📋 სარჩევი
და მათ დღეთა შინა აღდგა პეტრე შორის მოწაფეთა და თქუა (1.15).
თარგმანი: რაჟამს-იგი ლოცვასა განკრძალულ იყვნეს, მათ დღეთა შინა აღდგა პეტრე, ვითარცა თავი მოციქულთაჲ. რომლისადა რწმუნებულ იყო ქრისტეს მიერ მწყსაჲ ცხოვართაჲ და წინამძღურობაჲ მოციქულთა მწყობრისაჲ; არამედ არარასვე ოქმოდა თჳნიერ ზოგადისა ყოველთა განზრახვისა. ხოლო იაკობ, ძმაჲ უფლისაჲ, დაღაცათუ საყდრის მპყრობელი იყო იერუსალემისაჲ, არამედ არავე თჳთ იწყებს სიტყუად, რამეთუ მშჳდცა იყო და არა ფრიად გამომეძიებელ საქმეთა. ამისთჳს მას მიუშუეს საყდარი იერუსალემისაჲ. ხილო თჳთ, ვითარცა უმკუეთელესნი მახჳლნი, მიმორბიოდეს აღჭრად ძირთა საცთურებისათა.
იყო რიცხჳ ერისა მის ერთბამად ვითარ ას და ოც ოდენ (1,16).
თარგმანი: ცხად არს, ვითარმედ ათერთმეტთა მათ თანა იყვნეს სამეოცდაათნიცა მოწაფენი, და სხუათა რჩეულთა და უმჴურვალესთაგან აღივსებოდა რიცხჳ მათი ას-ოცად, რამეთუ ჯერეთ სხუანიცა იყვნეს, რომელნი არა მუნ იყვნეს მორწმუნენი ქრისტესნი, რომელთათჳს-იგი პავლე იტყჳს: "მერმე ეჩუენა უმრავლეს ხუთასისა ძმათა" ().
კაცნო ძმანო, ჯერ-იყო აღსრულებად წერილი, რომელი-იგი წინაჲსწარ თქმა სულმან წმიდამან პირითა დავითისითა იუდაჲსთჳს, რომელი ექმნა წინამძღუარ შემპრობელთა მათ იესუჲსთა. რამეთუ აღრაცხილ იყო ჩუენ თანა, და ხუედრებულ წილი მსახურებისაჲ ამის (1,16-17).
თარგმანი: ძმად წოდებითა ნუგეშინის-სცემს მას და აღსძრავს ურთიერთას სიყუარულად, ვითარცა შუენის კაცთა, რამეთუ სიძულილი გარეგან არს კაცთა ბუნებისა, ხოლო წინაჲსწარმეტყუელებასა დავითისსა სულისა მიერ წმიდისა თქუმულად უწოდს პირითა დავითისითა, და სიტყუასა მას ქუემო-რე მოიჴსენებს მოღებითა ას და მერვისა ფსალმუნისაგან. ხოლო აწ ამას ცხად ჰყოფს, ვითარმედ წინა-მოსწავებულ იყო ყოფადი, ვითარცა ყოფილი, ღმრთისა მიერ ყოვლისავე მეცნიერისა. და სახელსა რაჲ იუდაჲსსა იტყოდის, არა დაჰრთავს გინებასა ანუ წყევასა, ვითარმცა ეთქუა: "ბილწმან" ანუ "უკეთურმან", არამედ ლიტონად მოგჳთხრობს წესითა თხრობისაჲთა, რაჲთა ჩუენცა ესევითართა მიმართ არა მაგინებელ ვიყვნეთ, რამეთუ კმა იყო მისსა ესე ოდენ, ვითარ ნაწილისაგან მოწაფეთაჲსა განვარდა და წინამძღუარ იქმნა შემპყრობელთა მოძღურისა მის სახიერისათა.
ამან მოიყო დაბაჲ იგი სასყიდლითა მით სიცრუისაჲთა (1,18).
თარგმანი: დაღაცათუ ჰურიათა იყიდეს, არამედ, რომელმან ფასი მისცა, მისდა მოგებულად შერაცხილ არს. და რაჲ-მცა იყო უცრუვესი ესევითარსა მას სასყიდელსა, რომელი მოეგო მას განსყიდითა მოძღურისა და დამბადებელისა თჳსისაჲთა! ამისთჳს საფლავ იქმნა, და სიტყჳსაებრ წინაჲსწარმეტყუელისა, — სამკჳდრებელ ოჴერ, რამეთუ, რაჲ უოჴრეს არს საფლავისა?
