მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

თავი გ̂. წარმართთა და ჰურიათა განკუთნვისათჳს ღმრთისა მიმართ ქრისტეს მიერ სასოებით და მადლით

წმინდა იოანე ოქროპირი
მთარგმნელი: წმინდა ეფრემ მცირე
რედაქტორი: Titus

📋 სარჩევი

მოციქულისაჲ: და თქუენცა, რომელნი-ეგე მკუდარ იყვენით ბრალითა და ცოდვითა თქუენითა, რომელთა შინა ოდესმე ხჳდოდეთ (2,1-2).

თარგმანი: არა ჴორცთასა იტყჳს ადამის მიერსა მკუდრობასა ჴორცთასა, არამედ ცოდვისა მიერსა მას და სულისასა, რომელი შეემთხუევის კაცსა უწესოდ მოქალაქობითა.

მოციქულისაჲ: მსგავსად ჟამთა მათ ამის სოფლისათა (2,2).

თარგმანი: ჟამად სოფლისა იტყჳს ცხორებასა სამართალისაგან მიდრეკილსა და აღსავსესა ცოდვითა, რაჟამს კაცმან დაუტეოს ღმერთი დამბადებელი და ჰმსახურებდეს დაბადებულთა ყოვლითურთ შემშჭუალვითა სოფლიოთა ზრუნვათაჲთა, რაჲთა ვითარ-იგი ჟამად-ჟამად მიმოიცვალებიან და განიხრწნებიან, ეგრეთვე იგი ჰმონებდეს ხრწნილებასა, და სხჳთი-სხუად ცვალებასა ბოროტთა მიმართ, რომელნი სოფელსა ამას შინა იქმნებიან.

მოციქულისაჲ: მთავრისა მისებრ ჴელმწიფებისა ჰაერისა სულისა, რომელი-იგი აწ იქმს ნაშობთა მათ შორის ურჩებისათა (2,2).

თარგმანი: მთავრად ჴელმწიფებისა ეშმაკსა უწოდს, რომელსა-იგი არა ღმრთისაგან აქუს მთავრობაჲ იგი, არცა ჴელმწიფებაჲ, არამედ ჩუენ კაცთა მიერ მიიღებს მთავრობასა და ფლობასა, რაჟამს ნებსით თჳთმფლობელობაჲ ჩუენი დავამონოთ მას ბოროტთა მოქმედებითა და კეთილთა უქმებითა. ხოლო ჰაერისა სულ უწოდს, რაჲთა განმიცხადოს, ვითარმედ დასაბამსა დაბადებისა მისისასა მთავრად სოფლისა დადგინებულ იყო იგი, ხოლო გარდამოვარდა რაჲ ზეცით, ნებსით მიდრეკითა სიბოროტისა მიმართ, იქმნა მოძღუარ სიბოროტისა, რომელსა-იგი ვერ ყოველთა შორის მოქმედებს, არამედ მათ შორის ოდენ, რომელნი განვარდენ საღმრთოჲსაგან ქადაგებისა, რომელთა-იგი ნაშობ ურჩებისა სახელ-ედვა აწ მოციქულისა მიერ. ესრეთ ამათ სიტყუათა მიერ ჯეროვნად გულისჴმა-უყოფს მოციქული ეფესელთა, სიმდიდრესა მათდა მინიჭებულისა მადლისასა, ვითარ მომკუდარნი შეცოდებითა და მყოფნი ჴელმწიფებასა ქუეშე ეშმაკთა მთავრობისასა, გამოიჴსნნა მიერ და ცხორებასა ღირს ყვნა ქრისტემან. ხოლო შენ, ჰაერისა მთავრობაჲ რაჲ გესმას, ზეცით გარდამოვრდომილობაჲ და ჰაერსა შინა ფლობაჲ ეშმაკისაჲ გულისჴმა-ყავ, ვითარმედ არა ჰაერსა ზედა ფლობს, არამედ სულთა მათ ჰაერისათა, რომელ არიან მის ქუეშე მყოფნი იგი განდგომილნი ძალნი, რომელნი მთავრისა მათისა სატანაჲს თანა, ვითარცა სულნი უნივთონი, ჰაერსა შინა იქცევიან, ვერღარა აღმავალნი ზეცად, რომელნი-იგი ვითარცა პირველ დაცემისა, ეგრეთვე შემდგომად დაცემისა ჴელმწიფებასა შინა არიან განდგომილისა მის სატანაჲსსა, რომელი-იგი ვერვის ჰმძლავრობს, ვერცა აიძულებს კაცთაგთანსა მორწმუნესა, რამეთუ პირველი იგი ფლობაჲ მთავრობისაჲ, რომელ ჩუენ მივეცით მას თავთა ჩუენთა ზედა, მიუღო მას ქრისტემან; ამისთჳს აწ ვერვის ჰმსთავრობს მძლავრებით, არამედ მოქმედებს ოდენ არა ყოველთა კაცთა შორის, არამედ შვილთა მათ ოდენ ურჩებისათა, რომელნი არა მორწმუნე და მსმენელ იყვნენ შჯულთა წმიდისა სახარებისათა.

