📋 სარჩევი
„ხოლო უკუეთუ ვინმე თჳსთა და უფროჲსღა სახლეულთა არა მოღუაწე იყოს, სარწმუნოებაჲ უარ-უყოფიეს და არს იგი ურწმუნოჲსა უძჳრეს." ().
1.
ბევრს ჰგონია, რომ ცხონებისთვის საკუთარი სათნოება ჰყოფნით; და თუ თავიანთ ცხოვრებას კარგად მოაწყობენ, ფიქრობენ, რომ ცხონებისთვის აღარაფერი აკლიათ. მაგრამ სწორად არ ფიქრობენ. ამას ისიც აჩვენებს, რომელმაც ერთი ტალანტი დამარხა; რადგან მან იგი დაკლებული კი არ წარადგინა, არამედ მთლიანი და ისეთი, როგორიც მიმბარებელმა მისცა. ამას აქაც ნეტარი პავლე აჩვენებს, როცა ასე ამბობს: „ხოლო უკუეთუ ვინმე თჳსთა... არა მოღუაწე იყოს“ (). ყოველგვარ ზრუნვას გულისხმობს: სულისადმი ზრუნვასაც და სხეულისადმიც; რადგან ესეც ზრუნვაა. ხოლო ვინც საკუთარებზე, და განსაკუთრებით სახლეულებზე, ანუ ნათესაობით დაკავშირებულებზე არ ზრუნავს, პავლეს თქმით, ურწმუნოზე უარესია. ამას ამბობს წინასწარმეტყველთა მთავარი ესაიაც: „თჳსთაგანი თესლისა შენისათა არა უგულებელს-ჰყო“ ().
რადგან თუ ვინმე ნათესაობით ახლობლებსა და სისხლით დაკავშირებულებს უყურადღებოდ დატოვებს, სხვების მიმართ როგორ იქნება მოსიყვარულე? განა ყველანი დიდებისმოყვარეობად არ ჩათვლიან ამ საქმეს, როცა იგი უცხოებს სიკეთეს უკეთებს, თავისიანებს კი უგულებელყოფს და მათდამი წყალობას არ იჩენს? ანდა რა, როცა სხვებს სარწმუნოებას ასწავლის, მათ კი ცდომილებაში უყურებს, თუმცა სიკეთის კეთებაში უფრო მეტი შესაძლებლობა და უფრო დიდი უფლება აქვს? ფრიად ასეა; განა არ იტყვიან: „მოსიყვარულენი არიან ქრისტიანები, რომლებიც საკუთარებს უყურადღებოდ ტოვებენ?“ და იგი, ამბობს, „ურწმუნოჲსა უძჳრეს“ () არის. რატომ? იმიტომ, რომ ის, თუნდაც უცხოებს არა, ახლობლებს მაინც არ ტოვებს უყურადღებოდ. რასაც ამბობს, ეს არის: ვინც თავისიანებზე უდარდელობს, ღვთის რჯულსაც არღვევს და ბუნების რჯულსაც.
ხოლო თუ ის, ვინც სახლეულებზე არ ზრუნავს, რწმენა უარუყვია და ურწმუნოზე უარესია, მაშინ ის, ვინც სახლეულებს კიდევაც უსამართლოდ ექცევა, სად დადგება? ვის გვერდით დადგება? მაგრამ რწმენა როგორ უარუყვია? ამბობს: „ღმერთსა აღიარებენ ვითარმედ იციან, ხოლო საქმითა უარ-ჰყოფენ“ (). და რა უბრძანა ღმერთმა, ვისაც ვერწმუნეთ? „თჳსთაგანი თესლისა შენისათა არა უგულებელს-ჰყო“ (). და როგორ სწამს ასეთ კაცს, ღმერთის უარმყოფელი რომ გამხდარა? დავფიქრდეთ ყველანი, ვინც ფულის დაზოგვის გამო საკუთარებს უგულებელვყოფთ; ღმერთმა ნათესაობით კავშირიც ამისთვის განაწესა, რომ ერთმანეთისთვის სიკეთის საკეთებლად მრავალი საფუძველი გვქონოდა. ამრიგად, როცა იმასაც არ აკეთებ, რასაც ურწმუნო აკეთებს, განა რწმენა არ უარყავი?
ამრიგად, რწმენა ის კი არ არის, რომ მხოლოდ აღიარებით გწამდეს, არამედ ღირსეული საქმეებიც უნდა აჩვენო. თითოეულ საქმეში შესაძლებელია რწმენაც და ურწმუნოებაც. რადგან, როცა მან ფუფუნებისა და მფლანგველობის შესახებ ისაუბრა, ამბობს: იგი მხოლოდ ამით კი არ დაიღუპა, რომ ფუფუნებაში ცხოვრობს, არამედ იმითაც, რომ იძულებული ხდება თავისიანები უყურადღებოდ დატოვოს. სამართლიანად ამბობს ამას; რადგან მუცლისთვის მცხოვრები ამ მხრივაც დაიღუპა, რწმენის უარყოფით. მაგრამ როგორ არის ურწმუნოზე უარესი? იმიტომ, რომ ახლობლის უგულებელყოფა და შორს მყოფის უგულებელყოფა ერთი და იგივე არ არის; როგორ იქნება? არამედ აქ დანაშაული უფრო დიდია: ნაცნობი უგულებელყო, ვიდრე უცნობი; მეგობარი, ვიდრე არამეგობარი.
