მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

თავი გ̂. სწავლაჲ ღმრთისა მიერ ერთობისა მათისა და საღმრთოჲსა ცხორებისაჲ

წმინდა იოანე ოქროპირი
მთარგმნელი: წმინდა ეფრემ მცირე
რედაქტორი: Titus

📋 სარჩევი

მოციქულისაჲ: გარნა ღირსად ხოლო სახარებისა მის ქრისტესისა ვიდოდეთ, რაჲთა გინათუ მოვიდე და გიხილნე თქუენ, გინათუ შორს ვიყო და მესმას თქუენთჳს, ვითარმედ სდგათ თქუენ ერთითა სულითა და ერთითა გონებითა (1,27).

თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: მოსლვაჲცა და შორს ყოფაჲცა, ხილვაჲ და სმენაჲ, თანად სიკუდილით და ცხორებითურთ, ამის პირისათჳს საჴმარ არს ჩემდა, რაჲთა შემატება გცე თქუენ ღირსებით სრბასა მაგას თქუენსა, ღირსად მცნებათა ქრისტეს სახარებისათა. და ესე მაშინ უსახარულევანეს არს ჩემდა, რაჟამს არა ერთი, არამედ ყოველნი ზოგად მასვე ერთსა ერთსულობასა აჩუენებდეთ მცნებათა ქრისტესთა მოქმედებისათჳს, ერთითა გონებითა, რომელ არს საუკუნოჲსა სასყიდლისა კუალად-გებისათჳს არაოდეს მოწყინებაჲ ღუაწლთა და შრომათაჲ, რომელთა ჰყოფდეთ სათნოებისათჳს.

მოციქულისაჲ: და თანა-იღუწით სარწმუნოებასა მას სახარებისასა, და არა ჰფრთხებით არარაჲთ მჴდომთა მათგან, რომელ-იგი არს მათდა სახე წარწყმედისაჲ, ხოლო თქუენდა — ცხორებისა; და ესე ღმრთისა მიერ (1,27-28).

თარგმანი: ესე არს ურთიერთას თანა-მოღუაწებაჲ, რაჟამს ვითარცა ერთითა სულითა და ერთითა გონებითა ურთიერთას შეეწეოდინ ძმანი ღუაწლთა შინა სახარებისა მცნებათა მოქმედებისათა, ზოგად წარმართებისათჳს ყოველსავე მის მიერ ბრძანებულსა, სარწმუნოებისათჳს და საქმეთა კეთილთა, და ამისსა მიმართ წინააღმდგომთა და მბრძოლთა კუეთებისაგან, არა ხოლო დაუცემელ, არამედ დაუფრთხობელცა იყვნენ, რამეთუ ნამდჳლვე არა საშიშ, არამედ საფრთხოლ ოდენ არიან კუეთებანი წინააღმდგომთანი ერისათჳს, ქრისტესდა მინდობილისა. ხოლო საფრთხოლი ყრმათა ოდენ ჩჩჳლთა აშინებს და არა ჭაბუკთაცა, ახოვანთა გონებითა; ამისთჳს მოციქული ფილიპელთა, ვითარცა ნამდჳლვე ახოვანთა, ეტყჳს, ვითარმედ: შეუძრწუნებელ იყვენით მათგან, დაღათუ სიკუდილსა გაქადებდენ, დაღათუ კრულებათა ამათ და პყრობილებათა ჩემთათჳს გაყუედრებდენ. და ესრეთ, ყოველსავე შინა უშიშოებაჲ თქუენი წინააღმდგომთა მათ სახარებისათა ექმნეს სახე წარწყმედისა, ხოლო თქუენ — მომატყუებელ ცხორებისა; რამეთუ ახოვნებაჲ თქუენი სწორებით დაამჴობს მათ და განგაძლიერებს თქუენ. და ესე ყოველი იქმნების თანა-შეწევნითა ღმრთისაჲთა და არაოდეს მინდობითა ძალისა თჳსისაჲთა.

მოციქულისაჲ: რამეთუ თქუენ მიგემადლა ქრისტესთჳს არა ხოლო მისსა მიმართ სარწმუნოებაჲ, არამედ მისთჳს ვნებაჲცა (1,30).

თარგმანი: იხილე, ვითარ საზოგადო ჰყოფს ყოველსავე ნიჭსა მამისა და ძისასა, რამეთუ ზემო თქუა: "და ესე ღმრთისა მიერ"; ხოლო აქა იტყჳს: "ქრისტესთჳს". და ყოველსავე შინა ამას ცხად ჰყოფს, ვითარმედ თჳთ მას ქრისტეს მიმართსა სარწმუნოებასა ფრიად უმეტეს არს მისთჳს ვნებათაცა თავს-დებაჲ, წინააღმდგომთაგან სახარებისა მისისათა.

მოციქულისაჲ: იგივე ღუაწლი გაქუნდინ, რომელი იხილეთ ჩემ თანა და აწ გესმის ჩემ მიერ (1,31).