მოციქულისაჲ: რომელთა შინა და ჩუენცა ყოველნი ვიქცეოდეთ ოდესმე, გულისთქუმათა შინა ჴორცთა ჩუენთასა (2,3).

თარგმანი: ვინაჲთგან ზემო ეფესელთათჳს ოდენ თქუა მკუდარ ყოფაჲ ბრალითა, რაჲთა არა ჰრცხუენოდის მათ, ვითარმცა იგინი ხოლო იყვნეს ცოდვილ, ამისთჳს აწ თავსა თჳსსა და ყოველთა კაცთასა თანაშეჰრთავს, ვითარმედ: ზოგად ყოველნი, ცოდვასა და ჴორცთა ნებასა შინა მყოფნი, გამოჴსნილ ვართ ქრისტეს მიერ.

მოციქულისაჲ: ვჰყოფდით ნებასა ჴორცთა და გონებათასა და ვიყვენით ბუნებით შვილნი რისხვისანი (2,3).

თარგმანი: ნება ჴორცთა და გონებისა არს სულით და ჴორცით შეგინებაჲ, და ესევითართა ბუნებით (ესე იგი არს ჭეშმარიტებით) შვილ რისხვის უწოდიან, რამეთუ რასაცა მოქმედებდეს კაცი, შვილ საქმეთაებრისა მის მისაგებელისა თჳსისა იწოდების, ვითარ-იგი მოქმედი საქმეთა გეჰენიისათაჲ — შვილ გეჰენიისა, ხოლო წარწყმედისათაჲ — შვილ წარწყმედისა იწოდების, ვითარ-იგი უფალმან იუდას "ძე წარწყმედისა" () უწოდა. და ეგრეთვე აქა მოციქული შვილ რისხვისა უწოდს მათ, რომელნი იქმოდიან საქმეთა, განმარისხებელთა ღმრთისათა. ხოლო შენ "ბუნებითობაჲ ესე ნუ გგონიეს, ვითარმცა შვილად რისხვისა დაბადებულებასა კაცისასა იტყოდა, რომელი-ესე ნუ იყოფინ! არამედ, რომელნი სულით და ჴორცით მოქმედებდენ საქმეთა, რისხვისა ღმრთისა მომატყუებელთა, იგინი ბუნებით, ესე იგი არს ჭეშმარიტებით, და არა საგონებელად ოდენ, გარდაიქცევიან შვილად რისხვისა.

მოციქულისაჲ: ვითარცა-იგი სხუანი (2,3).

თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ შემდგომად მცნებისა გარდასლვისა, ვიდრე ქრისტეს მოსლვადმდე არცა ერთი ვინ იყო თავისუფალ პატიჟთაგან ღმრთისა განრისხებისათა.

