მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

თავი დ̂. საღმრთოჲსა მისთჳს სიბრძნისა, მოცემულისა მისდა, განმანათლებელად წარმართთა და მხილებად ეშმაკთა

წმინდა იოანე ოქროპირი
მთარგმნელი: წმინდა ეფრემ მცირე
რედაქტორი: Titus

📋 სარჩევი

მოციქულისაჲ: ამისთჳს მე, პავლე, კრული ქრისტე იესუჲსი, თქუენ წარმართთათჳს. უკუეთუ გასმიეს მოღუაწებაჲ იგი მადლისა ღმრთისაჲ, რომელ მოცემულ არს ჩემდა თქუენდა მომართ (3,1-2).

თარგმანი: ვინაჲთგან ყოველთა მეუფისაჲ წარმოთქუა, აწ თავისაცა თჳსისასა წარმოუთხრობს, ვითარმედ: "იგი ჯუარს-ეცუა თქუენთჳს, ხოლო მე, აჰა ესერა, შეკრულ ვარ მისთჳს და სიკუდიდ განმზადებულ", რამეთუ რაჟამს ებისტოლესა ამას წერდა, კრულებათა შინა იყო; რაჲსაღამცა სხჳსათჳს, თჳნიერ წარმართთა ქადაგებისათჳს, რომელი-ესე წინაჲსწარ ჰრქუა ღმერთმან ანანიას, ვითარმედ: "ჭური რჩეული მიპოვნიეს იგი ჩემდად, რაჲთა ეტჳრთოს სახელი ჩემი წინაშე წარმართთა" (), რომლისათჳსცა ზეგარდამო წოდებითა და დაბრმობითა თუალთაჲთა ქმნილსა მოქცევასა თჳსსა უწოდს, არა მოღუაწებად მადლისა, არამედ, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, განგებულებად მადლისა; რამეთუ არა კაცთა მიერ განისწავლა, არამედ ქრისტეს მიერ, რომელმან-იგი ჰრქუა, ვითარმედ: "შორიელთა მიმართ წარმართთა მიგავლინებ შენ" ().

მოციქულისაჲ: რამეთუ გამოცხადებით მაუწყა მე საიდუმლოჲ იგი, ვითარცა-იგი უწინარეს მივწერე თქუენდა მცირედ-რე, რომლითა შემძლებელ ხართ, აღმოიკითხოთ რაჲ, ცნობად გულისჴმისყოფისა მის ჩემისა საიდუმლოჲთა მით ქრისტესითა (3,3-4).

თარგმანი: საიდუმლოდ უწოდს მოქცევასა წარმართთასა, ვითარ თაყუანისმცემელნი ქვისა და ძელისანი ესოდენ მაღალთა შეემეცნნეს საიდუმლოთა ღმრთისმეტყუელებისათა, რომელთა საზომი წინაჲთვე ეუწყა პავლეს, ვითარმედ მის მიერ მოქცეულნი იგი ესოდენითა ღმრთისმეცნიერებითა განმდიდრებად არიან, და ამის პირისათჳს დასაბამსავე ამის ებისტოლისასა მიუწერს ეფესელთა, არა ფრიადსა და შემსგავსებულსა თჳსისა მეცნიერებისასა, არამედ რაოდენსა დაიტევდა ძალი მათი, და რაოდენი კმა იყო გემოჲსსახილველად ნაკადულთა მათ მეცნიერებისა მისისათა, რომელთაჲ-ესე უფროჲს დაუკჳრდებოდენ გულისჴმისყოფით აღმომკითხველსა, რაჟამს ცნას, ვითარმედ სიმაღლე სიტყუათა ამათ ებისტოლისათაჲ მცირე და კნინ-ოდენი ნაწილი არს სრულებისა მისგან სამოციქულოჲსა მეცნიერებისა, რომელსა შინა ურიცხუ არს სიმდიდრე საიდუმლოთა ქრისტესთაჲ.