თარგმანი: დიდ არს მსგავსებაჲ პავლესი ქრისტესთჳს ღუაწლთა თავს-დებისათჳს, რომლისა თუალით მხილველ იყვნეს ფილიპელნი, რამეთუ პირველ მათ თანა მყოფსა მუნვე ფილიპიას მრავალნი ჭირნი და ღუაწლნი თავს-ესხნეს მოციქულსა, და აწ კუალად ჰრომს შინა მათვე ჭირთა პყრობილებისა და კრულებისათა შინა მყოფ იყო, ვინაჲცა ორისავე ამის მიმართ აღიბაძვებს მათ — თუალით ხილულისა და ყურით სმენილისა.

მოციქულისაჲ: რავდენი რაჲ ნუგეშინის-ცემაჲ არს ქრისტეს მიერ და რავდენი ნუგეშინის-ცემაჲ სიყუარულისაჲ; რავდენი რაჲ ზიარებაჲ სულისაჲ; რავდენი რაჲ მოწყალებაჲ და წყალობაჲ; აღავსეთ სიხარული ჩემი, რაჲთა მასვე ჰზრახვიდეთ და იგივე სიყუარული გაქუნდეს (2,1-2).

თარგმანი: ზემო ესოდენ აღმატებულ ყო ქრისტესთჳს ვნებაჲ უფროჲს ყოველთა სასწაულთა და მკუდართა აღდგომისასა, რომლითა საცნაურ არს, ვითარმედ სასწაულთათჳს ჩუენ თანამდებ ვართ ღმრთისა; და უკუეთუ არა ფრიად განვეკრძალნეთ, უძჳრესად დავისაჯნეთ, ვითარცა თანამდებნი დიდისა მადლობისანი, და ვერარაჲთ გარდამჴდელნი თანანადებისანი. ხოლო რაჟამს ქრისტესთჳს გუევნებოდის, მაშინ იგი თავადი თანამდებ არს ჩუენდა, რომელსა უხუებით ძალ-უც ბევრწილ-ყოფაჲ მისაგებელისაჲ. ხოლო აწ ეტყჳს სიტყუასა საკჳრველსა, ვითარმედ: რაოდენი რაჲ გულს-გიც ჩემთჳს ნუგეშინის-ცემაჲ ქრისტეს მიერი, მისთჳს შემთხუეულთა ამათ ჭირთათჳს; რაოდენი რაჲ გასმიეს ჩემთჳს და გნებავს მისითა მობაძავ-ყოფითა სიყუარულით ნუგეშინის-ცემაჲ ჩემი; რაოდენითა რაჲთ გნებავს, რაჲთა ზიარ ჩემ თანა იქმნნეთ სულისა წმიდისა; რაოდენი რაჲ გაქუს ნაწილი მოწყალებისა მამებრივისა და წყალობისა ძმებრივისაჲ — ესე ყოველი მაშინ აღავსოთ განმამხიარულებელად ჩემდა, რაჟამს ვითარ-ეგე აწ გიწყიეს, მასვე წესსა ზედა სრულ-ჰყოთ ურთიერთას სიყუარული და ერთნებობაჲ ძმობისა მაგის თქუენისაჲ. ვითარ თუმცა მოკლედ ეტყოდა, ვითარმედ: რაჲცა რაჲ თანა-გაც ჩემდა მოგებად შრომათა მათ წილ რომელ თავს-მისხმან თქუენთჳს, ესე ყოველი მაშინ გარდაიჴადოთ, რაჟამს უცვალებელად სრულ-ჰყოთ აწ დაწყებული ეგე სიყუარული და ურთიერთას ერთობაჲ თქუენი.

მოციქულისაჲ: ერთსულ და ერთზრახვა იყვენით; ნურარაჲთ ჴდომით და ზუაობით, არამედ სიმდაბლით ურთიერთას უმეტეს შეჰრაცხდით თითოეული თავისა თჳსისასა (2,2-3).

