📋 სარჩევი
პავლე მოციქულისა წიგნი გალატელთა მიმართ
პავლე მოციქული, არა კაცთაგან, არცა კაცთა მიერ (1,1).
გუაკურთხენ, მამაო.
ვინაჲთგან ჰურიათაგანნი იგი, რეცა მორწმუნენი, ამით სახითა განსდრეკდეს გალატელთა, კუალად მონებად წესთა ჰურიაობისა და წინადაცუეთისათა, ვითარმედ: არა ჯერ-არს პავლესი რწმუნებაჲ, რამეთუ იგი არა თუალით მხილველი არს ქრისტესი, არამედ უკუანაჲსკნელ მოსრული მოწაფე პეტრესი და მისთანათაჲ, რომელნი-იგი უწინარესნი არიან მისსა, და არავის აყენებენ წინადაცუეთად, ვითარცა მოციქულნი ქრისტესნი და თჳთ სწავლულნი მისგან. რამეთუ ჯერეთ მათ ჟამთა სათნო-ყოფისათჳს ჰურიათაჲსა არა ფრიად აყენებდა პეტრე წინადაცუეთად, ვითარცა ქადაგი ჰურიათაჲ, ხოლო პავლე წარმართთა ქადაგებასა შინა განცხადებულად მაყენებელ იყო. და ამას ჰყოფდეს ორნივე ზოგადითა შეთქუმულებითა. ამისთჳსცა დასაბამსავე ებისტოლისასა წინა-აღსადგომელად მათდა, რომელნი კაცთა მოწფად უწოდდეს მას, მყის აღამაღლებს სიტყუასა თავისა თჳსისათჳს და დაჰჴსნის იჭუსა ამას, ვითარმედ არა არს იგი მოწაფე კაცთაჲ, არცა მათ მიერ წოდებული და მოვლინებული ქადაგებად, არამედ თჳთ თავადისა ქრისტეს გზასა ზედა ჩუენებითა ერწმუნა მას საქმე მოციქულებისაჲ.
მოციქულისაჲ: არამედ იესუ ქრისტეს მიერ და ღმრთისა მამისა, რომელმან აღადგინა იგი მკუდრეთით (1,1).
თარგმანი: ქრისტეს მიერ წოდებულებაჲ ცხად ყო, ვითარცა მოწაფემან და მოციქულმან მისმან. ხოლო რაჲთა სამარადისოჲ ჩუეულებაჲ მისცეს სიტყუათა თჳსთა მსმენელსა, ვითარ სამარადისოდ განუყოფელად მოიჴსენებს მამასა და ძესა და სულსა, რამეთუ ოდესმე ერთისა მოჴსენებასა კმა-იყოფს სამთათჳსვე, და ოდესმე ორთასა, ხოლო აწ პირველად ძე აჴსენა, ვითარცა მოქმედი განგებულებისაჲ და ჴორც-შესხმითა თჳსითა გამოჴსნისა ჩუენისაჲ; ამისსა შემდგომად მამასა უწოდს მკუდრეთით აღმადგინებელად ძისა, რამეთუ პატივ-სცემს მას უძლურებისათჳს მსმენელთაჲსა, და რამეთუ ღმრთეებით ერთ არს და განუყოფელ მამისა და ძისა — მკუდრეთით აღდგინებაჲ ჴორცთაჲ მათ, რომელ ჩუენგან მიიხუნა ქრისტემან. ხოლო ჟამიერად მოიჴსენა ჯუარცუმაჲ და სიკუდილი ძისაჲ, რაჲთა მოაჴსენნეს ქველისმოქმედებანი მისნი მათ, რომელთა-იგი დაერწმუნა მისი დატევებაჲ და ძუელისავე შჯულისა წესთა მიდევნებაჲ.
მოციქულისაჲ: და ჩემ თანა ყოველნი ძმანი (1,2).
თარგმანი: ვინაჲთგან იგინი ამას ცილისმწამებელ იყვნეს, ვითარმედ პავლე მარტოჲ არს მაყენებელი წინადაცუეთისაჲ, ამისთჳს ყოველნი ძმანი მოიჴსენნა, ვითარმედ: ზოგად მრავალნი ერთნება არიან საქმესა ამას ზედა.
მოციქულისაჲ: ეკლესიათა გალატიაჲსათა (1,2).
