მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

თავი ბ̂. სიმშჳდისათჳს და სიწმიდისა და კეთილთა საქმეთათჳს, ნეტარებისათჳს, მიცემისა, მეცნიერებისათჳს და წესიერად ზრახვისა

წმინდა იოანე ოქროპირი
მთარგმნელი: წმინდა ეფრემ მცირე
რედაქტორი: Titus

📋 სარჩევი

მოციქულისაჲ: აწ უკუე, ძმანო ჩემნო საყუარელნო, იყავნ ყოველი კაცი მოსწრაფე სმენად, მძიმე სიტყუად, მძიმე გულისწყრომად, რამეთუ გულისწყრომამან კაცისამან სიმართლე ღმრთისაჲ არა ქმნის (1,19-20).

თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ ვინაჲთგან მთავრად ყოველთა დაბადებულთა შექმნულ ვართ ღმრთისა მიერ, იმისთჳს ნუ დავემონებით ხრწნილებასა ცოდვისასა, რომელი-იგი გარეშე არს და უცხოჲ ბუნებისაგან ჩუენისა, არამედ მარადის მოსწრაფე ვიყვნეთ სმენად და სწავლად ყოვლისა კეთილისა, ხოლო მძიმე — სიტყუად; რამეთუ საცთურმან არს თქეშად რასმე პირველ კეთილად განსწავლისა ენისა და ზედა-მიწევნით მეცნიერებისა საქმეთაჲსა. ხოლო სიმძიმესა გულისწყრომისასა ამისთჳს გუამცნებს, რამეთუ არცა ყოვლად განსაგდებელ არს, არამედ იყვის ოდესმე საჴმარებაჲცა მისი —ეშმაკთა და ვნებათა მიმართ. ხოლო თჳნიერ ამისსა სხჳთ ყოვლით-კერძო განსაგდებელ არს სიმძაფრე გულისწყრომისაჲ რომელი-იგი, მსგავსადვე გულისთქუმისა, დააბრმობს კაცსა, ვერ მიხედვად სამართალთა ღმრთისათა, ვერცა ძრად მათდა ძალისაებრ კაცობრივისა.

მოციქულისაჲ: ამისთჳს განიშორეთ ყოველი მწინკულევანებაჲ და მეტი იგი სიბოროტისაჲ (1,21).

თარგმანი: მეტი რაჲ სიბოროტისაჲ გესმეს, გულისჴმა-ყავ, ვითარმედ ყოველი სიბოროტე გარეთ შემოსრული არს და უცხო ბუნებისაგან ჩუენისა. ამისთჳს უცხოსა და საეშმაკოსა ყოველსავე განშორებად გუამცნებს, რაჲთა კეთილსა ზედა ვეგნეთ, ვითარ-იგი დაბადებულ ვართ დამბადებელისაგან.

მოციქულისაჲ: სიმშჳდით შეიწყნარეთ ნერგი იგი სიტყჳსაჲ, რომელი შემძლებელ არს ცხორებად სულთა თქუენთა (1,21).

თარგმანი: ნერგად სიტყჳსა უწოდს ქადაგებასა ქრისტეს სახარებისასა, რომელი მოქენე არს ჩუენდა, რაჲთა მყუდროებით და სიმშჳდით ადგილვსცეთ მას ნაყოფიერ ყოფად ჩუენ შორის, და არა შევაშთოთ იგი ეკალთა მიერ და ზრუნვათა სოფლიოთა, არამედ ყოვლით კერძო შევიკრძალოთ იგი ყოფად ჩუენ შორის ნაყოფთა მომატყუებელთა ცხორებისა საუკუნოჲსათა.

მოციქულისაჲ: და იყვენით მყოფელ სიტყჳსა მის და ნუ ხოლო მსმენელ და შეურაცხის-მყოფელ თავთა თჳსთა (1,22).

თარგმანი: ვინაჲთგან სიტყუაჲ ჰაერად განბნევადი არს, ამისთჳს საქმით გუაწუევს ქმნასა მოძღურებისა სიტყუათასა, რაჲთა საქმით მოქმედებამან უმეტეს ყოს ჩუენ შორის დაუვიწყებელი წურთილებაჲ სიტყუათაჲ მათ, რომელთა მსმენელი და არა მყოფელი შეურაცხის-მყოფელი არს თავისა თჳსისაჲ, რამეთუ ესმა და უგულებელ ყო საქმით ქმნაჲ თჳსისა სარგებელისაჲ.