„ქურივადმცა შერაცხილ არს ნუ უნაკლულესი სამეოცისა წლისაჲ, რომელი ყოფილ არს ერთის ქმრის ცოლ, და საქმეთა შინა კეთილთა წამებულ“ (). მან თქვა: „ისწავებედ პირველად თჳსსა სახლსა, ღმრთის მსახურებასა და პატივ-სცემდედ მამა-დედათა“ (); თქვა: „რომელი-იგი იშუებდეს, ცოცხლივვე მკუდარ არს“ (); თქვა, რომ „თჳსთა და უფროჲსღა სახლეულთა არა მოღუაწე იყოს... ურწმუნოჲსა უძჳრეს“ (); თქვა ის, რისი არმქონეც ქვრივთა სიაში ღირსი არ არის; აქ კი ამბობს, რა უნდა ჰქონდეს ამის შემდეგ. მაშ რა? წლების მიხედვით შევიყვანთ მას სიაში? და ეს რა ღირსებაა? რადგან სამოცი წლის შესრულება მისი საქმე არ არის. მხოლოდ ასაკის მიხედვით კი არაო, ამბობს; რადგან, ამბობს, თუნდაც იმ ასაკსაც გადააბიჯოს, თუ საქმეები არ აქვს, მაშინაც ნუ ჩაირიცხება. რატომ განიხილავს ასაკს ასე ზუსტად, ამის მიზეზს შემდეგ ასახელებს — არა საკუთარი მხრიდან, არამედ როგორც თვით ქვრივებისგან შემოტანილს. ხოლო ჯერჯერობით მომდევნო სიტყვები მოვისმინოთ; ამბობს: „და საქმეთა შინა კეთილთა წამებულ“ ().
რომელი საქმეებით? „უკუეთუ შვილნი განზარდნა“ (). მართლაც, მცირე საქმე არ არის ეს — შვილების აღზრდა. ხოლო შვილების აღზრდა უბრალოდ შვილების მხოლოდ გამოკვებას კი არ ნიშნავს, არამედ იმასაც, რომ როგორც საჭიროა, ისე აღზარდო, როგორც ზემოთ ამბობს: „უკუეთუ ეგნენ სარწმუნოებით და სიყუარულით და სიწმიდით“ (). ხედავ, როგორ ყველგან თავისიანთათვის გაწეულ კეთილ საქმეებს უცხოთათვის გაწეულზე წინ აყენებს? რადგან პირველად ამბობს და შემდეგ ასე აგრძელებს: „უკუეთუ შვილნი განზარდნა, უკუეთუ სტუმარნი ისტუმრნა, უკუეთუ წმიდათა ფერჴნი დაჰბანნა, უკუეთუ ჭირვეულთა შეეწია, უკუეთუ ყოველსა საქმესა კეთილსა შეუდგა“ ().
მაშ რა, თუ ღარიბია? ასეთ შემთხვევაშიც არც შვილების აღზრდის, არც სტუმართმოყვარეობისა და არც ჭირვეულთა შეწევნის შესაძლებლობას მოკლებულია. ორი წვრილი მონეტის ჩამდებ ქვრივზე უფრო ღატაკი ვერ იქნება; თუნდაც ღარიბი იყოს, სახლი აქვს; ცის ქვეშ ხომ არ რჩება. ამბობს: „უკუეთუ წმიდათა ფერჴნი დაჰბანნა“ (). ეს ხარჯს არ მოითხოვს. „უკუეთუ ყოველსა საქმესა კეთილსა შეუდგა“ (). რა სახის მცნებას ამბობს აქ? სხეულებრივი მსახურების გაწევისკენ მოუწოდებს; რადგან მოვლის საქმე ქალებს განსაკუთრებით შეეფერებათ: საწოლის დაგება და დასვენების მიცემა.
2.
აჰა, რაოდენ დიდ სიზუსტეს ითხოვს ქვრივისგან, თითქმის იმდენს, რამდენსაც თვით ეპისკოპოსისგან! რადგან სიტყვები: „უკუეთუ ყოველსა საქმესა კეთილსა შეუდგა" () ამას ცხადყოფს: თუმცა თავად ვერ შეძლო ამის ქმნა, მაინც ეზიარა მას და მსახურება გაუწია. ფუფუნებას რომ აღკვეთს, სურს, იგი იყოს წინდახედული, სახლის გამგებელი და მუდამ ლოცვებში დაჟინებით მდგომი. ასეთი იყო ანა. ხედავ, რაოდენ დიდ სიზუსტეს ითხოვს ქვრივისგან, იმდენს, რამდენსაც ქალწულთაგანაც კი არ ითხოვს? და მაინც მათგანაც დიდი სიზუსტე და უმაღლესი სათნოება მოითხოვა. რადგან სიტყვები: „შუენიერად და კეთილად დადგრომად უფლისა მიმართ უზრუნველად" () მოკლედ მოიცავს მთელ სათნოებას. ხედავ, რომ ქვრივის ღირსების დასამტკიცებლად საკმარისი არ არის, მეორედ ქორწინებას არ ეზიაროს, არამედ ბევრი სხვა რამეც საჭიროა?
მაშ რატომ, მითხარი, მოუწოდებს, რომ მეორედ ქორწინებას არ ეზიაროს? განა თვით საქმეს დასდო მსჯავრი? არავითარ შემთხვევაში; ეს ხომ მწვალებელთა საქმეა; არამედ იმიტომ ამბობს, რომ სურს, იგი ამიერიდან სულიერ საქმეებში იყოს დაკავებული და სათნოებისკენ გადაინაცვლოს. რადგან ქორწინება უწმინდურება კი არა, მოუცლელობაა; ამიტომაც, როცა ამბობს: „რაჲთა მოიცალოთ ლოცვად და მარხვად" (), არ ამბობს, რომ უნდა განიწმინდონ. რადგან ქორწინება მართლაც დიდი მოუცლელობის მიზეზია. ამიტომ, თუ ამისათვის არ ქორწინდები, რათა ღმრთის შიშისთვის მოიცალო, მაგრამ არ იცლი, რომ მთელი ზრუნვა უცხოთა და წმინდანთა მიმართ გამოიჩინო, ამ საქმიდან შენთვის არავითარი სარგებელი არ არის. მაშ, როცა ამას არ აკეთებ, უფრო ისე გამოდის, თითქოს თვით საქმეს გმობდე და ამიტომ განერიდე ქორწინებას. ასევე ქალწულიც, რომელიც სიზუსტით არ აცვამს საკუთარ თავს ჯვარს, ქორწინებას ისე განეშორა, თითქოს იგი ბილწად და უწმინდურად დაეგმოს.
