მთარგმნელის ბოლოსიტყვა "საქმე მოციქულთა"-ს განმარტებისათვის
დიდებაჲ და მადლობაჲ დასაბამსა და სრულებასა ყოველთა არსთასა და მიზეზსა და არა-არსისაგან მომყვანებელსა არსთა არსებისასა —ღმერთსა ჩუენსა, რომელი-იგი მარადის არს და მარადის სამგუამოვან და ერთ-არს არს, რომლისა მომადლებითა და წყალობითა, მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისაჲთა და ყოველთა წმიდათაჲთა, და ლოცვითა ბერთა ჩუენთაჲთა სრულ-იქმნა თარგმანებაჲცა მოციქულთა საქმისაჲ, აწ ახლად თარგმნილი ბურძულისა ენისაგან, რამეთუ ვითარცა წინაჲსწარმეტყუელი იტყჳს — "არათუმცა უფალმან საბაოთ დამიტევა ჩუენ თესლი, ვითარცა სოდომელნი და გომორელნი ვიქმნენით და მივემსგავსენით" () — ეგრეთვე მე, არაწმიდაჲ ესე, ვიტყჳ ვითარმედ: არათუმცა ლოცვაჲ წმიდათა მამათა ჩუენთაჲ და სიტყუაჲ და სწავლაჲ მათი ქმნილ იყო საჭეთმპყრობელ და მმართებელ, არარაჲმცა კეთილი სრულ-იქმნა ჩემ. სახისა სულით და ჴორცით მწინკულევანისაგან, ვინაჲცა, რაჟამს მომადლებითა ბერისა საბაჲს ლოცვათაჲთა მომმადლა ღმერთმან საფარველი წმიდისა მამისა ჩუენისა ბერისა ანტონისი, რაჲთა არა სრულიად ობოლ ვიქმნე შემდგომად მისა, მაშინ ამისითა ბრძანებითა უპირატეს უკუე სამოციქულოთა პავლეს ებისტოლეთა და კათოლიკეთა თარგმანი ვთარგმნე, ვითარცა უსაჭიროესთაჲ. ამისსა შემდგომად საქმისა მოციქულთაჲსა თარგმანებაჲ რეცა მძიმედ აღმიჩინა ეშმაკმან. არამედ ცუდ-ყო უფალმან სივერაგე მისი, და ვითარცა საკრველითა, ეგრეთ მიპყრა ბერმან ანტონი, და არა მიტევა უსრულად დატევებაჲ ამისი. და მას თანა-ეწამნენ იოვანე ღრამმატიკოსი სჳმეონწმიდელი და იოვანე რატეული, რაჲთა "პირითა ორისა და სამისა მოწამისაჲთა დაემტკიცოს ყოველი სიტყუაჲ" (). აწ უკუე ჩემი აღმიარებია სულმოკლებაჲ, რაჲთა შენდობაჲ მომმადლოთ, და ბერისა ანტონისსა ვქადაგებ, შემდგომად ღმრთისა, ჴელის-აპყრობასა, რაჲთა თქუენცა, რომელნი იკითხვიდეთ გინა სწერდეთ, მას აკურთხევდით და ჰმადლობდით.