📋 სარჩევი
„ღმერთო, ქებასა ჩემსა ნუ დაიდუმებ; რამეთუ პირი ცოდვილისა და პირი მზაკვარისა ჩემ ზედა აეღო, იტყოდეს ჩემთჳს ენითა ზაკულითა; და სიტყჳთა სიძულილისათა მომიცვეს მე, და მბრძოდეს მე ცუდად. სიყუარულისა ჩემისა წილ მასმენდეს მე, ხოლო მე ვილოცევდ. და მომაგეს მე ბოროტი კეთილისა წილ და სიძულილი - სიყუარულისა წილ ჩემისა. დაადგინე ცოდვილი მის ზედა, და ეშმაკი დადეგინ მარჯუენით მისა; საშჯელისა მისისაგან გამოვედინ დაშჯილი, და ლოცვა მისი ცოდვად შეერაცხენ მას. იქმნნედ დღენი მისნი მცირედ, და განსაგებელი მისი სხუამან მიიღენ. იყვნედ შვილნი მისნი ობოლ, და ცოლი მისი - ქურივ. შერყეულნი იცვალებიედ შვილნი მისნი და ითხოედ, განვარდედ იგინი ნატამალისაგან მათისა. აღიხილენ მოსესხემან ყოველივე, რაცა ედვას მას, და აღიჭრედ უცხოთა ნაშრომი მისი.“ ().
1. წყევლათა სიმრავლე და მათი სიმძიმე
აქ დიდი გონიერება გვჭირდება. რადგან სიტყვები, თუ მათ მხოლოდ უბრალო წარმოთქმითა და ზერელე მოსმენით აღვიქვამთ, მრავალ უყურადღებო მსმენელს აშფოთებს. მართლაც, მთელი ფსალმუნი წყევლით არის სავსე, და მთელი სიტყვაც ამგვარივე გამონათქვამებით არის წარმართული; იგი აჩვენებს მთქმელის ერთგვარ მდუღარე და მხურვალე მრისხანებას, რომელიც უსამართლოდ მოქმედთან არ ჩერდება, არამედ სასჯელს შვილებზე, მამასა და დედაზეც გადააქვს; არც ერთი უბედურებით კმაყოფილდება, არამედ უბედურებას უბედურებაზე ურთავს. ნახე, რამდენ წყევლას წარმოთქვამს. „დაადგინე ცოდვილი მის ზედა, და ეშმაკი დადეგინ მარჯუენით მისა;“ (). ესე იგი, ბოროტ ბრალმდებლებსა და მზაკვარ ადამიანებს დაექვემდებაროს და მათ ვერ სძლიოს. რადგან ეს არის: „საშჯელისა მისისაგან გამოვედინ დაშჯილი“ ().
და ამ სასჯელითაც არ დაკმაყოფილდა; ამ მსჯავრის შემდეგ ითხოვს, რომ მისი პატივი მის შემდეგ სხვამ მიიღოს, და ამბობს: „განსაგებელი მისი სხუამან მიიღენ“ (). აქაც არ ჩერდება; ერთადერთ დარჩენილ ნავსაყუდელსაც კი ჩახერგავს: მას ღირსად არ მიიჩნევს, რომ ღმერთისგან რაიმე კაცთმოყვარეობა მიიღოს, და ამბობს: „და ლოცვა მისი ცოდვად შეერაცხენ მას.“ (). და, მართლაც, ითხოვს, რომ მან უდროო სიკვდილიც დაითმინოს. რადგან ამბობს: „იქმნნედ დღენი მისნი მცირედ“ (). აქაც არ ჩერდება, თუმცა მხოლოდ ამის თქმა საკმარისი იქნებოდა; იგი კიდევ უმატებს იმას, რაც ძლიერ ანთებულ სულს ახასიათებს: არ დაკმაყოფილდეს არც ერთი და არც ორი სასჯელით, არამედ ამდენი სასჯელის დატეხას ითხოვდეს. ამის შემდეგი კი ამათზე ბევრად უფრო მძიმეა. რადგან დარჩენილთათვის ობლობასაც და ქვრივობასაც წყევლის. თუმცა ესენი მისი წასვლის შემდეგ აუცილებლობით ხდება, მაგრამ მრისხანებით მდუღარე ამასაც წყევლის რიგში აყენებს.