თარგმანი: პირველად ჰრქუა ერთსულ და ერთზრახვა ყოფაჲ; ამისსა შემდგომად ეტყჳს, თუ ვითარ წარემართების ამისი ქმნაჲ; ესე იგი არს, რაჟამს აღმოჰფხურან თავმოთნებით ჴდომაჲ და ზუაობაჲ. და ესე იქმნების, რაჟამს თითოეულსა მოყუასი თჳსი უმეტეს თავისა თჳსისა შეერაცხოს ყოველსა შინა, ვითარცა უფროჲს მისსა აღმატებული ღირსებასა შინა ყოვლისა პატივისასა. და რაჟამს თითოეულმან ესე დაიდვას გონებასა თჳსსა, ვითარმედ: "მოყუასი ჩემი ყოველსავე ზედა უფროჲს ჩემსა არს", მიერითგან ოდესღამცა ეშურვა პატივისათჳს უზეშთაესსა მას თჳსსა; ანუ დაღაცათუ იგინოს მისგან, ვითარ განრისხნეს და არა თავს-იდვას სიტყუაჲ უზეშთაესისა თჳსისაჲ. ამისთჳს არა ხოლო უმეტეს შერაცხვად გუამცნებს, არამედ კრძალვად, რაჲთა არა ჴდომით და ზუაობით, არამედ სიმდაბლით ვჰყოფდეთ უმეტეს შერაცხვასა მას, რამეთუ მრავალგზის არა სიმდაბლით, არამედ ჴდომით და ზუაობით აჩუენებს კაცი რეცა უმეტესად შერაცხვასა მოყუსისა თჳსისასა, რაჲთა უჩუენოს კაცთა თჳსი სიმდაბლე, და მოყუსისა თჳსისა ამპარტავანებასა განაქიქებნ. ესევითარი იგი უმეტეს შერაცხვაჲ არად სარგებელ არს, არამედ — იგი ოდენ, რაჟამს სიმდაბლითა გონებისაჲთა, არა ჩემებით, არამედ ჭეშმარიტებით ყოველი კაცი უმეტეს თავისა თჳსისა შეერაცხოს. ესევითარი იგი არა ხოლო პატივსა მისსა არა ეშურვოს, არამედ გინებაჲცა ადვილად თავს-იდვას მისგან, რომლისაჲ ჭეშმარიტად გულსა დაედვას უაღრეს თჳსსა ყოფაჲ.

მოციქულისაჲ: ნუ თავისა თჳსისასა ხოლო კაცად-კაცადი თქუენი ეძიებნ, არამედ მოყუსისასაცა თითოეული თქუენი (2,4).

თარგმანი: ვითარ-იგი ზემო უმეტესად შერაცხვასა მას ორთავე კერძოთა ამცნებს, ეგრეთვე აწ უმჯობესისა ძიებასა ორკერძოვე გუამცნებს ურთიერთას, რამეთუ რაჟამს თითოეულმან თჳსი დაუტეოთ, და მე შენსა უმჯობესსა ვეძიებდე, ხოლო შენ — ჩემსა, და მე შენ უაღრესად შემერაცხო ყოველსავე ზედა, ხოლო შენ — მე, — ესე წესი ანგელოზებრივი არს. ესე წესი ყოველსავე შფოთსა და უწესოებასა განსდევნის და ყოველსავე მშჳდობასა და წესიერებასა შემოიყვანებს ცხორებასა შინა კაცთასა.

მოციქულისაჲ: ესე ზრახვაჲ იზრახებოდენ თქუენ შორის, რომელცა-იგი ქრისტე იესუჲს მიერ, რომელი-იგი ხატი ღმრთისაჲ იყო (2,5-6).

თარგმანი: ეგულების დაწყებაჲ სიტყუად სიმდაბლისათჳს, და ამისთჳს ქრისტესა შემოიყვანებს სახედ, რაჲთა ვერვინ მოიგონოს თუ შემძლებელ არს ესოდენ დამდაბლებად თავისა თჳსისა, რაოდენ ჩუენთჳს დაიმდაბლა ხატმან მან და ბრწყინვალებამან ღმრთისა მამისამან.

მოციქულისაჲ: არა ნატაცებად შეირაცხა ყოფად იგი სწორებად ღმრთისა, არამედ თავი თჳსი დაიმდაბლა და ხატი მონისაჲ მიიღო და მსგავს კაცთა იქმნა (2,6-7).

თარგმანი: იხილე სიბრძნე სიტყუათაჲ ამათ, ვითარ ესევითარი სახე მოგუცა სიმდაბლისაჲ, რომელ, რაოდენცა ზრქელი გონებაჲ იყოს, წადიერ ჰყოფს საქმისა ამის მიმართ, რომლითა უმეტეს შესაძლებელ არს მიბაძვებაჲ ქრისტესი; გარნა დაღაცათუ ესე დიდ არს, არამედ შენ სხუაჲცა გულისჴმა-ყავ უზეშთაესი, ვითარ სიტყუათა ამათ მიერ, ვითარცა მახჳლითა ორპირითა ერთბამად ყოველთა წვალებათა დამჭრელ ექმნების მოციქული. რამეთუ პირველ, თქუა რაჲ, ვითარმედ: "ხატი ღმრთისაჲ იყო", — სამარადისოდ მყოფებაჲ და თანა-დაუსაბამოებაჲ ძისაჲ მამისა თანა — ისარ განმგუმერელ ყო არიოზ ალექსანდრიელისა. და ამითვე სიტყჳთა დააკუეთა მარკიონ პონტოელი; ვითარმცა ეტყოდა, ვითარმედ: "უკუეთუ ნანდჳლვე ხატი ღმრთისაჲ იყო, ვითარ შენ მარიამისგან დაწყებულად იტყჳ მას, ჵ უშჯულოვო!" ამათ თანა დაიჴსნების პავლე სამუსატელი, რომელი-იგი ლიტონად კაცად იტყჳს უფალსა ჩუენსა იესუ ქრისტესა, თანა-შეწევნულად ღმრთისაგან, რომელსა მიუგებთ, ვითარმედ: ხატ ღმრთისა ყოფაჲ ბუნებითსა მას ღმრთეებისა მისისა არსებასა გჳქადაგებს, და არა თუ შეწევნითა ღმრთისაჲთა მის თანა ყოფასა საღმრთოჲსა ძალისასა. და ვითარ-იგი ბუნებით ხატ ღმრთისა იყო, ეგრეთვე ბუნებით ხატ მონისა იქმნა. ამათ თანა სირცხჳლეულ იქმნებიან მარკელლეცა გალატიელი და სოფრონ და ფოტინოს, ვინაჲთგან ხედვენ საბელიოჲს დაცემასა სიტყჳთა ამით: "არა ნატაცებად შეირაცხა ყოფად იგი სწორებად ღმრთისა". აჰა, შემრეველო, სწორებაჲ ითქუა ძისაჲ მამისა თანა, რაჲთა შენ პირი დაიყო! რამეთუ სწორებაჲ ერთად შერეულთა თანა არა ითქუმის, არამედ გუამოვნებით განყოფილთა და ბუნებით შეერთებულთა, შეურევნელად და განუყოფელად. და ვითარ შენ უცხო გიჩნან სახელნი მამისა და ძისა და სულისაჲ?

