მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

თავი ა̂. კრძალულებისათჳს ქრისტეს მიმართ სარწმუნოებისა და განდგომილებისათჳს უღმრთოთა და ბილწთა კაცთაჲსა

წმინდა იოანე ოქროპირი
მთარგმნელი: წმინდა ეფრემ მცირე
რედაქტორი: Titus

📋 სარჩევი

იუდა მოციქულისა წიგნი კათოლიკე

იუდა, იესუ ქრისტეს მონაჲ და ძმაჲ იაკობისი, თქუენ ღმრთისა მიერ მამისა განწმედილთა, და იესუ ქრისტეს მიერ დამარხულთა ჩინებულთა. წყალობაჲ თქუენდა და მშჳდობაჲ და სიყუარული განმრავლდინ (1,1-2).

თარგმანი: რაოდენ პატიოსან იყო წინაშე იუდაჲსსა მონებაჲ ქრისტესი, ეგოდენვე შეიმკვების ძმობითა იაკობისითა, რომელნი-ესე ზოგად სახელ-იდებოდეს ძმა უფლისა ძეობისათჳს იოსებისსა, რამეთუ ესენი ჴორციელად ბუნებით შვილ იყვნეს იოსებისსა, ხოლო უფალი სიტყჳთ ოდენ ითქუმოდა ვიეთგანმე მითხოვისა მისთჳს ქალწულისა. ესრეთ უკუე, რომელთა მიმართ მისწერს, სამართლად მოაჴსენებს იუდა, ვითარმედ მადლით განწმედილ არიან ღმრთისა მიერ მამისა, მოვლინებითა ძისაჲთა და ნიჭითა სულისა წმიდისაჲთა. ამისთჳს უჴმს, რაჲთა საქმით ღირს იქმნენ ჩინებისა მის, განმრავლებითა მათ შორის წყალობისა და მშჳდობისა და სიყუარულისაჲთა.

მოციქულისაჲ: საყუარელნო, ყოველივე სწრაფაჲ ვყავ მიწერად თქუენდა ზოგადისათჳს ცხორებისა. ჯერ-მიჩნდა მიწერად თქუენდა და გლოცავ: იღუწიდით ერთ-გზის მოცემულისა მისთჳს წმიდათა სარწმუნოებისა. რამეთუ შემო-ვინმე-ვიდეს კაცნი, რომელნი პირველვე წერილ იყვნეს ამას საშჯელსა უღმრთონი, რომელნი მადლსა ღმრთისა ჩუენისასა გარდააქცევენ არაწმიდებად და მხოლოსა მფლობელსა ღმერთსა და უფალსა ჩუენსა იესუ ქრისტესა უვარ-ჰყოფენ (1,3-4).

თარგმანი: თანად ჩუენ მორწმუნეთა განგუამტკიცებს და თანად მწვალებელთა შეაძრწუნებს. ჩუენ გუეტყჳს და გულოცავს, რაჲთა მტკიცედ შეკრძალვისათჳს წმიდათა წინაჲსწარმეტუელთა და მოციქულთა მიერისა სარწმუნოებისა მოღუაწე ვიქმნნეთ და არა უცხო გჳჩნდეს მათვე წმიდათა მიერ წერით წინა-მოსწავებული ესე მადლითა სულისაჲთა წინაჲთვე თქუმული შემოსლვაჲ აწვე დაშჯილთა მწვალებელთაჲ, რომელ არიან სიმონიანნი, რომელნი სახელ-იდებდეს სახელსა საღმრთოჲსა ამის ქადაგებისასა, რაჲთა მის ძლით შეიტყუვნენ კაცნი, ვითარცა მოძღუართა მიმართ, მისლვად მათდა, და ესრეთ მადლი ესე საღმრთოჲსა მოძღურებისაჲ გარდააქციონ მსგავსად გონებისა მათისა, ნაყროვნებად და არაწმიდებად, და წარტყუენნენ ცოდვად დედანი შეკრებულნი, რამეთუ რეცა იჩემიან ნიშთა და საიდუმლოთა რათმე მოქმედებაჲ, და მას შინა იქმოდიან საქმეთა აღრევისა და ბილწებისათა, და ესრეთ ორ სახედ უარჰყოფდეს უფალსა ჩუენსა იესუ ქრისტესა, რამეთუ არა აღიარებდეს მას ღმრთად სრულად და კაცად სრულად, არამედ სხუად იტყოდეს ღმრთისაგან მამისა შობილსა და სხუად — ყოვლადწმიდისა ქალწულისაგან ჴორცშესხმულსა. და კუალად, ვინაჲთგან ბილწებით იქცეოდეს, ამის მიერცა ჴმამაღლად უარ-ჰყოფდეს უფალსა ჩუენსა იესუ ქრისტესა. რამეთუ რაჲ ზიარებაჲ არს ნათლისაჲ ბნელისა თანა?

