📋 სარჩევი
თარგმანებაჲ საქმისა მოციქულთაჲსა
წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა იოვანე ოქროპირის კოსტანტინეპოლელ მთავარეპისკოპოსისაჲ, განვრცელებითთა თარგმანთაგან შემოკლებული თარგმანებაჲ საქმისა მოციქულთაჲსა, რომელსა შინა იშჳთ დაერთვის სხუათაცა წმიდათა თარგმანებულისაგან მოკლე ძალი სიტყჳსაჲ
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ აღწერილი ლუკაჲს მიერ მახარებელისა
დაღაცათუ "საქმე მოციქულთა" უწოდიან წიგნსა ამას, არამედ ვითარ-იგი სახარებაჲ ქრისტეს განგებულებათა, ეგრეთვე ესე —სულისა წმიდისა მადლთა მომთხრობელ არს, რაოდენსა ჰყოფდეს მოციქულნი შემდგომად მათ ზედა გარდამოსლვისა მისისა. ამას თანა და წინაჲსწარმეტყუელებათა ქრისტესთა საქმით აღსრულებასა გჳჩუენებს, რომელ-იგი ჰრქუა მოციქულთა, ვითარმედ: "უფროჲსიცა ამისსა ჰქმნეთ" (), რამეთუ ძალითა სულისა წმიდისაჲთა — ოფლითა და სუდარებითა, ვარშამანგებითა და აჩრდილებითა განიოტებდეს სენთა, რომელი-ესე არასადა წერილ არს ქრისტეს მიერ ქმნილად სახარებასა შინა. და კუალად, რომელი-იგი თქუა, ვითარმედ: "იქადაგოს სახარებაჲ ესე ყოველსა სოფელსა" () და ვითარმედ: "წინაშე მეფეთა და მთავართა წარსდგეთ ჩემთჳს" (), ესე და სხუანი მრავალნი საუფლოთა სიტყუათა მიერ წინა-მოსწავებულნი, ამიერ საქმით აღსრულებულად მოგუეთხრობვიან. და კუალად, ქადაგებაჲ სჯულთა და წესთა მართლმადიდებლობისათაჲ იპოების აქა, რომელი არასადა სხუათა წიგნთა შინა იპოო თჳნიერ ამისსა. აქა იხილვების სულისა მიერ წმიდისა სწავლული მოციქულთადა — მცირედსა რასმე სიტყუად ღმრთეებისათჳს, ხოლო უმრავლესსა თქუმად კაცებისათჳს და ვნებისა, აღდგომისა და ამაღლებისა ქრისტესისა, რამეთუ ესე საძიებელ იყო პირველ, რაჲთა მდაბალთაგან და კაცობრივთა აღიყვანნენ მაღალთა მიმართ ღმრთეებისა მისისა ქადაგებათა, და აღდგომისაგან და ამაღლებისა გამოიძიონ ძალი ღმრთეებისა მისისაჲ.
გარნა, ვინაჲთგან მოწაფე იყო პავლესი ლუკა, ამისთჳს უმეტესი კერძოჲ წიგნისაჲ მისთა საქმეთა თხრობასა მისცა და თჳთ დასაბამსა სხუათათჳს დაწყებული იგი — მისვე პავლეს საქმეთა საცნაურმყოფელ ყო, რაჲთა პირველიცა იგი მძჳნვარებაჲ მისი გჳჩუენოს ქადაგთა მიმართ ჭეშმარიტებისათა, და თჳთ მოკლვასა ზედა დისწულისა მისისა სტეფანესსა, ვითარ თანა-ჯერმჩინებელ იყო. და ეგრეთღა საკჳრველი მოქცევაჲ მისი, მიმოსლვითურთ მისით, მოგჳთხრას, ვითარცა მის თანა მავალმა6 ვიდრე ჰრომამდე. ხოლო, რამეთუ დააკლო აღსასრულისა მისისა აღწერაჲ მის თანა მყოფმან ვიდრე აღსასრულადმდე მისდა წამებისა მიერ, ესე არა საკჳრველ არს: პირველად, რამეთუ კმა-იყო მან აღწერილი ესე სარგებელად მსმენელთა. მეორედ, რამეთუ მარადის წინამდებარისა მიმართ ქადაგებისა რბიოდეს და არა მოცალე იყვნეს სიტყუათა აღმწერელობად. ამისთჳს მრავალი რაჲ წესთაგანი ქრისტიანობისათაჲ უწერელად მოგუცეს ჩუენ. მესამედ, რამეთუ არა სხჳსა რაჲსამე, არამედ სარწმუნოებად მოსლვისაჲ და ქადაგებასა შინა საღმრთოსა მჴურვალებისაჲ უნდა თხრობად ჩუენდა პავლესთჳს, რომელცა-იგი ყო.
