მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

თავი ი̂ბ. საჭურისისა მისთჳს, რომელსა ნათელ-სცა ფილიპე ანგელოზისა მიერ მივლინებულმან

წმინდა იოანე ოქროპირი
მთარგმნელი: წმინდა ეფრემ მცირე
რედაქტორი: Titus

📋 სარჩევი

ანგელოზი უფლისაჲ ეტყოდა ფილიპეს და ჰრქუა: აღდეგ და მივედ შენ სამხრით კერძო, გზასა მას, რომელი შთავალს იერუსალემით ღაზად. ესე არს უდაბნოჲ. და აღდგა და წარვიდა(8,26-27).

თარგმანი: იხილე, ვითარ ანგელოსნი დაღაცათუ არა თავით თჳსით უქადაგებენ კაცთა, არამედ ქადაგთა მიუვლინებენ, ვითარცა ყოვლით კერძო წადიერნი ცხორებად ჩუენდა. ხოლო დაღაცათუ ვიეთნიმე შჳდთა დიაკონთაგანად იტყჳან ამას ფილიპეს, არამედ მე უფროჲსღა ათორმეტთაგანად ვიტყჳ, რამეთუ იერუსალმით წარივლინა, სადა-იგი ათორმეტნი იყვნეს, და რამეთუ ამისსა ნათლის-ცემასა მყის შეუდგა გარდამოსლვაჲ სულისაჲ, რომელი-ესე ათორმეტთა თჳს-ეყვის. გარნა შენ ისწავე შეუორგულებელი მორჩილებაჲ სახისა ამისგან, ვითარ არღარას გამოიკითხავს ფილიპე, თუ: რაჲსათჳს წარმავლინებ; არამედ მყის შეუორგულებელად ისმენს სიტყუასა ანგელოზისასა, და წარჰვლის გზასა უდაბნოჲსასა, მიმყვანებელსა ღაზად, რომელი არს ქალაქი შესწავებული ქალაქთა შორის ფინიკიისათა, რომლისათჳს ზღაპრობენ, ვითარმედ დიოჲს მიერ აღიშენა და ამისთჳს ეწოდა ღაზა, რამო მუნ დაუტევნა დიო საჴმარნი თჳსნი, ხოლო საჴმართა სახელი სპარსთა ენითა ღაზა უწოდიან. ესე ქალაქი ღაზაჲ ეველთაჲ იყო და წილ-ხუდა ტომსა იუდაჲსსა. ხოლო მათ ვერ გამოიღეს, ვერცა მოსრნეს მას შინა მყოფნი ნათესავნი, არამედ უკუანაჲსკნელ კაბადუკიელთა მუნ შთასრულთა მოსრნეს და დაიპყრეს ქალქი იგი.

და აჰა ესერა კაცი ჰინდოჲ საჭურისი ძლიერი კანდაკისი დედოფლისა მის ჰინდოეთისაჲ, რომელი იყო ყოველსა ზედა საფასესა მისსა, რომელი-იგი მოსრულ იყო თაყუანის-ცემად იერუსალემდ, და მოქცეულ იყო და ჯდა იგი ეტლთა ზედა მისთა და იკითხვიდა წიგნსა ესაია წინაჲსწარმეტყუელისასა (8,27-28).

თარგმანი: დასაბამ წარმართთა მოქცევისა იქმნა საჭურისი ესე და აღესრულა მის ზედა წინაჲსწარმეტყუელებაჲ: "ჰინდოეთმან უსწროს ჴელის მიცემად ღმრთისა, ხოლო შენ განიცადე სათნოებაჲ მისი, ვითარ კაცი ძლიერი მთავრობითა, რომელი უცალო იყო სამეუფოთა საფასეთა განგებისაგან, იერუსალემს აღსრულ იყო ლიტონსა ჟამსა და არა დღესასწაულსა რასმე და შემდგომად თაყუანის-ცემასა არა კმა იყოფდა ჭირსა მგზავრობისასა და სიცხისა შემწუველობასა, არამედ მჴურვალებითა ღმრთისმსახურებისაჲთა იკითხვიდა არა ლიტონსა რასმე, არამედ საწინაჲსწარმეტყუელოსა ესაიაჲსსა, რომელსა დაღაცათუ ვერ გულისჴმა-ჰყოფდა, არამედ სარწმუნოებით იკითხვიდა-ვე, ვინაჲცა, რაჲ სიტყუაჲ მიუგოთ ჩუენ ღმერთსა, რომელნი არცა განსუენებით ჯდომასა შინა ვიკითხავთ, და დაღაცათუ გიკითხვიდეთ, მყის მოვიწყენთ და დაუტევებთ, უკუეთუ მივემთხჳნეთ რასმე ღრმასა და ძნიად გულისჴმის-საყოფელსა, რამეთუ, რაოდენცა ღრმა იყოს, უკუეთუ ოდენ სარწმუნოებით დავადგრეთ კითხვასა და სმენასა შინა მისსა, მყის მოგჳვლინებს ღმერთი გულისჴმის-ყოფასა, ანუ სულისა მიერ, გინა კაცისა მიერ საღმრთოდ განბრძნობილისა. ხოლო გამოეძიებენ ვიეთნიმე სახელისათჳს კანდაკესისა, თუ დედოფლისაჲ არს ანუ საჭურისისაჲ, რამეთუ საშუვალსა ზედა წერილ არს. ცხად არს, ვითარმედ დედოფალსა კანდაკის ერქუა, რამეთუ ჰინდონი მეფეთა მათთა მამულსა სახელსა არა აღსწერენ, არამედ მზესა იტყვან მამად მათდა. ხოლო ყოველთავე დედოფალთა მათთა, რომელნი იყვნენ დედა მეფეთა, კანდაკის უწოდეს. ამისთჳსცა არაჲ საკჳრველ არს, უკუეთუ მოსახელედ დედოფლისა საჭურისსაცა მისსა კანდაკის ეწო(95რ6)დებოდა, რაჲთა ზოგად ორთაჲვე იყოს სახელი ესე.

