📋 სარჩევი
მოციქულისაჲ: გლოცავ თქუენ მე კრული ესე უფლისა მიერ, რაჲთა ღირსად ხჳდოდით ჩინებისა მის, რომლითა იჩინენით (4,1).
თარგმანი: საკრველთა მიერ თჳსთა ჰლოცავს მათ, რომელნი-იგი მას ზედა-ესხნეს უფლისათჳს, ვითარცა დიდნი სიქადულნი და ლმობიერებად მომდრეკელნი ყოველთანი. ხოლო ჰლოცავს, რაჲთა შემსგავსებულად სახელისა მის, მათ ზედა წოდებულისა, იქცეოდინ, რომელ არს შვილებაჲ ღმრთისაჲ, და ასო ყოფაჲ ქრისტესი, თავისა მის ჩუენ ყოველთაჲსაჲ, და რაჲთა არარაჲ ყონ განმაგდებელი შვილებისაგან ღმრთისა და ასო-ყოფისაგან ქრისტესისა, ურჩებითა მცნებათა და ბრძანებათა მისთაჲთა.
მოციქულისაჲ: ყოვლითა სიმდაბლითა და სიმშჳდითა და სულგრძელებითა თავს-იდებდით ურთიერთას სიყუარულითა (4,2).
თარგმანი: ესე არიან ნაყოფნი, ღირსნი შვილებისა ღმრთისანი, რაჲთა ყოვლითა სიმდაბლითა, სიმშჳდითა და სულგრძელებითა ყოვლისავე პირისა და ყოვლისა საქმისა მიმართ ჰყოფდეს სიმდაბლესა, სიმშჳდესა და სულგრძელებასა, რომლისა ღონე არს ყოველთა მიმართ ქონებაჲ სიყუარულისაჲ, რამეთუ, სადა სიყუარული იყოს, მუნ ყოველივე ადვილად თავს-იდების.
მოციქულისაჲ: ისწრაფდით დამარხვად ერთობასა მას სულისასა საკრველითა მით მშჳდობისაჲთა (4,3).
თარგმანი: ვითარ-ესე ჴორცთა არსებაჲ სულისა მიერ იპყრობების, და იგი მოქმედებს ერთგუამ ყოფასა ასოთა სიმრავლისასა, რომელსა ცხად ჰყოფს შემდგომად მიერ განსლვისა სულისა, განრღუევაჲ ერთობისა ასოთა გუამისათაჲ, ეგრეთვე სული წმიდაჲ შეაერთებს სიმრავლესა მორწმუნეთასა და ერთგუამ ჰყოფს მათ, უკუეთუ ოდენ დავიცვათ იგი ჩუენ შორის, მარადის მშჳდობისმყოფელობითა შორის სულისა და ჴორცთა ჩუენთა, და ძმათა მიმართ და მოყუასთა ჩუენთა.
მოციქულისაჲ: ერთჴორც და ერთსულ, ვითარცა-იგი იჩინენით, ერთითა მით სასოებითა ჩინებისა თქუენისაჲთა (4,4).
თარგმანი: ერთჴორცობაჲ ყოველთა კაცთა თანა შესაძლებელ არს თჳსებისა მისთჳს კაცობრივისა ბუნებისა, ხოლო ერთსულობაჲ —არა ყოველთა თანა, რამეთუ მწვალებელთა თანა ვერ-ოდეს ერთსულ ვიქმნებით წინააღმდგომებისათჳს სარწმუნოებისა; ამისთჳსცა ერთჴორც და ერთსულ ყოფაჲ მაშინ იქმნების, რაჟამს მითვე სასოებითა მართლმადიდებლობისაჲთა ერთსარწმუნოება ვიყვნეთ, და რომელნი სარწმუნოებისა სულისა მიერ ერთ ვიყვნეთ, ესენი ჴორციელთა მიზეზთა შფოთებისათჳს არცა ერთითა რაჲთ თავს-ვიდებდეთ განჭრად ჩინებულებასა მას ერთობისა ჩუენისასა.
