📋 სარჩევი
მოციქულისაჲ: ყოველმან რომელმან არა ქმნეს სიმართლე, იგი არა არს ღმრთისაგან, და რომელსა არა უყუარდეს ძმაჲ თჳსი. რამეთუ ესე არს აღთქუმაჲ, რომელი გუესმა პირველითგან, რაჲთა ვიყუარებოდით ურთიერთას (3,10-11).
თარგმანი: არა, ვითარ-იგი ვიეთმე გულისჴმა-ყვეს, მიწისაგანობაჲ ბუნებისაჲ მაყენებს ჩუენ, რაჲთა ღმრთისაგან ვიყვნეთ, არამედ არა-მსგავსებაჲ მისი სათნოებითა. რამეთუ მისგანობაჲ ჩუენი ბუნებითადცა ითქუმის, რამეთუ მისნი შექმნულნი ვართ. ხოლო აწ სათნოებათა მიერითა მსგავსებითა მადლით მისგანობად გუაწუევს სიყუარულითა მოყუასთაჲთა, რამეთუ მან თავადმან ესე აღგჳთქუა, ვითარმედ: "ამით ცნან ყოველთა, რამეთუ ჩემნი მოწაფენი ხართ, რაჟამს იყუარებოდით ურთიერთას" ().
მოციქულისაჲ: არა ვითარცა-იგი კაინ, რომელი-იგი უკეთურისაგანი იყო და მოკლა ძმაჲ თჳსი. და რაჲსთჳს-მე მოკლა იგი? — რამეთუ საქმენი მისნი ბოროტ იყვნეს, ხოლო ძმისა მისისანი — მართალ (3,12).
თარგმანი: იხილე, რამეთუ რაჟამს სათნოებაჲ ვყოთ, —ღმრთისაგანად, ხოლო რაჟამს სიბოროტე ვქმნათ, — უკეთურისაგანად ვითქუმით; ვითარ-ესე აწ კაენ, ღმრთისა მიერ დაბადებული, არათუ ბუნებითა, არამედ საქმეთა მისთა ბოროტებითა უკეთურისაგანად ითქუმის, ვითარ დასაბამ და დამწყებელ ქმნილი სიკუდილისაჲ და მასწავლელელი კაცთაჲ მოსისხლეობისა და ძმის მკლველობისაჲ, რომელი-იგი ქმნა შურისა მიერ და სიძულილისა.
მოციქულისაჲ: ნუ გიკჳრნ თქუენ, ძმანო ჩემნო, რამეთუ გძულობს თქუენ სოფელი (3,13).
თარგმანი: ამისთჳს გჳჴმს, რაჲთა არა გჳკჳრდეს ჩუენი სიძულილი, რამეთუ პირველად მოძღუარი და შჯულის-მდებელი ჩუენი ქრისტე მოიძულეს მკჳდრთა სოფლისათა.
მოციქულისაჲ: ჩუენ უწყით, რამეთუ მივიცვალენით სიკუდილისაგან ცხორებად, რამეთუ გჳყუარან ძმანი. რომელსა არა უყუარდეს ძმაჲ, სიკუდილსა შინა დადგრომილ არს (3,14).
თარგმანი: ვიეთნი ჩუენ? - არამედ მსმენელნი სიტყჳსა ღმრთისანი; აწვე, პირველ სიკუდილისა, ამიერ მიცვალებულ ვართ; და ესე სიტყუამან ღმრთისამან გუაუწყა, რაჟამს თქუა: ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ, რომელმან სიტყუანი ჩემნი დაიმარხნეს, არა იხილოს მან სიკუდილი, არამედ მიიცვალოს სიკუდილისაგან ცხორებად. ამისთჳსცა ურჩი ბრძანებათა მისთაჲ სიკუდილსა შინა დაშთების, ვითარცა სამარადისოდ მოუქცეველი ცოდვათა მოქმედებისაგან.