მოციქულისაჲ: უკუეთუ ვინმე მსმენელ ხოლო იყოს სიტყჳსა მის და მყოფელ არა, ესევითარი იგი მსგავს არს კაცისა მის, რომელმან განიცადის პირი ქმნულებისა თჳსისაჲ სარკითა. რამეთუ განიცადა თავი თჳსი და წარვიდა, და მეყსეულად დაავიწყდა, რაბამ რაჲ იყო (1,23-24).

თარგმანი: ესე არს კეთილი და ჯეროვანი განცდაჲ პირსა ქმნულებისა თჳსისასა, რაჲთა არა ჟამ ერთ, არამედ სამარადისოდ და აღუჴოცელად წინაშე თუალთა აქუნდეს, თუ ვითარ შეიქმნა ანუ თუ რაჲსათჳს შეიქმნა; ცხად არს, ვითარმედ სამადლობელად ღმრთისა საქმეთა მიერ კეთილთა, და რაჲთა ესრეთ მარადის მოქმედებითა საღმრთოთა მცნებათაჲთა მარადის განაახლებდეს და არაოდეს უტევებდეს მის შორის დაძუელებად ქმნულებასა სამეუფოჲსა მის ხატისასა.

მოციქულისაჲ: ხოლო რომელმან მიხედა შჯულსა მას სრულსა აზნაურებისასა და დაადგრა მას, ესე არა მსმენელ და დამვიწყებელ იქმნა, არამედ მყოფელ საქმისა. ესე ნეტარ იყოს ქმნითა მით მისითა (1,25).

თარგმანი: შჯულ აზნაურებისა არს სრულ მყოფელი ყოველთაჲ სიტყუაჲ მცნებათა უფლისათაჲ, რომელთა საქმით მწურთელი ნეტარებასა მიემთხუევის.

მოციქულისაჲ: რომელსა ეგონოს თქუენ შორის, ვითარმედ ღმრთის მსახურ არს და არა აღჳრ-ასხმიდეს ენასა თჳსსა, არამედ აცთუნებდეს გულსა თჳსსა, ამისი ამაო არს მსახურებაჲ (1,26).

თარგმანი: ვინაჲთგან ვერ შესაძლებელ არს სრულიად ღმრთისმსახურ ყოფაჲ, პირველვე ჯეროვნად აღჳრ-სხმადმდე ენისა, ამისთჳს ეგონოს, იტყჳს, და არა იყოს-ცა. რამეთუ მრავალნი ჰგონებენ ღმრთისმსახურ ყოფად, ხოლო მცირედნი იპოებიან ჯეროვნად და ჭეშმარიტებით ღმრთისმსახურნი.

მოციქულისაჲ: მსახურებაჲ წმიდაჲ და შეუგინებელი ღმრთისა მიერ და მამისა ესე არს: მიხედვაჲ ობოლთა და ქურივთაჲ ჭირსა შინა მათსა და შეუგინებელად დაცვაჲ თავისა თჳსისაჲ ამის სოფლისაგან (1,27).

თარგმანი: არარაჲთა ესრეთ მიემსგავსების კაცი ღმერთსა, ვითარ წყალობითა და ქველის-მოქმედებითა კაცთა ნათესავისაჲთა. ამისთჳს უპირატეს ყოვლისა ესე იძიების საიდუმლოსა მას შინა ღმრთისმსახურებისასა, ვითარმედ: "იყვენით მოწყალე, ვითარცა მამაჲ თქუენი ზეცათაჲ მოწყალე არს" () და "წყალობაჲ მნებავს და არა მსხუერპლი" (). ესე სათნოებაჲ მოწყალებისაჲ მიჰმადლებს კაცსა დაცვად ყოველთაგან სივერაგეთა და მწინკულევანებათა სოფლისა ამის განმხრწნელისათა, რამეთუ სიწმიდით მოქალაქობისა დიდად ძალ-მწე არს ქმნაჲ მოწყალებისაჲ, რაჲთა თანა-შეეწეოდინ კაცსა ლოცვანი ობოლთა და ქურივთა მის მიერ გამოზრდილთა და შეწყალებულთანი.

ნაშრომები > კომენტარები საქმეებზე და კათოლიკე ეპისტოლეებზე, წმ.იოანე ოქროპირი, წმ. ეფრემ მცირე > განმარტებაჲ კათოლიკეთაჲ > თავი ბ̂. სიმშჳდისათჳს და სიწმიდისა და კეთილთა საქმეთათჳს, ნეტარებისათჳს, მიცემისა, მეცნიერებისათჳს და წესიერად ზრახვისა