📋 სარჩევი
მოციქულისაჲ: ყოველსა, რომელსა ჰრწმენეს, ვითარმედ იესუ არს ქრისტე, იგი ღმრთისაგან შობილ არს, და ყოველსა, რომელსა უყუარდეს მშობელი, უყუარს შობილიცა იგი მისგან (5,1).
თარგმანი: კუალად მწვალებელთა პირსა სცემს და ძირითურთ აღმოჰფხურის ბოროტსა მათსა ზედაჲს-ზედა თქუმითა, ვითარმედ არა სხუაჲ არს იესუ, მარიამისგან შობილი და სხუაჲ — ქრისტე, ძე ღმრთისაჲ, არამედ ერთ არს და იგივე უფალი და ღმერთი ჩუენი იესუ ქრისტე, პირველ საუკუნეთა მხოლოდშობილი მამისაგან, და იგივე უკუანაჲსკნელთა ჟამთა ჴორცშესხმული ქალწულისაგან, ღმერთი და კაცი, ერთი გუამი ორითა ბუნებითა.
მოციქულისაჲ: ამით უწყით, რამეთუ გჳყუარან შვილნი ღმრთისანი, რაჟამს ღმერთი გჳყუარდეს და მცნებათა მისთა ვიმარხვიდეთ. რამეთუ ესე არს სიყუარული ღმრთისაჲ, რაჲთა მცნებათა მისთა ვიმარხვიდეთ, და მცნებანი მისნი მძიმე არა არიან (5,2-3).
თარგმანი: რომელთა სარწმუნოებასა თანა მართალსა საქმენიცა სათნოებისანი წარჰმართნენ, ესევითარნი იგი ღმრთისაგან იშვებიან, და ღმრთისაგან შობილნი იგი ამით საყუარელ იქმნებიან, რაჲთა სიყუარულითა მათითა ცხად ვყოთ სიყუარული მშობელისა მის მათისა ღმრთისაჲ, რომლისა სიყუარულ არს დამარხვაჲ მცნებათა მისთაჲ, რომელი ჴმობს: "უღელი ჩემი ტკბილ არს და ტჳრთი ჩემი — მცირე" (), რამეთუ არა ბრპენის სახედ ქუე-დამზიდველ არიან სათნოებანი, არამედ ფრთე ექმნებიან სულსა, აღმყვანებელ ზეცად. გარნა ჩუენ ჴორცთ-მოყუარებაჲ მძიმედ აღგჳჩენს მათ, რომელთა შინა რაჲ სიმძიმე არს, რაჟამს გუეტყოდინ შეყუარებად ღმრთისა, რომელმან შემიყუარნა ჩუენ და შეყუარებად ძმათა ჩუენთა. რამეთუ არა გამოყვანებასა საპყრობილით, არცა აღდგინებასა სნეულისასა, არამედ მისლვასა ოდენ გუამცნებს ხილვად მათდა. არცა მრავალფერთა სანოვაგეთა მიცემად მშიერისა, არამედ პურსა — საჭიროა საზრდელსა, და ამას აღიარებს დღესა მას საშჯელისასა მადლობით ჩუენთჳს: "მშიოდა და მეცით მე ჭამადი, მწყუროდა და მასჳთ" () და შემდგომი ამისი. ამას ყოველსა თანა ესე არს უმეტესი არა-სიმძიმე მცნებათა მისთაჲ, რამეთუ ჩუენგან გულსმოდგინებასა ხოლო ეძიებს და დაწყებასა მოქმედებისასა, და იგი თავადი შეგუეწევის და სრულ ჰყოფს საქმით გულსმოდგინებასა ჩუენსა.
მოციქულისაჲ: რამეთუ ყოველი რომელი შობილ იყოს ღმრთისაგან, სძლევს სოფელსა. და ესე არს ძლევაჲ, რომლითა სძლევს სოფელსა, სარწმუნოებაჲ ჩუენი. რაჲ არს, რომლითა სძლევს სოფელსა? —არამედ რომელსა ჰრწმენეს, ვითარმედ იესუ არს ძე ღმრთისაჲ (5,4-5).