ობლობითაც არ ჩერდება; ასეთი უბედურებების შემდეგაც უფრო შორს მიდის, საშინელებას ზრდის და ითხოვს, რომ მისიანები მოხეტიალეებად და გადასახლებულებად იქცნენ. რადგან ამბობს: „შერყეულნი იცვალებიედ შვილნი მისნი და ითხოედ“ (). ესე იგი, ხეტიალისას არ დამკვიდრდნენ, აუცილებელი საზრდოც ვერ მოიპოვონ და არ შეწყვიტონ ერთი ადგილიდან მეორეზე გამუდმებული გადასვლა; მთელ ქვეყანაზე დევნილნი და გამოდევნილნი იყვნენ და ვერსად იპოვონ დასადგომი ადგილი. ამასთან ერთად მათ სიღარიბესაც წყევლის — უკიდურესსა და აუტანელ სიღარიბეს — ისე, რომ ნათესავთაგან დახმარებაც ვერ მიიღონ, არამედ დაიარონ და დახმარება უცხო და უცნობ ადამიანებს სთხოვონ. ისმინე, როგორ მოჰყავს ეს ადგილი ამის გასაცხადებლად. რადგან მას შემდეგ, რაც თქვა: „იცვალებიედ შვილნი მისნი და ითხოედ“ (), უმატებს: „განვარდედ იგინი ნატამალისაგან მათისა. აღიხილენ მოსესხემან ყოველივე, რაცა ედვას მას, და აღიჭრედ უცხოთა ნაშრომი მისი.“ (). ეს სხვა სახის უბედურებაა: მათი ქონება ძარცვას მიეცეს, მევახშეთა მზაკვრობა დაითმინონ და ყოველგვარად შევიწროებულნი იყვნენ; ხოლო რაც უფრო მძიმეა, ასეთ მრავალ უბედურებაში მფარველის გარეშე დარჩნენ. ამასაც წყევლის და ამბობს: „ნუ ეპოებინ მას შემწე“ (). რადგან ეს უბედურებები თავისთავად აუტანელია; ხოლო როცა დამცველიც არ ჰყავს, ბევრად უფრო მძიმე ხდება. „ნუცა იყოფინ შემწყნარებელი ობოლთა მისთა;“ ().
ვაი! რაოდენ დიდია მრისხანება, როცა თვით ნაადრევ ობლობასაც კი წყალობა არ ერგება; და არა მხოლოდ წყალობა — უკიდურესი წარწყმედაც ეხვევა გარს! რადგან ამბობს: „იყუნედ ნაშობნი მისნი მოსასრველად, და ნათესავსა შინა ერთსა აღიჴოცენ სახელი მისი.“ (). ხედავ მრისხანებით სავსე სიტყვას, რომელიც არსად ჩერდება? იგი მათთვის ნატრობს, რომ მრავალგვარ და ყოველნაირ უბედურებაში იცოცხლონ, სრულ განადგურებას გადაეცნენ და უსახელოდ დაიღუპონ. და თითქოს შვილთა უბედურება საკმარისი არ ყოფილიყოს, კვლავ უმატებს: „აიჴსენედ უსჯულოებაჲ მამათა მისთა წინაშე უფლისა, და ცოდვა დედისა მისისა ნუ აღიჴოცებინ. იყუნედ წინაშე უფლისა მარადის, და მოისპედ ქუეყანით საჴსენებელი მათი“ (). ეს ხომ განსაკუთრებით მრისხანების საქმეა: ზოგადად ნათქვამი უბედურებები ნაწილ-ნაწილ დაშალოს და გამუდმებით ერთსა და იმავეს უბრუნდებოდეს. რადგან, როცა თქვა: „აიჴსენედ უსჯულოებაჲ მამათა მისთა წინაშე უფლისა“ (), დაუმატა: „ნუ აღიჴოცებინ“ (). თუმცა ეს ერთი და იგივეა; მაგრამ მრისხანებამ იგი ორივეს თქმისკენ განაწყო. ხოლო რისი თქმაც სურს, ეს არის: მოკალი იგი, დაკალი, მოსპე.
ხედავ წყევლათა სიმრავლეს? მაგრამ, თუ გსურს, კვლავ თავიდან შევაჯამებ მათ. დაე, ამბობს, ბოროტ ადამიანებს შორის ჩავარდეს, ბრალი დასდონ, მათგან ძლეულ იქნეს, მსჯავრი დაედოს, უდროო სიკვდილი დაითმინოს, პატივიდან განიდევნოს და იხილოს, რომ ეს პატივი არა მის შთამომავლებს, არამედ სხვებს გადაეცა. მისი ცოლი დაიღუპოს, შვილებმა კი სიღარიბე, ობლობა და მათხოვრების ცხოვრება დაითმინონ; მსჯავრდებულნი და ყოველი მხრიდან განდევნილნი იყვნენ, არავინ ჰყავდეთ შემწედ, ღვთის კეთილგანწყობიდანაც გამოვარდნენ, არავინ ექცეთ ნავსაყუდლად და თავშესაფრად. მისი სახელი მიწიდან აღიხოცოს, უსახელოდ დაიღუპოს, და მამამაცა და დედამაც პასუხი აგონ იმისთვის, რაც შესცოდეს; მის შემდეგაც სრულად და ძირფესვიანად დაიღუპონ.
