📋 სარჩევი
მოციქულისაჲ: ხოლო ამას ვიტყჳ: რავდენჟამ მკჳდრი იგი ყრმა არნ, არარაჲთ ჰმატნ მონასა, უფალ ღათუ არნ ყოვლისა, არამედ ეზოჲსმოძღუართა და მნეთა ქუეშე არნ, ვიდრე ადგილად მოდგომადმდე მამისა თჳსისა (4,1-2).
თარგმანი: კეთილად შემოიღო სახე ესე კაცობრივი, რაჲთა ამიერ გულისჴმა-გჳყოს, ვითარმედ, ვითარცა-იგი ჴორციელი მამაჲ ამისთჳს აყენებს შვილსა ფლობად მონაგებისა მის, მისთჳს შეკრებულისა, რამეთუ ჯერეთ ჩჩჳლ არს და ნაკლულევან ცნობითა განგებად სიმდიდრისა (ამისთჳს ზედამდგომელნი და განმგენი დაუდგინნის, რაჲთა აღზარდონ და განსწავლონ მოსლვად იგი ჰასაკსა და სრულებასა მამისა თჳსისასა), ეგრეთვე, არა თუ სხჳსა რაჲსათჳსმე, არამედ სიჩჩოებისათჳს ჩუენისა გუაყენებდა ღმერთი დასაბამსავე არა-მოცემად ჩუენთჳს განმზადებულსა ამას სრულებასა მადლისასა, რამეთუ ვერ კმა-ვიყვენით ჯეროვნად შემწყნარებელ ყოფად ამისსა, უსრულობისათჳს ჩჩჳლთა და უწურთელთა გონებათა ჩუენთაჲსა; ამისთჳს ზედამდგომელად და მზრდელად მოგუცა შჯული, რაჲთა წინა-განსწავლოს გონებაჲ ჩუენი ჯეროვნად შემწყნარებელ ყოფად სრულებასა მადლისასა.
მოციქულისაჲ: ეგრეცა ჩუენ, ვიდრე-იგი ყრმაღა ვიყვენით, წესთა მათ ქუეშე ამის სოფლისათა ვიყვენით დაკირთებულ (4,3).
თარგმანი: უსაკუთრეს არს ესრეთ: ეგრეცა ჩუენ, ვიდრემდის ვიყვენით ჩჩჳლ, ნივთთა ქუეშე სოფლისათა ვიყვენით დამონებულ. ხოლო მიზეზი სიტყუათაჲ ამათ ზემო გჳთქუამს, ვითარმედ: ჴორცთა სიჩჩოსა სულიერისა სიჩჩოებისა სახედ შემოიღებს, რამეთუ ვითარცა-იგი ჴორციელად ჩჩჳლსა, მოქენესა ზრდისასა, არა ერწმუნების განსაგებელი მამისა თჳსისაჲ, რომელ არს მონაგები მშობელთაჲ, შვილთათჳს შეკრებული, არამედ უფალ ყოფადი იგი ჟამერთ ჰმონებს მზარდულთა და ეზოჲსმოძღურთა, მამისა მისისა მიერ დადგინებულთა, ეგრეთვე ჟამსა გონებათა ჩუენთა სიჩჩოებისასა არა გუარწმუნა ღმერთმან, ბუნებით დამბადებელმან და მადლით მამამან ჩუენმან, ჩუენთჳს წინაგანმზადებული ესე მადლი შვილებისაჲ, არამედ დამამონნა ნივთთა ამის სოფლისათა.
ნივთ ამის სოფლისა უწოდიან ქუეყანასა და ცეცხლსა, ჰაერსა და წყალსა, რომელთაგან არს კაცი და ყოველი აგებულებაჲ სოფლისაჲ. ხოლო აწ მოციქული ნივთთა სოფლისათა მონებად უწოდს შჯულიერთა მათ მსახურებათა, რომელნი-იგი მზისაგან და მთოვარისა, ღამეთა და დღეთა სრულ-იქმნებოდეს; რამეთუ დღეთაგან იქმნებიან შჳდეულნი და თუენი და წელიწადი, ხოლო შჯული იგი ძუელი ამათგან იმსახურებოდა — შაბათთაგან და თჳსთავთა და დღესასწაულთა წელიწადისათა, ვიდრეღა თჳთ წელიწადთაცა შჳდეული იცვებოდა. ვინაჲცა მოციქულმან, რაჲთა დაამდაბლოს მსახურებაჲ შჯულისაჲ, ამისთჳს ნივთთა ქუეშე ყოფად უწოდა შჯულისა მონებასა, ამით გულისჴმის-ყოფითა, ვითარცა ესერა ზემო წარმოვთქუთ.
