📋 სარჩევი
მოციქულისაჲ: ვინაჲცა, ძმანო ჩემნო საყუარელნო და სასურველნო, სიხარულნი და გჳრგჳნნო ჩემნო, ესრეთ მტკიცედ დებით უფლისა მიერ, საყუარელნო (4,1).
თარგმანი: იხილე, ვითარ შესხმითა და ქებითა საწადელ ყოფს სიტყუათა სწავლისათა; ძმად უწოდს და საყუარელად ძმად, ვინაჲთგან იყვის ძმაჲ, გარნა არა საყუარელი; და საყუარელი თუ იყვის, წესისათჳს სიყუარულისა, არამედ არა სასურველიცა, ვითარცა არარაჲთ მარგებელი ხილვითა თჳსითა. ხოლო ესე — ყოველსავე შემოუკრებს და ზედა-დაჰრთავს სათნოებათა მიერსა სახარულევანებასა მათსა, რომლითა ემსგავსნეს ყუავილთა სამოთხისათა და ექმნნეს გჳრგჳნ მრავალსაწადელსა მას თავსა პავლესსა. ამათ ესევითართა ესრეთ დგომად ამცნებს, ვითარ-იგი იყვნეს, და არღარას ცთომილებასა განუმართებს არამედ მასვე უცთომელად ქცევასა ზედა მტკიცედ დგომად ამცნებს, რაჲთა უფლისა მიერ (ესე იგი არს საღმრთოდ) დგენ, კეთილად მოქალაქობითა საყუარელ ქმნილნი ღმრთისანი საყუარელობისაგან პავლესისა.
მოციქულისაჲ: ევვოდიას გლოცავ და სჳნტჳქოს გლოცავ, რაჲთა მასვე ჰზრახვიდეთ უფლისა მიერ (4,2).
თარგმანი: ესენი ცოლნი იყვნეს ფრიად წარჩინებულთა ვიეთნიმე, რომელთაჲ სათნოდ მოქალაქობაჲ თჳთ ეხილვა მოციქულსა, და მასვე წესსა ზედა ყოფად ჰლოცავს და ევედრების შეუცვალებელ ყოფად კეთილისა წესიერებისაგან.
მოციქულისაჲ: ჰჱ, გლოცავ შენცა, ერთგულსა თანამეუღლესა (4,3).
თარგმანი: ამის სიტყჳსა მიერ ვიეთმე იოცნეს, ვითარმედ პავლეს მეუღლე ესუა, რომელი-ესე მოგონებადცა სიცოფე არს, ვითარმცა სხუაგან არასადა სმენილი პავლეს ქორწინებულობაჲ მცირითა ამით სიტყჳთა დამიმტკიცეთ. რამეთუ დაღათუმცა ცოლ ესუა, რადმცა წარმოიყვანა ტარსუნით, სამკჳდრებელისაგან თჳსისა, და დაუტევა ფილიპიას, ვითარ მწირი და მიმომრონინე, ხოლო ჩუენ ვიტყჳთ, ვითარმედ: უსახელოდ მოიჴსენებს ქმარსა ერთისა ვისმე ამათ ზემო თქუმულთა დედათაგანისასა, რომელნი იყვნეს თავ შესაკრებელისა მის ფილიპიელთაჲსა; გინათუ საკუთრად სახელად ვისმე ერქუა სჳზჳგე, რომელი ბერძენთა ენითა სახელი არს თანამეუღლისაჲ. გინათუ ესრეთცა ვთქუა, ვითარმედ იყო ვინმე კაცი მთავართაგანი მოხუცებულთაჲ, რომელსა შეჰვედრებს ზემო ჴსენებულთა მათ დედათა, რაჲთა მზრუნველ მათდა იყოს მეუღლებითა სულისაჲთა, რომელი-იგი არს უერთგულეს მეუღლებასა ჴორცთასა.
მოციქულისაჲ: შეიწყნარენ ეგენი, რომელნი-ეგე სახარებასა მას თანამოღუაწე მექმნნეს მე კლემენტოსითურთ, და სხუათა მათ თანაშემწეთა ჩემთა, რომელთა სახელები წერილ არს წიგნსა მას ცხორებისასა (4,3).
