...აუოკებელი რისხვა? ამიტომ ისეთ სასჯელს დაგადებ, რომ შენი დანაშაულიც და შენზე დადებული სასჯელიც დაუვიწყებელი იყოს, და შენი ამბავი ყველა მომდევნო თაობისთვის დარიგება გახდეს. და აჰა, იმის გამო, რომ ეს გააკეთე და შენი ბოროტი ჩანაფიქრი აღასრულე და ძლიერი შურისგან მკვლელობა გადაწყვიტე, „წყეულ იყავ შენ ქუეყანისაგან" ().
3. კაინის წყევლა და დაგვიანებული აღსარება (4:11-13)
შენიშნე, საყვარელო, წყევლის განსხვავება. ნუ გამოტოვებ ამას უყურადღებოდ, არამედ წყევლის სიმძიმით განსაჯე დანაშაულის სიმძიმე. რამდენად მძიმეა ეს ცოდვა (კაინისა) პირველქმნილის (ადამის) ურჩობასთან შედარებით, ეს მსურველს წყევლის განსხვავებიდან შეუძლია დაინახოს. იქ (უფალმა) თქვა: „წყეულ იყავნ ქუეყანა საქმეთა შინა შენთა" () და წყევლა მიწაზე გადაანთხია, თვით ადამიანზე მზრუნველობის გამო; აქ კი, რადგან საქმე დამღუპველია, თავხედობა შეუწყნარებელია, დანაშაული მიუტევებელი, თვით ექვემდებარება წყევლას: „წყეულ იყავ შენ, — ამბობს, — ქუეყანისაგან". ის თითქმის ისევე მოიქცა, როგორც გველი, რომელიც ეშმაკური ჩანაფიქრის იარაღი იყო; როგორც გველმა მოტყუებით სიკვდილი შემოიყვანა, ისე კაინმაც, ძმა რომ მოატყუა და ველზე გაიყვანა, ხელი მის წინააღ...