გენადისი: ცნობათა სიჩჩოებისათჳს და შჯულისა დამჴობისათჳს შჯულსა ქუეშე მყოფთა — ნივთთა მონად უწოდს, რაჲთა ჰურიაობისაგან მოქცეულნი იგი სრულებით განაყენნეს მისგან, რომლისა წესთა და ჩუეულებათა, ვითარ-იგი სხუასა ადგილსა ჴორციელ უწოდს სიზრქისათჳს, ეგრეთვე აქა — ნივთიერ, რამეთუ ნივთთა მიერ აღესრულებოდა; ვითარ-იგი წყალსა იჴუმევდეს განსაბანელად, ხოლო ცეცხლსა — საკუერთხთა დასაწუველად; და ესე ყოველი გარეშე ხილულად და ზრქელად აღესრულებოდა მათგან, რამეთუ არა აქუნდა მათ სულისა მიერ წმიდისა ძალი ხედვათაჲ; ვითარ-ესე ჩუენ, დაღაცათუ ხილულად რასმე ვიქმოდით მსახურებასა, არა ჴორციელთა მათ და ხილულთა ნივთთა შინა დავშთებით, არამედ ყოველსავე მას სულიერად გულისჴმა-ვჰყოფთ, რაჟამს მადლი სულისა წმიდისაჲ გჳძღოდის ხედვათა მიმართ საიდუმლოჲსათა.
მოციქულისაჲ: ხოლო ოდეს მოიწია აღსასრული ჟამთაჲ, მოავლინა ღმერთმან ძე თჳსი, შობილი დედაკაცისაგან, და იქმნა იგი შჯულსა ქუეშე, რაჲთა შჯულსა ქუეშე მყოფნი გამოიჴსნნეს და რაჲთა შვილებაჲ იგი მოვიღოთ (4,4-5).
თარგმანი: მოწევნად აღსასრულისა ჟამთაჲსა იტყჳს სრულ-ქმნასა ჟამისა მის წინა საუკუნეთა განსაზღვრებულისასა, რომელსა შინა განჩინებულ იყო მოსლვაჲ ქრისტესი. ესევითარსა მას ჟამსა თჳსსა მოავლინა ღმერთმან ძჱ თჳსი, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, შობად დედაკაცისაგან. ხოლო შენ "მოვლინებაჲ" ესე — ერთნებობად შეჰრაცხე ერთარსთა მათ, რამეთუ სათნო-ყოფითა მამისაჲთა იქმნა ცხორებისათჳს ჩუენისა განკაცებაჲ მხოლოდშობილისა ძისაჲ, რომელი ნებითა მამისაჲთა მოივლინა შობად დედაკაცისაგან. ესე იგი არს —არა საოცრად, არამედ ჭეშმარიტებით და სრულებით ჴორცთა შესხმად მისგან. რამეთუ ვინაჲთგან შჯულსა ქუეშე მყოფნი თანამდებ იყვნეს წყევისა და დაშჯისა, ვითარცა ვერ აღმასრულებელნი მისნი, ამისთჳს იგი თავადი იქმნა შჯულსა ქუეშე, რაჟამს წინადაიცჳთა, და ყოვლითურთ აღასრულა წესი შჯულისაჲ, რაჲთა ვერ აღმასრულებელნი იგი გამოიჴსნნეს ჯუარცუმითა თჳსითა; რომელნი-იგი არა ხოლო ცოდვათაგან, რომელთა შჯული ამხილებდა, ანუ წყევისაგან, რომელთა-იგი დასდებდა გარდამავალთა მისთა ზედა, გამოიჴსნნა, არამედ შვილებისაცა მადლითა განამდიდრნა, ვინაჲცა მოციქულმან ამისთჳს თქუა მოღებაჲ შვილებისაჲ, რაჲთა სცნა, ვითარმედ: დაღაცათუ მაშინ მოგუეცა, არამედ პირველითგან ჩუენთჳს განმზადებულ იყო, რომლისა მოღებად დაგუეყოვნა სიჩჩოებისათჳს ცნობათა ჩუენთაჲსა.
