მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

თავი ზ̂. ვითარმედ არა შჯულისაგან, არამედ აღთქუმისაგან არიან კეთილნი, ხოლო შჯული — განმმზადებელი მხილებისა მიერ

წმინდა იოანე ოქროპირი
მთარგმნელი: წმინდა ეფრემ მცირე
რედაქტორი: Titus

📋 სარჩევი

მოციქულისაჲ: ძმანო, კაცობრივ ვიტყჳ, რამეთუ კაცისა დამტკიცებული წიგნი არავინ შეურაცხ-ყვის, გინა სხუაჲ ბრძანებაჲ ბრძანის მის ზედა (3,15).

თარგმანი: ვინაჲთგან ზემო მაღალთა სახეთაგან, და უფროჲსღა საქმეთა, რომელ არიან მოცემაჲ სულისაჲ და ჯუარცუმითა ქრისტესითა ცხორებაჲ კაცთა ნათესავისაჲ დაამტკიცა ახლისა ამის უდიდებულესობაჲ, აწ კუალად ძმად უწოდს, პირველ უცნობელად წოდებულთა მათ გალატელთა, რაჲთა გუასწაოს მოწაფეთა მიმართ ზომიერად განზავებაჲ სიტყუათა სიფიცხისა და სიტკბოებისათა. და კაცობრივ ეტყჳს, რაჲთა საღმრთოთა თანა და მაღალთა, კაცობრივნიცა და მდაბალნი სახენი წინა-უყვნეს, ესე იგი არს სამარადისოდ მტკიცე უცვალებელობაჲ წიგნსა კაცთა ანდერძისასა, რომლითა სახის-მეტყუელებს მადლსა უპირატესად შჯულისა, რომელი-იგი დღეთა აბრაჰამისთა განაჩინა ღმერთმან აღთქუმით, რაჲთა თესლისაგან აბრაჰამისსა განკაცებულისა ქრისტეს მიერ იკურთხნენ წარმართნი, რომელთა ჰრწამს მისსა მიმართ. ხოლო შჯული შემდგომად ამის აღთქუმისაღა ოთხას ოცდამეათესა წელსა შორის-შემოვიდა, რაჲთა წინა-გზა-უყოს სარწმუნოებასა ქრისტეს მიმართ და არა თჳთ იგი არს წინააღთქუმული მაკურთხეველად ჩუენდა, არამედ ქრისტე, რომლისათჳს წინააღუთქუა ღმერთმან აბრაჰამს, რაჲთა მისგან ჴორცითა შობილისა მისგან აკურთხნეს ყოველნი წარმართნი. აწ უკუე, უკუეთუ კაცობრივი აღთქუმაჲ, ჴელით-წერით ქმნილი, ვერვინ კაცთაგანმან დაჰჴესნის, ვითარ ვინ დამჴსნელ იქმნეს ღმრთივ აღთქუმულსა ამას ქრისტეს მიმართსა სარწმუნოებასა, სხჳსა ბრძანებისა ბრძანებითა მის ზედა, რომელ არს კუალად შემოყვანებაჲ ძუელისაჲ ახალსა ზედა!

მოციქულისაჲ: ხოლო აბრაჰამის მიმართ ითქუნეს აღთქუმანი ესე და ნათესავისა მისისა; არა ეტყჳს "და ნათესავთა", ვითარცა მრავალთასა, არამედ ვითარცა ერთისასა, და ნათესავისა შენისა, რომელ არს ქრისტე (3,16).

თარგმანი: ამას ადგილსა თარგმნის სიტყუასა მას დაბადებისასა, ვითარ-იგი მუნ წერილ არს; არა ვითარცა მრავალთათჳს, ვითარმცა ეთქუა თუ: "ნათესავთა შენთა მიმართ", რომელი-ესე სამრავლო არს, არამედ ესრეთ ეტყჳს აბრაჰამს, ვითარმედ: "ნათესავისა მიმართ შენისა", რომელი-ესე ერთისათჳს თქუმულ არს, ცხად არს, ვითარმედ — ქრისტესთჳს, რომელი-იგი ნათესავ არს აბრაჰამისა, რამეთუ წმიდაჲ ქალწული, ჴორციელად მშობელი მისი, აბრაჰამის ნათესავისაგან შთამომავალ არს.

