📋 სარჩევი
მოციქულისაჲ: ამისთჳს ვითხოვ, რაჲთა არა გეწყინებოდის ჭირთა შინა ჩემთა თქუენთჳს, რომელ-იგი არს დიდება თქუენდა (3,13).
თარგმანი: ვინაჲთგან კრულებათა შინა იყო, ოდეს ამას წერდა, ამისთჳს ითხოვს ეფესელთაგან, რაჲთა არა სირცხჳლ უჩნდენ მათ ჭირნი მოძღურისა მათისანი, რომელნი შეემთხუეოდეს მათ ძლით, მათდა მიმართ ქადაგებისათჳს სახარებისა. ამისთჳს ეტყჳს, ვითარმედ: თჳთ ესე, სირცხჳლ საგონებელი, უმეტეს დიდება არს თქუენდა, რაჟამს გულისჴმა-ჰყოთ, ვითარმედ ესოდენ შეგიყუარნა თქუენ ღმერთმან, რომელ ცხორებისა თქუენისათჳს სათნო-იყო ვნებად მიცემაჲ ძისა თჳსისაჲ და მოწაფეთა და მოციქულთა მისთაჲ.
მოციქულისაჲ: ამის ჯერისათჳს მოვიდრეკ მუჴლთა ჩემთა მამისა მიმართ, რომლისაგან ყოველნი ნათესავნი ცათა შინა და ქუეყანასა ზედა სახელდებულ არიან (3,14-15).
თარგმანი: რაჲსა "ამის"? —გარნა სიყუარულისა მისთჳს, რომლითა შეგიყუარნა თქუენ ღმერთმან, ვევედრები მუჴლთმოდრეკით მამასა, რომელი-იგი არს მიზეზი და დასაბამი ყოველთა მამობისაჲ, უჟამოჲთა მით და ყოვლად დაუწყებელითა მშობლობითა ძისა მხოლოდშობილისა და თანაარსისაჲთა; რამეთუ მის გამო სახელ-ედვა ყოველთა ნათესავთა სახელი ესე მამობისაჲ. ქუეყანასა ზედა უკუე ცხად არს საქმე მამობისაჲ, რაჟამს შვილ ესხნენ, ხოლო ზეცათა შინა არარაჲ არს ანგელოზთა შორის მამობაჲ გინა ძეობაჲ, არამედ განწყობილობასა და წესსა მათსა უწოდს ესრეთ, რამეთუ ვითარ-ესე ქუეყანასა ზედა პირველი არს მამაჲ და შემდგომი — ძჱ, მისგან შობილი, ეგრეთვე ზეცისა ძალთა, დაღაცათუ არა მამობისა და ძეობისა, არამედ პატივისა უმაღლესობისა და უმდაბლესობისაჲ იხილვების განწესებულებაჲ.
გერმანოსისი: უსაკუთრეს არს ესრეთ: ამის ჯერისათჳს მოვიდრეკ მუჴლთა ჩემთა მამისა მიმართ, რომლისაგან ყოველნი მამობანი ცათა შინა და ქუეყანასა ზედა სახელ-იდებიან; ესე იგი არს, რამეთუ ვითარცა ღმერთი მამაჲ ბუნებით მამაჲ არს მხოლოდშობილისა ძისაჲ, ეგრეთვე ცათა შინა ანგელოზთადა მიუცემიეს სახელი ესე, რაჲთა უმაღლესნი დასნი უმდაბლესთა მათ დასთა მადლით მამა იქმნებოდინ, ვითარცა მასწავლელნი და მთხრობელნი მათდა უმაღლესთა საიდუმლოთანი. და კუალად, ქუეყანასა ზედაცა კაცთა, მიერვე ღმრთისა მიერ ეწოდების სახელი ესე, რამეთუ არა ხოლო ჴორციელად შვილ-ისხმენ მამანი ძეთა, არამედ სულიერადცა მადლით მშობელ და მამა ექმნებიან მოძღუარნი მოწაფეთა, სწავლითა საიდუმლოთაჲთა და საბანელითა წმიდისა ემბაზისაჲთა.
მოციქულისაჲ: რაჲთა მოგცეს თქუენ სიმდიდრისაებრ დიდებისა მისისა, ძალითა განმტკიცებად სულისა მიერ მისისა შინაგანსა კაცსა, დამკჳდრებად ქრისტე სარწმუნოებითა გულთა შინა თქუენთა (3,16-17).
