ვინაიდან ბევრს სურს არეულობა შემოიტანოს და საეკლესიო წესრიგი დაარღვიოს, ამიტომ მტრული და ცილისმწამებლური ბრალდებით გამოდიან ეკლესიის მმართველი მართლმადიდებელი ეპისკოპოსების წინააღმდეგ; მათ მხოლოდ ერთი მიზანი აქვთ: ჩრდილი მიაყენონ ღვთისმსახურთა კეთილ სახელს და მშვიდობიან მრევლში შფოთი შეიტანონ. ამის გამო კონსტანტინოპოლში მოწვეულ წმიდა კრებაზე შეკრებილმა ეპისკოპოსებმა სათნოდ მივიჩნიეთ შემდეგი განჩინება გამოგვეტანა: არ შეიძლება გამოძიების გარეშე რომელიმე პირის ბრალმდებლად მიღება; ეკლესიის მეთაურზე საჩივრის შემოტანის უფლება ყველას განურჩევლად არა აქვს, მაგრამ არც ყველას ეკრძალება. თუ ვინმე ეპისკოპოსზე შემოიტანს საკუთარ ანუ კერძო საჩივარს, იქნება ეს ქონებრივი პრეტენზია თუ მის მიმართ ჩადენილი სხვა რაიმე უსამართლობის შესახებ, ასეთი ბრალდების განხილვისას არ უნდა მიექცეს ყურადღება არც ბრალმდებლის პიროვნებას, არც მის სარწმუნოებას. ეპისკოპოსის სინდისი სუფთა და თავისუფალი უნდა იყოს და მომჩივანმაც სამართალი უნდა იპოვოს - რა სარწმუნოების მიმდევარიც არ უნდა იყოს იგი; ხოლო თუ ეპისკოპოსის მიმართ წაყენებული ბრალდება საეკლესიო ხასიათისა იქნება, მაშინ გამოსაძიებელია ბრალმდებლის პიროვნება. პირველ რიგში არ უნდა მიეცეთ მწვალებლებს უფლება მართლმადიდებელ ეპისკოპოსებს საეკლესიო საქმეებში დასდონ ბრალი. მწვალებლებად კი მივიჩნევთ ყველას, ვინც ძველთაგანვე ეკლესიისათვის გარეშედ არიან შერაცხილნი, ასევე, ვინც იმის შემდეგ შევაჩვენეთ, აგრეთვე იმათ, რომლებიც თვალთმაქცობენ, თითქოს ჩვენს სარწმუნოებას ზედმიწევნით აღიარებენ, სინამდვილეში კი ეკლესიას გამოეყვნენ და კრებებს აწყობენ სწორად დადგინებულ ეპისკოპოსთა წინააღმდეგ; ბრალდება ეპისკოპოსთა წინააღმდეგ არ მიიღება არც იმათგან, ვინც ეკლესიის წიაღში იყო, მაგრამ გარკვეული ბრალდების გამო გასამართლებული და განკვეთილია, ანდა განყენებულია ზიარებიდან, კლირიკოსი იქნება ის თუ ერისკაცი, - სანამ თავად არ განიწმინდება დანაშაულისაგან; ასევე არ მიიღება ეპისკოპოსზე ან დასის სხვა წევრზე ბრალდება იმათგან, ვინც მანამდე თვითონ იყო დასმენილი, სანამ წაყენებულ ბრალდებაში სრულიად უდანაშაულო არ აღმოჩნდება. თუ ბრალმდებელი არც მწვალებელია, არც განყენებული ან განკვეთილი, არც ბრალდებული ყოფილა რაიმე დანაშაულში და ეპისკოპოსს საეკლესიო საქმეებში ადანაშაულებს, წმიდა კრება მოითხოვს, რომ პირველ რიგში მან ეს საჩივარი სამთავროს ყველა ეპისკოპოსს წარუდგინოს და პასუხისმგებლობაში მიცემული ეპისკოპოსის მიმართ წარდგენილი ბრალდება თავისი არგუმენტებით განამტკიცოს, თუკი მცდელობის მიუხედავად შეკრებილი ეპარქიის ეპისკოპოსები ვერ შეძლებენ წესრიგის აღდგენას იმ საქმესთან დაკავშირებით, რაშიც ეპისკოპოსს ბრალი ედება, მაშინ ბრალმდებელმა დიდი სამთავროს ეპისკოპოსთა დიდ კრებას მიმართოს, რომელიც ამ მიზეზით შეიკრიბება, მაგრამ სანამ ბრალმდებელი თავის ბრალდებაზე საუბარს დაიწყებდეს, მან წერილობითი პირობა უნდა დადოს, რომ მზადაა იმ შემთხვევაში თუ თვითონ ცილისმწამებელი აღმოჩნდება, იგივე სასჯელი მიიღოს, რაც ბრალდებულს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ელოდა. ხოლო, ვინც უგულებელყოფს დადგენილ განჩინებას, გაბედავს და სამეფო ხელისუფლებას მიმართავს ანდა საერო მთავრის სასამართლოს, ან კიდევ მსოფლიო კრებას - რაც ადგილობრივი სამთავროს ყველა ეპისკოპოსის ღირსების შეურაცხყოფა იქნება - და ეს ცნობილი გახდება, მაშინ ასეთი პირი არ უნდა იყოს მიღებული თავისი ბრალდებით, როგორც კანონების შეურაცხმყოფელი და საეკლესიო კეთილწესიერების დამრღვევი.
(მოც. 34,37,74,75; IV მსოფ. 9,17,19,21; ტრულ. 8; ანტიოქ. 14,15,20; ლაოდ. 40; სარდ. 4; კართ. 8,10,11,12,15,18,19,59,104,107,128,129,130,132; ორგზ. 13; თეოფილე ალექს. 9).