მოციქულისაჲ: ერთ არს უფალ, ერთ სარწმუნოება, ერთ ნათლისღება (4,5).
თარგმანი: აჰა, ცხად ყო, თუ რომელთა მიმართ გჳბრძანებს ერთჴორც და ერთსულობასა; ცხად არს, ვითარმედ, — მათდა მიმართ, რომელნი მისვე ერთისა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტეს მიმართ ერთსარწმუნოება იყვნენ და აღიარებდენ მის მიერ გამოჴსნილებასა, ხოლო ნათლისღებითა მითვე და ერთითა ნათელ-ეღოს სახელსა ზედა წმიდისა სამებისასა. ამათ ესევითართა მიმართ არცა ერთი რაჲ შეჰგავს განწვალებისა და განყოფილებისა ჩუენებაჲ ცუდთა რათმე მიზეზთათჳს ჴორციელთა, უკუეთუ ოდენ სარწმუნოებითა ერთ იყვნენ ჩუენ თანა.
მოციქულისაჲ: ერთ არს ღმერთი და მამაჲ ყოველთაჲ, რომელი ყოველთა ზედა არს და ყოველთა მიერ და ჩუენ ყოველთა შორის (4,6).
თარგმანი: აჰა სხუაჲცა მიზეზი ურთიერთას თჳსებისაჲ, რამეთუ მასვე და ერთსა ღმერთსა, ვითარცა შვილნი, მამად უწოდთ ყოველნი, რამეთუ უწყით მისი ყოველთა ზედაობაჲ, ესრეთ, რამეთუ ყოველივე მას დაუბადებიეს, და ყოველთა მიერობაჲ, რამეთუ ყოველთა მიერ აღიარების არა ხოლო შემოქმედად, არამედ წინა-განმგებელადცა, მპყრობელად და მმართებელად ყოველთა; ხოლო ჩუენ ყოველთა შორისობაჲ, — რამეთუ აღუთქუა მას, ვითარმედ: "დავემკჳდრო და ვიქცეოდი მათ თანა" ().
მოციქულისაჲ: ხოლო თითოეულსა კაცად-კაცადსა ჩუენსა მოცემულ არს მადლი საზომისაებრ ნიჭისა ქრისტესისა (4,7).
თარგმანი: იხილე, ვითარ რომელი-იგი საჭირო არს, იგი ყოველთადა საზოგადოდ მოუცემიეს: გამოჴსნაჲ ცოდვათაგან და სიმდიდრე სარწმუნოებისაჲ, მადლი შვილებისაჲ და ერთობაჲ ნათლისღებისაჲ, სასოებასა თანა საუკუნეთა კეთილთასა; ხოლო განყოფაჲ მადლთაჲ — თითოეულისა ძალისა შემსგავსებული, რომელი რომლისადა უმჯობეს არს, და რაოდენსა დაიტევს თითოეული. ვინაჲცა, ამისთჳს ნიჭ უწოდს განყოფასა მადლთასა, რაჲთა, რომელი მიგეღოს მისგან, მისთჳს ჰმადლობდე, რამეთუ ნიჭებით და არა მოსაგებელად რაჲსამე მოუცემიეს. ხოლო რომელი არა მიგეღოს, მისთჳს არა ეშურებოდი მოყუასსა, რამეთუ არა შენი მიუხუეჭიეს, არამედ ქრისტესგან მიუღებიეს, რომელმან-იგი იცოდა, თუ რაჲ უმჯობეს არს შენდა, ანუ რაჲ — მისდა, და თითოეულსა უმჯობესი მოგცა და რაოდენსა დაიტევს ძალი თითოეულისაჲ.
მოციქულისაჲ: რომლისათჳს იტყჳს: "აჴდა მაღალსა, წარმოტყუენა ტყუჱ, და მისცა იგი ნიჭად კაცთა" (4,8).