მოციქულისაჲ: რომელი ნათესავსა სხუასა არა გამოეცხადა ძეთა კაცთასა, ვითარ-ესე აწ გამოეცხადა წმიდათა მისთა მოციქულთა და წინაჲსწარმეტყუელთა სულითა წმიდითა, რაჲთა იყვნენ წარმართნი თანამკჳდრ და თანაჴორც და თანამყოფ აღთქუმისა მის ღმრთისა ქრისტეს მიერ (3,5-6).

თარგმანი: საუკუნითგან დაფარულად და არცა ერთისა ვის სხჳსა გამოცხადებულად საიდუმლოსა ამას უწოდს ქრისტეს განკაცებისასა, ჯუარცუმასა და დაფლვასა, აღდგომასა და მარჯუენით მამისა დაჯდომასა, მოწოდებასა წარმართთასა, სარწმუნოებით ცხოვნებასა, განჴდასა ჴორციელისა ჰურიისასა, შეერთებასა ორთა ერთასა ერთგუამ ყოფად ქრისტესსა, მეორედ მოსლვასა ქრისტესსა და მისაგებელსა თითოეულისა საქმეთაებრ. ესე ყოველი დაღაცათუ ერთსა ვისმე ანუ მცირედ რიცხუთა რავდენთამე ნათესავისაგანთა ეუწყა, არამედ არა ესრეთ, ვითარ-ესე აწ ზოგად ყოველსა წინაშე განცხადნა ნათესავსა ძეთა კაცთასა, და პირველ ქრისტეს მოსლვისა დაღაცათუ ეუწყის რაჲმე მისთჳს წინაჲსწარმეტყუელთა, არამედ არა ესრეთ განცხადებულად, ვითარ შემდგომად მოსლვისა მისისა მოციქულთა ეუწყა სულითა წმიდითა და მათსა შემდგომადღა წინაჲსწარმეტყუელთაცა უგანცხადებულესად იხილეს წინა-მოსწავებული იგი მათი, თუალით ხილულად და ჴელით განხილულად მოციქულთა მიერ, რამეთუ მოსლვაჲ მისი და მოქცევაჲ წარმართთაჲ საცნაურ და წინა-მოსწავებულ იყო, ხოლო ესოდენსა პატივსა აღსლვაჲ, რაჲთა თანამკჳდრ იქმნნენ მამულთა სიმდიდრეთა, და თანაჴორც — ერთგუამ ყოფითა ქრისტეს თანა, და თანამყოფ აღთქუმისა მის აბრაჰამის მიმართ, ვითარმედ: "ნათესავისა შენისა მიმართ იკურთხეოდიან ყოველნი წარმართნი" (); ესე ყოველი შემდგომად ქრისტეს მოსლვისა თჳთ თავადისა ქრისტეს მიერ იხილვა აღსრულებულად.

მოციქულისაჲ: სახარებითა მით, რომლისა ვიქმენ მე მსახურ, ნიჭისა მისებრ მადლისა ღმრთისა, მოცემულისა ჩემდა, შეწევნისაებრ ძალისა მისისა (3,6-7).

თარგმანი: რაოდენ განადიდებს მსახურებასა თჳსსა, ეგოდენ დაიმდაბლებს თავსა თჳსსა, ვითარმცა იტყოდა, ვითარმედ: ესოდენთა კეთილთა მომატყუებელ ექმნების კაცთა ჩემ მიერ ქადაგებული ესე სახარებაჲ ქრისტესი, რომლისა მსახურ ყოფად უღირს ვიყავ მე, არათუმცა მას მოემადლა იგი ჩემდა, ურიცხუებითა ნიჭთა თჳსთა სიმდიდრისაჲთა, რომლითა არა ხოლო სიტყჳთ ქადაგებაჲ, არამედ შეწევნაჲცა ძალისა მისისაჲ განამრავლა ჩემ შორის, რაჲთა რომელთამე სიტყჳთ და რომელთამე კურნებითა, ხოლო რომელთამე წყლვითა და სწავლითა ვარწმუნებდე ძალსა ძლიერებათა მისთასა.