მოციქულისაჲ: ხოლო ღმერთმან, რამეთუ მდიდარ არს წყალობითა, მრავლითა სიყუარულითა მისითა, რომლითა-იგი შემიყუარნა ჩუენ, და რამეთუ ვიყვენით ჩუენ მკუდარ შეცოდებითა, და ქრისტეს თანა განგუაცხოველნა (2,4-5).

თარგმანი: უსაკუთრეს არს ესრეთ: ხოლო ღმერთმან, რომელი-იგი მდიდარ არს წყალობითა, მრავლითა სიყუარულითა მისითა, რომლითა შემიყუარნა ჩუენ, და რამეთუ ვიყვენით ჩუენ მკუდარ შეცოდებითა, განმაცხოველნა ქრისტეს თანა. რამეთუ ამათ სიტყუათა მიერ ცხად ყო მოციქულმან ყოველივე ურიცხუებაჲ ნიჭთა ღმრთისათაჲ, რომელი-იგი არა ლიტონად მოწყალე, არამედ ესოდენ მდიდარ არს წყალობითა, და მრავალ — ჩუენდა მომართ სიყუარულითა, ვითარ შვილნი რისხვისანი, ესოდენ შემიყუარნა, რომელ არა ხოლო მკუდარ ქმნულნი ყოველთა კეთილთა მოქმედებისაგან მიერ გარდასლვითგან მცნებისაჲთ, არამედ აღსავსენიცა ყოველთა ცოდვათა სიმრავლითა, განგუაცხოველნა ქრისტეს თანა. რამეთუ ქრისტეს მკუდრეთით აღდგომითა უეჭუელ და სარწმუნო ყო მკუდრეთით აღდგომაჲ ჩუენი, ვითარმედ, უკუეთუ დასაბამი თბისა ჩუენისაჲ ცხოველ არს, უეჭუელად ჩუენცა განეცხოველდეთ მის თანა.

მოციქულისაჲ: მადლითა ხართ თქუენ გამოჴსნილ (2,5).

თარგმანი: ესე იგი არს, არა საქმეთაგან, არცა თჳსთა სათნოებათაგან, არამედ მადლით მოტევებითა პირველთა ბრალთაჲთა ვართ გამოჴსნილ პატიჟისა მისგან პირველთა ცოდვათა თანამდებობისა, რომლითა-იგი შვილ რისხვისა გუეწოდებოდა, აწ შვილებისა ღმრთისა მიმთხუეულთა ამათ.

მოციქულისაჲ: და თანა-აღმადგინნა და თანა-დამსხნა ზეცათა შინა ქრისტე იესუჲს მიერ (2,6).

თარგმანი: ვინაჲთგან ქრისტე არს თავ გუამისა ჩუენ ყოველთაჲსა, ამისთჳს უეჭუელ არს, ვითარმედ აღდგომასა მისსა თანა აღდგომილ ვართ, ასონიცა ესე მისნი, და მუნვე დასხმულ, სადა-იგი მან თავადმან დასუა დასაბამი თბისა ჩუენისაჲ, რომლისათჳს მოწაფეთა ეტყოდა: დასხდეთ თქუენ ათორმეტთა საყდართა, განშჯად ათორმეტთა ტომთა ისრაჱლისათა. და კუალად იტყჳს: მნებავს, რაჲთა, სადაცა მე ვიყო, მუნცა - მსახურნი ჩემნი.

მოციქულისაჲ: რაჲთა აჩუენოს ჟამთა მათ მომავალთა გარდამატებული იგი სიმდიდრე მადლისა მისისაჲ, სიტკბოებითა ჩუენ ზედა ქრისტე იესუჲს მიერ (2,7).

