მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

თავი ი̂ა. ორგულებისათჳს და შერისხვისა სიმონისსა

წმინდა იოანე ოქროპირი
მთარგმნელი: წმინდა ეფრემ მცირე
რედაქტორი: Titus

ვითარცა იხილა სიმონ, რამეთუ ჴელთ-დასხმითა მოციქულთაჲთა მოეცემის სული წმიდაჲ, მიუპყრა მათ ფასი და ჰრქუა: მომეცით მეცა ჴელმწიფებაჲ ესე, რაჲთა, რომელსაცა დავასხნე ჴელნი, მიაქუნდეს სული წმიდაჲ. ჰრქუა მას პეტრე: ვეცხლი ეგე შენი შენ თანავე იყავნ წარსაწრყმედელად შენდა, რამეთუ ნიჭსა მას ღმრთისასა ჰგონებ ფასითა მოპოვნებად. არა გიც შენ ნაწილი, არცა სამკჳდრებელი სიტყუასა ამას შინა, რამეთუ გული შენი არა არს წრფელ წინაშე ღმრთისა (8,18-21).

თარგმანი: მოიჴსენო რაჲ იუდაჲსი მოციქულად ჩინებაჲ ქრისტეს მიერ, ნუ გიკჳრს ფილიპესგან ნათლის-ცემაჲ სიმონისი, რამეთუ ამის ესევითარისა განგებულებისა ცნობაჲ არა კაცთაჲ არს, გარნა ღმრთისა მხოლოჲსაჲ, ხოლო ჩუენ ესე ვისწავოთ, ვითარმედ დასაბამსა მოციქულთა ქადაგებისასა, ვინაჲთგან ჯერეთ ჩჩჳლ იყვნეს მორწმუნენი, ამისთჳს არა მსგავსად აწინდელისა ნათელღებულთა ზედა უხილავად სულისა წმიდისა გარდამოსლვისა იჭრებოდა მაშინ, არამედ განცხადებულითა რაჲთმე სახითა უჩუენებდა უხილავად მოსლვასა თჳსსა, ვითარ-იგი ათორმეტთა მათ კაცთა ნათელ-იღეს რაჲ პავლესგან, მყის მოსლვასავე თანა მათ ზედა სულისასა იწყეს სიტყუად ენათა. ესევითარი რაჲმე ხილული სასწაული იხილა სიმონ და ამისთჳს ითხოვდა სხუათა მიცემისა ჴელმწიფებასა მისსა, რომელი თჳთ არა მიეღო ჯერეთ, და უნდა, რაჲთა არღარა ოცნებით აზმნობდეს, ვითარ-იგი ჰყოფდა სასწაულთა ოცნებით და არა ჭეშმარიტებით, არამედ ჭეშმარიტებით ძალ-ედვას ქმნად, ვითარ-იგი მოციქულნი ჰყოფდეს. და ამის მიზეზისათჳს მიუპყრა ფასი, რაჲთა გამოცადნეს მოციქულნი ანუ აცთუნნეს-ცა. და კუალად, რაჲთა ფასით სყიდულსა უმეტესის ფასის ჰყიდდეს. ამას თანა ფილიპესსაცა უაღრეს უნდა გამოჩინებაჲ თავისა თჳსისაჲ, რაჲთა, რომელი-იგი მან ვერ მისცა, ამას სიმონ მისცემდეს. ხოლო თავმან მოციქულთამან დაფარული იგი ზაკუვაჲ გულისა მისისაჲ ცნა მის თანა მდიდრად მყოფისა სულისა მიერ და ზაკუვაჲ მისი განაქიქა და ფასი გარე-მიაქცია.

შეინანე უკუე უკეთურებისა ამისგან შენისა და ევედრე უფალსა, მი-ხოლო თუ-გეტეოს შენ უსჯულოებაჲ ეგე გულისა შენისაჲ, რამეთუ სიმწარედ ნავღლისა და თანა-შეკრულ ცოდვისა გხედავ შენ, რამეთუ ხარ. მიუგო სიმონ და ჰრქუა: ილოცეთ თქუენ ჩემთჳს უფლისა მიმართ, რაჲთა არა მოვიდეს ჩემ ზედა, რაჲ-იგი თქუენ სთქუთ. ხოლო მათ მიმოდააწესეს წამებაჲ იგი სიტყჳსაჲ მის და იტყოდეს სიტყუასა მას უფლისასა და მოიქცეს იერუსალემდ და მრავალსა დაბნებსა სამარიტელთასა ახარებდეს (8,22-25).

თარგმანი: იხილე სიტკბოებაჲ მოციქულისაჲ, ვითარ სინანულად მოუწოდს კაცსა ესოდენ ბოროტად ეშმაკთ სადგურს, რაჲთა არავინ წარიკუეთოს სასოებაჲ შენდობისაჲ, ხოლო სიტყჳთა მით, ვითარმედ "მი-ხოლო-თუ-გიტეთს", არა თუ სასოებასა წარუკუეთს შენდობისასა, არამედ სიმძიმესა უჩუენებს ბრალისასა, ვითრმედ: უჴმს ტირილი და გლოვაჲ მრავალი, აღსაჴოცელად ბრალთა სიმძიმისა. გარნა მან კნინითა სიტყჳითა ესე აჩუენა, ვითრმედ არა კმა არს თავით თჳსით მვედრებელად ღმრთისა, არა თუ მოციქულთა ილოცონ მისთჳს, ხოლო სხუაჲ არღარაჲ შეუდგინა, — არცა მოქცევაჲ ბოროტთაგან, არცა შევრდომაჲ სულ-თქუმით და გლოვით; ამისთჳს მოციქულთა მიმოდააწესეს წამებაჲ იგი სიტყჳსაჲ მის, ესე იგი არს, განამტკიცნეს ყოველნი, რაჲთა არღარა სცთებოდიან ოცნებათაგან და სივერაგეთა სიმონისთა, და თჳთ კუალად-იქცეს მუნვე იერუსალემდ, სადა-იგი იყო უმეტესი ბრძოლაჲ და ბანაკი მკლველთაჲ, რამეთუ მიერ-კერძო ჯერ-არს ყოფაჲ მჴედართმთავართაჲ, ვინაჲცა უმეტესი იყოს ბარაკი მბრძოლთაჲ, და უმრავლეს — სიმძიმე წყობად მოსრულთაჲ. ხოლო შენ იხილე, ვითარ მგზავრ არა-ვე დააცადეს ქადაგებაჲ, არამედ მოსწრაფე იქმნნეს, რაჲთა ქალაქსა თანა სამარიასა დაბნებიცა სამარიტელთაჲ აღივსოს სახარებითა ქრისტეს ღმრთისა ჩუენისაჲთა.