თარგმანი: იხილე მკსინვარებაჲ, ვითარ არა ჩუეულებისაებრ უწოდს შესაკრებელთა მათთა წმიდად ანუ საყუარელად, არამედ ლიტონად დასწერს: "ეკლესიათა გალატიაჲსათა", რამეთუ გალატიაჲ ყოვლისა მის სოფლებისა სახელი არს და არა ქალაქისა ერთისაჲ.
მოციქულისაჲ: მადლი თქუენდა და მშჳდობაჲ ღმრთისა მიერ მამისა (1,3).
თარგმანი: ვინაჲთგან იბრძოლებოდეს შემოღებითა შჯულისა მის წინადაცუეთისაჲთა განვრდომად მადლისაგან, ამისთჳს ულოცავს არა-განშორებასა მადლისასა და მიფენასა მშჳდობისასა, რამეთუ მაშინ ჯერეთ ღმრთის-მბრძოლებდეს კუალად-მიქცევითა ჰურიაობად. ამისთჳს ეტყჳს, ვითარმედ: ვინაჲ უწოდთ ღმერთსა მამად; ანუ არა შვილებითაა ნათლისღებისაჲთა? და რაჲსათჳსღა ეძიებთ წინადაცუეთასა?
მოციქულისაჲ: და უფლისა იესუ ქრისტესსა, რომელმან მისცა თავი თჳსი ცოდვათა ჩუენთათჳს (1,3-4).
თარგმანი: აჰა თჳთ ითქუმის მიმცემელად თავისა თჳსისა, ვითარცა ჭეშმარიტებით თჳთმფლობელი; ვინაჲცა შენ, რაჟამს მამისა მიერ მიცემაჲ გესმოდის, ესრეთ გულისჴმა-ყავ, ვითარმედ სათნო-ყოფითა მამისაჲთა იქმნა ძისა მიერ ცხორებაჲ ჩუენი, რაჟამს სალხინებელად ცოდვათა ჩუენთა მსხუერპლ ყო თავი თჳსი.
მოციქულისაჲ: რაჲთა განმარინნეს ჩუენ სოფლისა ამის ბოროტისაგან (1,4).
თარგმანი: არა სოფელსა უწოდს ბოროტ, არცა ჟამთა საწუთროჲსათა, რომელნი-ესე ღმრთისა მიერ კეთილად დაბადებულ არიან, არამედ ცოდვათა ამათ და უწესოებათა, რომელნი შეგუემთხუევიან საწუთროსა ამას სოფელსა შინა დღითი-დღე და ჟამითი-ჟამად, ბრძოლათა მიერ ბოროტისა მტერისათა, ვითარ-იგი უფალი ეტყჳს მამასა: "არა ვიტყჳ, რაჲთა აღიხუნე ესენი სოფლისაგან, არამედ რაჲთა დაიცვნე ბოროტისაგან" (). ვინაჲცა მოციქულმან ჩუეულებითა სიტყჳსაჲთა უწოდა აწ სოფელსა ბოროტ, ვითარ-იგი ჩუენ, დღესა, რომელსა ბოროტი რაჲმე შეგუემთხჳის, ვიტყოდით, ვითარმედ: ბოროტი დღე გარდავვლე", ხოლო სიბოროტე იგი არცა სოფელსა შინა არს, არცა ჟამსა, არამედ გარეთ შემოვალს; ანუ შემთხუევითა სენთაჲთა ანუ ბრძოლითა ეშმაკისაჲთა; დაღაცათუ ჩუენ რომელსაცა ჟამსა შეგუემთხჳოს რაჲმე, მის ჟამისად უწოდთ, და რომელსაცა ადგილსა — მის ადგილისად, ჩუეულებითა სიტყჳსაჲთა.
მოციქულისაჲ: ნებითა ღმრთისა და მამისა ჩუენისაჲთა, რომლისაჲ არს დიდებაჲ უკუნითი-უკუნისამდე ამენ (1,4-5).
