მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

თავი ბ̂. ლოცვაჲ, რაჲთა ვიცნნეთ ქრისტეს მიერ მონიჭებულნი ჩუენდა კეთილნი

წმინდა იოანე ოქროპირი
მთარგმნელი: წმინდა ეფრემ მცირე
რედაქტორი: Titus

📋 სარჩევი

მოციქულისაჲ: ამისთჳს მეცა მესმა თქუენი ეგე სარწმუნოებაჲ უფლისა იესუჲს მიერ და სიყუარული იგი, რომელ გაქუს ყოველთა მიმართ წმიდათა. არა დავსცხრები მადლობითა თქუენთჳს, ჴსენებასა თქუენსა ვჰყოფ ლოცვათა შინა ჩემთა (1,15-16).

თარგმანი: რაჲსა "ამისთჳს"? — გარნა ყოფადისა მისთჳს მოლოდებისა საუკუნეთა კეთილთა მიმთხუევისაჲსა განიხარა მოციქულმან სარწმუნოებასა ზედა ეფესელთასა, და უფროჲსღა ამისთჳს, რამეთუ სარწმუნოებაჲ მათი საქმითა მით სიყუარულისაჲთა სრულ იქმნა, ვინაჲთგან ესე მარადის ჩვეულებად აქუს მიმყოვრებულსა სარწმუნოებასა — თანაშემწედ მოგებად სასოებისა და სიყუარულისა, და ესენი არიან მომატყუებელნი საუკუნოჲსა მკჳდრობისანი. ამისთჳს ჰმადლობს მათთჳს ღმერთსა მოციქული, და ულოცავს მათ, ხოლო სიყუარულსა მას აქებს, რომელი არა თჳსისა ხოლო ქუეყანისა მახლობელთა წმიდათა, არამედ ყოვლისა სოფლისა მყოფთა წმიდათა მიმართ განფენილ იყოს.

მოციქულისაჲ: რაჲთა ღმერთმან და მამამან უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესმან, ღმერთმან დიდებისამან (1,17).

თარგმანი: უსაკუთრეს არს ესრეთ: რაჲთა ღმერთმან უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესმან, მამამან დიდებისამან; რამეთუ ესე სიტყუაჲ მისვე ერთისა გუამისათჳს უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა თქუა მოციქულმან, რაჲთა ვიცნნეთ მის შორის მყოფნი იგი ორნი ბუნებანი. ამისთჳს ბუნებასა ღმრთეებისასა ღმრთად ჴორცთა ბუნებისა მის იტყჳს, რომელ ჩუენგან შეისხნა უფალმან ჩუენმან იესუ ქრისტემან. ხოლო მამად დიდებისა უწოდს, ვითარ-იგი კუალად სხუასა ადგილსა თქუა "უფალი დიდებისაჲ" (), რაჲთა საცნაურ ყოს, ვითარმედ ღმრთეებისაგან აქუნდა დიდებაჲ იგი ჴორცთა მათ საუფლოთა, რამეთუ ღმრთეებაჲ კაცებასა მისცემდა თჳსისა დიდებისაგან, ხოლო თჳთ არა მიიღებდა მისისა უძლურებისაგან. ვინაჲთგან უკუე ესე ჩუეულებაჲ არს წერილთაჲ, რაჲთა, ვითარიცა იყოს პირი წინამდებარისა ქველისსაქმისაჲ, მის გამო სახელ-სდებდენ ღმერთსა, ვითარ-იგი იტყჳან: "ღმერთი მშჳდობისაჲ" და "ღმერთი ძალთაჲ" და "ღმერთი წყალობათაჲ", თითოეულსა —ჟამსა თჳსსა; ეგრეთვე აწ "მამად დიდებისად" უწოდს მოციქული უფალსა ჩუენსა იესუ ქრისტესა, წინამდებარისა ამის ქველისმოქმედებისაგან, რამეთუ ესოდენი დიდებაჲ მოანიჭა ნათესავსა კაცთასა.

მოციქულისაჲ: მოგცეს თქუენ სული სიბრძნისა და გამოცხადებისაჲ მეცნიერებითა მისითა (1,17).

თარგმანი: ამათ სიტყუათა მიერ განუცხადებს მრავალსწავლულთა მათ გარეშისა სიბრძნისათა —ეფესელთა, ვითარმედ: სულიერისა სიბრძნისა და გამოცხადებისაჲ ჯერ-არს ლოცვით თხოვაჲ ღმრთისა მიერ, რაჲთა მის მიერ შეუძლოს კაცმან ცნობაჲ კეთილთა მათ, ჩუენდა მონიჭებულთაჲ, ვინაჲთგან მშუმინვიერი კაცი არა შეიწყნარებს სულიერსა, რამეთუ სიცოფე უჩნნ მას.

მოციქულისაჲ: და განანათლნეს თუალნი გულისა თქუენისანი (1,18).

