📋 სარჩევი
მოციქულისაჲ: მითხარ-ღა მე, რომელთა-ეგე შჯულსა ქუეშე გნებავს ყოფაჲ, შჯული არა აღმოგიკითხავსა? რამეთუ წერილ არს, ვითარმედ (4,21-22).
თარგმანი: კეთილად ეტყჳს, ვითარმედ: გნებავს, რამეთუ მათისა უჟამოჲსა და უწესოჲსა ცნობისაჲ იყო გარდასრულთა ძუელთა წესთა მონებაჲ. ხოლო შჯულისა აღმოკითხვად ჩუეულ არს მოციქული წოდებად ყოველთავე წიგნთა ძუვლისა შჯულისათა.
მოციქულისაჲ: აბრაჰამს ორ ძე ესხნეს; ერთი მჴევლისაგან და ერთი აზნაურისაგან. არამედ მჴევლისაგანი იგი ჴორციულად შობილი იყო, ხოლო აზნაურისაგანი იგი — აღთქუმისაგან (4,22-23).
თარგმანი: ვინაჲთგან დიდ იყო ჰურიათა შორის სახელი მამათმთავრისა აბრაჰამისი, კუალად მასვე შემოიღებს სახედ წიგნისაგან დაბადებისა, ვითარმცა ეტყოდა, ვითარმედ: გნებავს თუ, მე გიჩუენო, ვითარ ძუელსავე მას შინა წინა-მოესწავა განჴდაჲ ძუელისა მის შჯულისაჲ. ვინაჲცა აწ დამტევებელი მისი არს აღმასრულებელ, ხოლო არადამტევებელი - დამჴსნელ მისსა. რამეთუ აბრაჰამს ორ ძე ესხნეს, და ორთავე ძე ერქუა; ხოლო ერთი — მჴევლისაგან, და მეორე —აზნაურისაგან; ესე იგი არს, ორნივე შჯულნი ღმრთისანი არიან, არამედ ძუელი — მჴევ-ლისაგან არს და უნდო, ხოლო ახალი —აზნაურისაგან, და ესოდენ უმაღლეს მისსა, რაოდენ დედუფლისაგანნი - ხარჭისაგანისასა. ესე — ერთდიდება ახლისა ამის, და კუალად ესე — მეორე, რამეთუ მჴევლისაგანი იგი ჴორციელად შობილი იყო; რამეთუ აბრაჰამცა ჟამსა ოდენ იყო შვილიერებისასა, და აგარ არა ბერწ იყო, ამისთჳს არა საკჳრველ იყო წესისაებრ ბუნებისა შობილი იგი. ხოლო სარრა ბერწ იყო, და აბრაჰამ — გარდასრულ ჟამთა. ამისთჳს ზეშთაბუნებისა აღთქუმაჲ იგი ოდენ მოქმედებდა მათ შორის. და ამითცა სახითა ესოდენ უმაღლეს არს ახალი ძუელსა, რაოდენ ბუნებითსა — ზეშთაბუნებისაჲ.
მოციქულისაჲ: რომელი-იგი არს იგავად, რამეთუ ესე არიან ორნი შჯულნი (4,24).
თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ თხრობაჲ იგი მართა მათ ძუელთა საქმეთაჲ სახედ და იგავად შემოიღებვის ორთა შჯულთა — ძუელისა და ახლისა.
მოციქულისაჲ: ერთი იგი სინა-მთით შობილი მონებად, რომელ არს აგარ; რამეთუ აგარ სინაჲ-მთაჲ არს არაბიას; ხოლო თანაშეეტყუების ამას იერუსალჱმსა, რამეთუ ჰმონებს იგი შვილთა მისთა თანა (4,25).