იხილე კუალად მეორე დაკუეთებაჲ არიოზისი, რამეთუ აჰა უეჭუელად მაღალ იყო, რომელმან თავი თჳსი დაიმდაბლა, და უეჭუელად ხატი ღმრთისაჲ იყო, რომელმან ხატი მონისაჲ მიიღო. ცხად არს, ვითარმედ ღმერთი განკაცნა, რომლისათჳსცა მოციქული იტყჳს, ვითარმედ: ხატი ღმრთისაჲ იყო, მარადის მყოფი პირველ საუკუნითგან, და უკუანაჲსკნელ ხატი მონისაჲ მიიღო.

არამედ რასა ცბის არიოზ? — ესოდენ უდარეს არსო მე მამისა, რომელ არა ტაცებით შეირაცხა სწორ ღმრთისა, რამეთუ მას ზედა ვინ-მე შეირაცხების, რომლითა პირველ არა შერაცხილ იყოს, და მას მიიტაცებს, რომელი არა აქუნდეს? ცხად არს, ვითარმედ — უდიდესისაგან უმცირესი.

ხოლო ჩუენ მიუგებთ: ღმერთი დიდი და მცირე — ყოვლად არა გჳსწავიან წერილთა შინა; და დაღათუმცა მცირემცა იყო, ზრახვისაებრ შენ უკეთურისა, ვერმცა უძლო მიტაცებაჲ სწორებისაჲ დიდსა თანა, დაღათუმცა ესე უნდა. ვინაჲცა პავლე აწინდელსა ამას ადგილსა სიმდაბლისა სახედ მოიღებს; ვითარ მაღალმან ნებსით დაიმდაბლა თავი თჳსი! და არა ამით აქებს, ვითარმედ მდაბალ იყო ძე, და არა წინა-აღუდგა უზეშთაესსა თჳსსა მამასა (რომელი-ესე თუმცა იყო, ნუუკუე და უძლურებისაჲ იყო), არამედ ამას ზედა მოიღებვის სახედ სიმდაბლისა, რამეთუ ბუნებით ღმერთი იყო და ძე, თანაარსი და თანადაუსაბამოჲ ღმრთისა მამისაჲ, და უკუანაჲსკნელ დაიმდაბლა თავი თჳსი და იქმნა ძე კაცისა. რამეთუ არა მოეტაცა ვისგანმე ბუნებით ქონებული იგი დაუსაბამოჲ და დაუსრულებელი ღმრთეებაჲ მისი, რაჲთამცა ტაცებით მოგებულისა მის ეშინოდა ქუე-დადობად, ვითარმცა კუალად ვინმე მისტაცებდა მას. ამისთჳს არა განჴუებითა ბუნებითისა მისგან თჳსისა დიდებისა დაუმდაბლებელად და დაუკლებელად ღმრთეებისაგან თავი თჳსი დაიმდაბლა, შეიმოსნა რაჲ ჴორცნი ესე სიმდაბლისა ჩუენისანი, რაჲთა მის თანა აღამაღლოს სიგლახაკე ჩუენი.

მოციქულისაჲ: და მსგავს კაცთა იქმნა და ხატითა იპოვა ვითარცა კაცი (2,7).