მოციქულისაჲ: ხოლო ამას ვიტყჳ წიგნად აღთქუმისა დამტკიცებულად ღმრთისა მიერ ქრისტეს მიმართ (3,17).

თარგმანი: თჳთვე თარგმნის სახესა მას თჳსსა, რომელ თქუა, ვითარმედ: წიგნ აღთქუმისა ითქუმის სიტყუაჲ იგი, რომელი აბრაჰამს აღუთქუა ღმერთმან, ხოლო ქრისტეს მიმართ აღასრულა, რამეთუ მისსა მიმართ სარწმუნოებითა იკურთხევიან ყოველნი წარმართნი.

მოციქულისაჲ: რომელ შემდგომად ოთხას ოცდაათისა წლისა იყო შჯული, არა დაუმტკიცებელ ჰყოფს, რაჲთამცა განაქარვა აღთქუმაჲ იგი (3,17).

თარგმანი: ესრეთ განიმარტების სიტყუაჲ ესე, ვითარმედ: აღთქუმასა მას აბრაჰამის მიმართ თქუმულსა ვერ დაუმტკიცებელ ჰყოფს შემდგომად ოთხას ოცდაათისა წლისა შორის-შემოსრული შჯული, რაჲთამცა განაქარვა იგი, რომლისა გზათა წინაგანმმზადებელად შორის-შემოვლინებულ იქმნა იგი, არამედ უეჭუელად მიჰრიდებს შემოსლვასა მისსა.

მოციქულისაჲ: ხოლო უკუეთუ შჯულისაგან არს მკჳდრობაჲ იგი, არღარა აღთქუმისაგან არს, ხოლო აბრაჰამს აღთქუმისა მიერ მოჰმადლა ღმერთმან (3,18).

თარგმანი: მკჳდრობად უწოდს დამკჳდრებასა კურთხევისასა, რომელი-იგი უკუეთუ შჯულისაგან მოგუეცემის, დაშრეტილ და უქმ არს აღთქუმაჲ, რამეთუ აღთქუმითა აბრაჰამის მიმართითა და არა შჯულითა მოსეს მიერითა ბრძანებულ იყო ღმრთისა მიერ მოღებაჲ კურთხევისაჲ.

მოციქულისაჲ: აწ უკუე რაჲ? შჯული გარდასლვისათჳს-მე მოეცა? (3,19).

თარგმანი: უსაკუთრეს არს ესრეთ: რაჲ-მე უკუე არს შჯული; გარდასლვისა მიზეზისათჳს მოეცა? ხოლო ძალი სიტყუთაჲ ამათ ესე არს: ვინაჲთგან ყოვლით კერძო აღამაღლა სარწმუნოებაჲ და უპირატეს ყო იგი შჯულისა, რაჲთა არავინ ნამეტნავ და უჴმარ ჰგონოს შჯული, ამისთჳს თჳთვე იკითხავს, ვითარცა სხჳსა მაგიერ, ვითარმედ: ვინაჲთგან პირველ უხუცეს იყო შჯულისა და აწ უჩინო-მყოფელ არს შჯულისა სარწმუნოებაჲ, რადღა მოეცა შჯული? — და თჳთვე მიუგებს, ვითარმედ: გარდასლვისა მიზეზისათჳს მოეცა. ესე იგი არს მათთჳს, რომელნი ბუნებითსა მას შჯულსა სჳნიდისისასა გარდაჰჴდეს ჰურიანი, რაჲთა არა სრულიად უაღჳრობითა შთავარდენ მთხრებლსა ცოდვისასა. ამისთჳს წერილი იგი შჯული ნაცვალ აღჳრთა ექმნა მათ, რაჲთა არა პირუტყუებრ მიუშუნეს, არამედ სწავლიდეს და სწურთიდეს, და ჴორციელითაცა ტანჯვითა აყენებდეს გარდამავალობისაგან ბრძანებათა მათთაჲსა.

