📋 სარჩევი
„ამცნებდ ამას და ასწავებდ. ნუმცა ვინ სიჭაბუკესა შენსა შეურაცხ-ჰყოფნ; არამედ სახე ექმენ მორწმუნეთა მათ სიტყჳთა, სლვითა, სიყუარულითა, სულითა, სარწმუნოებითა, სიწმიდითა. ვიდრემდე მოვიდე, ეკრძალე საკითხავსა, ნუგეშინის-ცემასა, მოძღურებასა; ნუ უდებ-ჰყოფ, რომელ-ეგე არს შენ თანა მადლი, რომელი მოგეცა შენ წინაწარმეტყუელებითა, დასხმითა ჴელთა ხუცობისათა." ().
1.
საქმეთაგან ზოგს სწავლება სჭირდება, ზოგს კი ბრძანება. ამრიგად, თუ იმაზე გასცემ ბრძანებას, რის შესახებაც სწავლება გვმართებს, სასაცილო გახდები; და კვლავ, თუ იმაზე ასწავლი, რის შესახებაც ბრძანება გვმართებს, იმავეს ასევე განიცდი. რას ვამბობ, მაგალითად: ბოროტი რომ არ უნდა იყო, ამის შესახებ სწავლება კი არ არის საჭირო, არამედ ბრძანება და უფრო მეტი ხელმწიფებით აკრძალვა; ასევე, იუდეველობა რომ არ უნდა იყოს, ამას ბრძანება სჭირდება. ხოლო თუ ამბობ, რომ საჭიროა, კაცმა თავისი ქონება გასცეს, რომ საჭიროა ქალწულებაში ცხოვრება, თუ რწმენაზე საუბრობ, აქ სწავლებაა საჭირო. ამიტომაც პავლე ორივეს აყენებს. „ამცნებდ ამას და ასწავებდ" (), ამბობს. მაგალითად, თუ ვინმეს ამულეტები აქვს, ან სხვა რაიმე ამგვარი, როცა იციან, რომ ეს ბოროტებაა, და მაინც აკეთებენ, მხოლოდ ამცნებაა საჭირო; ხოლო როცა არ იციან, სწავლება. „ნუმცა ვინ სიჭაბუკესა შენსა შეურაცხ-ჰყოფნ" (), ამბობს. ხედავ, რომ მღვდელს ბრძანების გაცემაც მართებს და უფრო ხელმწიფებით საუბარიც, და არა ყველაფრის სწავლება? რამეთუ სიჭაბუკე საერთო წინასწარი წარმოდგენის გამო რაღაცნაირად ადვილად შეურაცხსაყოფელ საქმედ ქცეულა; ამიტომაც ამბობს: „ნუმცა ვინ სიჭაბუკესა შენსა შეურაცხ-ჰყოფნ" ().
რამეთუ მოძღვარიც ისეთი უნდა იყოს, რომ შეურაცხყოფას არ ექვემდებარებოდეს. მაშ სადღაა ლმობიერება? იტყვის მოწინააღმდეგე. სადღაა მაშ სიმშვიდე, თუკი მოძღვარი შეურაცხყოფილი არ იქნება? რაც საკუთარ თავს ეხება, იქ დაე, შეურაცხყოფილი იყოს და იტანდეს; რამეთუ ასე წარიმართება სწავლება დიდსულოვნებით. ხოლო რაც სხვებს ეხება, იქ უკვე აღარ; რადგან ეს ლმობიერება კი არ არის, არამედ გულგრილობა. თუ საკუთარი თავის მიმართ შეურაცხყოფას იძიებ, ან გინებას, ან მზაკვრობას, ბრალი სამართლიანად დაგედება; ხოლო თუ სხვათა ცხონებისათვის მოქმედებ, ბრძანებდე და ხელმწიფებით ზრუნავდე. აქ უკვე ლმობიერება კი აღარ არის საჭირო, არამედ ხელმწიფება, რათა საერთო სიკეთეს ზიანი არ მიადგეს. ან ამას ამბობს, ან იმას: ნურავინ შეურაცხგყოფს სიჭაბუკის გამო; რადგან ვიდრე სიჭაბუკის საპირწონე ცხოვრებას აჩვენებ, უკვე აღარავინ შეურაცხგყოფს ასაკის გამო, არამედ უფრო მეტადაც შენით განკვირდება. ამიტომაც დასძენს და ამბობს: „არამედ სახე ექმენ მორწმუნეთა მათ სიტყჳთა, სლვითა, სიყუარულითა, სარწმუნოებითა, სიწმიდითა" ()1, „ყოვლისათჳსვე თავსა შენსა სახედ მისცემდი კეთილთა საქმეთა" (). ესე იგი, თვითონ იყავი ცხოვრების პირველსახე, ვითარცა წინ დადებული ხატი, ვითარცა ცოცხალი სჯული, ვითარცა კეთილცხოვრების წესი და საზღვარი. რამეთუ მოძღვარი სწორედ ასეთი უნდა იყოს.