ჰრქუა სულმან წმიდამან ფილიპეს: მივედ და შეეახლე შენ ეტლთა იმათ. და მივიდა ფილიპე და ისმენდა მისსა, ვითარ-იგი იკითხვიდა ესაია წინაჲსწარმეტყუელსა, და ჰრქუა: უწყი-მეა, რასა-ეგე იკითხავ? ხოლო მან ჰრქუა: და ვითარ-მე მეძლოს უწყებად, არა თუ ვინმე იყოს წინამძღუარ ჩემდა? და ჰლოცვიდა ფილიპეს აღსლვად და დაჯდომად მის თანა (8,29 -31).

თარგმანი: ვითარცა სულისა მიერ ბრძანებული, არა ჰბასრობს უმეცრებასა მისსა, არცა კუალად ლიქნით აქებს ფილიპე საჭურისსა მას, არამედ საშუვალითა სიტყჳთა ჰკითხავს: უწყი-მე-ა, რასა-ეგე იკითხავ? ხოლო იგი არა შეურაცხ-ჰყოფს, ვითარმედ: შენ ვინ ხარ! არცა სიგლახაკესა მოძღურისასა უღირს-იჩენს, არამედ გონიერად მიუგებს, ვითარმედ უღონო არს თჳნიერ სულიერისა მოძღურისა და წინამძღურისა მუცლითმეზღაპრეობით ჴელ-ყოფაჲ ძალსა წმიდათა წერილთა თარგმანებისასა. ამისა შემდგომად მოქენე გლახაკისა იქმნების მდიდარი, აღყვანებად ეტლთა ზედა დაჯდომად მის თანა.

ხოლო თავი საკითხავისაჲ მის, რომელსა იკითხვიდა, იყო ესე: ვითარცა ცხოვარი, კლვად მიიგუარა, და ვითარცა ტარიგი წინაშე მრისუველისა უჴმობელად, ესრეთ არა აღაღებს პირსა თჳსსა. სიმდაბლითა მისითა საშჯელი მისი მოეღო, ხოლო თესლ-ტომი მისი ვინ-მე მიუთხარს? რამეთუ აღებულ არს ქუეყანით ცხორებაჲ მისი (8,32-33).