მოციქულისაჲ: ვიდრემდის მოვიდეს ნათესავი იგი, რომელ აღთქუმულ არს (3,19).

თარგმანი: ვითარცა ზემო არა უჴმარებაჲ, ეგრეთვე აწ წუთჟამობაჲ შჯულისაჲ გჳჩუენა; ვითარმედ არა დაუსრულებელთა საუკუნეთა, არამედ ესოდენ ჟამ მოცემულ იყო, ნათესავი იგი აბრაჰამისი — ქრისტე, რომლისა მიმართ აღუთქუა ღმერთმან აბრაჰამს კურთხევაჲ ყოველთა ნათესავთაჲ.

მოციქულისაჲ: ბრძანებული ანგელოზთაგან ჴელითა შუამდგომელისაჲთა. ხოლო შუამდგომელი ერთისაჲ არა არს, ხოლო ღმერთი ერთ არს (3,19-20).

თარგმანი: გინათუ მღდელთა უწოდს ანგელოზად, რომელნი-იგი მსახურ და მბრძანებელ იყვნეს შჯულისა; გინათუ თჳთ ანგელოზთა იტყჳს, რომელნი მსახურ და მომრთუმელ კაცთა იყვნეს შჯულისა. ხოლო ჴელ შუვამდგომელისა არს თჳთ თავადი ქრისტე, მარჯუენე და მკლავი მამისაჲ, რომელი თჳთ იგი არს მომცემელი შჯულისაჲ, და თჳსსა მას მოცემულსა თჳთვე დაჴსნად ჴელ-ეწიფების. ხოლო შუამდგომელ ღმრთისა და კაცთა არს ქრისტე. არა თუ ბუნებითა მით ღმრთეებისაჲთა რამეთუ შუამდგომელი ერთისაჲ არა არს, ხოლო ღმერთი ერთ არს და ერთღმრთეებად იქადაგების წმიდაჲ სამებაჲ), არამედ ბუნებითა მით კაცებისა, ჩუენგან მიღებულისაჲთა, რომლითა დამაგნა ზოგად თავსა თჳსსა და მამისასა, მტერ ყოფილნი პირველ. ხოლო აწინდელი ესე სიტყუაჲ მოციქულისაჲ აღჳრი არს, და უფროჲსღა დამყოფელი პირისა მწვალებელთაჲსა, რომელნი ძესა უდარეს ჰყოფენ მამისა, და სულსა კუალად — უდარეს ძისა; არამედ მოციქული ჴმამაღლად ჴმობს ვითარმედ: "ღმერთი ერთ არს". ესე იგი არს, ვითარმედ ერთღმრთეება და ერთარსება არს სამებაჲ წმიდაჲ, რომლისათჳს არა იხილვების მათ შორის ნებაჲ განყოფილი. ამისთჳს ძე ჴორცთა ბუნებითა შუამდგომელ არს, ვითარცა კაცი, კაცთათჳს, და რომელი-იგი ძუელისა შჯულისა მომცემელ არს, თჳთ იგივე დაჰჴსნის მას, და იგივე გუაცხოვნებს ჩუენ, მისსა მიმართითა სარწმუნოებითა. გენადისი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: მოსე შუამდგომელ იქმნა მოცემასა ზედა შჯულისასა, არამედ ერთისა ოდენ ნათესავისა ისრაიტელთაჲსა. გარნა ჯერ-იყო ჭეშმარიტისა შუამდგომელისა ყოფაჲ, რომელი არა ერთისა ოდენ ნათესავისათჳს ევედრებოდის ღმერთსა ყოველთა ნათესავთასა, არამედ ზოგად ყოვლისათჳს ნათესავისა კაცთაჲსა. რამეთუ ერთ არს' ღმერთი ყოველთაჲ. ამისთჳსცა ამისი ქმნაჲ არა ლიტონისა კაცისაჲ იყო, არამედ ქრისტესი, რომელი ერთი და იგივე არს ძე ღმრთისა და ღმერთ ჭეშმარიტ, და იგივე - ძე დედაკაცისა და კაც ჭეშმარიტ. ამისთჳს თჳსებითა ორთაჲთავე შუვამდგომელ იქმნა დაგებისა და შეერთებისა ღმრთისა და კაცთაჲსა. რამეთუ იგი თავადი ქრისტე არს მშჳდობაჲ ჩუენი, რომელმან ყო ორივე ერთ.