თარგმანი: სიტყჳთა სარწმუნოებისაჲთა და ძალითა ნათლისღებისაჲთა მადლით ვიშვებით ღმრთისა მიერ, და რაჟამს მის მიერ შობილნი სათნოებათა მიერ ვემსგავსებოდით მას, ვსძლევთ სოფელსა, ესე იგი არს ყოველსა სიბოროტესა და უღმრთოებასა. რამეთუ ძალი სარწმუნოებისა ჩუენისაჲ განმჴდელ ექმნების ყოველსა ბნელსა უმეცრებისასა, რაჟამს სიტყჳთ და საქმით გურწმენეს, ვითარმედ იესუ არს ძე ღმრთისაჲ. რამეთუ ამით სიტყჳთა აწ კუალადცა მწვალებელთა განჰგურემს ღმრთისმეტყუელი, რაჲთა მრავალ-გზის თქუმითა ნუ-უკუე და მოაქცინეს იგინი გმობისაგან მათისა.
მოციქულისაჲ: ესე არს, რომელი მოვიდა წყლითა და სისხლითა - იესუ ქრისტე. არა წყლითა ხოლო, არამედ წყლითა და სისხლითაცა. და სული არს, რომელი წამებს, რამეთუ სული არს ჭეშმარიტებისაჲ (5,6).
თარგმანი: რაჲთა საცნაურ იქმნას, ვითარმედ არა ლიტონი კაცი არს უფალი ჩუენი იესუ ქრისტე, არამედ ჭეშმარიტად ღმერთი და კაცი, ამისდა უწყებად განიგუმირა რაჲ ჯუარსა ზედა, არა ხოლო სისხლი გარდამოჴდა, ვითარცა ლიტონისა კაცისაჲ, არამედ ერთბამად სისხლი და წყალი, ვითარცა ღმრთისაგან ჩუენთჳს ჴორცშესხმულისა. ამისთჳს არა წყლითა ხოლო, არამედ წყლითა და სისხლითა საცნაურ ყო, ვითარმედ ორნი ბუნებანი ჰქონან მას —ღმრთეებისა და კაცებისაჲ; და არა ხოლო ჯუარცუმასა, არამედ ჴმითა მამისაჲთა იორდანეს წამებასა მისსა სულისა მიერ განცხადებულად იწამა, ვითარმედ იგი არს ღმერთი და კაცი, ერთი გუამითა და მრჩობლი ბუნებითა. და ჭეშმარიტ არს წამებაჲ ესე ჴმითა მამისაჲთა, რამეთუ სულ არს ღმერთი, და გარდამოსლვითა სულისაჲთა, რამეთუ სული არს ჭეშმარიტებისაჲ.
მოციქულისაჲ: რამეთუ სამნი არიან, რომელნი წამებენ: სული და წყალი და სისხლი, და სამნივე ესე ერთისა მიმართ არიან (5,8).
თარგმანი: სულისა მიერ წმიდისა იწამა ქრისტე, რაჟამს გარდამოჴდა მის ზედა იორდანეს, და კუალად — სისხლითა მით და წყლითა, ჯუარსა ზედა საცხორებელად სოფლისა დათხეულითა, ვითარმედ არა ლიტონი კაცი არს, არამედ ღმერთი და კაცი, და ვითარმედ ერთ არს გუამითა და ერთ ქრისტე სახელის-დებითა, იგივე ღმერთი და კაცი, და თავსა შორის თჳსსა შეურევნელად ჰქონან ორნი ბუნებანი - ღმრთეებისა და კაცებისანი.
მოციქულისაჲ: უკუეთუ წამებასა კაცთასა მოვიღებთ, წამებაჲ ღმრთისაჲ უფროჲს არს, რამეთუ ესე არს წამებაჲ ღმრთისაჲ, რომელი წამა ძისა მისისათჳს. რომელსა ჰრწმენეს ძისა მიმართ ღმრთისა, აქუს წამებაჲ იგი თავსა შორის თჳსსა. რომელსა არა ჰრწმენეს ღმერთი, მტყუვრად გამოაჩინა იგი, რამეთუ არა ჰრწმენა წამებაჲ იგი, რომელი წამა ღმერთმან ძისა მისისათჳს (5,9-10).