თარგმანი: ესე სიტყუანი ევტჳქიანელთა თანაშემწედ წვალებისა მათისა აზმნნეს, რეცათუ საოცარ ყოფისათჳს ჴორცშესხმისა, ვითარმედ მსგავსებაჲ ოდენ წერილ არს კაცთაჲ და ხატითა კაც-ქმნაჲ. არამედ მოვედ და მართლმადიდებელთაგან ისწავე განმარტებაჲ სიტყუათა სულისა წმიდისათაჲ. რამეთუ მსგავს კაცთა ქმნისა და ხატითა კაც-პოვნისაჲ პირველი განმარტებაჲ ესე არს, ვითარმედ: არა განჴუებითა ღმრთეებისაგან იქმნა კაც, რაჲთამცა ლიტონად კაცად იქადაგებოდა, არამედ, რომელი-იგი იყო, არს, უქცეველ ბუნებითისა ღმრთეებისაგან, და რომელ-იგი არა იყო, - მიიღო ყოვლითურთ განკაცებითა; და ყოვლითურთ ღმერთ არს და კაც. ხოლო ამითა უზეშთაეს არს კაცთა, რამეთუ ღმერთ არს და კაც; და არა ლიტონ კაც, არამედ ღმერთ და კაც. და კუალად ესე, ვითარმედ არა ხოლო ღმრთეებისა სრულებითა, არამედ კაცობრივთაცა შობითა ზეშთა კაცთა ბუნებისა არს, რამეთუ არა ხრწნილებით, თესლითა მამაკაცისაჲთა, არამედ უხრწნელებით, მადლითა სულისა წმიდისაჲთა მიიხუნა ჴორცნი საშოჲსაგან ქალწულისა. და ესე არს ხატითა პოვნაჲ მისი, ვითარცა კაცისაჲ, რამეთუ ჴორცითა მით კაცობრივითა უზეშთაეს იყო კაცთასა, რამეთუ მან თავადმან არა ქმნა ცოდვაჲ, არცა იპოვა ზაკუვაჲ პირსა მისსა. ხოლო იქმნა იგი, ვითარცა კაცი. რამეთუ ჩუენცა ვთქჳთ ესე სიტყუად მეფისათჳს, შემკობილისა ყოვლითა სამკაულითა სამეუფოჲთა, ვითარმედ: "გამოვიდა, ვითარცა მეფე". და "ვითარცაჲ" იგი არა დამაკნინებელ იყვის გინა საეჭუ-მყოფელ მეფობისა მისისა, არამედ ამისსა მეტყუელ, ვითარმედ უეჭუელად ნამდჳლვე მეფე იყო; ვითარ-იგი მახარებელმან თქუა: "ვიხილეთ დიდებაჲ მისი, დიდებაჲ ვითარცა მხოლოდშობილისაჲ" (), რომლითა არა ამსგავსებს ოდენ, არამედ ჴეშმარიტებით დაამტკიცებს მხოლოდშობილობასა მისსა. ვინაჲცა მოციქული აწ იტყჳს, ვითარმედ: "ხატითა იპოვა ვითარცა კაცი", ვითარმედ: "დაუკლებელად ღმრთეებისაგან, ყოვლითურთ მსგავს კაცთა იქმნა.

მოციქულისაჲ: დაიმდაბლა თავი თჳსი და იქმნა იგი მორჩილ ვიდრე სიკუდილდმდე და სიკუდილითა მით ჯუარითაჲთა (2,8).

თარგმანი: ესე თქუა მოციქულმან, რაჲთა პირი დაუყოს მწვალებელთა, რომელნი იტყჳან, ვითარმედ: იძულებით მოივლინა მამისა მიერ, ვითარცა უდარესი უვაღრესისაგან. ამისთჳს ცხად ჰყოფს მოციქული, ვითარმედ: ვითარცა ერთარსმან და თანასწორმან, ნებსით ჯერ-ჩინებითა ცხორებისა ჩუენისაჲთა პატივ-სცა მამასა მორჩილებად, ვითარცა მიზეზსა და მშობელსა თჳსსა; და ზოგადითა ნებითა სრულ-ყვეს ცხორებაჲ ჩუენი, რაჟამს მამამან სათნო-იყო, ხოლო ძემან მორჩილებითა სათნო-ყოფისა მამულისაჲთა დაიმდაბლა თავი ჴორცთა ამათ სიგლახაკისა ჩუენისათა შემოსითა, და ვიდრე სიკუდილადმდე ყოვლისავე თავს-დებითა; ხოლო სიკუდილი არა ლიტონი და ადვილი, არამედ ჯურისა მიერი, რომელი უშეურაცხეს და უფროჲს სავლტოლველ იყო ყოველთა სიკუდილთა ქუეყანისათა. ესრეთ უკუე ზემოჲთგანვე ფრიადი რაჲმე კრძალულებაჲ იხილვების სიტყუათა ამათ შინა მოციქულისათა, ვითარ სამარადისოდ პირველ საუკუნეთა მყოფისა მის ბუნებითისა და ჭეშმარიტად სამარადისოჲსა ღმრთეებისა მისისა თქუა, ვითარმედ: "ხატი ღმრთისაჲ იყო", რაჲთა დაჰჴსნას სიტყუაჲ მათი, რომელთა თქუეს, ვითარმედ: "იყო ჟამი, ოდეს არა იყო". ხოლო უკუანაჲსკნელ მიღებულისა მისთჳს მისგან კაცებისა, ვითარმედ ხატი მონისაჲ მიიღო, ცხად არს, ვითარმედ მეუფე იყო, და ამისთჳს საკჳრველ არს სიმდაბლით მიღებაჲ მისგან ხატსა მონისასა. ხოლო რაჲთა არავინ თქუას, ვითარმედ: "იძულებით მოივლინა ვითარცა მონაჲ", ამისთჳს, ვითარცა თანაარსისათჳს, იტყჳს ნებსითობასა, ვითარმედ: "იქმნა იგი მორჩილ მამისა ვიდრე სიკუდიდმდე და სიკუდილითა მით ჯუარისაჲთა". რამეთუ, ვითარცა უფალი სიკუდილისა და ცხორებისაჲ, ნებსით ჯერ-იჩინებდა სიკუდილსა, ვითარითაცა სახითა ჯერ-უჩნდა. იოვანე დამასკელისაჲ: ღმრთეებით არცა მორჩილ არს, არცა ურჩ, რამეთუ ღმრთეებით ერთ არს ყოველივე ნებაჲ მამისა და ძისა და სულისა წმიდისაჲ. ამისთჳს, მორჩილებაჲ რაჲ გესმას ძისაჲ, ჴორცთა მათთჳს გულისჴმა-ყავ, რომელ ჩუენგან ხატად მონისა შეისხნა უფალმან და მეუფემან დიდებისამან.