და განსივნა და განსთქდა შორის და განიბნინეს ყოველნი ნაწლევნი მისნი (1,18).
თარგმანი: ვინაჲთგან უძლურნი და დაუმტკიცებელნი სულნი ვერ ეგოდენ ხედვენ საუკუნოსა, რაოდენ საწუთოსა ამას, ამისთჳს მერმე იგი დაიდუმა ტანჯვაჲ და აქასა ამას იტყჳს იუდაჲსდა შემთხუეულსა განსივებასა და განხეთქასა. არა თუ სახარებისასა მას თქუმულსა წინა-აღუდგების, ვითარმედ "წარვიდა და შიშთვილ იბა" (), არამედ ორივე იქმნა. რამეთუ დამოი კიდა თავი თჳსი, რაჲთა მოიშთოს, გარნა, ვიდრე არღა მომკუდარ იყო, განუწყდა საბელი და მიერ ზე-კიდებისაგან შთამოვრდომილი განსივნა და განსთქდა შორის. და ამით გულისჴმის-ყოფითა შიშთვილ-იბა-ცა მახარებელთა სიტყჳსაებრ და განსივნა და განსთქდა, თქუმულისაებრ თავისა მიერ მოციქულთაჲსა, რომელი არა ბრალისა, არამედ საშჯელისა სიმძიმესა ჰყოფს სიმაღლე სიტყჳსა თჳსისა.
იტყჳს უკუე პაპია, ერთი მოწაფეთაგანი იოვანე ღმრთისმეტყუელისათაჲ, ვითარმედ დიდად სახედ უღმრთოთა სატანჯველისა დადებულ იქმნა იუდა სოფელსა ამას შინა, რამეთუ ესოდენ განსივნა ჴორცითა, ვიდრეღა გზასა მას, რომელსა ზედა დაცემულ იყო, ვერ ვინაჲ თანა-წარჰჴდა მას ურემი. ამისთჳს დათრგუნვითა ურმისა მიერ განსთქდა და განითხინეს ნაწლევნი მისნი. ხოლო ესოდენ განსივებულ იყო თავი მისი, ვიდრეღა ყოვლად დაეფარნეს თუალნი მისნი, რაჲთა ყოვლად ვერ იხილოს ნათელი, რამეთუ ვერცაღა სამკურნალოჲსა მის სარკისა მრავალ-ღონეობაჲ შთასწუთებოდა განცდად სიღრმესა თუალთა მისთასა, და სარცხჳნელნი მისნი უზომოდ სიზრქედ განსივნეს და ყოვლისავე სირცხჳლისა საზომსა და უშუერებისა სიმრავლესა გარეგან იქმნნეს და მიერ განეფინა წუთხი და მატლი ვიდრე შორიელთა ადგილთამდეცა, და ესრეთ, შემდგომად მრავალთა ტანჯვათა, მასვე დაბასა თჳსსა მოკუდა და დაეფლა, ვინაჲცა თქუმულ არს, ვითარმედ სიმყრალისაგან მისისა უშენ და ოჴერ იქმნა დაბაჲ იგი, ვიდრე დღენდელად დღედმდე, რომელ ვერცაღა თუ წარჰვლის ვინ ადგილსა ამას, ვიდრე არა დაიბურნეს ცხჳრნი.
და საცნაურ იქმნა ყოველთა მკჳდრთა იერუსალემისათა, ვიდრეღა ეწოდაცა დაბასა მას თჳსითა სიტყჳთა მათითა აკელდამა, ესე იგი არს დაბაჲ სისხლისაჲ (1.19).
თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ ვინაჲთგან განქიქნა ყოველთა შორის უშჯულოებაჲ იუდაჲსი ბოროტითა მით სიკუდილითა, ამისთჳს ჰურიათა, მკჳდრთა იერუსალემისათა ადგილსა მას მოშთობისა მისისასა უწოდეს სახელი შემსგავსებული საქმისაჲ, რომელნი-იგი არა თუ მორწმუნე იყვნეს და ქრისტეს განცემისათჳს აბრალებდეს, არამედ საქმისა ჭეშმარიტებაჲ აიძულებდა მოპოვნებად სახელსა შემსგავსებულსა. ამისთჳს ჩუენდა მტერთამიერი წამებაჲ უსარწმუნოეს არს.