თარგმანი: აჰა ესერა, ფსალმუნისაგან სამეოც და მეშჳდისა შემოიღებს სიტყუასა საწამებელსა, რამეთუ სიმაღლესა ჯუარისასა აღსლვითა წარმომტყუენნა ჩუენ ტყუე-ქმნულნი ეშმაკისაგან, არა რაჲთა კუალად დამიმონნეს, არამედ რაჲთა მონებისაგან განმათავისუფლნეს და მიიღოს ჩუენგან სარწმუნოებაჲ, და ნაცვალად მისსა მომცეს ჩუენ მადლი პირველ ქმნულთა ცოდვათა მოტევებისაჲ. ვინაჲცა თჳთ სიტყუაჲ ესე ესრეთ უსაკუთრეს არს, ვითარმედ: აჴდა მაღალსა, წარმოტყუენა ტყუე და მისცა ნიჭები კაცთა.
მოციქულისაჲ: ხოლო აღსლვაჲ იგი რაჲ-მე არს, არა თუ ესე, რამეთუ: "შთაჴდა იგი პირველად ქუესკნელთა ქუეყანისათა" (4,9).
თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: ამისთჳს საჴმარ იქმნა აღსლვაჲ, რამეთუ პირველად უეჭუელად გარდამოსრულ და შთასრულ იყო ქუესკნელთა ქუეყანისათა. ამისთჳსცა ითქუა შთასრულისაჲ კუალად აღსლვაჲ, რამეთუ აღსლვისა ესე სიტყუაჲ ზოგად შთასრულობასაცა მოასწავებს, ვინაჲთგან პირველი არს შთასლვაჲ და შემდგომი — აღმოსლვაჲ.
მოციქულისაჲ: რომელი გარდამოჴდა, იგივე არს, რომელი ამაღლდა ზედა ყოველთა ცათა, რაჲთა აღავსნეს ყოველნი (4,10).
თარგმანი: ზემო ქუესკნელად ქუეყანისა იტყოდა სიკუდილსა და ჯოჯოხეთსა, რამეთუ მათდა მიმართ შთაჴდა უფალი, ვინაჲცა გარდამოსლვამან და სიღრმედ შთასრულობამან ვერ დააყენა უფალი აღსლვად ზედა ყოველთა ცათა, რაჲთა შენ გასწავოს, ვითარმედ რაოდენცა უქუემოეს ყოველთა კაცთა სიმდაბლისა შთაიყვანო თავი შენი, ეგოდენ ზეშთა ყოველთასა აღგამაღლოს შენ ღმერთმან. ხოლო მიზეზსაცა იტყჳს ქრისტეს შთასლვისა და აღსლვისასა, რომელ არს აღვსებაჲ ყოველთაჲ. ესე იგი არს, ვითარმედ, ვითარცა ღმრთეებით მარადის აღავსებს ცასა და ქუეყანასა, ეგრეთვე ჯერ-იჩინა სულითა მით კაცობრივითა შთასლვაჲ ჯოჯოხეთად და კუალად აღმოსლვაჲ მიერ, და ჴორცთა მათ, საფლავსა დადებულთაჲ, აღდგინებაჲ მიერ და აღყვანებაჲ ზედა ყოველთა ცათა, რაჲთა ესრეთ არა ხოლო ღმრთეებით, არამედ კაცებითცა აღავსნეს ყოველნი ზეცისანი და ქუეყანისანი და ქუესკნელისანი.
მოციქულისაჲ: და მან მოსცნა რომელნიმე მოციქულნი, რომელნიმე წინაისწარმეტყუელნი, რომელნიმე მახარებელნი, რომელნიმე მწყემსნი და მოძღუარნი (4,11).