„სიტყჳთა, სლვითა, სიყუარულითა, სარწმუნოებითა, სიწმიდითა" (), ანუ სიტყვით ისე, რომ ადვილადაც მეტყველებდეს; ცხოვრებით, სიყვარულით, რწმენით, მართებული სიწმიდითა და უმანკოებითა; „ვიდრემდე მოვიდე, ეკრძალე საკითხავსა, ნუგეშინის-ცემასა, მოძღურებასა" (). ტიმოთეს უბრძანებს, რომ საკითხავს ყურადღება მიაპყროს. ყველამ მოვისმინოთ და განვისწავლოთ, რომ საღმრთო წერილთა შესწავლა არ უგულებელვყოთ. აჰა, კვლავ ამბობს: „ვიდრემდე მოვიდე" (). იხილე, როგორ ანუგეშებს მას; რადგან ბუნებრივია, რომ დაობლებულივით ეძებდა პავლეს. „ვიდრემდე მოვიდე" (), ამბობს, ყურადღება მიაქციე საღმრთო წერილთა საკითხავს, ერთმანეთის მიმართ შეგონებას, ყველას მიმართ სწავლებას. „ნუ უდებ-ჰყოფ, რომელ-ეგე არს შენ თანა მადლი, რომელი მოგეცა შენ წინაწარმეტყუელებითა" (). აქ სწავლებას წინასწარმეტყველებას უწოდებს. „დასხმითა ჴელთა ხუცობისათა" (). აქ ხუცესებზე კი არ ამბობს, არამედ ეპისკოპოსებზე; რადგან ხუცესები ხომ არ ასხამდნენ ხელს ეპისკოპოსს.
„ამას იწურთიდ და ამას შინა იყავ" (). იხილე, როგორ ხშირად ამცნებს მას იმავე საქმეებს, რადგან სურს აჩვენოს, რომ მოძღვარს ყველაფერზე მეტად სწორედ ამაში მართებს გულმოდგინება. „ეკრძალე თავსა შენსა და მოძღურებითა მით დაადგერ მათ ზედა" (), ამბობს. ესე იგი: ყურადღება მიაქციე საკუთარ თავს და დანარჩენებსაც ასწავლიდე. „რამეთუ ამას რაჲ ჰყოფდე, თავიცა შენი აცხოვნო და მორჩილნიცა შენნი" (). კარგად თქვა: „თავიცა შენი" (). რამეთუ ვინც სწავლების სიტყვებით იკვებება, სარგებელს პირველად თვითონ მოიმკის; რადგან სხვათა შეგონებისას საკუთარ გულსაც შემუსრავს. რამეთუ ეს ხომ ტიმოთეს მიმართ კი არ ითქვა მხოლოდ, არამედ ყველას მიმართ. ხოლო თუ მკვდართა აღმდგინებელს ასეთ რამეს შეაგონებს, ჩვენ რაღას ვიტყვით? ქრისტეც მოძღვართა შესახებ მიანიშნებს, როცა ამბობს: ცათა სასუფეველი ემსგავსება „კაცსა სახლისა უფალსა, რომელმან გამოიღის საუნჯისაგან თჳსისა ძუელი და ახალი" ()2.
და კვლავ ნეტარი პავლე იმავეს შეგვაგონებს და ამბობს: „რაჲთა მოთმინებითა მით და ნუგეშინის-ცემითა წიგნთაჲთა სასოებაჲ გუაქუნდეს" (). ყველაზე მეტად კი თვითონ აკეთებდა ამას: როგორც წერია, „ფერჴთა თანა გამალიელისთა, განსწავლულ ზედამიწევნით მამულითა სჯულითა" (); ამიტომ ამის შემდეგაც ბუნებრივია, რომ საკითხავს ყურადღებას აქცევდა, რამეთუ ვინც სხვებს ამას შეაგონებდა, ჯერ საკუთარ თავს შეაგონებდა. ხედავ ხომ, რომ იგი განუწყვეტლივ წინასწარმეტყველთა მოწმობებს იშველიებს და მათში არსებულს განიხილავს; მაშ, პავლე საკითხავს ყურადღებას აქცევს (რადგან წერილთაგან მოსამკელი სარგებელი მცირე როდია), ჩვენ კი ვუდარდელობთ და ზერელედ ვისმენთ? და რამდენად დიდი სასჯელის ღირსნი არ ვიქნებოდით? ამბობს: „რაჲთა წარმატებულებაჲ ეგე შენი ცხად იყოს ყოველსა შინა" ().
2.
ხედავ, რომ სურდა, ამაშიც დიდი და საკვირველი გამხდარიყო იგი? ამიტომაც ასე თქვა, რითაც აჩვენა, რომ მისთვის ეს ჯერ კიდევ საჭირო იყო. რას ნიშნავს: „რაჲთა წარმატებულებაჲ ეგე შენი ცხად იყოს ყოველსა შინა“ ()? არა მხოლოდ ცხოვრებაში, ამბობს, არამედ მოძღვრულ სიტყვაშიც. „მოხუცებულსა ნუ ჰრისხავ“ (). ნუთუ ახლა ღირსებას გულისხმობს? მე კი ასე არ ვფიქრობ, არამედ ყოველ მოხუცებულზე ამბობს. მერე რა, თუ გასწორება დასჭირდეს? ამბობს: „ნუ ჰრისხავ“ (), არამედ, როგორც ცოდვის ჩამდენ მამას მიეახლებოდი, ამბობს, ასევე მასაც ესაუბრე. „მოხუცებულთა დედათა – ვითარცა დედათა“ (), „ჭაბუკთა –ვითარცა ძმათა“ (), „ჭაბუკთა –ვითარცა დათა, ყოვლითა სიწმიდითა“ ().