თარგმანი: უხილავისა ღმრთისა მხედველ უხილავნივე საჴმარ არიან თუალნი გულისანი, რომელ არს გონებაჲ განწმედილი და მხედველი უხილავთაჲ, რაჟამს ღმერთმან განუნათლნეს ყოველნი გზანი გულისჴმისყოფისა მისისანი; და ესევითარი იგი კაცი არარას იჭუეულ არს ღმრთისათჳს, რამეთუ რაჲმცა შეუძლებელ იყო საღმრთოჲსაგან ბუნებისა! ხოლო ამას მეცნიერებასა ვერ-ვინაჲ მიიწევის თჳნიერ სულისა წმიდისა, რამეთუ სული ყოველსავე გამოეძიებს, და სიღრმესაცა ღმრთისასა, და თჳნიერ მისსა შეუძლებელ არს რაოდენცა რაჲმე ცნობაჲ ღმრთისაჲ.

მოციქულისაჲ: რაჲთა იცოდით თქუენ, რაჲ-იგი არს სასოებაჲ ჩინებისა მისისაი (1,18).

თარგმანი: ვინაჲთგან არა აწვე, არამედ საუკუნოდ ყოფად არს სრული იგი საზომი შვილებისა ჩუენისაჲ, და ზეცათა სასუფეველსა მკჳდრობისაჲ, და რაჲთა თავ ჩუენდა იქმნეს ქრისტე, ამის ყოვლისა მაუწყებელად სულისა მიერი ოდენ კმა არს გამოცხადებაჲ, რაჲთა დაგჳმტკიცოს, ვითარმედ ამით სასოებითა ჩინებულ ვართ.

მოციქულისაჲ: და რაჲ-იგი არს სიმდიდრე დიდებისა, მკჳდრობისა მისისაჲ წმიდათა შორის (1,18).

თარგმანი: ეჰა ზეშთა აღმატებულებაჲ სიტყუათაჲ ამათ, გესმოდის რაჲ სიმდიდრე და დიდებაჲ და მკჳდრობაჲ მისი, რომელსა იგინი ოდენ ღირს იქმნებიან, რომელთა აქავე განიწმიდნენ სავანე ყოფად ქრისტესსა თავნი თჳსნი.

მოციქულისაჲ: და რაჲ-იგი არს გარდამატებული სიმდიდრე ძლიერებისა მისისაჲ ჩუენდა მომართ მორწმუნეთა (1,19).

თარგმანი: ვინაჲთგან უხილავთა კეთილთა და დიდთა საქმეთათჳს წარმოთქუა, აწ ხილულითა სახითა სარწმუნო ჰყოფს მას, ვითარმცა იტყოდა, ვითარმედ: უკუეთუ ამასვე სოფელსა ესოდენ გარდაჰმატა სიმდიდრე ძლიერებისა თჳსისაჲ, რომელ ჩუენ წარმართთა პირუტყული და მჴეცებრივი ცნობაჲ მოაქცია სარწმუნოებად მისსა და ზეცისასა მზრახვალ მყვნა, რაჲ საკჳრველ არს მისგან მერმესა მას ყოფადი იგი ჩუენ ზედა სიმდიდრე ნიჭთა მისთაჲ!

მოციქულისაჲ: შეწევნისაებრ სიმტკიცისა ძლიერებისა მისისა, რომელ ქმნა ქრისტეს თანა, რამეთუ აღადგინა იგი მკუდრეთით და დასუა მარჯუენით მისსა ზეცათა შინა (1,19-20).

თარგმანი: ესე არს სიმტკიცე ძლიერებისაჲ, რომელ ბუნებამან ღმრთეებისამან არა უტევა ხილვად განსახრწნელი, ჴორცთა მათ, რომელ ჩუენგან შეისხნა და აღადგინნა მკუდრეთით, რამეთუ ბუნებითა ღმრთეებისაჲთა მრავალსა ადგილსა თჳთვე ითქუმის აღმადგინებელად თავისა თჳსისა უფალი ჩუენი იესუ ქრისტე; ხოლო შენ, გესმეს რაჲ — "რომელ ქმნა ქრისტეს თანა", ესრეთ გულისჴმა-ყავ, ვითარმედ ქრისტე ერთსა მას გუამსა ეწოდების, ჴორცთა მათ ჩუენგან მიღებულთა სიტყჳსა ღმრთისასა. ხოლო ვინაჲთგან ორნი ბუნებანი არიან მის შორის, ამისთჳს ბუნებაჲ ღმრთეებისაჲ აღადგინებს ბუნებასა ჴორცთა მათ ჩუენგან მიღებულთასა.

მოციქულისაჲ: უზეშთაეს ყოველთა მთავრობათა და ჴელმწიფებათა და ძალთა და უფლებათა და ყოვლისავე სახელისა, რომელ სახელდებულ არს, არა ხოლო თუ ამას სოფელსა, არამედ მერმესაცა მას (1,21).