თარგმანი: მადლისა მიერ საღმრთოჲსა იქმნა დამთხუევაჲ იგი საჭურისისაჲ ამას თავსა საკითხავისასა, მქადაგებელსა ქრისტეს ვნებათა და აღდგომისასა, რამეთუ ჭეშმარიტად ევნებოდა და არა უთქუმიდა, იგინებოდა და იგი არავის აგინებდა, არამედ, ვითარცა ცხოვარი, უჴმობელად შეუდგა დაკლვად მიმყვანებელთა თჳსთა, რომელი-იგი სახედ ცხოვარისა სამთა ნიჭთა მოგუცემს ჩუენ: ნათლის-ღებისა სამოსელსა — მატყლისა წილ, და ჴორცსა და სისხლსა - ჴორცისა წილ, ხოლო შვილებისა მადლსა — კრავისა წილ, და თჳთ იგი თავადი არს კრავ, ამხუმელ ცოდვათა სოფლისათა, რომელი არასადა ჴმობდა ცილისმწამებელთა მიმართ წინაშე პილატესსა, მსგავსად კრავისა, რომელი დუმს წინაშე მრისუველისა, დაღაცათუ მატყლისა თანა ჴორციცა ოდესმე შეჰკუეთოს საპარსველმან მან. ესრეთ უკუე "საშჯელი მისი მიეღო" რამეთუ არასადა იპოვა მშჯავრი სიმართლით ბჭობისაჲ მსაჯულთა მათ თანა სიცრუვისათა, რომელნი განიკითხვიდეს მას. ხოლო თესლ-ტომი მისი ესრეთ მიუთხრობელ არს, რამეთუ ღმერთი არს მიუწთომელი და ძე ღმრთისაჲ, რომლისა არსებაჲ მიუთხრობელ და გამოუთქუმელ არს, დაღაცათუ კაცობრივ აღიწერების ტომისაგან დავითისსა და აბრაჰამისსა. და კუალად, ესე არს მიუთხრობელობაჲ თესლ-ტომისა მისისაჲ, რამეთუ, დაღაცათუ ვიტყოდით მისთჳს ღმრთეებით, ვითარმედ: ღმერთი ღმრთისაგან და ნათელი ნათლისაგან, და კუალად კაცობრივ, ვითარმედ: სულისაგან წმიდისა და მარადის ქალწულისა მარიამისა, არამედ ეგრეთცა ვითარებაჲ და სახე ორთავე მათ შობათა — ზეცისა და ქუეყანისათაჲ — ზედა-მიწევნით ცნობად და გამოთქუმად შეუძლებელ არს, რამეთუ აღებულ არს ქუეყანით ცხორებაჲ მისი, ვინაჲთგან ქუეყანასა ზედა შობილი აღსასრულსა ჟამთასა პირველ საუკუნეთა არს ღმრთეებითა, და დაღაცათუ მოკუდა და ივნო ბუნებითა ჴორცთაჲთა, ხოლო ღმრთეებით უვნებელ და შეუხებელ არს, რომლითა აღადგინა მოკუდავებაჲ ჴორცთა ამათ სიგლახაკისა ჩუენისათაჲ, და აღამაღლა ზეცად, და დასუა მარჯუენით მამისა.

მიუგო საჭურისმან მან და ჰრქუა ფილიპეს: გევედრები შენ, ვისთჳს იტყჳს წინაჲსწარმეტყუელი ამას, — თავისა თჳსისათჳს, ანუ სხჳსა ვისთჳსმე. აღაღო პირი თჳსი ფილიპე და იწყო თხრობად მისსა და ხარებად წიგნთაგან იესუჲსთჳს (8,34-35).

თარგმანი: შემდგომად ეტლთა ზესა აღსლვისა და მის თანა დაჯდომისა ვედრებით და მოქენედ ჰკითხავს ვითარცა მეცნიერი, ვითარმედ: არა ყოვლადვე ერთ-სახე არს სიტყუაჲ წინაჲსწარმეტყუელთაჲ, არამედ ოდესმე თავთა თჳსთათჳს და ოდესმე სხუათათჳს მეტყუელებენ. ხოლო ფილიპე ზემო-წერილისა მის სიტყჳსა განმარტებითა ყოველივე მიუთხრა ძალი ქრისტეს განგებულებისაჲ.

და ვითარცა მი-ოდენ-ვიდოდეს მგზავრ, მოვიდეს წყალსა ერთსა ზედა და ჰრქუა საჭურისმან მან: აჰა წყალი; რაჲღა ყენება არს ჩემდა ნათლის-ღებად? ჰრქუა მას ფილიპე: გრწამს თუ ყოვლითა გულითა შენითა, ჯერ-არს. მიუგო და ჰრქუა მას: მრწამს, რამეთუ ძე ღმრთისაჲ არს იესუ ქრისტე. და უბრძანა დადგინებაჲ ეტლთაჲ მათ. და შთაჴდეს ორნივე წყალსა, ფილიპე და საჭურისი იგი, და ნათელ-სცა მას (8,36-38).

თარგმანი: იხილე, ვითარ ყოველსა ადგილსა ხილულსა წყლითა ნათლის-ღებასა შეუდგს მოფენაჲ უხილავისა მის სულისა წმიდისა მადლისაჲ, რაჲთა არცა ერთმან ვინ უგულებელს ყოს თანა-წარუვალად საჭიროდ საჴმარებაჲ მისი. და ესე მრავალთა ადგილთა აღმოიკითხო წიგნსა ამას შინა მოციქულთა საქმისასა, ვითარ პირველი არს ნათლის-დებაჲ წყლითა და ამას შეუდგების მოღებაჲ სულისა წმიდისაჲ, ვითარ-ესე აწ საჭურისმან ერთითა მით სწავლითა ფილიპესითა იხილა რაჲ წყალი, მყის სურვილით ჴმა-ყო: აჰა წყალი! და შემდგომად კითხვისა — უკუეთუ ჰრწამს —კუალად ჴმა-ყო: მრწამს, რამეთუ ძე ღმრთისაჲ არს იესუ ქრისტე. ესე ყოველი შემოკრებითთა მათ ესაიაჲს სიტყუათა თარგმანებითა ასწავა მას ფილიპე, რაჲთა არა ლიტონად კაცად, არამედ ღმრთად ჭეშმარიტად და ძედ ღმრთისად აღიაროს ქრისტე, ვინაჲცა მყის ბრძანა დაყენებაჲ ეტლთაჲ, და ნათლის-ღებასა მისსა შეუდგა ესე.

