მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

თავი ე̂. ვითარმედ წარმდები და უწესოჲ ენაჲ წარსწყმედს მომგებელსა მისსა, რომლისა დამჭირვაჲ ჯერ-არს საქებელად და სადიდებელად ღმრთისა

წმინდა იოანე ოქროპირი
მთარგმნელი: წმინდა ეფრემ მცირე
რედაქტორი: Titus

📋 სარჩევი

მოციქულისაჲ: ნუ მრავალნი ჰმოძღურით, ძმანო ჩემნო, უწყოდეთ, რამეთუ უდიდესი საშჯელი მოვიღოთ, რამეთუ ფრიად ვსცთებით ყოველნივე (3,1-2).

თარგმანი: ვინაჲთგან პირველ საქმით წარმართებისა სათნოებათაჲსა სიტყჳთ მოძღურებაჲ სხუათაჲ საქმეთა მათთჳს, რომელნი თჳთ არა აქუნდენ მასწავლელსა მას, არა ხოლო ურგებ, არამედ ფრიადისა ზღვევისაცა მომატყუებელ არს. ამისთჳს საშჯელისა თანა-მდებ ჰყოფს სიტყჳთ მოძღურებასა სხუათასა, რაჟამს თჳთ მოძღუარი იგი ჯერეთ მრავლით კერძო მცთომ იყოს საქმეთა შინა.

მოციქულისაჲ: რომელი სიტყჳთ არა სცთებოდის, იგი სრული კაცი არს. შემძლებელ არს იგი აღჳრ-სხმად ყოვლისავე გუამისა (3,2).

თარგმანი: ესე არს სიტყჳთ არა-მცთომობაჲ მოძღურებასა შინა, რაჲთა, რასა-იგი იტყოდის სასწავლელად სხუათა, ყოველივე თჳთ საქმით წარემართოს. და ესრეთ სრულ ქმნილ იყოს სიტყჳთ და საქმით, რაჲთა ყოველივე გუამი მისი აღჳრ-სხმულად და მიუახლებელად აქუნდეს ყოვლისავე ცოდვისაგან აღჳრითა შიშისა ღმრთისაჲთა, და ესრეთღა ასწავებდეს სხუათა; არა ეგოდენ სიტყჳთ, რაოდენ სიტყჳთ და საქმით, მოქცევასა ბოროტისაგან და ქმნასა კეთილისასა.

კჳრილესი: ყოველსავე ადგილსა ეძიებს სიტყუაჲ ესე მოძღუართაგან და წინამძღუართა ერისათა, რაჲთა სიტყუაჲ აქუნდეს ზომიერად შეზავებული მადლთა მარილითა და არასადეთ მიდრეკილი ზომიერისა და ჯეროვნისაგან, ყოვლად ლტოლვილი ყოვლისა უწესოებისაგან და ყოვლად აღსავსე ყოვლითა წესიერებითა.

მოციქულისაჲ: უკუეთუ ცხენსა აღჳრნი აღუსხნით. დამორჩილებად ჩუენდა, იგი და ყოველი გუამი მისი მოვაქციით. აჰა ესერა ნავებიცა იგი დიდ-დიდები და ფიცხელთაგან ქართა მიმოტაცებულნი მოიქცევიან მცირისაგან საჭისა, ვიდრეცა-იგი ჰნებავნ მისლვად მმართებელსა მათსა. ეგრეცა ენაჲ მცირე ასოჲ არს და დიდად მაღლოის (3,3-5).

თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ, უკუეთუ ცხენი მცირითა აღჳრითა და ნავი დიდი საჭითა კნინითა მოიმორჩილებიან, ესე უფროჲსღა ენისათჳს საძიებელ არს, რაჲთამცა შიშითა ღმრთისაჲთა შეკრული მორჩილ ჩუენდა იყო, არა განსლვად ვინაჲვე გარეგან საღმრთოთა ბრძანებათა გზისა, არამედ აწ, წინაუკუმო, დიდნი იგი და მძლავრნი, რომელ არიან ცხენი და ნავი, ჰმორჩილობენ მცირეთა მათ — აღჳრსა და საჭესა, და მიჰყვებიან, ვიდრეცა ენებოს მიმყვანებელსა მათსა; ხოლო ენაჲ, მცირე და უნდოჲ ასოთა შორის, ლაღ და დაუმჭირველ არს მმართებელისა მისისა.

