მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ნზ

წმინდა იოანე ოქროპირი

📋 სარჩევი

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და ჰკითხვიდეს მას მოწაფენი და ეტყოდეს: ვი-თარ იტყჳან მწიგნობარნი, ვითარმედ: ელიაჲსი ჯერ-არს პირველად მოსლვაჲ?“ (17,10).

სიტყუაჲ ესე საცნაურ იყო ერსა მას შორის ჰურიათასა და მიმოიქადაგებოდა ქრისტესთჳსცა და ელიაჲსთჳს ყოველთა შორის. ამისთჳს სამარიტელიცა იგი მეცნიერ იყო სიტყუასა ამას და იტყოდა: „ვიცი, რამეთუ მესია მოვალს, რომელსა ჰრქჳან ქრისტე. ოდეს მოვიდეს იგი, მიმითხრას ჩუენ ყოველი“.1 და კუალად ჰურიანი ეტყოდეს იოვანეს: „ელია ხარა შენ ანუ წინაჲსწარმეტყუელი იგი?“2 უწყებულ იყო უკუე სიტყუაჲ ესე ქრისტეს მოსლვისაჲ და ელიაჲსთჳსცა, ვითარცა ვთქუ, გარნა არა ჯეროვნად გამოი-თარგმანებოდა მწიგნობართა მათ მიერ. რამეთუ წერილნი ორთა მოსლვა-თა იტყჳან ქრისტესთა: ამას, აწ აღსრულებულსა, და მეორესა მას დიდებით მოსლვასა, ვითარცა-იგი პავლე მოციქული ქადაგებს და იტყჳს: „გამოჩნდა მადლი იგი ღმრთისაჲ მაცხოვრად ყოველთა კაცთა, სამოძღურებელად ჩუენდა, რაჲთა უარ-ვყოთ უღმრთოებაჲ და სოფლისა გულისთქუმაჲ, სიწმიდით და სიმართლით და ღმრთისმსახურებით ვცხონდებოდით“.3 აჰა ესერა ესე სიტყუანი პირველისა ამის ქრისტეს მოსლვისათჳს წარმოთქუნა. ისმინე, ვითარ მეორესა მასცა მოასწავებს; რამეთუ ზემოწერილნი რაჲ სიტყუანი წარმოთქუნა, მეყსეულად შესძინა და თქუა: „რაჲთა მოველოდითო ნეტარსა მას სასოებასა და გამოჩინებასა დიდებით დიდისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესუ ქრისტესა“.4 ეგრეთვე წინაჲსწარმეტყუელნი ორსავე მოსლვასა უფლისასა ქადაგებენ, ხოლო მეორედ მოსლვისა წინამორბედად ელიას იტყჳან ყოფად. რამეთუ პირველისა ამის იოვანე იქმნა წინამორბედ, რომელსაცა ქრისტე ელიად უწესს. არა თუ ელია იყო იგი და ამისთჳს ელიად უწესს, არამედ რომელ მისსავე მსახურებასა აღასრულებდა. რამეთუ ვითარცა იგი წინამორბედ ყოფად არს მეორედ მოსლვისა, ეგრეთვე იოვანე წინამორბედ იქმნა პირველისა.

გარნა უშჯულონი იგი მწიგნობარნი და ფარისეველნი ქადაგებასა მას წინაჲსწარმეტყუელთასა ორთა მათ ქრისტეს მოსლვათათჳს ჰფარვიდეს და შეჰრევდეს ურთიერთას; და ერსა მას გარდააქცევდეს და მეორესა მას ხოლო მოსლვასა აჴსენებდეს და ეტყოდეს ერსა, ვითარმედ: უკუეთუმცა ესე იყო ქრისტე, ჯერ-იყო პირველად ელიაჲს მოსლვაჲ.

ამის ესევითარისა პირისათჳს ეტყჳან აწ მოწაფენი უფალსა: „ვითარ იტყჳანო მწიგნობარნი, ვითარმედ: ელიაჲსი ჯერ-არს პირველად მოსლვაჲ?“ ისმინეთ უკუე, ვითარ განუმარტა ქრისტემან სიტყუაჲ ესე და

1 იოან. 4,25. 2 იოან.1,21. 3 ტიტ. 2,11-12. 4 ტიტ. 2,13.

ჰრქუა, ვითარმედ: ელია მოსლვად არს მაშინ, პირველ მეორედ მოსლვისა ჩემისა, და აწცა მოვიდაო ელია, ესე იგი არს იოვანე. მოვიდა ესე მსახურებისა მის აღსრულებად, რომელ მაშინ ეგულების ელიას აღსრულებად. ხოლო უკუეთუ თეზბიტელსა ეძიებ, მომავალ არს. ამისთჳს იტყოდა:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ელია მოვიდეს და კუალადაგოს ყოველი“ (17,11).

თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჲ არს „ყოველი“ იგი, რომელსა კუალადაგებს? ესე იგი არს, რომელსა პირველვე იტყოდა მალაქია წინაჲსწარმეტყუელი და თქუა: „აჰა ესერა მე მოგივლინო თქუენ ელია თეზბელი ვიდრე მოსლვადმდე დღისა უფლისა დიდისა და განჩინებულისა, რომელმან მოაქციოს გული მამისა ძისა. ნუუკუე მოვიდე და მოვსრა ქუეყანაჲ ერთბამად“.1

ჰხედავა უცთომელობასა საწინაჲსწარმეტყუელოჲსა მის სიტყჳსასა? ვინაჲთგან იოვანეს ელია უწოდა ქრისტემან ზიარებისათჳს მსახურებისა მათისა, რაჲთა არა ჰგონებდეს ვინ, თუ წინაჲსწარმეტყუელიცა იოვანეს-თჳს იტყჳს, ამისთჳს მამულიცა ქუეყანაჲ მისი თქუა: „ელია თეზბელი“, რამეთუ იოვანე არა თეზბელი იყო.