მოციქულისაჲ: მე, უმრწემესსა ამას ყოველთა წმიდათასა, მომეცა მადლი ესე წარმართთა შორის ხარებად გამოუკულეველი იგი სიმდიდრე ქრისტესი (3,8).

თარგმანი: იხილე ურიცხუებაჲ სიმდაბლისაჲ, ვითარ სხუასა ადგილსა არაღირსად იტყჳს თავსა თჳსსა სახელისა მისცა მოციქულებისა, ხოლო აქა — უმრწემესად ყოველთა წმიდათა, ნანდჳლვე წარჩინებული იგი შორის ყოველთა წმიდათა, რომელსა ესოდენ მაღალი მსახურებაჲ ერწმუნა, რაჲთა გულისჴმა-უყოს წარმართთა, ვითარმედ: უკუეთუ სიმდიდრე ოდენ ქრისტესი ყოვლად გამოუკულველ არს, რაოდენ უფროჲს —არსებაჲ ღმრთეებისა მისისაჲ, რომლისა გამოძიებაჲ სრულიად უშჯულოება არს. ვინაჲცა ცხად არს, ვითარმედ არა ხოლო ბუნებაჲ ღმრთეებისაჲ, არამედ სიმდიდრედ მისსა სახელდებულიცა ესე საიდუმლოჲ ჴორცთშესხმისაჲ ყოვლად გამოუკულეველ არს.

მოციქულისაჲ: და განათლებად ყოველთა, რაჲ-იგი არს განგებულებაჲ იგი საიდუმლოჲსა მის დაფარულისაჲ საუკუნითგან ღმრთისა თანა, რამეთუ ყოველივე დაჰბადა იესუ ქრისტეს მიერ (3,9).

თარგმანი: ამით სახითა იქმნების განათლებაჲ ყოველთაჲ, რაჟამს ეუწყოს, ვითარმედ უკუანაჲსკნელთა ჟამთა ჩუენთჳს ჴორცშესხმული ესე ძე, პირველ საუკუნეთა უჟამო და თანა-დაუსაბამო არს მამისა, რომლისა შორის ესეცა საიდუმლოდ მიერითგანვე წინა საუკუნითგან დაფარულ იყო, ვითარმედ მის მიერვე, რომლისა მიერ შექმნნა საუკუნენი, აწ მის მიერვე შექმნულთა კაცთა კუალად მის მიერვე მეორედ დაჰბადებს და წარმართთა ერ თჳსა ჰყოფს. ამისთჳს არა ხოლო ყოველივე მის მიერ იქმნა, არამედ თჳთ ესეცა საიდუმლოჲ მის მიერვე აწ განცხადებულ იქმნა, ვითარმედ თანა-დაუსაბამო არს იგი მამისა, რომელმან ჩუენთჳს მიიღო დასაბამი კაცებისაჲ.

მოციქულისაჲ: რაჲთა ეუწყოს აწ მთავრობათა მათ და ჴელმწიფებათა ზეცისათა ეკლესიისაგან მრავალფერი იგი სიბრძნე ღმრთისაჲ, გულსმოდგინებისაებრ საუკუნეთაჲსა, რომელი-იგი ქმნა ქრისტე იესუჲს მიერ უფლისა ჩუენისა (3,10-11).