მოციქულისაჲ: მოჴსენებაჲ თქუენი მნებავს, დაღათუ იცით ესე ყოველი. რამეთუ ღმერთმან ერთ-გზის ერი იგი ქუეყანით ეგჳპტით იჴსნა, ხოლო მეორედ ურწმუნონი წარწყმიდნა (1,5).

თარგმანი: ვითარცა მეცნიერთა მიმართ მისწერს და მოაჴსენებს პირველად ამას, ვითარმედ არა სიტყჳსაებრ მწვალებელთაჲსა სხუაჲ და სხუაჲ არს, არამედ იგივე და ერთი ღმერთი არს ძუელისა და ახლისა შჯულისა მომცემელი, და კუალად ამას, რაჲთა ძუელთა სახეთაგან განვისწავლეთ და არა ვმაღლოოდით, ვითარმცა შემდგომად ქრისტეს სარწმუნეობად მოსლვისა არღარა შესაძლებელი იყო წარწყმედაჲ ჩუენი, ხოლო სახედ მოგუცემს ერსა ისრაელთასა, რომელნი-იგი, რაჟამს შეუვრდებოდეს ღმერთსა, იჴსნნა ეგჳპტით მონებისაგან ფარაოჲსსა, და რაჟამს განარისხეს უდაბნოს ზედა, დაყარა ძუალები ურჩთა მათ და ურწმუნო-ქმნულთაჲ. ეგრეთვე ჩუენ, ვითარ-იგი ვცხონდებით სარწმუნოებითა, ეგრეთვე კუალად წარვწყმდებით, რომელსაცა ჟამსა მოუქცეველად ურწმუნო ვიქმნნეთ..

მოციქულისაჲ: ხოლო ანგელოზნი, რომელთა-იგი არა დაიმარხეს თჳსი იგი სამთავროჲ, არამედ დაუტევეს სამკჳდრებელი მათი, საშჯელად დიდისა მის დღისა, საკრველებითა მით სამარადისოჲთა წყუდიადსა ქუეშე დაჰმარხნა (1,6).

თარგმანი: და ესეცა სხუაჲ სახე მათი, რომელნი შემდგომად ნათლისღებისა არა განეკრძალნენ კუალად მიქცევად ცოდვისა მიმართ, ვითარმედ, რომელმან ანგელოზთა ეშმაკ ყოფად გარდაქცეულთა არა ჰრიდა, არცა მათ ჰრიდოს, რომელნი მორწმუნეობასა შინა წარმართულთავე საქმეთა აღერინენ. ხოლო ესე ცხად არს, ვითარმედ ჟამი ტანჯვისა ეშმაკთაჲსაჲ არს მერმე იგი დღე მეორედ მოსლვისაჲ, რომლისათჳს უფალსა ეტყოდეს: მოხუედ პირველ ჟამისა ტანჯვად ჩუენდა.