თარგმანი: არა იტყჳს ზეშთა, არამედ უზეშთაეს ყოველთავე ზეცისა ძალთა, რომელთა შორის, ვითარ-ესე აწ ცხად ჰყოფს მოციქული, ნუუკუე არიან დასნი რაჲმე, რომელთა სახელი დაღაცათუ აწ სოფელსა ამას არა ცნობილ, არამედ მერმესა მას საცნაურ იქმნეს. ხოლო შენ, გესმოდის რაჲ აღყვანებაჲ და დასუმაჲ, ჴორცთა მათთჳს გულისჴმა-ყავ ჩუენგან მიღებულთა, რამეთუ ღმრთეებისა ბუნებითა, ვითარცა მამაჲ, ეგრეთვე ძე გარეშეუწერელ არს, ერთარს და თანაარს და სწორ მამისა, დიდებითა და უნაკლულოებითა ყოვლისაჲთა, დაუსაბამოდ და დაუსრულებელად.

მოციქულისაჲ: და ყოველივე დაამორჩილა ქუეშე ფერჴთა მისთა (1,22).

თარგმანი: რაჲთა არა, გესმოდის რაჲ მკუდრეთით აღდგინებაჲ, აღყვანებაჲ და დასუმაჲ, სხუად გუამად შეჰრაცხო გუამი იგი ჴორცთაჲ, და სხუად — გუამი სიტყჳსაჲ, ამისთჳს ერთგუამ არს ქრისტე, ორითა ბუნებითა — ღმრთეებისა და კაცებისაჲთა, და მთავარ და მფლობელ ყოვლისა; რამეთუ სიმაღლისათჳს ფლობისა მისისა თქუა მოციქულმან ყოვლისავე ყოფაჲ ქუეშე ფერჴთა მისთა.

მოციქულისაჲ: და იგი მოსცა მთავრობად ზეშთა ყოველთა ეკლესიასა, რომელ-იგი არს გუამი მისი, აღსავსებაჲ იგი, რომელმან ყოველივე ყოველსა შინა აღავსო (1,22-23).

თარგმანი: უსაკუთრეს არს ესრეთ: და იგი მოსცა თავად ზეშთა ყოველთა ეკლესიასა, რომელ არს გუამი მისი, აღსავსებაჲ ყოვლისავე ყოველსა შინა აღმავსებელისაჲ. ესე იგი არს, ვითარმედ ჴორცთა მათ ჩუენგან მიღებულთა აღმყვანებელი და დამსუმელი ქრისტე არს თავად, ზეშთა ყოველთა აღყვანებულისა ამის ეკლესიისა მორწმუნეთაჲსა, რომელი მის თანა აღიყვანა და დასუა, რამეთუ სადაცა თავი იყოს, მუნვე უეჭუელად ყოველი გუამი. გინა თუ ესრეთ, ვითარმედ ზეშთა ანგელოზთა და ყოველთა ძალთა ზეცისათა არს თავი იგი ეკლესიისაჲ ქრისტე; ანუ თუ ზეშთა ხილულთა და საცნაურთა არს ქრისტე; ანუ თუ უზეშთაეს ყოველთა კეთილთა არს ქრისტესი თავ ჩუენდა ყოფაჲ, რომელი-ესე უზეშთაეს არს ყოველთა გონებათა, ვითარ არა პატივითა რაჲთმე და ჴელმწიფებითა ითქუმის ქრისტე თავ ჩუენდა, არამედ ესოდენ თჳსებით, ვიდრეღა ეკლესიაჲ არს აღმავსებელ გუამისა მის ყოვლისავე ყოველსა შინა აღმავსებელისა. ესე იგი არს, ვითარმედ აღავსებს და სრულ ჰყოფს გუამი თავსა, ვითარ-იგი თავი აღმავსებელი არს სხუათა ასოთაჲ ყოვლითურთ ყოველსა შინა. ესრეთ უკუე მოციქული არარას ჰრიდებს მაღალთა სიტყუათაგანსა, რაჲთა აჩუენოს თჳსებაჲ და ერთობაჲ ჩუენი ქრისტეს თანა. ამისთჳს იტყჳს "ყოვლისავე ყოველსა შინა აღმავსებელისაჲ", რაჲთა ცხად ყოს, ვითარმედ არა ერთი ეკლესიაჲ აღავსებს გუამსა ქრისტესსა, არამედ თითოეული ჩუენ მორწმუნეთაგანი, რამეთუ უკუეთუ არა ვიქმნნეთ თითოეული ჩუენი, რომელიმე — ჴელ და რომელიმე - ფერჴ, და სხუაჲ — სხუა რამე ასო მისსა, არა სრულ იქმნების გუამი მისი. ვინაჲცა, ვინაჲთგან ჩუენ ყოველნი ზოგად საჴმარ ვართ აღმავსებელად ქრისტეს გუამისა, საცნაურ არს, ვითარმედ მაშინღა იქმნების სრულებაჲ ქრისტეს გუამისაჲ, რაჟამს ასონი მისნი შევეერთნეთ თავსა მას ჩუენ ყოველთასა. და ესრეთ, ეკლესიაჲ გუამ არს ქრისტესსა, რომელმან სრულ ყო გუამი თჳსი ყოვლისავე ასოთა მისთა შეწყობილებისა, ყოველთა მორწმუნეთა გუამებისა მიერ აღმავსებელმან მეუფემან, რომელ-იგი არს თავ და სავსება ჩუენ ყოველთა.