ხედავ, რომ სტუმართმოყვარეობას გულისხმობს და არა უბრალო კეთილგანწყობას, არამედ იმას, რომელიც მოშურნეობით, მხიარული განზრახვითა და გულმოდგინებით აღესრულება, ისე რომ საქმეს მიჰყვება, თითქოს თვით ქრისტეს იღებდეს? რადგან არ სურს, ამათ მიმართ მსახურება მხევლებს დაევალოს, არამედ თვითონვე, საკუთარი ხელით აკეთონ ეს. ხომ ამბობს: „უკუეთუ მე დაგბანენ ფერჴნი, უფალმან და მოძღუარმან, თქუენცა თანა-გაც ურთიერთას დაბანად ფერჴთა" (). რადგან თუნდაც ვინმე ათასგზის მდიდარი იყოს, თუნდაც უდიდეს დიდებულებაში იმყოფებოდეს და წინაპართა კეთილშობილებით ამაყობდეს, მაინც მათ შორის ისეთი მანძილი არ არის, როგორიც ღმერთსა და მოწაფეებს შორის. თუ მას ქრისტესავით იღებ, ნურაფრის შეგრცხვება; პირიქით, ამ საქმით იდიდე კიდეც. ხოლო თუ ქრისტესავით არ იღებ, ნურც მიიღებ. ამბობს: „რომელმან შეგიწყნარნეს თქუენ, მე შემიწყნარა" (). თუ ასე არ იღებ, არც სასყიდელი გაქვს. აბრაამი, როგორც თავად ეგონა, გამვლელ მგზავრ ადამიანებს იღებდა და მისაღებად საჭირო სამზადისს მთლიანად მსახურებს არ ანდობდა; მსახურების უმეტეს ნაწილს თვითონ, საკუთარი ხელით აკეთებდა და ცოლსაც უბრძანებდა ფქვილი მოეზილა, თუმცა სამას თვრამეტი შინშობილი მსახური ჰყავდა, რომელთა შორის, სავარაუდოდ, მხევლებიც იქნებოდნენ. მაგრამ მას სურდა, სასყიდელი ცოლთან ერთად ჰქონოდა, არა მხოლოდ ხარჯისა, არამედ მსახურებისაც.
ასე უნდა გამოვიჩინოთ სტუმართმოყვარეობა: ყველაფერი საკუთარი ხელით ვაკეთოთ, რათა ჩვენ თვითონ განვიწმინდებოდეთ და ჩვენი ხელებიც იკურთხებოდეს. თუნდაც ღარიბებს აძლევდე, ნუ იუკადრისებ, რომ შენი ხელით მისცე; რადგან ღარიბს კი არ აძლევ, არამედ ქრისტეს. ვინ არის ისეთი უბადრუკი, რომ ქრისტესთვის ხელის გაწოდება იუკადრისოს? ეს არის სტუმართმოყვარეობა; ეს არის ჭეშმარიტად ღმრთისთვის გაკეთებული საქმე. ხოლო თუ ამპარტავნებით განკარგავ, თუნდაც საუკეთესო ადგილებით სარგებლობას უბრძანებდე, ასეთი რამ სტუმართმოყვარეობა არ არის და არც ღმრთისთვის არის. უცხოს დიდი ზრუნვა სჭირდება, დიდი ნუგეშიც; რადგან ამდენის შემდეგაც კი დიდი საქმეა, რომ არ გაწითლდეს. რადგან ამ საქმეს ისეთი ბუნება აქვს, რომ სიკეთის მიმღებს რცხვენია, მსახურების სიჭარბით სირცხვილის ყოველივე მიზეზი უნდა მოვაშოროთ და სიტყვითაც და საქმითაც ვაჩვენოთ, რომ კეთილისმყოფელი სიკეთეს კი არ აკეთებს, არამედ თვითონ იღებს სიკეთეს და უფრო მეტად იღებს წყალობას, ვიდრე გასცემს. ასე მრავლდება გაკეთებული საქმე შინაგანი განზრახვის წყალობით.
რადგან როგორც ის, ვინც ფიქრობს, რომ ზარალდება, ყველაფერს კარგავს, და ის, ვინც ფიქრობს, რომ სიკეთეს აკეთებს, ყველაფერს კარგავს; ასევე ის, ვინც ფიქრობს, რომ სიკეთეს იღებს, უფრო მეტს იღებს, რადგან „მხიარულებით მისაცემელი უყუარს უფალსა" (). ამიტომ უფრო ღარიბს უნდა გადაუხადო მადლობა იმისათვის, რომ მან შენგან მიიღო. რადგან ღარიბები რომ არ ყოფილიყვნენ, ცოდვათა სიმრავლეს ვერ მოიკვეცდი; ისინი შენი წყლულების მკურნალები არიან და თავიანთ ხელებს წამლებად გაძლევენ. ექიმი, როცა ხელებს იწვდის და წამალს ადებს, ისე არ იძლევა კურნებას, როგორც ღარიბი, რომელიც ხელს იწვდის და შენგან მიღებულით შენი ბოროტებების მოსაწმენდ სახოცად იქცევა. ვერცხლი გასეცი და მასთან ერთად ცოდვებიც გავიდა. ასეთნი არიან მღვდლებიც; ამბობს: „ცოდვასა ჭამენ ერი ჩემი" (). ასე რომ უფრო დიდს იღებ, ვიდრე გასცემ; უფრო მეტად იღებ სიკეთეს, ვიდრე სხვას სიკეთეს უყოფ; ღმერთს ასესხებ და არა ადამიანებს; სიმდიდრეს ზრდი და არ ამცირებ; ამცირებ კი მაშინ, თუ არ შეამცირებ, თუ არ გასცემ.
