იესოს სიტყვა ღვთის მცნებისა და კაცთა სწავლების შესახებ
1. მაშინ მივიდნენ იესოსთან იერუსალიმელი მწიგნობრები და ფარისევლები და უთხრეს:2. რატომ არღვევენ შენი მოწაფეები უხუცესთა ჩვეულებას? ვინაიდან ხელს არ იბანენ პურის ჭამისას.3. ხოლო იესომ პასუხად მიუგო მათ: კი მაგრამ, თქვენ რატომღა არღვევთ ღმერთის მცნებას თქვენი ჩვეულებით?4. ვინაიდან ღმერთმა ბრძანა: პატივი ეცი მამას შენსას და დედას; და კიდევ: ვინც მამისა თუ დედის ძვირს იტყვის, სიკვდილით მოკვდეს.5. ხოლო თქვენ ამბობთ: ყველა, ვინც ეტყვის თავის მამას ან დედას: ღმერთს ვწირავ იმას, რითაც შემეძლო შენ შეგწეოდი, -6. პატივს არა სცემს არც მამას და არც დედას; და ამრიგად, თქვენი ჩვეულებით არღვევთ ღმრთის მცნებას.7. თვალთმაქცნო, მართლად იწინასწარმეტყველა თქვენთვის ესაიამ, რომელმაც თქვა:8. ეს ხალხი მადიდებს თავისი ბაგით, მაგრამ მისი გული შორსაა ჩემგან.9. ამაოდ მადიდებენ, რადგან ასწავლიან ადამიანურ მოძღვრებებსა და მცნებებს.10. მოუხმო ხალხს და უთხრა: ისმინეთ და შეიმეცნეთ:11. პირით შემავალი კი არ შებილწავს კაცს, არამედ პირიდან გამომავალია ის, რაც ბილწავს კაცს.12. მაშინ მიუახლოვდნენ მისი მოწაფეები და უთხრეს: თუ იცი, რომ ფარისევლები ამ სიტყვის მოსმენით შეცდნენ?13. ხოლო მან პასუხად თქვა: ყოველი ნერგი, რომელიც არ დაურგავს ჩემს ზეციერ მამას, ძირფესვიანად აღმოიფხვრება.14. მოეშვით მათ: ბრმები არიან და ბრმებისვე წინამძღოლნი; ხოლო თუ ბრმა წინ უძღვის ბრმას, ორივენი ორმოში ჩაცვივიან.15. მიუგო პეტრემ და უთხრა მას: განგვიმარტე ეს იგავი.16. ბოლო იესომ თქვა: ნუთუ თქვენც არა გაგეგებათ რა?17. ნუთუ არ გესმით, რომ ყველაფერი, რაც პირით შევა, მუცელს გაივლის და გარეთ გამოვა.18. ხოლო პირით გამომავალი გულიდან გამოდის და სწორედ ის ბილწავს კაცს.19. ვინაიდან გულიდან გამოვლენ: უკეთური ზრახვანი, კაცისკვლანი, მრუშობანი, სიძვანი, პარვანი, ცილისწამებანი, გმობანი;20. ესენი არიან კაცის შემბილწველნი, ხოლო ხელდაუბანლად ჭამა არ ბილწავს კაცს.
1. შეგროვდნენ მასთან ფარისევლები და იერუსალიმიდან ჩამოსული ზოგიერთი მწიგნობარი.2. დაინახეს, რომ ზოგიერთი მისი მოწაფე ჭუჭყიანი, ესე იგი, დაუბანელი ხელით ჭამდა პურს, და დაჰგმეს ისინი.3. (რადგან ფარისეველნი და, საერთოდ, იუდეველნი ისე არ ჭამენ პურს, თუ საგულდაგულოდ არ დაიბანეს ხელი, წინაპართა გადმოცემისამებრ.4. არც მოედნებიდან დაბრუნებულნი ჭამენ დაუბანლად, და მრავალ სხვა წესსაც იცავენ, როგორიცაა მაგალითად, თასების, ჯამების, ქვაბებისა და ვარცლების რეცხვა).5. მაშინ ჰკითხეს მას ფარისევლებმა და მწიგნობრებმა: რატომ არ იქცევიან შენი მოწაფეები წინაპართა გადმოცემისამებრ, არამედ ხელდაუბანლად ჭამენ პურს?6. ხოლო იესომ პასუხად მიუგო მათ: მართლად იწინასწარმეტყველა თქვენებრ თვალთმაქცთათვის ესაია წინასწარმეტყველმა, ვის მიერაც დაიწერა: ეს ხალხი მადიდებს თავისი ბაგით, მაგრამ მისი გული შორსაა ჩემგან.7. ამაოდ მადიდებენ, რადგან ასწავლიან ადამიანთა მოძღვრებებსა და მცნებებს.8. ვინაიდან მიგიტოვებიათ ღმერთის მცნება და იცავთ კაცთა გადმოცემას, ჯამ-ჭურჭლის რეცხვას და სხვა მისთანათ.9. და უთხრა მათ: მერედა, კარგია, რომ აუქმებთ ღმერთის მცნებას, რათა დაიცვათ თქვენი გადმოცემა?10. ვინაიდან მოსემ თქვა: პატივი ეცი მამას შენსას და დედას შენსას; და კიდევ: ვინც მამისა თუ დედის ძვირს იტყვის, სიკვდილით მოკვდეს.11. ხოლო თქვენ ამბობთ: თუ კაცი ეტყვის მამას ან დედას: ღმერთს ვწირავ კორბანს, ანუ შესაწირავს, რაც ჩემგან უნდა მიგეღო, -12. ნებას რთავთ მას, აღარაფერი გააკეთოს თავისი დედ-მამისათვის.13. და ამრიგად, თქვენგანვე მომდინარე გადმოცემით აუქმებთ ღმერთის სიტყვას და მრავალ ამნაირ რასმე სჩადიხართ.14. მოუხმო ხალხს და უთხრა: მისმინეთ ყველამ და შეიმეცნეთ:15. არაფერი გარედან შემავალი არ ბილწავს კაცს, არამედ მისგან გამომავალია, რაც ბილწავს კაცს.16. ვისაც ყური აქვს სმენად, ისმინოს:17. ხოლო, როცა ხალხს გაეცალა და სახლში შევიდა, მისმა მოწაფეებმა ჰკითხეს იგავის აზრი.18. და უთხრა მათ: ნუთუ თქვენც არა გაგეგებათ რა? ნუთუ არ გესმით, რომ არაფერს, გარედან შემავალს კაცში, არ შეუძლია მისი შებილწვა?19. ვინაიდან მის გულში კი არ შედის, არამედ მუცელში, და გარეთ გამოდის, რითაც წმიდა იყოფა ყოველი საზრდო.20. და თქვა: კაცისაგან გამომავალი შებილწავს კაცს.21. ვინაიდან შიგნიდან, კაცის გულიდან გამოვლენ: ბოროტი ზრახვანი, მრუშობანი, პარვანი, კაცისკვლანი,22. სიძვანი, ანგარებანი, უკეთურებანი, მზაკვრობანი, გარყვნილება, თვალის სიავე, გმობა, ქედმაღლობა, უგუნურება.23. ყოველივე ეს შიგნიდან გამოდის და ბილწავს კაცს.