მოციქულისაჲ: აჰა ესერა მცირემან ცეცხლმან რავდენი ნივთი აღაგზნის, და ენაჲ ეგრეთვე ცეცხლ არს (3,5-6).

თარგმანი: კეთილად მიამსგავსა ენაჲ ცეცხლსა, რამეთუ, ვითარ-იგი მრავალ-გზის მცირითა ნაბერწყალითა დიდ-დიდნი ქალაქნი და სოფელნი დამწუარ არიან, ეგრეთვე მცირითა სიტყჳთა მრავალ-გზის დიდნი შფოთნი და სისხლთ დათხევანი აღტეხილ არიან.

მოციქულისაჲ: სამკაული სიცრუისაჲ, ენაჲ დადგრომილ არს ასოთა შინა ჩუენთა, რომელი შეაგინებს ყოველსა გუამსა (3,6).

თარგმანი: ესე იხილო ენამჭევრთა მათ რიტორთა თანა, ვითარ სიცრუით განამართლიან ცრუჲ და ცრუ ყვიან მართალი, აქებდიან და შეამკობდიან ღირსთა ყოვლისა ძაგებისათა და სძაგებდიან ღირსთა ყოვლისა ქებისათა. და ამას სიცრუესა და უშუერებასა საქმეთა უსამართლოებისასა ჰფარვიდიან და ამკობდიან მლიქნელობითა სიტყუა-მეტნობისაჲთა, და ესრეთ ენისა მიერ იქმნის შეგინებაჲ ყოვლისა გუამისაჲ, რაჟამს არა საღმრთოდ ვიჴუმიით იგი, არამედ წინა-აღმდგომისა საჯდომელ ვყვით აღმოთქუმითა უშჯულოებისა სიტყუათაჲთა. ჰუნედ და განსასუენებელად სამეუფოდ დაბადებული იგი ჩუენ შორის, საგალობელ და სამადლობელ ყოფად მეუფისა და სარგებელ ყოფად მოყუასთა და ძმათა ჩუენთა, ესე უკუეთუ თჳნიერ ამისსა სხჳთ გზით მიდრკებოდის და ორღანო-ყოფისა წილ მეუფისა ორღანო საეშმაკო იქმნებოდის, ვითარცა გესლი სასიკუდინე, ყოველსა გუამსა განეზავების უშუერებაჲ იგი სიტყუათა მისთაჲ.

მოციქულისაჲ: და აღაგზნებს ურმის-თუალსა მას შესაქმისასა და თჳთ აღგზებულ არს გეჰენიისაგან (3,6).

თარგმანი: ურმის თუალად შესაქმისა უწოდს დაუდგრომელსა მოქცევსა დღეთა ჩუენთასა, ვითარ წელიწადი წელიწადადვე კუალად მოიქცევის მიერ სოფლის შესაქმითგან, და სიმრგულისა მისისათჳს მგალობელი გჳრგჳნადცა უწოდს, ვითარმედ: აკურთხო გჳრგჳნი ამის წელიწადისაჲ. ესრეთ უკუე ენისა მიერ შეიგინების ყოველი მოქცევი ჟამთა ჩუენთაჲ, რაჟამს მან აღატყინნეს იგინი ცოდვად და თჳთ ნივთ იქმნეს საუკუნოჲსა ცეცხლისა მდიდრად გარე-მოსხმითა ნივთსა ცოდვისასა, რამეთუ ენისაგან იქმნების ძჳრისზრახვაჲ, განკითხვაჲ, გმობაჲ, ტყუილი, ცრუ-ფიცებაჲ, ცილისწამებაჲ, უშუერნი სიტყუანი სიძვისანი, რაჟამს დაივიწყოს კაცმან, ვითარმედ: სიტყუათა შენთაგან განჰმართლდე და სიტყუათა შენთაგან დაისაჯო.

მოციქულისაჲ: რამეთუ ყოველივე ბუნებაჲ მჴეცთა და მფრინველთა და ქუეწარმავალთაჲ და მცურვალთაჲ დაიმწყსების და დამწყსილ არს ბუნებასა ქუეშე კაცთასა. ხოლო ენაჲ კაცთაჲ ვერვის ჴელ-ეწიფების დამწყსად (3,7-8).