ამბობს: „უკუეთუ სტუმარნი ისტუმრნა, უკუეთუ წმიდათა ფერჴნი დაჰბანნა" (). რომელ წმინდანებზე-ღა ამბობს? ჭირვეულებზე, და არა უბრალოდ წმინდანებზე; რადგან შესაძლებელია, ვინმე წმინდანი იყოს და ყველასგან დიდი ზრუნვით სარგებლობდეს. მათ ნუ ეძიებ, რომლებიც სიუხვეში არიან, არამედ მათ, რომლებიც ჭირში არიან, უცნობნი არიან და მრავალთაგან არ იცნობიან. ამბობს: „რაოდენი უყავთ ერთსა ამას მცირეთაგანსა ძმათა ჩემთასა, იგი მე მიყავთ" ().
3.
ნუ მისცემ ეკლესიის წინამძღვრებს გასანაწილებლად; შენ თავად ემსახურე ამ საქმეს, რათა არა მხოლოდ ხარჯვის, არამედ მსახურების საზღაურიც გქონდეს; საკუთარი ხელებით მიეცი; შენ თავად დათესე ხნული. აქ არც გუთნის ჩადგმა გჭირდება, არც ხარის შებმა, არც ჟამის დალოდება, არც მიწის გაჭრა და არც ყინვასთან ჭიდილი; ეს თესვა მთელი ამ ზედმეტი საზრუნავისგან თავისუფალია. რადგან ზეცაში თესავ, სადაც არც ყინვაა, არც ზამთარი და არც სხვა რამ ამგვარი; სულებში თესავ, სადაც ჩაგდებულს არავინ წაიღებს, არამედ იგი ძლიერად, დიდი სიფრთხილითა და დიდი გულმოდგინებით ინახება. შენ დათესე. რატომ იკლებ საზღაურს? დიდი საზღაურია ისიც, რომ სხვათა კუთვნილების განგება შეგიძლია. საზღაური მხოლოდ მიცემისათვის კი არ არის, არამედ იმისთვისაც, რომ მიცემული კეთილად განაგო. რატომ არ იღებ შენ თვითონ საზღაურს? რადგან ამასაც რომ საზღაური აქვს, მოისმინე: როგორც ამბობს, მოციქულებმა სტეფანე და მის გარშემო მყოფნი ქვრივთა მსახურებაზე დაადგინეს.
შენ თვითონ გახდი შენი საკუთრების განმგებელი; ამ მსახურებაზე თვით კაცთმოყვარეობა და ღმრთის შიში დაგადგენს. ეს დიდებისმოყვარეობისგანაც თავისუფალია, ეს სულებსაც ასვენებს, ეს ხელებსაც განწმენდს, ეს ამპარტავან ზრახვასაც ამდაბლებს, ეს სიბრძნისმოყვარეობასაც ასწავლის, ეს უფრო გულმოდგინედ მოქმედებს, ეს შენ კურთხევათა მიღებასაც შეგაძლებინებს; წახვალ და შენი თავი ქვრივთაგან ყველა კურთხევას მიიღებს. ლოცვებში უფრო გულმოდგინე გახდი; მოიძიე წმინდა კაცებიც, ნამდვილად წმინდები, უდაბნოებში მსხდომნი, ისინი, ვისაც თხოვნა არ შეუძლიათ, ისინი, ვინც ღმერთს არიან მინდობილნი; შორი გზაც გაიარე, შენი ხელით მიეცი, რადგან, თუ მისცემ, საკუთარი თავით ბევრი სარგებლის მოტანა შეგიძლია. ხედავ კარავსა და სადგომს? ხედავ უდაბნოს? ხედავ განმარტოებას? ხშირად ფულის მისაცემად წასულს მთელი სული მიგიცია, შეპყრობილხარ, მისი თანატყვე გამხდარხარ და მასთან ერთად სოფლისგან გაუცხოებულხარ. დიდი საქმეა გლახაკთა ხილვაც. ამბობს: „ტირილში წასვლა სჯობს ლხინში წასვლას" ()1.
აქედან სული აალდება. რადგან თუ შენც გაქვს განცხრომის საშუალება, მფლანგველობისკენ წაქეზებას მიიღებ; ხოლო თუ არ გაქვს, მწუხარებას შეიწყნარებ. გლოვის სახლში კი ასეთი არაფერია; თუნდაც განცხრომის საშუალება არ გქონდეს, არ დაგტკივდება გული, ხოლო თუნდაც გქონდეს, ის დაგაოკებს. მართლაც, მონასტრები გლოვის სახლებია: იქ არის ჯვალო და ნაცარი, იქ არის განმარტოება, იქ არ არის სიცილი და არც ყოფითი საქმეების სიმრავლე, იქ არის მარხვა, იქ არის მიწაზე წოლა; ყოველივე სუფთაა ქონის სუნისაგან, სისხლისაგან, ხმაურისაგან, შფოთისა და ხალხმრავლობისაგან. იგი მშვიდი ნავსადგურია; როგორც მაღლიდან ანთებული სანათურები უჩანან შორიდან ხომალდით მომავალთ, ნავსადგურთან მსხდომნი და ყველას თავიანთ სიმშვიდისკენ იზიდავენ, არ უშვებენ, რომ მათკენ მზირალნი ხომალდდამსხვრევას ეწიონ, არ უშვებენ, რომ იქით მხედველნი სიბნელეში ცხოვრობდნენ. მიდი მათთან, გულითადად მოიკითხე, მიუახლოვდი, წმინდათა ფერხებს შეეხე; რადგან ბევრად უფრო პატივსაცემია მათი ფერხების შეხება, ვიდრე სხვათა თავისა. მითხარი: თუ ზოგნი ქანდაკებათა ფერხებს ეჭიდებიან, რადგან ქანდაკებებს, ბოლოს და ბოლოს, სამეფო სახე აქვთ, შენ კი მას, ვისაც თვით ქრისტე ჰყავს თავის თავში, ფერხებს არ ჩაეჭიდები და არ ცხონდები? წმინდაა ეს ფერხნი, თუნდაც მდაბალნი იყვნენ; ხოლო შებილწულთა თავიც კი პატივსაცემი არ არის, რადგან წმინდანთა ფერხებმა დიდი რამ შეძლეს. ამიტომაც ეს ფერხნი სჯიან კიდეც, როცა თავისგან მტვერს განიბერტყავენ.