თვით ამ საქმის ბუნება მძიმე რამეა, გაკიცხვას ვამბობ, მით უფრო, როცა იგი მოხუცის მიმართ ხდება; ხოლო თუ ახალგაზრდისგანაც მოდის, თავხედობა სამმაგდება. ამიტომ ამ საქმეს წესითა და ნაზობით არბილებს. რამეთუ შეიძლება გაკიცხვაც დაუმძიმებლად, თუ ვინმეს სურს ამაში გაწაფვა; დიდ გონიერებას კი მოითხოვს, მაგრამ შესაძლებელია. ამბობს: „ჭაბუკთა –ვითარცა ძმათა“ (). რატომ აქაც ამას შეაგონებს? კვლავ ასაკის გამო შესაძლო კადნიერებაზე მიანიშნებს. ამრიგად, აქაც საჭიროა საქმის ლმობიერებით შერბილება. ჭაბუკ ქალებზე ამბობს: „ჭაბუკთა –ვითარცა დათა“ (); და დაამატა: „ყოვლითა სიწმიდითა“ (). ნუ მეტყვი, ამბობს, მხოლოდ ხორციელი შერევის ცოდვაზე, არამედ ეჭვის საბაბიც კი ნუ მისცემ, ამბობს. რამეთუ ვინაიდან ჭაბუკ ქალებთან გამართული საუბრები ძნელად გაურბის ეჭვს, ხოლო ეპისკოპოსსაც ეს საქმე უწევს, ამიტომ ამატებს „ყოვლითა სიწმიდითა“ ()-ს, რითაც ცხადყოფს, რომ მათთან საუბარი მთელი სიწმიდით შეჰფერის.
რას ამბობ, მითხარი? ტიმოთეს ამას უბარებ? დიახ, ამბობს, რადგან მისი მეშვეობით მთელ სამყაროს ვესაუბრები. ხოლო თუ ტიმოთეს უბარებს ამას, დაე, ყოველმა სხვამ გაიაზროს, როგორი უნდა იყოს: არც ეჭვს უჩენდეს და არც საბაბის ჩრდილს უტოვებდეს ცილისწამების მსურველებს. „ქურივთა პატივ-ეც, ჭეშმარიტად ქურივთა“ (). რატომ არაფერს ამბობს ქალწულებაზე და არც იმას ამბობს, ქალწულებს პატივი ეციო? იმიტომ, რომ მგონია, მაშინ ქალწულები ან საერთოდ არ იყვნენ, ან კიდეც დაცემულიყვნენ. რადგან ამბობს: „რამეთუ აწვე ვინმე გარდაიქცეს შედგომად ეშმაკისა“ ().
ამბობს: „ქურივთა პატივ-ეც, ჭეშმარიტად ქურივთა“ (). მაშ, შესაძლებელია, ქმარი არ ჰყავდეს და მაინც ქვრივი არ იყოს. რამეთუ როგორც ქალწულს ქალწულად მხოლოდ ის არ ხდის, რომ ქორწინება არ უგემია, არამედ კიდევ ბევრი რამ სჭირდება: უმწიკვლოება, დაუფანტავი მყოფობა; ასევე ქვრივსაც უბრალოდ ქმრის უქონლობა კი არ ხდის ქვრივად, არამედ უმანკოებით შეზავებული მოთმინება და ყოველივესგან განმარტოება. სწორედ ასეთი ქვრივების პატივისცემას შეაგონებს, მართებულადაც; რამეთუ მარტო დარჩენილებს დიდი პატივი სჭირდებათ; ქმრები არ ჰყავთ, ვინც მათ დაიცავდა; და ეს მდგომარეობა ბევრს საყვედურის ღირსად და უბედურად ეჩვენება. ამიტომ სურს, რომ მღვდლისგან დიდი პატივი ერგოს ქვრივს; თუმცა მხოლოდ ამის გამო კი არა, არამედ იმიტომაც, რომ ღირსია. „უკუეთუ ვისმე ქურივსა შვილ გინა შვილის შვილ ესხნენ, ისწავებედ პირველად თჳსსა სახლსა, ღმრთის მსახურებასა და პატივ-სცემდედ მამა-დედათა“ (). იხილე პავლეს გონიერება: როგორ ხშირად ადამიანური მოსაზრებებიდან შეაგონებს. რამეთუ აქ რაიმე დიდი და მაღალი არ დაუდგენია, არამედ ის, რაც სინდისისთვისაც ადვილად მისაღებია: ამბობს, „და პატივ-სცემდედ მამა-დედათა“ ().
