ზემო იტყოდა, ვითარმედ: „რომელი გუესმა, ვიტყჳთ, და რომელი ვიხილეთ, ვწამებთ“,1 ორსავე ჭეშმარიტისა ცნობისათჳს იტყოდა და არა თუ ხილვისა და ცნობისათჳს. ეგრეთვე აქა, სმენაჲ რაჲ თქუა, არარას სხუასა მოასწავებს, გარნა ამას, ვითარმედ: შეუძლებელ არს, თუმცა სხუაჲ რაჲ ვინებე მე, გარნა რაჲ-იგი მამასა ჰნებავს. არამედ არა თქუა ესე ესრეთ, ვითარ მე ვიტყჳ, თუ არა, არამცა შეეწყნარა, არამედ სიმდაბლით თქუა და კაცობრივ, ვითარმედ: „ვი-თარცა მესმის, ვშჯიო“. არა თქუა, თუ: ვითარცა ვისწავებ, არამედ: „ვი-თარცა მესმის“; არამედ არა თუ ვითარმცა სმენაჲ უჴმდა, ესრეთ იტყჳს ამას, რამეთუ არა თუ სწავლაჲ ოდენ არა საჴმარ იყო მისა, არამედ არცა სმენაჲ, გარნა ერთობასა მოასწავებდა და შეუცვალებელობასა საშჯელისასა, ვითარმცა იტყოდა, ვითარმედ: ესრეთ ვშჯი, ვითარცა თჳთ მამაჲ, უკუეთუმცა შჯიდა.

და მერმე იტყჳს, ვითარმედ: „საშჯელი ჩემი მართალ არს, რამეთუ არა ვეძიებ ნებასა ჩემსა, არამედ ნებასა მომავლინებელისა ჩემისასა“.

1 იოან. 3,11.

რასა იტყჳ, გაქუსა შენ სხუაÁ ნებაჲ მამისაგან კიდე? და ვითარ სხუასა ადგილსა იტყჳ, ვითარმედ: „ვითარცა მე და შენ, მამაო, ერთ ვართ“,1 და ნებისათჳს და ერთობისათჳს იტყოდე. არამედ გულისხმა-ყავთ, ძმანო, რამეთუ სიტყუაჲ ესე ესევითარი არს, ვითარმედ: არა თუ სხუაჲ არს ნებაჲ ჩემი და სხუაჲ არს ნებაჲ მამისაჲ, არამედ ვითარცა ერთისა ბუნებისა ერთი ნებაჲ არს, ეგრეთვე ჩემი და მამისაჲ. და არარაჲ არს ჩემი სხუაჲ ნებაჲ, მამისაგან განყოფილი, არამედ რაჲ-იგი მას ჰნებავს, მეცა იგივე მნებავს, და რაჲ მე მნებავს, მასცა იგივე ჰნებავს; და ვითარი მამისაჲ არს საშჯელი, ეგევითარივე ჩემი არს, და რამეთუ ერთისაგან გონებისა გამოვალს ორთავე ბრძანებაჲ. ხოლო რომელ ესრეთ კაცობრივ იტყჳს სიტყუასა ამას, ნუ გიკჳრს, რამეთუ ჯერეთ ლიტონად კაცად შეერაცხა იგი. და ამისთჳს ჯერ-არს, რაჲთა ესევითართა ადგილთა არა თუ თქუმულთა მათ ოდენ გამოვეძიებდეთ, არამედ თუ ვითარი გონებაჲ აქუნდა მსმენელთა მათ, და ესრეთ ვისმენდეთ, ვითარცა მათისა გონებისა მიმართ თქუმულსა, რამეთუ უკუეთუ ვინ სიტყუათა წერილისათა ვითარცა ჰპოებდეს და ესრეთ გულისხმა-ჰყოფდეს, მრავალსა ბოროტსა შთავარდეს.

