მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

კოლასელთა მიმართ თავი 2

წმინდა იოანე ოქროპირი
მთარგმნელი: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედაქტორი: Titus

პავლესი: პირმშოჲ მკუდრეთით (1,18).

თარგმანი: რამეთუ იგი იქმნა დასაბამ მკუდრეთით აღდგომისა.

პავლესი: ამას შინა სათნო-იყო ყოველივე სავსება დამკჳდრებად (1,19).

თარგმანი: სავსებად ეკლესიასა იტყჳს, ვითარცა აღვსებულსა საღმრთოჲთა მადლითა. და მისთჳს იტყჳს, ვითარმედ სათნო-იყო ღმერთმან, რაჲთა დაემკჳდროს ქრისტე მას შინა, ესე იგი არს, რაჲთა მას შეერთოს და მისსა საფარველსა ქუეშე იყოს და ბრძანებათა შეუდგეს.

პავლესი: და მის მიერ დაგებად ყოველი მისა მიმართ (1,20).

თარგმანი: რაჲთა ქრისტეს მიერ დაეგნენ ღმერთსა და მამასა ყოველნი, რამეთუ დააგნა ქრისტემან პირველ თავისა თჳსისა მიერ, და მეორედ — სისხლითა თჳსითა, მესამედ — ჯუარითა, მეოთხედ — სიკუდილითა, მეხუთედ — აღდგომითა.