და კუალად სხუაცა სასწაული თქუა ელიაჲს მოსლვისაჲ: „ნუუკუე მოვიდე და მოვსრა ქუეყანაჲ ერთბამადო“. ამით სიტყჳთა მეორე იგი საშინელი მოსლვაჲ მისი მოასწავა, რამეთუ პირველსა მას მოსლვასა არა მოსრვად ქუეყანისა მოვიდა, ვითარცა თავადი იტყჳს, ვითარმედ: „არა მოავლინა ღმერთმან ძე თჳსი, რაჲთა დასაჯოს სოფელი, არამედ რაჲთა ცხონდეს სოფელი მის მიერ“.2

ხოლო მეორესა მას მოსლვასა განსჯად და განკითხვად სოფლისა მომავალ არს. ამისთჳს გამოაცხადებს წინაჲსწარმეტყუელი, ვითარმედ: მაშინ მოსლვად არს თეზბელი, ოდეს განსჯაჲ ყოფად იყოს. და მიზეზსაცა გამოაჩინებს მოსლვისა მისისასა: „რაჲთა მოვიდესო და კუალადაგოს ყოველი“. ესე იგი არს, რაჲთა ასწაოს ებრაელთა, რომელნიცა მაშინ იპოვნენ ქუეყანასა ზედა, მოქცევად სარწმუნოებასა ქრისტესსა, და ყოველნივე კაცნი დაამტკიცნეს სარწმუნოებასა მისსა, რაჲთა არა წარწყმდენ ურწმუნოებითა, მო-რაჲ-ვიდეს უფალი განკითხვად.

ამისთჳსცა უფალი იტყჳს: „ელია მოვიდეს და კუალადაგოს ყოველი“. ესე იგი არს: მოაქცინეს მრავალნი ჰურიანი ურწმუნოებისაგან, ვითარცა წინაჲსწარმეტყუელი ფრიად კეთილად იტყჳს. რამეთუ არა თქუა, თუ: მოაქციოს გული ძისაჲ მამისა, არამედ: „გული მამისაჲ ძისა“. ვინაჲთგან მოციქულნი ნათესავისაგან ებრაელთაჲსა იყვნეს, ამისთჳს ებრაელთა მამად მოციქულთა სახელ-სდვა და თქუა: რაჲთა მოაქცინესო გულნი ებრაელ-თანი რწმუნებად ქადაგებისა მის მათგან გამოსრულთა მოციქულთაჲსა, ნუუკუე მოვიდეს უფალი და მოსრნეს ურწმუნონი იგი რისხვითა თჳსითა.

1 მალ. 4, 5-6. 2 შდრ. იოან. 12,47.

ამის ესევითარისა პირისათჳს თქუა უფალმან, ვითარმედ: „ელია მოვიდეს და კუალადაგოს ყოველი“. და მეყსეულად იტყჳს:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო გეტყჳ თქუენ, რამეთუ ელია აწვე მოვიდა, და არა იცნეს იგი, არამედ უყვეს მას, რავდენი უნდა. ეგრეთცა ჯერ-არს ძისა კაცისაჲ ვნებად მათგან. მაშინ გულისჴმა-ყვეს მოწაფეთა, რამეთუ იოვანეს ნათლისმცემელისათჳს ჰრქუა მათ“ (17,12-13).

თ ა რ გ მ ა ნ ი: დღითი-დღე აღორძნდებოდა მათ შორის გულისჴმისყოფაჲ და მეცნიერებაჲ. ამისთჳსცა კეთილად გულისჴმა-ყვეს, ვითარმედ „იოვანეს ნათლისმცემელისათჳს ჰრქუა მათ“. რამეთუ მოიჴსენეს სიტყუაჲ მისი, რომელი სხუასა ადგილსა ჰრქუა მათ, ვითარმედ: „იგი არს ელია, რომელი მომავალ არს“,1 ვითარმედ იოვანე მსგავს არს მომავალისა მის ელიაჲსა. ხოლო ესე ნუ ცთომილად ვის ჰგონიეს სიტყუაჲ, რომელ ოდესმე იტყჳს, ვითარმედ: „ელია მოვიდეს“, და კუალად იტყჳს: „ელია აწვე მოვიდა“. რამეთუ ოდეს თქუას, თუ: „ელია მოვიდეს და კუალადაგოს ყოველი“, ელიას თეზბელსა იტყჳს; ხოლო ოდეს თქუას, თუ: „ელია აწვე მოვიდა“, იოვანეს იტყჳს ნათლისმცემელსა, რომელსაცა ერთობისა მისთჳს მსახურებისა ელიად სახელ-სდებს. ესე იგი არს, ვითარცა იგი მეორისა მის მოსლვისა ყოფად არს წინამორბედ, ეგრეთვე ესე პირველისა ამის იქმნა წინამორბედ. და კუალად, რაჲთა ამით სახითა აჩუენოს, ვითარმედ ახალი ესე შჯული და ძუელი ერთსა ზედა ქადაგებასა ურთიერთას ეწამებიან. ამისთჳს იტყჳს: „ელია აწვე მოვიდა, და არა იცნეს იგი, არამედ უყვეს მას, რავდენი უნდა“. ესე იგი არს: საპყრობილედ შეაწყუდიეს, შეურაცხ-ყვეს, მოკლეს, თავი მისი ლანკნითა შორის მოსუმურთა შემოიღეს, ჴელთა ბორგნეულისა მის მროკველისათა მისცეს. „ეგრეთცა ჯერ-არს ძისა კაცისა ვნებად მათგან“. ჰხედავა, ვითარ ჟამსა ჯეროანსა მოაჴსენა ვნებაჲ თჳსი ვნებისა მისგან იოვანესა, ნუგეშინის-ცემისა შემოღებად მოწაფეთა? ხოლო ვნებაჲ რაჲ თჳსი აჴსენა, მეყსეულად სასწაულნიცა აღასრულნა; რამეთუ ესე მარადის სახილველ არს სახარებასა შინა: ოდეს ვნებისა თჳსისათჳს ეტყოდის, პირველცა და შემდგომადცა სასწაულთა აღასრულებს, რაჲთა არა შეორგულდენ მოწაფენი, არცა მოუძლურდენ მწუხარებისაგან. რამეთუ პირველ ამისა, ოდეს-იგი ზეგარდამო მამამან გამოუცხადა მოციქულთა და აღაღო პირი პეტრესი და აღმოათქუმია სიტყუაჲ ღმრთისმეტყუელებისაჲ, ვითარმედ: „შენ ხარ ქრისტე, ძე ღმრთისა ცხოელისაჲ“,2 ამისა შემდგომად იტყჳს მახარებელი, ვითარმედ: „მიერითგან იწყო იესუ უწყებად მოწაფეთა თჳსთა, ვითარმედ ჯერ-არს მისა იერუსალჱმდ აღსლვაჲ და ფრიად ვნებაჲ“.3 და აწ კუალად, ვინაჲთგან მთასა ზედა საკჳრველი იგი ხილვაჲ უჩუენა და წინაჲსწარმეტყუელნი წარმოადგინნა მოწამედ დიდე-