როგორ? აღზრდისა და გაზრდისათვის. მაგალითად, დიდი მზრუნველობა მიიღე; ისინი წავიდნენ; ვეღარ შეძლე, მათთვის სანაცვლო მიგეზღო; რამეთუ შენ თვითონ არც გიშვია ისინი და არც გაგიზრდია; მის შთამომავლებში მიაგე სანაცვლო, შვილების მეშვეობით გადაიხადე ვალი. ამბობს: „ისწავებედ პირველად თჳსსა სახლსა, ღმრთის მსახურებასა“ (). აქ ის ღვთისმოსაობას უფრო მარტივად კეთილის ქმნას უწოდებს. შემდეგ კი, რათა უფრო აემაღლებინა საქმე, დაუმატა: „რამეთუ ესე არს კეთილ და სათნო წინაშე ღმრთისა“ ().
ხოლო მას შემდეგ, რაც ჭეშმარიტად ქვრივები ახსენა, ამბობს, ვინ არის ნამდვილი ქვრივი. „ხოლო ჭეშმარიტი ქურივი და მარტო-ქმნული ესავს უფალსა და დადგრომილ არს ვედრებასა და ლოცვასა ღამე და დღე. ხოლო რომელი-იგი იშუებდეს, ცოცხლივვე მკუდარ არს“ (). თუ ვინმე, ამბობს, ქვრივობაში მყოფი საერო ცხოვრებას კვლავ არ შეუდგა, იგი ნამდვილად ქვრივია; ვინც ღმერთზე, როგორც ჯერ-არს, სასოებას ამყარებს, ვედრებას ეკვრის და ღამე და დღე მასში მტკიცედ დგას, იგი ქვრივია; ეს ისე არ ითქმის, თითქოს შვილებიანი ქალი ქვრივი არ იყოს, რადგან მასაც აქებს, ვინც შვილებს, როგორც ჯერ-არს, ზრდის; არამედ თუ ვინმეს შვილები არა ჰყავს, ესე იგი, მარტო დარჩენილია. შემდეგ მას, როგორც შვილების არმქონეს, იმით ანუგეშებს, რომ სწორედ ეს არის ყველაზე მეტად ქვრივობა: როცა იგი არა მხოლოდ ქმრისგან ნუგეშს, არამედ შვილებისგანაც მოკლებულია; რამეთუ ღმერთი ჰყავს ყოველივეს ნაცვლად. რამეთუ შვილების არყოლით იგი ნაკლები არ არის, არამედ რაც შვილების არყოფნის გამო აკლია, ღმერთი ნუგეშით ავსებს. მაშ, რასაც ამბობს, ეს არის: ნუ დამწუხრდები, თუ გაიგონებ, რომ შვილების გაზრდაა საჭირო, შენ კი შვილები არა გყავს, თითქოს ამის გამო შენი ღირსება მცირდებოდეს; ჭეშმარიტად ხარ ქვრივი; „ხოლო რომელი-იგი იშუებდეს, ცოცხლივვე მკუდარ არს“ ().
3.
რადგან ბევრი ქალი, რომელსაც შვილები ჰყავს, ქვრივობას ირჩევს არა იმისათვის, რომ ამ ყოფის საბაბები მოიკვეთოს, არამედ იმისათვის, რომ ისინი უფრო მეტად გააღვივოს, მეტი თვითნებობით აკეთოს ყოველივე და თავი მეტად გადასცეს ამსოფლიურ გულისთქმებს, ამიტომაც ამბობს: „ხოლო რომელი-იგი იშუებდეს, ცოცხლივვე მკუდარ არს." (). რას ამბობ? ქვრივ ქალსაც კი არ მართებს განცხრომა? არა, ამბობს. ამრიგად, თუ მაშინაც კი, როცა ასაკიცა და ბუნებაც უძლურია, განცხრომა აუცილებელი არ არის, არამედ სიკვდილის, საუკუნო სიკვდილის მიზეზი ხდება, რაღა თქვან განცხრომაში მცხოვრებმა კაცებმა? სამართლიანად ამბობს: „ხოლო რომელი-იგი იშუებდეს, ცოცხლივვე მკუდარ არს." (). მაგრამ, რათა გაიგო, მოდი, ვნახოთ, რა არის ცოცხალთა საქმე, რა არის მკვდართა საქმე და სად განვაწესოთ ეს ქვრივი. ცოცხლები სიცოცხლის საქმეებს აღასრულებენ, მომავალი სიცოცხლისას, ჭეშმარიტი სიცოცხლისას.