მოციქულისაჲ: ყოველსა რომელსა სძულდეს ძმაჲ თჳსი, იგი კაცის-მკლველი არს, და იცით, რამეთუ ყოველსა კაცის-მკლველსა არა აქუს ცხორებაჲ საუკუნოჲ მის თანა დადგრომილად (3,15).
თარგმანი: ვითარ-იგი მაცხოვარი ძირითურთ აღმოჰფხურის ვნებათა, რამეთუ გულისთქუმად გუაყენებს მრუშებისათჳს, ხოლო განრისხებად - კაცის-კლვისათჳს, ეგრეთვე აწ ღმრთისმეტყუელი, ვითარცა მეცნიერი, ვითარმედ სიძულილისაგან იშვების კაცის-კლვაჲ, კაცისმკლველ უწოდს ძმის მოძულესა, რაჲთა ბოროტებითა სახელისაჲთა ძირითურთ აღმოჰფხურას სიბოროტე საქმისაჲ და შეგუაძრწუნნეს განვრდომითა საუკუნოჲსა ცხორებისაგან. ესე თჳთ თავადი არს უფალი და ღმერთი ჩუენი იესუ ქრისტე, რომელი-იგი არა დაიმკჳდრებს ძმათ-მოძულეთა შორის, ვითარცა თჳთ ბუნებით სიყუარული.
მოციქულისაჲ: ამით ვცანთ სიყუარული მისი, რამეთუ მან სული თჳსი ჩუენთჳს დადვა, და ჩუენცა თანა-გუაც ძმათათჳს სულთა ჩუენთა დადებაჲ (3,16).
თარგმანი: ყოველივე სახედ და საცხორებელად ჩუენდა ყო ქრისტემან. საიდუმლოჲ ჴორცთშესხმისა და ვნებისა თჳსისაჲ, რაჲთა, რაჲ-იგი მან არა უღირს-იჩინა ჩუენთჳს თავს-დებად, არცა ჩუენ უღირს-ვიჩენდეთ ყოვლისავე მის ყოფად და თავს-დებად ძმათა და მოყუასთა ჩუენთათჳს.
მოციქულისაჲ: უკუეთუ ვისმე აქუნდეს საცხორებელი სოფლისაჲ ამის, და იხილოს ძმაჲ თჳსი, რომელსა ეჴმარებოდის რაჲმე და დაჰჴშნეს ნაწლევნი თჳსნი მისგან, ვითარ-მე ჰგიეს მის თანა სიყუარული ღმრთისაჲ? (3,17).
თარგმანი: ყოვლისაჲვე საჴმართა და მონაგებთაჲ ესრეთ ჰნებავს განწესებად ქადაგთა ჭეშმარიტებისათა, რაჲთა არავინ თქუას ძმათა ქრისტეანეთაგანმან მონაგები თჳსი თჳსად, არამედ რაჲთა ყოველივე საზოგადოდ და უშურველად საჴმრად წინამდებარე იყოს ყოველთათჳს და ესრეთ დაიმკჳდრონ სახელი ღმრთისმოყუარებისა და ძმათმოყუარებისაჲ.
მოციქულისაჲ: შვილნო ჩემნო, ნუ ვიყუარებით სიტყჳთა ხოლო, ნუცა ენითა, არამედ საქმითა და ჭეშმარიტებითა, და ამით საცნაურ ვიყვნეთ, რამეთუ ჭეშმარიტებისაგანნი ვართ, და წინაშე მისსა გულნი ჩუენნი გუერწმუნებიან, რამეთუ უკუეთუ გუგმობდეს გული ჩუენი, უფროჲს არს ღმერთი გულისა ჩუენისა და იცის ყოველი (3,18-20).