2. წყევლის სახით ნათქვამი წინასწარმეტყველება
ნუთუ ნათქვამი მსმენელს არ აძრწუნებს? ნუთუ არ გსურს გაიგო, ვინ არის ეს, ვისაც ასეთი მსჯავრი დაედო? რადგან, როცა ადამიანის ლანძღვა გვესმის, იქ მდგომთ ვეკითხებით, გვითხრან, ვინ არის ის, ვისაც ლანძღავენ. მით უფრო, როცა წინასწარმეტყველისგან ასეთ წყევლას ვისმენთ, საჭიროა გავიგოთ — და შიშით, შეკუმშული გონებით გავიგოთ — ვინ ჩავარდა ასეთ მძიმე რისხვაში, ვინ დაამწუხრა სულიწმინდა ისე, რომ ამდენი და ესოდენ დიდი სატანჯველი ესმინა. ამიტომ, თუ გნებავთ, ფსალმუნს თავიდან მივყვეთ, დიდი ყურადღებით. და ნურავინ შეშფოთდება. რადგან განმარტებას, რამდენადაც შემიძლია, მთელი სიზუსტით გავაკეთებ. რადგან საკვლევი მცირე არ არის; პირველი და უმთავრესი ეს არის: რატომ ისჯებიან მასთან ერთად შვილები, ცოლი და მშობლები, როცა ცოდვა მან, სწორედ ამ ხმამაღლა მხილებულმა, ჩაიდინა? მეორე - ვინ არის ის, ვინც წყევლას წარმოთქვამს. მესამე - როგორ აჩვენებს მოციქულთა თავი, რომ ფსალმუნი იუდაზე ითქვა; უფრო სწორად, არა მთელი ფსალმუნი, არამედ ფსალმუნის ნაწილი.
რადგან ამბობს: ფსალმუნთა წიგნში წერია: „იყავნ სამკჳდრებელი მათი ოჴერ, და საყოფელთა მათთა ნუ იყოფინ მკჳდრი;“ (; ). მაგრამ ეს კვლავ სხვა საკითხს გვიჩენს: ორივე ეს ადგილი ამ ფსალმუნში არ წერია; ამიტომ პეტრეს არ უთქვამს „ეს ფსალმუნი“, არამედ მთელი წიგნი ახსენა. რადგან „იყავნ სამკჳდრებელი მათი ოჴერ, და საყოფელთა მათთა ნუ იყოფინ მკჳდრი;“ () სხვა ფსალმუნშია, ხოლო ამაშია: „განსაგებელი მისი სხუამან მიიღენ.“ (). მაგრამ პეტრემ მაინც ორივე ერთ მოწმობად შეკრიბა. ამას პავლეც ყველგან აკეთებს, როგორც მაშინ, როცა ამბობს: „მოვიდეს სიონით მჴსნელი და მოაქციოს უღმრთოებისაგან იაკობი. და ესე არს ჩემ მიერი იგი მათდა მიმართ აღთქუმაჲ, რაჟამს მოვსპნე ცოდვანი მათნი.“ (). მაშ, რას ვუწოდებთ ნათქვამს? წინასწარმეტყველებაა თუ წყევლა? წინასწარმეტყველებაა წყევლის სახით. რადგან სხვა ადგილასაც მსგავს რამეს ვიპოვით; ეს იაკობმაც გააკეთა. რადგან მსმენელებმა სხვათა ხვედრიდან სარგებელი უნდა მიიღონ, ბევრ წინასწარმეტყველებას ამგვარად აწყობენ, რათა თვით წარმოთქმის ფორმამაც გააძლიეროს მათი შიში საკუთარი ცხოვრების წესის გამო.