1 მათ. 11,14. 2 მათ. 16,16. 3 მათ. 16,21.

ბისა თჳსისა და სიტყუაჲ ესე იოვანესთჳს თქუა, ვითარმედ: „ელია აწვე მოვიდა, და უყვეს მას, რაოდენი უნდა“, მეყსეულად თჳსი ვნებაჲ მოაჴსენა და ჰრქუა: „ეგრეცა ჯერ-არს ძისა კაცისა ვნებად მათგან“; და კუალად, შემდგომად მცირედისა, ოდეს განჴადა ეშმაკი იგი, რომელი ვერ უძლეს მოწაფეთა განჴდად, იქცეოდეს რაჲ გალილეას, ჰრქუა მათ: „ჯერ-არს ძე კაცისაჲ მიცემად ჴელთა კაცთასა, და მოკლან იგი, და მესამესა დღესა აღდგეს. ხოლო იგინი შეწუხნესო ფრიად“.1 ამისთჳს, ვითარცა ვთქუ, ოდეს ვნებისა თჳსისათჳს ეტყოდის, სასწაულთაცა აღასრულებს ნუგეშინის-ცემად მათა, ვითარცა ესერა იტყჳს:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და ვითარცა მოვიდეს იგინი ერისა მის, მოუჴდა მას კაცი ერთი, მუჴლნი დაიდგნა მის წინაშე და ეტყოდა: უფალო, შეიწყალე ძე ჩემი, რამეთუ ცისად-ცისად ბოროტად იგუემების, რამეთუ მრავალგზის შთავარდის იგი ცეცხლსა და მრავალგზის წყალსა. და მოვჰგუარე იგი მოწაფეთა შენთა, და ვერ შეუძლეს განკურნებად“ (17, 14-16).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ამას კაცსა სარწმუნოებითა დიდად უძლურად გამოაჩინებს წერილი. ამისთჳსცა იტყჳს მარკოზ, ვითარმედ: ჰრქუა უფალსა: „რაჲ ძალ-გიც, შემეწიე ჩუენ. და უფალმან მიუგო, ვითარმედ: ყოველივე შესაძლებელ არს მორწმუნისა. და კუალად ჴმა-ყო კაცმან მან: მრწამს, შემეწიე ურწმუნოებასა ჩემსა“.2 ხოლო ვინაჲთგან იგი ესრეთ უძლური პოა სარწმუნოებითა, და ესე იქმნა მიზეზ არაგანსლვისა ეშმაკისა მის, რაჲსათჳს აბრალებს უფალი მოწაფეთა და ეტყჳს, ვითარმედ: მცირედმორწმუნეობითა თქუენითა არა განვიდა ეშმაკი იგი? ესე ამისთჳს, რამეთუ ენება გამოჩინებად, ვითარმედ შესაძლებელ იყო მათგან, უკუეთუმცა სრულისა მის სარწმუნოებისა საზომსა იყვნეს, თჳნიერ სარწმუნოებისაცა კაცისა მის განკურნებად ძისა მისისა. და ესე მრავალგზის იქმნების: ოდესმე მომავალნი იგი კურნებად სიმჴურვალისაგან სარწმუნოებისა თჳსისა უდარეს-თაგანცა მიემთხუევიან კურნებასა; და კუალად მრავალგზის სასწაულისა მოქმედთა მათ სრულებამან ურწმუნოთაცა შეუძლო განკურნებად. და ამის ორისავე სახე იპოების წერილთა შინა: რამეთუ კორნელიოს და მის-თანანი მათისა მის მჴურვალისა სარწმუნოებისაგან ღირს იქმნეს სულისა წმიდისა მოღებად; და კუალად ელისეს ზე გუამი მკუდრისაჲ შთააგდეს საფლავსა ელისესსა არა სარწმუნოებისათჳს, არცა აღდგინებად მკუდრისა მის, არამედ შიშისა მისგან მტევებართაჲსა ვერ უძლეს მკუდრისა მის დაფლვად და შთააგდეს იგი საფლავსა ელისესსა. და მი-რაჲ-ეახლა მკუდარი იგი ძუალთა მის წმიდისათა, ძალითა სიწმიდისა მისისაჲთა აღდგა მეყსა შინა. ამისთჳს უფალმან აბრალა მოწაფეთა, ვითარმედ ვერსრულებისათჳს სარწმუნოებისა იქმნა ვერშეძლებაჲ იგი სასწაულისაჲ მის.

1 მათ. 17, 22-23. 2 მარკ. 9,22-24.