რამეთუ წერილ არს წიგნსა მას ფსალმუნთასა: "იყავნ სამკჳდრებელი მისი ოჴერ და ნუ იყოფინ მას შინა" () და "განმგებელი მისი სხუამან მიიღენ" () (1,20).
თარგმანი: ვინაჲთგან სხჳსა ფსალმუნისაჲ არს "იყავნ სამკჳდრებელი მისი ოჴერ" და კუალად სხჳსაჲ — "განსაგებელი მისი სხუამან მიიღენ", ამისთჳს არა რიცხუსა ფსალმუნისასა, არამედ ყოველსა წიგნსა ფსალმუნთასა იჴუმევს მაუწყებელად სიტყჳსა, რამეთუ ოჴერ იქმნა დაბაჲ იუდაჲსი, საფლავ ბილწ და შეგინებულ ყოფითა, და უშენ მკჳდრთა ცხოველისგან. განმრავლებითა მკუდართა საფლავებისაჲთა, ხოლო განსაგებელი მოციქულებისა მისისაჲ მიიღო მატათია.
ჯურ -არს უკუე ჩუენ თანა შეკრებულთა ამათ კაცთაჲ ყოველსა ჟამსა, რომელსა შემოვიდა და განვიდა ჩუენდა უფალი იესუ, იწყო ნათლისცემითგან იოვანესით ვიდრე დღედმდე ამაღლებისა მისისა ჩუენგან, მოწამედ აღდგომისა მისისა ჩუენ თანა ყოფად ერთი ამათგანი (1,21-22).
თარგმანი: ესე წინაჲსწარმეტყუელისა მიერ წინამოსწავებითა ცხად-ყო, ვითარმედ განსაგებელი იუდაჲსი, რომელ არს პატივი მოციქულებისა მისისაი, სხუასა მიღებად უცი და აწ თვთ უტყვს ვითარმედ ჯერ-არს, რაჲთა ჩუენ თანა შეკრებულთა ამათ კაცთაგანი, რომელნი არა მეყსა შინა შეკრებულ არიან, არამედ მიერითგანი, ვინაჲთგან შემოვიდა იესუ (არა შობასა უწოდს შემოსლვად, არამედ ნათლის-ღებასა, რამეთუ მაშინღა შემდგომად ნათლის-ღებისა იწყო შეკრებად მოწაფეთა. ამისთჳს არა სოფლად შემოსლვასა იტყჳს, არამედ მათდა შემოსლვასა, ოდეს-იგი იწყო მოწოდებად მოწაფეთა; და განსლვად ამაღლებასა უწოდს), აწ უკუე ჯერ-არსო, იტყჳს, რაჲთა მიერ ნათლის-ღებითგან და ვიდრე ამაღლებადმდე ქრისტესსა შეკრებულთა მოწაფეთაგანი ერთი ჩუენ ათორმეტთა რიცხუსა აღმავსებელ იქმნეს ადგილსა მას განმცემელისასა. ესე ჰრქუა ქმნად და გამორჩევაჲ იგი ყოველთა წინა-უყო, რაჲთა სწორებითა მით პატივ-ცემულ იქმნნე და არა ეშურვნენ ზოგადითა განზრახვითა გამორჩეულსა მას, არამედ პატიოსან იქმნეს იგიცა, ვითარცა სწორთა მიერ და ერთ-ნება ქმნილთა გამორჩეული. ხოლო რად არა სასწაულთა მოწამედ, ვიდრეღა აღდგომისასა, ეძიებს ყოფად? — ამისთჳს, რამეთუ სასწაულნი წინაშე ყოველთა ქმნილ იყვნეს, ხოლო აღდგომაჲ თჳსაგან. და ესე იყო საწამებელ ვითარმედ, რომელი ჯუარს-ეცუა და მოკუდა, იგივე ჭეშმარიტებით აღდგა, და ორმეოცთა დღეთა სახილველ იქმნა მოწაფეთა და განიხილა-ცა მათ მიერ. კეთილად უკუე ისწრაფეს მოციქულთა მსწრაფლ აღვსებად ადგილსა განმცემელისასა, რაჲთა არა უსრულ და ნაკლულ იყოს მოძღურისა მის მიერ და მეუფისა გამორჩეული და შეკრებული მწყობრი მათი ათორმეტ რიცხჳ.