მოციქულისაჲ: და რამეთუ ხართ შვილნი. გამოავლინა ღმერთმან სული ძისა თჳსისაჲ გულთა შინა ჩუენთა (4,6).
თარგმანი: ამით საცნაურ არს შვილებასა ღმრთისასა ღირს-ქმნაჲ ჩუენი, რამეთუ ძისა მიერ თჳსისა მომცა ჩუენ სული წმიდაჲ, რომელი მამისაგან გამოვალს; და ვითარცა მამისა, და ეგრეთვე ძისა სულ არს. ხოლო ამას ადგილსა სულ ძისა უწოდს, რამეთუ ძისა მიერ მოგუეცემის: ხოლო "გულთა შინა ჩუენთა" ესე იგი არს —უხილავად და საცნაურად, არა ხილულად და გრძნობადად.
მოციქულისაჲ: რომლითა ვღაღადებთ: აბბა მამაო! (4,6).
თარგმანი: ამით მტკიცე არს ნიჭი ესე შვილებისაჲ, რამეთუ უკუეთუმცა არა სული წმიდაჲ გუაქუნდა მოცემული ძისა მიერ, ვერმცა ვიკადრებდით ღმრთისა მამად ჩუენდა წოდებად, რომლისა დასამტკიცებელად მოციქულმან მრჩობლ თქუნა სახელი მამისაჲ: "ავვა", რომელ არს ებრაულად, და "პატირ", რომელ არს ბერძულად სახელი მამისაჲ.
მოციქულისაჲ: ამიერითგან არღარა ხართ მონა, არამედ შვილ. ხოლო უკუეთუ შვილ, მკჳდრცა ღმრთისა ქრისტეს მიერ (4,7).
თარგმანი: აჰა ესერა, აქაცა შეასრულა სიტყუაჲ, ვითარმედ: არღარა ხართ მონა შჯულისა, პირველისა მის მზარდულად თქუენდა დადგინებულისა, რომლისაგან გამოჴსნილთა არცაღა თჳთ დაგიმონებს გამომჴსნელი იგი, არამედ სრულიად აღიღებს თქუენგან უღელსა მონებისასა და გყოფს შვილ. და არა კმა-იყოფს შვილებასა, არამედ მკჳდრცა გიჩინებს მამულთა სიმდიდრეთა, ჯუარითა და ვნებითა ქრისტესითა.
მოციქულისაჲ: არამედ მაშინ არა იცოდეთ ღმერთი და ჰმონებდით მათ, რომელნი-იგი არა იყვნეს ბუნებით ღმერთ. ხოლო აწ იცანთ ღმერთი; უფროჲსღა გიცნნა თქუენ ღმერთმან. ვითარ მიიქცევით კუალად უძლურისა მის და გლახაკისა წესისა? (4,8-9).
თარგმანი: ესე სიტყუაჲ ზოგად ორთავე მიმართ თქუმად შეეტყუების - წარმართთაგანთა და ჰურიათაგანთა. წარმართთაგანთა ესრეთ, ვითარმედ: ოდეს-იგი კერპთმსახურ იყვენით, არა ეგოდენ საბრალობელ იყვენით, ნივთთა მონებისათჳს, რომელ არიან კერპნი ოქროჲსა და ვეცხლისა, ძელისა და ქვისანი; ხოლო აწ მრავალწილ უმძიმეს არს ბრალი თქუენი, უკუეთუ ოდეს-ესე იცანთ ღმერთი (უფროჲსღა მან გიცნნა თჳსითა მოწყალებითა), და კუალად მიიქცეთ, — ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, — უძლურთა მათ მიმართ და გლახაკთა ნივთთა. ესე იგი არს ჰურიათაჲ იგი შჯულსა ქუეშე ყოფაჲ, რომელი-იგი დაღაცათუ არა კერპთმსახურება არს, არამედ უძლურ და გლახაკ, ზრქელთა ნივთთადა მონებითა, რომელ არიან ბანანი და დაწუვანი, ავლნი და პკურებანი. ხოლო ჰურიათაგანთა მიმართ, მითვე ზემოწერილთა სიტყუათა გულისჴმისყოფითა, რამეთუ ზრქელად და ჴორციელად აღსრულებასა შჯულისასა ნივთთა მონებად უწოდა ზემო, და აქა გლახაკად და უძლურად სახელ-სდებს. ხოლო "არა იცოდეთ ღმერთი", - არათუ სრულიად ღმრთისა უმეცრებასა აჩუენებს ჰურიათასა, არამედ სიზრქესა და სიკნინესა ცნობისა მათისასა; ვითარ მოქცევთა რათმე მზისა და მთოვარისათა იცვიდეს, თჳსთავობად და კერძო დღესასწაულობად.