თარგმანი: ვინაჲთგან იგი თავადი არს განმგებელი ნიჭთა განყოფისაჲ, ამისთჳს ნუვინ ზუაობს უდიდესობისათჳს, ნუცა მწუხარე არს უმცირესობისათჳს მადლთაჲსა, რამეთუ ყოველივე მაღლ არს. ხოლო უდიდესი და უმცირესი, თუ ვის რაჲ შეეტყუების, ესე მან იცის, განმყოფელმან მადლთამან, რომელმან-იგი ახალსა ამას შინა მოციქულთა წინაჲსწარმეტყუელებისაცა მადლი მისცა, ხოლო ძუელსა შინა წინაჲსწარმეტყუელთა — მოციქულებისაჲ არა მისცა. ამისთჳს შემდგომნი უწინარეს პირველთა იჴსენებიან უმდიდრესობისათჳს ნიჭთაჲსა. ხოლო მახარებელად იტყჳს აღმწერელთა სახარებისათა, და მწყემსად უწოდს ტიმოთეს და ტიტეს და მსგავსთა მისთა, რომელთა ეპისკოპოსობითა ერწმუნა მოძღურებაჲ ეკლესიისაჲ. გარნა შენ იხილე, ვითარ განმყოფელად მადლთა ოდესმე მამასა იტყჳს და ოდესმე ძესა და ოდესმე სულსა წმიდასა, რაჲთა გიჩუენოს, ვითარმედ ერთ არს და სწორ ყოველივე საქმე მამისა და ძისა და სულისა წმიდისაჲ.
მოციქულისაჲ: დასამტკიცებლად წმიდათა, საქმედ მსახურებისა, აღსაშენებელად გუამისა ქრისტესისა (4,12).
თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: ყოველივე ესე განყოფაჲ მადლთაჲ ნუმცა ვისთჳს საშურველ არს უდიდესი, ნუცა შეურაცხ — უმცირესი; რამეთუ სწორებით ყოველნივე არარაჲსა სხჳსათჳს მოცემულ არიან, თჳნიერ, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, — აღსავსებელად წმიდათა; რამეთუ წმიდად უწოდს კრებულსა ეკლესიისასა, რომელთა აღსავსებელად და სამსახურებელად იქმნების ყოველივე; და რომლისადა უდიდესი მიცემულ არს, საქმედ მსახურებისა მიცემულ არს. ამისთჳს ნუმცა ვისგან საშურველ არს; და რომლისადა —უმცირესი, ნუცა იგი შეურაცხ-საყოფელ არს, რამეთუ სწორებით საჴმარ არიან დიდნი და მცირენი აღსავსებელად და სამსახურებელად და აღსაშენებელად გუამისა ქრისტესისა, რომელ არს ეკლესიაჲ, შესაკრებელი მორწმუნეთა კრებულისაჲ. ამისთჳს, რაოდენცა ვის უმეტესი აქუს მისგანი, ეგოდენ უმძიმესი ზედა-აც ტჳრთი.
მოციქულისაჲ: ვიდრემდე მივიწინეთ ყოველნი ერთობასა სარწმუნოებისასა და მეცნიერებასა ძისა ღმრთისასა, მამაკაცად სრულად, საზომად ჰასაკისა სავსებისა მის ქრისტესისა (4,13).
თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: მუნამდე არს შრომაჲ ჩუენი თითოსახეთა მიერ მსახურებათა, ვიდრემდის თანა-წარვჰჴდეთ სიჩჩოებასა და ვიქმნნეთ მამაკაც სრულ, არღარა სხუებრ და სხუებრ მეტყუელ შჯულთა მართლისა სარწმუნოებისათა, არამედ სწორითა გონებითა გურწმენეს ქრისტე, ვითარცა შუენის მამაკაცსა, დამტკიცებულსა ცნობითა, და არა ჩჩჳლსა, მიმოტაცებულსა გონებითა; რამეთუ ესრეთ იქმნების სისრულე სულიერისა ჰასაკისაჲ მეცნიერებითა ქრისტეს სავსებისაჲთა, ვითარმედ იგივე ერთი არს ძე პირველ საუკუნეთა თანაარსი და თანადაუსაბამოჲ მამისაჲ, და იგივე უკუანაჲსკნელთა ჟამთა განკაცებული ქალწულისაგან, ერთი გუამი ორითა ბუნებითა, ყოვლითურთ სრული — ღმრთეებითა და კაცებითა, რამეთუ ამას გულისჴმის-ყოფასა უწოდს მოციქული მამაკაცად სრულად, რაჲთა მეცნიერ ვიყვნეთ საზომსა ჰასაკისა ქრისტეს სავსებისასა, რომელ არს ღმრთად ჭეშმარიტად და კაცად ჭეშმარიტად აღსაარებაჲ მისი.
მოციქულისაჲ: რაჲთა არღარა ვიყვნეთ ყრმა ჩჩჳლ, ღელვააღტეხილ და მიმოტაცებულ ყოველსა მას ქარსა მოძღურებისასა, სივერაგითა კაცთაჲთა და ზაკულებითა მანქანებისა მის მიმართ საცთურებისა (4,14).
თარგმანი: სახისმეტყუელებით შემოღებითა ყრმათა და ქართა და ღელვათაჲთა წარმართთასა მას სიტყუა-მეტნობასა განაქიქებს, ვითარ ენამჭევრობით მიმოცვალებითა სიტყუათაჲთა ჰფარვიდეს უმეცრებასა და საცთურეანობასა მათსა, რამეთუ ესრეთ ოდესმე იყვნეს ბრძენნიცა იგი და ფილოსოფოსნი ეფესოჲსანი, ვერ მიმწთომელ ჭეშმარიტებასა და მიდევნებულ ცუდსა გამოძიებასა, ვინაჲცა უმეცრებასა თჳსსა ზაკუვით მიმოდგმითა სიტყუათაჲთა ჰფარვიდეს, ვითარცა განჴუებულნი ჭეშმარიტისა ამის სიბრძნისაგან, რომელი ისწავეს უკუანაჲსკნელ, მოუჴდეს რაჲ სარწმუნოებასა ქრისტესსა.
მოციქულისაჲ: არამედ ჭეშმარიტ ვიყვნეთ სიყუარულსა ზედა და აღვაორძინებდეთ ყოველსა მისსა მიმართ, რომელ არს თავ მისსა ქრისტე (4,15).
თარგმანი: ვინაჲთგან გარეშეთა მათთჳს წამა, ვითარმედ იჭჳთ და ტყუვილით ასწავებენ, ამისთჳს ჩუენთა ამათ ასწავებს, ვითარმედ უჴმს ჭეშმარიტ ყოფაჲ სიტყვთა და შჯულითა და მოქალაქობითა, რომლითა წარემართების სიყუარული, რამეთუ ზაკულებაჲ და მიმოცვალებაჲ სიტყუათაჲ დამჴსნელი არს სიყუარულისაჲ და მოქმედი სიძულილისაჲ, ხოლო რაჟამს ურთიერთას მოუზავნეთ სიტყუანი საქმეთა, და მართლმადიდებლობასა —ქონებაჲ მოქალაქობისა კეთილისაჲ, მაშინ შევიერთებით ჭეშმარიტებასა ზედა სიყუარულისასა, რაჟამს არა ბოროტებით რაჲმე იყოს სიყუარული ჩუენი, არამედ საღმრთოდ და ჭეშმარიტებით, რაჲთა ყოვლითურთ ქრისტეს მიმართ აღვორძნდებოდით და კეთილად ცხორებითა თავსა მას ჩუენ ყოველთასა შევეერთებოდით.
მოციქულისაჲ: რომლისაგან ყოველი გუამი შენაწევრებულ და შემტკიცებულ არს ყოვლითა შეახლებითა უხუებისაჲთა (4,16).