რამეთუ ყოფასა მას უფლისასა თაბორსა ზედა სამთა მათ თანა მოწაფეთა, სუეტთა ეკლესიისათა, მოუჴდა კაცი იგი სხუათა მათ მოციქულთა, და ვერ უძლეს განძებად ეშმაკისა მის. ხოლო იხილეთ უგუნურებაჲ კაცისაჲ მის, ვითარ წინაშე ყოვლისა ერისა მოუჴდა უფალსა და აბრალებდა მოწაფეთა მისთა და იტყოდა: „მოვჰგუარე იგი მოწაფეთა შენთა, და ვერ უძლეს განკურნებად მისა“. ამისთჳსცა უფალმან მის ზედა დასდვა ბრალი და სხუათა მათ ჰურიათა, რომელნი დაბრკოლდებოდეს ვერშეძლებისათჳს მოწაფეთაჲსა ქმნად სასწაულისა მის.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მიუგო იესუ და ჰრქუა მას: ჵ ნათესავი ურწმუნოჲ და გულარძნილი! ვიდრემდე თქუენ თანა ვიყო? ვიდრემდე თავს-ვიდებდე თქუენსა? მომგუარეთ მე იგი აქა! და ვითარცა მოჰგუარეს, შეჰრისხნა მას იესუ, და განვიდა მისგან ეშმაკი იგი, და განიკურნა ყრმაჲ იგი მიერ ჟამითგან“ (17,17-18).

თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჟამს თქუა, თუ: „ვიდრემდე თქუენ თანა ვიყო?“ გამოაჩინა, ვითარმედ არა სამძიმარ ანუ საშინელ იყო მისა სიკუდილი იგი ჯუარ-ცუმისაჲ, არამედ უფროჲსად საწადელ ცხორებისათჳს ჩუენისა, და უმეტესად მათ შორის ქცევაჲ იყო მძიმე და მათისა მის გულარძნილებისა თავს-დებაჲ.

ხოლო ბრძანა რაჲ მოყვანებაჲ მისი და მოჰგუარეს, „მეყსეულად სულმან მან არაწმიდამან დააკუეთა იგი“, ვითარცა მარკოზ იტყჳს, „და ვითარცა დაეცა ქუეყანასა, გორვიდა და პეროოდა“.1 ესე ყოველი ურწმუნოებისაგან იქმნებოდა კაცისა მის, რაჲთამცა მოვიდა სარწმუნოებად. ამისთჳსცა ჟამიცა ჰკითხა: „რავდენი ჟამი არს, ვინაჲთგან ყოფილ არს ესე მაგის თანა?“ რაჲთამცა მოიყვანა იგი თქუმად სიტყუათა სარწმუნოებისათა. ხოლო ვინაჲთგან მან თქუა, ვითარმედ: „სიყრმითგან. და რაჲ ძალ-გიც, შემეწიე ჩუენ“, მიუგო უფალმან: „რაჲ ძალ-გიც, ყოველივე შესაძლებელ არს მორწმუნისა“.2 რამეთუ ოდეს-იგი კეთროანმან მან ჰრქუა: „უფალო, უკუეთუ გინდეს, ძალ-გიც განწმედაჲ ჩემი“, და წამა დიდი იგი ჴელმწიფებაჲ მისი, აქო იგი უფალმან და დაამტკიცა სიტყუაჲ მისი და ჰრქუა: „მნებავს, განწმიდენი!“3 ხოლო ამან ვინაჲთგან ვერარაჲ ღირსი ჴელმწიფებისა მისისაჲ თქუა, არამედ „რაჲ ძალ-გიც, შემეწიეო“, მიუგო იესუ: „რაჲ ძალ-გიც, ყოველივე შესაძლებელ არს მორწმუნისა“. ხოლო სიტყუაჲ ესე ესრეთ არს, ვითარმედ: ესოდენ არს სიმდიდრე ძლიერებისაჲ ჩემ თანა, ვიდრეღა ჴელმეწიფების სხუათაცა მიცემად მადლი სასწაულთმოქმედებისაჲ. და შენცა, უკუეთუ ვითარცა ჯერ-არს, გრწმენეს ჩემდა მომართ, ძალ-გედვას ამისაცა განკურნებად და სხუათა მრავალთა. ესე რაჲ თქუა, განკურნა ყრმაჲ იგი.

1 მარკ. 9,20. 2 მარკ. 9,21-23. 3 ლუკ. 5,12-13.

ხოლო ჩუენ ნუ ამისგან ხოლო გულისჴმა-ვჰყოფთ განგებულებასა მისსა და მოღუაწებასა კაცთასა და სიმრავლესა ქველისმოქმედებისა მისისასა, რომელ განჴადა ეშმაკი იგი, არამედ მისვე ჟამისაგან, ვინაჲცა შეუნდო შესლვად მისა. რამეთუ უკუეთუმცა არა წამის-ყოფაჲ კაცთმოყუარებისა მისისაჲ ჰფარვიდა, ადრევემცა მოეკლა იგი სულსა მას არაწმიდასა, ოდესიგი ცეცხლსა შთააგდებდა და წყალსა, რაჲთამცა წარწყმიდა იგი, უკუეთუმცა არა აყენებდა და აღჳრ-ასხმიდა სიბორგილესა მისსა განგებულებაჲ ღმრთისაჲ, ვითარცა სხუასაცა ადგილსა ვთქუთ ორთა მათთჳს ეშმაკეულთა, რომელნი უდაბნოთა გარეიქცეოდეს და იკოდდეს თავთა თჳსთა ლოდითა.