თარგმანი: რაჲთა ყოვლად სარწმუნო ყოს ძნიად მისათუალველი ქრისტეს თანა დასხდომაჲ ჩუენი, ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: არა ხოლო ჩუენდა მომართისა სიტკბოებისათჳს მიყოფს ჩუენ ამას, არამედ რაჲთა დაუვიწყებელ საჴსენებელ ყოს ჩუენ ზედა ქმნილი ესე ქველისსაქმე, მომავალთა ჟამთათჳს, რომელ არიან დაუსრულებელნი საუკუნენი. ამისთჳს არა ქრისტესამდე ოდენ მიაწევს სიმდიდრესა სიტკბოებათა თჳსთასა, არამედ მისგან სიტკბოებით ჩუენ ზედა, რომელთა გურწამს მისსა მიმართ.

მოციქულისაჲ: რამეთუ მადლითა ხართ გამოჴსნილ სარწმუნოებისა მიერ, და ესე არა თქუენგან, არამედ ღმრთისა ნიჭი არს (2,8).

თარგმანი: მადლით გამოჴსნა არს მოტევებაჲ პირველ გარდასრულთა ბრალთაჲ, რომელი-ესე მოგუემადლა ჩუენ სარწმუნოებისა მიერ, რაჟამს გურწმენა ქრისტეს მიმართ, და გამოვიჴსნენით მის მიერ მონებისაგან ეშმაკთა და ვნებათაჲსა. ხოლო თჳთ სარწმუნოებაჲ იგი, მომატყუებელი ყოველთა კეთილთაჲ, არა თავით თჳსით მოვიგეთ, არამედ ღმერთმან მოგუანიჭა.

მოციქულისაჲ: არა საქმეთაგან, რაჲთა არავინ იქადოს (2,9).

თარგმანი: არათუ არავის მიუშუებდა ღმერთი საქმეთა მიერ განმართლებად, არამედ შეუძლებელ იყო ვისგანცა კაცთაგანისა თჳსთა საქმეთაგან განმართლებაჲ. ამისთჳს ნუვინ იქადის მადლით ქმნილისა მისთჳს მოტევებისა პირველთა ბრალთაჲსა.

მოციქულისაჲ: რამეთუ მისნი შექმნულნი ვართ და დაბადებულნი ქრისტე იესუჲს მიერ საქმეთათჳს კეთილთა, რომელთათჳს წინაჲსწარ განჰმზადა ღმერთმან, რაჲთა მას შინა ვიდოდით (2,10).

თარგმანი: რაჲთა არავინ უდებ იქმნეს მოქმედებად კეთილთა საქმეთა, ესმოდის რაჲ საქმეთა მიერ ვერ-განმართლებაჲ, ამისთჳს კეთილად გუასწავლის სარწმუნოებასა თანა მოგებად კეთილთა საქმეთაცა, და იტყჳს, ვითარმედ: მებრვე ამისთჳს შექმნულ ვართ ღმრთისა მიერ პირველითა მით კაცისშესაქმითა, და დაბადებულ ქრისტე იესუჲს მიერ მეორითა ამით განახლებითა, რაჲთა არარაჲსა სხჳსა, თჳნიერ კეთილთა საქმეთა მოქმედ ვიყვნეთ, რამეთუ ამისთჳს წინა-განჰმზადა ღმერთმან ნათლისღებისა მიერ მადლით გამოჴსნაჲ ჩუენი, რაჲთა გარდასლვისა მიერ მოუძლურებულნი საქმედ კეთილისა, კუალად ნათლისღებისა მიერ განმაძლიერნეს, სამარადისოდ მათ შინა სლვად, ესე იგი არს კეთილთა საქმეთა მოქმედებისაგან განუშორებელ ყოფად.

მოციქულისაჲ: ამისთჳს მოიჴსენეთ, რამეთუ თქუენ, ოდესმე წარმართნი ეგე ჴორცითა, რომელთა გერქუა წინადაუცუეთელ, მის გამო, რომელსა-იგი ერქუა წინადაცუეთილება ჴორცითა მით ჴელით უქმნელითა (2,11).