რადგან ერთი და იგივე არ არის იმის თქმა, რომ ესა და ეს კაცი ამასა და ამას დაითმენს, და იგივე წარმოადგინო გამწარებულისა და მრისხანის წესით. ხოლო რომ ამას მხოლოდ მტკიცების სახით არ ვამბობ, ამას წინასწარმეტყველური სიტყვებიდან ცხადს გაგიხდით. რადგან იაკობმა, როცა სიკვდილი უახლოვდებოდა, ძეებს უთხრა: „შემოკერბით და გითხრა თქუენ, რაჲ-იგი შეგემთხჳოს თქუენ უკუანაჲსკნელთა დღეთა“ (); და როცა წინასწარმეტყველებას აპირებდა, შესავალშივე, თითქოს გარკვეული რისხვით დუღდა, წინასწარმეტყველება წყევლით დაიწყო და ასე თქვა: „რუბენ, პირმშოჲ ჩემი, ძალი ჩემი და დასაბამი შჳლთა ჩემთაჲ, ფიცხელად სჩნდი და ფიცხელად და თავჴედად აღსდუღდი. ვითარცა წყალი ნუ შეჰგბები,“ (); ასე წინასწარმეტყველებდა მის მომავალ დაღუპვას წყევლის წესით. ასევე, როცა სიკეთეებს ამბობს, ლოცვის წესით გადმოსცემს და ამბობს: „მოგეცინ შენ უფალმან ცუარისაგან ზეცისა და სიპოხისაგან ქუეყანისა სიმრავლე იფქლისა და ღჳნისაჲ.“ (). თუმცა ესეც წინასწარმეტყველებაა. მაგრამ ცხადია, რომ ეს კაცობრივი ვნებისგან არ არის. რადგან ქანაანზეც მისი მამა იმავეს აკეთებს და ამბობს: „წყეულ ქანან ყრმა, მონა იყავნ ძმათა მისთაჲ.“ (), რათა იცოდე, რომ ღმერთი უსამართლოდ დაჩაგრულებს წინასწარ შეეწევა და უსამართლოდ მოქმედთა წინააღმდეგ გამოდის. ქრისტემაც ასეთი რამ ხერხი იხმარა, უფრო კი წინასწარმეტყველების სახით მოუწოდებდა და მგლოვიარეს ბაძავდა, როცა ამბობდა: „ვაჲ შენდა, ქორაზინ, და ვაჲ შენდა, ბეთსაიდა!“ (მათ 11:21; შდრ. ლკ 10:13). და კვლავ, როგორც მაშინ, როცა ამბობს: „იერუსალჱმ, იერუსალჱმ, რომელმან მოსწყჳდენ წინაწარმეტყუელნი“ (მათ 23:37; შდრ. ლკ 13:34).
მაშ, ვის შესახებ ითქვა ფსალმუნი? ნაწილი იუდას შესახებ ითქვა, როცა სულიწმინდა დავითის პირით წინასწარმეტყველებს, ხოლო დანარჩენი — სხვათა შესახებ. ესეც ხომ კვლავ წინასწარმეტყველების ერთი ხერხია. ბევრგან ვიპოვით ასეთ წყობას: შესავლის ნაწილი ერთზეა ნათქვამი, დარჩენილი კი — სხვაზე. ხოლო ეს სხვა მხრიდანაც რომ დაინახო: როცა იუდეველები აღთქმის ქვეყანაში შედიოდნენ, ნავეს ძეს, რომელიც თორმეტ ტომს თორმეტ ნაწილად ყოფდა, ღმერთისგან ებრძანა, რომ ერთებს კურთხევა წარმოეთქვათ, სხვებს კი წყევლა. და კურთხევაც და წყევლაც მომავალი მოვლენების წინასწარმეტყველებანი იყო. რადგან ამბობდა: „და იყო შენ ქალაქთა შენთა, დაწყეულ იყო შენ ველსა გარე.“ (); და ტომებმა, მრავალი ასეთი წყევლის შედგენით, ვრცელი სიტყვა დაასრულეს. იგივე უნდა ითქვას აქაც: წინასწარმეტყველება წყევლის წესით არის შედგენილი — იგი აუწყებს და წინასწარ წარმოთქვამს იმას, რაც იუდას თავს უნდა დასტეხოდა; შემდეგ კი, იუდას შემდეგ, სხვა თემას წამოჭრის და იმ ზოგიერთთა წინააღმდეგ მიემართება, რომელნიც მღვდელობას აუჯანყდნენ. ასე გვასწავლის, რა დიდი ბოროტებაა ღვთის მღვდლებს აუჯანყდე და მათ წინააღმდეგ მზაკვრობითა და უსამართლობით იმოქმედო. რადგან ნათქვამი სხვა არაფერია, თუ არა სწავლება იმის შესახებ, რა დაემართებათ მათ, ვინც მოყვასს უსამართლოდ ექცევა და ვინც მზაკვრობითა და გახრწნილი განზრახვით აღდგება უდანაშაულოთა წინააღმდეგ.