ხოლო რა არის მომავალი სიცოცხლის საქმეები, რომლებითაც მთელი დრო უნდა ვიყოთ დაკავებულნი, მოისმინე ქრისტესაგან, რომელიც ამბობს: „მოვედით, კურთხეულნო მამისა ჩემისანო, და დაიმკჳდრეთ განმზადებული თქუენთჳს სასუფეველი დასაბამითგან სოფლისაჲთ. რამეთუ მშიოდა, და მეცით მე ჭამადი; მწყუროდა, და მასუთ მე;" (). ცოცხლები მკვდრებისაგან მხოლოდ იმით როდი განსხვავდებიან, რომ მზეს ხედავენ და ჰაერს სუნთქავენ; ამას როდი ვამბობთ, არამედ იმით, რომ რაიმე კეთილს აკეთებენ; ვინაიდან თუ ეს არ ახლავს, მკვდრებზე არაფრით უკეთესნი არ იქნებიან. და რათა გაიგო, მოისმინე, როგორ შეიძლება, მოკვდეს კაცი და მაინც ცოცხლობდეს. ამბობს: „არა არს ღმერთი მკუდართაჲ, არამედ ღმერთი ცხოველთაჲ." (). მაგრამ ესეც, ამბობს, კვლავ გამოცანაა. ამრიგად, ორივე განვმარტოთ. ვინმე ცოცხლადვე მკვდარია, როცა ცხოვრებას განცხრომაში ატარებს. როგორ?
მხოლოდ მუცლით ცხოვრობს, ხოლო სხვა გრძნობებით სრულიად არა; ანუ არ ხედავს იმას, რაც უნდა ხედავდეს, არ ისმენს იმას, რაც უნდა ისმენდეს, არ ამბობს იმას, რაც უნდა ამბობდეს, და არც ცოცხალთა საქმეებს აღასრულებს; არამედ როგორც ის, საწოლზე გაჭიმული, თვალებმილულული და ქუთუთოებმოკუმული, არსებულთაგან არაფერს გრძნობს, ასევეა ესეც; უფრო სწორად, ასე კი არა, გაცილებით უარესად. ის კი კეთილთა მიმართაც და ბოროტთა მიმართაც ერთნაირად უგრძნობელია; ეს კი მხოლოდ მათ გრძნობს, ბოროტებებს ვამბობ, ხოლო კეთილთა მიმართ მწოლარესავით უძრავია. ამგვარად, სწორედ ასეა მკვდარი.
რადგან მომავალი სიცოცხლისაგან მას არაფერი ამოძრავებს; არამედ სიმთვრალე, თითქოს ბნელ და წყვდიად ჩაღრმავებაში და დიდი სიბინძურით სავსე მღვიმეში, თავის წიაღში ჩაიხვევს მას და, მკვდართა მსგავსად, განუწყვეტლივ სიბნელეში აცხოვრებს. რადგან როცა მთელ დროს ხან ნადიმობაში, ხან სიმთვრალეში ატარებს, განა სიბნელეში არ არის? განა მკვდარი არ არის? თვით იმ დილასაც კი, როცა თითქოს ფხიზლობს, ხალასი სიფხიზლე არა აქვს, რადგან მისგან საღამოს ღვინო ჯერ არც დაცლილა და არც ამოხაპულა, მომავალი სმის სურვილით ძლიერ არის შეპყრობილი, მწუხრსა და შუადღეს ქეიფებში ატარებს, მთელ ღამეს ღრმა ძილში და განთიადის დიდ ნაწილსაც.
ახლა ეს, მითხარი, ცოცხალთა შორის ჩავრიცხოთ? რა თქვას ვინმემ იმ დიდ ქარიშხალზე, ფუფუნებისაგან რომ სულშიცა და სხეულებშიც შემოედინება? როგორც განუწყვეტელი და გამუდმებული ღრუბლიანობა არასოდეს უშვებს სხივს, რომ გაბრწყინდეს, ასევე ფუფუნებისა და ღვინის ორთქლები, როცა ტვინს რაღაც კლდესავით მოიცავენ და იქ სქელ ღრუბელს აღმართავენ, გონიერ ძალას არასოდეს უშვებენ, რომ გაიშალოს, და მთვრალს დიდ თვალთდაბნელებაში აკავებენ. როგორი დიდი ქარიშხალია, გგონია, შიგნით იმ კაცში, ვისაც ეს დაემართა? რამდენი შფოთი? როგორც წყალდიდობისას, როცა წყალი სახელოსნოთა ზღურბლებს გადაახტება, ვხედავთ, რომ იქ მცხოვრებნი მუდამ შეშფოთებულნი არიან და სათლებს, ამფორებს, ღრუბლებსა და სხვა მრავალ საშუალებას იგონებენ, რათა ამოხაპონ, რომ საძირკვლებიც არ დაალპოს და ყველა ჭურჭელი უსარგებლოდ არ აქციოს; ასევე სულიც, როცა დიდი ფუფუნებით გადაივსება, შიგნით აზრები იშფოთვიან; და რადგან უკვე დაგროვებულის დაცლა აღარ ძალუძთ, კვლავ სხვა ნაკადის შემოსვლის გამო დიდი ქარიშხალი იბადება.
ნუ შეხედავ, გთხოვ, მის მხიარულსა და კბილებგამოჩენილ სახეს, არამედ შინაგანი გამოიკვლიე და დაინახავ, რომ დიდი ნაღვლიანობით არის სავსე; და სულის გამოყვანა და სხეულის თვალთა წინ დადება რომ შეიძლებოდეს, დაინახავდი განცხრომაში მცხოვრების სულს ნაღვლიანს, პირქუშს, მტკივნეულსა და გამხმარ-გამოფიტულს.