ესრეთ უკუე, თვლადქებულმან ლუკა, ნათესავით ანტიოქელმან და ჴელოვნებით მკურნალმან, ორნი წიგნნი, მის მიერ აღწერილნი, დამიტევნა ჩუენ: პირველად — სახარებაჲ, რომლისათჳს თჳთვე იტყჳს: "ვითარცა მომცეს ჩუენ, რომელნი დასაბამითგან თჳთმხილველ და მსახურ-ყოფილ იყვნეს სიტყჳსა მის" (), ესე იგი არს, ვითარმედ: რაჲ ესე აღვწერე, მოციქულთა მიერ თხრობილ არს ჩემდა. ხოლო მეორედ — "საქმე მოციქულთაჲ", რომელი არღა ყურით სმენილი, არამედ ყოველივე თუალით ხილული აღწერა დაწყებითა ესრეთ:
უფალო, წარგჳმართე.
პირველი ესე სიტყუაჲ ვყავ (1,1).
თარგმანი: უსაკუთრეს არს ესრეთ: "პირველი სიტყუაჲ ვყავ", რამეთუ "პირველად სიტყუად" სახარებასა უწოდს, რომელი-იგი უწინარეს ამისსა მიეწერა თეოფილესდა. ხოლო რაჲსათჳს "სიტყუად" უწოდს სახარებასა? —ცხად არს, ვითარმედ სიმდაბლითა გონებისაჲთა, ვითარ-იგი სხუანიცა მახარებელნი; რამეთუ მათე "წიგნად შობისა" უწოდს, და დაღაცათუ მარკოზ "დასაბამად სახარებისა" იტყჳს, არამედ არა ეგოდენ წიგნსა, რაოდენ იოვანეს ქადაგებასა უწოდს დასაბამად ქრისტეს სახარებისა. გარნა, რომელი-იგი მათ სიმდაბლითა გონებისაჲთა დაიდუმეს, შემდგომად მათსა მორწმუნეთა მიერ "სახარება" იწოდების და არსცა. ხოლო რაჲსათჳს მოაჴსენებს თეოფილეს პირველად აღწერილსა მას თჳსსა სახარებასა? — ცხად არს, ვითარმედ ამისთჳს, რამეთუ მუნ მოციქულთა მათ და თუალით მხილველთა სიტყჳსათა მისდა თხრობილობითა სარწმუნო ყო სიტყუაჲ თჳსი, ხოლო აქა — მისსა ოდენ მოჴსენებასა კმა-იყოფს, ვითარმედ: რომელი-იგი არარაჲთ ჴუებულ იქმნა ჭეშმარიტებისაგან აღწერასა ზედა ყურით სმენილისასა, აქა კუალად უმეტეს სარწმუნო იქმნეს აღწერასა ზედა თუალით ხილულისასა.
ყოველთათჳს, ჵ ღმრთის მოყუარეო, რომელთა იწყო იესუ ყოფად და სწავლად (1,1).
თარგმანი: ვინაჲთგან თეოფილე მთავარი იყო ლუკაჲს მიერ განსწავლული ღმრთისმსახურებად, ამისთჳს მას ეტყჳს, ვითარმედ: პირველი სიტყუაჲ სახარებისაჲ მათ ყოველთათჳს ვყავ შენდამი, ჵ თეოფილე, რომელთა იწყო იესუ ყოფად და სწავლად. "იესუდ" უწოდს კაცებისა მისისათჳს, რომლითა ივნო. ხოლო "ყოფად და სწავლად" — ესე იგი არს, ვითარმედ პირველად თჳთ საქმით ჰყოფდა კაცობრივ, რასა-იგი სიტყჳთ ჩუენ გუასწავებდა და ამას ჩუენ სახედ მოგუცემდა, რაჲთა პირველად თჳთ საქმით აღვასრულნეთ სიტყუანი, რომელთაჲ-იგი გუენებოს სწავლაჲ სხუათაჲ. და ვითარ-იგი მის თავადისაჲ სასწაულთა საქმე სარწმუნო-ჰყოფდა სიტყუასა, ეგრეთვე ჩუენთა მოძღურებისა სიტყუათა უჴმს, რაჲთა სარწმუნო იყვნენ საქმეთა მიერ სათნოებისათა. ხოლო საკჳრველ თუ ვისმე უჩნდეს, ვითარ იოვანე იტყჳს სიმრავლისათჳს სასწაულთაჲსა, ვითარმედ: "უკუეთუმცა თითოეულად აღიწერებოდეს, არცაღამცა სოფელმან დაიტია აღწერილი წიგნები" (), ხოლო აქა ლუკა იტყჳს სიტყჳსა ყოფასა ყოველთათჳს, რომელთა იწყო იესუ ყოფად და სწავლად, არამედ ერთ-ჴმა არიან ორნივე ესე მახარებელნი, რამეთუ ლუკა განგებულებისა ქრისტესისა საქმეთა უნაკლულოებასა იტყჳს ყოვლისავე აღწერად, ვითარმედ სრულ და არარაჲთ ნაკლულევან არს მისი იგი სახარებაჲ, ხარებითგან ვიდრე ამაღლებადმდე ყოველთავე განგებულებათა ქრისტეს ჴორცთშესხმისათა მომთხრობელად, ხოლო იოვანე სიმრავლისათჳს სასწაულთაჲსა იტყჳს, ვითარმედ: ყოველთავე მათ აღწერასა ვერ დაიტევს სოფელი, რამეთუ ამას სხუანიცა მახარებელნი ესრეთვე ჰყოფენ. და რაჟამს თქჳან, ვითარმედ "მრავალნი განკურნნა თითოსახეთაგან სენთა შეპყრობილნი", ამას ცხად ჰყოფენ, ვითარმედ არა კაცად-კაცადისა ყოვლისა, არამედ მცირედთა ვიეთმე ზედა აღსრულებულნი სასწაულნი აღუწერიან მათ, და უმრავლესისადა თანა-წარსრულ არიან, რამეთუ ვერ დაიტევს სოფელი. "სოფლად"...