თუ შვილებსაც დასასჯელად მიიჩნევს, ნუ შეშფოთდები, საყვარელო; შვილებად აქ იმათ გულისხმობს, ვინც ასეთი ადამიანების ბოროტებას ეზიარა. რადგან წერილი შვილებს უწოდებს როგორც ნათესაობით შვილებს, ისე ბოროტებაში თანამცხოვრებთაც, თუნდაც ბუნებით შვილები არ იყვნენ, როგორც როცა ამბობს: „თქუენ მამისა ეშმაკისანი ხართ“ (). თუმცა იუდეველები ბუნებით ეშმაკის ძეები არ იყვნენ. რადგან როგორ იქნებოდნენ ხორცით მოცულნი უსხეულოს ძეები? მაგრამ ბოროტებასთან თანაზიარებით ეს ნათესაობა თავზე მიიზიდეს. ასევე აბრაამის ნათესაობიდანაც გარიცხავს მათ და ამბობს: „უკუეთუმცა შვილნი აბრაჰამისნი იყვენით, საქმეთამცა აბრაჰამისთა იქმოდეთ.“ (). რადგან ყველასთვის ცხადია, რომ შვილი მამის გამო არ ისჯება და არც მამა - შვილის გამო. ეს სჯულშიც წერია: „ნუ მოკუდებინ მამაჲ შვილისა წილ, ნუცა შვილი მამისა წილ, არამედ კაცად-კაცადი თჳსითა ცოდვითა მოკუედინ.“ (), გარდა იმ შემთხვევისა, როცა მამამ თვითონ ცუდად აღზარდა შვილი; მაშინაც კი ის არა შვილის გამო, არამედ საკუთარი დაუდევრობის გამო ისჯება, როგორც ელი.
3. ბოროტი განზრახვა და საკუთარი წყევა
თუ გნებავთ, ფსალმუნსაც თავიდან მივყვეთ: „ღმერთო, ქებასა ჩემსა ნუ დაიდუმებ“ (). ხოლო სხვა განმმარტებელი ამბობს: „ღმერთო, ჩემი გალობის მიმართ ყრუ ნუ იქნები“. სხვა კი ასე ამბობს: „ნუ დადუმდები“; ესე იგი, სასჯელს გვერდი ნუ აუვლი, არამედ მომხდარის გამო მისაგებელი აღასრულე. რადგან შენ ხარ დიდებული, დიდი და ძალმოსილი, რომ ამგვარი საქმეები გამოასწორო. „რამეთუ პირი ცოდვილისა და პირი მზაკვარისა ჩემ ზედა აეღო, იტყოდეს ჩემთჳს ენითა ზაკულითა;“ (). „და სიტყჳთა სიძულილისათა მომიცვეს მე, და მბრძოდეს მე ცუდად“ (). „სიყუარულისა ჩემისა წილ მასმენდეს მე, ხოლო მე ვილოცევდ“ ().
ხედავ განფენილ ბოროტებას? ხედავ შეთქმულთა თანამოქმედებას? ხედავ წინასწარ მომზადებას? რადგან სწორედ ეს განსაკუთრებით აღაშფოთებს ღმერთს: როცა ბოროტების მიმდევრები ბოროტ საქმეებს განზრახვით, გათვლითა და დიდი გაწაფულობით სჩადიან. რადგან ერთია, როცა ვინმე გატაცებული და მოტყუებული წაიფორხილებს; სხვაა, როცა ბოროტებას თავის საქმედ აქცევს; და კიდევ სხვა, უდიდესი დანაშაულია, როცა ბოროტებას სჩადიან იმის წინააღმდეგ, ვინც ბოროტებას არ სჩადის. რადგან მისი თქმა: „სიყუარულისა ჩემისა წილ მასმენდეს მე“ (), სხვას არაფერს აჩვენებს, გარდა იმისა, რომ ისინი საპირისპიროს ავლენდნენ კეთილისმყოფელის მიმართ — იმის მიმართ, ვინც სიყვარულისა და კეთილი საზღაურის მიღების ღირსი იყო. „ხოლო მე ვილოცევდ“ (). ხედავ სიბრძნისმოყვარეობას? ხედავ ლმობიერებას? ხედავ სიმშვიდეს? ხედავ სულის ღვთისმოშიშებას? არ ვიარაღდებოდი, ამბობს, არც საპასუხო საბრძოლო წყობას ვაწყობდი, არამედ შენსკენ მოვილტოდი; შენს შეწევას მოვუხმობდი, შენს თანადგომას — უდიდეს იარაღს, დაუძლეველ დახმარებას.