თარგმანი: ვინაჲთგან ძუელი იგი შჯული სინას მოცემულ იყო, ხოლო იერუსალჱმს ჰმონებდა, რამეთუ მას შინა აღესრულებოდა. და ამის ძუელისა შჯულისა სახე იყო ისმაელ, შობილი აგარისგან, რამეთუ მთასა სინასა აგარ სახელედების არაბთა ენისა მიერ, რამეთუ თჳთ ქუეყანაჲცა იგი არაბიაჲ არს. ხოლო გამოითარგმანების სახელი აგარისი მსხემ გინა მჴევალ. და ამით სახითა წინა-გამოსახვიდა აგარისგან შობაჲ ისმაელისი სინას მოცემასა შჯულისასა, რამეთუ ვითარ-იგი ისმაელ დაღაცათუ მისვე აბრაჰამის ძე იყო, არამედ მჴევლისაგანი იყო. ეგრეთვე ძუელი შჯული დაღაცათუ მისვე თავადისა ღმრთისაჲ არს, რომლისაჲ — ახალი ესე, არამედ ეგრეცა მჴევლისაგანად ითქუმის, რამეთუ სინას მოცემული არს, და ვითარ-იგი სინაჲ სამთავრო არს იერუსალჱმისა, ეგრეთვე მუნ მოცემული იგი შჯული ჰმონებს ქუეყანისა იერუსალჱმისა, რამეთუ მას შინაღა აღესრულებოდა, და შვილთა თანა იერუსალჱმისათა ჰმონებდა აღსრულებასა შჯულისა წესთასა.
მოციქულისაჲ: ხოლო ზეცისა იგი იერუსალჱმი აზნაურ არს, რომელ არს დედაჲ ჩუენ ყოველთაჲ; რამეთუ წერილ არს: "იხარებდ, ბერწი ეგე, რომელი არა ჰშობდ; აღიმაღლე და ჴმობდ, რომელსა არა გელმოდა, რამეთუ მრავალ არიან შვილნი ოჴრისანი უფროჲს, ვიდრე-იგი რომელსა-იგი ესუა ქმარი" (4,26-27).
თარგმანი: ვინაჲთგან ძუელი შჯული მონა ყო ქუეყანისა იერუსალჱმისა, ვითარცა სინაჲ სამთავრო არს ქუეყანისა იერუსალჱმისა, ხოლო ზეცისა იგი იერუსალჱმი სახე არს სარრაჲსი, თავისუფლებით და აზნაურებით დედაჲ ჩუენ ყოველთაჲ. რამეთუ არღარა არს მის შორის მონებაჲ ზრქელისა რაჲსმე და ჴორციელისაჲ. და კუალად, ზეცისა იერუსალჱმ და აზნაურ წესთაგან ძუელისა შჯულისათა - ქუეყანისაცა ამას უწოდს ეკლესიასა, ვითარცა გამომსახველსა ზეცისა იერუსალჱმისასა, რამეთუ ესეცა, მსგავსად სარრაჲსსა, ბერწ და უშვილო იყო პირველ, ხოლო აწ ფრიად რაჲმე სძლო აგარის მსგავსსა მას შესაკრებელსა ჰურიათასა, სიმრავლითა შვილთსხმისაჲთა, რომლისა მოწამედ მოციქულსა შემოჰყავს წინაჲსწარმეტყუელი ესაია, რომელი ბრძანებით ეტყჳს: იხარებდ, უდაბნოჲ ეგე ცალიერი და ბერწი ყოველთაგან ნაყოფთა ღმრთისმეცნიერებისათა; აღიმაღლე და ჴმობდ, რომელსა არაოდეს გელმოდა შობაჲ შვილთა ღმრთისმსახურებისათაჲ, რამეთუ მრავალ არიან აწ შვილნი შენ, უდაბნო ოჴერ ქმნულისანი, უფროჲს მისსა, რომელსა-იგი მაშინ აქუნდა მეუღლებაჲ შჯულისაჲ წინამხედველად და განმგებელად ყოვლისა, რამეთუ მას შესაკრებელსა ჰურიათასა ერთი ხოლო ნათესავი ისრაიტელთაჲ აქუნდა. ხოლო შენ, ეკლესიაო წარმართთაო, მრავალთესლნი ნათესავნი შეგიკრებიან ქუეყანით და ზღჳთ, და ყოველთა კიდეთაგან. იხილე, ვითარ საქმით — სარრა, ხოლო სიტყჳთ — წინაჲსწარმეტყუელი ესაია — წინა-გამომსახველ იქმნნეს სრულებასა ამას ახლისა მადლისასა.
მოციქულისაჲ: ხოლო ჩუენ, ძმანო ისაკისგან აღთქუმისა შვილნი ვართ (4,28).