თარგმანი: ვინაჲთგან ზემო კეთილად ცხად-ყო, ვითარმედ არა დაუსაბამო, არცა დაუსრულებელ, არამედ უკუანაჲსკნელ შემოსრულ და წუთჟამისა არს სიბოროტე, ამისთჳს უწოდა მას სოფლისა ამის, ვითარცა ამას შინა შემთხუევადსა, და აღსასრულსა მისსა თანა დასრულებადსა, რომლისა ღონე მჴსნელმან ლოცვით გუასწავა მამისა მიმართ, ვითარმედ: "მიჴსნენ ჩუენ ბოროტისაგან" (), ხოლო აქა მოციქულმან ძისა მიერ თქუა ჴსნაჲ, რამეთუ ყოველივე მათი —ერთ არს. და შესძინა: "ნებითა ღმრთისა და მამისა ჩუენისაჲთა". ნებაჲ უკუე თქუა, რამეთუ სათნო-ყოფითა მამისაჲთა იქმნა ჴსნაჲ ჩუენი განჴორციელებითა ძისაჲთა, ხოლო მამად ჩუენდა წოდებითა ღმრთისაჲთა კუალად შვილებისა იგი მადლი მოაჴსენა, ნათლისღებისა მიერი, რაჲთა მისნი მიმთხუეულნი არღარა ეძიებდენ წინადაცუეთასა, რამეთუ ჭეშმარიტებისა მიმთხუეულთადა არღარად საჴმარ არიან სახენი. ვინაჲცა მოციქულმან მყის დასაბამსავე ამხილა რაჲ, მოჴსენებითა ჯუარცუმისა და აღდგომისა, ცოდვათაგან ჴსნისა და საუკუნეთა კეთილთა მიმთხუევისა, მამისა სათნო-ყოფისა და ძისა განზრახვისა და ყოველთა კეთილთა მონიჭებისაჲთა, მყის დიდებისმეტყუელებად აღიძრა ურიცხუებასა ზედა ქველისმოქმედებათასა, რომელთა მიერ აღტყინებულმან გონებითა მადლობასა დაჰბეჭდა ამინითა, და თჳთ უფიცხესად იწყებს სიტყუად შეურაცხის-მყოფელთა მათ მიმართ ესოდენისა ამის მადლისათა.
მოციქულისაჲ: მიკჳრს, რამეთუ ესრე ადრე გარდაიქცევით მისგან, რომელმან-იგი გიჩინნა თქუენ მადლითა ქრისტესითა (1,6).
თარგმანი: ორნი ბრალნი დასხნა მათთჳს: ვითარ გარდაიქცეს, და ესრეთ მსწრაფლ, რომელ არცაღა ჟამეულად მიამყოვრეს წინააღდგომაჲ მიმდრეკელთაჲ მათ. ხოლო შენ იხილე სიბრძნე, ვითარ სადაჲთ-იგი ჰგონებდეს შეძინებასა, ვითარმედ მამისა მსახურებაჲ არს პყრობაჲ ძუელისა შჯულისაჲ, მიერვე მოციქული წარუკუეთს სასოებასა, ვითარმედ ქრისტესგან და სახარებისაგან განშორებული — მამისაგანცა განშორებულ არს, რამეთუ თჳთ მამამან მიწოდნა ჩუენ მადლსა ამას ძისა მისისასა. რამეთუ მამაჲ გვწოდს მადლისა მიმართ, ხოლო ძე უსასყიდლოდ მოგუმადლებს განთავისუფლებასა ცოდვათაგან სისხლითა თჳსითა, ხოლო სული წმიდაჲ თანა-სათნო-იყოფს და სრულ-გუყოფს ნათლისღებისა მიერ. ესრეთ ზოგადი არს სამთაჲვე და ერთ მოქმედებაჲ ჴსნისა ჩუენისაჲ ერთარსებისა მიერ წმიდისა სამებისა.
მოციქულისაჲ: სხუად სახარებად, რომელ სხუა არა არს, გარნა არიან ვინმე, რომელნი აღგძრვენ თქუენ და ჰნებავს გარდაქცევად სახარებაჲ იგი ქრისტესი (1,6-7).
თარგმანი: რაჲთა მსგავსებითა სახელისაჲთა შეიტყუვნენ, ამისთჳს, რომელნი-იგი თჳსსა საცთურსა შაბათთა დაცვისა და წინადაცუეთისასა არწმუნებდეს გალატელთა, სახარებად უწოდდეს სიჩქურსა მას მათსა, რომლისათჳს აწ მოციქული დაუმტკიცებს, ვითარმედ თჳნიერ ერთისა ამის სახარებისა ქრისტესისა, არა არს სხუაჲ სახარებაჲ, არამედ გარდამაქცეველი ოდენ და შფოთებით წინააღმდგომი სახარებისა ამის ქრისტესისაჲ.
