მთვარეულის (უტყვი, უკეთური სულით შეპყრობილის) განკურნება
14. როდესაც ხალხთან მივიდნენ, ერთი კაცი მიუახლოვდა, მუხლი მოიყარა მის წინაშე15. და უთხრა: უფალო! შეიწყალე ჩემი ძე: მთვარეულია და საშინლად იტანჯება, ვინაიდან ხშირად ცეცხლში და ხშირად კიდევ წყალში ვარდება.16. მივუყვანე შენს მოწაფეებს, მაგრამ ვერ განკურნეს იგი.17. ხოლო იესომ პასუხად თქვა: ო, ურწმუნო და უკუღმართო მოდგმავ: როდემდის ვიქნები თქვენთან? როდემდის მოგითმენთ თქვენ? აქ მომგვარეთ.18. შერისხა იგი იესომ და გავიდა ეშმაკი მისგან: და განიკურნა ყმაწვილი იმავე წამს.19. მაშინ მოწაფეებმა დაიმარტოხელეს იესო და ჰკითხეს: რატომ ჩვენ ვერ შევძელით მისი განდევნა?20. ხოლო იესომ მიუგო მათ: თქვენი მცირე რწმენის გამო: თუ გექნებათ მდოგვის მარცვლის ოდენა რწმენა, უბრძანეთ ამ მთას: გადაადგილდიო, და ისიც გადაადგილდება, და არაფერი იქნება შეუძლებელი თქვენთვის.21. ეს მოდგმა კი მხოლოდ ლოცვითა და მარხვით განიდევნება.
17. ერთმა კაცმა ხალხიდან მიუგო მას: მოძღვარო, ჩემი ძე მოგგვარე, შეპყრობილი სიმუნჯის სულით.18. სადაც მოიხელთებს, ძირს დასცემს; დუჟი გადმოსდის, კბილებს აღრჭიალებს და შეშდება. ვთხოვე შენს მოწაფეებს, განდევნეთ-მეთქი, მაგრამ ვერ შესძლეს.19. ხოლო იესომ პასუხად თქვა: ო, ურწმუნო მოდგმავ, როდემდის ვიქნები თქვენთან? როდემდის მოგითმენთ თქვენ? აქ მომგვარეთ!20. მიჰგვარეს იგი, და იხილა თუ არა იესო, სულმა შეარყია ბავშვი, მიწაზე დაეცა და გორავდა დუჟმორეული.21. ჰკითხა მამამისს: რამდენი ხანია ასე? ხოლო მან მიუგო: სიყრმითგანვე.22. მრავალჯერ ჩაუგდია სულს ცეცხლსა თუ წყალში, რათა დაეღუპა იგი. მაშ, თუ რამ შეგიძლია, შეგვიწყალე და შეგვეწიე.23. ხოლო იესომ უთხრა მას: თუ შეგიძლია გწამდეს, ყველაფერი შესაძლოა მორწმუნისათვის.24. ბავშვის მამამ მყისვე შეჰღაღადა ცრემლების ფრქვევით: მწამს, უფალო; შეეწიე ჩემს ურწმუნოებას.25. როდესაც დაინახა იესომ, რომ ხალხი ეხვევა გარშემო, შერისხა სული და უთხრა: ყრუ-მუნჯო სულო! გიბრძანებ გამოხვიდე მაგისგან და აღარასოდეს შეხვიდე მასში!26. სულმა შეჰყვირა, საშინლად შეარყია იგი და გამოვიდა, ხოლო ბავშვი მკვდარს დაემსგავსა; ასე რომ, ბევრი ამბობდა კიდეც: მოკვდაო.27. მაგრამ იესომ ხელი მოჰკიდა, წამოაყენა და ისიც აღდგა.28. როდესაც სახლში შევიდა, მისმა მოწაფეებმა განცალკევებით ჰკითხეს: რატომ ჩვენ ვერ შევძელით მისი განდევნა?29. და უთხრა მათ: ამ მოდგმას ვერაფრით ვერ განდევნი, თუ არა ლოცვით და მარხვით.
37. მეორე დღეს ჩამოვიდნენ მთიდან და შემოეგება მას დიდძალი ხალხი.38. და აჰა, ერთმა კაცმა შეჰყვირა ხალხში: მოძღვარო, გევედრები, მოხედე ჩემს ძეს, ვინაიდან ერთადერთი მყავს.39. შეიპყრობს სული და მაშინვე ყვირილს დააწყებინებს, მიწაზე დასცემს და ისე სტანჯავს, რომ დუჟს ადენს და ძნელად თუ ანებებს თავს ნაგვემ-ნაწამებს.40. შევევედრე შენს მოწაფეებს, განდევნეთ-მეთქი, მაგრამ ვერ შესძლეს.41. ხოლო იესომ პასუხად თქვა: ო, ურწმუნო და უკეთურო მოდგმავ, როდემდის ვიქნები თქვენთან? როდემდის უნდა გითმინოთ? აქ მომგვარე შენი ძე.42. ჯერ არც კი მისულიყო მასთან, რომ ეშმაკმა მიწას დაანარცხა და კრუნჩხვა დააწყებინა. მაგრამ იესომ შერისხა უწმინდური სული, განკურნა ყრმა და მისცა მამამისს.