თარგმანი: არა ხოლო ბერწობითა, არამედ შობითაცა მსგავს არს სარრაჲსსა ეკლესიაჲ წარმართთაჲ. რამეთუ ვითარ-იგი თჳნიერ წესთა ბუნებისათა ჟამთა გარდასრული შვილიერ ყო აღთქუმამან მან უფლისამან, ვითარმედ: "ჟამსავე ამას მოვიდე და ესუას სარრას ძე" (), — ეგრეთვე ჩუენ ეკლესიაჲ, არა ჴორცთა და სისხლთა მიერ, არამედ საბანელითა წმიდისა ემბაზისაჲთა და მას ზედა წართქუმითა მღდელისა მიერ სიტყუათა ღმრთისათაჲთა მშობს; რომლისა მიერ დაღაცათუ ბერწისა შვილ ვართ, არამედ — აზნაურისა. იხილე სახისაჲ ამის უცვალებელი თანა-შეტყუებაჲ საქმეთაჲ.
მოციქულისაჲ: არამედ ვითარცა-იგი მაშინ ჴორციელად შობილი იგი სდევნიდა სულიერსა მას, ეგრეცა აწ (4,29).
თარგმანი: ყოვლითურთ შეასწორა საქმე სახეთა, რამეთუ ვინაჲთგან მაშინ იდევნებოდეს მორწმუნენი ჰურიათაგან, ამისთჳს ეტყჳს, ვითარმედ: ესე ნუ შეგაშფოთებს, რამეთუ მაშინცა ჴორციელითა შჯულთა ბუნებითა შობილი იგი ისმაელ სდევნიდა სულიერისა მის საღმრთოჲსა აღთქუმისა მიერ შობილსა ისაკს.
მოციქულისაჲ: არამედ რასა იტყჳს წიგნი? — "განაძე მჴევალი ეგე და ძე მაგისი, რამეთუ არა დაიმკჳდროს შვილმან მჴევლისამან ძისა თანა აზნაურისაჲსა" (4,30).
თარგმანი: რაჲთა რომელნი დევნულებისათჳს შეწუხდებოდინ, ამით ნუგეშინის-ეცეს, რამეთუ მდევარნი იგი განიჴადებიან, არა ხოლო მდევარობისათჳს, არამედ რაჲთა უმკჳდრო იქმნნენ და არა ენაწილნენ მამულსა, აღთქუმისაგანთა მათ თანა. აჰა ესერა თჳთ შჯულისა წიგნთაგან, სიტყჳთა დაბადებისაჲთა, ცხად ყო მოციქულმან, ვითარმედ მათ შინა წერილ არს განჴდაჲ მათივე, რომელ არს დაცხრომაჲ ძუელისაჲ და აღორძინებაჲ ახლისაჲ, რაჲთა გულისჴმა-გჳყოს, ვითარმედ შედგომილი ახლისაჲ და დამტევებელი ძუელისა შჯულისაჲ — ზოგად ორისავე აღმასრულებელ ქმნილ არს, ვითარ-იგი წინაუკუმო: ამისგან განვრდომილი მისგანცა განვრდომილ არს.
მოციქულისაჲ: ხოლო ჩუენ, ძმანო, არა ვართ შვილნი მჴევლისანი, არამედ აზნაურისანი; აზნაურებითა მით, რომლითა ქრისტემან ჩუენ განგუააზნაურნა, მტკიცედ დეგით და ნუ კუალად უღელსა მას მონებისასა თავს-იდებთ (4,31-5,1).
თარგმანი: ესრეთ ეტყჳს, ვითარმედ: ვინაჲთგან ჩუენი სახე არა აგარ არს, არამედ სარრა, არა მჴევალი, არამედ აზნაური და თავისუფალი; ამისთჳს, ნუ ირყევით, არამედ მტკიცედ დეგით აზნაურებასა მას, რომელსა ზედა ქრისტემან გჳჩინნა ჩუენ, რამეთუ შჯული დაგჳმონებდა წყევითა, ხოლო ქრისტემან განგუათავისუფლნა კურთხევითა, მძიმისა მისგან უღლისა მისისა, უღლითა მით თჳსითა ყოვლად ტკბილითა.