📋 სარჩევი
„მნებავს უკუე ლოცვაჲ მამათაჲ ყოველსა ადგილსა აპყრობად წმიდად ჴელთა თჳნიერ რისხვისა და გულის ზრახვისა; ეგრეთვე დედათაჲ წესიერებისა სამკაულითა მორცხუად და ღირსებით შემკობად თავთა თჳსთა, არა განთხზვითა, ანუ ოქროჲთა ანუ მარგალიტითა ანუ სამოსლითა დიდფასისაჲთა, არამედ, რომელი-იგი ჰშუენის დედათა, რომელთა აღეთქუას ღმრთის მსახურებაჲ საქმეთა მიერ კეთილთა.“ ().
1.
როცა ლოცულობთ, ამბობს ქრისტე, „არა იყო ეგრე, ვითარცა-იგი ორგულნი, რამეთუ უყუარნ შესაკრებელთა შორის და უბანთა ზედა დგომაჲ და ლოცვაჲ, რაჲთა უჩუენონ კაცთა“ (). „ამენ გეტყჳ თქუენ: მიუღებიეს სასყიდელი მათი“ (). „ხოლო შენ რაჟამს ილოცვიდე, შევედ საუნჯესა შენსა და დაჰჴაშ კარი შენი და ილოცე მამისა შენისა მიმართ ფარულად; და მამაჲ შენი რომელი ჰხედავს დაფარულთა, მოგაგოს შენ ცხადად“ (). მაშ, პავლე რას ამბობს? „მნებავს უკუე ლოცვაჲ მამათაჲ ყოველსა ადგილსა აპყრობად წმიდად ჴელთა თჳნიერ რისხვისა და გულის ზრახვისა“ ()? მაგრამ ეს იმ სიტყვებს არ ეწინააღმდეგება, ნუ იყოფინ; პირიქით, მეტადაც თანახმიერია. როგორ და რა სახით? მაგრამ ჯერ უნდა ვთქვათ, რას ნიშნავს „შევედ საუნჯესა შენსა და დაჰჴაშ კარი შენი“ (), და რატომ ბრძანებს ამას, თუ ლოცვა ყოველ ადგილას საჭიროა; ნუთუ ეკლესიაში არ უნდა ვილოცოთ, ან სახლის სხვა არც ერთ ნაწილში, არამედ მხოლოდ საუნჯეში? მაშ, ნათქვამი რას ნიშნავს? აქ ქრისტე დიდებისმოყვარეობისაგან თავისუფლებას აჩვენებს და ამბობს: უბრალოდ მალულად კი არა, დაფარულად აღასრულე ლოცვები. რადგან როგორც, როცა ამბობს: „ნუ სცნობნ მარცხენაჲ შენი, რასა იქმოდის მარჯუენაჲ შენი“ (), უბრალოდ ხელებზე არ ლაპარაკობს, არამედ დიდებისმოყვარეობისაგან განრიდების უკიდურესობას წარმოაჩენს, ასევე აქაც ამასვე მიანიშნებს.
ამრიგად, ლოცვა ადგილით არ შემოსაზღვრა, არამედ მხოლოდ ერთი რამ ბრძანა: დიდებისმოყვარეობისაგან თავისუფლება. პავლე კი ამას იუდეველთა ლოცვისაგან განსასხვავებლად ამბობს; იხილე, რას ამბობს: „ყოველსა ადგილსა აპყრობად წმიდად ჴელთა“ (); ეს კი იუდეველთათვის ნებადართული არ იყო. რადგან ღმერთთან მისვლა, მსხვერპლის შეწირვა და მსახურებათა აღსრულება სხვაგან არ შეიძლებოდა; არამედ ყოველი მხრიდან, მთელი ქვეყნიერებიდან, ერთ ადგილას შეკრებილებს ყოველივე განწმენდისათვის განკუთვნილი ტაძარში უნდა აღესრულებინათ. ამის საპირწონედ შემოაქვს შეგონება. და მას შემდეგ, რაც იმ აუცილებლობისაგან გაათავისუფლა, ამბობს: ჩვენი წესი ისეთი არ არის, როგორიც იუდეველთაა. რადგან როგორც ყველასათვის ბრძანებს ლოცვების აღსრულებას (რადგან ქრისტეც ყველასათვის მოკვდა და, ამბობს, ყველასათვის ვქადაგებ ამას), ასევე ყველგან ლოცვაც კეთილია; ხოლო დაკვირვება ამიერიდან ადგილს კი არ უნდა ეხებოდეს, არამედ ლოცვის სახეს. ყველგან ილოცე, ამბობს, ყველგან კი სუფთა ხელები აღაპყარი; საძიებელი სწორედ ეს არის.