...ჰრაცხდეს მკუდრეთით აღდგომასა მისსა, სადაღა ჯერეთ მოწაფენი ძლივ ირწმუნებდეს, ვიდრემდის მოქენე იქმნნეს ჴელით განხილვისა და მის თანა მეინაჴეობისა. ამისთჳს არა ერთგზის, არამედ ორმეოცთა დღეთა მრავალგზის ეჩუენებოდა, რაჲთა არა საოცარ ჰგონონ ხილული იგი. ხოლო ამისთჳს "მრავლითა სახითა" და არა მარადის მათ თანა ყოფითა, რაჲთა უსასურველეს მათდა ყოს ხილვაჲ თჳსი. ამისთჳს თითო-სახედ ოდესმე ეჩუენებოდა და ოდესმე დაეფარვოდა, რაჲთა არღარა მსგავსად პირველისა განხრწნადთა ჴორცთა მქონებელად შეჰრაცხონ იგი, რამეთუ თითოეული თჳსსა ჟამსა განაგო, და რაჟამს ეჩუენის, მკუდრეთით აღდგომაჲ დაუმტკიცის, ხოლო რაჟამს მიეფარის, აუწყის მათ, ვითარმედ უზეშთაეს კაცობრივთა გუამთა არიან უხრწნელად განახლებულნი იგი და განღმრთობილნი ჴორცნი მისნი. ესრეთ უკუე ორმეოცთა დღეთა და არა ყოვლადვე ორმეოც დღე, არამედ ჟამად-ჟამადთა ჩუენებათა მისთა ორმეოცთა დღეთა შინა ეტყოდა მათ სასუფეველისათჳს ღმრთისა, რამეთუ ამისთჳს წარიყვანნა გალილეად, რაჲთა განათავისუფლნეს ძრწოლისა მისგან და შიშისა, რომელ აქუნდა ჰურიათაგან; რაჲთა ესრეთ მოცალებით მსმენელ ყვნეს სიტყუათა მათ და საიდუმლოთა თჳსთა სიმაღლისა.
და თანა-ექცეოდა მათ (1,4).
თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ მათ თანა ზიარ იყო სერობისა და ტაბლისა, რაჟამს-იგი ჭამა და სუა წინაშე მათსა.
და ამცნებდა: იერუსალემით ნუ განეშორებით, არამედ მოელოდეთ აღთქუმასა მას მამისასა, რომელი გესმა ჩემგან (1,4).
თარგმანი: ვითარცა მჴედართა არავინ აწუევნ წყობად განსლვად თჳნიერ საჭურველისა, ეგრეთვე უფალმან მოციქულთა ამცნო არა განსლვაჲ იერუსალემით, ვიდრე შეჭურვადმდე სულისა მიერ, რაჲთა არა ადვილად მოსაწყლველ იყვნენ მბრძოლთა მიერ, და თჳთ მებრვე ესრეთ შუენოდა, რაჲთა პირველად ქალაქსა მას შინა მკლველთასა განცხადებულ და მტკიცე იქმნეს სასწაული აღდგომისაჲ. ხოლო შენ იხილე, ვითარ ძე მამისა მიერ აღთქუმულისა სულისა ქადებითა შესცვალებს შიშსა მოწაფეთასა სურვილად და განუცხადებს მათ სამგუამოვნებასა წმიდისა სამებისასა. ხოლო საძიებელ არს, თუ სადა აღუთქუა მამამან მოვლინებაჲ სულისაჲ. ესე ორ სახედ გულისჴმაყავ, რამეთუ ანუ ამას ეტყჳს, ვითარმედ სული წმიდაჲ, რომელი მე აღგითქუ, მისსა მოვლინებასა მამისაგან მოელოდეთ აქავე, იერუსალემს შინა; გინათუ უღრმესად-რე: იოელის მიერ აღთქუმულ იყო მამისაგან ძუელ-სადმე, ვითარმედ: "მივჰფინო სულისაგან ჩემისა" (), რომლისათჳს თჳთ თავადი ეტყოდა მოწაფეთა, ვითარმედ: "რაჲ-იგი მესმა მამისაგან, მას გითხრობ თქუენ" (). ხოლო ოდეს ესმა მოწაფეთა? გარნა თუ მაშინ, რაჟამს ჰრქუა: "უმჯობეს არს თქუენდა, უკუეთუ მე წარვიდე. უკუეთუ მე არა წარვიდე, ნუგეშინის-მცემელი იგი არა მოვიდეს თქუენდა" (). ესე იგი არს, ვითარმედ: უკუეთუ არა დააკლდეთ ჴორციელად ხილვასა ჩემსა, ვერ ისწავებთ სურვილსა სულისასა, არამედ რაჟამს მე წარვიდე, მაშინ მოფენითა სულისაჲთა ისწაოთ, თუ რაჲ არს სიყუარული სულიერი, არა-მოქენე ჴორცთა მახლობელობისაჲ.