და ვითარცა აღმოჴდეს წყლით, სული წმიდაჲ მოვიდა საჭურისსა მას ზედა და სულმან უფლისამან წარიტაცა ფილიპე და მერმე არღარა იხილა იგი საჭურისმან მან, და ვიდოდა გზასა თჳსსა სიხარულით (8,39).

თარგმანი: სიმდიდრისაებრ სარწმუნოებისა მისისასა მყის აღივსო სულითა წმიდითა საჭურისი იგი, ხოლო ფილიპე ამისთჳს აღიტაცა, რამეთუ აიძულებდა მას მის თანა წარყოლად საჭურისი იგი, და მწუხარე იქმნებოდა, უკუეთუმცა არა მიყოლილ იყო. ამისთჳს ზოგად ფილიპესცა ნუგემინის-ეცა, რამეთუ მსგავსად ელიაჲსსა და ამბაკომისსა ღირს იქმნა აღტაცებასა, და კუალად საჭურისმანცა ცნა, ვითარმედ არა ლიტონთა რათმე კაცთაგანი იყო, რომელმან-იგი მას ნათელ-სცა, ამისთჳს სიხარულით ვიდოდა გზათა საღმრთოთა, რამეთუ თქუმულ არს მისთჳს, ვითარმედ ქადაგა ქრისტე არაბიას ევდემონისასა და პროვანის, დიდსა მას ჭალაკსა ჰინდოეთისა ზღჳსასა სადა-იგი იწამა და დაეფლა. ხოლო შენ იხილე, რამეთუ პირველად გჳჴმს, რაჲთა მორჩილებითა საღმრთოჲსა ბრძანებისაჲთა მკჳრცხლ დავშურეთ სრბასა შინა საღმრთოჲსა ქადაგებისასა და ესრეთღა ღირს ვიქმნნეთ აღტაცებად სულისა მიერ უმაღლესთა ხედვათა მიმართ, რამეთუ საქმე ხედვისა წინამძღუარ არს, ვითარ-ესე აწ ფილიპე სრულ ყო რაჲ საქმით სიტყუაჲ იგი, ანგელოზისა მიერ ბრძანებული, შრომით და სლვით უშრომელსა მიემთხჳა აღტაცებასა სულისა მიერ უფლისა, რამეთუ ანგელოზისა ხილვაჲ უზრქელესთაჲ-რე არს და უსრულთაჲ, ხოლო სულისა მიერ აღტაცებაჲ — სრულთა და უმაღლესთაჲ. ხოლო რაჲსათჳს არა იერუსალემს იხილა საჭურისმან ფილიპე, არამედ მგზავრ ეწია? — ამისთჳს, რამეთუ არა ჯერ-იყო მისდა, რაჲთამცა დევნულად და გუემულად ეხილნეს მოციქულნი, ჯერეთ უსრულსა სარწმუნოებითა.

და ფილიპე იპოვა აზოტით კერძო. მიმოვიდოდა და ახარებდა ყოველსა მას ქალაქებსა, ვიდრე მოსლვადმდე მისსა კესარიად (8,40).

თარგმანი: საცნაურ იყავნ, ვითარმედ აზოტსა ასდოდ ეწოდების წერილთა მიერ, ხოლო არს იგი ერთი შესწავებული ქალაქი პალესტინისაჲ, რომელი წილ-ხუდა ტომსა იუდაჲსსა, არამედ ვერ გამოიპყრეს იგი, ვერცა მოსწყჳდნეს მას შინა მკჳდრნი იაკიმელნი, და ესე არს ერთი ხუთ ქალაქთა მათგანი, რომელნი იყვნეს სამთავრო უცხო-თესლთა მთავრობისა.

ნაშრომები > კომენტარები საქმეებზე და კათოლიკე ეპისტოლეებზე, წმ.იოანე ოქროპირი, წმ. ეფრემ მცირე > თარგმანებაჲ საქმისა მოციქულთაჲსა > თავი ი̂ბ. საჭურისისა მისთჳს, რომელსა ნათელ-სცა ფილიპე ანგელოზისა მიერ მივლინებულმან