მოციქულისაჲ: ამისთჳსცა იგი ღმერთმან უმეტესად აღამაღლა და მიანიჭა მას სახელი უზეშთაესი უფროჲს ყოველთა სახელთაჲსა (2,9).

თარგმანი: ვიდრემდის ღმრთეებისათჳს მხოლოდშობილისა ჰყოფდა სიტყუასა, იხილე, თუ ვითარ მაღლად მეტყუელებდა მისთჳს, ვითარმედ: "რომელი-იგი ხატი ღმრთისაჲ იყო, არა ნატაცებად შეირაცხა ყოფად იგი სწორებად ღმრთისა". ხოლო განკაცებისა მისისათჳს ყოველსავე მდაბლად მეტყუელებს, რაჲთა სარწმუნო ყოს ჭეშმარიტებით ჴორცთა შესხმაჲ მისი. ამისთჳს იტყჳს ღმრთისა მიერ ამაღლებასა მისსა და მინიჭებასა სახელისასა, რამეთუ ნამდჳლვე დიდი ამაღლებაჲ იყო მიწად შთაჴდილისა ბუნებისა კაცთაჲსა, რაჟამს ჴორცთა მათ, რომელ ჩუენგან შეისხნა მხოლოდშობილმან ძემან, თანა-შეერთებითა ღმრთეებისაჲთა უფალ ეწოდა და ქრისტე, და ძე და ღმერთ; რამეთუ ესე ყოველი ზოგადი სახელი არს სიტყჳსაჲ და ჴორცთაჲ მათ, რომელ ჩუენგან შეისხნა სიტყუამან.

მოციქულისაჲ: რაჲთა სახელისა მიმართ იესუ ქრისტესისა ყოველი მუჴლი მოდრკეს ზეცისათანი და ქუეყანისათანი და ქუესკნელთანი, და ყოველმან ენამან აუვაროს, რამეთუ უფალი იესუ ქრისტე სადიდებელად ღმრთისა მამისა (2,10-11).

თარგმანი: ესე არს სახელი იგი მამისა მიერ მონიჭებული, რამეთუ მსაჯულ ცხოველთა და მკუდართა ყო იგი მამამან, რაჲთა სახელისა მიმართ იესუ-მაცხოვრისა და ქრისტე-ცხებულისა ყოველი მუჴლი მოდრკეს ჟამსა მას მეორედ მოსლვისა მისისასა, და შევრდომით თაყუანის-სცენ მას; რამეთუ დაღაცათუ აწ ვიეთნიმე ურწმუნო არიან მისსა, არამედ მაშინ ზოგად ყოველთა ჰრწმენეს, რაჟამს იხილონ იგი მსაჯულად ცხოველთა და მკუდართა, და მათცა, რომელთა-იგი ჯუარს-აცუეს, იხილონ, რომელსა უგუმირეს. ხოლო ზეცისად იტყჳს ანგელოზთა, და ქუეყნისად — კაცთა, და ქუესკნელისად —ეშმაკთა, რომელთა ენაჲ აქავე აღუვარებდა: "გიცი შენ, წმიდაჲ ეგე ღმრთისაჲ" (); ხოლო მერმესა მას — უსრულესად, რაჟამს დაისხნენ ქუეშე ფერჴთა მისთა, და რაჟამს მათ მიერ აქა ცთუნებულთა ურწმუნოებად ქრისტესა, მერმესა მას მოსლვასა მისსა უნებლიეთ აღიარონ, ვითარმედ იგი არს ჭეშმარიტად დიდებაჲ ღმრთისა მამისაჲ — ქრისტე, რამეთუ ძეობითა მისითა განითქუმის სახელი ღმრთისა მამისაჲ, და ჭეშმარიტად უფალ ყოველთა დაბადებულთა არს ხატითა მონისაჲთა მოსრული იგი მჴსნელად დაბადებულთა. გინათუ ესრეთცა ვთქუათ, ვითარმედ: ზეცისად იტყჳს ანგელოზთა, ქუეყნისად — კაცთა წმიდათა და მართალთა, ხოლო ქუესკნელისად — ცოდვილთა, ვითარცა აწვე დაშჯილთა მკჳდრობად ქუესკნელს უნანელობისათჳს ცოდვათა მათთაჲსა.