რამეთუ იოვანე ნათელ-სცემდა წყლითა, ხოლო თქუენ ნათელიღოთ სულითა წმიდითა, არა მრავალთა ამათ დღეთა შემდგომად (1,5).
თარგმანი: არღარა მიფარულად იტყჳს, ვითარმედ: "უმცირესი სასუფეველსა ცათასა უფროჲს მისსა არს" (), არამედ განცხადებულად გამოაჩინებს, თუ რაოდენ უმეტეს არს იოვანესსა, რამეთუ იგი წყლითა ნათელ-სცემდა, და წყლისაჲ იგი ნათლის-ღებაჲ მოციქულთა მიეღო ჟამად-ჟამად, ვითარ-იგი ცხად ჰყოფს უფალი, პეტრეს რაჲ ჰრქუას: "განბანილსა მას არა უჴმს განბანად, გარნა ფერჴნი ხოლო" (), გარნა წყალსა, რომელსა ზედა არა სახელ-ედვას "მამასა და ძესა და წმიდასა სულსა", იგი ნათლის-ღებაჲ სინანულისაჲ არს; ხოლო რომელსა ზედა სახელ-ედვას, იგი შვილებისაჲ არს. აწ უკუე ვითარ-იგი მოციქულთა იოვანესგან ნათელეღო წყლითა, ეგრეთვე უკუანაჲსკნელ ნათელ-იღეს სულითა წმიდითა ქრისტეს მიერ. ხოლო შენ იხილე სიმდაბლე უფლისაჲ სახედ ჩუენდა მოცემული, რამეთუ არა ეტყჳს, ვითარმედ: "მე ნათელ-გცე სულითა წმიდითა", არამედ —"ნათელ-იღოთო". გარნა ესე მოციქულთა წინაჲთვე ესწავა იოვანესგან, ვითარმედ: "მე ნათელ-გცემ წყლითა, ხოლო მან, ესე იგი არს —ქრისტემან, ნათელ გცეს სულითა წმიდითა და ცეცხლითა" () და უკუეთუ არღა მიეღო მოციქულთა სული წმიდაჲ, ვითარ ეტყოდა უფალი: "მიიღეთ სული წმიდაჲ" ()? — ცხად არს, ვითარმედ პირველი იგი წინა-განმზადებაჲ იყო შთაბერვით, რაჲთა არა დაიჴსნნენ უსრულესად მიფენასა მას სულისა წმიდისასა, რამეთუ უკუეთუ მანოე ვერ იტჳრთა ხილვაჲ ანგელოზისაჲ, რაჲმცა ექმნა მოციქულთა, არათუმცა წინა-განმზადებულ ყოფილ იყვნეს შთაბერვისა მის მიერ, მიღებისათჳს მდიდრად მოფენილსა მას მადლსა სულისასა, რამეთუ მრავალ-სახე და მრავალ-ნაწილ არს მიფენაჲ სულისაჲ; რომელიმე — წმიდა-მყოფელ და რომელიმე — სრულ-მყოფელ, რომელიმე — განმწმედელ და რომელიმე — სხუათა განმწმედელმყოფელ; სხუაჲ ენათა მისცემს და სხუაჲ — წინაისწარმეტყუელებათა, სხუაჲ, სასწაულთმოქმედებასა და სხუაჲ — ენათა თარგმანებასა. ყოველივე ესე მისვე და ერთისა სულისაგან, რომელმან-იგი მეერგასისესა დღესა ყოველი სრულებაჲ და სრულ-მყოფელობაჲ მოქმედებისაჲ მიჰმადლა მოციქულთა. ვინაჲცა იხილე: რამეთუ ქრისტესთა მათ საქმეთა და სიტყუათა წიგნი — თხრობისაჲ არს, ხოლო სულისა წმიდისა ძალთა განცხადებისასა ამას წიგნსა —"საქმე" ეწოდების; და მათცა შინა მრავალსა რას ჰყოფდა სული ესე ნუგეშინის-მცემელი, გარნა მუნ ჴორცნი ქალწულისანი წმიდა ყვნა ტაძრად სიტყჳსა ღმრთისა, ხოლო აქა სულთა შინა მოციქულთასა დაემკჳდრა და მათ მიერ აჩუენებდა ძალსა თჳსსა. მუნ — სახითა ტრედისაჲთა, ხოლო აქა — ენებითა ცეცხლისაჲთა: მუნ აჩუენებდა სიმშჳდესა მეუფისასა, ხოლო აქა — ძალსა მტანჯველობისასა, რამეთუ მუნ ფრიადი უჴმდა სიმშჳდე, სადა-იგი მიტევებაჲ უჴმდა ცოდვათაჲ, ხოლო აქა, ვინაჲთგან მიიღეს სიმდიდრე ნიჭთაჲ, ამიერითგან ჟამი იყო მშჯავრისა და განკითხვისაჲ. ხოლო რაჲსათჳს არა აუწყა ჟამი სულისა წმიდისა მოსლვისაჲ, არამედ ესრეთ უცნაურად დაუტევა, ვითარმედ: "არა მრავალთა ამათ დღეთა შემოდგომად"? — ამისთჳს, რაჲთა მარადის