თარგმანი: ესე უწყოდეს, ვითარმედ იყოს ნაწილად უფლისა ერი იაკობისგანი, და ვითარმედ მან აცხოვნოს ერი თჳსი ისრაჱლი; ესე წინაჲთვე ანგელოზმან ჰრქუა ქალწულსა. ხოლო ესე უცნაურ იყო, ვითარმედ ჰურიათა წილ წარმართნი მოიწოდებიან. ამისთჳს, რაჲ-იგი პირველ არა უწყოდეს, ამას აწ ისწავებენ ეკლესიისაგან, რამეთუ ხედვენ მას შინა დღითი-დღე შეძინებასა მრავალთესლთა წარმართთასა, რომელთა-იგი მოიყვანებს ღმერთი მოქცევად და სინანულად მრავალფერითა მით სიბრძნითა თჳსითა, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, წინადადებისაებრ საუკუნეთაჲსა; ესე იგი არს, ვითარმედ წინა საუკუნეთა განსაზღვრებულ იყო ესე მის შორის. ხოლო აღსასრულსა ჟამთასა აღასრულა ქრისტეს მიერ. ჳკუმენისი: პირველ განკაცებისა მაცხოვრისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა მარტივად გულისჴმა-იყოფებოდა ზეცისა ძალთაგან სიბრძნე ღმრთისაჲ, მხოლოდ ძლიერებით ოდენ წარმმართებელად და მოქმედად ყოვლისა; რამეთუ რომელმან-იგი მხოლოდ ნებებით ოდენ არს ყვნა არაარსნი, მხოლოდ ძლიერებით ოდენ იპყრობდა დაბადებულთა, და არარაჲ იხილვებოდა მის შორის მრავალფერობაჲ, არამედ ვითარცა მარტივ არს ბუნებაჲ მისი, ეგრეთ იხილვებოდა, და ვითარ იხილვებოდა, ეგრეთცა იყო. ხოლო რაჟამს ჴორცნი შეისხნა მხოლოდშობილმან ძემან და ჭეშმარიტმან ღმრთისა სიბრძნემან, მიერითგან იხილვნეს თითოსახენი განგებულებანი ყოვლად განკაცებულისანი და ყოვლად ღმრთეებისაგან უქცეველისანი, ვითარ-იგი იქადაგების ეკლესიასა შინა ღმრთად ჭეშმარიტად და კაცად ჭეშმარიტად, წინააღმდგომითა მოქმედად წინააღმდგომთა, რამეთუ ქმნა სიკუდილითა ცხორებაჲ, უპატიოებითა — დიდებაჲ და ჯუარცუმითა —ძლევაჲ; უპატიოებასა შინა ძალნი ღმრთივშუენიერნი, და ესე არს აწ ახლად ხილული, და შემდგომად განკაცებისა მისისა ეკლესიასა შინა ზეცისა ძალთადა საცნაურ ქმნილი მრავალფერობაჲ სიბრძნისა და ძალისა ღმრთისაჲ, ვითარცა იტყჳს დიდი გრგოლ ნოსელი თარგმანებასა შინა "ქებისა ქებათაჲსასა".

მოციქულისაჲ: რომლისა მიერ მაქუს ჩუენ განცხადებულებაჲ და მოსლვაჲ სასოებით, სარწმუნოებითა მისითა (3,12).

თარგმანი: ქრისტემან, რომლისა მიერ მამამან შექმნნა საუკუნენი, მის მიერ მომემადლების ჩუენ ნიჭი ესე, რომელი-იგი მიგჳყვანებს ჩუენ ღმრთისა მამისა, რამეთუ, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, რომლისა მიერ მაქუს ჩუენ კადნიერებაჲ და მოსლვაჲ მინდობით სარწმუნოებითა მისითა. ესე იგი არს, ვითარმედ: არღარა ვითარცა ტყუეთა შიშით და ძრწოლით მიგჳყვანებს მამისა, რაჲთა მიგუჴადოს პატიჟი პირველ ქმნულთა ცოდვათაჲ, არამედ პირველად განგუამართლებს სარწმუნოებითა თჳსითა და განგუბანს ბიწისაგან პირველ ქმნულთა ბრალთაჲსა, სისხლითა მით ჩუენთჳს დათხეულითა, და ესრეთღა კადნიერებით მიგჳყვანებს მამისა, ვითარცა მინდობით გულპყრობილთა მის მიერ მიმთხუევისათჳს ნიჭთა და მადლთა სულისა წმიდისათა.