თარგმანი: ვინაჲთგან გულთ-მეცნიერ არს ღმერთი, ამისთჳს ყოველსავე გულითადსა ეძიებს, და არარას მაჩუენებლობითსა მიითუალავს. ამისთჳს საქმით და ჭეშმარიტებით ჯერ-არს ქონებაჲ სიყუარულისაჲ, და რაჲთა არცა ერთი ორგულებაჲ იყოს გულთა შინა ჩუენთა, რამეთუ უკუეთუ მხილებაჲ სჳნიდისისაჲ მძიმე არს და მოუთმენელად მწერტელ, რაოდენ უფროჲს ცნობაჲ ღმრთისაჲ, რომელსა არარაჲ დაეფარვის, რაოდენსა გუგმობდეს და განგჳკითხვიდეს გული ჩუენი.
მოციქულისაჲ: საყუარელნო, უკუეთუ გული ჩუენი არა გუგმობდეს ჩუენ, განცხადებულებაჲ გუაქუს ღმრთისა მიმართ, და რაჲცა-იგი ვითხოვოთ, მოვიღოთ მისგან, რამეთუ მცნებათა მისთა ვიმარხავთ და სათნოებასა წინაშე მისსა ვჰყოფთ და ესე არს მცნებაჲ მისი, რაჲთა გურწმენეს სახელი ძისა მისისა იესუ ქრისტესი და ვიყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა მომცა მცნებაჲ. და რომელი იმარხვიდეს მცნებათა მისთა, მის თანა ჰგიეს და იგი თავადი მის თანა. და ამით უწყით, რამეთუ ჰგიეს ჩუენ თანა სულისა მისგან, რომელი მომცა ჩუენ (3,21-24).
თარგმანი კჳრილესი: ვინაჲთგან, სიტყჳსაებრ სახარებისა, ვიდრე-ესე ვიდოდით გზასა ზედა ამის ცხორებისასა, კრძალვაჲ გჳღირს, რაჲთა არა გუგმობდეს გული ჩუენი, რომელ არს სჳნიდისი, მამხილებელი კეთილთა და ბოროტთაჲ, რომელსაცა მუნ წინა-მოსაჯულად უწოდს, რომელი-იგი ამისთჳს საკრძალავ არს, რამეთუ უკუეთუ არა უსმინოს მას, რაჟამს გამხილოს შენ რაჲსათჳსმე სლვასა შინა ამის საწუთროჲსა გზისასა, მი-რაჲ-ხჳდეთ სამშჯავროსა მას საუკუნესა, შეგასმინოს და განგაქიქოს შენ წინაშე მთავრისა მის და მსაჯულისა ცხოველთა და მკუდართაჲსა. ხოლო უკუეთუ განვიწმიდოთ მხილებაჲ სჳნიდისისაჲ, მაშინ კადნიერებაჲ გუაქუნდეს ღმრთისა მიმართ, ვითარცა მცნებათა მისთა დამმარხველთა და სათნოებისა არა კაცთა საჩუენებელად, არამედ მის მხოლოჲსა წინაშე მყოფელთა, და მოგუეცეს აღსრულებაჲ თხოვათა ჩუენთაჲ, რამეთუ მცნებათა მისთა დამცველთა შორის იგი თავადი სავანე ჰყოფს, რომელმან მომცა ჩუენ სული წმიდაჲ მისი.
მოციქულისაჲ: საყუარელნო, ნუ ყოველი სული გრწამნ, არამედ გამოიცადენით სულნი, უკუეთუ ღმრთისაგან იყვნენ, რამეთუ მრავალნი ცრუ წინაჲსწარმეტყუელნი განსრულ არიან სოფლად. ამით უწყოდეთ სული ღმრთისაჲ: ყოველმან სულმან, რომელმან არა აღიაროს იესუ ქრისტე ჴორციელად მოსრული, იგი არა ღმრთისაგან არს, და ყოველმან სულმან, რომელმან აღიაროს იესუ ქრისტე ჴორციელად მოსრული, იგი ღმრთისაგან არს (4,1-3).