თარგმანი: დიდი ქებაჲ არს სჳნტჳქოჲს და ევვოდიაჲსი, რომელთა შეწყნარებად და პატივით პყრობად ამცნებს ერთგულსა მას სჳზჳგეს, რომელ არს თანამეუღლე, რამეთუ, ვითარ-იგი სხუასა ადგილსა ფიბეს შეჰვედრებს, ეგრეთვე აქა —ამათ, რომელთა ესოდენ დიდად აქებს, ვითარმედ: "ესოდენ დიდად თანაშემწე და ჩემ თანა ჭირთა თავსმდებელ არიან სახარებისა ამისთჳს, რომელ არარაჲთ დაკლებულ იქმნნეს დედანი ეგე მამაკაცთა ამათგან, რომელნი ჩემ თანა იღუწიან სახარებისათჳს, წინამბრძოლებითა კლემენტოსისითა", ვინაჲცა ამათ მიემადლა, რაჲ-იგი მაცხოვრისა მიერ ეხარა მოწაფეთა მისთა: დაწერაჲ სახელისა მათისაჲ წიგნსა მას ცხორებისასა, რომელ არს სასუფეველი ცათაჲ.
მოციქულისაჲ: გიხაროდენ მარადის უფლისა მიერ; კუალად გეტყჳ — გიხაროდენ (4,4).
თარგმანი: უფალი ჩუენი იესუ ქრისტე ვაებასა მისცემს მოცინართა, და ნეტარებასა — მგლოვარეთა ხოლო პავლე მრჩობლ მოქცევ ჰყოფს, ვითარმედ: "გიხაროდენ!" აწ უკუე რაჲ? წინა-აღუდგებიანა ურთიერთას? — არა, ნუ იყოფინ! რამეთუ არცა უფალი სოფლიოსა მკუდართა ზედა ტირილსა ჰნატრის, არცა პავლე სოფლიოდ მოცინარ და განმცხრომელ ყოფასა გუაწუევს, არამედ იგი ტირილსა გჳბრძანებს ცოდვათათჳს, და ესე - სიხარულსა უფლისა მიერ. ცხად არს, რამეთუ უფლისა მიერ ბრძანებული იგი ტირილი შემოიღებს უფლისა მიერსა ამას სიხარულსა, რამეთუ, რომელი ტირილითა აღიჴოცდეს ბრალთა, მას მიენიჭების უფლისა მიერი სიხარული, რაჲთა განიწმიდოს სჳნიდისი მხილებისაგან, და ესრეთ, იხარებდეს უფლისა მიერ. ხოლო აწინდელისა ამის მრჩობლ მოქცევისა "გიხაროდენისა" მიზეზი ესე იყო, რამეთუ ფრიად შეწუხებულ იყვნეს ფილიპელნი ზედა-დართვითა შფოთთა და დევნულებათაჲთა. ამისთჳს აუწყებს და დაუმტკიცებს, ვითარმედ ქრისტესთჳს შემთხუევაჲ ჭირთა და მწუხარებათა თავს-დებისაჲ — ფრიადისა მხიარულებისა ღირს არს, ვითარცა მომატყუებელი საუკუნოჲსა შუებისა და განსუენებისაჲ.
მოციქულისაჲ: სიმდაბლე ეგე თქუენი ცხად იყავნ ყოველთა კაცთა (4,5).
თარგმანი: უსაკუთრეს არს ესრეთ: სიმშჳდე ეგე თქუენი ეუწყენ ყოველთა კაცთა, რამეთუ ვინაჲთგან მრავალთა მიერ ურწმუნოთა და ბოროტად მორწმუნეთა იმძლავრებოდეს და იდევნებოდეს მაშინ ფილიპელნი, ამისთჳს ეტყჳს, რაჲთა მათ ყოველთა მიმართ ჩუენებითა სიმშჳდისაჲთა ყოველთა კაცთა აუწყონ მყუდროებაჲ თჳსი, რაჟამს არავის წინააღმდგომთაგანსა სძულობდენ და ემტერებოდინ, ვითარცა რეცა მიზეზითა შჯულთა საღმრთოთა განმაყენებელობისაჲთა, რამეთუ მშჳდი — იგი არს, რომელი სამართალსა მიზეზსა ზედა არავის განურისხნებოდის და მაჭირვებელთა მიმართ თჳსთა სახიერ იყოს, ვითარცა შესაძინელისა დიდისა მიმღებელი ჭირთა მათგან, მათ მიერ შემთხუეულთა.
მოციქულისაჲ: უფალი ახლოს არს, ნურარას ზრუნავთ (4,5-6).
თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ: ვინაჲთგან ახლოს არს მომავალი იგი მსაჯულად და განმკითხველაღ ესევითართა, მას მიუტევეთ ყოველი ზრუნვაც საქმეთაებრ მიგებისაჲ, რომლისაგან გესმის: "ჩემი არს შურისგებაჲ და მე მივაგო" (); ხოლო თქუენ ყოველსავე თავს-იდებდით სასოებითა მის მიერისა მისაგებელისაჲთა, და ნუ ზრუნავთ ჭირთა და დევნულებათა განგრძობისათჳს, რამეთუ ახლოს არს უფალი, რომელმან არა გიტევნეს განცდად უმეტეს ძალისა თქუენისა; და მისისა მის მეორედ მოსლვისა და საქმეთაებრისა მისაგებელისა ჴსენებაჲ დაავიწყებს კაცსა ყოველთა ზრუნვათა სოფლიოთა, რაჲთა არა გული-უთქუმიდეს, ხედვიდეს რაჲ შუებასა და განსუენებასა ვიეთსამე, მეცნიერებითა ამისითა, ვითარმედ ახლოს არს დღე სიკუდილისაჲ და ჟამი განკითხვისაჲ.
მოციქულისაჲ: არამედ ყოვლითა ლოცვითა და ვედრებითა მადლობით თხოვანი ეგე თქუენნი საცნაურ იყვნედ ღმრთისა მიმართ (4,6).
თარგმანი: პირველად მოგუაცალებს ყოველთა ზრუნვათაგან, და ეგრეთღა შემოკრებულითა და მიმოგანუბნეველითა გონებითა წარდგომად ლოცვათა შინა, და დასაბამად ვედრებათა — მადლობასა გუამცნებს; ესე იგი არს, რაჲთა არა ხოლო განსუენებასა, არამედ ჭირსაცა და განსაცდელსა შინა მმადლობელ ღმრთისა ვიყვნეთ. რამეთუ პირველსა მას — თჳთ ბუნებაჲ ითხოვს საქმეთაჲ, რამეთუ, ვინმცა არა ჰმადლობდა, იშუებდა რაჲ კეთილთა შინა ღმრთისათა! ხოლო მეორე ესე — სულისა არს ახოვნისა და გონებისა კეთილისაჲ, რაჲთა ჭირთა და განსაცდელთა შინა ჰმადლობდეს, რამეთუ მრავალსახეთა მათ წესთა შინა ლოცვისათა უპირატესი სახე და გზაჲ ლოცვისაჲ — მადლობაჲ არს, რაჲთა ჰმადლობდეს გარდასრულთა და მის ჟამისა კეთილთათჳს, და ესრეთღა ვედრებით თხოვანი თჳსნი საცნაურ ყვნეს ღმრთისა, რამეთუ თჳნიერ მადლობისა შეუძლებელ არს ვედრებით თხოვაჲ რასმე, არამედ მაშინღა საცნაურ და სასმენელ ღმრთისა ვჰყოფთ ლოცვასა, რაჟამს პირველად ვჰმადლობდეთ გარდასრულთათჳს, და ეგრეთღა ვედრებით ვაუწყნეთ ოდენ წინამდებარენი თხოვანი, ხოლო მოცემაჲ და არა-მოცემაჲ თხოვათაჲ — მისსა ნებასა ზედა მივაგდოთ, რომელმან იცის და რომელსა ჰნებავს ყოველივე უმჯობესი ჩუენი.
მოციქულისაჲ: და მშჳდობამან ღმრთისამან, რომელი ჰმატს ყოველთა გონებათა, შეზღუდენინ გულნი თქუენნი და გონებანი თქუენნი ქრისტე იესუჲს მიერ (4,7).
თარგმანი: საიდუმლოსა მას ჩუენთჳს ჴორცშესხმულისა სიტყჳსასა ეწოდების და ნამდჳლვე არს აღმატებულ ზეშთა ყოველთა გონებათა, არა ხოლო ამით, რამეთუ ღმერთი განკაცნა, რომელი-ესე არს უზეშთაეს ყოველთა საუკუნითგანთა საკჳრველებათა, არამედ ამითცა, რამეთუ ჩუენ, ესოდენ მტერ ღმრთისა ქმნულნი და ყოვლად განვრდომილნი მისგან შეცოდებითა, არა ხოლო დამაგნა ღმერთსა მამასა, დაჴსნითა მტერობისა შუვაკედელისაჲთა და მოტევებითა პირველ ქმნულთა ბრალთაჲთა, არამედ განგუწმიდნა-ცა და განგუამართლნა და შვილებისა ღმრთისა საზომსა აღმიყვანნა სისხლითა თჳსითა. და უკუეთუ მშჳდობაჲ ღმრთისაჲ ზეშთა-აღემატების ყოველთა გონებათა, რაჲღა ვინ თქუას მათთჳს, რომელნი აზმნიან გამოკულევად არსებასა მისსა! ამით მშჳდობითა ღმრთისაჲთა გარე-შეზღუდვილი გონებაჲ არა დაინთქმის კუეთებითა განსაცდელთაჲთა, არცა მიმოიტაცების ქარითა სოფლიოთა შფოთთა და ვნებათაჲთა, არამედ განაკრძალებს გულსა მოგონებისაგან გულისთქუმათა არაწმიდათაჲსა, და შემოიკრებს გონებასა ყოვლისაგან მიმო-განბნევისა ამაოთა შფოთთა და ზრუნვათაჲსა, და შეჰმშჭუალავს შიშსა და სიყუარულსა ქრისტესსა, რომლისაგან განვრდომილი უცხო იქმნების ცხორებისაგან, და ვერცა ერთსა რას სრულ-ჰყოფს კეთილთაგანსა.