მოციქულისაჲ: არამედ დაღათუ ჩუენ, გინა თუ ანგელოზი ზეცით გახარებდეს თქუენ გარეშე მისსა, რომელი-იგი გახარე თქუენ, შეჩუენებულ იყავნ (1,8).
თარგმანი: რაჲთა არა თქუან, ვითარმედ: "ამპარტავანებით თჳსსა ოდენ დაამტკიცებს სიტყუასა", ამისთჳს პირველად თავი თჳსი შეაჩუენა, უკუეთუ იპოოს შემცვალებელ რაჲსამე, მის მიერ ერთგზის მათდა ქადაგებულისა. ამისსა შემდგომად იტყჳს, ვითარმედ: "არღა ვიტყჳ პეტრეს ანუ იოვანეს ანუ სხუასა ვისმე კაცთაგანსა, არამედ დაღაცათუ ზეცისა ძალთაგანი იყოს სხჳსა ქადაგებისა შემომღებელი, შეჩუენებულ იყავნ". ხოლო ამას რაჲ იტყჳს, არა თუ პეტრე ანუ ზეცისა ძალნი იპოებიან ოდესცა შემცვალებელ ქრისტეს ქადაგებისა; ნუ იყოფინ! არამედ ყოვლად ერთობასა აჩუენებს თჳსისა და სხუათა მოციქულთა ქადაგებისასა, რაჲთა ამით სახითა წარუკერნეს პირნი მათნი, რომელნი განსწვალებენ ქადაგებასა მოციქულთასა, ვითარმცა პეტრე სხუებრ და პავლე სხუებრ რასმე ქადაგებდეს, რომელთა ერთჴმობისა სწორებით მოწამე არიან ანგელოზნი კაცთა თანა.
მოციქულისაჲ: ვითარცა წინაჲსწარ ვთქუ და აწ კუალად ვიტყჳ: უკუეთუ ვინმე გახარებდეს თქუენ მისსა გარეშე, რომელი-იგი მიიღეთ, შეჩუენებულ იყავნ (1,9).
თარგმანი: რაჲთა არა თქუან, ვითარმედ: "ნუუკუე განრისხებულმან თქუა სიტყუაჲ იგი შეჩუენებისაჲ", - ამისთჳს კუალად-მოქცევობითა მისითა ცხად-ჰყოფს, ვითარმედ დაწყნარებულითა ბჭობითა სიმშჳდისაჲთა აღმოუთქუამს მას სიტყუაჲ იგი შეჩუენებისაჲ, რომელსა შინა, გესმას რაჲ "გარეშე მისსა", გულისჴმა-ყავ, ვითარმედ ზოგად შეაჩუენებს მცირედ და დიდად განმდრეკელსა, რომელი შემატებითა ანუ დაკლებითა დიდისა ანუ მცირისაჲთა განსდრეკდეს ქადაგებასა სამოციქულოთა შჯულთა მართლმადიდებლობისასა.
მოციქულისაჲ: აწ კაცთა-მე ვერწმუნო ანუ ღმერთსა, ანუ ვეძიებ რას კაცთმოთნებასა? რამეთუ უკუეთუმცა კაცთაღა სათნო-ვეყოფვოდე, ქრისტეს მონამცა არა ვიყავ (1,10).
თარგმანი: ვინაჲთგან ამას შეასმენდეს მას წინააღმდგოთი, ვითარმედ: "კაცთმოთნებით თუალ-ახუამს, რამეთუ ეგერა ტიმოთეს წინა-დასცჳთა სხუათა სათნო-ყოფისათჳს, და თქუენ სხუებრ გიქადაგებს", ამისთჳს ეტყჳს, ვითარმედ: დაღაცათუ თქუენ დაგიფარო რაჲმე სივერაგე გონებისა ჩემისაჲ, ღმრთისაგან დაფარვაჲ შეუძლებელ არს, რამეთუ მან მხოლომან უწყნის დაფარულნი გულისა და გონებისანი, და რომელი კაცთა ეჩუენებოდის, ქრისტეს მონა ვერ იქმნების. ვინაჲცა მე, მინდა თუმცა კაცთა სათნო-ყოფაჲ, არამცა დამეტევა ჰურიაობაჲ, მეგობარნი და ნათესავნი, მხოლოდ ქრისტესა დაშინებითა თავისა ჩემისაჲთა.