თარგმანი: იხილე, რამეთუ არა განჩინებით იტყჳს, არამედ რეცა კითხვის სახედ, ვითარმედ: რაჲ, უკუეთუ ყოველივე დაიმწყების, ენაჲმცა არა დაიმწყოა? რამეთუ იხილე თჳთ პავლესი, ვითარ იქცა მგმობარ-ყოფისაგან ქადაგ-ყოფად მისსა, რომელსა პირველ უმეცრებით სდევნიდა. და სხუანი ბევრეულნი ენანი მოიქცეს ბოროტისაგან კეთილ ყოფად. რამეთუ მე არარას შეუძლებელსა გეტყჳო, იტყჳს ძმაჲ უფლისაჲ, არამედ ამას ცხად ვჰყოფ, ვითარმედ უკუეთუ ზღჳსანი და ჴმელისანი და ჰაერისანი დაიმწყსებიან, ფრიად სამე უფროჲს ენაჲ, უკუეთუ ოდენ არა ჩუენ განვამჴეცოთ ბოროტისა ჩუეულებითა.

მოციქულისაჲ: დაუპყრობელი ბოროტი სავსე გესლითა მაკუდინებელითა, რამეთუ მით ვაკურთხევთ ღმერთსა და მამასა და მითვე ვსწყევთ კაცთა, რომელნი მსგავსად ღმრთისა შექმნულ არიან. მიერვე პირით გამოვალს კურთხევაჲ და წყევაჲ (3,8-11).

თარგმანი: არა თუ ღმრთივ დაბადებულსა მას სძაგებს ორღანოსა ენისასა, არამედ მაშინდელთა ძჳრთა მისთა წარმოიტყჳს, რაჟამს სამადლობელად და საქებელად ღმრთისა და სასწავლელად და სალოცველად მოყუასთა მოცემული, ნებსით ბოროტისა ჩუეულებითა საწყევარ და საგმობელ მოყუასთა ვყოთ და არა გურცხუენოდის არცაღა სიტყჳსა მისგან, ვითარმედ: უკუეთუ არა მიუტევნეთ კაცად-კაცადმან მოყუასსა თჳსსა ყოვლითა გულითა ცთომანი მათნი, არცა თქუენ მოგეტევნენ ღმრთისა მიერ.

მოციქულისაჲ: არა ჯერ-არს, ძმანო ჩემნო საყუარელნო, ესე ესრეთ ყოფად. ნუ-უკუე წყაროჲსაგან მისვე tualisa aġmodin ტკბილი და მწარე. ეგების-მე-ა, ძმანო ჩემნო, ვითარმცა ლეღუმან ზეთისხილი გამოიღო, გინა ვენაჴმან ლეღჳ? ეგრეთვე ვერცა ერთი წყაროჲ მარილიანსა და ტკბილსა წყალსა აღმოცენებად (3,10-12).

თარგმანი: ესეცა სიტყუანი განმაკრძალებელნი არიან, რაჲთა არა საღმრთოდ საგალობელად განკუთნვილი ენაჲ ჩუენი განუკუთნოთ სიტყუათა უშჯულოებისა და სიცრუისათა, და სამადლობელად მოცემული იგი საგმობელ ვყოთ.

მოციქულისაჲ: ვინ არს ბრძენ და მეცნიერ თქუენ შორის, აჩუენენ კეთილად სლვისაგან საქმენი თჳსნი სიმშჳდითა სიბრძნისაჲთა. ხოლო უკუეთუ შური მწარე გაქუნდეს და ჴდომაჲ გულთა შინა თქუენთა, ნუ იქადით და სტყუით ჭეშმარიტებასა ზედა. არა არს ესე სიბრძნე ზეგარდამოსრული, არამედ ქუეყანისაჲ, მშჳნვიერი და საეშმაკოჲ (3,13-15).

თარგმანი: ესე არს საცნაურებაჲ სიბრნისაჲ, რაჲთა მშჳდ იყოს კაცი და მეცნიერებით განარჩევდეს საღმრთოსა სიბრძნესა და ზეგარდამოსა კაცობრივისაგან და ქუეყნიერისა საეშმაკოჲსა, და არა ხოლო საქმით, არამედ გონებითცა ეკრძალებოდის მიზეზთა შურისა და ჴდომისათა. რამეთუ დაღაცათუ ცხადად ჰფარვიდეს, არამედ გულსაცა შინა ქონებაჲ შურისა და ჴდომისაჲ შორს განაგდებს მას ჭეშმარიტებით და საღმრთოდ სიქადულისაგან. რამეთუ ესე არს ტყუილი ჭეშმარიტებასა ზედა, რაჟამს სახით ჩემებულსა და არა გულითად ქონებულსა რასმე ზედა იქადდეს კაცი და სიქადულითა მით ცუდითა და ამაოჲთა ტყუოდის ჭეშმარიტებასა ზედა.