რადგან რაც უფრო სხეული ნოყიერდება და სქელდება, მით უფრო მეტად სული ხმება და უძლურდება; და რაც უფრო სხეული თბება, მით უფრო მეტად სული იმარხება. და როგორც თვალის გუგაზე, თუ გარედან დადებული გარსები სქელი აქვს, მხედველობის ძალა ვერ ახერხებს გამოსვლასა და დაჟინებით ხედვას, რადგან სხივი სისქისაგან უკუიგერიება და ხშირად სიბნელე დგება; ასევე სხეულსაც, როცა განუწყვეტლივ ნოყიერდება, ბუნებრივია, დიდი სისქე ედება გარს. მაგრამ მკვდრები, ამბობს, ლპებიან და იხრწნებიან, და მათგან მრავალი ჩირქოვანი სითხე გადმოედინება. ასევე განცხრომაში მცხოვრებ ქალზეც შეიძლება იხილო: გამონადენი, ფლეგმა, სურდო, სლოკინი, ღებინებები, ბოყინები; ხოლო სხვა დანარჩენს, რისი თქმაც სამარცხვინოა, გვერდს ვუვლი. რაოდენ დიდია ფუფუნების ტირანია: რასაც თქმასაც კი ვერ ვითმენთ, იმას ამ ქალებს ატანინებს.
4.
მაშ, კვლავ კითხულობ, როგორ ჟონავს სხეული ყოველი მხრიდან? მაგრამ ჭამს და სვამს? მაგრამ ეს ადამიანური სიცოცხლის ნიშანი როდია, რადგან უგონო არსებებიც ჭამენ და სვამენ. ამრიგად, როცა სული მკვდრად დევს, — რა სარგებელია ჭამისა და სმისა? რამეთუ, როგორც მკვდრად დადებულ სხეულს ყვავილოვანი სამოსი რომ შემოაცვან, არაფერს არგებს, ასევე მკვდარ სულს ირგვლივ შემორტყმული აყვავებული სხეულიც არაფერს არგებს. რადგან, როცა მისი საუბარი მუდამ მზარეულებზე, ტრაპეზის გამწყობებზე და პურის მცხობელებზეა, და არაფერს ღვთისმოსავს არ წარმოთქვამს, განა არ მომკვდარა?
რამეთუ ვიხილოთ, რა არის ადამიანი. გარეშენი ამბობენ: „გონიერი, მოკვდავი ცოცხალი არსება, გონებისა და ცოდნის მიმღები"; ჩვენ კი განსაზღვრება მათგან ნუ ავიღებთ, არამედ საიდან? საღმრთო წერილიდან. მაშ, სად გადმოგვცა წერილმა ადამიანის განსაზღვრება? მოისმინე, თვით იგი ამბობს: „და იყო კაცი იგი ჭეშმარიტ, უბიწო, მართალ, ღმრთისმსახურ, განყენებულ და განშორებულ ყოვლისაგან საქმისა ბოროტისა" (). აი, ეს არის ადამიანი. და კვლავ, სხვა ამბობს: „დიდ არს კაცი და პატიოსან კაცი მოწყალე" ().
ხოლო მათ, ვინც ასეთები არ არიან, თუნდაც გონებას ეზიარებოდნენ და თუნდაც ათასგზის ცოდნის მიმღებნი იყვნენ, წერილი ადამიანებად კი არ მოიხსენიებს, არამედ ძაღლებად, ცხენებად, იქედნეებად, გველებად, მელიებად, მგლებად და, თუ რამე ამ მხეცებზე უფრო უპატიოა, იმად; მაშ, თუ ეს არის ადამიანი, ფუფუნებაში მცხოვრები ადამიანი არ არის. რამეთუ როგორ იქნება ადამიანი ის, ვინც ამათგან არაფერზე ზრუნავს? რადგან ფუფუნება და სიფხიზლე ერთად ვერ შეიყრება; ისინი ერთმანეთს აუქმებენ. ამასვე ამბობენ გარეშენიც, რომ „მსუქანი მუცელი წვრილ გონებას არ შობს"3. წერილმა უსულო ადამიანებად წოდებაც იცის: „არა დაადგრეს სული ჩემი კაცთა ამათ შორის უკუნისამდე ყოფისათჳს მათისა ჴორც" (). თუმცა სულიც ჰქონდათ, მაგრამ რადგან მას მკვდრად ატარებდნენ, ღმერთმა ხორცი უწოდა მათ. რამეთუ, როგორც სათნოებზე, თუნდაც სხეული ჰქონდეთ, მაინც ვამბობთ: „მთლიანად სულია, მთლიანად სულიერია", ასევე მათზე, ვინც ასეთნი არ არიან, საპირისპიროს ვამბობთ. ასევე პავლეც ამბობდა: „ხოლო თქუენ არა ხართ ჴორცთა შინა" (), რადგან ხორცის საქმეებს არ ასრულებდნენ. ასევე ფუფუნებაში მცხოვრებნი არც სულში არიან და არც სულიერებაში.