მაქსიმესი: სამთავრო და უფროჲსღა მთავრობა ანგელოზთა მათ, არა დამცველთა მთავრობისათა, არს წესი იგი და სიტყუაჲ, რომელსა ზედა დაიბადნეს, ანუ ძლიერებაჲ იგი მადლით განღმრთობისაჲ ანუ წესი იგი და პატივი დგომისაჲ; ხოლო სამკჳდრებელ მათდა არს ცაჲ, გინა თუ ჩუეულებისაგან ზეშთა ბუნებისათა მათ კეთილთაჲსა მონიჭებული სიბრძნე, რომელსა შინა მკჳდრობად დაბადებულ იქმნნეს (რამეთუ ჩუეულებაჲ აქუს სიტყუასა სახლ წოდებად სიბრძნისა); ანუ ცვაჲ ბუნებითისა მის და მოგებულისაცა კეთილისაჲ, ზედა-მხედველობითა მათდა უხრწნელისა მის ღმრთეებისა ბუნებისაჲთა. ესე ყოველი დაუტევეს უბადრუკთა ეშმაკთა. ამისთჳს, სიტყჳსაებრ იუდაჲსსა, შეიკრნეს საკრველითა საუკუნოჲთა. ესე იგი არს, რაჲთა ვერცა ერთისაღა კეთილთაგანისა მიმართ აღიძრვოდინ, და ვერცა რას საღმრთოსა განსუენებასა მიემთხუეოდინ. და კუალად საკრველ მათდა არს ღმრთისაჲ იგი არა სრულიად მოშუებაჲ მათი ჩუენ ზედა, რამეთუ ყოვლისა მპყრობელითა ძალითა იგი თავადი არა შეუნდობს მათ, რაჲთა ყოველნი სივერაგენი მათნი სრულიად ჩუენ ზედა წარმოასრულნენ. ხოლო ბნელ მათდა არს სრულიად განშორებაჲ ყოველთაგან საიდუმლოთა ღმრთისმეცნიერებისათა და განჴუებაჲ ნათელთაგან საღმრთოჲსა ხედვისათა, რომლისათჳს წყუდიადსა შეყენებულ სახელ-იდებიან და არიან.

მოციქულისაჲ: ვითარცა სოდომოჲ და გომოროჲ და გარემოჲს მათსა ქალაქები იგი, რომელნი მათდავე სახედ ისიძვიდეს და მიდევნებულ იყვნეს შედგომად ჴორცსა უცხოსა, წინა სხენან სახედ, ცეცხლისა საუკუნოჲსა საშჯელი მიუღებიეს, ეგრეთვე მსგავსად ესენიცა საჩუენებელსა იხილვენ, ჴორცთა შეიბილწებენ, უფლებათა შეურაცხ ჰყოფენ, დიდებათა ჰგმობენ (1,7-8).

თარგმანი: სიმონიანთა თანა განაქიქებს ვორვორიანთაცა და ესტოტიანთა, ბიბილოვნელთა და კაიონიტთა, რომელთა-იგი საუკუნოჲსა სატანჯველისა მიმართ ურწმუნოებასა დაჰჴსნის სახითა მით ეშმაკთა და სოდომელთა და გომორელთაჲთა, ვითარმედ იგინიცა, მსგავსად თქუენსა მიდევნებულნი ჴორცთა ბილწებისანი, საუკუნოჲსა მის ტანჯვისათჳს დამარხულ არიან, რაჲთა, ვითარ-იგი არა ჰრიდებდეს შეგინებად ჴორცსა უცხოსა, ეგრეთვე არა ერიდოს მათ ცეცხლი გეჰენიისაჲ. ამათი უკუე ტანჯვაჲ, ესე იგი არს სოდომელთაჲ, აქავე ცეცხლითა დაწუვაჲ წინა ძეს სახედ, რაჲთა უეჭუელ ვიყვნეთ უეჭუელად ყოფადისა მისთჳს ცეცხლისა საუკუნოჲსა. მათგან რომელნი ზოგს-რე აქავე მიიღებენ საშჯელსა. ესრეთ უკუე საჩუენებელთა ხილვაჲ ნიკოლაელთა და სიმონიანთათჳს თქუა, რომელთა-იგი მღჳძარეთა სიზმარნი ეოცნებოდეს, და სახითა რეცა საიდუმლოთა რათმე აღსრულებისაჲთა ყოველსა სიბილწესა აღასრულებდეს და ჴორცთა შეაგინებდეს, რამეთუ არა ღმრთივ დაბადებულად უწოდდეს კაცობრივსა ამას გუამსა, არამედ ბოროტისა მიერ შექმნულად და ღმერთ-ყოფითა ნივთისა და ბნელისაჲთა უფლებასა ღმრთისასა შეურაცხჰყოფდეს, და ერთსა უფლებასა და დიდებასა წმიდისა სამებისასა ჰგმობდეს, რამეთუ აუგებელობასა და დაუსაბამოებასა მამასა ხოლო მისცემდეს, და ძესა და სულსა წმიდასა ჟამიერად და აგებულად იტყოდეს, ვინაჲცა არაწმიდისა ამის წვალებისა ამათისა ნაშობ იყვნეს მანიქეველნი და არიანოზნი. და კუალად, დიდებათა გმობა იყო მათ მიერ ზოგად ორთავე აღთქუმათა გმობაჲ, ძუელისა და ახლისა შჯულისათაჲ:

მოციქულისაჲ: ხოლო მიქაელ მთავარანგელოზი ოდეს-იგი ეშმაკსა ეშჯოდა და ეტყოდა მოსეს ჴორცთათჳს, ვერ იკადრა საშჯელი გმობისაჲ მოწევნად მის ზედა, არამედ ჰრქუა: შეგრისხენინ შენ უფალმან (1,9).

თარგმანი: ვინაჲთგან სხუაჲ არს მსაჯული, მყოფელი განჩინებისაჲ, ამისთჳს მთავარი იგი ანგელოზთაჲ მას დაუმარხავს თჳსსა პატივსა სიტყჳთა ამით: შეგრისხენინ შენ უფალმან; რომელმან მხოლომან უწყის ღირსი მისაგებელი საქმეთა შენთაჲ, რამეთუ ვინაჲთგან ბრძანებულ იყო მიქაელისდა, რაჲთა უხრწნელად დაჰმარხოს გუამი მოსესი, ხოლო ეშმაკი წინა-აღუდგებოდა, ვითარმედ: ჩემი არს ჴელმწიფებაჲ გუამთა გახრწნისაჲ, ამისთჳს შეჰრისხნა მას სახელითა უფლისაჲთა, რომელსა მხოლოსა აქუს ჴელმწიფებაჲ სულთა და ჴორცთა კაცთაჲსაჲ. და კუალად, რაჟამს მიიყვანა მოსე წარმოდგომად თაბორს, მაშინცა ჰგმობდა-ვე ბოროტი იგი და იტყოდა, ვითარმედ: ტყუა ღმერთმან, რამეთუ შეიყვანა მოსე ქუეყანასა მას, სადა-იგი ეფუცა არა შეყვარებაჲ მისი. ამათ გმობათა ეშმაკისათა მობაძავ იყვნეს გმობანი იგი მწვალებელთანი, და ფრიად უძჳრესცა ამათსა. ამისთჳს წმიდანი მოციქულნი საუკუნოჲსა მის სამშჯავროჲსა საშინელებასა აქადებენ მათ. და მსგავსად მთავარანგელოზისა, უფალსა მიუტევებენ შერისხვასა მათსა, რომელმან მხოლომან უწყის მიგებაჲ საქმეთაებრ. ხოლო ესე საცნაურ იყავნ, ვითარმედ, ვინაჲთგან უცნაურ იყო საქმე სულისა და ჴორცთა განყოფისა ვითარებისაჲ, ამისთჳს სახითა მით მოსეს ჴორცთა ზედა ქმნილითა უჩუენა უფალმან ყოველთა კაცთა, ვითარმედ ჟამსა ჴორცთაგან განსლვისასა წარმოგჳდგებიან ანგელოზნიცა და ეშმაკნიცა, და საქმეთა ჩუენთა კეთილთა და ბოროტთა ურთიერთას შეტყუებითა განისაჯებიან, რაჲთა, რომელთაცა კერძმან სძლოს, მათცა წარიყვანონ სული ჩუენი, დაცვად იგი დღედმდე მეორედ მოსლვისა, რაჲთა მაშინ მივიღოთ საქმეთაებრ მისაგებელი. ამისი ჩუენებაჲ უნდა ღმერთსა ძეთა ისრაელისთაჲ. ამისთჳს საცნაურ ყო მაშინდელი იგი ეშმაკისა წინააღდგომაჲ ძალთა მთავრისა მიქაელის მიმართ, რაჲთა უწყოდით, ვითარმედ ჭირი დიდი, ძრწოლაჲ და შიში ფრიადი ყოფად არს ჟამსა მას, რაჟამს განვიდეს სული ჴორცთაგან, და გჳჴმს წინა-განმზადებაჲ საქმეთა მიერ კეთილთა, რაჲთა მათ მიერ ძალ-ვსცეთ ანგელოზთა ნათლისათა თანა-მბრძოლებად ჩუენდა.

