📋 სარჩევი
მოციქულისაჲ: რაჲ გნებავს? კუერთხითა მოვიდე თქუენდა ანუ სიყუარულითა, სულითა მშჳდობისაჲთა? (4,21).
თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ თქუენსა ჴელმწიფებასა შინა არს, გინა თუ უდებებითა რისხვად აღმძრათ, ვითარცა პეტრე — ანანია და საპფირა, და ვითარცა ელჳმა — მე, გინა თუ სიყუარულად, მოსწრაფებითა თქუენითა.
მოციქულისაჲ: ყოვლადვე ისმის-ვე, რაჲსა თქუენ შორის სიძვაჲ და ეგევითარი სიძვაჲ, რომელ არცა თუ წარმართთა შორის სახელ-იდების, ვითარმცა მამის ცოლი ვის ცოლად ესუა, და თქუენ განლაღებულ ხართ და არა უფროჲსღა იგლოვთ (5,1-2).
თარგმანი: ზიარად ყოველთა შეურაცხებს ცოდვასა მას, რაჲთა არა ჰგონებდენ, თუ კიდე-არიან ბრალისა მისგან, და უდებ-ყონ იგი. ამისთჳს ყოველთა და ეტყჳს, ვითარმედ: თქუენ შორის, მორწმუნეთა მაგათ და ესოდენთა ქველისმოქმედებათა ღირსქმნულთა ისმის-ცა რად ესევითარი სიძვაჲ, რომელ არცა თუ წარმართთა სახელ-იდების, რომელ არიან ურწმუნონი. ხოლო უკუეთუ მათ შორის არცა თუ სახელ-იდების, ხოლო თქუენ შორის იქმნების-ცა, რაჲ ვინ თქუას ამისთჳს? და თქუენ განლაღებულ ხართ თითოეული თჳსსა საქმესა ზედა, და არა შეგირაცხიეს საქმე იგი თქუენ ყოველთა სირცხჳლად, ხოლო უკუეთუმცა არა განლაღებულ იყვენით, ვითარმცა არა იგლოვეთ ყოველთა საქმისა მისთჳს, ვითარცა თქუენისა, რამეთუ ყოვლისავე კრებულისა ვნებაჲ არს საქმე იგი.
მოციქულისაჲ: რაჲთა მოისპოს თქუენ შორის, რომელმან საქმე იგი ქმნა. ხოლო მე შორსღა თუ ვარ ჴორცითა (5,2-3).
თარგმანი: რისხვისა სახესა აჩუენებს, რომელ არცა თუ სახელსაცა თავს-იდებს მისსა თქუმად, არამედ უბრძანებს განდევნასა მისსა პირველ მისისაცა მისლვისა ჴორციელად.
მოციქულისაჲ: მახლობელ ვარ სულითა, და აწვე გამისჯიეს, ვითარცა მანდა მყოფსა ეგევითარისა მისთჳს, რომელმან საქმე იგი ქმნა (5,3).
თარგმანი: უჩუენებს, ვითარმედ სულითა მარადის მათ თანა იყო, რამეთუ ეშინოდა, ნუ-უკუე სხუაჲ რაჲმე განიზრახონ არა მუნ ყოფასა მისსა, და არა ქმნან სიტყუაჲ მისი. ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: მახლობელ ვარ სულითა და ვითარცა მანდა მყოფსა აწვე გამისჯიეს და დამიმტკიცებიეს; ნუმცა ვინ უკუე სხუასა რას მოიგონებს.
მოციქულისაჲ: სახელითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა შეკრებასა თქუენსა (5,4).
თარგმანი: რაჲთა არა ზუაობად შეურაცხონ სიტყუაჲ იგი, რომელ თქუა თუ "აწვე გამისჯიეს", ამისთჳს იგინიცა ზიარ-ყვნა საშჯელსა მას, რაჟამს თქუა, ვითარმედ "შეკრებასა თქუენსა", გარნა "სახელითა უფლისა იესუ ქრისტესითა", ესე იგი არს, ვითარმედ საღმრთოდ შეკერბით და საჯეთ და ნუ შეპყრობილ ხართ კაცისა მის რიდობითა კაცობრივითა და თუალთ-ღებითა.
მოციქულისაჲ: და სულისა ჩემისასა, ძალითურთ უფლისა იესუ ქრისტესით (5,4).
თარგმანი: კუალად თავსა თჳსსა წარმოუდგენს მათ და ქრისტესცა, რაჲთა, რაჟამს განიკითხვიდენ საქმესა მას, ესრეთ განიკითხონ, ვითარმცა ქრისტე და პავლეცა თანა-უდგეს, და ესრეთ სამართალი საჯონ მათ.