ხოლო „რომელი-იგი იშუებდეს, ცოცხლივვე მკუდარ არს" (), — ამბობს. მოისმინეთ თქვენ, რომლებიც მთელ დროს ქეიფებსა და სიმთვრალეში ატარებთ, რომლებიც უგულებელყოფთ გლახაკებს, შიმშილისგან რომ ილევიან და კვდებიან, თქვენ კი თვითონ გამუდმებით ფუფუნებისგან კვდებით. რადგან ორ სიკვდილს იქმთ: შეჭირვებულთა სიკვდილს და თვით თქვენსას, ორივეს — უზომოებისგან. მაგრამ იმ სიდუხჭირესთან თქვენი გაძღომის შერევა რომ მომხდარიყო, ორ სიცოცხლეს შექმნიდით. რად გლეჯ შენს მუცელს გაძღომით? რად ადნობ გლახაკის მუცელს სიდუხჭირეში? ერთს ზომაზე მეტად ასუქებ, მეორეს კი ზომაზე მეტად ახმობ.
დაფიქრდი, რა გამოდის საჭმლებისგან, სად გარდაიქმნება და რად იქცევა. განა მხოლოდ ამის გაგონებაზეც კი არ გეზიზღება? მაშ, რაღად ცდილობ, რომ იმ ნარჩენებისგან მეტი მოაგროვო? ფუფუნების ზედმეტი ნაწილი სხვა არაფერია — თუ არა ნაკელის სიჭარბე. რადგან ბუნებას ზომები აქვს, და რაც მათზე მეტია, ის უკვე საზრდო აღარ ხდება, არამედ ზიანი და მეტი ნაკელი. გამოკვებე სხეული, ნუ მოკლავ.
ამიტომ ეწოდა მას საზრდო: არა იმისთვის, რომ სხეული დავღუპოთ, არამედ რომ ვკვებოთ; ვფიქრობ, ამიტომაც გამოიყოფა საზრდო ამგვარად, რათა ფუფუნების მოყვარულნი არ ვიყოთ; რადგან ეს რომ არ ყოფილიყო, უსარგებლოდ რომ არ მიდიოდეს და სხეულს რომ არ აზიანებდეს, ერთმანეთის შთანთქმას არ შევწყვეტდით. რამეთუ მუცელს რომ იმდენი მიეღო, რამდენიც გვინდოდა, ყველაფერი გადაემუშავებინა და სხეულისთვის გადაეცა, უთვალავ ომსა და შერკინებას იხილავდი. რადგან თუ ახლაც, როცა ერთი ნაწილი ნაკელად გამოიყოფა, მეორე კი სისხლად და უსარგებლო, უხალას ფლეგმად, მაინც ფუფუნებას მივეჯაჭვებით და ხშირად მთელ ქონებას ერთ ტრაპეზზე ვხარჯავთ, ფუფუნების ბოლო ასეთი რომ არ ყოფილიყო, რას აღარ ჩავიდენდით? უფრო დიდი სიმყრალით ვივსებთ თავს, როცა მეტად ვფუფუნებთ, თითქოს სხეული რაიმე ტიკივით ყოველი მხრიდან ჟონავდეს. ზოგი ისეთ რამეს ამოაბოყინებს, რომ გარეთ მყოფთა ტვინსაც კი აზიანებს; სხეულის ყოველი მხრიდან ბნელი ორთქლები გამოდის, როგორც ღუმელიდან, როცა შიგნით სიმხურვალე დალპება. ხოლო თუ გარეთ მყოფნი ასე ზიზღდებიან, როგორ ფიქრობ, შიგნით ტვინი რას განიცდის, როცა ორთქლები განუწყვეტლივ სცემს? ხოლო რას იტყვი სისხლის არხებზე, როცა სისხლი დუღს და იხერგება? ან იმ ავზებზე, ღვიძლსა და ლელზე? ან თვით ნაკელის არხებზე?