თარგმანი: რასა მოაჴსენებს თჳნიერ პირველსა სიგლახაკესა, რომლისაგან განმდიდრებულთა, არა ხოლო კუალად დაგლახაკებაჲ, არამედ ყოვლად მოჴსენებაჲცა საძნაურ უჩნს პირველისა საგლახაკისაჲ. ხოლო ჴორცითა წარმართობაჲ და ჴორცითა წინადაცუეთილებაჲ ესრეთ გულისჴმა-ყავ, ვითარმცა იტყოდა, ვითარმედ: ჰურიაობასა და წარმართობასა ქრისტეს სარწმუნოებად მოსრულთასა, ცუდსახელობითღა ერქუმის ჰურიათაგანთა უზეშთაეს, და წარმართთაგანთა — უდარეს, ვინაჲთგან ერთ არს და სწორ-ქმნილ ქრისტე იესუჲს მიერ წინადაცუეთილებისაგანი და წინადაუცუეთელობისაგანი. ამისთჳს თქუენ, წარმართთაგანთა, წინადაუცუეთილებისაგანი არღარად სხუად, არამედ სახელისა ხოლო და ნათესავისა შესასწავებელად გერქუმის მათგან, რომელთა-იგი ერქუა წინადაცუეთილება, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, ჴორცითა მით ჴელით ქმნულითა. ესე იგი არს, ვითარმედ წინადაცუეთილებაჲ მათი ჴორცთა ოდენ წინა-დაეცჳთებოდა, ჴელთა კაცობრივთა მოქმედებითა, და ვერღარას სხუასა უმაღლესსა გულისჴმისყოფასა მიიწეოდა.

მოციქულისაჲ: რამეთუ იყვენით მას ჟამსა შინა თჳნიერად ქრისტესსა, უცხო ქმნულნი მოქალაქობისა მისგან ისრაჱლისა და უცხო შჯულთა მათგან აღთქუმათაჲსა. სასოებაჲ არა გაქუნდა და უღმრთო იყვენით სოფელსა შინა (2,12).

თარგმანი: ამას ადგილსა უჩუენებს ეფესელთა, ვითარმედ ოდეს-იგი წარმართ იყვნეს, უდარეს ჰურიათა იყვნეს, და, დაღაცათუ მრავალთა კერპთა ღმრთად ხადოდეს, არამედ ამისთჳს უღმრთო იყვნეს, რამეთუ არცა ერთი მათგანი იყო ღმერთ. ხოლო ჰურიანი დაღაცათუ არა დაიცვიდეს ბრძანებათა შჯულისათა, არამედ ეგრეთცა შჯულსა ქუეშე იყვნეს და განჩინებული აქუნდა წესი მოქალაქობისაჲ, რომელი დადებულ იყო ისრაჱლისათჳს, რომელ არს გონებაჲ, მხედველი ღმრთისაჲ, და სასოებაჲ აქუნდა აღთქუმათაჲ, დაღაცათუ განვარდეს მათგან, რაჟამს არა შეიწყნარეს ქრისტე, წინა-მოსწავებული მათდა წიგნებითა წმიდათა წინაჲსწარმეტყუელთაჲთა, რომელთა უწყებასა ყოვლად უმეცარ იყვნეს წარმართნი.

მოციქულისაჲ: ხოლო აწ ქრისტე იესუჲს მიერ თქუენ, რომელნი-ეგე ოდესმე იყვენით შორს, იქმნენით მახლობელ სისხლითა მით ქრისტესითა (2,13).