თარგმანი: იხილე, თუ ვითარსა ურიცხუებასა ნიჭთასა მლოცველ არს მათთჳს, რაჲთა ვითარ-იგი თავადი ღმერთი მდიდარ არს ყოველთა კეთილთა მიერ, ვითარცა თუალი და წყაროჲ კეთილთაჲ, ეგრეთვე მდიდარ ყვნეს მორწმუნენი სახელისა მისისანი, და ძლიერებით განმტკიცებულ ყვნეს დიდებულებითა მით ნიჭისა სულისა წმიდისაჲთა, რომელი-იგი ამისთჳს შინაგანსა კაცსა მიემადლების, რამეთუ გული შინაგანად კაცად სახელ-იდების, და "გულსა შინა მყოფობაჲ" — უმეტესისა მკჳდრობისა და არაოდეს მისგან მოკლებისათჳს ითქუმის, რამეთუ რომლისა შორის იგი მკჳდრ იყოს, მდიდარ ჰყოფს სარწმუნოებითა და განამტკიცებს, რაჲთა არა შეირყეოდის გარეთ კუეთებულთა განსაცდელთაგან.
მოციქულისაჲ: სიყუარულითა დამტკიცებულნი და დაფუძნებულნი (3,18).
თარგმანი: ვინაჲთგან მკჳდრობითა სულისაჲთა მკჳდრობასა ქრისტესსა აღუთქუამს, რამეთუ რომლისა შორის ერთმან წმიდისა სამებისაგანმან დაიმკჳდროს, მუნ მკჳდრ არიან ორნიცა იგი. და ესე მოგუენიჭების სარწმუნოებისა მიერცა, და კუალად საქმეთა მიერცა კეთილთა, რომელთა ძირ მტკიცე არს სიყუარული —საფუძველი იგი და დასაშენებელი ყოველთა სათნოებათაჲ. სიყუარულსა იტყჳს ღმრთისა და მოყუსისასა, რომლისადა შჯულნი და წინაჲსწარმეტყუელნი დამოკიდებულ არიან.
მოციქულისაჲ: რაჲთა შეუძლოთ წარწევნად ყოველთა თანა წმიდათა, რაჲ-იგი არს სივრცე და სიგრძე, სიმაღლე და სიღრმე (3,18).
თარგმანი: წარწევნისასა ესრეთ უსაკუთრეს არს: რაჲთა შეუძლოთ მიწთომად ყოველთა თანა წმიდათა; ესე იგი არს, ვითარმედ ესე არს საზომი იგი, მისაწთომელად სასურველი, რომელი აქუს წმიდათა — მეცნიერებაჲ საიდუმლოსა ამას ქრისტეს განგებულებისასა; რამეთუ საზომნი ესე სიდიდისა ნაცვალად უთქუმან, ვინაჲთგან ერთი რაჲმე ოდენ ვერ იქმს სიდიდესა, უკუეთუ არა ოთხ კერძო იყოს სიდიდე იგი; და ესე ჴორციელთა გუამთაგან სახედ შემოიღო, რამეთუ ამათ შორის იგი ოდენ არს სრულ სიდიდითა, რომელსა არა აკლდეს ოთხთა ამათ საზომთაგანი: სივრცე და სიგრძე, სიმაღლე და სიღრმე. აწ უკუე საიდუმლოსა ამას შინა ქრისტეს განგებულებისასა სივრცედ უწოდს მოციქული მამისა თანა-დაუსაბამოებასა სიტყჳსასა, ხოლო სიგრძედ — სუფევისა მისისა დაუსრულებელობასა, სიღრმედ - ჯოჯოხეთს შთასლვასა, ხოლო სიმაღლედ — თანა-აღმოყვანებასა და ზეშთა ყოველთა სიმაღლეთა დასუმასა ბუნებისა ჩუენისასა. გინათუ ესრეთ ვთქუა, ვითარმედ: თჳთ ამასვე და ერთსა პირსა ზედა გულისჴმა-იყოფებიან სიტყუანი ესე, რამეთუ სივრცე არს პირველ საუკუნითგან ღმრთისა თანა დაფარული საიდუმლოჲ ჴსნისა ჩუენისაჲ, ხოლო სიგრძე — აღსასრულსა ჟამთასა აღსრულებაჲ პირველ საუკუნეთა განზრახვისაჲ, ვითარ შორიელთა და მახლობელთა, - ზეცისა და ქუეყანისათა, — ერთად შეერთებისათჳს იხილა გემოჲ სიკუდილისაჲ. ხოლო ვინაჲთგან დაუსაბამოჲ იგი და დაუსრულებელი მეუფებაჲ მისი ყოველთა ზედა გარდაჰმატა, ამისთჳს სიგლახაკესა ჩუენსა თანა შთაჴდა სიღრმედ ჯოჯოხეთისა, და მიერ აღმოიყვანა ბუნებაჲ ჩუენი სიმაღლედ ზეცისა. ამისთჳს სამართლად უწოდს სიღრმედ და სიმაღლედ. ესე არს საიდუმლოჲ, წმიდათა ოდენ მისაწთომელი, ხოლო არაწმიდათაგან ყოვლად შეუხებელი, რომლისათჳს ულოცავს მოციქული ეფესელთა, რაჲთა წმიდათა თანა მისწუთენ, და არაწმიდათა განეყენენ. ესევე, სივრცე და სიგრძე, სიმაღლე და სიღრმე კეთილად გამოჰსახავს სახესა ცხოველსმყოფელისა ჯუარისა ოთხ კერძოობისასა, რომლითა ქუეყანისანი — ზეცისათა, და ორკერძო განყოფილნი — ურთიერთას შეგუაერთნა ქრისტემან.