მოციქულისაჲ: რამეთუ, სადა არს შური და ჴდომაჲ, მუნ შფოთი და ყოველი ბოროტისა საქმე (3,16).

თარგმანი: რაოდენცა დაიყოვნოს გულსა შინა შურმან და ჴდომამან, ეგოდენ უმძაფრეს ჰყოფს შფოთსა და ყოველსა ბოროტსა, ვიდრე კაცის კლვამდეცა.

მოციქულისაჲ: ხოლო ზეგარდამოჲ სიბრძნე პირველად სიწმიდე არს და მერმე მშჳდობაჲ, სახიერებაჲ, მორჩილებაჲ, სავსე წყალობითა და ნაყოფითა კეთილთა საქმეთაჲთა, განუკითხველ და შეუორგულებელ; რამეთუ ნაყოფი სიმართლისაჲ დაეთესვის მშჳდობით მათთჳს, რომელნი ჰყოფენ მშჳდობასა (3,17-18).

თარგმანი: აჰა ესერა ნაყოფთაგან შეგუასწავა ცნობად ზეცისაჲ და საღმრთოჲ სიბრძნე განყოფილად სოფლიოჲსა ამისგან და საეშმაკოჲსა, რამეთუ სიბრძნე ჭეშმარიტი ღმერთი არს, რომელსა არარაჲ ესრეთ საყუარელ უჩნს კაცთა შორის, ვითარ მშჳდობაჲ და ნაყოფნი საღმრთოჲსა მშჳდობისანი.

მოციქულისაჲ: ვინაჲ არიან ბრძოლანი და ლალვანი თქუენ შორის, ანუ არა მიერვე გულისთქუმათაგან თქუენთა, რომელნი განწყობილ არიან ასოთა შინა თქუენთა? (4,1).

თარგმანი: უეჭუელად გულისთქუმაჲ დიდებისმოყუარებისა და საჴმართმოყუარებისაჲ არს მიზეზ ურთიერთას ბრძოლათა და ლალვათა, რამეთუ კმა ვისსამე იყვის სახლი გინა აგარაკი თჳსი, რომელი აქუნ, არამედ ამისთჳს ოდენ გული უთქუამნ სხჳსაცა, რამეთუ მოყუსისაჲ უფროჲს იყვის მისსა. ესევითარი ესე გულისთქუმაჲ მარადის მბრძოლებისათჳს განწყობილად ითქუმის ასოთა შინა ჩუენთა, რაჲთა ჴორცთა მიერ ბრძოლა-უყოს სულსა.

მოციქულისაჲ: გული გითქუამს და არა გაქუს, კაც-ჰკლავთ და იშურებით და ვერ ძალ-გიც მიმთხუევად, ილალვით და იბრძვით და არა გაქუს, რამეთუ არა ითხოვთ. ითხოვთ და ვერ მიიღებთ, რამეთუ ბოროტად ითხოვთ, რაჲთა გულისთქუმათა შინა თქუენთა განილინეთ (4,2-3).

თარგმანი: უძღებ არს გულისთქუმაჲ და მარადის განუძღომელ ჰყოფს კაცსა მარადის ნებებითა უმეტესისაჲთა. ამისთჳს იქმნებიან შურნი და კაცის კლვანი სასოებითა გულის-სათქუმელისა მიმთხუევისაჲთა. ხოლო უფროჲსღა განეჴუებიან გულის-სათქუმელისაგან, რამეთუ ლალვით და ბრძოლით ჰნებავს განმდიდრებაჲ და არა ღმრთისა მიერ ქენებით თხოვითა. იყვის ოდესმე, რომელ დაღაცათუ ღმრთისაგან ითხოვდიან, არავე მისცის სათხოველი იგი, რამეთუ არა საღმრთოდ ითხოვდიან, არცა საღმრთოდ ეგულებოდის ჴმარებაჲ მისი. ამისთჳს უტევნის იგინი ღმერთმან, რაჲთა გულისთქუმისა მიერვე თჳსისა შეიჭამნენ და განილინენ, ვითარცა რკინაჲ გესლისაგან.