თარგმანი: რაოდენ ყოვლად შორიელობაჲ მათი წამა, ეგოდენ უფროჲს ძლიერებაჲ ქრისტესი ქადაგა, რომელმან-იგი ესოდენ შორიელნი ესოდენ მახლობელ ყვნა თჳსსა, რომელ მაშინ უმეტეს ჰურიათასა განშორებულნი წარმართნი, აწ უმახლობელეს ყოველთასა ყვნა პატიოსნითა მით სასყიდელითა სისხლთა თჳსთაჲთა გამომჴსნელმან უფალმან, რომელმან სული თჳსი დადვა მათთჳს. ხოლო აწინდელი ესე მახლობელობაჲ და შორიელობაჲ არა ადგილთათჳს ითქუმის, არამედ გონებათათჳს და მოქალაქობათა, რომლისათჳს ფრიად რაჲმე საკჳრველ არს განგებაჲ ღმრთისაჲ, ვითარ განვრდომილნი მოქალაქობისაგან ისრაჱლისა წარმართნი მახლობელ თავისა თჳსისა ყვნა, უმახლობელესობითა წესთა ამათ ახლისა შჯულისათაჲთა.

მოციქულისაჲ: რამეთუ იგი თავადი არს მშჳდობაჲ ჩუენი, რომელმან შექმნა ორივე ერთად და შუვაკედელი ზღუდისაჲ მის დაჰჴსნა, მტერობაჲ იგი ჴორცითა მისითა (2,14-15).

თარგმანი: მშჳდობა ჩუენდა ეწოდების ლოდსა მას თავსაკიდურთასა, შემკრებელსა ზეცისა და ქუეყანისათასა უფალსა ჩუენსა იესუ ქრისტესა, რომელმან სისხლითა თჳსითა დაჰჴსნა შუაკედელი მტერობისაჲ, რომელი-იგი აქუნდა ანგელოზთა კაცთა მომართ; რამეთუ მიერ გარდასლვითგან მცნებისაჲთ საძაგელ უჩნდით ჩუენ, ვითარცა გარდამავალნი სამეუფოჲსა მცნებისანი; ხოლო ქრისტემან ჴორცითა მით თჳსითა აღასრულა ყოველივე ძუელი და ახალი, და ესრეთ, ჴორცთა მიერ თჳსთა საუფლოთა, რომელ ჩუენგან შეისხნა, საყუარელ ყო სიგლახაკე ესე ჴორცთა ამათ სიგლახაკისა ჩუენისათაჲ. ვინაჲცა აწინდელსა ამას ადგილსა თჳსაგან უმეტესი მადლობაჲ ქველისმოქმედებათა ღმრთისათაჲ წარმართთა ესწავების, ვითარ არა ხოლო ანგელოზთა, არამედ ჰურიათა შჯულისაგანცა მოძაგებულნი და განგდებულნი, არა ხოლო შეესწორნეს, არამედ ზეშთა წარჰჴდეს-ცა ჰურიათა კრებულსა სარწმუნოებითა ქრისტესითა. ესრეთ უკუე არა ხოლო ანგელოზთა და კაცთა, არამედ ჰურიათა და წარმართთა შორისცა დაჰჴსნა ქრისტემან შუაკედელი მტერობისაჲ საიდუმლოჲთა ჴორცთშესხმისა თჳსისაჲთა.

მოციქულისაჲ: შჯული იგი მცნებათაჲ მათ ბრძანებითა განაქარვა (2,15).

თარგმანი: შჯულ მცნებათა იტყჳს ძუელსა მას შჯულსა, რომელი-იგი ბრძანებითა (ესე იგი არს სარწმუნოებითა) განაქარვა ქრისტემან, რაჟამს თქუა, ვითარმედ: "ითქუა პირველთა მიმართ ესე, ხოლო მე გეტყჳ თქუენ ამას" (), რამეთუ დაღაცათუ ტანჯვასა ღირს ვიყვენით, ვერ-დამცველნი შჯულიერთა მათ მცნებათანი, არამედ მან არა ხოლო ტანჯვისა და ბრალისაგან თავისუფალ მყვნა, გარნა უსრულესისა მოცემითა დაჰჴსნა უსრული იგი და გუასწავა ძირითურთ აღმოფხურაჲ ბოროტთაჲ.

მოციქულისაჲ: რაჲთა ორივე იგი დაჰბადოს მას შინა ერთად ახლად კაცად ყოფად მშჳდობისა (2,15).