ხოლო წმიდა რას ნიშნავს? სუფთას. ხოლო სუფთა რას ნიშნავს? არა წყლით დაბანილს, არამედ ანგარებისაგან, მკვლელობათაგან, მიტაცებისა და ცემისაგან სუფთას. „თჳნიერ რისხვისა და გულის ზრახვისა“ (). ეს რაღას ნიშნავს? ვინ არის, ლოცვისას რომ რისხდება? ესე იგი, ბოღმის შენახვის გარეშე. მლოცველის გონება სუფთა იყოს, ყოველგვარი ვნებისაგან გათავისუფლებული; ნურავინ მივა ღმერთთან მტრობით; ნურავინ მივა უსიამოვნებითა და ეჭვით. რას ნიშნავს ზრახვის გარეშე? მოვისმინოთ.
მაშ, საერთოდ არ უნდა შეგვეპაროს ეჭვი, რომ შესმენილნი ვიქნებით. რადგან ამბობს: „და ყოველსა რაოდენსა ითხოვდეთ ლოცვასა შინა სარწმუნოებით, გეყოდ თქუენ“ (); და კვლავ: „და რაჟამს სდგეთ ლოცვასა შინა, მიუტევეთ, უკუეთუ გაქუნდეს რაჲმე ბოროტი ვისთჳსმე“ (). ეს არის „თჳნიერ რისხვისა და გულის ზრახვისა“ (). და როგორ, ამბობს, შევძლებ ვირწმუნო, რომ სათხოვარს მივიღებ? თუ არაფერს ითხოვ იმის საწინააღმდეგოს, რისი მოცემისთვისაც მზად არის; თუ არაფერს მეფისათვის უღირსს, არაფერს ყოფითს, არამედ ყოველივეს სულიერს; თუ რისხვის გარეშე მიდიხარ; თუ სუფთა ხელები გაქვს, თუ წმიდა ხელები გაქვს; წმიდაა ის ხელები, რომლებიც მოწყალებას გასცემენ. თუ ასე მიხვალ, უთუოდ მიაღწევ თხოვნას. რადგან ამბობს: „უკუეთუ თქუენ, უკეთურთა, იცით მისაცემელი კეთილი მიცემად შვილთა თქუენთა, რაოდენ უფროჲსღა მამამან თქუენმან ზეცათამან მოსცეს კეთილი, რომელნი სთხოვდენ მას!“ (). ზრახვას იგი დაეჭვებას უწოდებს. ასევე მსურს, ამბობს, ქალებიც ღმერთთან მივიდნენ რისხვის გარეშე და ეჭვის გარეშე, ჰქონდეთ წმიდა ხელები, თავიანთ სურვილებს არ მიჰყვებოდნენ, არ იტაცებდნენ და არ ანგარებდნენ. რადგან რა სარგებელია, თუკი თვითონ არ იტაცებს, მაგრამ ამას ქმრის მეშვეობით აკეთებს?