კჳრილესი: უძლურ და გლახაკ კუალად მათვე უწოდს ნივთთა სოფლისათა, რომელ არიან მზე და მთოვარე, რომელთა მოქცევსა ზედა იყვნეს თჳსთავნი იგი და დღესასწაულნი მათნი, რომელთაჲ ჴორციელად და ზრქელად აღსრულებაჲ იყო სიგლახაკე და უძლურება. და შემდგომად ქრისტეს მოსლვისა და მათგან გამოჴსნისა კუალად მათდავე მიქცევაჲ იყო ღირს სამარადისოჲსა ბრალობისა. ჳკუმენისი: რაჲ არს მზისა და მთოვარისა და ვარსკულავთა უშუენიერეს, არამედ მოციქული გლახაკ და უძლურ უწოდს მათ, ვითარცა დაკლებულთა გრძნობისა და ცნობისაგან.
მოციქულისაჲ: რომელთაჲ კუალად ზემოჲთვე გნებავს მონებად (4,9).
თარგმანი: ზემოჲთვე მონებაჲ ესე არს, რაჟამს კაცი პირველისავე სიყრმითგანისა ჩუეულებისა ქმნად მიიქცეს, ერთგზის უსრულესად ჰასაკად და უმჯობესად საქმედ მიწევნული.
მოციქულისაჲ: დღეთა იზმნით და თუეთა, ჟამთა და წელთა (4,10).
თარგმანი: ამიერ ცხად არს, ვითარმედ ცრუმოციქულნი იგი, რომელნი წინადაცუეთასა ქადაგებდეს, ამასცა შესძინებდეს გარეშე შჯულისა, რამეთუ ზემოჲთგანვე ჰურიათათჳსცა ნივთთა მონებად ამას უწოდს მოციქული, ვითარ შჯულისა წესნი ზმნად გარდაექცინეს, რამეთუ მზე და მთოვარე და მოქცევი ვარსკულავთაჲ —სამკაულნი ოდენ არიან ცისანი, განმყოფელნი დღისა და ღამისანი, და შესასწავებელნი ჟამთა და წელთანი, რომელთაგან იქმნების აღრიცხუვაჲ მათი. ხოლო ესე გარეშე შჯულისა არს, რაჲთა იზმნიდეს ვინმე ანუ პატივ-სცემდეს მათ, ვითარ-თუ-მცა გრძნობაჲ რაჲმე აქუნდა, ანუ შემძლებელ იყვნეს კაცთა კეთილის-ყოფად ანუ ბოროტისა, რომლისა მიერ იქმნების მონებაჲ ნივთთაჲ.
მოციქულისაჲ: მეშინის მე თქუენთჳს, ნუუკუე ცუდად დავშუერ თქუენდა მიმართ (4,11).
თარგმანი: იხილე მოწყალებაჲ მოციქულისაჲ; სხუანი იღელვებიან და მას ეშინის. ხოლო ცუდად დაშრომასა "ნუუკუეობითა" საეჭუელ ჰყოფს, რაჲთა არა სრულიად წარუკუეთოს მათ სასოებაჲ მოქცევისა და სინანულისაჲ. გარნა ხოლო მყუდროებით ეტყჳს, ვითარმედ: მოიჴსენენით შრომანი და ღუაწლნი ჩემნი თქუენდა მიმართ და ნუ ცუდ ჰყოფთ მათ.
მოციქულისაჲ: იქმნენით, ვითარცა მე, რამეთუ მე ვიყავ, ვითარცა თქუენ (4,12).
თარგმანი: ამით სიტყჳთა თავსა თჳსსა სახედ მისცემს ჰურიაობისაგან მოქცეულთა მათ, ვითარმედ: ესრეთ ყავთ, ვითარცა მე ვყავ, რომელი-ესე პირველ ფრიად მოშურნე ვიყავ შჯულისა, ხოლო აწ სრულიად დაუტევე და განვეშორე მას.