მოციქულისაჲ: ცნობად გარდარეული იგი მეცნიერებისა სიყუარული ქრისტესი, რაჲთა აღივსნეთ თქუენ ყოვლითა სავსებითა ღმრთისაჲთა (3,19).
თარგმანი: დაღაცათუ ზეშთა-გარდაემატების ყოველთა ცნობათა — საზომი იგი ქრისტეს ჩუენდა მომართ სიყუარულისაჲ, არამედ ვსცნობთ მას ესრეთ, რაჟამს ქრისტე მკჳდრ იქმნეს ჩუენ შორის და აღმავსნეს ყოვლითა სავსებითა ღმრთისაჲთა, რომელ არს სარწმუნოებაჲ მამისა და ძისა და სულისა წმიდისაჲ, რაჲთა თაყუანისვსცემდეთ ერთღმრთეებასა სამგუამოვნებით, და სამგუამოვნებასა —ერთარსებით; და აღვივსნეთ უნაკლულოებითა ყოველთა სათნოებათაჲთა, რომლისათჳს ქრისტე გუეტყჳს, ვითარმედ "იყვენით სრულ, ვითარცა მამაჲ თქუენი ზეცათაჲ სრულ არს" ().
მოციქულისაჲ: ხოლო რომელი-იგი შემძლებელ არს უფროჲს ყოვლისა ყოფად, უმეტეს, რომელსა-იგი ვითხოვთ გინათუ ვსცნობთ ძალისა მისებრ შეწევნისა ჩუენ შორის (3,20).
თარგმანი: უსაკუთრეს არს ესრეთ: ხოლო შემძლებელსა ზეშთა ყოვლისა ყოფად უფროჲს და უმეტეს მისსა, რომელსა-იგი ვითხოვთ ანუ მოვიგონებთ. ესე იგი არს, ვითარმედ: არა ეგოდენსა კეთილსა გჳყოფს ღმერთი, რაოდენსა ჩუენ ვითხოვთ, არცა უფროჲს სათხოველისა ოდენ ჩუენისა მოგუცემს, არამედ უფროჲს მოგონებისაცა, რომელი-ესე აწ ცხად ყო; რამეთუ ვინ ესვიდა ყოფად ძალისა ამისებრ შეწევნისა ქმნად, რომელი-ესე აწ მან ყო ჩუენ შორის, რაჟამს ესოდენ განშორებულნი და ყოვლად უცხო ქმნილნი მისგან წარმართნი — შვილებისა პატივსა ღირს მყვნა.
მოციქულისაჲ: მისსა დიდებაჲ ეკლესიასა შინა ქრისტე იესუჲს მიერ ყოველთა ნათესავთა მიმართ საუკუნეთა უკუნისამდე, ამენ (3,21).
თარგმანი: ყოველთა კეთილთა მიზეზისა დამბადებელისა ღმრთისა ეკლესიასა შინა გუამცნებს შეწირვად დიდებისმეტყუელებისა, რომელი-იგი ისწავა ეკლესიამან განჴორციელებითა ქრისტესითა, და ამას მოაწევს ყოველთა ნათესავთა მიმართ საუკუნეთა მიუკუნისამდე; რამეთუ, რასა-ესე ჩუენ ვგალობთ ეკლესიასა შინა, იგივე მიიწევის ყოველთა ნათესავთა მიმართ; არა ხოლო აწინდელთა ამათ საუკუნეთა, არამედ მერმეთაცა და უკუნისამდე დაუსრულებელთა. ხოლო ესევე ლოცვაჲ კეთილ არს თხოვად ეკლესიისათჳსცა მორწმუნეთაჲსა, რაჲთა შეუცვალებელად იპყრას ქრისტეს მიერ სწავლული დიდებისმეტყუელებაჲ ღმრთისაჲ, და არაოდეს მისდრკეს მართლგამომეტყუელებისაგან მისისა უკუნისამდე ჟამთა.