მოციქულისაჲ: ამიერითგან, ძმანო, რავდენი არს ჭეშმარიტ, რავდენი პატიოსან, რავდენი მართალ, რავდენი წმიდა, რავდენი საყუარელ, რავდენი საქებელ, რავდენი სათნო და რავდენი ქებულ, მას ზრახევდით (4,8).
თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: შემდგომად ამის ყოვლისა წარმოთქუმისა ესეღა გუაკლს, რაჲთა ჭეშმარიტებაჲ წინა-აღუდგინოთ ტყუვილსა, რამეთუ სათნოებაჲ არს ჭეშმარიტ, და სიბოროტე — ტყუვილ. და პატიოსნებითა თავისუფალ იქმნენით ვნებათაგან უპატიოებისათა, რომელთაგანი ნუმცა შეეხების სახესა და სიტყუასა, სლვასა და საქმესა თქუენსა, არამედ ყოველსავე შინა სიმართლითა იოტეთ უსამართლოებაჲ, და სიწმიდითა - არაწმიდებაჲ, რაჲთა არარას ზრუნვიდეო ქუეყანისასა, ხოლო საქებელითა და სათნოჲთა და ქებულითა სრულებით ისწავლეთ, რაჲთა არარაჲ ჰყოთ საძაგელი და განსაქიქებელი, არა ხოლო ღმრთისაჲ, არამედ კაცთაჲცა, რაჲთა დაუბრკოლებელ იყვნეთ ყოველთა მიმართ, არაოდეს ვისგან მეძიებელ ქებისა, არამედ მარადის მოქმედ საქმისა საქებელისა, რომელი სათნო იყოს ღმრთისა, და მის მიერ აქუნდეს ქებაჲ ეკლესიასა შინა პირმშოთასა. ამის ყოვლისა ზრახვად ეტყჳს, არა რაჲთა პირითა ურთიერთას უთხრობდენ, არამედ რაჲთა გონებისა და გულისა განწმედითა და საქმით მოქმედებითა ამის ყოვლისა აღმასრულებელ იყვნენ.
მოციქულისაჲ: რომელცა-იგი ისწავეთ და მიიღეთ და გესმა და იხილეთ ჩემ თანა, მას იქმოდეთ (4,9).
თარგმანი: ვინაჲთგან ჰრიდებდა თჳსად-თჳსად თქუმად განყენებასა ყოველთა ვნებათაგან და მოქმედებასა ყოველთა სათნოებათასა, ფრიად განგრძობისათჳს სიტყჳსა, ამისთჳს მოკლედ ჰრქუა, ვითარმედ: რაოდენი გისწავიეს სიტყჳთ, და მიგიღიეს მცნებად და გასმიეს ჩემთჳს და გიხილავს ჩემ თანა, — მას იქმოდეთ.
მოციქულისაჲ: და ღმერთი მშჳდობისაჲ იყავნ თქუენ თანა (4,9).
თარგმანი: პირველად წარმოუთხრნა გზანი და მოქალაქობანი, რომელთა მიერ სავანე-ჰყოფს ღმერთი კაცისა თანა, რაჟამს მოძულეთაცა და მტერთა თანა მშჳდობისმყოფელ ვიყვნეთ, და ყოვლითა ძალითა შეურაცხ-ვყოთ ქუეყანისაჲ და ვზრუნვიდეთ ზეცისასა, და სათნოებით მოქალაქობითა მშჳდობა ვყოთ ღმრთისა მიმართ და კაცთა; მიერითგან რაჲღა, რამეთუ სწავლისა შემდგომად გჳლოცავს, ვითარცა არს ჩუეულებაჲ მოძღუართაჲ, ვითარმედ: ესე ყოველი რაჲ ჰყოთ, რაოდენი ზემო წარმოგითხარ, ღმერთი მშჳდობისაჲ იყოს თქუენ თანა და იოტებდეს ყოველსა შფოთსა და უწესოებასა სულისასა, რაჲთა მშჳდობა ყოს შორის სულისა და ჴორცთა და გონებისა.