მომლოდე იყვნენ, რამეთუ ვერ რომელი მადლი მიეფინოს ვისმე ჩუენგანსა, უკუეთუ არა მარადის მღჳძარე და ფრთხილ ვიყუნეთ წინა-განმზადებად მისთჳს. ხოლო შენ გიჴმს ესევითარი გულისჴმის-ყოფაჲ, რაჲთა, რაჟამს გესმოდის, ამცნებდა რაჲ მოციქულთა სულითა წმიდითა, არა უდარეს ძისა ჰგონო სული; არცა, რაჟამს სულისა გარდამოსლვაჲ გესმეს ძესა ზედა, უდარეს სულისა ჰგონო ძე, რამეთუ სამგუამოვნებასა მას შინა წმიდისა სამებისასა არა არს უდარესი და უმეტესი, უმცირესი და უდიდესი, არამედ ერთ-ღმრთეება და ერთ-არსება არს წმიდაჲ სამებაჲ. ამისთჳს, რაჟამს ქრისტეს მიერ აღყვანებულ იქმნა ბუნებაჲ ჩუენი და სრულ იქმნა დაგებაჲ ჩუენი მამისა მიმართ, მაშინღა იქმნა გარდამოსლვაჲ სულისაჲ. ხოლო ამისთჳს ყოვნა ცხრა დღე შემდგომად ამაღლებისა, რაჲთა უმეტესითა სურვილითა შეიწყნარონ მოწაფეთა მიმყოვრებასა დღეთასა, დაკლებულთა მოძღურისაგან და მეუფისა ყოველთაჲსა ქრისტესსა.
ხოლო რომელნი-იგი შეკრებულ იყვნეს, ჰკითხვიდეს მას და ეტყოდეს: უფალო, უკუეთუ ამათ ჟამთა კუალად მოაგოა სასუფეველი ისრაელსა? (1,6).
თარგმანი: რაჲსათჳს შეკრებულად ჰკითხვენ? —გარნა რაჲთა უფროჲს ღირს-ყვნეს იგინი უწყებად საძიებელსა სიმრავლისათჳს მათისა, და არა ვითარ-იგი პირველ, ჟამთა აღსასრულისათჳს, ეგრეთვე აწ ამისთჳს გარე-მიაქციოს კითხვაჲ მათი. არამედ მაშინ ჟამთა აღსასრულისათჳს იკითხვიდეს და არა უთხრა მათ დღე იგი მეორედ მოსლვისაჲ, რამეთუ რომელსა უმრავლესი ეთქუა მათდა და უმეტესი, ვითარმედ ძე არს ღმრთისაჲ და მის თანა სწორი პატივითა, და ვითარმედ აღდგომაჲ და საშჯელი ყოფად არს, არცა დღესა მას დაუფარვიდა, არათუმცა უწყოდა, ვითარმედ ესე უმარგებელეს არს კაცთათჳს, რაჲთა უცნაურებითა მის დღისაჲთა მარადის ეშინოდის და განემზადებოდინ მისთჳს. ხოლო აწ არა სასუფეველისათჳს ჰკითხვენ, არამედ, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, ეტყჳან: უფალო, უკუეთუ ამათ ჟამთა უკმო-ღა-აგოა მეფობაჲ ისრაელსა? ესე იგი არს, ვითარმედ: იქმნების-ღა ამას სოფელსა კუალად-გებაჲ მეფობისა ისრაელთაჲსაჲ, ვითარ-იგი იყო პირველ —საულისითგან წარტყუენვადმდე. ხოლო უფალი, ვითარცა ზეცად აღმავალი. არღა რას ჴორციელსა მიუგებს, არამედ ზეცისასა მზრახვალ ჰყოფს და ეტყჳს, ვითარ-ესე აწ გესმის წიგნისაგან:
ხოლო მან ჰრქუა მათ: არა თქუენი არს ცნობაჲ ჟამთა და წელთაჲ, რომელნი-იგი მამამან დასხნა თჳსითა ჴელმწიფებითა (1,7).
თარგმანი: ვინაჲთგან ღმრთეებით ერთ არს მოქმედებაჲ მათი, ამისთჳს მამისა მიერ დადებული ყოველი — ძისაჲ არს, ვითარცა სწორთაჲ ჴელმწიფებითა, არამედ კაცთა არა უჴმს გამოკულევაჲ სიღრმესა ღმრთისა განგებულებათასა, რამეთუ არა ჩუენი, არამედ ღმრთისა მხოლოჲსაჲ არს ყოვლისავე უნაკლულოდ ცნობაჲ. ამისთჳს, ვითარ-იგი თჳს-ეყვის მოძღუართა, რაჲთა არა რასაცა იკითხვიდენ, არამედ რომელიცა უფრო სარგებელ ეყოფოდის მოწაფეთა, მას მიუგებდენ, ეგრეთვე უფალი ჰყოფს და ცუდთა გამოძიებათა მათთა არცა ერთისა სიტყჳსა ღირს ჰყოფს. გარნა მას ხოლო ეტყჳს, რაჲ-იგი მათდა უსაჴმარეს არს ქადაგებასა შინა სახარებისასა.