მოციქულისაჲ: ხოლო გაუწყებ თქუენ, ძმანო, სახარებასა მას, რომელი-იგი გეხარა ჩემ მიერ, რამეთუ არა არს კაცობრივ, და რამეთუ არცაღა მე კაცისა მიერ მოვიღე იგი გინა ვისწავე, არამედ გამოცხადებითა იესუ ქრისტესითა (1,11-12).
თარგმანი: ვითარ-იგი ზემო ვთქუთ, მოციქულთა მიერ და არა ქრისტესგან განსწავლულად იტყოდეს პავლეს წინააღმდგომნი; ჯიხვს ეტყჳს გალატელთა, ვითარმედ: რაჲ-იგი მიქადაგებიეს თქუენდა, არა კაცობრივისა სიბრძნისა, არცა მოციქულთა მოძღურებისა, არამედ თჳთ თავადისა ქრისტესგან ვისწავე, გამომეცხადა რაჲ გზასა ზედა მისლვასა მას ჩემსა დამასკოდ.
მოციქულისაჲ: რამეთუ გესმინა თქუენ ოდესმე სლვაჲ ჩემი ჰურიაებასა შინა, რამეთუ გარდარეულად ვსდევნიდ ეკლესიათა ღმრთისათა და ვსტყუენევდი მათ (1,13).
თარგმანი: აწ წარმოუთხრობს მათ სახესა, ვითარ მდევარი იყო და ესოდენ განთქუმული მდევარი ამისი, რომელსა აწ ქადაგებს, ვიდრეღა პალესტინით გალატიად მიაწევდა სასმენელ ყოფასა თჳსისა მძლავრებისასა, რამეთუ არა მოძულებულ, არამედ ესოდენ შეყუარებულ იყო მისგან ჰურიაობაჲ, ვიდრეღა მის ძლით სდევნიდა წინააღმდგომთა მისთა და წარმოსტყუენვიდა მათ. და ესევითარი-იგი დაუტევა მან და შეუდგა დევნულსა მას, რომელი-ესე კმა არს ყოველთა მსმენელთა, განმტკიცებად მისსა მიმართისა სარწმუნოებისა.
მოციქულისაჲ: და წარვემატებოდე ჰურიაებასა შინა უფროჲს მრავალთა ჰასაკისსწორთა ჩემთა ნათესავთა შინა ჩემთა; უმეტეს მოშურნე ვიყავ მამულთა ჩემთათჳს მოძღურებათა (1,14).
თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: არა ზუაობით ვჰყოფდ დევნასა მას, არამედ რამეთუ უმეტეს მოშურნე ვიყავ შეურაცხ-ყოფისათჳს მამულთა მათ ჩემთა მოძღურებათაჲსა, უფროჲს ყოველთა მოჰასაკეთა ჩემთა, რომლისათჳს წარჩინებულცა ვიყავ მათ შორის. და ესე ყოველი არარაჲსა სხჳსათჳს დაუტევე, თჳნიერ ამისთჳს, რამეთუ ვიწოდე ქრისტეს მიერ გამოცხადებითა მისითა, და განვიჩინე წინამბრძოლად მათდა, რომელთა-იგი ვჰბრძოდე პირველ.
მოციქულისაჲ: ხოლო რაჟამს სათნო-იყო ღმერთმან, რომელმან გამომირჩია მე დედის მუცლით ჩემითგან (1,15).
თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: უკუეთუ აჩრდილთა შინა მყოფი არარას ვიქმოდე ზუაობით და მაჩუენებლობითა კაცთმოთნებისაჲთა, ვითარ აწ, შემდგომად ჭეშმარიტებისა შემეცნებისა, დაფარულ რაჲთმე ვიქმნე ბნელითა სიცრუვისა და ორგულებისაჲთა. ხოლო დედის მუცლითგან ჩინებულებაჲ თჳსი თქუა, რაჲთა პირი დაუყოს მათ, რომელნი უკუანაჲსკნელ მოსრულობითა დააკნინებდეს პატივსა მისსა, რომელი-იგი პირველ შობისა განკუთნვილ იყო ღმრთისა, დაღათუ ჟამ ერთ დრო-სცა წოდებად მისსა, უკუანაჲსკნელ მწოდებელმან და პირველ მჩინებელმან მან მისმან. ხოლო დროებაჲ იგი განგებულებითა რაჲთმე იყო გამოუთქუმელითა, რაჲთა ესრეთ მეყსა შინა შეცვალებისათჳს მდევარ-ყოფილისა მის უმეტეს სარწმუნო იქმნეს ჭეშმარიტებაჲ.