როცა წმინდა კაცი ჩვენთან არის, ასეთ საქმეთა გამო არაფრის გვრცხვენოდეს. ხოლო წმინდანია ყველა, ვისაც სწორ რწმენასთან ერთად ცხოვრებაც აქვს; თუნდაც ნიშნებს არ აღასრულებდნენ და თუნდაც ეშმაკებს არ განდევნიდნენ, წმინდანი არიან. წმინდანთა კარვებისკენ მიდი; როგორც მიწიდან ზეცაში ასვლაა, ისეთივეა წმინდა კაცის მონასტერში თავის შეფარება. იქ ხომ ვერ ხედავ იმას, რაც სახლშია: ის დასი ყოველივე ამისგან სუფთაა; იქ დიდი დუმილი და სიმშვიდეა; იქ არ არსებობს „ჩემი" და „შენი". და თუ ერთ დღესაც დარჩები, ან მეორესაც, მაშინ უფრო მეტად იგრძნობ ამ სიამოვნებას. დღე დგება, უფრო სწორად კი, დღის დადგომამდე მამალმა იყივლა. და იქ ისე არ არის, როგორც სახლში: მსახურები ხვრინავენ, კარები დაკეტილია, ყველანი მკვდრებს ჰგვანან ძილში, მეჯორე ზარებს აჟღარუნებს. იქ ასეთი არაფერია, არამედ როცა წინამძღვარი აღვიძებს მათ, ყველანი მაშინვე კრძალვით განიშორებენ ძილს, დგებიან და წმინდა დასად შეკრებილნი დგანან; ხელებსაც მაშინვე აღაპყრობენ და წმინდა საგალობლებს გალობენ. რადგან მათ, ჩვენ მსგავსად, მრავალი საათი არ სჭირდებათ ძილისა და თავის სიმძიმის მოსაშორებლად. ჩვენ კი, როგორც კი ავდგებით, დიდხანს ვსხედვართ და ვიზმორებით, საჭიროებისათვის გავდივართ, შემდეგ სახესა და ხელებს ვიბანთ; ამის შემდეგ ფეხსაცმელსა და სამოსს ვიცვამთ, და ბევრი დრო იხარჯება.
4.
იქ კი ასეთი არაფერი ხდება: არავინ მოუხმობს მსახურს, რადგან თითოეული თავის თავს ჰყოფნის; არც მრავალი სამოსი სჭირდება, არც ძილის მოშორება, არამედ როგორც კი თვალებს გაახელს, სიფხიზლის გამო იმას ჰგავს, ვისაც დიდი ხანია უღვიძია. რადგან, როცა გული საჭმლით დამძიმებული ქვევით არ ჩაიძირება, გამოსაფხიზლებლად დიდი დრო არ სჭირდება, არამედ მაშინვე სიფხიზლეშია; ხელები მუდამ სუფთაა, რადგან ძილიც წესიერია. იქ არავის ესმის ხვრინვა, არავის ესმის ქოშინი; არც ვინმეს ხედავს ძილში აქეთ-იქით გადაგდებულს, არც გაშიშვლებულს, არამედ სძინავთ ისე, რომ მღვიძარეებზე უფრო კეთილსახოვნად წვანან. ეს ყველაფერი კი სულში არსებული წესრიგისაგან ხდება. ჭეშმარიტად წმინდანი არიან ისინი და ადამიანთა შორის ანგელოზები. და ნუ გაგიკვირდება ამის მოსმენა, რადგან ღვთის დიდი შიში არ აძლევს მათ ნებას, ძილის სიღრმეებში ჩავიდნენ და თავიანთი გონება ჩაძირონ; იგი მხოლოდ ზედაპირზე ედება და ასვენებს მათ. როცა მათ ასეთი ძილი აქვთ, აუცილებელია, რომ სიზმრებიც ასეთივე ჰქონდეთ: არა ფანტასტიკური და არც ურჩხულისებრი. მაგრამ, როგორც ვთქვი, მამალმა იყივლა და წინამდგომელი მაშინვე მივიდა, ფეხით უბრალოდ ოდნავ წაუბიძგა მწოლარეს და ყველა წამოაყენა; რადგან იქ შიშვლად ძილიც კი დაუშვებელია.
