ხედავ ღვთის რისხვის სიდიადეს? ხედავ მუქარის უკიდურეს ძალას? შეხედე, როგორ მუქარა და რისხვა კაცთმოყვარეობით შეაზავა. ასეთია ჩვენი უფალი: ხშირად მუქარას არა მუქარის აღსასრულებლად წარმოთქვამს, არამედ იმისთვის, რომ ხალხი გამოასწოროს და მუქარის აღსრულება საჭირო აღარ გახდეს. ხომ, სასჯელის მიყენება რომ ესურვა, რისთვის იწინასწარმეტყველებდა? მაგრამ, რადგან არ სურს (მხოლოდ დასჯა), ყოველთვის ყოყმანობს, გადადებს და წინასწარ ამცნობს, ბრალეულთ რომ უღმრთოებისგან განრიდებისა და სათნოების არჩევის, სასჯელისგან თავის არიდების საბაბი მისცეს. ამიტომ, უკვე მას შემდეგ, რაც სრულ წარწყმედას დაემუქრა (და ეს ნიშნავს სიტყვები: „არა დაადგრეს სული ჩემი კაცთა ამათ შორის, ყოფისათჳს მათისა ჴორც", ესე იგი, აღარ დავუშვებ, რომ ცოცხლობდნენ), ის, ხუთასწლიანი სულგრძელობით არ დაკმაყოფილებული, რომლითაც ადამიანები ნოეს მთელი სიცოცხლის განმავლობაში მისი სახელით ისწავლებოდნენ, ახლა კვლავ თავის რისხვას აკავებს, ახალ ვადას უნიშნავს და ამბობს: მე უკვე მუქარა წარვთქვი, ვთქვი და გამოვაცხადე ჩემი რისხვა, რასაც თქვენ მიერ ჩადენილ მრავალ ცოდვათა გამო უნდა დაქვემდებარებოდეთ;...
დაბადება 6:4
3. თქვა უფალმა ღმერთმა: არ დარჩება ჩემი სული ადამიანში საუკუნოდ, რადგან ხორცია იგი. იყოს მისი ხანი ასოცი წელი.4. ბუმბერაზები იყვნენ იმ ხანებში ქვეყნად და მას მერეც, როცა ღვთისშვილები შედიოდნენ ადამიანის ასულებთან, რომელნიც უშობდნენ მათ. ძლიერები იყვნენ ისინი, ძველთაგანვე სახელოვანი ხალხი.5. დაინახა უფალმა ღმერთმა, რომ იმატა ადამიანთა უკეთურებამ ამქვეყნად, რომ უკეთური იყო მუდამჟამს მათი ყოველი გულისთქმა.
დაბადება თავი 6