მოციქულისაჲ: ვინაჲცა, საყუარელნო ჩემნო, ვითარცა-ეგე ყოვლადვე მორჩილ ხართ, ნუ ხოლო მისლვასა მას ჩემსა, არამედ აწ უფროჲსღა შორს ყოფასა ამას ჩემსა შიშით და ძრწოლით თჳსსა ცხორებასა იქმოდეთ (2,12).

თარგმანი: ესრეთ უსარწმუნოეს იქმნების სიტყუაჲ სწავლისაჲ, რაჟამს თანა-შეზაოს ქებაჲ და გარდასრულსა კეთილსა თჳთ მათ მიერვე ქმნილსა აღაბაძვნეს კაცნი, ვითარ-ესე აწ მოციქული მორჩილ და საყუარელ უწოდს და ჩუეულებისაებრსა მორჩილებასა ეძიებს მათგან, უმეტესადღა შორს მყოფი, რამეთუ პირისპირი მორჩილებაჲ რეცა კაცთა სირცხჳლისად შეირაცხების, ხოლო შორიელი ღმრთისა მხოლოჲსათჳს ქმნილობასა თჳსსა დაგჳმტკიცებს, არამედ არს ვიეთგანმე ქმნაჲ სათნოებისა და მოღუაწებისაჲ, არამედ სიმჴნით და სილაღით, და არა სიმდაბლით და შემუსრვილებით. ამისთჳსცა მოციქული ეძიებს მოქმედებასა თჳსისა ცხორებისასა, რომელ არს მოღუაწებაჲ სულიერი; რაჲთა შიშით და ძრწოლით ვიქმოდით, ვითარმედ ყოველგან არს ღმერთი და ყოვლისავე ზედამხედველ; ამისთჳს გუეშინოდენ ქმნად რასმე არა-სათნოსა მისსა, ხოლო ამისთჳს ვძრწოდით, ვითარმედ საშჯელი მიეჴადების მოქმედთა ბოროტისათა, რამეთუ არარაჲ კეთილთაგანი მტკიცედ მოიგებვის თჳნიერ შიშისა და ძრწოლისა, ვითარ-იგი გესმის წინაჲსწარმეტყუელისაჲ: ჰმონეთ უფალსა შიშით და იხარებდით მის წინაშე ძრწოლით. ესე იგი არს, ვითარმედ არა ხოლო ცოდვათა მოქმედებისათჳს გუეშინოდენ, არამედ სიხარულიცა იგი, რომელი შეუდგს სათნოებათა მოგებასა ძრწოლითვე იყავნ; ნუ-უკუე სილაღითა განვვარდეთ ღმრთისაგან.

მოციქულისაჲ: რამეთუ ღმერთი არს, რომელი შეიქმს თქუენ თანა ნებასაცა და შეწევნასა სათნოებისათჳს (2,13).

თარგმანი: ვინაჲთგან ზემო ამცნო შიში და ძრწოლაჲ, რაჲთა არა შეურვებულ იქმნენ, ამისთჳს განუკუეთს შიშსა ნუგეშინისცემითა, რაჲთა ღმრთისა მიმართ დადვან სასოებაჲ, რომელი-იგი არს მიზეზ ყოვლისა კეთილისა, დასაბამ და დასასრულ, მოგონება და საქმე, რამეთუ იგივე მოგუაგონებს და იგივე შეგუეწევის ქმნად სათნოებისა. ხოლო შენ იხილე, რამეთუ არა ამისთჳს განუკუთნებს ღმერთსა ყოველსავე ჩუენსა, ვითარმცა აღმოჰფხურიდა თჳთმფლობელობასა კაცთა ბუნებისასა, არამედ ამისთჳს, რაჲთა რაჟამს ყოველსავე კეთილსა ღმერთსა მივაჩემებდეთ, ესრეთ უადვილესად წარვჰმართებდეთ სათნოებასა, ვითარცა თავისუფალნი ზუაობისაგან და ჭეშმარიტად გულისჴმის-მყოფელნი, ვითარმედ ღმრთისა მიერ იქმნების ჩუენ შორის მოგონებაჲ და ქმნაჲ ყოვლისა სათნოებისაჲ.

მოციქულისაჲ: ყოველსავე იქმოდეთ თჳნიერ დრტვნვისა და გულისსიტყუათა, რაჲთა იყვნეთ უბრალო და უმანკო (2,14-15).