არამედ მოიღოთ ძალი მოსლვასა სულისა წმიდისასა თქუენ ზედა, და იყვნეთ ჩემდა მოწამე იერუსალემს და ყოველსა ჰურიასტანსა და სამარიასა და ვიდრე დასასრულადმდე ქუეყანისა (1,8).
თარგმანი: ესრეთ ეტყჳს, ვითარმედ: მოიღოთ ძალი სრულებისაჲ მოსლვითა თქუენ ზედა სულისა წმიდისაჲთა, რაჲთა არღარა ცუდთა გამოძიებათა ზრუნვიდეთ, არამედ შეუდგეთ საქმესა თქუენსა, რამეთუ არღარა გაყენებ გზისაგან წარმართთაჲსა და ქალაქისაგან სამარიტელთაჲსა, ვითარ-იგი პირველ, არამედ იერუსალემით იწყეთ და ჰურიასტანი განვლეთ, თანა სამარიაჲთურთ, და ზოგად ყოველსა სოფელსა მიჰფინეთ ქადაგებაჲ ჩემი, ვიდრე დასასრულადმდე ქუეყანისა, რაჲთა საქმით იხილოთ სიტყუათა ჩემთა აღსრულებაჲ, რომელ წინაჲსწარ გარქუ, ვითარმედ: "იქადაგოს სახარებაჲ ესე სასუფეველისაჲ ყოველსა სოფელსა" () და შემდგომი ამისი.
და ესე ვითარცა თქუა, ამაღლდა, ხედვიდეს რაჲ იგინი (1.9).
თარგმანი: ამისთჳს მყის დასასრულსა თანა სიტყჳსასა ამაღლდა, რაჲთა არა სხუაჲ რაჲმე უჯეროთაგანი იკითხონ მისგან. ხოლო რაჲსათჳს არა მაშინ აღდგა, ოდეს მოწაფენი ხედვიდეს, და აწ მაშინ ამაღლდა, იგინი რაჲ ხედვიდეს? — ცხად არს, ვითარმედ კერძოჲ აღდგომისაჲ იხილეს მოწაფეთა და კერძოჲ ამაღლებისაჲ. აღდგომასა უკუე ვერ თუალით მხილველ იქმნნეს, ხოლო აღდგომილი იხილეს, და ამაღლებასა ხედვიდეს. ხოლო ამაღლებული ვერ იხილეს. რამეთუ ვერ კმა-არიან კაცობრივნი თუალნი თანა-აღყვანებად სიმაღლედ ცისა აღმავალსა. მუნ არად საჴმარ იყო ხილვაჲ ვითარებასა აღდგომისასა, ვინაჲთგან აღდგომილსა ხედვიდეს და ზრახვიდეს, და საფლავი წამებდა, ვითარმედ: არღარა არს მუნ. არამედ აქა დასაბამსა ხედვიდეს, რამეთუ ამაღლდა, და დასასრული ეუწყა ანგელოზთა მიერ, ვითარმედ: ზეცად ამაღლდა.
და ღრუბელმან შეიწყნარა იგი თუალთაგან მათთა (1,9).
თარგმანი: ესეცა მაუწყებელი იყო ზუცად აღსლვისაჲ, რამეთუ ღრუბელმან შეიწყნარა, რაჲთა სრულ იქმნეს სიტყუაჲ წინაჲსწარმეტყუელისაჲ, ვითარმედ: "დადვა ღრუბელი აღსავალად თჳსა" (), რამეთუ ვერცა ერთიღაჲ სხუაჲ დაჯდების ღრუბელსა ზედა, ვითარ-იგი გესმის ესაიაჲსგან: "აჰა, ესერა, ზის ზედა ღრუბელსა სულ-მცირესა" (). ესრეთ უკუე ღრუბლისა მიერ შეწყნარებასა მისსა ხედეიდეს მოწაფენი და სხუასა უმაღლეს ვერღარას განიცდიდეს.
და ვითარცა ხედვიდეს იგინი ზეცად აღსლვასა მისსა, და აჰა ესერა, ორ კაც ზედა მოადგეს მათ სამოსლითა სპეტაკითა და ჰრქუეს მათ (1,10).
თარგმანი: ჰხედვიდეს, არამედ ვერ სრულიად განიცდიდეს სიმაღლისაგან ცისა და უძლურებისაგან თუალთაჲსა. ამისთჳს ანგელოზნი, რომელნი მარადის ჩუეულ იყვნეს ჩუენებად კაცთა ყოველსავე შინა ქრისტეს განკაცებისა საიდუმლოსა, ხარებითგან ვიდრე ამაღლებამდე იგინივე აწ კაცად შეცვალებულნი ეჩუენნეს მოციქულთა, რაჲთა არა შეაშფოთნენ იგინი, ხოლო ორნი ამისთჳს, რამეთუ პირითა ორისა და სამისა მოწამისაჲთა დაემტკიცოს ყოველი სიტყუაჲ.