და დაადგინნეს ორნი: იოსებ, რომელსა ერქუა ბარსაბა და მერმე ეწოდა იოსტოს, და მატათია (1,23).
თარგმანი: ამისთჳს ორნი დააყენნეს და არა მრავალნი, რაჲთა ერთი ოდენ დაშთეს შეწუხებული, რაჟამს მის თანა დადგინებულსა ხუდეს წილი და არა მას, რამეთუ სხუანი-ღა თუმცა ყოფილ იყვნეს მის თანა, უმრავლესთა შეწუხებაჲ იქმნებოდა და ამას შფოთი შეუდგებოდა. ხოლო შენ იხილე, ვითარ ერთსა კაცსა სამ სახელ უწოდიან, რამეთუ, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, პირველად ეწოდა იოსებ და მერმე ბარსაბა და იოსტოს, გინა თუ სიმრავლისათჳს სხუათა ერთ-მოსახელეთაჲსა, გინა თუ შეცვალებისათჳს ცხორებისა, ანუ თუ მჴურვალებისათჳს ღმრთისმსახურებისა. რამეთუ საკჳრველსა მოგჳთხრობს ამისთჳს პაპია, მოწაფე იოვანე ღმრთისმეტყუელისაჲ, ვითარმედ ოდესმე წინააღმდგომთა მიერ მოეპყრა მას სამსალაჲ, რომელ არს წამალი მაკუდინებელი, ხოლო მას სასწაული ჯუარისაჲ გამოსახა მას ზედა და შესუა და უვნებელად ეგო მადლითა ქრისტესითა. ხოლო მატათია, რომელი აწ აღირაცხა ათორმეტთა თანა, იყო იგი პირველ მოწაფე უფლისაჲ ერთი სამეოცდაათთაგანი.
და ილოცეს და თქუეს: შენ უფალო, ყოველთა გულთა მეცნიერო, გამოაჩინე ერთი ამათ ორთაგანი, რომელიცა გამოირჩიე მიღებად წილი მსახურებისა ამის და მოციქულისაჲ, რომლისაგან განვიდა იუდა მისლვად ადგილსა თჳსსა (1,24-25).
თარგმანი: ესე არს ძალი ლოცვისაჲ ამის, ვითარმედ: შენ, უფალო, ყოველთა გულთა წინაჲსწარ მეცნიერ ხარ; ამისთჳს გევედრებით, გამოაჩინე და გამოგჳცხადე ერთი ამათ ორთაგანი, რომელი შენ წინაჲთვე გამოგირჩევიეს წინაჲსწარ-მცნობელობითა და წინა-განმასაზღვრებელითა ძალითა შენითა, რამეთუ უწყით, ვითარმედ პირველ კითხვად ჩუენდამდე განგიჩენიეს თუ ვინ ჯერ-არს მიმღებელად ყოველთა მსახურებათაგან განკუთნვილსა ამას წილსა მოციქულებისასა, რომლისაგან განვიდა იუდა მისლვად ადგილსა თჳსსა. ადგილ იუდაჲსსა იყო შიშთვილი და ჯოჯოხეთი, რომელი წინაჲთვე განეკუთნა მას სენითა მით ვეცხლისმოყუარებისაჲთა, რომლითა მიუდგა და შვა განმცემელობაჲ. აწ უკუე, ვითარცა იუდა თჳსითა უკეთურებითა განიკუთნა ადგილი თჳსი, ეგრეთვე მატათია თჳსითა მოსწრაფებითა ღირსად გამოაჩინა თავი თჳსი ადგილისა მის მოციქულებისა.
და მისცნეს წილნი მათ. და გამოუჴდა წილი მატათიას, და თანა -აღირაცხა ათერთმეტთა მოციქულთა (1,26).