შემდეგ, როცა იუდას შესახებ თქვა, როგორ დასდო მსჯავრი საკუთარ თავს, როგორ გამოიტანა სიკვდილის განაჩენი თავის წინააღმდეგ, როგორ ჩამოიხრჩო თავი და როგორ გადავიდა მისი მოციქულებრივი მსახურება სხვაზე, კვლავ წინანდელ საგანს უბრუნდება. რადგან ესეც წინასწარმეტყველების სახეა: შუაში გაწყვეტა, რომელიმე ისტორიის ჩართვა და, მისი განხილვის შემდეგ, კვლავ წინანდელზე დაბრუნება. რადგან წინასწარმეტყველება იუდეველთა უმადურობის გამო დაჩრდილულია. ამრიგად, იგი ვიღაცაზე მიანიშნებს, როგორც უკვე ვთქვი, ვინც მღვდელობის წინააღმდეგ შეთქმულება განიზრახა ბაბილონიდან დაბრუნების შემდგომ ხანებში. უფრო გულმოდგინეთათვის კი ეს ცნობილია, რადგან ისტორია გულდასმით გაიარეს. და ასეთ კაცს დიდ უბედურებებს უწინასწარმეტყველებს, მფარველთაგან მიტოვებას განუჩინებს; ითხოვს, რომ მისთვის ყოველი ნავსაყუდელი დაეხშოს და ვერავითარი სულგრძელება, კაცთმოყვარეობა ან შენდობა ვერ ეწიოს. ეს ყველაფერი კი, როგორც უკვე ვთქვი და განუწყვეტლივ თქმას არ შევწყვეტ, ერთი მხრივ, თითქოს წყევლები ჩანს; სინამდვილეში კი წინასწარმეტყველებაა, რომელიც აჩვენებს, როგორ აღშფოთდება ღმერთი, როცა მღვდელობის წინააღმდეგ შეთქმულება ხდება.
შემდეგ უბედურებებს სიტყვასიტყვით ჩამოჰყვება და ამბობს: „ამის წილ, რამეთუ არა მოიჴსენა მან ყოფა წყალობისა“ (). „და დევნა მან კაცი დავრდომილი და გლახაკი და შეწუხებული გულითა მოკლვად“ (). ეს უკიდურესი სისასტიკეა, ეს დიდი კაცთმოძულეობაა: როცა ვინმე არა მხოლოდ შეთქმულებას აწყობს, არამედ იმასაც ედევნება, ვისი ხილვაც საკმარისი იყო კაცის გულის წყალობისა და თანაგრძნობისკენ მოსადრეკად. რადგან ასეთი კაცი მხეცთა ველურობამდე დაცემულა, უფრო კი მათზე სასტიკიც გამხდარა. რადგან მხეცებისთვის მხეცობა ბუნებრივია; ეს კი, გონებით პატივდებული, ბოროტებით თავის კეთილშობილებას უღალატა. მხეცებიც კი თავისივე ბუნებისა და ნათესაობის მქონეთა მიმართ რაღაც მეგობრობასა და სიმშვიდეს იჩენენ; ესენი კი ბუნების საერთოობასაც არ მოერიდნენ, არამედ ვისაც შეწყალება, ატანა და წამოდგომაში შეწევნა მართებდათ, სწორედ მას უბიძგებდნენ და ამხობდნენ. „და შეიყუარა წყევა, და მივედინ მისა; და არა ინება კურთხევაჲ, და განეშორენ მისგან“ (). რაკი მას მრავალი უბედურება უსურვა, აჩვენებს, რომ ამის დასაწყისი და მიზეზი მთქმელისგან კი არა, თვით იმ კაცისგან მოდიოდა: მან თავისი საქმეებით, ერთი მხრივ, ღვთისგან მომავალი შეწევა უკუაგდო, ხოლო მეორე მხრივ, ღვთისგან მოვლენილი წყლული თავისკენ მიიზიდა.