ხოლო სიტყჳსა მისთჳს, თუ: „ცისად-ცისად იგუემების“, ნუვინ განკჳრდების, რამეთუ არა მახარებელისაჲ არს სიტყუაჲ, არამედ მამამან მის ყრმისამან თქუა ესრეთ; და სხუასაცა ადგილსა რომელ იტყჳს მახარებელი, ვითარმედ: „მრავალნი ცისად-ცისად გუემულნი განკურნნა“,1 სიტყჳსაებრ ერისა მის თქუა ესრეთ, არა თუ თჳთ მოიღო სიტყუაჲ ესე. რამეთუ ენება ეშმაკსა, რაჲთამცა მნათობსა მას, ღმრთისა მიერ განათლებად ღამისა დაბადებულსა, მთოარესა ზედა დასდვა ბრალობაჲ ბოროტი და დაარწმუნამცა კაცთა, თუ მიზეზ რაჲმე არს იგი ესევითართა სნებათაჲ. ამისთჳს ოდესმე სიჩჩოსა მისსა შეიპყრობს უფლებულთა მათ მის მიერ და სავსებასა მისსა დასცხრების; და კუალად რომელთამე სავსებასა მისსა შეიპყრობს და ცხრომასა მისსა დაუშუებს. არა თუ მთოარისაგან იქმნების ესე. ნუ იყოფინ! არამედ ეშმაკი უკეთურებითა თჳსითა იქმს, რაჲთა მნათობი იგი საბრალობელ-ყოს. ამისთჳსცა ცთომილი გულისსიტყუაჲ დაემკჳდრა უგუნურთა თანა, და ესევითართა მათ ეშმაკეულთა ცისად-ცისად გუემულად სახელ-სდებდეს სიტყჳთა სიცრუისაჲთა და გონებითა ცთომილითა. ხოლო მის ჩუეულებისათჳს მრავალთაჲსა და ვითარცა კაცთა მიერ სახელი იგი ჩუეულ იყო, თქუა მახარებელმან. არა თუ მას ეგრეთ შეერაცხა. ნუ იყოფინ! არამედ არა იყო ჟამი ამის პირისათჳს თქუმად, თუ: ცთომილი არს სიტყუაჲ ესე; რამეთუ იგი წინამდებარისა მის აღწერად მოსწრაფე იყო და ამათ ესევითართა თანაწარჰჴდებოდა.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მაშინ მოუჴდეს იესუს მოწაფენი თჳსაგან და ჰრქუეს: რაჲსათჳს ჩუენ ვერ შეუძლეთ განძებად მას? ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: მცირედმორწმუნეობითა თქუენითა. ამენ გეტყჳ თქუენ: უკუეთუ გაქუნდეს სარწმუნოებაჲ, ვითარცა მარცუალი მდოგჳსაჲ, ჰრქუათ მთასა ამას: მიიცვალე ამიერ იქი! და მიიცვალოს, და არარაჲ შეუძლებელ იყოს თქუენ მიერ“ (17,19-20).

თ ა რ გ მ ა ნ ი: შიში შეუჴდა გულსა მოწაფეთასა და ურვაჲ, ვითარმედ: ნუუკუე წარწყმიდეს მადლი იგი, რწმუნებული მათდა? რამეთუ მიეღო

1 შდრ. მათ. 4,24.

ჴელმწიფებაჲ სულთა ზედა არაწმიდათა. ამისთჳს, ვითარცა საქმისათჳს დაფარულისა, თჳსაგან ჰკითხვენ უფალსა. და თავადმან განუმარტა მათ, ვითარმედ ვერსრულებისაგან სარწმუნოებისა შეემთხჳა, არა თუ სხჳსა რაჲსმე ბრალისთჳს.

ხოლო უკუეთუ ვინ თქუას, ვითარმედ: რაჲსათჳს ეტყოდა: „უკუეთუ გაქუნდეს სარწმუნოებაჲ, ვითარცა მარცუალი მდოგჳსაჲ, ჰრქუათ მთასა ამას: მიიცვალე ამიერ იქი! და მიიცვალოს“? ოდეს სადა მიცვალეს მოციქულთა მთაჲ ადგილით თჳსით? ესრეთ გულისჴმა-ყავნ მეტყუელმან მან, ვითარმედ ფრიად უაღრესნი და უზეშთაესნი საქმენი ქმნეს მათ შეცვალებისა მთათაჲსა.

იხილეთ, რავდენნი მკუდარნი აღადგინნეს! რავდენ უკუე უმეტეს არს და უზეშთაეს სულისა განსრულისა გუამისაგან მოქცევად გუამადვე თჳსა და სიკუდილისა განდევნად გუამისა მისგან და აღდგინებად სამარესა შეწყუდეულისა, ვიდრეღა შეცვალებაჲ მთისა ადგილით თჳსით.

ხოლო ესეცა საცნაურ არს, ვითარმედ მრავალთა წმიდათა, ფრიად უდარესთა საზომისა მის მოციქულთაჲსა, პირველ არამრავლისა ჟამისა ჩუენისა ამის ნათესავისა შეცვალნეს მთანი ადგილით თჳსით, რამეთუ საჴმარ იქმნა საქმე იგი. ამით უკუე გულისჴმისსაყოფელ არს, ვითარმედ უკუეთუმცა საძიებელ რაჲმე ქმნილ იყო ესე მოციქულთა ზე, ფრიად უადვილესადმცა შეეცვალა მათ, ვიდრეღა შემდგომთა მათთა. რამეთუ რომელთა უაღრესნი სასწაულნი აღასრულნეს, ესე უდარესი ვითარმცა არა ქმნეს? და კუალად ესეცა გულისჴმა-ყავნ მეძიებელმან ამის სიტყჳსამან, ვითარმედ: არა თუ ყოველნი სასწაულნი, რომელნი ქმნეს მოციქულ-თა, აღწერილ არიან, უფროჲსღა უმრავლესნი აღუწერელ არიან. და ესეცა უკუეთუ ქმნეს, შეცვალებაჲ მთათაჲ, და არა აღიწერა, რაჲ საკჳრველ არს? ხოლო მაშინ არა აქუნდა ჯერეთ სრული იგი საზომი სარწმუნოებისაჲ, არამედ შემდგომად ჯუარ-ცუმისა და აღდგომისა უფლისა და ზეცად ამაღლებისა და სულისა წმიდისა მოსლვისა მიიწინეს სრულებასა მას. ამისთჳს აწ ეტყჳს უფალი: „უკუეთუ გაქუნდეს სარწმუნოებაჲ, ვითარცა მარცუალი მდოგჳსაჲ“; რამეთუ მდოგჳ დაღაცათუ საზომითა მცირე არს, არამედ სიფიცხითა სხუათა თესლთა უმეტეს არს. ამისთჳსცა აჴსენა მდოგჳ, რაჲთა გამოაჩინოს, ვითარმედ უმცირესსაცა ნაწილსა ჭეშმარიტისა მის და სრულისა და შეუორგულებელისა სარწმუნოებისასა დიდ-თა საქმეთა შემძლებელ არს აღსრულებად, ვიდრე მთათა ცვალებადმდე და უმეტესცა. ამისთჳს შესძინა, ვითარმედ: „არარაჲ შეუძლებელ იყოს თქუენ მიერ“.

