მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

თავი ბ̂. ვაებაჲ მათი საცთურებისათჳს და უშჯულოებისა და სიბილწისა და გმობისა და მოპოვნებულისა ორგულებისა. მედგრობით მიღებისათჳს ქრთამისა

წმინდა იოანე ოქროპირი
მთარგმნელი: წმინდა ეფრემ მცირე
რედაქტორი: Titus

📋 სარჩევი

მოციქულისაჲ: ვაჲ მათდა, რამეთუ გზასა მას კაენისსა ვლენან და საცთურსა მას ბალამის სასყიდლისასა აღერინეს და ცილობითა მით კორესითა წარწყმდეს (1,11).

თარგმანი: ძმის მკლველ უწოდს მათ სახელითა კაენისითა, რამეთუ მათ მიერ განსწავლულთა მათ სულებსა მომკლველ ექმნებიან. ხოლო ბალაამს მიამსგავსებს, რამეთუ, ვითარ-იგი პეტრეცა და აწ იუდა ცხად ჰყოფენ კათოლიკეთა თჳსთა შინა, უნდა ბალამს, რაჲთა წყევითა ისრაელისაჲთა ფრიადნი საფასენი მოიხუნეს სასყიდლად ბალაკისაგან, და ამისთჳს წარვიდა წყევად, ხოლო უფალმან უნებლიეთ კურთხევაჲ აღმოათქუმია. ეგრეთვე ბოროტნი იგი სიმონიანნი და ნიკოლაელნი სასყიდლით ვაჭრობდეს მოძღურებისა მის თჳსისა საცთურსა. ხოლო კორეეთ ამას ზედა მოიხუამს სახედ, რამეთუ, ვითარ-იგი მათ თავით თჳსით ჴელყვეს მღდელობად თჳნიერ ბრძანებისა ღმრთისა, ეგრეთვე ესენი უჴდებოდეს მოციქულთა ქრისტესთა, ვითარ კორეეთნი აჰრონს.

მოციქულისაჲ: ესენი არიან, რომელნი სიყუარულთა მათ თქუენთა შებილწებულნი თანა-შეგცხრებიან და უშიშად თავთა თჳსთა მწყსიან (1,12).

თარგმანი: სიყუარულად უწოდს სერობათა მათ, ვითარ-იგი მათ ჟამთა ერთბამად ისერებდიან მორწმუნენი ეკლესიათა შინა, რომლისათჳს მიუწერს პავლე კორინთელთა. ესევითართა მათ საეროთა ტაბლათა მორწმუნეთა თანა მივიდოდიან მწვალებელნი იგი, არა სულიერისა სიყუარულისათჳს, არამედ რაჲთა მოინადირნენ სულნი დაუმტკიცებელნი, შთავრდომად საცთურსა გმობისა და ბილწებისა მათისასა. და ამის პირისათჳს პეტრეცა განაქიქებს მათ მეორესა შინა კათოლიკესა თჳსსა, და აწ იუდა ერთჴმა არს მათ თანა, ვითარმედ განმჭრელად სამწყსოჲსა მივლენ არვედ ქრისტესსა, არცა ერთისა ვის მწყემსისა შიშსა ქუეშე მყოფნი იგი მწყემსნი თავთა თჳსთანი და მტერნი ქრისტეს ცხოვართანი.

მოციქულისაჲ: ღრუბელნი ურწყულნი, ქარისაგან მიმოტაცებულნი; ხენი ზამთრისანი უნაყოფონი, ორგზის მომწყდარნი, ძირითურთ მოფხურილნი, ღელვანი ზღჳსანი განძჳნებულნი, რომელნი პერად აღაფრქუევენ თავისა თჳსისა სირცხჳლსა, ვარსკულავნი ცთომილნი, რომელთათჳს წყუდიადი იგი ბნელისაჲ საუკუნოდ დამარხულ არს (1,12-13).

თარგმანი: ყოველნივე ესე სახენი მწვალებელთა კრებულისათჳს შემოუხუმან, რომელნი-იგი დაღაცათუ მოძღუარ სახელსდებენ თავთა თჳსთა, არამედ ესოდენი განყოფილებაჲ აქუს მათ მოძღუართაგან ჭეშმარიტთა ეკლესიისათა, რაოდენ ღრუბელთაგან წჳმით დამათრობელთა სოფლისათა — ღრუბელსა ცალიერსა წყლისაგან ცხოველისა, რომელი მარადის მიმოიტაცებოდის ქარისაგან, და რაოდენ ხეთაგან ნაყოფიერთა — ხესა უნაყოფობა. ხოლო ორგზის მომწყდარ არიან, რამეთუ პირველ წარმართობასა შინა მკუდარნი შემდგომად ქრისტეს სარწმუნოებისა მიერ განცხოველებისა კუალად წვალებით მომწყდარ იქმნნეს. და კუალად, ორ-კერძო მკუდარ არიან ბოროტადმადიდებლობითა შჯულთაჲთა და ბილწებითა საქმეთაჲთა, რომლითა ორ-გზის მკუდარ არიან: სულითა ჴორცთა თანა. ხოლო ძირითურთ მოფხურილ, რამეთუ აღიფხურნეს და განიჴადნეს საყოფელთაგან უფლისათა. რამეთუ არა იყვნეს ზეთისხილ მსხმო სახლსა უფლისასა, ამისთჳს ძირითურთ განჰფხურის მათ ქუეყანით ცხოველთაჲთ. რამეთუ, რაჟამს ხე იყვნეს, არა აქუნდა არცა ნაყოფი მართლმადიდებლობისაჲ, არცა ფურცელი კეთილთა საქმეთაჲ, ვინაჲცა ბორგნეულებაჲ მათი პერად აღიძრვოდა და უშუერებასა ბილწებათა მათთასა ყოველთა შორის ურცხჳნოდ განაქიქებდა. რამეთუ, ვითარცა ვარსკულავნი იგი ცთომილნი წინა-აღმდგომად სხუათა მათ ვარსკულავთა უკუღმართ ვლენ, ეგრეთვე ესენი წინა-აღმდგომ და უცხო არიან სიტყჳთ და საქმით მოძღუართაგან და ქადაგთა ჭეშმარიტებისათა, ამისთჳს ბრწინვალებისა წილ წმიდათაჲსა ბნელსა და წყუდიადსა საუკუნესა მიცემად არიან.