შემდეგ, წამოდგომისთანავე, მყისვე დგანან და დიდ თანხმობაში, კეთილწყობილი ჰანგებით, წინასწარმეტყველურ საგალობლებს გალობენ. არც ქნარი, არც სალამურები და არც სხვა რომელიმე მუსიკალური საკრავი გამოსცემს ისეთ ხმას, როგორის მოსმენაც ღრმა მდუმარებაში და უდაბნოშია შესაძლებელი, როცა ის წმინდანები გალობენ. თვით გალობებიც შესაფერისია და ღვთისადმი მეგობრობით სავსე. ამბობს: „ღამესა აღიპყრენით ჴელნი თქუენნი წმიდად მიმართ და აკურთხევდით, უფალსა" (); და კვლავ: „ღამითგან აღიმსთობს სული ჩემი შენდამი, ღმერთო, მით, რამეთუ ნათელ არს ბრძანებანი შენნი ქუეყანასა ზედა" (). დავითის გალობებიც ცრემლთა მრავალ წყაროს აღძრავს. რადგან, როდესაც გალობს და ამბობს: „დავშუერი მე სულთქმითა ჩემითა, დავბანო მარად ღამე ცხედარი ჩემი, ცრემლითა ჩემითა სარეცელი ჩემი დავალტვო" ()2; და კვლავ: „რამეთუ ნაცარი, ვითარცა პური, ვჭამე და სასუმელი ჩემი ტირილითა ჩემითა განვზავი" ()2; და კვლავ: „რაჲ არს კაცი, რამეთუ მოიჴსენე მისი, ანუ ძე კაცისა, რამეთუ მოხედავ მას?" (); „კაცი ამავოებასა მიემსგავსა, და დღენი მისნი, ვითარცა აჩრდილნი, წარვლენ" ()2; და: „ნუ გეშინინ, რაჟამს განმდიდრდეს კაცი და რაჟამს განმრავლდეს პატივი სახლისა მისისა" ()2; და კვლავ: „ღმერთმან დაამკჳდრნის ერთსახენი სახლსა" (); და: „შჳდგზის დღესა შინა გაქებდი შენ განკითხვათათჳს სიმართლისა შენისათა" (); და კვლავ: „შუვაღამე აღვდეგი აღსაარებად შენდა განკითხვათათჳს სიმართლისა შენისათა" ()2; და: „ხოლო ღმერთმან იჴსნეს სული ჩემი ჴელთაგან ჯოჯოხეთისათა" (); და: „ვიდოდი ღათუ შორის აჩრდილთა სიკუდილისათა, არა შემეშინოს მე ბოროტისაგან, რამეთუ შენ ჩემ თანა ხარ" ()2; და კვლავ: „არა გეშინოდის შიშისაგან ღამისა და ისრისაგან, რომელი ფრინავნ დღისი; ღუაწლისაგან, რომელი ვალნ ბნელსა შინა, შემთხუევისაგან და ეშმაკისა შუა დღისა" ()2; და კვლავ: „შევირაცხენით, ვითარცა ცხოვარნი დაკვლისანი" ()2 — ამით იგი ღვთისადმი მათ მხურვალე სიყვარულს აჩვენებს. ხოლო როცა კვლავ ანგელოზებთან ერთად გალობენ — რადგან მაშინ ანგელოზებიც გალობენ — და ამბობენ: „აქებდით უფალსა ცათაგან, აქებდით მას მაღალთა შინა" (), მაშინ, როცა ჩვენ ვამთქნარებთ, ვიფხანთ, ვხვრინავთ, ან უბრალოდ ზურგზე ვწევართ და ათასგვარ სიცრუეზე ვფიქრობთ, როგორია, რომ ისინი მთელ ღამეს ამაში ატარებენ?
როცა კი დღე უნდა გათენდეს, უკვე ისვენებენ; და როცა ჩვენ საქმეებს ვიწყებთ, მათ დასვენების დრო აქვთ. დღე რომ დადგება, ჩვენგან თითოეული მეორეს უხმობს, გასასვლელ საქმეებზე საუბრობს; თუ ბაზარში მიდის, მთავარს წარუდგება, კანკალებს და ანგარიშგების ეშინია; ერთი სცენაზე მიდის, მეორე — თავის საქმიანობასთან. ისინი კი, თავის მხრივ, დილის ლოცვებსა და საგალობლებს აღასრულებენ და წერილთა კითხვას მიუბრუნდებიან; არიან ისეთებიც, ვისაც წიგნების წერაც უსწავლიათ. თითოეული ცალკე გამოყოფილ ერთ სენაკს იღებს და განუწყვეტლივ მდუმარებას წვრთნის: არავინ ლაქლაქებს, არავინ არაფერს ამბობს. შემდეგ მესამე, მეექვსე, მეცხრე და საღამოს ლოცვებს აღასრულებენ; დღეს ოთხ ნაწილად ყოფენ და თითოეულ ნაწილს, როცა ის სრულდება, ფსალმუნებებითა და საგალობლებით ღმერთს პატივს მიაგებენ. ხოლო როცა ყველა დანარჩენი სადილობს, იცინის, თამაშობს და მუცელღმერთობით სკდება, ისინი საგალობლებს არიან მიპყრობილნი. არსად არის ტრაპეზის დრო და არც ამ გრძნობადთა დრო. კვლავ, სადილის შემდეგ, იმავე საქმეებს ეკიდებიან, რადგან მანამდე თავი ძილს მისცეს.