ხოლო თქუენ, ძმანო, გულისჴმა-ყავთ მათთა მათ გონებათა სიკეთე და სულისა წმიდისა ძალი. მათი სიკეთე ამისთჳს, რომელ არცა ერთსა დაჰფარვენ ბრალობასა თჳსსა; და კუალად ძალი სულისა წმიდისაჲ ამისთჳს, რამეთუ რომელთა-იგი არცა მარცულისა სწორად მდოგჳსა აქუნდა სარწმუნოებაჲ, ესრეთ აღამაღლნა, ვიდრეღა წყარონი და მდინარენი სარწმუნოებისანი აღმოაცენნა მათგან.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო ესე ნათესავი ვერარაჲთ შესაძლებელ არს განსლვად, გარნა ლოცვითა და მარხვითა“ (17,21).

თ ა რ გ მ ა ნ ი: კეთილად და ჯეროვნად განუწესა მათ სათნოებაჲ მარხვისაჲ, რამეთუ ნანდჳლვე საძიებელ არს ესე და საჴმარ განსადევნელად ეშმაკისა. და ნუვინ იტყჳს, თუ ვიეთმე თჳნიერ მარხვისაცა განჴადეს ეშმაკი. რამეთუ დაღაცათუ ჩუენდა არა საცნაურ არს, არამედ იგინი, რომელ-თაცა განჴადეს სადა ეშმაკი, ლოცვითა და მარხვითა შეზღუდვილ იყვნეს.

ხოლო დაღაცათუ თქუას ვინ, თუ: იპოვნეს სადა ვიეთნიმე თჳნიერ ფრიადისა მარხვისა მაოტებელად ეშმაკთა, გარნა ეშმაკეული ვერსადა ვინ პოოს თჳნიერ მარხვისა განკურნებული; რამეთუ ყოვლისა უმეტესად ესე უჴმს შეკრძალვაჲ, რომელნი შეპყრობილ არიან სულთაგან არაწმიდათა, რაჲთა განეყენნენ შუებისაგან და შეაიწრნენ თავნი თჳსნი მარხვითა ფრიადითა და მარხვასა თანა მოიგონ ლოცვაჲცა ლმობიერი. და ამათ სათნოებათა სარწმუნოებითურთ ძალ-უც მრავალთა ბოროტთაგან ჴსნად კაცისა და მრავალთა კეთილთა მოცემად.

სწავლაჲ ნზ მარხვისათჳს და მომთრვალეთათჳს. რამეთუ მარხვაჲ და ლოცვაჲ კაცსა ანგელოზ-ჰყოფენ და ზეცისა მჴედრობათა მობაძავად გამოაჩინებენ

აწ უკუე რომელსა ენებოს ჭეშმარიტისა ლოცვისა და მარხვისა მოგებად და წარჰმართნეს ესე სათნოებანი, სანატრელ არს იგი, რამეთუ ესევითარსა მას არა უჴმს მრავალი საფასე. რომელსა არა უჴმდეს მრავალი, არა იქმნების ანგაჰრ; რომელი განეშოროს ანგაჰრებასა, იგი შემძლებელ იქმნების წარმართებად მოწყალებისა.

კაცი მმარხველი სუბუქად მდგომარე არნ ლოცვასა, გულისთქუმათა ბოროტთა დაშრეტს, ზუაობასა და სილაღესა გულისასა დაამდაბლებს, ლმობიერად შეუვრდების ღმერთსა და ითხოვს წყალობასა. ამისთჳსცა მოციქულნი მარადის მარხვითა და ლოცვითა აღასრულებდეს დღეთა მათთა.

რომელი ილოცვიდეს მარხვითურთ, ფრთოან არს ლოცვაჲ მისი და უმჴურვალეს ცეცხლისა, საშინელ არს იგი ეშმაკთა და შემწუველ ძალისა მათისა. და რაჲმცა იყო უძლიერეს კაცისა, ჭეშმარიტთა ლოცვათა აღმასრულებელისა?

უკუეთუ ქურივმან მან მოწყალე-ყო მსაჯული იგი, რომელსა არცა ღმრთისა ეშინოდა, არცა კაცთაგან ჰრცხუენოდა, უწყინოდ ვედრებითა თჳსითა,1 რავდენ უმეტესად მოწყალე-ყოს კაცმან სახიერი იგი და მოწყალე ღმერთი, უკუეთუ მარხვითა შეჰმზადოს თჳსი იგი ვედრებაჲ და ლმობიერებითა სიწმიდისაჲთა და განაგდოს თავისა თჳსისაგან შუებაჲ და სიმაძღრე მუცლისაჲ. ხოლო უკუეთუ მარხვაჲ ფრიადი ვერ ძალ-გიც, კაცო, უძლურებისათჳს ჴორცთაჲსა, მოიწყჳდენ შუებანი და სანოაგენი და ყოველივე სახე უზომოჲსა ნაყროვნებისაჲ, და ესეცა არავე შორს არს წესისა მისგან მარხვისა. და ესეცა შემძლებელ არს დაჴსნად სიბორგილესა ეშმაკისასა, რამე-თუ არარაჲ არს ესრეთ საყუარელ და საწადელ ეშმაკისა, ვითარ შუებაჲ და მთრვალობაჲ, რამეთუ წყაროჲ არს ესე და დედაჲ ყოველთა ბოროტთაჲ.

