მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

თავი მ̂. ჰრომს შინა სწავლისათჳს, რომელ ყო პავლე პურიათა მიმართ

წმინდა იოანე ოქროპირი
მთარგმნელი: წმინდა ეფრემ მცირე
რედაქტორი: Titus

📋 სარჩევი

და იყო შემდგომად სამისა დღისა მოუწოდა პავლე, რომელნი-იგი იყვნეს მუნ ჰურიანი მთავარნი, და ვითარ მოკრბეს იგინი, ეტყოდა მათ: კაცნო ძმანო, მე არარაჲ ბოროტი ვქმენ ერისა მის თანა გინა სჯულისა მამულისა, და კრული იერუსალემით მივეცი ჴელთა ჰრომთასა, რომელთა განმიკითხეს მე და უნდა განტევებაჲ ჩემი. ამისთჳს, რამეთუ არცა ერთი ბრალი სიკუდილისაჲ იყო ჩემ თანა. და ვითარ-იგი სიტყუას უგებდეს ჰურიანი, ვიიძულე ღაღადის-გდებაჲ კეისრისაჲ. არა თუ ვითარმცა შესმენაჲ რაჲმე მედვა ნათესავისა ჩემისაჲ. ამის უკუე მიზეზისათჳს გლოცევდ თქუენ, რაჲთა მოხჳდეთ და გიხილნე და გეტყოდი, რამეთუ სასოებისათჳს ისრაჱლისა ჯაჭჳ ესე ზედა-მაც მე (28,17-20).