მოციქულისაჲ: და მიწოდა მე მადლითა მისითა გამოცხადებად ძე მისი ჩემ მიერ, რაჲთა ვახარო იგი წარმართთა შორის (1,15-16).
თარგმანი: მადლით წოდებულობასა დამდაბლებისათჳს იტყჳს თავისა თჳსისა, რამეთუ რომელი-იგი ჭურად რჩეულად იწოდა უფლისა მიერ, თჳთ — მადლით წოდებასა იტყჳს, ვითარმედ: არა ღირს ვიყავ მოსლვად მისსა. უკუეთუმცა არა მას მადლით მოეტევნეს უღირსებანი ჩემნი. ხოლო შემდგომი იგი სიტყუაჲ ესრეთ უსაკუთრეს არს: გამოცხადებად ძე მისი ჩემ შორის. რამეთუ თავსა შორის თჳსსა მეტყუელად იტყჳს მხოლოდშობილსა ძესა, მამისა მიერ დედის მუცლითგან განკუთნვილი იგი, რაჲთა არა ხოლო ენითა მეტყუელ მისთჳს, არამედ გულითა და გონებითა სავანე იქმნეს მისსა. და ესრეთღა მრავალთესლთა წარმართთა შორის მიმოდადვას სახარებაჲ მისი, რომლისა ქადაგად არცა ერთისა ვის კაცთაგანისა, არამედ თჳთ მის თავადისა მიერ ჴელთდასხმულ იქმნა პავლე.
მოციქულისაჲ: მეყსეულად არა ვაუწყე იგი ჴორცითა და სისხლითა (1,16).
თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ არა ჴორცთა და სისხლთაგან მისწავიეს ქადაგებაჲ მისი, არამედ თჳთ მისგან, რომელი-იგი ასწავებს და მიჰფენს კაცთა, სულსა სიბრძნისა და მეცნიერებისასა.
მოციქულისაჲ: არცა აღვედ იერუსალჱმდ მათდა, რომელნი-იგი იყვნეს უწინარეს ჩემსა მოციქულნი, არამედ მივედ არაბიად და კუალად მოვიქეც დამასკედ (1,17).
თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: "არა მოციქულთა მიერ წარვიგლინე იერუსალემით, მოწაფედ მოციქულთა, არამედ თჳთ მოძღურისა მის და წარმავლინებელისა მოციქულთაჲსა ხილვამან და ჩუენებამან მეცა მოციქულად წარმავლინა ქალაქთა არაბიას და დამასკოს. რამეთუ წინადაცუეთილებისათაგან გამომირჩია ქადაგი წინადაუცუეთელობისაჲ; რაჲთა არავინ თქუას, ვითარმედ: "თჳთ წინადაუცუეთელ იყო, რომელი ქადაგებდა დაჴსნასა მისსა, ვითარცა ვერ-შემძლებელი წინადაცუეთად", ამისთჳს, არა ვითარცა ძნელსა და საჴმარსა, არამედ ვითარცა ნამეტავსა და უჴმარსა დავჰჴსნიდ მას. ხოლო არაბიას წარსლვითა ამას ცხად-ჰყოფს, ვითარმედ არღა ხარებულ იყო მათდა, ამისთჳს უქმსა ქუეყანასა თჳთ იწყო მუშაკობად და სრბით თესვად თესლსა ღმრთისმსახურებისასა.
მოციქულისაჲ: და მერმე შემდგომად სამისა წლისა აღვედ იერუსალჱმდ ხილვად პეტრესსა და ვიყავ მის თანა ათოთხმეტ დღე (1,18).
თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ პატივისათჳს პეტრესსა აღვედ ხილვად მისსა, არა თუ სწავლად რასმე მისგან, და ათოთხმეტ დღე ვიყავ ოდენ მის თანა, არა ვისწავებდი-ცა რასმე მისგან.
მოციქულისაჲ: ხოლო სხუაჲ მოციქულთაგანი არავინ ვიხილე, გარნა იაკობ ძმაჲ უფლისაჲ (1,19).