და ვითარმცა იყო ესე, თუმცა უფალი იტყოდა, თუ: სხუაჲ არს ნებაჲ ჩემი, და სხუაჲ არს მამისაჲ, რომელ-ესე კაცნიცა ჭეშმარიტად ღმრთისმსახურნი არავე იტყჳან ამას. რამეთუ უკუეთუ პავლე ესრეთ შეზავა ნებაჲ თჳსი ნებასა ღმრთისასა, ვიდრეღა იტყოდა, ვითარმედ: „არღა მე ცხოველ ვარ, არამედ ცხოველ არს ჩემ შორის ქრისტე“,2 ვი-თარ უკუე მეუფემანმცა ყოველთამან თქუა, თუ: სხუაჲ არს ნებაჲ ჩემი და მას არა ვეძიებ, არამედ მამისა ჩემისა ნებასა ვეძიებ? გარნა გონებათაებრ მსმენელთაჲსა და იჭჳსაებრ მათისა, რომელთა მიმართ მაშინ იტყოდა, თქუა ესე, რამეთუ ვინაჲთგან ზემოჲთვე იტყოდა სიტყუათა მათ, რომელთამე - ღმრთივშუენიერად და რომელთამე - კაცობრივ, და აქაცა კუალად ვითარცა კაცი იტყჳს, ვითარმედ: „საშჯელი ჩემი მარ-თალ არს“, ამისთჳს, „რამეთუ არა ვეძიებ ნებასა ჩემსა, არამედ ნებასა მომავლინებელისა ჩემისასა“. რამეთუ ვითარცა კაცთა შორის რომელი ნებისა თჳსისა აღსრულებისაგან შორს იყოს და სიყუარულისაგან თავისა თჳსისა, უჯერო არს მისთჳს თქუმაჲ, თუ უსამართლოდ შჯის, ეგრეთვე ვერცა ჩემდა აწ ძალ-გიც მხილებად, რამეთუ რომელი ეძიებდეს თჳსისა ნებისა დამტკიცებად, ნუუკუედა იჭუეულ იქმნეს მრავალთაგან, ვი-თარმედ გარდააქცევს სამართალსა, ხოლო რომელი თჳსსა ნებასა არა ეძიებდეს, რაჲღა მიზეზი არს, რაჲთამცა არა სამართალსა შჯიდა?

და ესე გულისსიტყუაჲ მოიპოვეთ ჩემთჳსცა, რამეთუ უკუეთუმცა ვიტყოდე, თუ: არა მამისა მიერ მოვლინებულ ვარ, და არამცა მის-

1 შდრ. იოან. 17,21-22. 2 გალ. 2,20.

სა მივიღებდი დიდებასა ამათ საქმეთასა, ნუუკუედა იჭუეულმცა ვინმე იქმნა თქუენგანი, თუ თავისა ჩემისა დიდებაჲ მნებავს და ამისთჳს არა ვიტყჳ ჭეშმარიტსა. ვინაჲთგან უკუე მას ვადიდებ, რაჲღა მიზეზი გაქუს შესმენად ჩემდა? ჰხედავა, სადა მოიყვანა სიტყუაჲ თჳსი?

ჰხედავა, რამეთუ, ვითარცა მრავალგზის ვთქუ, გარდამატებაჲ სიმდაბლისა სიტყუათა მისთაჲ უფროჲსად ასწავლის გონიერთა, რაჲთა არა ვითარცა ესმეს და ესრეთ გულისხმა-ჰყოფდენ სიტყუათა მისთა და დაეცემოდიან, არამედ ასწავებს, რაჲთა სიმაღლესა მას ძალისა მათისასა აღვიდოდიან და არაჲ ევნებოდის.