თარგმანი: ვითარ-ესე გუამთა ჩუენთა შინა განმაცხოველებელობაჲ სულისაჲ უშინაგანესით თავისაჲთ ძარღუთა მიერ შთამოვალს და არა სწორებითსა ძალსა მისცემს ყოველთა ასოთა, არამედ რაოდენ თითოეული მათი დატევნად შემძლებელ იყოს, რამეთუ რომელსამე შორის უმრავლეს არს ძალი მისი, და რომელსამე — უმცირეს; ეგრეთვე ქრისტე, თავი იგი ჩუენ ყოველთაჲ, ვითარცა ასოთა მისთა, სულთა ჩუენთა ძალ-სცემს სულიერითა მით განყოფითა მადლთაჲთა, და შემსგავსებულად თითოეულისა სულისა ასოჲსა ჰყოფს აღორძინებასა სულიერისა ჰასაკისასა და მსგავსად შეხებისა ამის, რომელ არს ჩუენ შორის ერთი ხუთთა საცნობელთაგანი, ვითარ-ესე შეხებაჲ შინაგანით თავისაჲთ იწყებს და მიერ განიყვანებს ძარღუთა ყოველთა შინა ასოთა, რაჲთა სწორებით იგრძნობდენ შეხებასა მას, ეგრეთვე შეახლებაჲ, რომელ არს შესახებელი უხუებისაჲ, ჩუენ ყოველთა თავისა — ქრისტესგან გარდამოვალს, და ამისთჳს შეახლება უხუების ეწოდების, რამეთუ სხუანი იგი საცნობელნი ერთსა მას შინა ასოსა მოქმედებენ, ხოლო შეხებასა ამისთჳს უხუებითად ეწოდების, რამეთუ ყოვლითავე ასოჲთა სწორებით ვიგრძნობთ შეხებასა, რომელი აწ მოციქულმან სახედ მოიღო ქრისტეს მიერთა მადლთა უხუებისა, ვითარმედ, ვითარ-იგი შესახებელი — ყოველთა ასოთა, ეგრეთვე მადლი ქრისტესი ყოველსა სავსებასა ეკლესიისა შვილთა სწორებით მიეფინების, ხოლო მოქმედებასა ესოდენსა მისცემს თითოეულსა, რაოდენი ძალ-ედვას დატევნად.
მოციქულისაჲ: შეწევნისაებრ საზომისა თითოეულისა ასოჲსა სიორძილსა მას გუამისასა ჰყოფდით აღსაშენებელად თავისა თქუენისა სიყუარულით (4,16).
თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: ვინაჲთგან თავისა მის ჩუენ ყოველთაჲსა ქრისტესდა დამოკიდებულ ხართ და მის მიერ მოგიღიეს განყოფაჲ მადლთაჲ კაცად-კაცადი, თითოეულად ასოდ სახელდებული, შეწევნისაებრ საზომისა (ესე იგი არს — ძალისაებრ და მადლისა, მისდა რწმუნებულისა თჳსსა საქმესა ჰყოფდით, რაჲთა ესრეთ აღორძნდეს ზოგადი გუამი ეკლესიისაჲ; რამეთუ, მისსა რაჲ აღორძინებასა ჰმუშაკობდეთ, თავთა თჳსთა აღაშენებთ, ხოლო მოქმედებაჲ იგი სიყუარულით იყავნ, რამეთუ თჳნიერ სიყუარულისა არცა ერთი რაჲ კეთილთაგანი სრულ იქმნების. ხოლო აღორძინებაჲ გუამსა ეკლესიისასა ესრეთ იქმნების, მადლისა მიერ და მეცნიერებისა და სარწმუნოებისა, სულიერად და გრძნობადად, ხილულად და საცნაურად, მითვე კეთილად შუამდგომელობითა სიყუარულისაჲთა.