თარგმანი: ზოგად ორთავე - ჰურიათა და წარმართთა დაბადებად უწოდს მეორედ განახლებულებასა დაძუელებულებისაგან, რამეთუ არცა წარმართი ჰურია იქმნა, არცა ჰურიაჲ — წარმართ, მოვიდოდეს რაჲ ერთობად, არამედ ზოგად ორნივე ახლად დაიბადნეს ქრისტეს მიერ. და ესრეთ, დაიჴსნა მტერობაჲ მათი მშჳდობისმყოფელობითა ქრისტესითა.

მოციქულისაჲ: და დააგნეს ორნივე იგი ერთითა მით ჴორცითა ღმერთსა; ჯუარისა მიერ მოკლა მტერობაჲ იგი მას შინა (2,16).

თარგმანი: ცხად არს, ვითარმედ პირველ ამისსა ზოგად ორნივე განშორებულ და მტერ ღმრთისა იყვნეს — ჰურიანი და წარმართნი, რომელნი-იგი ერთითა მით გუამითა ღმრთეებისა და კაცებისაგან შეზავებულითა ქრისტესითა საკუთარ იქმნნეს ღმრთისა, რაჟამს ჴორცთა მათ მიერ, რომელნი შეისხნა სიტყუამან, კაცებაჲ შეეზავა ღმერთსა; ხოლო ჯუარცუმითა ქრისტესითა მოიკლა მტერობისა მიზეზი — ცოდვაჲ, რაჟამს ვერ პოვა ადგილი საქმედ რაჲსამე ჴორცთა შინა უფლისათა. ამისთჳს მას შინა მოიკლა, რომელ არს გუამი სამეუფოჲ. გარნა შენ, გესმოდის რაჲ სიკუდილი ცოდვისაჲ, ნუ გიკჳრს თუ ვითარ აწ ვცოდავთ, რამეთუ მან პირველ ქმნულნი ცოდვანი ჩუენნი მოსწყჳდნა ჩუენ შორის, ჯუარცუმისსახითა ამით ნათლისღებითა; არამედ ჩუენ შემდგომად ნათლისღებისა კუალად განვაცხოველებთ მის მიერ მოკუდინებულსა მას ცოდვასა, კუალად ნივთებითა და მოქმედებითა მისითა.

მოციქულისაჲ: და მოვიდა და გახარა მშჳდობაჲ თქუენ, შორიელთა და მახლობელთა (2,17).

თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ: არავინ სხუაჲ მონათაგანი მოავლინა, არამედ თჳთ უფალი და მეუფჱ ყოველთაჲ იქმნა მახარებელ და ქადაგ მშჳდობისა, შორიელთა მიმართ წარმართთა და მახლობელთა ჰურიათა. მათ შორიელ ერქუმის, რამეთუ პირველ არა თხრობილ იყო მათდა ქადაგებაჲ ესე, ხოლო ამათ — მახლობელ, რამეთუ წინაჲსწარმეტყუელთა მიერ წინა-განსწავლულ იყვნეს საიდუმლოსა ქრისტეს მიერისა გამოჴსნისასა.

მოციქულისაჲ: რამეთუ მის მიერ მაქუს ჩუენ მიახლებაჲ იგი ურთიერთას, ერთითა სულითა მამისა მიმართ (2,18).

თარგმანი: აჰა ქადაგებაჲ წმიდისა სამებისაჲ; ვითარ ძისა მიერ მოცემითა სულისაჲთა მივეახლებით მამასა. ხოლო "ერთითა სულითა" ესე არს, რამეთუ მადლსა ამას შინა ქრისტეს მიერისა ცხოვნებისასა არარაჲ უმეტესი მიეცა ჰურიათა, პირველ უმახლობელესობისათჳს, არცა უდარესი — წარმართთა, პირველ შორიელობისათჳს; არამედ სწორებით ვცხოვნდით მოღებითა მისვე და ერთისა სულისაჲთა.