ამრიგად, სოფლის კაცებს დღეც სძინავთ, ისინი კი ღამითაც მღვიძარებენ. ჭეშმარიტად, ნათლის ძენი არიან. შემდეგ სოფლის კაცები, დღის უმეტესი ნაწილი ძილში რომ დახარჯეს, დამძიმებულნი გამოდიან; ესენი კი კვლავ ფხიზლობენ, გვიანობამდე უჭმელად რჩებიან და საგალობლებს არიან მიპყრობილნი. ხოლო როცა საღამო კვლავ მოაწევს, ერთნი აბანოებისა და დასვენებისკენ მიიჩქარიან; ისინი კი, შრომისაგან თავი რომ გაითავისუფლეს, მაშინ ტრაპეზს მიუჯდებიან: არ აღვიძებენ მსახურთა სიმრავლეს, სახლს არ შემოურბენენ, არ ხმაურობენ, მრავალ საჭმელს არ აწყობენ, არც ქონით სავსეს; არამედ ზოგნი მხოლოდ პურსა და მარილს იღებენ, ზოგნი ზეთს უმატებენ, სხვები კი, ვინც უფრო უძლურია, ბოსტნეულსაც და პარკოსნებსაც იღებენ. შემდეგ ცოტა ხნით დასხდებიან, უფრო სწორად კი, ყველაფერს საგალობლებით დაასრულებენ, და თითოეული ისვენებს ჭილოფზე, რომელიც მხოლოდ დასასვენებლად არის გაკეთებული და არა განცხრომისთვის. იქ არ არის მთავართა შიში, არ არის ბატონთა უგუნურება, არ არის მონათა შიში, არ არის ცოლთა ხმაური, არ არის შვილთა შფოთი, არ არის სკივრთა სიმრავლე, არც სამოსის ზედმეტი საცავი, არც ოქრო, არც ვერცხლი; იქ არ არიან დარაჯები და წინადარაჯები; არ არის საგანძური, არც სხვა რამ ასეთი; არამედ ყველაფერი ლოცვით არის სავსე, ყველაფერი — საგალობლებით, ყველაფერი — სულიერი კეთილსურნელებით, და იქ არაფერია ხორციელი. მძარცველთა თავდასხმებისა არ ეშინიათ, რადგან არაფერი აქვთ, რითაც ზიანი მიადგებათ; ქონება არ არის, არის სხეული და სული; თუკი მათ სულს წაართმევენ, ზიანს კი არ მიაყენებენ, არამედ სარგებელს მოუტანენ. რადგან ამბობს: „რამეთუ ჩემდა ცხორებაჲ ქრისტე არს, და სიკუდილი – შესაძინელ" (). თავი ყველა ბორკილისაგან გაითავისუფლეს. ჭეშმარიტად, „ჴმაჲ სიხარულისა და ცხორებისა საყოფელსა მართალთასა" ().
5.
იქ არასოდეს არის შესაძლებელი არც გოდების, არც მოთქმის მოსმენა; სუფთაა იმ საზიზღრობათაგან ის ჭერი, სუფთაა ამგვარი ყვირილისგან. რადგან მათ შორისაც კვდებიან; სხეულით უკვდავნი ხომ არ არიან; მაგრამ სიკვდილს სიკვდილად არ ცნობენ. გარდასულებს საგალობლებით მიაცილებენ; ამას გაცილებას უწოდებენ, არა გამოსვენებას. და თუ ეუწყებათ, რომ ესა და ეს გარდაიცვალა, დიდია სიხარული, დიდია სიამოვნება; უფრო სწორად, ვერც კი ბედავს ვინმე თქმას, ესა და ეს გარდაიცვალაო, არამედ ამბობს: ესა და ეს სრულყოფილ იქმნაო. შემდეგ არის მადლობის შეწირვა, დიდი დიდებისმეტყველება, სიხარული, რადგან თითოეული ლოცულობს, რომ ასეთი აღსასრული მიიღოს, ასე გამოვიდეს ამ ბრძოლიდან, განისვენოს შრომათა და ბრძოლათაგან, იხილოს ქრისტე. და თუ დასნეულდა, იქ არ არის ცრემლები, არ არის გლოვა, არამედ კვლავ ლოცვები; არა ექიმთა ხელებმა, არამედ მხოლოდ რწმენამ მრავალგზის იხსნა ავადმყოფი. ხოლო თუ ექიმებიც დასჭირდა, აქაც დიდია სიბრძნისმოყვარეობა, დიდია სიმტკიცე; იქ არ დგას გვერდით ქალი, თმებს რომ იშლის, არც შვილები, ჯერ არდამდგარ ობლობას რომ დასტირიან, არც მსახურნი, რომლებიც სულთმობრძავს ევედრებიან, რომ ისინი უსაფრთხოდ ვინმეს მიანდოს; არამედ ყოველივე ამისგან გათავისუფლებული სული უკანასკნელ ამოსუნთქვამდე მხოლოდ ერთს უყურებს: როგორ წავიდეს ღმერთთან მეგობრად. და თუ სნეულება დაემართათ, იგი არ წარმოიშობა ნაყროვანებისგან, არც თავის სიმძიმისგან; არამედ თვით სნეულებათა მიზეზებიც ქებით არის სავსე და არა ბრალდებით, როგორც ნაყროვანება და თავის სიმძიმეა; რადგან ან მღვიძარების, ან მარხვის გამკაცრება, ან რაიმე ამგვარი წარმოშობს სნეულებებს; ამიტომაც იოლად თავისუფლდებიან მათგან, რადგან საკმარისია, ასეთივე შრომა შეწყვიტონ, და ყოველგვარი მძიმე რამიდან თავისუფლდებიან.
6.