თარგმანი: ამას მაცხოვარიცა ამხილებს ჰურიათა, ვითარმედ: "წამებასა ურთიერთას მიიღებთ და წამებასა მხოლოჲსა ღმრთისასა არა ეძიებთ" (). და კუალად: "მე ვწამებ ჩემთჳს, და წამებს ჩემთჳს მომავლინებელი ჩემი მამაჲ" (). ამისთჳს მართლმორწმუნეთა საუფლოჲსა მის ჴმისათა მარადის მათ შორის მკჳდრად მოუგიეს წამებული იგი მამისაგან თანა მამით და სულითურთ. ხოლო მტყუვრად გამომაჩინებელი ჴმისა მის საუფლოჲსაჲ ორგან განიკუეთების და ნაწილი მისი ურწმუნოთა თანა დაიდებვის.
მოციქულისაჲ: და ესე არს წამებაჲ, რამეთუ ცხორებაჲ საუკუნოჲ მომცა ჩუენ ღმერთმან, და ესე ცხორებაჲ ძისა მისისა თანა არს. რომელსა აქუნდეს ძე, აქუს ცხორებაჲცა. რომელსა არა აქუნდეს ძე ღმრთისაჲ, მას არცა ცხორებაჲ აქუს (5,11-12).
თარგმანი: იხილე შემდგომად საუფლოჲსა მის ჴმისა სხუაჲცა წამებაჲ, რამეთუ ცხორებაჲ საუკუნოჲ მომცა ჩუენ ღმერთმან მამამან ძისა მიერ თჳსისა, რომელი-იგი თავადი არს ცხორებაჲ საუკუნოჲ, და მორწმუნენი მისნი მის მიერ მიემთხუევიან ცხორებასა, ხოლო ურწმუნო ქმნულნი მისგან შორს განვარდებიან ცხორებისაგან.
მოციქულისაჲ: ესე მივწერე თქუენდა მორწმუნეთა სახელისა მიმართ ძისა ღმრთისა, რაჲთა უწყოდით, რამეთუ ცხორებაჲ საუკუნოჲ გაქუს, რაჲთა გრწმენეს სახელისა მიმართ ძისა ღმრთისა. და ესე არს განცხადებულებაჲ, რომელი მაქუს მისსა მიმართ, რამეთუ უკუეთუ რაჲმე ვითხოოთ ნებისაებრ მისისა, ისმენს ჩუენსა, რაჲცა-იგი ვითხოოთ, და უწყით, რამეთუ მოვიღოთ თხოვაჲ იგი, რომელი ვითხოვეთ მისგან (5,13-15).
თარგმანი: საშჯელისა შინებითა მწვალებელთა ზარ-სცემს, რაჲთა მოიქცენ მართლმადიდებლობად, ხოლო ცხორებისა საუკუნოჲსა მტკიცედ აღთქუმითა მორწმუნეთა განამტკიცებს სარწმუნოებასა ზედა ძისა ღმრთისასა. და ამას მისცემს ნიჭად კადნიერებისა, რაჲთა, უკუეთუ რაჲმე ითხოვონ მისგან, მიემადლოს მათ, გარნა ხოლო ესევითარიმცა არს სათხოელი იგი, ვითარი შეეტყუების მომცემელსა მას კეთილთასა ღმერთსა, რაჲთა მთხოელი იგი კადნიერ იყოს სიტყუად: "უსამართლობასა თუ მივხედევდ გულითა ჩემითა, ნუ ისმენნ ჩემსა უფალი" (). ესე იგი არს, რაჟამს არარას განხრწნადსა ანუ განმხრწნელსა და სულისა მავნებელსა ვითხოვდეთ, მაშინღა ითქუმის, ვითარმედ: "ამისთჳს შეისმინა ჩემი ღმერთმან" (). რაჲსა "ამისთჳს"? — არამედ რამეთუ არარაჲ სოფლიოთა მავნებელთაგანი რაჲმე ვითხოე, გარნა რაჲ-იგი მან უწყის უმჯობესი მოცემად ჩუენდა. რამეთუ ვინაჲთგან ჩუენ არა უწყით უმჯობესი ჩუენი, ამისთჳს კეთილ არს, რაჲთა ყოველსა სათხოელსა ზედა დავჰრთოთ ღმრთისა მიმართ: ნუ ნებაჲ ჩემი, არამედ ნებაჲ შენი იყავნ.