მოციქულისაჲ: ამიერითგან უკუე არღარა ხართ უცხო და მწირ, არამედ თანამოქალაქე წმიდათა და სახლეულ ღმრთისა (2,19).

თარგმანი: ესე სიტყუაჲ წარმართთაგანთა მორწმუნეთა მიმართ არს, რომელნი-იგი პირველ უცხო და მწირ სახელ-იდებოდეს ჰურიათა მიერ, ხოლო აწ ესოდენ პატივ-იცნეს ვიდრეღა არა ხოლო ლიტონსა თანა შეერაცხნეს ერსა ჰურიათასა, არამედ თანამოქალაქე იქმნეს წმიდათა მკჳდრთა ზეცისა იჱრუსალემისათა, და მათ თანავე სახლეულ ღმრთისა ექმნნეს აბრაჰამს და მსგავსთა მისთა, ჭეშმარიტთა მათ მოქალაქეთა ზეცისა იჱრუსალემისათა.

მოციქულისაჲ: აღშენებულ საფუძველსა ზედა მოციქულთა და წინაჲსწარმეტყუელთასა, რომლისა თავ საკიდურთა მისთა არს ქრისტე იესუ (2,20).

თარგმანი: იხილე, ვითარ რომელი-იგი ჰურიათა აქუნდა ფრიადითა ოფლითა და შრომითა, ესე წარმართთა ადვილად მიემადლების, მხოლოდ სარწმუნოებისა მიერ, რაჲთა თანა-აღირაცხნენ სავსებასა ქრისტეს ტაძრად აღშენებულთასა. ხოლო შენ იხილე, ვითარ საფუძველობასა შინა ორთასავე, პირველად დასდებს მოციქულთა, და მეორედ — წინაჲსწარმეტყუელთა, რაჲთა უსრულესობაჲ მადლისაჲ ზეშთა ყოს უპირველესობასა ჟამისასა, და ესრეთ, მათ ზედა დააშენნეს მორწმუნენი, რაჲთა ზოგად ყოველთა მიერ ერთა ტაძარი ქრისტესი შეასრულოს, რომლისათჳს ცხად ჰყოფს, ვითარმედ იგი არს შემაერთებელი და მცველი სიმტკიცისაჲ ყოველთა მათ ერთად შეერთებულთაჲ, რომელსა დაღაცათუ აქა თავ საკიდურთა, არამედ კუალად სხუასა ადგილსა საფუძველცა სახელ-ედების.

მოციქულისაჲ: რომლითა ყოველი შენებული, შენაწევრებული, ორძის ტაძრად წმიდად უფლისა მიერ (2,21).

თარგმანი: რაჲ არს ორძილი ერთგზის შენებულისა მის და სარწმუნოებისა მიერ შენაწევრებულისაჲ? - ცხად არს, ვითარმედ — მოქმედებაჲ კეთილთა საქმეთაჲ, რომელთა მიერ ვიქმნებით ტაძარ წმიდა უფლისა, შეწევნითა უფლისაჲთა.

მოციქულისაჲ: რომელსა ზედა თქუენცა თანა-აღშენებულ ხართ, სამკჳდრებელად ღმრთისა სულითა (2,22).

თარგმანი: ზემო შენებულებაჲ თქუა ყოველთა მორწმუნეთათჳს, ხოლო აწ თანაშენებულებასა იტყჳს ეფესელთათჳს, ვითარმედ მისვე სავსებისა მორწმუნეთაჲსა აღმავსებელ არიან იგინიცა, რამეთუ სამკჳდრებელ ღმრთისა არს ზოგადიცა შესაკრებელი მორწმუნეთა ეკლესიისაჲ. და კუალად, თჳსაგან მჳდრ არს იგი გუამსა შინა თითოეულისასა. ხოლო სულითა იტყჳს, გინათუ სულისა მიერისა აღშენებისათჳს ანუთუ სულიერად შენებულებისათჳს.