ამის მიერ ოდესმე ისრაიტელნი კერპთმსახურებად შთაყარნა, ამის მიერ სოდომელნი უშჯულოჲთა მით აღაზრზინნა ტრფიალებითა, ვითარცა იტყჳს წინაჲსწარმეტყუელი, ვითარმედ: „ესე უშჯულოებაჲ სოდომელთაჲ არს, რამეთუ ამპარტავანებითა და სიმაძღრითა პურისაჲთა და ნაყროვნებითა სანოაგეთაჲთა იშუებდეს“.2 ამის მიერ სხუანი მრავალნი წარწყმიდნა მტერმან მან სულთა ჩუენთამან და ცეცხლსა გეჰენიისასა შთაჰჴადნა, რამეთუ რაჲმცა იყო იგი ბოროტი, რომელი არა იქმნების შუებისაგან და მთრვალობისა. ესე კაცსა უძჳრეს ღორთასა გამოაჩინებს, რამეთუ ღორი მწჳრესა შინა იმწუბების, და საჭმელ მისა არს სიმყრალე, ხოლო მომთრვალე ფრიად უძჳრეს არს ამისა, რამეთუ გულისთქუმათა მოიპოებს, უცხო-თა ბუნებისაგან, და ტრფიალებათა უშჯულოთა და ფრიად საძაგელთა, და უფროჲსღა ვთქუა, თუ ეშმაკეულთაგან არარაჲთა განყოფილ არს ესევითარი იგი. ეშმაკეულთა ყოველნი სწყალობენ, ხოლო კაცი მომთრვალე ყოველთა სძაგს, და სძულობენ ამისთჳს, რამეთუ ნეფსით თჳსით მისცემს თავსა თჳსსა წარსაწყმედელად და ჰყოფს პირსა თჳსსა და თუალთა და საყნოსელთა და ყოველთავე ასოთა უსაძაგელეს მწჳრისა. ხოლო შინაგანი თუ მისი იხილო, ჰპოო სული იგი, ვითარცა ზამთარსა შინა და ნეფხვასა ძნელსა განყინული და უჴმარი ყოველსავე ზედა საქმესა კეთილსა, ხოლო ბოროტთა საქმეთა მიმართ მჴურვალე და მოსწრაფე.

მრცხუენის თქუმად მრავალთა მათ ბოროტთა, რომელნი შეემთხუევიან კაცთა მთრვალობისაგან, არამედ დაუტეო კაცად-კაცადი შინაგანსა გონებასა, რაჲთა მან ამხილოს მოქმედთა მათ ბოროტისათა. და მესმის მრავალთაგან, ვითარ იტყჳან, ოდეს ესმნენ საქმენი უჯერონი, მთრვალობისა მიერ აღსრულებულნი: ნუმცა არსო ღჳნოჲ. ჵ უგუნურებაჲ ესე! სხუანი იქმან ბოროტსა, და შენ ნიჭთა ღმრთისათა აბრალება, კაცო უგულისჴმოო? არა თუ ღჳნომან ქმნა უჯეროებაჲ იგი, არამედ ბილწებამან უძღებად მსუმელთამან.

ესრეთ უკუე იტყოდე შენ, ვითარმედ: ნუმცა არს მთრვალობაჲ, ნუმცა არს უძღებად შუებაჲ. ხოლო უკუეთუ იტყჳ: ნუმცა არს ღჳნოჲ, რამეთუ

1 ლუკ. 18,2-5. 2 ეზეკ. 16,49.

მისგან იქმნების მთრვალობაჲ, კუალად სხუასა ჟამსა სთქუა: ნუმცა არს რკინაჲ, რამეთუ იქმნებიან კაცის-კლვანი; ნუმცა არს ღამე, რამეთუ იპარვენ მპარავნი; ნუმცა არს დედაკაცი, რამეთუ იმრუშებენ მეძავნი; და ესრეთ ყოველთავე დაბადებულთა დაჴსნაჲ სთქუა შენ.

გარნა ნუ ესრეთ იქმ! რამეთუ ესე საქმე საეშმაკოჲ არს; ნუცა აბრალებ ღჳნოსა, არამედ მთრვალობასა. რამეთუ ღჳნოჲ მოგუეცა სიხარულად წესიერად, არა უშუერებად უწესოდ; ღჳნოჲ მოგუეცა სენთა საკურნებელად, არა სენთა აღმაორძინებელად; ჴორცთა განმაძლიერებელად, არა თუ ჴორცთა და სულისა დამჴსნელად. კეთილი ნიჭი მოგუანიჭა ღმერთმან, ხოლო ჩუენ უზომოებითა ვყავთ იგი შეურაცხ.

ისმინე, რასა ეტყჳს პავლე ტიმოთეს: „ნუ წყალსა ხოლო სუამ, არამედ ღჳნოჲცა მცირედ იჴუმიე სტომაქისათჳს და ზედაჲსზედა უძლურებისა შენისათჳს“.1 ხოლო უკუეთუ ტიმოთე, კაცმან მან წმიდამან, უძლურებასა შინა ესოდენსა არა თავს-იდვა სუმაჲ ღჳნისაჲ, ვიდრემდე უბრძანა მოძღუარმან, რაჲ-მე სიტყუაჲ მიუგოთ ჩუენ ღმერთსა, რომელნი-ესე სიმრთელესა შინა ვითრვებით?

მას ეტყოდა მოციქული: „ღჳნოჲ მცირედ იჴმიე სტომაქისათჳს“, ხოლო თქუენ, მომთრვალეთა მაგათ, კაცად-კაცადსა გეტყჳს: ღჳნოჲ მცირედ იჴმიე, სიძვათათჳს, რომელთა შთაჰვარდები მთრვალობითა, გინებათათჳს საძაგელთა, რომელთა აღმოიტყჳ, რაჟამს ცნობასა მიჰჴდე, სხუათა მათ-თჳს ბილწთა გულისთქუმათა, რომელნი იშვებიან მთრვალობისაგან.