თარგმანი: ვინაჲთგან არა ჯერ-არს ურწმუნოთა წინაშე ურთიერთას საშჯელი მორწმუნეთაჲ, ამას წინა განჰმართებს პავლე, ვითარმედ არა თავით თჳსით, არამედ თჳთ მათ ჰურიათა მიერ მიცემულ არს ჴელთა ჰრომთასა. და ამის პირისათჳს გულსავსე-ჰყოფს ჰრომს მყოფთა მათ ჰურიათა, რაჲთა არა შეორგულდენ სმენად ქადაგებისა მისისა იჭჳთა ამის გულის-კლებისაჲთა, ვითარმედ შემასმენელად ნათესავისა თჳსისა მოსრულ არს პავლე კეისრისა მიმართ. ამისსა იჭუსა განუქარვებს და პირველად უბრალოებისა თჳსისა მოწამედ მოიყვანებს მთავართა ჰრომთასა ფელიკსს და ფესტოს ლუსიაჲთურთ, ვითარმედ: განმიკითხეს რაჲ, ესოდენ უბრალოდ მპოეს, რომელ განტევებაჲ ჩემი უნდა. და კუალად ჰრომს მისლვისა თჳსისა მიზეზსა იტყჳს, ვითარმედ: ვითარ-იგი არა მე ნებსით მივედ, არამედ იერუსალემს მყოფთა ჰურიათა მიმცეს ჴელთა მთავართაჲსა. ეგრეთვე არცაღა კეისრისა მოვიდოდე, არათუმცა იგინი წინა-აღმდგომ და მაცილობელ იყვნეს განტევებისა ჩემისა. არამედ, ვიხილე რაჲ, ვითარ ჰრომნი მთავარნი განმიტევებდეს, ხოლო თჳსნი ჩემნი ჰურიანი სიტყუას-უგებდეს და სიკუდიდ მემზირებოდეს, მაშინღა ვიიძულე ღაღადის-გდებაჲ კეისრისაჲ. და აწ მოსრულ ვარ არა თუ შემასმენელად ნათესავთა ჩემთა, არამედ თჳთ ისრაელისა სასოებისათჳს ზედა-მაც მე ჯაჭჳ ესე, რამეთუ წიგნებისაგან წმიდათა წინაჲსწარმეტყუელთაჲსა და შჯულისა ერთიღა სასოებაჲ დაშთომილ იყო ისრაელისა ცხორებისაჲ. ესე იგი იყო მოლოდებაჲ ქრისტეს განკაცებისაჲ, რომლისა ქადაგებისათჳს ზედა-აც პავლეს ჯაჭჳ ესე. ამიერ უკუე გულისჴმა-ვჰყოფთ, ვითარმედ ამისთჳს ესოდენ თავსა განიმართლებს პავლე, რაჲთა ცხად ყოს, ვითარმედ, უკუეთუმცა არა განცემითა ჰურიათაჲთა მიცემულ იყო, არა შჯულიერ იყო წარდგომაჲ მისი წინაშე საყდრებსა ურწმუნოთასა. და ამით ჩუენ გუასწავებს, ქრისტეანეთა, რომელნი თანა-მდებ ვართ წერით და უწერელად მოცემულსა ჩუენდა მოციქულთა მიერ ყოველსავე წესსა ქრისტეანობისასა დაცვად, რაჲთა, რაოდენცა ვისგანმე ვიმძლავრებოდით, ნებსით ჩუენით არა ოდეს მივისწრაფოთ წარდგომად ურწმუნოთა წინაშე, არამედ უფროჲსღა მორწმუნეთა წინაშე განიკითხვოდედ ყოველი საშჯელი ძმათაჲ, ვითარ-იგი ამასცა გუამცნებს მოციქული ებისტოლეთა შინა თჳსთა, ვითარმედ: არა ჰღირთ საწუნელისა მის სამშჯავროჲსა, ესე იგი არს წარმართთაჲსაჲ. ხოლო უკუეთუ ვისგანმე ვიმძლავრნეთ და წარვიდგინნეთ, მაშინცა სახე მოუცემიეს ჩუენდა მოციქულსა. რამეთუ, რაჟამს მძლავრ წარიდგინა, არცა ერთსა სამშჯავროსა შინა თქუა რაჲმე სიტყუაჲ შესმენისაჲ მრავლითა ბოროტითა ცილის-მწამებელთა მათ მისთა ჰურიათათჳს, არამედ მხოლოდ ესევითარითა სიტყჳთა იტყოდა, რომელსა შინა არარაჲ იყვის მათი შესასმენელი, თჳნიერ ხოლო თჳსი განსამართლებელი. ეგრეთვე ჩუენ, უნებლიეთ მიყვანებულთა სამშჯავროდ, ნუმცა რაჲ გჳთქუამს სავნებელი გინა შესასმენელი შემასმენელთა მათ ჩუენთაჲ, თჳნიერ ესევითარითა ოდენ სიტყჳთა განვიმართლოთ თავი, რომლითა მათ არარაჲ ევნებოდის.

ხოლო მათ ჰრქუეს მას: ჩუენ არცა წიგნი მოგჳჴდა შენთჳს ჰურიასტანით, არცა მო-ვინ-ვიდა ძმათაგანი და გჳთხრა, გინა იტყოდა შენთჳს ბოროტსა. ხოლო ამას გლოცავთ, რაჲთა ვისმინოთ შენი, ვითარ ჰზრახავ. ხოლო ჴდომისა ამისთჳს უწყებულ არს ჩუენდა, რამეთუ ყოველსა ადგილსა ცილობაჲ აღდგომილ არს (28,21-22).