სწავლაჲ ლთ ძჳრისჴსენებისათჳს და მოწყალებისა

ხოლო ჩუენ, ძმანო, რაჟამს ესე ყოველი გუესმოდის, ნუმცა ამაოდ თანაწარვჰჴდებით სიტყუათა ამათ, არამედ კეთილად გამოვეძიებდეთ და მიზეზსა თქუმულთა ამათ გამოვიწულილვიდეთ; და ნუმცა ვჰგონებთ, თუ კმა არს ჩუენდა სიტყჳს-გებად ღმრთისა უგულისხმოებაჲ და უსწავლელობაჲ, რამეთუ არა თუ უმანკოებაჲ ოდენ გჳბრძანა უფალმან, არამედ სიბრძნეცა. მოვიგოთ უკუე სიწრფოებასა თანა სიბრძნჱცა და განვიკითხვიდეთ აქავე თავთა ჩუენთა, რაჲთა არა სოფელსა თანა დავისაჯნეთ. და ესევითარნი ვიყვნეთ მოყუასთა მიმართ, ვითარ გუნებავს, რაჲთა იყოს ღმერთი ჩუენდა მომართ, რამეთუ ვიტყჳთ: „მოგჳტევენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა“.1 და ვიცი, ვითარმედ რაჟამს სული შეიწუხოს მეორისა მიერ, არა თავს-იდებს მას შეუწუხებელად და უტკივარად; არამედ უკუეთუ გულისხმა-ვყოთ, ვითარმედ არა შემაწუხებელსა მას, არამედ თავთა ჩუენთა უყოფთ კეთილსა, უკუეთუ არა განვრისხნეთ, ესრეთ შეუძლოთ გესლსა მას გულისწყრომისასა აღმოგდებად; რამეთუ რომელმან-იგი ასისა მის დრაჰკანისათჳს ტანჯა მოყუასი იგი თჳსი, არა თუ მას ავნო, არამედ თავი თჳსი ბევრეულისა მის ტალანტისა თანამდებ-ყო, რომელთაჲ პირველად შენდობაჲ მიეღო. რაჟამს უკუე სხუათა არა შეუნდოთ, თავთა ჩუენთა არა შეუნდობთ.

ნუმცა უკუე ღმერთსა ოდენ ვეტყჳთ მარადის, თუ: ნუ მოიჴსენებ ცოდვათა ჩუენთა, არამედ ჩუენთაცა თავთა ვჰრქუათ, ვითარმედ: ნუ მოიჴსენებ ცოდვათა მოყუსისათა, რომელნი ჩუენდა მომართ ქმნნეს, რამეთუ პირველად შენ დასწერ შჯულსა შენდობისასა, და ეგრეთ ღმერთი

1 მათ. 6,12; შდრ. ლუკ. 11,4.

აღასრულებს მას; ესე იგი არს, ვითარმედ: უკუეთუ შენ სხუათა შეუნდო, იგი შენ შეგინდობს. აწ უკუე სხუანი მღჳძარებითა და ჴმელსა წოლითა და ბევრეულითა ტანჯვითა და უბადრუკებითა აღჰჴოცენ ცოდვათა თჳსთა, ხოლო შენ შემძლებელ ხარ ადვილითა ამით გზითა, რომელ არს ძჳრუჴსენებელობაჲ, ყოველთა ცოდვათა შენთა აჴოცად.

რაჲსათჳს უკუე ჰლესავ მახჳლსა და მოიწყლავ თავსა შენსა, ვი-თარცა ცოფი, და საუკუნოჲსა ცხორებისაგან თავსა შენსა გამოაჴუებ? ჯერ-არს ყოვლისა მოსწრაფებისა ქმნად, რაჲთამცა მას მიემთხჳე ცხორებასა. რამეთუ უკუეთუ საწუთროჲსა ამის ცხორებაჲ ესრეთ საწადელ არს, რაჲ ვინ თქუას მისთჳს, სადა-იგი არა არს სალმობაჲ, არცა მწუხარებაჲ, არცა სულ-თქუმაჲ? მუნ შიში სიკუდილისაჲ არა არს, არცა იჭჳ არს მათ კეთილთა აღსრულებისაჲ. ნეტარ არიან და სამგზის სანატრელ და ბევრეულგზისცა, რომელნი ნეტარსა მას ცხორებასა ღირს იქმნნენ, ვითარცა-იგი უბადრუკ არიან და ბევრეულგზის საწყალობელ, რომელნი მას ნეტარებასა დააკლდენ.