მოციქულისაჲ: ძმანო, გევედრები თქუენ, არარაჲ შემცოდეთ მე (4,12).
თარგმანი: რასა ევედრების? — არამედ ამას, ვითარმედ: ნუ გგონიეს შეცოდებისა რაჲსამე ანუ გულძჳრობისათჳს, განფიცხებაჲ მხილებათა ჩემთაჲ თქუენდამი, რომელთა არარაჲ შეგიცოდებიეს ჩემდა, არამედ რასა-ეგე ავნებთ თავთა თჳსთა, მე მას ჩემდა ვნებად შევჰრაცხ, და ამისთჳს ძლიერად გამხილებ რაჲთა მის მიერი სარგებელი თქუენი ჩემდავე მოიწიოს.
მოციქულისაჲ: ხოლო ესე იცით, რამეთუ უძლურებითა ჴორცთაჲთა გახარე თქუენ პირველად; და განსაცდელი იგი ჴორცთა ჩემთაჲ არა შეურაცხ-ჰყავთ, არცა მოიძაგეთ (4,13-14).
თარგმანი: იხილე, ვინაჲ შეჰმზადებს მათდა მიმართ სიტყუათა სამადლობელთა, რამეთუ უძლურებად ჴორცთა უწოდს კრულებათა და პყრობილებათა და ჭირთა, რომელთა შინა მყოფ იყო, რაჟამს უქადაგებდა მათ; ამისთჳს მადლიერ არს, ვითარ არცა ერთისა მისთჳს ჴორციელისა განსაცდელისა მისისა შეურაცხ-ყვეს მადლი იგი მის შორის მყოფი; არცა ორგულ და ურწმუნო იქმნნეს მისსა მიმართ, ვითარცა დევნულისა და ტანჯულისა.
მოციქულისაჲ: არამედ ვითარცა ანგელოზი ღმრთისაჲ შემიწყნარეთ მე, ვითარცა ქრისტე იესუ (4,14).
თარგმანი: "ანგელოზი" ქადაგად გამოითარგმანების, ხოლო "ანგელოზი ღმრთისაჲ" —ქადაგად ღმრთისა. ამისთჳს ვითარცა ნამდჳლვე ჭეშმარიტად ქადაგი ღმრთისაჲ, ვითარცა თჳთ თავადი უფალი, შეიწყნარეს გალატელთა.
მოციქულისაჲ: რაჲ-მე უკუე იყო ნეტარებაჲ იგი თქუენი? რამეთუ ვეწამები თქუენ, ვითარმედ, შე-თუ-მცა-საძლებელ იყო, თუალნიმცა თქუენნი აღმოიჴადენით და მომცენით მე (4,15).
თარგმანი: ესრეთ იკითხავს, ვითარმედ: სადა არს აწ ნეტარებაჲ იგი თქუენი, მორჩილებაჲ სახარებისაჲ და მოშურნე ყოფაჲ სარწმუნოებისაჲ, რომლისათჳს მე და მრავალნი გნატრიდით თქუენ? სადა არს აწ, —რამეთუ ვერღარა ვხედავ, ვითარცა არა-ყოფილსა, — რამეთუ მაშინ თუალთაცა თქუენთა აღმოიჴდიდით, დაღათუმცა ესე ჯერ-იყო რომელთასა უპატიოსნეს შეგერაცხე მე. ხოლო აწ არცა თუ კნინოდენსა მხილებასა ჩემსა მიითუალავთ.
მოციქულისაჲ: ვითარცა მტერ რაჲმე გექმენ თქუენ, რომელი-ესე ჭეშმარიტსა გეტყოდე თქუენ (4,16).
თარგმანი: ესრეთ ეტყჳს, ვითარმედ: სხუაჲ არა უწყი მე მიზეზი მტერად შერაცხვისა ჩემისაჲ, თჳნიერ მართლისმეტყუელებაჲ, რომლისათჳს გიჴმდა უმეტეს შეყუარებაჲ ჩემი.
მოციქულისაჲ: გეშურებიან თქუენ არა კეთილისათჳს, არამედ გარდაქცევაჲ თქუენი ჰნებავს, რაჲთა მათ ჰბაძვიდეთ (4,17).