ღჳნოჲ სიხარულად მოგუეცა, ვითარცა იტყჳს: „ღჳნომან ახარის გულსა კაცისასა“,2 ხოლო თქუენ, მომთრვალენო, ესევითარი ესე საქმე მისი განჰრყუენით; რამეთუ ვითარიღა არს სიხარული იგი, ოდეს კაცმან გონებაჲ თჳსი წარიწყმიდოს და მიმოიჭრებოდის და ყოველივე გარემოსლვად უჩნდეს, და თუალნი მისნი ბნელ იყვნენ, და ყოველივე ბოროტი თავსა ზედა მისსა დაკრებულ იყოს, და სული მისი დანთქმულ იყოს მწჳრესა ცოდვისასა.

ამას ესევითარსა არა თუ ყოველთა ვეტყჳ, და უფროჲსღა ვთქუა, თუ ყოველთა ვეტყჳ. არა თუ ყოველნი ითრვებიან. ნუ იყოფინ! არამედ რომელ-იგი მომთრვალეთა არამომთრვალენი უგულებელს-ჰყოფენ და არა იღუწიან, ამისთჳს ვაბრალებ. რამეთუ მკურნალიცა, მივიდის რაჲ და იხილის სნეული უღუწოლელად, არა მას აბრალებნ, არამედ მის თანა მყოფ-თა მათ. ეგრეთვე მე თქუენდა მომართ ვიტყჳ და გევედრები: თავნიცა თქუენნი შორს-ყვენით მთრვალობისაგან და მომთრვალენიცა იღუაწენით ზედაჲსზედა სწავლითა და შერჩულვითა მოქცევად ბოროტისა მის ჩუეულებისაგან, რაჲთა არა უძჳრეს პირუტყუთასა ყვნენ თავნი თჳსნი. რამეთუ პირუტყუნი უმეტეს საჴმრისა არარას ეძიებენ, ხოლო ესენი უუგუნურეს მათსა არიან, რამეთუ საზომი იგი საჴმრისაჲ სრულიად დაუვიწყებიეს.

1 1 ტიმ. 5,23. 2 ფსალმ. 103,15.

პირუტყუთა არავინ აიძულებს უმეტეს წესისა ჭამად ანუ სუმად, რაჲთა არა სავნებელ ეყოს, ხოლო თავთა თჳსთა უგუნურნი ესე მომთრვალენი პირუტყუთა სწორადცა არა იღუწიან, არამედ ესოდენსა შთაისხმენ ღჳნოსა, ვიდრემდის ყოველი სენი მათ შეედვას; და არა მას ხოლო დღესა მთრვალობისასა შეედების სალმობაჲ, არამედ მთრვალობაჲღა წარჴდის, სალმობანი იგი სულისა და ჴორცთანი ეგნიან. და გესლი რაჲ მთრვალობისაჲ მის მოჰქარდის, კუალად სხუასა ეძიებნ და ეოცებინ ღჳნოჲ და ჭურნი და საწდენი და ფიალები ღჳნისსასუმლები. და ვითარცა-რაჲ ნავი დამძიმებული ტჳრთითა უზომოჲთა მიეცეს რაჲ ღელვათა სიმძაფრესა, ყოველივე ზღუად შთააბნიის, დაღაცათუ ღელვაჲ იგი დასცხრის, არამედ ზღვევაჲ, რომელ შეემთხჳა, ეგის საკდემელად მათდა, ეგრეთვე მომთრვალეთა შეემთხუევის: დაითრვნიან რაჲ, გარდააბნიან ყოველივე, რაჲცა აქუნ კეთილი, გინა თუ სიწმინდე ჴორცთაჲ, გინა თუ რიდობაჲ, გინა თუ გონიერებაჲ, გინა თუ სიბრძნე, ანუ თუ სიმშჳდე, გინა სიმდაბლე, ყოველივე ესე შთას-თხიის მთრვალობამან ზღუასა მას უშჯულოებისასა და სული იგი მენავეთმოძღუარი მათ თანავე დაანთქის. დაღაცათუ სადმე მთრვალობაჲ იგი მოჰქარდის, ზღვევაჲ იგი კეთილთა მათ საქმეთაჲ, რომელნი წარწყმიდნა, სადაღამცა პოა?

ამისთჳს თქუმულ არს, ვითარმედ: მთრვალობითა სასუფეველი ცათაჲ ვერვინ იხილოს; ამისთჳს იტყჳს მოციქული: „ნუ სცთებითო: არცა მეძავთა, არცა კერპთმსახურთა, არცა მემრუშეთა, არცა მამათამავალთა, არცა ჩუკენთა, არცა მპარავთა, არცა ანგაჰრთა, არცა მომთრვალეთა, არცა მაგინებელთა, არცა მტაცებელთა სასუფეველი ღმრთისაჲ ვერ დაიმკჳდრონ“.1 აჰა ესერა იხილეთ, რაბამთა ბოროტთა თანა აღრაცხა მთრვალობაჲ, რამე-თუ ნანდჳლვე მათ ყოველთა მოყუასი არს და მიზეზი.

აწ უკუე, კაცნო, გულისჴმა-ვყოთ და არარაჲსა ამის და უსარგებლოჲსა საქმისათჳს ნუ მივსცემთ თავთა ჩუენთა ესევითართა ბოროტთა და სულისა წარწყმედასა, არამედ განვეშორნეთ შუებისაგან და მთრვალობისა და მარხვითა და ლმობიერად ვედრებითა ღმრთისაჲთა აღვასრულნეთ დღენი ჩუენნი, რაჲთა ვპოოთ მოტევებაჲ ცოდვათაჲ და საუკუნეთა მათ კეთილ-თა ღირს ვიქმნეთ მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისაჲ არს დიდებაჲ და სიმტკიცე თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

1 1 კორ. 6, 9-10.