იესო საკრებულოს სამსჯავროზე
57. ხოლო მათ შეიპყრეს იესო და მიიყვანეს იგი კაიაფა მღვდელმთავრისას, სადაც შეკრებილიყვნენ მწიგნობარნი და უხუცესნი.58. პეტრე კი, მღვდელმთავრის ეზომდე შორიახლო მისდევდა მას: შევიდა შიგნით და მსახურებთან დაჯდა, რათა ეხილა დასასრული.59. ხოლო მღვდელმთავარნი, უხუცესნი და მთელი სინედრიონი ცრუ მოწმობას ეძებდნენ იესოს წინააღმდეგ, რათა მოეკლათ იგი,60. მაგრამ ვერ იპოვეს, თუმცა ბევრი ცრუმოწმე იყო მოსული. ბოლოს მოვიდა ორი ცრუმოწმე,61. რომლებმაც თქვეს: ეს ამბობდა: შემიძლია დავანგრიო ღმრთის ტაძარი და სამ დღეში კვლავ ავაშენოო.62. მაშინ წამოდგა მღვდელმთავარი და უთხრა მას: რატომ არაფერს იტყვი იმის პასუხად, რასაც ესენი მოწმობენ შენს წინააღმდეგ?63. მაგრამ იესო დუმდა, და მღვდელმთავარმა უთხრა მას: გაფიცებ ცოცხალ ღმერთს, გვითხარი, შენ ხარ თუ არა ქრისტე, ძე ღმრთისა?64. უთხრა იესომ: შენ სთქვი. მე კი ამასაც გეტყვით: ამიერიდან მალე იხილავთ ძეს კაცისას, მჯდომარეს ძალის მარჯვნივ და მომავალს ზეცის ღრუბლებით.65. მაშინ მღვდელმთავარმა შემოიხია სამოსი და თქვა: მან ღმერთი ჰგმო; მაშ, რაღად გვინდა მოწმენი? ხომ მოისმინეთ ღვთისგმობა მისი?66. რას იტყვით? ხოლო მათ პასუხად თქვეს: სიკვდილის ღირსია.67. მაშინ სახეში დაუწყეს ფურთხება და ცემა, სხვები კი სილას აწნავდნენ68. და ეუბნებოდნენ: გვიწინასწარმეტყველე, ქრისტე, ვინ დაგარტყა შენ?
53. მიიყვანეს იესო მღვდელმთავართან; და შეგროვდა მასთან ყველა მღვდელმთავარი, მწიგნობარი და უხუცესი.54. ხოლო პეტრე შორით მისდევდა, ვიდრე არ შევიდა მღვდელმთავრის ეზოში; მსახურებთან ერთად მიუჯდა ცეცხლს და თბებოდა.55. მღვდელმთავარნი და მთელი სინედრიონი მოწმეებს ეძებდნენ იესოს წინააღმდეგ, რათა მოეკლათ იგი, მაგრამ ვერ პოულობდნენ.56. რადგან ბევრი იყო ცრუმოწმე, მაგრამ მათი მოწმობანი არ ემთხვეოდნენ ერთმანეთს.57. ზოგიერთი ადგა, ცრუმოწმობდა მის წინააღმდეგ და ამბობდა:58. ჩვენ გვსმენია მაგის ნათქვამი: დავანგრევ ამ ხელთქმნილ ტაძარს და სამ დღეში ახალს ავაგებ, ხელთუქმნელსო.59. მაგრამ არც ეს მათი მოწმობანი ემთხვეოდა ერთმანეთს.60. მაშინ შუაში ჩადგა მღვდელმთავარი და ჰკითხა იესოს: რატომ არაფერს იტყვი პასუხად, ესენი რომ მოწმობენ შენს წინააღმდეგ?61. ხოლო ის დუმდა და არაფერი მიუგო მათ. მაშინ კვლავ ჰკითხა მღვდელმთავარმა: შენ ხარ ქრისტე, ძე კურთხეულისა?62. იესომ მიუგო: მე ვარ. იხილავთ ძეს კაცისას, მჯდომარეს ძალის მარჯვნივ და მომავალს ზეცის ღრუბლებით.63. მაშინ მღვდელმთავარმა შემოიხია სამოსი და თქვა: რაღად გვინდა მოწმენი?64. ხომ მოისმინეთ ღვთის გმობა? რას იტყვით? მაშინ ყველამ სიკვდილის ღირსად სცნო იგი.65. ზოგიერთებმა დაუწყეს ფურთხება, სახეს უფარავდნენ, ურტყამდნენ და ეუბნებოდნენ: გვიწინასწარმეტყველე. მსახურები კი ყვრიმალში სცემდნენ მას.
66. ხოლო როდესაც ინათა, შეიკრიბნენ ხალხის უხუცესნი, მღვდელმთავარნი და მწიგნობარნი, და თავიანთ სინედრიონში მიიყვანეს იგი;67. და თქვეს: გვითხარი, შენა ხარ თუ არა ქრისტე? უთხრა მათ: თუ გეტყვით, არ მერწმუნებით;68. ხოლო თუ გკითხავთ, არ მიპასუხებთ.69. ამიერიდან დაჯდება ძე კაცისა ღმრთის ძლიერების მარჯვნივ.70. და თქვა ყველამ: მაშ, შენ ხარ ძე ღმრთისა? მიუგო მათ: თქვენ ამბობთ, რომ მე ვარ.71. ხოლო მათ თქვეს: რაღად გვინდა მოწმობა? ვინაიდან თვითონვე მოვისმინეთ მაგისი პირით.
24. მაშინ ანნამ შებოჭილი გაგზავნა იგი მღვდელმთავარ კაიაფასთან.