მოციქულისაჲ: წინაჲსწარმეტყუელა მათთჳს მეშჳდემან ადამისითგან ენუქ და თქუა: აჰა ესერა მოვიდა უფალი ბევრეულითა წმიდათა მისთაჲთა ყოფად საშჯელისა ყოვლისათჳსვე და მხილებად ყოველთა უღმრთოთა მათთა, ყოველთათჳს საქმეთა უღმრთოებისა მათისათა, რომელთა უშჯულოებდეს, და ყოველთათჳს სიტყუათა ფიცხელთა, რომელთა იტყოდეს მისთჳს ცოდვილნი უღმრთონი (1,14-15).

თარგმანი: ესე არს წამებაჲ იგი, რომლისათჳს იტყოდა დაწყებასა სიტყუათაჲსა, ვითარმედ: შემოვიდენ კაცნი, რომელნი პირველვე წერილ იყვნეს. ხოლო წამებაჲ ესე ენუქის მიერი — გინა თუ ფრიად დაფარულთა და ჩუენდა უცნაურთა წიგნთაგან აღმოეკითხა მოციქულსა, გინა თუ უწყებითა სულისა წმიდისაჲთა დაწერა და ყოფადითა მით მოსლვითა უფლისაჲთა შეაძრწუნებს მწვალებელთა, რომელნი უარჰყოფენ მერმესა მას საშჯელსა, ვითარმედ უეჭუელად მიეჴადების მათ პატიჟი ბოროტთა საქმეთა და სიტყუათა გმობისა მათისათაჲ.

მოციქულისაჲ: ესე არიან მდრტჳნავნი მაბრალობელნი გულისთქუმისაებრ თჳსისა მავალნი და პირი მათი იტყჳს გარდარეულსა. თუალთ-აღებენ პირსა სარგებელისა მიზეზითა (1,16).

თარგმანი: დრტჳნვენ ამას, რამეთუ ვერ კადნიერებით ქადაგებენ თჳსსა მას სივერაგესა, და ვითარმცა ეგებოდა ურიდად მითხრობაჲ გმობათა და ბილწებათა მოძღურებისაჲ. ხოლო მაბრალობელ არიან სხუათა ჭეშმარიტებისა ამისთჳს, რაჲთა თჳსი იგი ტყუვილი სარწმუნო ყონ. და საქმით ბილწებასა ჰფარვენ სიტყუათა გარდარეულებითა. ამას თანა განსდრეკენ სამართალსა, რაჲთა შეიძინონ ქრთამი.

მოციქულისაჲ: ხოლო თქუენ, საყუარელნო, მოიჴსენენით სიტყუანი იგი წინაჲსწარ თქუმულნი მოციქულთა მიერ უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესთა. რამეთუ გეტყოდეს თქუენ, ვითარმედ: უკუანაჲსკნელთა ჟამთა იყვნენ მოკიცხარნი, გულისთქუმისაებრ თჳსისა უღმრთოჲსა მავალნი (1,17-18).

თარგმანი: ამათ პირთათჳს პეტრესსა მას მოაჴსენებს მეორისა კათოლიკისა წინაჲსწარმეტყუელებასა და კუალად პავლესსაცა მრავალგზის მოჴსენებასა წინა-მოსწავებით თქუმულსა ებისტოლეთა შინა თჳსთა, მწვალებელთა შემოსლვისათჳს.

მოციქულისა: ესე არიან, რომელნი განაშორებენ თავთა თჳსთა მშჳნვიერნი, რომელთა სულ არა აქუს (1,19).

თარგმანი: ბილწებით ქცევითა და მგმობარ ყოფითა განაშორებენ თავთა თჳსთა ჭეშმარიტთა მოძღუართაგან ცრუ მოძღუარნი იგი და ცრუ მოციქულნი, რამეთუ ნაცვალად სულიერისა მშჳნიერსა მიედევნნეს, და არა აქუნდა მათ შორის მეტყუელად სული წმიდაჲ, არამედ სული არაწმიდაჲ.

ნაშრომები > კომენტარები საქმეებზე და კათოლიკე ეპისტოლეებზე, წმ.იოანე ოქროპირი, წმ. ეფრემ მცირე > იუდა მოციქულისა წიგნი კათოლიკე > თავი ბ̂. ვაებაჲ მათი საცთურებისათჳს და უშჯულოებისა და სიბილწისა და გმობისა და მოპოვნებულისა ორგულებისა. მედგრობით მიღებისათჳს ქრთამისა