თარგმანი: შემდგომად ქრისტეს ზეცად ამაღლებისა, მყის მრავალთა ცრუ-წინაჲსწარმეტყუელთა და ცრუ-მოციქულთა ფრიადნი წვალებანი შემოიხუნეს სოფლად, რომელთა აწ განაქიქებს. რამეთუ იყვნეს ვინმე, რომელთა თქუეს, ვითარმედ ოცნებით ჩემებითა კაცებისაჲთა ზეცით გარდამოიხუნა ჴორცნი უფალმან, რომელთა წვალებაჲ განიჩემეს მანიქეველთა. ამისთჳს მოციქული განგდებულ ჰყოფს ღმრთისაგან, უვარის-მყოფელთა ქრისტეს ჴორცთშესხმისათა, და მათ ხოლო უწოდს ღმრთისა მიერად, რომელთა აღიარონ და ქადაგონ ჭეშმარიტებით ჩუენ კაცთაგან მიღებითა ჴორცთაჲთა განკაცებაჲ სიტყჳსა ღმრთისაჲ. ხოლო აღსაარებასა თანა მართალსა უჴმს სრულებაჲმცა მცნებათა მისთა მორჩილებისაჲ.
მოციქულისაჲ: და ესე არს ანტიქრისტესთჳს რომელ გასმიეს, ვითარმედ მოსლვად არს და აწცა სოფელსა შინა არს (4,3).
თარგმანი: ანტიქრისტე წინა-აღმდგომად ღმრთისა გამოითარგმანების და ყოველი წინა-აღმდგომი ღმრთისაჲ ანტიქრისტე არს. რამეთუ დაღაცათუ სხუაჲ არს ჟამთა აღსასრულსა მომავალი იგი ანტიქრისტე, რომელსა მაშინვე წინა-უსწრვეს მწვალებელთა — სიმონიანთა და მანიქეველთა და პავლუკიანთა. ამისთჳს მოციქული მათთჳს იტყჳს, ვითარმედ: ანტიქრისტესი იგი, რომლისა მოსლვაჲ გასმიეს, მისნი მობაძავნი აწცა იპოებიან სოფელსა შინა.
მოციქულისაჲ: თქუენ ღმრთისაგან ხართ, შვილნო, და გიძლევიეს მათდა, რამეთუ უფროჲს არს, რომელი-იგი თქუენ შორის არს, ვიდრეღა რომელი-იგი სოფლისაგან. იგინი სოფლისაგანნი არიან. ამისთჳსცა სოფლისასა იტყჳან და სოფელი ისმენს მათსა. ჩუენ ღმრთისაგან ვართ. რომელმან იცოდის ღმერთი, მან ისმინოს ჩუენი და რომელი არა იყოს ღმრთისაგან, მან არა ისმინოს ჩუენი (4,4-6).
თარგმანი: სოფლად და სოფლისაგანად აწინდელსა ამას ადგილსა ბოროტთა კაცთა უწოდს, და მძლედ ესევითარისა მის სოფლისა იტყჳს შვილთა ღმრთისათა, რომელთა შორის მყოფ არს ღმერთი მამაჲ ძისა მიერ და სულისა. ხოლო სოფლისაგანთა მათ შორის განისუენებს ეშმაკი და თჳსნი თჳსთა ჰყუარობენ: სოფლის მოყუარენი ისმენენ სოფლისაგანთასა და ურჩ არიან ღმრთივ მოვლინებულთა მათ, ხოლო ჭეშმარიტნი ღმრთისმეცნიერნი მორჩილებით შეუდგან მოძღუართა მათ მათთა და ქადაგთა ჭეშმარიტებისათა.
მოციქულისაჲ: ამის გამო ვცნათ სული ჭეშმარიტებისაჲ და სული მაცთურებისაჲ (4,6).