თარგმანი: რაჲსათჳს წილთ-გდებით ჰყოფენ გამორჩევასა? ამისთჳს, რამეთუ არღა მოეღო სული წმიდაჲ, არცა მადლი საიდუმლოთა გამოცხადებისაჲ, და წარეკითხა თხრობაჲ იგი, რომლისაგან მოიღეს სახედ, ვითარმედ უკუეთუ ლიტონთა კაცთა შორის, თჳნიერ ლოცვისა, ესოდენი გამოცხადებაჲ იქმნა წილთ-გდებისა მიერ იონაჲსთჳს, რაოდენ უფროჲს მოციქულთა შორის და ლოცვით მვედრებელთა ღმრთისათა. ვინაჲცა ამასვე წესსა ვითხოვ მე აწცა მკჳდრთაგან ეკლესიისათა, რაჲთა არა კაცობრივისა გულის-თქუმისა ნიჭ ჰყოფდენ პატივსა ეპისკოპოსობისა და მოძღურებისასა, ნუცა კუალად ურთიერთას ჴდომითა და შურითა ჰყოფდენ გამორჩევასა, არამედ ლოცვით და ვედრებით ღმრთისა მიერსა ითხოვდედ განჩინებასა. არა ყოველთა მიმართ არს სიტყუაჲ ჩემი, არამედ მათდა მიმართ, რომელთა გული უთქუამს მთავრობად და ჴელმწიფებად სულთა ზედა კაცთასა, არა თუ ძმათა განსუენებისა, არამედ თჳსისა დიდებისმოყუარებისათჳს, რამეთუ, უკუეთუმცა უწყოდეს, ვითარმედ ყოველთა სიმძიმისა ტჳრთვაჲ უჴმს წინამძღუარსა, არამცა სუროდა წინამძღურობად. რამეთუ სხუათა განრისხებულთა შეენდობვის, ხოლო მას — არა; და სხუანი თუ ცოდვიდენ, მიეტევების, ხოლო მას — არა, რამეთუ ყოველთა პირსა შინა იგი არს და ყოველნი სახედ მას ხედვენ; უკუეთუ ფრიად აღიძრას, მრისხანე უწოდენ, და უკუეთუ ფრიად ტკბილ იყოს, — უდებ და დაჴსნილ. და ვერვინაჲ ჰპოებს კაცობრივსა განსუენებასა, არა თუ უგულებელს ყოს საქმე ღმრთისაჲ და იქმნეს ყოვლისავე მიმშუებელ ყოველთა.
მითხარ, საყუარელო, უკუეთუ ათთა ოდენ შვილთა უფალი კაცი სამარადისოდ იჭირვის მათისა მის ზრუნვისათჳს, რაჲ თანა-აც ეპისკოპოსსა და მოძღუარსა ასეულთა და ათასეულთა ერთასა, უკუეთუ ნამდჳლვე ჭეშმარიტი მწყემსი იყოს, და არა მიზდურთაგანი! ამისთჳს, არა ვჰგონებ მე მწყემსთაგანთა მრავალთა ცხოვნებულთაგანად, არამედ უმრავლესთა — წარწყმედულთაგანად. ხოლო მიზეზი ესე არს, რამეთუ მჴნისა და ახოვნისა სულისა საქმე არს ღირსებით მოძღურობაჲ და წინამძღურობა ერთაჲ, რამეთუ, არღა ვიტყჳ მრავალთა, არამედ ერთიღა თუ სული სამწყსოთა მათგანი წარწყმდეს, სისხლი მისი ჴელთაგან თქუენთა ვიძიოო, იტყჳს უფალი, რამეთუ არცაღა ყოველი სოფელი ღირს არს ერთისა სულისა.
ესე ყოველი ყურად-ვიღოთ, ძმანო, და ნუმცა ჴორციელისა პატივისა და სიმდიდრისა ღონე ვჰყოფთ სულიერსა ამას და საღმრთოსა წესსა მოძღურებისასა, არამედ სადიდებელად ღმრთისა და სარგებელად ძმათა, რაჲთა არა სხუათა ცოდვისათჳს საშჯელი მიგუეჴადოს, არამედ რაჲთა თავთა თჳსთა კრძალულებითა მივემთხჳნეთ წყალობასა ღმრთისასა, რომლისაჲ არს დიდებაჲ უკუნითი-უკუნისამდე ამენ.