მოციქულისაჲ: მიცემად ესევითარი იგი ეშმაკსა სატანჯველად ჴორცთა, რაჲთა სული ცხონდეს დღესა მას უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა (5,5).
თარგმანი: მისცემს ესევითარსა მას ეშმაკისა ჴელთა, რამეთუ ყოველივე ძალ-ედვა მას, გარნა საზღვარსა დაუდებს ეშმაკსა, რაჲთა ჴორცთა ოდენ შეეხოს და არა სულსაცა, მსგავად მისა, რომელი იობს შინა წერილ არს, ვითარმედ: სულსა მისსა არა შეეხოო, ვითარცა ჰრქუა ღმერთმან ეშმაკსა. გარნა იობ არა ამისვე პირისათჳს მიეცა, არამედ გჳრგჳნთათჳს ბრწყინვალეთა; ხოლო აქა —ცოდვათა დაჴსნისათჳს; რამეთუ ამისთჳს მისცა იგი ეშმაკსა, რაჲთა ტანჯოს იგი წყლულებითა ჴორციელად ბოროტითა, ანუ სხჳთა რაჲთამე სენითა, რამეთუ ვინაჲთგან ჴორცთა და შუებისაგან არიან გულისთქუმანი, ამისთჳს ინება, რაჲთა ჴორცნი იტანჯნენ, და ესრეთ გულისთქუმაჲ იგი წარწყმდეს და სული ცხონდეს, და თანაზიარ იქმნენ ჴორცნიცა ცხორებასა მას სულისასა.
მოციქულისაჲ: არა კეთილ არს სიქადული ეგე თქუენი (5,6).
თარგმანი: კაცი იგი, რომელსა საქმე იგი ექმნა, ერთი იყო ფილაფოსთაგანი და დიდთაჲ მათ შორის და იგინი ამისთჳს არარას ეტყოდეს მას, არამედ უფროჲსად იქადოდეს მისისა ფილაფოსობისათჳს, და აქებდეს. და ამით უფროჲსად აბრკოლებდეს მას ცნობად თჳსისა ბოროტისა. ამისთჳს იტყჳს მოციქული, ვითარმედ: არა კეთილ არს სიქადული ეგე თქუენი, რომელ იქადით მისისა ფილაფოსობისათჳს და არა ამხილებთ ცოდვასა მისსა, არამედ უგულებელს-გიყოფიეს.
მოციქულისაჲ: ანუ არა უწყითა, რამეთუ მცირემან ცომმან ყოველივე შესუარული აღაფუვნის? (5,6).
თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ, ვითარცა მცირე იგი ცომი ყოველსავე მას სიდიდესა აღსუარულისასა განჰფენს თჳსსა ძალსა, ეგრეთვე, უკუეთუ აწ მისი იგი ცოდვაჲ უგულებელს-ჰყოთ, ყოველსა მას გუამსა ეკლესიისასა ევნოს, რამეთუ მრავალნი მიემსგავსნენ მას ესევითართა ცოდვათა ქმნითა.
მოციქულისაჲ: განწმიდეთ ძუელი იგი ცომი (5,7).
თარგმანი: "ძუელად ცომად" სახელ-სდვა ესევითარისა ბოროტისა მოქმედთა, და ყოვლისავე ცოდვისა საქმესა. ხოლო "ძუელ" ამისთჳს არიან ესევითარნი, რამეთუ დამჟავებულ და დამპალ არიან ცოდვისა მიერ, და რამეთუ ქრისტეს მიერ ყოველნი ახალნი დაბადებულნი ვართ, ხოლო ცოდვაჲ ოდენ არს ძუელ, და ყოველნი მოქმედნი მისნი.
მოციქულისაჲ: რაჲთა იყვნეთ ახალ თბე (5,7).
თარგმანი: ახალ თბედ ახალსა მას კაცსა უწოდა, განახლებულსა ნათლის-ღებითა და სათნოებითა, რამეთუ ახლად კაცად წერილი მარადის წმიდასა ცოდვისაგან უწესს და ძუელად — აღვსებულსა ურჩულოებითა.
მოციქულისაჲ: ვითარცა-ეგე ხართ უცომო (5,7).
თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ: ვითარცა-ეგე ნათლის-ღებისა მიერ უცომო-ქმნილ ხართ; რამეთუ ძუელი იგი ცოდვაჲ, რომელსა ეწოდების "ძუელად ცომად", საბანელსა მას წარურღუნია. იყვენით უკუე დადგრომილ კეთილსა მას უცომოებასა ზედა, რამეთუ, რაჟამს კაცმან ნათელ-იღოს, ძუელი იგი ცომი, რომელ არს ცოდვაჲ, უჩინო იქმნების, და ჯერ-არს, რაჲთა მის პირველისა ცხორებისაგან არღარაჲ შეჰრთოს მან ნაწილი შემდგომად ნათლის-ღებისა ცხორებასა მას, და ესრეთ იყოს იგი მარადის უცომო.