თარგმანი: ვითარცა გჳსწავიეს ძუელთა შინა მოსაჴსენებელთა, ვითარმედ იერუსალემს მყოფნი იგი ჰურიანი არა ხოლო თავით თჳსით ურწმუნო იყვნეს ქრისტეს ქადაგებისა, არამედ კაცებითა და წიგნებითა მიმოამცნებდეს ყოვლისა სოფლისა მიმოგანთესულთა პურიათა, რაჲთა არა შეიწყნარონ ქადაგებაჲ მოციქულთაჲ, რამეთუ ესე წინა-მოსწავებულ იყო ესაიაჲსგან წინაჲსწარმეტყუელისა, ვითარმედ: ვაჲ ქუეყანისა მის, რომლისა ფრთანი ნავთანი მიერ კერძო იქმნებიან მდინარეთა ეთიოპისათა, რომელი წარჰგზავნის ზღჳთ დასამშჳდებელთა და წიგნებსა ებისტოლეთასა ზედა კერძო წყალთა. ამათ სიტყუათა მიერ მოასწავებს, ვითარმედ ჴმაჲ ბოროტებისაჲ მკჳდრთა ჰურიასტანისათაჲ, ვითარცა ფრთოსნებითა, ნავებითა მოჰვლის ჰინდოეთსა და კიდეთა ქუეყანისათა, რამეთუ მოციქულნი და მიმომღებელნი წიგნებისა მათისანი მიმორბიან ზღუათა ზედა და მდინარეთა, რაჲთა ყოველთა კაცთა შორის განჰფინონ გმობაჲ ქრისტეს ქადაგებისაჲ. აწ უკუე ესე ასმიოდა ჰრომს მყოფთა მათ ჰურიათა, ვითარმედ ყოვლით კერძო მისწერენ იერუსალემს მყოფნი იგი ჰურიანი, რაჲთა არავინ მიმოგანთესულთა ჰურიათაგანმან შეიწყნაროს ქადაგებაჲ ქრისტესი, გარნა თავთა თჳსთათჳს დაამტკიცებენ, ვითარმედ ჯერეთ არავინ უხილავს ესევითარი კაცი, არცა მიწევნულ არს მათდა წიგნი შესასმენელი პავლესი და სხუათა მოციქულთაჲ. ამას თანა ჰლოცვენ, რაჲთა უთხრას მათ, თუ ვითარ იტყჳს სიტყუასა მას ქადაგებისასა, რომლისათჳს ეტყოდეს, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს: ხოლო წვალებისა მაგისთჳს უწყებულ არს ჩუენდა, ვითარმედ ყოველსა ადგილსა ცილობაჲ აღდგომილ არს. რამეთუ ჩუეულებისაებრ შჳდად განწვალებულთა მათ ჰურიათა წვალებისაჲსა, ქრისტეს ქადაგებასაცა წვალებად უწოდენ, და უწყიან, ვითარმედ ყოველსა ადგილსა ყოველთა კაცთა შორის ცილობაჲ აღდგომილ არს სიტყჳსა მისთჳს საცილობელ წოდებულისა სჳმეონის მიერ, რომელი-იგი დგას დაცემად და აღდგინებად მრავალთა, რამეთუ რომელნიმე შეიწყნარებენ მას, ხოლო სხუანი ურწმუნო და მაცილობელ არიან მისსა მიმართ.

და განუჩინეს მას დღე და მოვიდეს ვანად მისა მრავალნი, რომელთა ასწავებდა და მიუთხრობდა სასუფეველისათჳს ღმრთისა, და არწმუნებდა მათ იესუჲსთჳს შჯულისაგან მოსესსა და წინაჲწარმეტყუელთა განთიადითგან ვიდრე მიმწუხრადმდე (28,23).

თარგმანი: ამიერ სახესა მიგუცემს მოციქული, რაჲთა, რაოდენ შესაძლებელ იყოს ჩუენგან, არავისსა სწავლად ჴელ-ვჰყოფდეთ თჳთ მოპოვნებულთა სიტყუათაგან ანუ გარეშეთა რათმე და დაფარულთა წიგნთაგან. და ამისთჳს პავლე შჯულისაგან და წინაჲსწარმეტყუელთა მეტყუელებს ქადაგებასა ქრისტესსა, რაჲთა განაცხადოს, ვითარმედ იგივე და ერთი ღმერთი არს შჯულის-მდებელი ძუელისა და ახლისა შჯულისაჲ. და რაჲთა ჩუენ ყოველსავე ადგილსა ყოველთა მიმართ საღმრთოთა და საეკლესიოთა წიგნთაგან მივიღებდეთ სიტყუასა, რომლისაცა პირისათჳს გჳჴმდეს.