მოციქულისაჲ: აწ უკუე შჯული მტერ-მე არსა აღთქუმათა მათ ღმრთისათაჲ? — ნუ იყოფინ! (3,21).

თარგმანი: კუალად ამასცა იჭუსა თჳთვე დაჰჴსნის, რაჲთა არავინ თქუას, ვითარმედ: ვინაჲთგან შჯული წყევისა თანამდებ ჰყოფდა კაცთა, ხოლო ქრისტე კურთხევასა მოატყუებს, ნუუკუე მტერ-მე იყოს შჯული აღთქუმათა მათ ღმრთისათა აბრაჰამის მიმართ, რომელნი ქრისტეს მიერ მოგუეცნეს! - ამისი უჯეროებაჲ ესრეთ ცხად ყო, ვითარმედ: "ნუ იყოფინ!"

მოციქულისაჲ: რამეთუ უკუეთუმცა მოცემულ იყო შჯული, შემძლებელი ცხორებად, ნამდჳლვე სამე შჯულისაგანმცა იყო სიმართლე, არამედ შეაყენნა წიგნმან ყოველივე ცოდვასა ქუეშე, რაჲთა აღთქუმაჲ იგი სარწმუნოებისაგან იესუ ქრისტესისა მოეცეს მორწმუნეთა (3,21-22).

თარგმანი: აქა მიზეზსა აჩუენებს, ვითარმედ არა ამისთჳს მოცემულ იქმნა შჯული, რაჲთა განამართლოს ვინმე, არამედ ამისთჳს ოდენ, რაჲთა ამხილოს ცოდვასა შინა ყოფაჲ; რამეთუ უკუეთუმცა შჯული განმამართლებელად მოცემულ იყო, სარწმუნოებაჲ არღარად საჴმარ იყო. ამისთჳსცა, რომლისათჳს მოცემულ იყო იგი, შეუძლო ქმნად, ხოლო რომელი არა მისდა ბრძანებულ იყო ქმნად, მისსა შეუძლებელ იქმნა ქმნად. რამეთუ ესე ქმნა დაწერილმან მან წიგნმან შჯულისამან, რაჲთა ამხილოს გარდამავალობაჲ ბუნებითისა შჯულისაჲ გარეშეთა შჯულისათა, და თჳთ შჯულსა ქუეშე მყოფთა მათ ჰურიათა ამხილა, რაოდენსა-იგი უგრძნობელად ცოდვიდეს; და ესრეთ, ზოგად ყოველნი შეაყენნა ცოდვასა — გარეშენი შჯულისანი და შჯულსა ქუეშე მყოფნი. ხოლო შეყენებაჲ ესე იყო, რამეთუ ამხილა წყლულებაჲ დაფარული, და უმეტესად ტკივნეულ ყვნა განცხადებითა უჩინოთა ნაგუემთაჲთა, რაჲთა ეძიებდენ მკურნალსა, და ესრეთ, რაჟამს გამოჩნდეს სარწმუნოებისა მიერი იგი წინა-აღთქუმული განმართლებაჲ ქრისტეს მიერი, მყის სიხარულით მირბიოდინ მისსა. ესრეთ ცხად ყო მოციქულმან, ვითარმედ არა მტერ იყო შჯული, არამედ — წინაგანმმზადებელ და მიმყვანებელ კაცთა აღთქუმისა-მიერისა მის მიმართ განმართლებისა ქრისტეს მიერ; რომელი-იგი გამოჩნდა რაჲ და მოიწია, ამიერითგან შჯული აღსრულებად თჳსსა შეჰრაცხს დატევებასა მისსა და შედგომასა ქრისტესსა; რამეთუ იგი თჳთ ამას ქადაგებდა, ვითარმედ: "მისი ისმინეთ!" ()

