მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

თავი ე̂. ვითარმედ აბრაჰამიცა სარწმუნოებითა განმართლდა და სახე ჩუენდა იქმნა

წმინდა იოანე ოქროპირი
მთარგმნელი: წმინდა ეფრემ მცირე
რედაქტორი: Titus

მოციქულისაჲ: აწ უკუე, რომელმან-იგი მოგცა თქუენ სული და იქმს ძალთა თქუენ შორის, საქმეთაგან-მე შჯულისათა ანუ სმენითა სარწმუნოებისაჲთა, ვითარცა აბრაჰამს ჰრწმენა ღმერთი და შეერაცხა მას სიმართლედ (3,5-6).

თარგმანი: ესრეთ ეტყჳს, ვითარმედ: მომცემელი იგი თქუენდა სულისა წმიდისაჲ და მის მიერ მოქმედი ძალთა და სასწაულთაჲ ღმერთი, რაჲსათჳს ჰყოფს მას, ანუ ოდეს? — რაჟამს შჯულისა მოქმედ იყვნეთა, ანუ ოდეს მსმენელ სარწმუნოებისა ქრისტესისა? — ცხად არს, ვითარმედ სარწმუნოებითა. ხოლო გნებავს თუ შემოგართუა სახედ პირველ შჯულისა სარწმუნოებითა ოდენ განმართლებული მამათმთავარი აბრაჰამ, რაჲთა სცნათ, ვითარმედ, ვითარ იგი თჳნიერ შჯულისა განმართლდა, სარწმუნოებითა ოდენ ღმრთისაჲთა, ეგრეთვე თქუენ, სარწმუნოებითა ქრისტესითა განმართლებულთა, არღარა გიჴმს მიდევნებაჲ წესთა შჯულისათაჲ.

მოციქულისაჲ: უწყით-მე-ა, რამეთუ სარწმუნოებისაგანნი იგი არიან შვილნი აბრაჰამისნი? (3,7).

თარგმანი: ვინაჲთგან მოშიშ იყვნეს, ვითარმედ: ნუუკუე დატევებითა შჯულისაჲთა განვარდენ შვილებისაგან აბრაჰამისსა, ამისთჳს ჟამიერად ამასცა იჭუსა დაჰჴსნის, ვითარმედ: არა შჯულისა, არამედ სარწმუნოებისა მიერ იქმნების შვილებაჲ აბრაჰამისი.

მოციქულისაჲ: რამეთუ წინაჲსწარ იცოდა წიგნმან, ვითარმედ სარწმუნოებით განამართლებს წარმართთა ღმერთი, წინაჲსწარ ახარა აბრაჰამს, ვითარმედ: "შენდამი იკურთხეოდიან ყოველნი წარმართნი". აწ უკუე, სარწმუნოებისაგანნი იგი იკურთხევიან მორწმუნისა მის აბრაჰამის თანა (3,8-9).

თარგმანი: ესრეთ ეტყჳს, ვითარმედ: მომცემელმან ძუელისა და ახლისა შჯულისამან და წინაჲსწარ მეცნიერმან ყოვლისამან, რომელმან განაჩინა სარწმუნოებითა განმართლებაჲ კაცთაჲ, მანვე ყოფადი იგი წინაჲსწარ ახარა აბრაჰამს, ვითარცა წამებს წიგნი დაბადებისაჲ სიტყუათა ამათ, ვითარმედ: "შენდამი (ესე იგი არს — სარწმუნოებისა შენისა მსგავსებითა) იკურთხეოდიან ყოველნი წარმართნი" (). აწ უკუე, რომლისათჳს მაშინ აბრაჰამ ხარებულ იქმნა ესევითარისა შვილთსხმისათჳს, აჰა ესე არს ნათესავისა მისისაგან ჴორციელად შობილი ქრისტე. მათ აკურთხევს, რომელნი ებაძვებოდინ შეუორგულებელსა მას სარწმუნოებასა მორწმუნისა მის აბრაჰამისსა, და მათვე ჰყოფს შვილ მისსა, რომელნი არა ჴორცთა თჳსებითა, არამედ სულისა სარწმუნოებითა შვილ მისსა იქმნებოდინ, და, ყოვლითურთ თავისუფალნი შჯულისაგან, ერთგულებით ჰმონებდენ მას.