მოციქულისაჲ: რამეთუ ზატიკად ჩუენდა დაიკლა ქრისტე. ამიერითგან ვზატიკობდეთ ნუ ცომითა მით ძუელითა (5,7-8).
თარგმანი: რაჲ არს სიტყუაჲ ესე, რომელ თქუა თუ "ზატიკად ჩუენდა დაიკლა ქრისტე. ამიერითგან ვზატიკობდეთ"? გარნა ამას მოასწავებს, ვითარმედ ზატიკი ჰურიათაჲ იყო დაკლვაჲ იგი ცხოვრისაჲ მის, და უბრძანებდა მათ რჩული, რაჲთა შჳდ დღე დღეთა მათ დაკლვისა მისისათა უცომოსა ჭამდენ შემდგომად დაკლვისა მისისა. და ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: უფუარი იგი ამისი სახე იყო, რაჲთა ჩუენ არარაჲ გუაქუნდეს ჩუენ შორის უკეთურებისა მის ძუელისა კაცისა ნაწილი, რამეთუ ქრისტეს სახედ იყო ტარიგისა მის დაკლვაჲ. და ვითარცა იგი ზატიკად ჰურიათა დაიკლვოდა, ეგრეთვე ქრისტე ჩუენთჳს დაიკლა ზატიკად ჩუენდა. და ამისთჳს ჩუენცა თანა-გუაც, რაჲთა, ვითარცა სახისა მის ცხოვრისა ჭეშმარიტებაჲ ჩუენ ზედა აღესრულა, ეგრეთვე ჩუენცა უფუვარისა მის სახესა ჭეშმარიტებით აღვასრულებდეთ და განვსწმედდეთ თავთა ჩუენთა ყოვლისაგანვე სიძუელისა ცოდვათაჲსა და ყოვლისავე ცომისაგან უკეთურებისა, რამეთუ, ვითარცა ტარიგი იგი სახე იყო ჩუენთჳს დაკლულისა ტარიგისა ღმრთისაჲ, რომელმან აიხუნა ცოდვანი სოფლისანი, ეგრეთვე უცომოებაჲ იგი ამისი სახე იყო, რაჲთა შემდგომად ნათლის-ღებისა არღარა შევჰრთოთ შემდგომსა მას ცხორებასა შინა ნაწილი რაჲმე ძუელისა მის ცხორებისაჲ, დამჟავებულისაჲ ცოდვათა მიერ, და ესრეთ რაჲ ვიყოფოდით, მაშინ აღვასრულოთ ჭეშმარიტი იგი ზატიკი სულიერი.
მოციქულისაჲ: ნუცა ცომითა სიბოროტისაჲთა და უკეთურებისაჲთა, არამედ უცომოჲთა მით სიმართლისაჲთა და ჭეშმარიტებისაჲთა (5,8).
თარგმანი: მასვე სახესა იტყჳს, ვითარმცა ღაღადებდა, ვითარმედ: ნუმცა ვდღესასწაულობთ ბოროტითა და უკეთურითა ცხორებითა, არამედ ვდღესასწაულებდეთ ბოროტითა ესევითარითა მოქალაქობითა, რომელსა შინა არა ერთოს ნაწილი ძუელისა მის ცომისაჲ, რომელ არს ცოდვაჲ, რამეთუ ესე არს უცომოებაჲ სიმართლისა და ჭეშმარიტებისაჲ.
მოციქულისაჲ: მივსწერ თქუენდა წიგნსა ამას. ნუ თანა-აღერევით მეძავთა, და არა თუ მეძავთა ამის სოფლისათა, ანუ ანგაჰრთა, ანუ მტაცებელთა, ანუ კერპთმსახურთა (5,9-10).
თარგმანი: ვინაჲთგან თქუა თუ "ნუ აღერევით მეძავთა თანა", რაჲთა არა ჰგონებდენ, თუ გინა თუ ურწმუნოჲ იყოს, გინა თუ მორწმუნე, მეძავი, — ყოვლისაგანვე გუაყენებს მიახლებასა, და თქუეს-მცა თუ: შეუძლებელთა საქმეთა გუამცნებს, რამეთუ შეუძლებელცა იყო ესე, ვინაჲთგან ურწმუნონი იგი ყოველნი მეძავნი იყვნეს და ურწმუნონი მრავალნი იყვნეს მუნ. ვითარმცა ერიდნეს არა-ზრახვად მათდა, ანუ არა-სყიდად მათგან, ანუ არა-მისყიდად მათდა, ანუ სხუაჲ ყოველი ესევითარი. ამისთჳს უკუე, თქუა რაჲ მოციქულმან, ვითარმედ "ნუ თანა-აღერევით მეძავთა", მეყსეულად შესძინა, ვითარმედ: "არა თუ მეძავთა ამის სოფლისათა". ხოლო მეძვად ამის სოფლისა — წარმართთა მათ ურწმუნოთა იტყჳს, ვითარმცა იტყოდა, ვითარმედ: არა თუ ესრეთ ვიტყჳ თუ წარმართთა მეძავთა ანუ მტაცებელთა ანუ კერპთმსახურთა ნუ მიეახლებით, რამეთუ ესე შეუძლებელ არს, არამედ ვიტყჳ, რაჲთა მორწმუნეთა შორის იქმოდით ამას.