მოციქულისაჲ: ხოლო პირველ მოწევნადმდე სარწმუნოებისა შჯულსა ქუეშე მოცვულ ვიყვენით და შეყენებულ მერმისა მისთჳს სარწმუნოებისა გამოჩინებადმდე (3,23).

თარგმანი: არა თუ პირველ ქმნულთა ცოდვათა მოტევებაჲ, არამედ წინამდებარეთა მიმართ განკრძალებაჲ აქუნდა შჯულსა; რამეთუ დაშჯითა და ტანჯვითა, მხილებითა და განქიქებითა ცოდვისაჲთა გარე-მოვეცვენით სახედ ზღუდისა, და შეყენებით შეიწრებითა მათ შინა, გუაჭირვებდა ძიებად განმათავისუფლებელსა ცოდვათაგან, რომლისა ყოფადსა მოსლვასა გჳქადაგებდა, რაჲთა წინა-განგუსწავლნეს სურვილით მოლოდებად და მივლტოლვად მისსა მიმართ, რაჲთა არა შიშითა უკურნებელობისაჲთა დავსძინოთ ცოდვაჲ ცოდვასა ზედა, ვითარცა შუენის სასოწარკუეთილთა.

მოციქულისაჲ: ვინაიცა შჯული იგი მზარდულ გუექმნა ჩუენ ქრისტეს მიმართ, რაჲთა სარწმუნოებითა განვმართლდეთ (3,24).

თარგმანი: კეთილად თქუა შჯულისათჳს სახელი მზარდულობისაჲ, რამეთუ ვითარცა-იგი მზარდული ამას ასწავლის საზრდოსა თჳსსა, ვითარმედ: "ზედაჲსზედა მიხჳდოდე მოძღურისა, რაჲთა განჰმსდიდრდე სწავლულებითა", ეგრეთვე შჯულმან წინა-აუწყა კაცთა, რაჲთა განემზადნენ და მცირედ-მცირედ წარემართნენ სრულებისა მიმართ ქრისტეს სარწმუნოებისა.

მოციქულისაჲ: ხოლო მო-რაჲ-იწია სარწმუნოებაჲ, არღარა მზარდულთა ქუეშე ვართ, რამეთუ ყოველნი შვილნი ღმრთისანი ხართ სარწმუნოებითა ქრისტე იესუჲსითა (3,25-26).

თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: ვიდრე-იგი ჩჩჳლ იყო კაცთა ბუნებაჲ, უჴმდა მზარდულობასა ქუეშე შჯულისასა ყოფაჲ. ხოლო აწ, აღიზარდა რაჲ და სრულ იქმნა მადლითა ქრისტესითა, არღარა ერთი ნათესავი ისრაიტელთაჲ, არამედ ყოველი ნათესავი კაცთაჲ შვილებასა ღმრთისასა ღირს იქმნა. იხილე სიბრძნით შეწყობილებაჲ სიტყუათაჲ ამათ, ვითარ შვილებისაგან აბრაჰამისსა შვილებად ღმრთისა აღიყვანებს კაცთა!

მოციქულისაჲ: რამეთუ რავდენთა ქრისტეს მიმართ ნათელ-იღეთ, ქრისტე შეიმოსეთ (3,27).