და უკუეთუ იტყჳ, ვითარმედ: და რომელი საქმჱ არს, რომელი მას ცხორებასა ღირს-მყოფს ჩუენ? ისმინე თავადისაჲ მის, რასა ეტყჳს ჭაბუკსა ვისმე, რომელმან თქუა, ვითარმედ: „რაჲ ვყო, რაჲთა ცხორებაჲ საუკუნოჲ დავიმკჳდრო?“1 და უფალმან ჰრქუა მას სხუათა მათ მცნებათათჳს და უკუანაჲსკნელ მოვიდა სიყუარულსა მოყუსისასა, ვითარცა ბეჭედსა მას ყოვლისასა. და უკუეთუ ვინ თქუას აწცა, ვითარმედ: არა მიმრუშავს, არა მიპარავს, არა კაც-მიკლავს, გარნა ესე-მე-მცა იპოვამცაა წარმართებაჲ, რაჲთამცა შეიყუარა მოყუასი, ვითარცა თავი თჳსი? რამეთუ უკუეთუ ვის ეშურა, ანუ ძჳრი უზრახა, ანუ ბოროტისა წილ ბოროტი მიაგო, ანუ არა მისცა, რაჲ მას უჴმდა, არა შეუყუარებიეს, ვი-თარცა თავი თჳსი. და არა ესე ოდენ ბრძანა ქრისტემან, არამედ სხუაჲცა, ვითარმედ: „განყიდე მონაგები შენი, მიეც გლახაკთა და მოვედ და შემომიდეგ მე“,2 რამეთუ საქმეთა მიერ მსგავსებასა უწოდა შედგომად.

რასა უკუე ვისწავლით ამისგან? ერთად, ვითარმედ რომელსა ესე ყოველი არა აქუნდეს, ვერ მიემთხუევის სრულებასა მას ცხორებასა შინა, რამეთუ ვითარცა სისრულისა მომატყუებელი თქუა, ვითარმედ: „უკუეთუ გნებავს სრულ-ყოფაჲ, განყიდე მონაგები შენი და მიეც გლახაკთა“. და კუალად ამასცა გულისხმა-ვჰყოფთ, ვითარმედ თჳთ მასცა ამხილა, ვითარმედ ამაოდ ზუაობს, რამეთუ რომელი ესევითარსა სიმდიდრესა შინა იყო და სხუათა შეურაცხ-ჰყოფდა სიგლახაკესა შინა, ვითარმცა შეიყუარა მან მოყუასი, ვითარცა თავი თჳსი? და არცა სადამე მას იტყოდა ჭეშმარიტებით. არამედ ჩუენ ვისწრაფოთ ყოვლითა ძალითა

1 მათ. 19,16; მარკ. 10,17; ლუკ. 18,18. 2 მათ. 19,21; შდრ. მარკ. 10,21; ლუკ. 18,22.

ყოვლისა მონაგებისა ჩუენისა მიცემად და მოსყიდად სასუფეველსა ცა-თასა, რამეთუ უკუეთუ კაცნი სოფლისა პატივისათჳს ყოველსა მონაგებსა მისცემენ, პატივისა აქავე დაშთომადისა, და მრავალგზის აქაცა არავე დაადგრის მათ თანა მრავალ ჟამ, უკუე ჩუენ რაჲ ვთქუათ, რომელნი საუკუნოჲსა მის პატივისათჳს არცა თუ მცირედსა რას წარვაგებთ? არა უკუე ფრიადი სიცოფჱ არსა, რომელ აქა დაშთომადი ესე არა გუნებავს ჩუენ თანა წარღებად? რაჲ უკუე სიტყუაჲ გუაქუს, რომელ ადვილი ცხორებაჲ წინაგჳც, და ჩუენ კლდეთა შთავიჭრებით და უგზოთა ვალთ? არამედ განვიფრთხოთ და გონებათა ჩუენთა მოვიდეთ და ცხორებაჲ ჩუენი კეთილად განვაგოთ, რაჲთა საუკუნოჲ ცხორებაჲ მოვიგოთ მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისაჲ არს დიდებაჲ უკუნითი უკუნისამდე, ამენ.