მოციქულისაჲ: უკუეთუ არა, გიღირს სოფლით გამოსლვაჲ, ხოლო აწ მივსწერ თქუენდა: ნუ აღერევით, უკუეთუ ვინმე ძმა-სახელდებულ იყოს და ანუ მეძავ იყოს, ანუ ანგაჰრ (5,10-11).
თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: არა გეტყჳ თქუენ, რაჲთა ურწმუნოთა მათ ერიდებოდით, რამეთუ უწყი, ვითარმედ აწ ესე შეუძლებელ არს (თუ არა, უკუეთუ ამისი ქმნაჲ გენებოს, სრულიად სოფლით გამოსლვაჲ გიღირს, თუ არა, ვიდრემდის სოფელსა შინა იყვნეთ, ამას ვერ იქმთ), გარნა მე ამას ვიტყჳ, ვითარმედ: უკუეთუ ვინმე ქრისტიანე წოდებულ იყოს და ძმათა თანა შერაცხილ, და იქმნას კუალად მსიძავ ანუ მპარავ ანუ მომთრვალე, მას თანა ნუღარა აღერევით, არამედ განაგდეთ თქუენგან. ერთად, რაჲთა თქუენცა არა ისწავოთ ბოროტი იგი და დაეჩჳნეთ ქრისტიანობასა შინა საწარმართოთა საქმეთა ქმნად; და მერმე, რაჲთა მასცა ჰრცხუენეს და დასცხრეს საქმისა მისგან.
მოციქულისაჲ: ანუ კერპთმსახურ, ანუ მაგინებელ, ანუ მომთრვალე, ანუ მტაცებელ, ესევითარისა თანა ნუცა სჭამთ (5,11).
თარგმანი: და ვითარ ეგების, თუმცა ქრისტიანეცა ვინ იყო და კერპთმსახურიცა! გარნა ესე არს, რამეთუ იყვნეს ვიეთნიმე, რომელნი მოქცეულ იყვნეს და ჯერეთ კერპნი მათნი ჰყვეს და საკერპოდცა მივიდოდეს. ამისთჳსცა არცა ქრისტიანედ უწოდა ესევითარსა მას, არამედ: უკუეთუ ვინმე ძმა-სახელდებულ იყოსო, რამეთუ ესევითარი იგი არცა არს ჭეშმარიტი მორწმუნე, არამედ სახელდებულ ოდენ.
მოციქულისაჲ: რაჲ ძეს ჩემი გარეშეთა მათ განკითხვაჲ, ანუ არა შინაგანნი იგი თქუენ განიკითხნეთ (5,12).
თარგმანი: ვინაჲთგან თქუა თუ: არა გაყენებ ურწმუნოთა თანა აღრევად, აწ მიზეზსაცა იტყჳს, თუ რად არა აყენებს, ვითარმედ: "რაჲ ძეს ჩემი გარეშეთა მათ განკითხვაჲ!" ხოლო გარეშედ იტყჳს ურწმუნოთა, ვითარმცა იტყოდა, ვითარმედ: მე რად მიჴმს ურწმუნოთა განკითხვაჲ, ღმერთსა მიუშუათ მათთჳს. ხოლო ჩუენ ძმათა ჩუენთა ვისწრაფდეთ განწმედად ყოვლისა ბოროტისაგან, და განვიკითხვიდეთ და გამოვიწულილვიდეთ, რაჲთა წმიდა იყოს ცხორებაჲ მათი ყოვლისაგან ცთომისა.
მოციქულისაჲ: ხოლო გარეშენი ღმერთმან განიკითხნეს და მოისპენ უკეთური იგი თქუენ შორის (5,13).
თარგმანი: რაჲთა არავინ ჰგონებდეს თუ წარმართნი უტანჯველადმცა იყვნეს, ამისთჳს უსაშინელესი სამშჯავროჲ თქუა მათთჳს ღმრთისაჲ იგი, რომელსა არარაჲ დაეფარვინ. ხოლო თქუენ თავნი თჳსნი და კრებული თქუენი წმიდა-ყავთო, და მოსპეთ თქუენგან ყოველი უკეთურებაჲ.