თარგმანი: არა თუ თჳსებითა ჴორციელითა, არამედ სახელითა ოდენ საგონებელითა იყვნეს, იოსებ - მამა, ხოლო ძენი მისნი — ძმა უფლისა, არამედ მოციქული პატივისათჳს იაკობისსა უწოდს მას სახელითა ამით, და ყოველსავე შინა მათ წინა-აღუდგების, რომელნი-იგი მოციქულთა განსწავლულად მოწფად ოდენ უწოდდეს მას და არა მოციქულდცა ქრისტესა; რომელთა ეტყჳს, ვითარმედ: არა ხოლო უსწავლელ, არამედ უხილავცა ვიყავ მათდა, და პირველ ხილვისა მათისა ვიწყე ქადაგებად არაბიას, და მიერ მოქცეულმან — დამასკეს. და მისრულმან ხილვად ოდენ პეტრესსა, სხუაჲ მოციქულთაგანი არავინ ვიხილე თჳნიერ იაკობისსა.
მოციქულისაჲ: და რომელსა-ესე მივსწერ თქუენდა, აჰა ესერა წინაშე უფლისა, რამეთუ არა ვტყუვი (1,20).
თარგმანი: ჰხედავა, ვითარ ყოვლით კერძო მოსწრაფე არს, რაჲთა სარწმუნო და უტყუველ მათდა ყოს ქადაგებაჲ თჳსი, ვითარმედ არავისი კაცთაგანისაჲ, არამედ ქრისტეს მოწაფე არს და მის მიერ მოვლინებული ქადაგებად.
მოციქულისაჲ: და მერმე მოვედ ადგილთა მათ ასურეთისა და კილიკიაჲსათა (1,21).
თარგმანი: შემდგომად პეტრეს ხილვისა კუალად მასვე გზასა რბიოდა თჳსისა ქადაგებისასა წარმართთა მიმართ, რამეთუ მათდა მიმართ მივლინებულ იყო უფლისა მიერ.
მოციქულისაჲ: ხოლო ვიყავ შეუსწავებელ წინაშე პირსა ეკლესიათა მათ ჰურიასტანისათა, რომელნი.. -იყვნეს ქრისტეს მიმართ, გარნა სმენით ხოლო ესმინა, ვითარმედ: რომელი-იგი გუდევნიდა ჩუენ ოდესმე, აწ ახარებს სარწმუნოებასა მას, რომელსა-იგი ოდესმე ტყუენვიდა; და ადიდებდეს ჩემთჳს ღმერთსა (1,22-24).
თარგმანი: ვინაჲთგან ამას შეასმენდეს მას წინააღმდგომნი, ვითარმედ: "თქუენ გალატელთა ოდენ წარმართთა გაყენებს წინადაცუეთად, ხოლო ჰურიაობისაგან მოქცეულთა უქადაგებს წინადაცუეთასა", ამისთჳს ეტყჳს, ვითარმედ: ესოდენ არაოდეს მიქადაგებიეს წინადაცუეთაჲ ვისდაცა, ვიდრემდის ყოვლად უმეცარ იყვნეს ჩემდა ეკლესიანი იგი წინადაცუეთილებისაგან და ჰურიაობისა მოქცეულნი ქრისტეს მიმართ, და არავინ მათგანი თუალით მხილველ ქმნილ არს ჩემდა, თჳნიერ ყურით მსმენელ ხოლო და მმადლობელ ღმრთისა, რამეთუ ჩემი ყოველივე მისი საქმე არს: მოქცევაჲ მდევარ-ყოფისაგან და ქადაგ-ყოფაჲ ჩემ მიერ დევნულისაჲ მის. ხოლო ეკლესიად ჰურიასტანისა — კილიკიას და ასურეთს შინა მყოფთა მათ იტყჳს შესაკრებელთა ადგიდ-ადგიდისათა, რომელთა ქრისტეს მიერ მყოფად უწოდს, ვითარცა ქრისტიანობად მოქცეულთა, ხოლო "ადიდებდეს ჩემთჳს ღმერთსა" — ესე უსაკუთრეს არს, ვითარმედ: ადიდებდეს ჩემ შორის ღმერთსა; რომლისა მიერ ამას ცხად-ჰყოფს ვითარმედ: ყოველივე საქებელი და სადიდებელ საქმე არა ჩემი არს, არამედ ჩემ შორის მეტყუელისა და მოქმედისა ქრისტეს ღმრთისაჲ, რომელი-იგი ყოველთა შორის მომანიჭებს კადნიერებით ქადაგებასა სახელისა მისისასა.