ქალთაგან კი პავლე კიდევ უფრო მეტს ითხოვს. რომელს? იმას, რასაც ამბობს: „ეგრეთვე დედათაჲ წესიერებისა სამკაულითა მორცხუად და ღირსებით შემკობად თავთა თჳსთა, არა განთხზვითა, ანუ ოქროჲთა ანუ მარგალიტითა ანუ სამოსლითა დიდფასისაჲთა, არამედ, რომელი-იგი ჰშუენის დედათა, რომელთა აღეთქუას ღმრთის მსახურებაჲ საქმეთა მიერ კეთილთა“ (). სამოსელში რას გულისხმობს? ესე იგი, მოსასხამი ყოველმხრივ კარგად და წესიერად იყოს შემოკრული, არა გადამეტებული მორთულობით; რადგან ის წესიერია, ეს კი უწესო. რას ამბობ? ღმერთს ევედრები და მასთან მიდიხარ, თან კი ოქროს სამკაულები და ნაწნავები გიკეთია? ნუთუ საცეკვაოდ მოხვედი? ნუთუ ქორწილებში მონაწილეობის მისაღებად? ნუთუ საზეიმო მსვლელობაზე გამოცხადდი?
იქ არის ოქროს სამკაულების დრო, იქ - ნაწნავებისა, იქ - ძვირფასი სამოსლებისა; ახლა კი ამათგან არც ერთი არ არის საჭირო. მოხვედი, რომ შეევედრო, ცოდვათა გამო ილოცო, იმათთვის შუამდგომლობდე, რაშიც შესცოდე, მეუფეს სთხოვდე და იგი მოწყალედ განაწყო; მაშ, თავს რატომ იმკობ? ეს მვედრებელი ქალის შესახედაობა არ არის. როგორ შეძლებ კვნესას? როგორ შეძლებ ტირილს?
ასეთი იერით შემოსილი როგორ შეძლებ გულმოდგინედ ილოცო? და თუნდაც იტირო, შენი ცრემლები მხილველთათვის სიცილად იქცევა; რადგან მტირალ ქალს ოქროს ტარება არ შეჰფერის; ეს ხომ თეატრალური თამაში და თვალთმაქცობაა. რადგან როგორ არ იქნება თეატრალური თამაში, როცა იმავე გონებიდან, საიდანაც ამდენი ფუფუნება და პატივმოყვარეობა იშვა, იქიდანვე ცრემლებიც იღვრება? მოიშორე მთელი ის თვალთმაქცობა; ღმერთს ვერ ეთამაშებიან. ეს იმ მიმოსებისა და მოცეკვავეების საქმეა, რომლებიც მთელ დღეს სცენებზე ატარებენ; წესიერ ქალს კი ამათგან არაფერი შეჰფერის. ამბობს: „დედათაჲ წესიერებისა სამკაულითა მორცხუად და ღირსებით“ ().
2.
ამიტომ ნუ მიბაძავ მეძავურად მცხოვრებ ქალებს: სწორედ ამგვარი იერით იზიდავენ ისინი მრავალ მოტრფიალეს; აქედან კი ბევრმა ქალმა ხშირად ბოროტი ეჭვი დაიმსახურა და ამ შემკულობისგან ვერაფერი მოიგო, რადგან ამ სახელით მრავალს ავნეს. როგორც გარყვნილებაში მცხოვრები ქალი, თუნდაც უმანკოს სახელი ჰქონდეს, ამ სახელისგან ვერაფერს მოიგებს, რადგან მაშინ ფარულის მსაჯული ყველაფერს შუაში გამოიტანს; ასევე ვერც უმანკო ქალი მოიგებს რამეს თავისი უმანკოებისგან, თუ იერის მეშვეობით მრუშობის სახელის მიღებას განიზრახავს, რადგან ამ სახელით მრავალს ევნო. მაშ, მე რაღა დავაშავე, იტყვის ვინმე, თუ სხვამ ეჭვი მიიტანა? საბაბს შენ აძლევ შენი იერით, მზერითა და მოძრაობებით. ამიტომაც პავლეს მრავალი სიტყვა აქვს სამოსელზე და მრავალი - კრძალულებაზე. თუ მან ის, რაც მხოლოდ სიმდიდრის ნიშნებია, მოაშორა - ოქრო, მარგალიტები და ძვირფასი სამოსელი, მით უფრო როგორ არ მოაშორებდა იმას, რაც გადამეტებულ მორთულობას ეკუთვნის: საფერავებს, თვალების ხაზვას, მანჭვით სიარულს, დამტვრეულ ხმას, სველსა და ყოველგვარი სიძვით სავსე თვალს, მოსასხამისა და შიდა სამოსის ზედმეტად დამუშავებულ შემოხვევას, უფრო გამიზნულ სარტყელსა და საგანგებოდ გაწყობილ ფეხსაცმელებს? ეს ყოველივე მან იმით მიანიშნა, რომ თქვა: „დედათაჲ წესიერებისა სამკაულითა მორცხუად და ღირსებით შემკობად თავთა თჳსთა" (), რადგან ეს უსირცხვილობისა და უჯეროების საქმეებია.