და რომელნიმე ერჩდეს სიტყუათა მათ და რომელნიმე არა ერჩდეს. და შეუთქუმელ იყვნეს ურთიერთას და განვიდოდეს. თქუა პავლე სიტყუაჲ ერთი, ვითარმედ: კეთილად იტყოდა სული წმიდაჲ ესაიაჲს მიერ წინაჲსწარმეტყუელისა მამათა თქუენთა მიმართ და თქუა: მივედ ერისა ამის და არქუ მათ: სმენით გესმოდის და არა გულისჴმა-ჰყოთ და ხედვით ჰხედვიდეთ და არა იხილოთ, რამეთუ განზრქნა გული ერისაჲ ამის, და ყურითა მძიმედ ისმინეს და თუალნი მათნი დაიწუხნეს. ნუსადა იხილონ თუალითა და ყურითა ისმინონ და გულითა გულისჴმა-ყონ და მოიქცენ და განვკურნნე იგინი. საცნაურ უკუე იყავნ თქუენდა, რამეთუ წარმართთათჳს მოივლინე მაცხოვარებაჲ ღმრთისაჲ და მათცა ისმინონ (28,24-28).

თარგმანი: იგივე და ერთი კადნიერებაჲ აქუს მოციქულსა ზოგად მორჩილთა მიმართ და ურჩთა სახარებისათა, და არავისისა ურწმუნოებისათჳს დააყენებს ძალსა სიტყუათა თჳსთასა, ვითარ-ესე აწ ურჩთა მათ სახარებისათა წინა-დაუდებს, ვითარმედ არა მისსა მიმართ, არამედ სულისა წმიდისა მიმართ ურჩ არიან, და მოაჴსენებს მათ სიტყუასა მის მიერ თქუმულსა პირითა ესაიაჲსითა, რომელსა ეუწყა წინა-მოსწავებითი იგი, შემდგომად ჟამთა ყოფადისა მის ქრისტეს მიმართ ურჩებისა ჰურიათაჲსა ბრალი, რამეთუ იხილეს განჴორციელებაჲ მისი, რომლისათჳს სმენით ესმინა წინაჲსწარმეტყუელთაგან და არა ინებეს მიხედვაჲ მისი. და მზა იყო წინაშე მათსა სმენაჲ სიტყუათა მისთაჲ და განცდაჲ პირისა მისისაჲ, რომელი-იგი არა სხჳსა ვისმე, არამედ ცხოვართა მათ მიმართ წარწყმედულთა სახლისა ისრაელისათა იტყოდა მივლინებულებასა თჳსსა მამისა მიერ. გარნა მათ სიძულილითა დაიყვნეს სახედველნი და სასმენელნი, ვითარცა გულმძიმეთა და თუალმრუმეთა. ამისთჳს უსიტყუელ არიან წინაშე მერმისა მის სამშჯავროჲსა, რამეთუ არცაღა შემდგომად ურწმუნოებისა და ჯუარის-მცუმელობისა განწირნა იგინი უფალმან, არამედ მარადის მზა იყო იგი თავადი მოციქულთა მისთა მიერ შეწყნარებად მოქცეულთა მათგანთა. და რაოდენ-გზისცა განასხნიან იგინი ამიერ ქალაქით, კუალად სხუასა ქალაქსა უპირატეს უკუე მათთა შესაკრებელთა უქადაგებდიან, რაჲთა მოიქცენ და განიკურნნენ ბრალისა მისგან მკლველობისა, რამეთუ აჰა პავლე მრავალთა ადგილთა მათგან განდევნული და კუალად მათდავე მიმართ მისრული და დასასრულსა სიკუდიდ მიცემული ჴელმწიფებასა ჰრომთასა და მრავალ ჟამ პყრობილი და საკრველთა მიერ ძჳრხილული კუალად ჰრომსცა პირველად მათვე შეჰკრებს და უქადაგებს. ხოლო ვინაჲთგან მათ დაიყვნეს ყურნი მსგავსად ყრუჲსა ასპიტისა, არასმენად ჴმასა მას მსახრვალისა ჴელოვნისასა, არცა მიიღეს წამალი მკურნალისა მისგან სულთა და ჴორცთაჲსა, ამისთჳს წინაჲსწარმეტყუელებასა წარმოუთხრობს და კუალად მორჩილებითა წარმართთაჲთა აღაბაძვებს ჴორცად მისსა სახელდებულთა ჰურიათა, ნუ-უკუე ამით უფროჲს მოაქცინეს მათგანნიცა ვინმე.