კაცნო გალილეველნო, რაჲსა სდგათ და ჰხედავთ ზეცად? ესე იესუ, რომელი ამაღლდა თქუენგან ზეცად, ეგრეთვე მოვიდეს, ვითარცა იხილეთ აღმავალი ზეცად (1,11).
თარგმანი: კაცნი კაცთა ჰზრახვენ, არამედ არა სწორნი ბუნებითა, რამეთუ, ბუნებით ანგელოზთა, სახე ოდენ აქუნდა კაცთაჲ და სპეტაკობითა სამოსელთაჲთა ცხად ჰყოფდეს მეორე ნათელ ყოფასა თავთა თჳსთასა, და ბუნებითთა მათ კაცთა "კაც გალილეველ" უწოდდეს ზეცისანი და ეტყოდეს ქუეყანისათა: რაჲსა სდგათ? მიმოვიდოდეთ და ყოველსა სოფელსა ქადაგებდით, ვითარმედ ესე იესუ, ერთბამად ღმერთი და კაცი, რომელმან თქუენ ქუეყანით აღგამაღლნა და ზეცისასა მხედველ და მზრახვალ გყვნა, არაოდეს დაუტევებს ჴორცთა, რომელნი ერთ-გზას შეისხნა, არამედ მითვე აღსრული ზეცად, კუალად მითვე მომავალ არს განშჯად სოფლისა; რადღა სდგათ აქა, აწვე მომლოდედ მისა; იხილოთ იგი კუალად მომავალი, არამედ ესე — უკუანაჲსკნელ, ხოლო აწ მიიქეცით იერუსალემდ, და დასხედით მოლოდებად აღთქუმისა ვითარ-იგი ბრძანებულ ხართ მის მიერ. ესე ჩუენდაცა საჭირო არს, რაჲთა არა უქმად ვდგეთ, არამედ ვრბიოდით თითოეული თჳსსა საქმესა, კაცად-კაცადი რომელსაცა ზედა იჩინა! შევიკრძალოთ სიწმიდე იგი ნათლისღებისა მიერ მოცემული, რამეთუ რომელმან ცოდოს შემდგომად ნათლისღებისა, მრჩობლ და მრავალწილცა უმძიმეს არს საშჯელი მისი, რამეთუ ძე ღმრთისაჲ დათრგუნა და სული მადლისა აგინა. გარნა ეგრეთცა, დაღაცათუ დავეცნეთ შემდგომად ნათლისღებისა, ნუვე წარვიკუეთთ სასოებასა, რამეთუ კაცთმოყუარე არს მეუფე ჩუენი. აღვიარნეთ დაფარულნი სირცხჳლისანი წინაშე მკურნალთა სულიერთა, და მოვიღოთ მათგან წამალი სინანულისაჲ გურწმენინ აღდგომაჲ გუამთაჲ და საშჯელად წარდგომაჲ სულთა და ჴორცთაჲ. რამეთუ მიზეზ სულთა და ჴორცთა სიძვისა არს დავიწყებაჲ. საშჯელისაჲ და ურწმუნოებაჲ ყოფადისა მის აღდგომისაჲ. ამისგან მოვალთ უქმებად და უგულებელს-ყოფად მცნებათა საუფლოთა, ვინაჲცა ჩუენ წამლად, გულის-სიტყუათა ბოროტთა განმაბნეველად, ესე მოვიგოთ — ჴსენებაჲ სიკუდილისა და საუკუნოჲსა საშჯელისაჲ, რაჲთა მივემთხჳნეთ ყოფადთა მათ კეთილთა სიხარულსა, ქრისტეს იესუჲს მიერ, უფლისა ჩუნისა, რომლისაჲ არს დიდებაჲ და სიმტკიცე, აწ და მარადის და უკუნითი-უკუნისამდე, ამენ.
მაშინ მოიქცეს იერუსალემდ მთისა მისგან, რომელსა ჰრქჳან ზეთის ხილთაჲ, რომელ არს მახლობელ იერუსალემსა შაბათის გზა ოდენ (1,12).