მომითმინეთ, გევედრებით; სიტყვა მხილებას უფრო გაშიშვლებულად წარმოთქვამს, არა იმისთვის, რომ დაგჭრათ ან დაგამწუხროთ, არამედ იმისთვის, რომ სამწყსოსთვის უცხო ყოველივე ჩამოაშოროს. თუ ქმრიან ქალებს, განცხრომაში მცხოვრებთ და მდიდრებს ამას უკრძალავს, მით უფრო - მათ, ვინც ქალწულება იტვირთა. და რომელი ქალწული, იტყვის ვინმე, იკეთებს ოქროებს? ან რომელი იკეთებს ნაწნავებს? იმდენად დიდია უბრალო იერში ჩადებული ზედმეტი გამიზნულობა, რომ ოქრო და ნაწნავები მასთან შედარებით არაფერია. რადგან იაფფასიანი სამოსითაც შეიძლება იმათზე მეტად თავის შემკობა, ვინც ოქროებით არის შემოსილი.
რადგან როცა ქიტონი მეტად მუქი ლურჯია და სარტყლით დიდი სიზუსტით არის შეკრული მკერდთან, როგორც სცენაზე მოცეკვავეებისა, ისე რომ არც განივრად გამოვიდეს და გაიბეროს, არც სიმჭლევეში შეიკუმშოს, არამედ ორივეს შუა იყოს და მკერდთან მრავალი ნაოჭი ჰქონდეს, განა რამდენ აბრეშუმის სამოსელზე მეტად არ ძალუძს ამას სატყუარად იქცეს? რა ითქვას, როცა ფეხსაცმელი თავისი სიშავით ძლიერ ბრწყინავს, წვეტიანად მთავრდება და ნახატებში გამოსახულ მოხდენილობას ჰბაძავს, ისე რომ ფეხის გულსაც დიდ ადგილს აღარ უტოვებს? ან რა ითქვას, როცა სახეს საფერავებით კი არ ილამაზებ, მაგრამ დიდი სიზუსტითა და მოცლით იბან, სახესა და შუბლზე მასზე ბევრად უფრო თეთრ საბურველს გადაჭიმავ, მერე კი ზემოდან მოსასხამს დაიდებ, რათა თეთრს შავი შეეფეროს? რა თქვას კაცმა თვალების იმ უთვალავ ტრიალზე? ან მკერდსარტყლის იმ შესაკრავზე, რომელიც ხან იმალება, ხან კი გამოჩნდება? რადგან ამასაც ხშირად აჩენენ, რათა სარტყლის ზედმიწევნითობა გამოჩნდეს, მთელი მოსასხამი კი თავის გარშემო შემოუვლიათ.