და ესე რაჲ თქუა, წარვიდეს ჰურიანი იგი და ფრიადი გამოძიებაჲ აქუნდა თავთა შორის თჳსთა (28,29).

თარგმანი: და აქაცა იმხილნეს და ძლიანად განიქიქნეს პავლესგან ჰურიანი, და წარვიდეს მდრტჳნავნი და გამომეძიებელნი, არამედ თავთა შორის ოდენ თჳსთა აქუნდა გესლი იგი, ხოლო არღარა ჴელ-ეწიფებოდა შფოთის-ყოფად მოციქულისა ზედა, ვითარ-იგი იერუსალემს ყვეს, სადა-იგი მრავალ იყვნეს და კადნიერებაჲ აქუნდა, ვითარცა თჳსსა მამულსა შინა, გარნა აქა მცირე იყვნეს შორის სიმრავლისა ჰრომთაჲსა. და ესოდენ ზარგანჴდილ მახლობელობითა სამეუფოთა საყდართაჲთა, რომელ ვერცა ერთსა რას იკადრებდეს კუალსა მეშფოთეობისასა, რაჲთა არა განისხნენ და უწყალოდ განიპატიჟნენ, ვითარცა მოქმედნი შფოთისა და უწესოებისანი.

ხოლო პავლე დაადგრა მუნ ორ წელ ყოვლად თჳსითა სასყიდლითა და შეიწყნარებდა ყოველთა, რომელნი მოვიდოდეს მისსა; ქადაგებდა სასუფეველსა ღმრთისასა და ასწავებდა უფლისა იესუ ქრისტესთჳს ყოვლითა განცხადებულებითა დაუბრკოლებელად (28,30-31).

თარგმანი: და ესეცა მსგავსად ჩუეულებისა ყო, რამეთუ, ვითარ-იგი ყოველთა ქალაქთა, ეგრეთვე ჰრომსცა ყოვლად თჳსითა ნამუშაკევითა ჴელთაჲთა არა ხოლო თავსა თჳსსა ზრდიდა, არამედ მისსა მიმავალთაცა უხუებით შეიწყნარებდა და განუსუენებდა, რომელი-ესე სირცხჳლ არს ჩუენდა, რომელთა გუესმის, ვითარ იგი ქადაგებასა შინა სახარებისასა და ჭირთა და დევნულებათა შინა დააშრობდა თავსა თჳსსა ჴელთ-საქმრითა, და რომლისადა ქადაგებისათჳს ოდენ ბრძანებულ იყო უფლისა მიერ, რაჲთა მოწაფეთაგან იზარდებოდის, რამეთუ ღირს არსო მუშაკი და გამომზრდელი სიყმილსა სულთასა, რაჲთა სასყიდლად სულიერისა მის გამოზრდისა იზარდებოდის უზრუნველად ჭამითა მოწაფეთაგან წინა-დაგებულისაჲთა, ესე, უმეტეს ბრძანებულისა მის, ძღუნად ღმრთისა შესწირავს ჴელთ-საქმითა თჳსითა არა ხოლო თავისა თჳსისა, არამედ მისსა მიმავალთაცა ძმათა გამოზრდისა მსახურებასა. ხოლო ჩუენ უქმად მწოლარეთა ცხედარსა ზედა დღითი-დღე გუესმის, ვითარმედ: უქმი იგი ნუცა ჭამნ, და ჩუენ ჯერეთ არა ხოლო სხუათა ვერ გამოვზრდით, არამედ ვერცაღა თავთა ჩუენთა.