თარგმანი: ვინაჲთგან არს შური საღმრთოჲცა კეთილსა ზედა, რაჟამს კაცი წადიერ იყოს მსგავსებად სათნოებასა ვისსამე, ამისთჳს აწ მოციქულმან დაჰრთო: "არა კეთილისათჳს", ვინაჲთგან ესე არა კეთილი შური არს, რაჟამს არა ხოლო სხჳსა სათნოებათა არა ვებაძვებოდით, არამედ ესრეთ მოშურნე ვიყვნეთ, რაჲთა იგიცა დავაბრკოლოთ სათნოებისაგან, ვითარ-იგი იყვნეს გარდამაქცეველნი გალატელთანი, რომელთა ენება თჳთ დასხდომაჲ ადგილსა მოძღუართასა, ხოლო ერისა მის ყოვლისაჲ — მორჩილებაჲ შჯულთა სივერაგისა თჳსისათა, რაჲთა გარდააქცინენ ქრისტიანობისაგან ჰურიაებად.
მოციქულისაჲ: ხოლო კეთილ არს ბაძვაჲ კეთილისათჳს მარადის, და ნუ მისლვასა მას ხოლო ჩემსა თქუენდა მიმართ (4,18).
თარგმანი: ამას ცხად-ჰყოფს, ვითარმედ: ოდეს-იგი მუნ იყო მოციქული და ქადაგებდა მათ შორის სახარებასა, მაშინ საშურველ იყვნეს წინააღმდგომთა მიერ კეთილად წარმართებულებისათჳს, რომელთა-იგი რაჟამს პოვეს ჟამი, შემდგომად მოციქულისა მიერ წარმოსლვისა დააკუეთეს სიმაღლე იგი სულიერად შენებულებისა მათისაჲ. ამისთჳს აწ მოციქული ეტყჳს ერსა მას, ვითარმედ: არა ხოლო მანდა ყოფასა ჩემსა, არამედ სამარადისოდ გიჴმდა დაცვაჲ კეთილსა ზედა წარმართებულებისა თქუენისაჲ, რომლითა საშურველ იყვენით წინააღმდგომთა თქუენთა.
მოციქულისაჲ: შვილნო ჩემნო, რომელთათჳს კუალად მელმის, ვიდრემდე გამოიხატოს ქრისტე თქუენ შორის (4,19).
თარგმანი: იხილე წყალობაჲ მამობრივთა ნაწლევთაჲ, რომელთა მიერ ფრიად უსალმობიერეს მუცელ-ქუმულთასა ჴმობს, ვითარმედ: დაღაცათუ განჰხრწენით ხატებაჲ და კუალად მოქენე იქმნენით ქრისტეს შემოსასა მას ნათლისღებისა მიერსა, სხუებრ — განახლებად, არამედ ეგრეთცა შვილად გიწოდ და სალმობასა მიდგომილისასა ვაჩუენებ თქუენთჳს სწავლითა და მოძღურებითა, ვიდრემდის კუალად განვაახლო თქუენ ზედა ხატებაჲ მეუფისა ჩემისა ქრისტესი.
კჳრილესი: ესრეთ ეტყჳს, ვითარმედ: ვიდრე მუნ ჟამადმდე მელმის თქუენთჳს, ვიდრემდის დიდნი იგი და ზეშთა ბუნებისანი ხატნი ქრისტეს ღმრთეებისანი სიმტკიცით გამოისახნენ გონებათა შინა თქუენთა.
მოციქულისაჲ: ხოლო მინდა მისლვად თქუენდა აწ, და ცვალებად ჴმაჲ ჩემი, რამეთუ განკჳრვებულ ვარ მე თქუენთჳს (4,20).
თარგმანი: ცვალება ჴმისა არს მტკიცედ მდგომთა ზედა სიხარული, ხოლო შერყეულთა ზედა გოდებაჲ, ვინაჲცა აწ მოციქული არა კმა-იყოფს წიგნით მიწერასა, ვითარცა ვერ განმაცხადებელსა ტირილისასა. ამისთჳს ეძიებს პირისპირ მისლვასა, რაჲთა ცვალოს სწავლაჲ გოდებად, და ტირილითა განზავებულ ყვნეს სიტყუანი თჳსნი, თუ ვითარ დაეკუეთნეს სიმაღლისა მისგან სახარებისა შჯულთაჲსა, და ითრევებიან ქუე სიმდაბლესა შინა ჰურიაობისა წესთასა, ვითარცა ჩჩჳლნი და ყოვლად არა მიმთხუეულნი მადლთა სრულებისანი.