ხელებს კი, ტრაგიკოს მსახიობთა მსგავსად, ისეთი სიზუსტით იმოსავენ, რომ გეგონება სამოსი მათზე შეზრდილია. რა თქვას კაცმა სიარულსა და სხვა ჩვევებზე, რომლებსაც ყოველგვარ ოქროზე მეტად ძალუძთ მაყურებელთა დაპყრობა? შევშინდეთ, საყვარელნო, რომ ჩვენც არ მოვისმინოთ ის, რასაც წინასწარმეტყველი ებრაელ ქალებს ეუბნებოდა, გარეგანი სამკაულით დაკავებულებს: „ნაცვლად სარტყლისა საბელი მოირტყა და ნაცვლად თავისსამკაულისა ოქროანისა სიმტიერე გაქუნდეს" (). ამრიგად, ესენი ოქროებზე უფრო მიმზიდველია, რადგან ბევრი სხვა რამეც სწორედ ამისთვის არის საგანგებოდ მოგონილი: რომ თვალს მოხვდეს და მაყურებლები ტყვედ წაიყვანოს. ეს ცოდვა მცირე არ არის, არამედ მეტად დიდია: საკმარისია, რომ ღმერთი განარისხოს და ქალწულების მთელი შრომა დააზიანოს.
3.
სიძედ ქრისტე გყავს; რად იზიდავ კაცთაგან საყვარლებს? მაშინ მრუშობისთვის განგსჯის. რატომ არ იმკობ იმ სამკაულით, რომელიც მას სათნოა და მისთვის საყვარელია: კრძალულებით, უმანკოებით, წესიერებითა და უმანკო შესამოსლით? ხოლო ეს რაღაც მეძავური და სამარცხვინოა. ვეღარ განვასხვავებთ მეძავებსა და ქალწულებს. ხედავ, რა დიდ ულაზათობამდე მიიყვანეს საკუთარი თავი? ქალწული ხელოვნურობისგან თავისუფალი უნდა იყოს; უბრალოდ და თითქოს შემთხვევით უნდა იყოს შემოსილი, ის კი ათას ხერხს მიმართავს თვალში საცემი მორთულობისთვის. შეწყვიტე ეს მძვინვარება, დედაკაცო; ასეთი მონდომება სულისკენ გადაიტანე, შინაგანი მშვენიერებისკენ, რადგან გარედან შემოხვეული ეს სამკაული შინაგანს მშვენიერად გახდომის ნებას არ აძლევს. ვინც ამით არის დაკავებული, შინაგანს უგულებელყოფს; ხოლო ვინც ამას უგულებელყოფს, მთელ მონდომებას შინაგანისკენ მიმართავს.
ნუ მეტყვი: ვაი მე, გაცვეთილ სამოსს ვიცვამ, იაფ ფეხსაცმელს ვატარებ, საბურველი კი თითქმის არა მაქვს; ეს რა სამკაულიაო? თავს ნუ იტყუებ. შესაძლებელია, როგორც ვთქვი, ამით უფრო მეტად კეკლუცობდე, ვიდრე იმით, განსაკუთრებით გაცვეთილი სამოსით, ან სხეულზე მიკრული, ურცხვი სახისთვის საგანგებოდ გამოყვანილი და ბრწყინვალედ მბზინავი სამოსით. მე მეუბნები ამას; ღმერთს კი რას ეტყვი, რომელმაც იცის ის განზრახვა, რომლითაც ამას აკეთებ? მაგრამ ნუთუ ამას სიძვისთვის არ აკეთებ? აბა რისთვის? იმისთვის, რომ გაქებდნენ? და არ გრცხვენია, არც წითლდები, როცა გსურს, რომ ამის გამო გაქებდნენ?
მაგრამ, ამბობს, ამას უბრალოდ ვატარებ, ამისთვისაც კი არა. ღმერთმა იცის, რას გველაპარაკები. ნუთუ მე მაძლევ ანგარიშს? ანგარიშს იმას მისცემ, ვინც ყოველივე მომხდარს ესწრება და მაშინაც გამოიძიებს; იმას, ვის წინაშეც „ყოველივე შიშუელ და ქედ-დადრეკილ არს წინაშე თუალთა მისთა, რომლისათჳს არს სიტყუაჲ ესე ჩუენი" (). ამიტომ ჩვენც ახლა ამას ვამბობთ, რათა იმ პასუხისგებათათვის დამნაშავენი არ გაგხადოთ. გვეშინოდეს, რომ თქვენც არ გისაყვედუროთ ის, რაც წინასწარმეტყველის პირით იუდეველ ქალებს უთხრა: „სლვასა ფერჴთასა თანამთრეველნი სამოსელთანი და ფერჴებითა თანად მომღერალნი" ().