მოციქულისაჲ: მეძავნო და მემრუშენო, არა უწყითა, რამეთუ სიყუარული სოფლისაჲ ამის მტერობაჲ არს ღმრთისაჲ? აწ უკუე, რომელსა უნდეს მეგობარ ყოფად ამის სოფლისა, მტერად ღმერთსა აღუდგებეს (4,4).

თარგმანი: მეძავად და მემრუშედ ეწოდების არა ხოლო საქმით მოქმედსა სიძვისა და მრუშებისასა, არამედ გულისმთქუმელსაცა ჴორციელთა და უწესოთა საქმეთასა. ხოლო სოფლად აწინდელსა ამას ადგილსა ყოველსავე უწოდს ნივთთ-მოყუარესა ცხორებასა, რომელი-იგი დედაჲ არს ხრწნილებისაჲ. ამისთჳს ტრფიალნი მისნი ღმერთსა მტერად აღუდგებიან, რაჲთა, ვითარცა შეუძლებელ არს ერთბამად მონებაჲ ღმრთისა და მამონაჲსი, ეგრეთვე შეუძლებელ არს ზოგად სოფლისმოყუარებაჲ და ღმრთისმოყუარებაჲ. ამისთჳს ქრისტე მკუეთელობითა სიტყჳსაჲთა განარჩევს და განჰყოფს ღმრთისმოყუარეთა სოფლისმოყუარეთაგან, და შეიქმს მტერობასა ბოროტთა მათ შორის სახლეულთა, რაჲთა განიყვნენ ერთობისაგან ყოველნი ურთიერთას მავნებელნი სულისანი.

მოციქულისაჲ: ანუ ჰგონებთა, ვითარმედ ცუდად იტყჳს წიგნი: საშურებელად ჰსურის სულსა, რომელი დამკჳდრებულ არს ჩუენ თანა უფროჲს მოცემად მადლი (4,5).

თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: ვინაჲთგან შურისა მიერ ეშმაკისა სიბოროტე შემოჴლა ჩუენ შორის, ამისთჳსცა ღმერთი წმიდათა წერილთა მიერ ნაცვალად ბოროტისა მის შურისა საღმრთოსა შურსა დაჰნერგავს ჩუენ შორის და აღგუაბაძვებს სურვილად ზეცისათა მათ. ხოლო წერილისაჲ ერთი ოდენ ესე სიტყუაჲ არს, ვითარმედ: "ჰსურის სულსა". ამისსა შემდგომად თარგმნის, ვითარმედ: სული იგი მადლისაჲ, რომელი დამკჳდრებულ არს ჩუენ შორის, უფროჲსისა მიმართ აღგუაშურვებს, რაჲთა ზეცისა დიდებისა სურვილითა შეურაცხ ვყოთ ქუეყანისა ესე დიდებაჲ, რამეთუ ესე არს დამკჳდრებაჲ უფროჲსისა მადლისაჲ, რაჲთა წარმავალნი განვცვალნეთ წარუვალად და საწუთრონი —საუკუნოდ.

მოციქულისაჲ: ამისთჳს იტყჳს: ამპარტავანთა შეჰმუსრავს ღმერთი, ხოლო მდაბალთა მოსცის მადლი (4,6).

თარგმანი: ესე იგავთაგან შემოუღებიეს წამებად, რაჲთა სიმდაბლით და შევრდომით მოქენე ყოს გონებაჲ ჩუენი მოწყალებათა მიმართ ღმრთისათა, რაჲთა მან სახიერებით აღამაღლოს მიწად სიკუდილისა დამდაბლებული ცხორებაჲ ჩუენი.

მოციქულისაჲ: დაემორჩილენით ღმერთსა და წინა-აღუდეგით ეშმაკსა და ივლტოდის თქუენგან. მიეახლენით ღმერთსა და მოგეახლოს თქუენ (4,7-8).

თარგმანი: სიმდაბლითა იქმნების მიახლებაჲ ღმრთისაჲ და განშორებაჲ ეშმაკისაგან, რამეთუ ყოველი მორჩილი ღმრთისაჲ ეშმაკისა ურჩ არს, და მახლობელი ნათლისაჲ — შეტკბობითა ნათლისა საქმეთაჲთა — ბნელისაგან ყოვლად განშორებულ არს.

