1. ფხიზლობა ეშმაკის მზაკვრობათა წინააღმდეგ
დიდად გმადლობთ იმისთვის, რომ თქვენ გუშინაც სიხარულით მიიღეთ ლოცვის შესახებ სწავლება და დღესაც ასეთი მოშურნეობით მიისწრაფვით მოსასმენად. ეს ჩვენც უფრო მოშურნეებს გვხდის და გვაიძულებს, უფრო უხვი სულიერი ნადიმი შემოგთავაზოთ. ისევე როგორც მიწის მუშაკი, როცა ხედავს, რომ მისი ყანა უხვად აღმოაცენებს მასში ჩაყრილ თესლს და მდიდარ მოსავალს იძლევა, ყოველდღიურად არ წყვეტს ყოველგვარ ძალისხმევას, სათანადო მზრუნველობას იჩენს და დღედაღამ ზრუნავს, რომ მისი შრომა რაიმეს გამო არ დაიღუპოს, — ზუსტად ასევე მეც, როცა ვხედავ, რომ ეს თქვენი სულიერი ყანა ასე მწვანეობს და ეს სულიერი თესლი თქვენი სულის სიღრმეებში ფესვს იდგამს, ვხარობ და ვმხიარულობ, მაგრამ იმავდროულად ძლიერ ვდარდობ, რადგან ვიცი ჩვენი ცხონების მტრისა და მოშურნის ვერაგობა. ისევე როგორც ზღვის ავაზაკები, როცა დაინახავენ მრავალი საქონლით სავსე ხომალდს, რომელიც გამოუთქმელ სიმდიდრეს ზიდავს, სწორედ მაშინ ხმარობენ მთელ ეშმაკობას, რათა მთელი ტვირთი ჩაძიროს და მოგზაურებს ყველაფერი წაართვას და გააღატაკოს, — ზუსტად ასევე ეშმაკიც, როცა დაინახავს, რომ ადამიანს...