დიდი ბრძოლა იკისრეთ, სადაც ასპარეზობაა საჭირო და არა კაზმვა; მუშტით ბრძოლაა საჭირო და არა მოდუნება. ნუთუ ვერ ხედავ მუშტით მებრძოლებსა და მოასპარეზეებს? ნუთუ სიარულსა და გარეგნობაზე ზრუნავენ ისინი? არანაირად; არამედ ყოველივე ამას ტოვებენ, ზეთით გაჟღენთილ სამოსს ისხამენ და მხოლოდ ერთს უყურებენ: დაარტყან და თვითონ არ დაირტყან. ეშმაკი დგას, კბილებს აღრჭიალებს და ყოველი მხრიდან შენი დამხობა სურს; შენ კი კვლავ ამ სატანური სამკაულით ხარ დაკავებული? არაფრის თქმა მსურს ხმაზე, როგორ ხვეწს ბევრი ამასაც, არც ნელსაცხებლების შესახებ და არც სხვა მოდუნებულობაზე. ამის გამო ქვეყნიერი ქალები ჩვენზე იცინიან. ქალწულების ღირსება დაიკარგა; ქალწულს აღარავინ სცემს პატივს ისე, როგორც საჭიროა, რადგან თვითონვე გაუხდიათ საკუთარი თავი უპატიოდ.
ნუთუ არ უნდა ყოფილიყვნენ ისინი ღვთის ეკლესიაში ყველასთვის ისე საჩინონი, თითქოს ზეციდან მოსულნი? ახლა კი თავიანთივე მიზეზით არიან დამცირებულნი, არა გონიერთა გამო. როცა ქალი, რომელსაც ქმარი და შვილები ჰყავს და სახლს განაგებს, გხედავს შენ, ვისაც ჯვარცმული ყოფნა გმართებს, მაგრამ მასზე მეტად მისდევ ამ სამკაულს, როგორ არ დაგცინებს? როგორ არ შეურაცხგყოფს? ხედავ, რაოდენი მონდომებაა საჭირო? რაოდენი წვრთნა? უბრალოებით სძლევ ძვირფასეულობით შემკულს და უფრო მეტად ხარ შემკული, ვიდრე ოქროთი შემოსილი ქალი. რაც შეგფერის, იმას არ ეძებ; რაც არ შეგფერის, იმას მისდევ, მაშინ როცა კეთილ საქმეებს უნდა მისდევდე.
ამის გამო ქალწულები ქვეყნიერთა ქალებზე ნაკლებად პატივცემულები არიან, რადგან ქალწულების ღირს საქმეებს არ აჩვენებენ. ეს არ გვითქვამს ყველას მიმართ; უფრო სწორად კი, ყველას მიმართ: ბრალეულთათვის, რათა უმანკოებას დაუბრუნდნენ, ხოლო უდანაშაულოთათვის, რათა იმათ უმანკოებისკენ შეაგონონ. მაგრამ ფრთხილად იყავით, რომ ეს მხილება საქმემდე არ მივიდეს. რადგან ეს არ გვითქვამს იმისთვის, რომ დაგამწუხროთ, არამედ იმისთვის, რომ გამოვსწორდეთ და თქვენით ვიქადოთ. ხოლო იყოს, რომ ჩვენ ყველანი ვაკეთებდეთ იმას, რაც ღმერთს მოსწონს, და მისი დიდებისთვის ვცხოვრობდეთ, რათა აღთქმულ კეთილთაც მივემთხვიოთ.
ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლითა და კაცთმოყვარეობით, რომლის თანა მამასა, სულიწმიდითურთ, დიდება, ძალა, პატივი, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.