„და შეიმოსა წყევა, ვითარცა სამოსელი, და შთაჴდა, ვითარცა წყალი, ნაწლევთა მისთა და, ვითარცა ზეთი, ძუალთა მისთა;“ (). აქ იგი წყლულის სიმძაფრესაც და სასჯელის მუდმივობასაც აჩვენებს, რითაც ცხადყოფს, რომ ყველა ადამიანისთვის უბედურებები შინაგანად, საკუთარი განზრახვიდან მოდის: ისინი საქმეებითა და მოქმედებებით სიკეთეებს უკუაგდებენ, ხოლო სასჯელებში თვითონვე იგდებენ თავს. „ეყავნ მას, ვითარცა სამოსელი, რომელ შთაიცუამს და, ვითარცა სარტყელი, რომელსა მარადის გარეშეირტყამს“ (). ამას კი ამბობს, რითაც აჩვენებს ღმერთის გამოუთქმელ რისხვას, რომელიც ასეთებს მოეწევა. ხოლო რასაც ამბობს, ეს არის: უბედურებები მათ ისე შეიპყრობს, რომ აღარ შეიცვლება, არამედ მათში ჩაემყარება და მტკიცედ დარჩება. შემდეგ, რათა აჩვენოს, რომ ბოროტებას სჯის და უკეთურებას ასწორებს, და რომ ასეთი განაჩენი მხოლოდ იმ კაცის წინააღმდეგ კი არა, არამედ ყველა იმათ წინააღმდეგ დაიდება, ვინც ნათქვამზე პასუხს აგებს, მიუმატა: „ესე არს საქმე მათი უფლისა მიერ, რომელნი მასმენდეს მე“ (). ესე იგი: ეს არის სასჯელი, ეს არის სამსჯავრო ჩემ წინააღმდეგ მდგომთა, ჩემ წინააღმდეგ მზაკვრობის მომწყობთა და მებრძოლთა, „და რომელნი იტყოდეს ძჳრსა სულისა ჩემისასა“ (). მაშასადამე, სიტყვებისთვისაც არსებობს პასუხისგება, და ძალზე მწარე პასუხისგება.
4. ღვთის შეწევნა და მადლობის მსხვერპლი
ამრიგად, მის შესახებ სიტყვა რომ დაასრულა, კვლავ ღმერთს შეეფარება, რათა მისგან შეწევნა მიიღოს. რადგან მხოლოდ შეთქმულთა დასჯაზე კი არ ჩერდება, არამედ აჩვენებს, რომ უსამართლოდ ტანჯულებს მათთვის მიყენებული უსამართლობის გამო დამსჯელიც ჰყავთ და თავადაც დიდ შეწევნას იღებენ; ამიტომ დასძენს და ამბობს: „და შენ, უფალო, უფალო, ყავ ჩემ თანა სახელისა შენისათჳს“ (). ნახე კეთილგონიერება, ნახე თავმდაბლობა. მართალია, შესავედრებლად საკმარისი საფუძველი ჰქონდა ის, რომ ბოროტება დაითმინა, რადგან წმინდა წერილის მრავალ ადგილას ესეც ჩანს: ადამიანთაგან უსამართლოდ ტანჯულებს ღვთისგან შეწევნის მისაღებად კადნიერების მეტი საფუძველი აქვთ; მაგრამ მან ამის თქმა დატოვა, მხოლოდ ღვთის კაცთმოყვარეობას მიმართა და თქვა: „ყავ ჩემ თანა სახელისა შენისათჳს“ (), თითქოს ამას ამბობდეს: „არა იმიტომ, რომ ღირსი ვარ, არამედ შენივე გამო, რადგან კაცთმოყვარე და მოწყალე ხარ“. ამიტომაც დასძენს: „რამეთუ ტკბილ არს წყალობაჲ შენი“ (). კარგად თქვა: „რამეთუ ტკბილ არს წყალობაჲ შენი“ (). რადგან ადამიანთა წყალობა ხშირად ასეთი არ არის: ზოგჯერ მას საზიანოდაც იყენებენ და დასაღუპავადაც; ღმერთი კი მას ყველა შემთხვევაში სასარგებლოდ წარმართავს. „მიჴსენ მე, რამეთუ გლახაკ და დავრდომილ ვარი მე, და გული ჩემი შეძრწუნდა ჩემ შორის“ (). ხედავ, როგორ ითხოვს იგი კვლავ ხსნას — არა როგორც ღირსი, არა როგორც მართალი, არამედ როგორც სრულიად დამხობილი, როგორც გამოფიტული, როგორც ურიცხვი ბოროტების გადამტანი? და კვლავ: „და გული ჩემი შეძრწუნდა ჩემ შორის“ (). ასეთია უბედურებათა ძალა: იგი მხოლოდ სხეულს კი არ აზიანებს, არამედ სულსაც აშფოთებს.