და მძიმე ის არის, რომ ქალაქის ნაკელის არხებზე ვზრუნავთ, რათა არ დაიხერგონ და ნაკელი ზევით არ გაუშვან; ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ, ჯოხებით ვუბიძგებთ და ნიჩბებით ვათრევთ; ჩვენი მუცლის არხებს კი არ ვწმენდთ, არამედ ვხერგავთ და ვამჭიდროებთ; და როცა ნაკელი ზევით ადის იქ, სადაც თვით მეფე ზის, ტვინს ვგულისხმობ, არავითარ ზრუნვას არ ვიჩენთ. სწორედ ამიტომ ყველაფერს ისე კი არ ვაკეთებთ, თითქოს წესიერ მეფეს ვფლობდეთ, არამედ თითქოს რაღაც ბინძურ ძაღლს ვფლობდეთ. ამიტომაც ღმერთმა ის ასოები შორს განაცალკევა, რათა მათგან არავითარი ზიანი არ მივიღოთ. მაგრამ ჩვენ ამას არ ვუშვებთ, არამედ ყველაფერს უზომოებით ვრყვნით. სხვა ბოროტებებზე რაღას იტყოდა ვინმე? დახერგე სანიაღვრე არხები და მაშინვე იხილავ, როგორ იშვება სენი. მაშ, გარედან მოვარდნილი სიმყრალე სენს შობს, ხოლო შიგნით მყოფი, სხეულის დახშულობით ყოველი მხრიდან ჩაკეტილი და გასაფანტი ადგილის არმქონე, განა უთვალავ სენს არ წარმოშობს სხეულისთვისაც და სულისთვისაც? და საშინელი ის არის, რომ მრავალნი ღმერთის წინააღმდეგ დრტვინავენ და ამბობენ: „ეს რაღაა? ნაკელის ტარება დაგვიწესა", თვითონ კი ნაკელს ამრავლებენ. ღმერთმა ამიტომ დაადგინა ეს, რათა თუნდაც ასე განგვაშოროს ფუფუნებას, რათა თუნდაც ასე დაგვარწმუნოს, არ მივეკრათ ცხოვრებისეულ საქმეებს. შენ კი ასეც არ ითმენ, რომ ფუფუნება შეწყვიტო; ყელამდე, ტრაპეზის ჟამამდე მისდევ ფუფუნებას, უფრო სწორად, არც იქამდე, რადგან სიამოვნება მაშინაც აღარ რჩება.
ან განა როგორც კი ენასა და ყელს გაივლის, სიამოვნების საქმეც მაშინვე არ ქრება? რადგან შეგრძნება გემოშია; ამის შემდეგ კი აღარ, არამედ დიდი უსიამოვნებაა: ან კუჭი ვერ ამუშავებს, ან დიდი გაჭირვებით აკეთებს ამას. მაშ, მართებულად ამბობდა: „რომელი-იგი იშუებდეს, ცოცხლივვე მკუდარ არს" (). რადგან არ არსებობს ისეთი რამ, რასაც ფუფუნებაში მცხოვრები სულის შესახებ ვერ გაიგონებდი ან ვერ იტყოდი: ლბილი ხდება, არაკეთილშობილი, უმამაცო, თავისუფლების არმქონე, მხდალი, თავხედობით, მლიქვნელობითა და უმეცრებით სავსე, რისხვითა და ფიცხი გულისწყრომით აღსავსე, ყოველგვარი ბოროტებით სავსე, ხოლო საპირისპირო სიკეთეებისგან დაცლილი. ამიტომაც ამბობს: „და ამას ამცნებდ, რაჲთა უბრალო იყვნენ" (). ხედავ, რომ ეს საქმე კანონმდებლობისაა? იგი ამას თავისუფალ ნებას არ მიანდობს; „ამცნე, — ამბობს, — ნუ იცხოვრებენ ფუფუნებაში", რადგან ეს აღიარებული ბოროტებაა და ფუფუნებაში მცხოვრებს არც ძალუძს და არც შეეფერება საიდუმლოთა მიღება. „და ამას ამცნებდ, რაჲთა უბრალო იყვნენ" (), — ამბობს. ხედავ, რომ ეს საქმე ცოდვათა შორის დევს? რადგან ის, რაც თავისუფალ ნებაშია, თუნდაც არ აღსრულდეს, არაფრით უშლის ხელს ადამიანს უბრალო იყოს. მაშ, პავლეს რომ ვემორჩილებით, ჩვენც ვამცნოთ, რომ ფუფუნებაში მცხოვრები ქვრივები ქვრივთა ნუსხის გარეთ იყვნენ. რადგან თუ ჯარისკაცი, რომელიც აბანოებს, თეატრებსა და საქმეებს ეტანება, ჯარიდან გაქცეულივით განიკითხება, მით უფრო ქვრივები. ნუ ვეძიებთ აქ მოსვენებას, რათა იქ ვპოვოთ იგი; ნუ ვფუფუნებთ აქ, რათა იქ ვიგემოთ ჭეშმარიტი ფუფუნება, ჭეშმარიტი განცხრომა, რომელიც არავითარ ბოროტებას არ შობს და უთვალავ სიკეთეს ფლობს; ნეტავ ყოველ ჩვენგანს გვერგოს ამ სიკეთეების მიღწევა იესო ქრისტეში.
ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლითა და კაცთმოყვარეობით, რომლის თანა მამასა, სულიწმიდითურთ, დიდება, ძალა, პატივი, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
სათარგმნო შენიშვნები
- ძველი ქართული კორპუსის ამ მუხლში ბერძნულ წყაროსთან შედარებით ერთი სიტყვით გრძელი ნუსხაა; აქ ციტატა ბერძნული წყაროს მიხედვით არის შემოკლებული. ↩
- ამ ადგილას სახარებისეული სიტყვა შემოკლებული სახით არის მოხმობილი; ციტატად ჩასმულია ძველი ქართული ტექსტის ის ნაწილი, რომელიც განმარტების აზრს უშუალოდ მიჰყვება. ↩
- ეს ანდაზაა და არა ბიბლიური ციტატა. ↩