თარგმანი: ოდეს "მაშინ"? — რაჟამს ეუწყა ზეცად აღყვანებაჲ ბუნებისა ჩუენისაჲ, და მითვე ჴორცითა კუალად ხილვაჲ მეუფისაჲ. მაშინ ბრძანებისაებრ უფლისა მოიქცეს იერუსალემდ არა განშორებად მისგან და მოლოდებად აღთქუმასა სულისასა. ხოლო წარმოვიდეს მთით ზეთისხილთაჲთ, ვინაჲ-იგი ამაღლდა უფალი, და არს იგი მახლობელ იერუსალემსა, ვითარ შაბათის გზა ოდენ, რომელი არს მილიონი ერთი. ხოლო მილიონი შეიქმს სტადიონსა შჳდსა და ნახევარსა. რამეთუ თქუმულ არს, ვითარმედ ესოდენ შორიელად განწესებულ იყო კარვისა მის საწამებელისა აღმართებაჲ ბანაკისაგან ძეთა ისრაჱლისათაჲსა, რომელ შესაძლებელ იყვის ერისაჲ, მუნ შაბათობად შეკრებულისაჲ შემდგომად შაბათისა განტევებასა წარსლვაჲ სახედ თჳსსა. და საზომი გზისა მის და სლვისაჲ იყო ორ ათასი წყრთაჲ და ამით ჩუეულებითა ყოველსა ეგოდენსა სიშორესა გზისასა "შაბათის გზა" უწოდდეს, რამეთუ უმეტესისა სლვად არა შეენდობვოდა ჰურიათა დღესა შაბათსა. ამის პირისათჳს უწოდს "შაბათის გზად" მახლობელობასა ზეთისხილთა მთისასა, რამეთუ ორ ათას წყრთა შორავს ზღუდეთა იერუსალემისათა.
და ოდეს შევიდეს, აღჴდეს ქორსა მას, სადაცა იყოფოდეს პეტრე და იოვანე, იაკობ და ანდრია, ფილიპე და თომა, ბართლომე და მათეოს, იოკობ ალფესი და სიმონ მოშურნე და იუდა იაკობისი (1,13).
თარგმანი: ვინაჲთგან მოშიშ იყვნეს სლვად ქალაქსა შინა, ამისთჳს, შე-რაჲ-ვიდეს ქალაქად აღჴდეს გოდლად, რაჲთა არა ადვილად შესაპყრობელ იქმნენ. ხოლო კეთილად აღჰრაცხს მოწაფეთა, ვითარმედ, რომელნი-იგი ჯუარცუმასა მიმო-დაიბნინეს შიშისათჳს ჰურიათაჲსა, არცა ერთი მათგანი აკლდა. არამედ პეტრეს უარისყოფაჲ სამ-გზისი სამ-გზის კითხვითა და ცრემლითა აღეჴოცა, და თომა, ურწმუნო-ქმნილი, განხილვითა გუერდისაჲთა მორწმუნე-ქმნილ იყო. ყოველნივე იყვნეს პატივსა მოწფობისასა, თჳნიერ საწყალობელისა მის განმცემელისა.
ხოლო სახელები მოციქულთაჲ ესრეთ გამოითარგმანების: პეტრე - განმჴსნელად ანუ მცნობელად ანუ მსმენელად; იოვანე — მადლად ღმრთსა; იაკობ — მწიხნელად ტკივილისა; ანდრია — ძალად შუენიერად ანუ განსჯილად; ფილიპე — პირად ჴელთა ანუ პირად ლამპრისა; თომა — უფსკრულად ანუ მარჩბივად: ბართლომე — ძედ წყალთა დამკიდებულად; მატთე — მონიჭებულად; იაკობ — მპყრობელად უკუანაჲსკნელისა (ამას იაკობს ალფესსა თადეოსცა ეწოდებოდა), ხოლო სიმონ — სწავლად ცხორებისა.
ესე ყოველნი იყვნეს განკრძალულ ლოცვასა და ვედრებასა ერთბამად დედებითურთ და მარიამ დედით იესუჲსით და ძმებითურთ მისით (1,14).
თარგმანი: ესე სახედ ჩუენდა, რამეთუ ლოცვასა განკრძალულნი მიიღებენ ნიჭსა სულისა წმიდისასა, რომელ არიან მოწაფენი ქრისტესნი, დედათა მათ თანა, რომელნი შეუდგეს უფალსა და ჰმსახურებდეს ნაყოფთაგან მათთა. იგინივე აწ მუნ იყვნეს მოციქულთა თანა და დედასა თანა უფლისასა, რომლისაჲ დაღაცათუ თქუმულ არს, ვითარმედ მიერითგან წარიყვანა მოწაფემან მან თჳსთა თანა, არამედ აწ თჳთ მოწაფეცა იგი საყუარელი მუნვე იყო. ამისთჳს ჯერ-იყო ღმრთისმშობელისაჲცა მუნვე ყოფაჲ. და უკუეთუმცა იოსებ, მიმთხოველი ქალწულისაჲ, მუნ ყოფილ იყო, იგიცამცა შვილთა თჳსთა თანა მოჴსენებულ იყო, არამედ ცხად არს პირველ მრავლისა ჟამისა აღსრულებაჲ. მისი თჳთ მათვე სიტყუათაგან სახარებისათა, ვითარმედ: "დედაჲ შენი და ძმანი შენნი გარე დგანან და ხილვაჲ შენი ჰნებავს" (); რამეთუ, უკუეთუმცა ცოცხალ ყოფილ იყო, მაშინ მუნცა მოიჴსენებოდა და აქა კრებულისა ამისგან არავე დააკლდებოდა, ვითარცა უმჴურვალესი ყოველთაჲ, რამეთუ, დაღაცათუ ძენი მისნი ოდესმე შეორგულდიან, არამედ იგი არა ოდეს ორგულ იყო საიდუმლოსა შინა ქრისტეს განკაცებისასა.