თარგმანი: რაჲსა ამის? — გარნა ზემო წარმოთქუმულისა შეტყუებისაგან, ვითარმედ: ქრისტეს ჴორცთშესხმისა აღმსაარებელსა სული ღმრთისაჲ აქუს, ვითარცა ქადაგსა ჭეშმარიტებისასა, ხოლო უვარის-მყოფელსა მისსა — სული საეშმაკოჲ მაცთურებისაჲ.
მოციქულისაჲ: საყუარელნო, ვიყუარებოდით ურთიერთას, რამეთუ სიყუარული ღმრთისაგან არს, და ყოველი, რომელსა უყუარდეს, ღმრთისაგან შობილ არს და იცის ღმერთი, რომელსა არა უყუარდეს, მან არა იცის ღმერთი, რამეთუ ღმერთი სიყუარული არს (4,7-8).
თარგმანი: რომლითაცა სახითა სათნოებისაჲთა ვემსგავსნეთ ღმერთსა, ნაშობ მისსა გუეწოდების, და მეცნიერებასა სიტყჳთსა და აღსაარებითსა საქმითი მორჩილებაჲ მცნებათა მისთაჲ საძიებელ იქმნების. ხოლო უფროჲს ყოველთა ურთიერთას სიყუარულითა ვემსგავსებით მას, რომელსა-იგი სიყუარულ უწოდიან უფროჲს ყოვლისა სახელისა, მისდა განკუთნვილისა. გარნა ამიერ გჳჴმს ფრიადი კრძალულებისა ქონებაჲ, რაჲთა არა მტყუარ ანუ საეშმაკო იყოს სიყუარული ჩუენი, ვითარ-იგი არს ბოროტებასა ზედა შეთქუმულთა მოყუასთაჲ, არამედ ყოვლითურთ წმიდად და უბიწოდ ჯერ-არს დამარხვაჲ სიყუარულისაჲ, შეუხებელად ყოვლისაგან სივერაგისა და მზაკუვარებისა, რაჲთა, ვითარცა შვილნი ღმრთისანი და ძმანი, შობილნი წმიდისა ემბაზისანი, ესრეთ ვიყუარებოდით ურთიერთას.
მოციქულისაჲ: ამით განცხადნა სიყუარული ღმრთისაჲ ჩუენ შორის, რამეთუ ძე თჳსი მხოლოდშობილი მოავლინა ღმერთმან სოფლად, რაჲთა ვცხონდეთ მის მიერ. და ესე არს სიყუარული; არა რამეთუ ჩუენ შევიყუარეთ ღმერთი, არამედ რამეთუ მან ჩუენ შემიყუარნა და მოავლინა ძე თჳსი მლხინებელად ცოდვათა ჩუენთა (4,9-10).
თარგმანი: ამის ქველის-მოქმედებისა მარადის ჴსენებაჲ გჳღირს, რაჲთა, ვითარ-იგი არა ჩუენ შევიყუარეთ ღმერთი, არამედ მან პირველად შემიყუარნა. და ესე იყო საზღვარი გარდამატებულისა სიყუარულისაჲ, ვითარ მხოლოდშობილსა თჳსსა არა ჰრიდა სიკუდიდ მიცემად ჩუენთჳს, ეგრეთვე ჩუენ ნუ პირველად მოყუასთაგან ვეძიებთ ჩუენებასა სიყუარულისასა. არამედ ჩუენ პირველად შევიყუარნეთ ძმანი ჩუენნი; არა ვითარმცა ნაცვალსა გარდავიჴდიდით მათისა სიყუარულისასა, არამედ ვითარმცა შჯულსა აღვასრულებდით სამეუფოსა ურთიერთას დაცვითა საღმრთოჲსა მის შვილებისა და ძმობისა და ძალისაებრ მსგავსებისასაცა ბუნებით შემოქმედისა და მადლით მამისა ჩუენისა, ღმრთისა ყოველთა დამბადებელისა და ყოვლისავე ჩუენთჳს განმგებელისასა.