კეთროვნის განკურნება
1. როდესაც ჩამოვიდა მთიდან, თან გაჰყვა დიდძალი ხალხი.2. და, აჰა, მიუახლოვდა ერთი კეთროვანი, თაყვანი სცა და უთხრა: უფალო, თუ გნებავს, შეგიძლია ჩემი განწმენდა.3. გაიწოდა ხელი იესომ, შეახო მას და უთხრა: მნებავს, განიწმინდე. და მყისვე განიწმინდა იგი კეთრისგან.4. და უთხრა მას იესომ: იცოდე, ნურავის ეტყვი; არამედ წადი, ეჩვენე მღვდელს, და შესწირე შესაწირავი, რომელიც დააწესა მოსემ მათთვის სამოწმებლად.
40. მაშინ მიადგა ერთი კეთროვანი, ევედრებოდა და მუხლმოყრით ეუბნებოდა: თუ გნებავს, შეგიძლია ჩემი განწმენდა.41. შეებრალა იგი იესოს, ხელი გაიწოდა, შეეხო და უთხრა: მნებავს, განიწმინდე;42. ამის თქმაც იყო და მყისვე გაეყარა მას კეთრი და განიწმინდა.43. მკაცრად გააფრთხილა და მაშინვე გაისტუმრა იგი.44. უთხრა: იცოდე ნურავის ნურაფერს ეტყვი, არამედ წადი, ეჩვენე მღვდელს და შესწირე შენი განწმენდისათვის, რაც ბრძანა მოსემ მათდა სამოწმებლად.45. მაგრამ ის გამოვიდა, დაიწყო ქადაგება და მთელ ქვეყანას მოსდო მისი ამბავი; ასე რომ, იესოს აღარ შეეძლო ქალაქში აშკარად შესვლა, არამედ გარეთ, უდაბურ ადგილებში იყო, და მოდიოდნენ მასთან ყოველი მხრიდან.
12. მოხდა ისე, რომ ერთ-ერთ ქალაქში ყოფნისას, აჰა, მოვიდა ერთი კეთროვანი კაცი, იესოს დანახვისას პირქვე დაემხო და შეევედრა: უფალო, თუ გნებავს, შეგიძლია ჩემი განწმენდა.13. გაიწოდა ხელი, შეეხო მას და უთხრა: მნებავს, განიწმინდე. და მყისვე გაეყარა მას კეთრი.14. უბრძანა, არავისთვის ეთქვა, არამედ წასულიყო, სჩვენებოდა მღვდელს და შეეწირა შესაწირავი, რაც დააწესა მოსემ მათ სამოწმებლად.