თარგმანი: ვინაჲთგან ზემო გუახარა შვილებაჲ ღმრთისაჲ, რაჲთა არავინ შეორგულდეს მიმთხუევად სიმაღლისა ამის, ამისთჳს სახესაცა იტყჳს მიმთხუევისასა; რომლისა დაღაცათუ წესი სიტყუათა შემდგომობისაჲ ამას ითხოვდა, ვითარმედ: "რავდენთა ქრისტეს მიმართ ნათელ-იღეთ, შვილ ღმრთისა ქმნილ ხართ", არამედ იგი ამისსაცა უმაღლეს იღიყვანებს სიტყუასა თჳსსა, ვითარმედ: რავდენთა სახელითა ქრისტესითა ნათელ-იღეთ, არღარა სხუაჲ უდარესი რაჲმე, არამედ თჳთ იგი თავადი ქრისტე შეიმოსეთ; რამეთუ ხატად მისსა შეიცვალენით, და ყოვლითურთ თავთა შინა თქუენთა შეწყნარებითა მისითა თანაზიარ ძეობისა მისისა იქმნენით, რაჲთა, ვითარ იგი ბუნებით ძე არს ღმრთისაჲ, ეგრეთვე თქუენ მადლით ძე ღმრთისა გყვნეს.

მოციქულისაჲ: არა არს ჰურიაება, არცა წარმართება; არა არს მონება, არცა აზნაურება; არა არს რჩევა მამაკაცისა, არცა დედაკაცისა, რამეთუ თქუენ ყოველნი ერთ ხართ ქრისტე იესუჲს მიერ (3,28).

თარგმანი: ვინაჲთგან ჩუენ ყოველთა, ქრისტეს მიერ ნათელღებულთა, ერთი ხატი დაგუედების ქრისტეს შემოსისაჲ, ამისთჳს იგი თავ არს, და ჩუენ — ასოებ, დამოკიდებულ მისსა, და ერთგუამ მის თანა, მადლითა მისითა, რომელმან-იგი ჩუენთჳს ჯუარცუმაჲ და სიკუდილი თავს-იდვა.

მოციქულისაჲ: ხოლო უკუეთუ თქუენ ქრისტესნი ხართ, აბრაჰამისნი ვიდრემე შვილნი ხართ და აღთქუმისა მისგან — მკჳდრნი (3,29).

თარგმანი: იხილე, ვითარ ერთად შეასრულა სიტყუაჲ თჳსი, რამეთუ ზემო თქუა, ვითარმედ: არა შჯულისაგან, არამედ სარწმუნოებისა მიერ შეირაცხვის კაცი შვილად აბრაჰამისსა, რამეთუ იგი სარწმუნოებითა განმართლდა, და მის ძლით მიიღო აღთქუმაჲ, ვითარმედ: არა მრავალთა ნათესავთა, არამედ ერთისა მის ნათესავისა მისისა — ქრისტეს მიმართ იკურთხეოდიან ყოველნი წარმართნი. ამისსა შემდგომად აჩუენა, ვითარმედ ქრისტე არს ნათესავ აბრაჰამისსა, რამეთუ ჴორციელად მშობელი მისი ქალწული აბრაჰამის ნათესავით შთამომავალ იყო. ამას შეუდგინა, თუ ვითარ ვიქმნებით ჩუენ შვილ ღმრთისა (ცხად არს, ვითარმედ — ქრისტეს მიმართ ნათლისღებისა მიერ, შემოსითა ქრისტესითა), ხოლო კუალად ამას — ესე, ვითარმედ: მის მიერ ნათელღებულნი ყოველნი ერთგუამ ვართ მის თანა. ხოლო აწ ზოგად ყოველთა დაგჳმკჳდრებს შვილებასა თანა ღმრთისასა შვილებასაცა აბრაჰამისსა, რამეთუ მადლით ძეობისა პატივსა აღმყვანებელი ჩუენი ქრისტე, ვითარ-იგი ზეცას —ბუნებით ძე ღმრთის, ეგრეთვე ქუეყანასა ზედა, ბუნებით განკაცებითა ქალწულისაგან, შვილ აბრაჰამისსა არს. და, ვითარ-იგი ძეობასა ღმრთისასა, ეგრეთვე აბრაჰამისსაცა დამიმკჳდრებს ჩუენ.