იხილე უკუე, ვითარ ზეგარდამომან განგებულებამან ყო, ვითარცა პყრობილისაჲ მიყვანებაჲ პავლესი ჰრომედ, რაჲთა მუნ დაუყენებელად ქადაგებდეს სასუფეველსა ღმრთისასა, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს: და ასწავებდა უფლისა იესუ ქრისტესთჳს ყოვლითა კადნიერებითა დაუყენებელად, ამინ. რომელთათჳს ჴორციელი საზრდელი არა კმა-ეყოფვოდის და რომელთა ზრდიდა ჴორციელად — ზოგად ყოველთა გამომზრდელ იყო სასოებითა საუკუნოჲსა ცხორებისაჲთა, ვითარმედ მორჩილებაჲ ქრისტეს მცნებათაჲ ღირს ჰყოფს კაცთა მკჳდრ-ყოფად სასუფეველსა ცათასა. ამის ესევითარისა ქადაგებისათჳს დაუყენებელად მიეცა ფლობაჲ ჰრომს შინა ქადაგებად მოციქულსა პავლეს, რამეთუ რომელნი-იგი ადგილისა მის მოქალაქენი იყვნეს, წარმართნი იყვნეს და არარაჲ შური აქუნდა საქმეთათჳს შჯულისათა. ხოლო რომელნი-იგი ჰურიანი იყვნეს, მწირ და მცირე იყვნეს და ვერ შემძლებელ განცხადებად შურსა გონებისა მათისასა. და ზოგად ორნივე, ჰურიანი და წარმართნი, ზარსა და შიშსა ქუეშე იყვნეს და ვერ შემძლებელ შფოთის-ყოფად, რამეთუ სამეუფო იყო ქალაქი ჰრომისაჲ და დიდ მას შინა ძრწოლაჲ მსაჯულთა და მთავართაგან. ამისთჳს ვერცა ერთი ერის კრებაჲ იქმნებოდა, ვითარ-იგი ქალაქად-ქალაქად ჰყოფდეს ჰურიანი ბირებასა წარმართთასა, რომლითა დაუყენებელ იყო პავლეს მიერ ქადაგებაჲ სიტყჳსა ღმრთისაჲ.

აქამომდე ოდენ აღსწერს ლუკა საქმეთა პავლესთა, და ამას ზედა ამინითა დაჰბეჭდავს წიგნსაცა მოციქულთა საქმისასა.

ხოლო ესე საცნაურ იყავნ, ვითარმედ დაღაცათუ ლუკა არღარას გუაუწყებს ამიერითგანსა საქმესა პავლეს ცხორებისა და წამებისასა, რამეთუ აქა ჰყოფს დასასრულსა წიგნისა ამის მოციქულთა საქმედ მის მიერ აღწერილისასა, ვინაჲთგან ჰრომს დაუტევეს პავლე ლუკა და არისტარხოს, და გამოვიდეს მიერ. გარნა გჳსწავიეს ევსევი პამფილესისაგან ზედა-მიწევნით უწყებაჲ შემდგომთა ჟამთაჲ, რამეთუ შემდგომად ორ წელ პყრობილებისა ჰრომს შინა, ოდეს-იგი იტყჳს ლუკა დაუყენებლად ქადაგებასა მისსა, და სრულ-ყოფს სიტყუასა თჳსსა, ამისსა შემდგომსა დასწერს ევსევი მეორესა შინა თავსა საეკლესიოჲსა მის თხრობისა თჳსისასა, ვითარმედ: შემდგომად ორ წელ პყრობილებისა განიკითხა პავლე ნერონის მიერ, და ვითარცა უბრალოჲ, განტევებულ იქმნა, და სხუათა ათისა წლისა ჟამთა დაუყენებელად ქადაგებდა სახარებასა, ხოლო ამისსა შემდგომად, კუალად აღიძრა რაჲ ნერონისგან დევნულებაჲ ყოველთა ქრისტეანეთაჲ, მაშინღა მოსწყჳდნა თავნი მოციქულთანი პეტრე და პავლე. და ამას ჟამსა იყო მეორედ განკითხვაჲ პავლესი ნერონის მიერ, რომელსა შინა მახჳლითა ბრძანა წარკუეთაჲ თავისა მისისაჲ.