„ვითარცა აჩრდილი, მიდრეკასა მისსა მოვაკლდი, განვიყარე, ვითარცა მკალთა“ (). ამით იგი აღნიშნავს მის მიმართ უსამართლობის ჩამდენთა მზაკვრობის სიმძაფრეს, გამოუთქმელ ტანჯვასა და იმ გულმოდგინებას, რომელიც მან ასეთ მდგომარეობაშიც გამოიჩინა. „მუჴლნი ჩემნი მოუძლურდეს მარხვისაგან, და ჴორცნი ჩემნი იცვალნეს ზეთისა მიერ“ (). ხედავ, რა იარაღებს ამზადებს მზაკვრობებისა და მისთვის მიყენებული ტანჯვის წინააღმდეგ? „და ვიქმენი მე საყუედრელ მათდა, მიხილეს მე და შეხარნეს თავნი მათნი“ (). ასეთია უკეთურთა განწყობა: როცა ხედავენ, რომ მართალი ღვთისმოშიშებას აძლიერებს, არა მხოლოდ უკან არ იხევენ, არამედ ჰყვედრიან, დასცინიან და ზედაც აბიჯებენ. მაშ, რას აკეთებს იგი? იგი უძლეველ თანადგომასა და დაუძლეველ შემწეობას შეეფარება და ამბობს: „შემეწიე მე, უფალო ღმერთო ჩემო, და მაცხოვნე მე წყალობითა შენითა“ (). „და ცნედ, რამეთუ ჴელი შენი ესე არს, და შენ, უფალო, ჰყავ ესე“ ().
რას ნიშნავს: „რამეთუ ჴელი შენი ესე არს“ ()? იმას, რომ თანადგომა შენია. ამბობს, რომ შემწეობა შენია. რადგან მხოლოდ ხსნა კი არ მსურს, არამედ ისიც, რომ მათ შეიტყონ, ვისგან მივიღე ხსნა, რათა ორმაგი გახდეს ჩემთვის გამარჯვების ნიშანი, ორმაგი გვირგვინი და გაძლიერებული დიდება. „იგინი სწყევდენ, და შენ აკურთხო; რომელნი აღდგომილ არიან ჩემ ზედა, ჰრცხუენოდის, ხოლო მონა შენი იხარებდეს“ (). აქედან მსმენელს ერთგვარ სულიერ სიბრძნეს ასწავლის. რადგან აჩვენებს, რომ თუნდაც მას უთვალავი წყევლა ესროლონ, თუ ღმერთი მას აკურთხებს, იმ წყევლათაგან არავითარი ზიანი არ მოვა; პირიქით, სირცხვილი და ყვედრება მათსავე თავზე შემობრუნდება. ხოლო „მონა შენი იხარებდეს“ () — შენით. კარგად თქვა: „შენით“, რადგან აჩვენებს, რომ სიხარული იქიდან მოდის, საიდანაც სიკეთეთა მონიჭება ხდება. ამიერიდან ბოროტებათაგან ვერაფერი შემაშფოთებს, რადგან შენგან მომდინარე სიხარული ჩემში შეურყვნელად რჩება.
„შთაიცუედ კდემაჲ, რომელნი მასმენდეს მე, და გარეშეიმოსედ, ვითარცა ორკეცი, სირცხჳლი მათი“ (). ნახე კვლავ, როგორ ითხოვს, რომ ისინი მხოლოდ სასჯელს კი არ გადაეცნენ, არამედ სირცხვილსა და კდემასაც, რათა ეს მათთვის გამოსწორების სწავლებად იქცეს და უკეთესისკენ შეცვლის საფუძვლადაც. „აუარო უფალსა ფრიად პირითა ჩემითა და შორის მრავალთასა ვაქებდე მას, რამეთუ დაუდგა მარჯუენით გლახაკსა, რათა იჴსნას მდევართაგან სული ჩემი.“ (). ამ ყველაფრის სანაცვლოდ იგი ღმერთს საზღაურად უძღვნის საგალობელთა აღვლენას, მადლობის აღვლენას და ქებას. იგი ყველას წინაშე აუწყებს ღვთის კეთილ საქმეებს და, თითქოს თეატრის შუაგულში იდგეს, იმ სიკეთეთა მქადაგებლად იქცევა, რომლებიც მას მიენიჭა. რადგან ეს არის მსხვერპლი, ეს არის შესაწირავი: ღვთის კეთილმოქმედებათა მუდამ მეხსიერებაში ტარება, გონებაში მათი ჩაბეჭდვა, ბაგით გამოცხადება და მრავალი ადამიანის ღვთის კეთილმოქმედებათა მსმენელად ქცევა. ასე ხომ ის, ვინც კეთილმოქმედებით ისარგებლა, მადლიერების საზღაურს მიიღებს და ღვთისგან უფრო მეტ შეწევნას მოიზიდავს; ხოლო მსმენელნიც, სხვებისთვის მომხდარის გამო, უფრო გულმოდგინენი გახდებიან და სხვისადმი გამოჩენილ კეთილმოქმედებას სათნოებისადმი მოშურნეობის უდიდეს საფუძვლად მიიღებენ.
ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლითა და კაცთმოყვარეობით, რომლის თანა მამასა, სულიწმიდითურთ, დიდება, ძალა, პატივი, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.