მოციქულისაჲ: განიწმიდენით ჴელნი, ცოდვილნო, და უბრალო ყვენით გულნი, ორგულნო. დამდაბლდით და ტიროდეთ და იგლოვდით. სიცილი თქუენი გლოვად გარდაიქეცინ და სიხარული თქუენი —მწუხარებად. დამდაბლდით წინაშე უფლისა და აღგამაღლნეს თქუენ (4,8-10).

თარგმანი: განწმედა ჴელთა არს განყენებაჲ ბოროტთა საქმეთაგან, რამეთუ ჴელნი საქმისა სახე არიან; და უბრალო-ყოფაჲ გულთაჲ არს, რაჲთა არა ხოლო საქმითთა, არამედ გულისსიტყჳთთაცა ბრალთა განწმედისაგან მოვიძარცოთ სახელი ორგულებისაჲ. ხოლო ვინაჲთგან სიცილი ურცხჳნოებისა სახე არს, ამისთჳს ცოდვათა ზედა ტირილად და გლოვად გუაწუევს. რამეთუ, უკუეთუ მართალთა და წმიდათა — ზუაობაჲ და სილაღე არაწმიდა ჰყოფს, რაოდენ უფროჲს ცოდვილი და ბრალეული ულხინებელ-ყოს სილაღემან და ულმობელობამან ცოდვათა ზედა. რამეთუ შემუსრვილთა და ძრწოლით ზარგანჴდილთა საუკუნოჲსა საშჯელისაგან უფალი იჴსნის და აღამაღლებს სიმაღლედ სათნოებისა. ხოლო ესე არს წინაშე უფლისა დამდაბლებაჲ, რაჲთა არა გარეშითა ოდენ კაცითა, არამედ შინაგანითაცა მდაბალ და შემუსრვილ ვიყვნეთ წინაშე მისსა, რომელი განიკითხავს გულთა და თირკუმელთა.

მოციქულისაჲ: ნუ ძჳრსა იტყჳთ, ძმანო ჩემნო, ურთიერთას. რომელი ძჳრსა იტყოდის ძმისათჳს და განიკითხვიდეს ძმასა თჳსსა, განიკითხავს შჯულსა და შჯის შჯულსა. უკუეთუ შჯულსა შჯი, არა ხარ მყოფელ შჯულისა, არამედ განმკითხველ (4,11).

თარგმანი: ყოველივე შჯულისა გარდასლვაჲ, ძჳრის ზრახვისა და განკითხვისა მიერი, დავიწყებითა იქმნების თჳსთა ცოდვათაჲთა. ამისთჳსცა მარადის ვიჴსენებდეთ მათ, რაჲთა არა მოგუეცალოს განკითხვად მოყუასთა, და მის ძლით გარდასლვად შჯულსა მისსა, რომელმან-იგი ყოველი საშჯელი მოსცა ძესა. ამისთჳს მიმტაცებელნი პატივისა მისისანი, არა ხოლო ვითარცა გარდამავალნი, არამედ ვითარცა დამშჯელნიცა მის შჯულისანი განიკითხვიან, რომელი იტყჳს: ნუ განიკითხავთ, რაჲთა არა განიკითხნეთ.

მოციქულისაჲ: ერთი არს შჯულის-მდებელი და განმკითხველი, რომელი შემძლებელ არს ცხორებად და წარწყმედად. შენ ვინ ხარ, რომელი განიკითხავ მოყუასსა? (4,12).

თარგმანი: აჰა ესერა მოგუაჴსენა თუალ-უხუავი იგი და საშინელი მსაჯული, რომლისა მიერ მოგჳღიეს შჯულის-დებაჲ ესე, რაჲთა არავის განიკითხვიდენ კაცნი პირველ საყდრისა მისისა, და იგი არს დამშჯელ და განმა-მართლებელ ყოველთა.

ნაშრომები > კომენტარები საქმეებზე და კათოლიკე ეპისტოლეებზე, წმ.იოანე ოქროპირი, წმ. ეფრემ მცირე > განმარტებაჲ კათოლიკეთაჲ > თავი ე̂. ვითარმედ წარმდები და უწესოჲ ენაჲ წარსწყმედს მომგებელსა მისსა, რომლისა დამჭირვაჲ ჯერ-არს საქებელად და სადიდებელად ღმრთისა