მაშ, მითხარი, ამბობს მოციქული: ვინმემ ეკლესიაში რომ „წმიდათა ფერჴნი დაჰბანნა“ (), ნუთუ აქაც შესაძლებელია ასეთთა პოვნა? შესაძლებელია, და დიახაც შესაძლებელია; ოღონდ, რაკი იმათ ცხოვრება გადმოვეცით, ეკლესიებში მყოფთ ნუ უგულებელვყოფთ. ხშირად მრავალნი ასეთნი ეკლესიათა შუაგულშიც არიან, მაგრამ დაფარულად. ნუ უგულებელვყოფთ მათ იმის გამო, რომ სახლებში მიმოდიან, ან მოედანზე გამოდიან, ან წინამდგომნი არიან. ესეც ღმერთმა ბრძანა; რადგან ამბობს: „უსაჯეთ ობოლსა და განამართლეთ ქურივი“ (). სათნოების გზები მრავალია, ისევე როგორც მარგალიტთა შორისაც დიდია სხვაობა: თუმცა ყველანი მარგალიტებად იწოდებიან, ერთი ბრწყინვალეა და ყოველი მხრიდან მრგვალი, სხვას კი ეს მშვენიერება არა აქვს, მაგრამ სხვა მშვენიერება აქვს. რომელი-ღა არის ეს? როგორც მარჯანს, თითქოს რომელიმე ხელოვნებით, წაგრძელებული მოხაზულობა აქვს, გამოკვეთილი კუთხეები და თეთრ ფერზე სხვა, უფრო საამო იერი, ხოლო მწვანე ყოველ სიმწვანეზე ბევრად საამოა; ერთი ლამაზად შეფერილს სისხლის ყვავილოვან ელფერს სძენს, მეორე ზღვაზე უფრო ლურჯია, სხვა ძოწეულზე უფრო ბრწყინვალე; და კიდევ ათას სხვასაც იპოვიდა კაცი, რომლებიც ფერადოვნებით ყვავილებს ეჯიბრებიან ან მზის ფერებს უტოლდებიან; ასეთნი არიან წმიდანებიც: ზოგნი საკუთარ თავს წვრთნიან, ზოგნი კი ეკლესიებსაც. მაშ, კარგად ამბობდა: „უკუეთუ წმიდათა ფერჴნი დაჰბანნა, უკუეთუ ჭირვეულთა შეეწია“ (). რადგან ყველას მიბაძვისკენ აღძვრა სურდა, ამის გამო თქვა ასე. მაშ, ჩვენც მივისწრაფოთ ამ საქმისკენ, რათა იქ გვქონდეს საქადებელი, რომ წმიდანთა ფეხები დავბანეთ. თუ მათი ფეხების დაბანა გვმართებს, ბევრად მეტად გვმართებს მათ ქონება საკუთარი ხელით მივცეთ და ვეცადოთ, დაფარულნი დავრჩეთ.
ამბობს: „ნუ სცნობნ მარცხენაჲ შენი, რასა იქმოდის მარჯუენაჲ შენი“ (). რად მოგყავს ათასობით მოწმე? ნურც მსახური იხილავს, თუ შესაძლებელია, ნურც ცოლი. მრავალია მზაკვრის საცდური; ხშირად ის ცოლი, რომელსაც არასოდეს შეუფერხებია, მაშინ შეაფერხებს, ან დიდებისმოყვარეობის გამო, ან სხვა რამის გამო. რადგან აბრაამმაც, თუმცა საოცარი ცოლი ჰყავდა, როცა ძის მსხვერპლად შეწირვას აპირებდა, ეს დამალა; და თუმცა არ იცოდა, რა გამოვიდოდა, დარწმუნებული იყო, რომ უთუოდ მოაკვდინებდა. მაშ რას იტყოდა ის ცოლი, მრავლთაგანი ვინმე რომ ყოფილიყო? განა არ იტყოდა: ვინ არის ეს, ვინც ამას სჩადის? განა გულქვაობასა და უხეშობაში არ დასდებდა მას ბრალს? ცოლი იმის ღირსიც არ გამხდარა, რომ საკუთარი ყრმა ეხილა, არც უკანასკნელი ხმა გაეგონა, არც მისი ფრთხიალი დაენახა; არამედ, როგორც ტყვე აიყვანა, ისე წაიყვანა. მაგრამ იმ მართალს ამათგან არაფერი გაუვლია გულში, რადგან წადილით იყო მთვრალი. რადგან სხვას არაფერს ხედავდა, გარდა იმისა, როგორ აღესრულებინა ნაბრძანები; იქ არც ყრმა იყო, არც ცოლი; უფრო მეტიც, თვითონაც არ იცოდა, რა გამოვიდოდა; ასე ყოველმხრივ ცდილობდა, შესაწირავი მსხვერპლი შეურყვნელად აეყვანა და იგი არც ცრემლებით შეებილწა, არც წინააღმდეგობით.
იხილე, როგორი სიმშვიდით ეკითხება ისაკი, და რას ეუბნება მას: „აჰა ცეცხლი და შეშაჲ; სადა არს ცხოვარი მსხუერპლისაჲ?“ (). მაშ, მამა რას ამბობს? „ღმერთმან იგულოს თავისა თჳსისა ცხოვარი მსხუერპლად, შჳლო“ (). ეს კი წინასწარმეტყველებადაც ითქმის: ღმერთი თავისთვის ძეს იგულებს სრულ შესაწირავად; და ამასთან, მაშინვე აღსრულდა კიდეც. მითხარი, თვით მასაც, დასაკლავად განწესებულს, რატომ უმალავ? დიახ, ამბობს, მეშინია, არ მოდუნდეს; მეშინია, უღირსი არ გამოჩნდეს. იხილე, როგორი დიდი სიფრთხილით აკეთებდა ყველაფერს? მაშ, კარგად თქვა წერილმა: „ნუ სცნობნ მარცხენაჲ შენი, რასა იქმოდის მარჯუენაჲ შენი“ (); ესე იგი, თუნდაც ვინმე საკუთარი სხეულის ნაწილივით გვყავდეს, ნუ ვისწრაფებთ, რომ მას ვუჩვენოთ, გარდა იმ შემთხვევისა, თუ აუცილებლობა იქნება. რადგან ამისგან მრავალი საშინელება ხდება. ვინმე დიდებისმოყვარეობას აჰყვება და ხშირად დაბრკოლებად იქცევა. სწორედ ამიტომ, თუ შესაძლებელია, თვით ჩვენს თავსაც დავემალოთ, რათა აღთქმულ სიკეთეებს ვეღირსოთ.
ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლითა და კაცთმოყვარეობით, რომლის თანა მამასა, სულიწმიდითურთ, დიდება, ძალა, პატივი, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.