თარგმანი: რასა "ყოველსავე"? თჳნიერ მას, რასაცა გჳბრძანებს ღმერთი წმიდათა წერილთა მიერ, მის ყოვლისავე ქმნად თანამდებ ვართ, თჳნიერ დრტჳნვისა და გულისსიტყუათა ორგულებისათა, რამეთუ ესე არს ღონე თავისუფალ-მყოფელი ბრალისაგან მცნებისა გარდასლვისა, რაჲთა თჳნიერ დრტჳნვისა თავს-ვიდებდეთ ოფლთა სათნოებისათა, რამეთუ მდრტჳნავი უმადლო იქმნების ღმრთისა, და უმადლოჲ ღმრთისაჲ — თანამდებ საშჯელისა. ხოლო გულისსიტყუანი ორგულებისანი მოაუძლურებენ ძალსა კეთილთა მოქმედებისასა, და განდრეკითა სიწრფოებისა და უმანკოებისაგან — ყოვლად მანკიერ გუყოფენ ჩუენ. ამისთჳს შეუორგულებელად ქმნითა ყოვლისავე ღმრთისა მიერ ჩუენდა ბრძანებულისაჲთა, ვიქმნებით უმანკო და თავისუფალ ბოროტისაგან.

მოციქულისაჲ: შვილ ღმრთისა, შეუგინებელ შორის ნათესავსა დრკუსა და გულარძნილსა, რომელთა მიერ შჩნდეთ, ვითარცა მთიებნი სოფელსა შინა. სიტყუაჲ ცხორებისაჲ გაქუნდინ სიქადულად ჩემდა დღესა მას ქრისტესსა (2,15-16).

თარგმანი: ამიერ აჩუენებს, ვითარმედ მრავალნი იყვნეს მბრძოლ და მიმდრეკელ მათდა, რაჲთა მდრტჳნავ ყვნენ იგინი, სიძნელისათჳს ქრისტეს მცნებათაჲსა, რომელთა უწოდა ნათესავად დრკუდ და გულარძნილად, დამაბნელებელად სოფლისა სივერაგითა მათითა. ხოლო მოწაფეთა თჳსთა, რომელთა მათ შორის წარჰმართონ სათნოებაჲ, სახელ-სდებს შვილ ღმრთისა შეუგინებელ და მთიებ, განმანათლებელ ღამესა უღმრთოებისასა, მქონებელობითა მათ შორის სიტყჳსა მის ცხორებისაჲთა, რომელ არს ქადაგებაჲ საუკუნოჲსა ცხორებისა მოლოდებისაჲ, რომლისა მიერ ადვილად თავს-იდებენ ყოველთავე ოფლთა და ტკივილთა სათნოებისათა, რომელთა მიერ იყვნენ სიქადულ და აღმატება გჳრგჳნთა მოძღურისა და მასწავლელისა მათისათა, დღესა მას უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტეს მეორედ მოსლვისასა, რომელი-იგი არს დღე სასყიდლის კუალად-გებისაჲ.

მოციქულისაჲ: რამეთუ არა ცუდად ვრბიოდე, არცა ცუდად დავშუერ, არამედ დაღათუ შევიწირვი მსხუერპლსა მას ზედა და მსახურებასა სარწმუნოებისა თქუენისასა, მიხარის და მიხაროდისცა თქუენ ყოველთა თანა, ეგრეთვე და თქუენცა გიხაროდენ და ჩემ თანა გიხაროდენ (2,16-18).

თარგმანი: ესე არს სიქადული ყოვლად სანატრელისა მის სულისაჲ, რაჟამს არა ცუდ იქმნეს სრბაჲ იგი სახარებისაჲ, რომელი აჩუენა მან მოწაფეთა თჳსთა ზედა, კეთილად წარმართებულებითა მათითა. ამისთჳს მათთჳს დამაშურალი მათთჳსვე შეიწირვის და წინა-მოასწავებს წამებითა აღსასრულსა თჳსსა, და წინაჲთვე ნუგეშინის-სცემს, რაჲთა არა რაჟამს აწამოს, მაშინ იგინი მწუხარე იქმნენ საქმესა მას ზედა, მისდა ფრიად სახარულსა, რომლისათჳს წინაჲთვე აუწყებს, ვითარმედ: ფრიად მიხარის და თქუენცა გლოცავ, რაჲთა ჩემ თანა გიხაროდის, რამეთუ დაღაცათუ მე დავიკლვი მსხუერპლად წამებითა, არამედ შესაწირავად და ძღუნად ღმრთისა თქუენი ეგე მაქუს სარწმუნოებაჲ საქმეთა მიერ მსახურება ღმრთისა ქმნული; და ვინაჲთგან მე თქუენსა ამას ზედა მხიარულ ვარ ძღუნისა შემწირველობასა. თქუენ ჩემ თანა მხიარულ იყვენით ჩემსა ამას ზედა წამებითა მსხუერპლად ღმრთისა შეწირულობასა, ოდესცა იყოს და რაჟამსცა იქმნეს, უფროჲსღა ოდესცა ინებოს ყოვლისავე სიბრძნით განმგებელმა6 ღმერთმან.