თქუმულ არს ვიეთგანმე, ვითარმედ მოსეს ჴორცად ძუელსა მას შჯულსა უწოდს დიდებული მოციქული იუდა, და ვითარმედ გარდამო-რაჲ-ვიდოდა მოსე მთით მიცემად შჯულისა, წინა-აღუდგებოდა ეშმაკი და ეტყოდა, ვითარმედ არა ღირს არს ერი ესე ისრაელთაჲ მიღებად შჯულსა უფლისასა.

და კუალად, ვიეთნიმე ჴორცად მოსესად ერსა უწოდენ ისრაელთასა, ვითარმედ: ამათ ჴორცთა მოსესთა, რომელ არს ერი ისრაელთაჲ, აყენებდა ეშმაკი ეგჳპტით გამოყვანებად, ვითარმედ: არა ღირს არიან იგინი შესლვად ქუეყანასა მას აღთქუმისასა, და ამათ პირთათჳს შეჰრისხნა მას მიქაელ წესთმთავარმან ბრძანებითა უფლისაჲთა.

მოციქულისაჲ: გარნა ესენი, რავდენი არა იციან, ჰგმობენ და რავდენი ვითარცა პირუტყუთა ბუნებით იციან, მას შინა განიხრწნებიან (1,10).

თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: რომლისაგან ანგელოზნი ესოდენ ძრწიან, რომელ ეშმაკსაცა ზედა თავით თჳსით არა მოაწევენ საშჯელსა გმობისასა, არამედ უფლისა მიერვე შეჰრისხვენ სახელისდებითა მისითა. ხოლო ზემო თქუმული ესე მწვალებელნი ესოდენ კადნიერ არიან გამოთქუმად უცნაურთა და დაფარულთა საიდუმლოთა ღმრთისმეტყუელებისათა, ვიდრეღა, რომელი არა იციან, მას ზედა სილაღით მგმობარ იქმნებიან. და რომელი-იგი ბუნებითისა მიერ შჯულისა მათ შორის დანერგულისა იციან მხილებითა სჳნიდისისაჲთა, ვითარმედ ბოროტ არს სიძვაჲ და ბილწებით შეგინებაჲ გუამისაჲ, არამედ არა დაიცვენ გუამთა თჳსთა სრულიადისა ხრწნილებისაგან ჴორცთა და სულთაჲსა.

ნაშრომები > კომენტარები საქმეებზე და კათოლიკე ეპისტოლეებზე, წმ.იოანე ოქროპირი, წმ. ეფრემ მცირე > იუდა მოციქულისა წიგნი კათოლიკე > თავი ა̂. კრძალულებისათჳს ქრისტეს მიმართ სარწმუნოებისა და განდგომილებისათჳს უღმრთოთა და ბილწთა კაცთაჲსა