აწ უკუე, არს მეათცხრამეტით წლითგან ტიბერის კეისრისაჲთ, ოდეს-იგი ქადაგებად იწყო პავლე, ტიბერისნი სხუანი წელნი ოთხ; გაიოჲსნი ეგრეთვე ოთხ; კლავდისნი მცირედ უნაკლულეს ათოთხმეტისა. ამასღა შეუდგს მეფობაჲ ნერონისი, რომელმან მეათცამეტესა წელსა თჳსისა მეფობისასა მოსწყჳდნა თავნი მოციქულთანი. პირველისა მისთჳს სიტყჳსგებისა მისწერს მოციქული ტიმოთეს მიმართ მეორესა ებისტოლესა შინა ესრეთ: პირველსა მას სიტყჳსგებასა ჩემსა არავინ თანა-დამიდგა მე, არამედ ყოველთა დამიტევეს; ნუ შეერაცხებინ მათ; ხოლო უფალი თანა-დამიდგა მე და განმაძლიერა, და ვიჴსენ პირისაგან ლომისაჲ. ამას ნერონისთჳს იტყჳს, რომელმან მაშინ განუტევა იგი. ხოლო მეორისა განკითხვისათჳს, რომელსა შინა იწამა, კუალად მეორესავე ებისტოლესა შინა მისწერს მისვე ტიმოთეს მიმართ, ვითარმედ: მე აჰა ესერა შევიწირვი, და ჟამი მიქცევისა ჩემისაჲ მოიწია, ვინაჲცა, დაღაცათუ პირველსა მას განკითხვასა წარმოსრულ იყო ლუკა, მეორესა განკითხვასა კუალად მის თანა იყო, ვითარ-იგი მისწერს ტიმოთესსა პავლე დასასრულსა მეორისა ებისტოლისასა ესრეთ, ვითარმედ: გიკითხავს შენ ლუკა. ვინაჲცა არიან ყოველნი წელნი პავლეს აღმოსავლეთს ქადაგებისანი ოც და ერთ. და სხუაჲ ორი წელიწადი დაყო კესარიას პყრობილად, და ორი სხუაჲ ჰრომს, და კუალად სხუაჲ ათი წელიწადი კერძოთა დასავალისათა, ვინაჲცა იქმნნეს ყოველნი წელიწადნი ქადაგებისა მისისანი ოც და ათხუთმეტ. ამისთჳს ჯერ-არს, რაჲთა, ვინაჲთგან ლუკაჲსგან არა აღიწერა ჟამი პავლეს წამებისაჲ, შეუორგულებელად ვირწმუნოთ ჟამთა აღმწერელისა ევსევისი ესე აღრიცხუვაჲ წელთაჲ, რამეთუ ამანვე ევსევი გამოიძია დღე წამებისა მისისაჲ, და იტყჳს, ვითარმედ იქმნა მახჳლითა წარკუეთაჲ პავლეს თავისაჲ ოც და მეათექუსმეტესა წელსა ქრისტეს ვნებითგან, უწინარეს სამითა დღითა პირველ კალანდასა ივლისისასა, სადიდებელად მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, სამგუამოვნებით და ერთარსებით დიდებულისა ღმრთეებისა, რომელსა ჰშუენის ყოველივე დიდებაჲ და პატივი და თაყუანისცემაჲ პირველ ყოველთა საუკუნეთა, და აწინდელთა ამათ ჟამთა და ნათესავთა, და მერმე დაუსრულებელთა მათ საუკუნეთა, უკუნითი-უკუნისამდე ამინ.

აქა მიიღო სრულებაჲ მოციქულთა საქმისა თარგმანებამან, წმიდისა იოვანე ოქროპირისა განმარტებითმან მადლითა ღმრთისაჲთა.