მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

თავი ი̂ა. სახე სულისა აზნაურებისაჲ

წმინდა იოანე ოქროპირი
მთარგმნელი: წმინდა ეფრემ მცირე
რედაქტორი: Titus

📋 სარჩევი

მოციქულისაჲ: რამეთუ თქუენ აზნაურებასა ჩინებულ ხართ, ძმანო, გარნა ხოლო აზნაურებაჲ ეგე ნუ მიზეზად ჴორცთა, არამედ სიყუარულისა მისთჳს ჰმონებდით ურთიერთას (5,13).

თარგმანი: ვინაჲთგან ზემო და ქუემო მიმოაქცევს სახელსა აზნაურებისასა, ამისთჳს აწ ჯეროვნად ჴუმევასა ეძიებს აზნაურებისასა და იტყჳს, ვითარმედ: არა ამისთჳს განგუათავისუფლნა ქრისტემან, რაჲთა თავისუფლებაჲ იგი მოცალება ვყოთ, და მოცალებაჲ — წარჴსნილება ცოდვისა მიმართ; რომელ-ესე არს მიზეზად ჴორცთა ჴუმევაჲ აზნაურებისაჲ; არამედ ჯერ-არს, რაჲთა უიძულებელითა და თჳთმფლობელითა ნებითა ნაცვალად მძიმისა მის შჯულისა უღლისა დავიდვათ ტკბილი იგი უღელი სიყუარულისაჲ, ნებსით მონებად ღმრთისა და მოყუასთა, რამეთუ ესე არს სიყუარული, რაჟამს არა ერთიერთისა მთავარ განლაღებულ, არამედ ერთიერთისა მონა ვიყვნეთ, შჯულისათჳს სიყუარულისა.

მოციქულისაჲ: რამეთუ ყოველი შჯული ერთითა სიტყჳთა აღესრულების: შეიყუარო მოყუასი შენი, ვითარცა თავი თჳსი (5,14).

თარგმანი: ვინაჲთგან მთავრობის მოყუარებით ენება, რაჲთა ეუფლნენ და ჰმოძღურიდენ ერსა მას, მაიძულებელნი იგი წინადაცუეთისანი, ამისთჳს მყუდროებით ამხილებს მათ, ვითარმედ: არა წინადაცუეთითა, არამედ ერთითა ამით სიტყჳთა ლევიტელთა წიგნისაჲთა აღესრულების ყოველი შჯული, რაჟამს შევიყუარნეთ მოყუასნი, ვითარცა თავნი თჳსნი, რაჲთა ვითარცა ჩუენ არა გჳნებს, რაჲთამცა გუმთავრობდა და გუმძლავრობდა ვინმე, არცა ჩუენ მთავარ და მძლავრ ვისსამე ვიქმნებოდით.

მოციქულისაჲ: ხოლო უკუეთუ ურთიერთას იკბინებოდით და შეიჭამებოდით, იხილეთ, ნუუკუე ურთიერთას განილინეთ (5,15).

თარგმანი: არა კმა-იყო "კბენაჲ", არამედ ზედა-დაჰრთო "შეჭმაჲ", ესე იგი არს, ვითარმედ: არა გარეშე ჴორცთა ოდენ ჰკბენს, არამედ შინაგან სულთა შემჭამელ იქმნების ესევითარი იგი შჯულთა გარდასლვისა ქადაგებაჲ, რომელი დაღაცათუ უეჭუელად იქმნებოდა მათ შორის, არამედ არავე განცხადებულად ამხილებს, რაჲთა არა უმეტეს ურცხჳნო ყვნეს იგინი საქმედ ბოროტისა. ამისთჳს ეტყჳს, ვითარმედ: უკუეთუ ესე ესრეთ არს, იხილეთ და ეკრძალენით, ნუუკუე სხჳსაჲ გეგონოს კბენაჲ და თავთა თჳსთა მკბენელ და განმლეველ იქმნნეთ, რამეთუ ყოვლითავე, რომლითაცა რაჲთ კაცი მოყუასსა აჭირვებდეს და ჰმძლავრობდეს, თავსა თჳსსა ავნებს და განხრწნის, რამეთუ მეშფოთეობასა მარადის მოყუსად მოუგიეს შერევნაჲ და განხრწნაჲ.

მოციქულისაჲ: ხოლო ამას გეტყჳ: სულითა ვიდოდეთ და ჴორცთა გულისთქუმასა ნუ აღასრულებთ (5,16).

თარგმანი: ესრეთ ეტყჳს, ვითარმედ ამას გასწავებ ღონედ ბოროტთა განდევნისა და კეთილთა მოგებისა, რაჲთა სულითა ხჳდოდით; ესე იგი არს, ვითარმედ: სული მთავარ ყავთ ჴორცთა ზედა, და უდარესი დაუმორჩილეთ უაღრესსა, რაჲთა ესრეთ დაიკსნნენ გულისთქუმანი ჴორცთანი, რაჟამს არა აქუნდეს მათ ფლობაჲ ქმნად მშჳნვიერსა რასმე და განხრწნადსა, არამედ ყოვლითურთ ნებასა სულისასა შედგომითა მოქმედებდეს საუკუნოდ წარუვალსა და დაუსრულებელსა.

მოციქულისაჲ: რამეთუ ჴორცთა გული-უთქუამს სულისათჳს, და სულსა — ჴორცთათჳს, და ესენი მჴდომ არიან ურთიერთას (5,17).

თარგმანი: ჴორცად აწინდელსა ამას ადგილსა ბოროტთა უწოდს გულისთქუმათა, ხოლო სულად — მადლსა ყოვლადწმიდისა სულისასა, ვითარმცა იტყოდა, ვითარმედ: სიბოროტე წინააღმდგომ არს სათნოებისა, ხოლო სათნოებაჲ წინა-აღუდგების სიბოროტესა, და ადგილსა აღავსებს მზრდელისა რაჲსმე და მწურთელისა კეთილისასა, რამეთუ მაყენებს და არა მიტევებს ჩუენ მიდევნებად ბოროტთა გულისთქუმათა. ესრეთ უკუე სხუასაცა ადგილსა იტყჳს, ვითარმედ "არა ხართ ჴორცთა შინა, არამედ სულთა" (), რაჲთა ცხად-ყოს, ვითარმედ იგივე და ერთი კაცი ჴორცთა შინა მყოფად ითქუმის, რაჟამს ცოდვასა მიედევნოს, და სულსა შინა მყოფად — რაჟამს სათნოებასა მოქმედებდეს; და მარადის ზოგად მყოფთა მათთჳს — სულისა და ჴორცთა — წინააღმდგომობაჲ ითქუმის, რამეთუ მიწისაჲ მიგჳზიდავს მიწად, ხოლო ზეცისაჲ მიგჳწოდს ზეცად. და ესე არს ჴდომაჲ მათი ურთიერთას, რამეთუ გარეშისა განხრწნაჲ, შინაგანისა — განახლება, ხოლო ამისი შუებულებაჲ — მისდა დაძუელება იქმნების; ვინაჲცა სიტყუათა ამათ მიერ არცა ორთა კაცთა, არცა ორთა გუამთა იტყჳს ჩუენ შორის, არამედ გულისსიტყუათა წინააღმდგომობასა კეთილისა და ბოროტისასა ესრეთ სახელ-სდებს.

მოციქულისაჲ: რაჲთა არა, რაჲ-იგი გინდეს, და მას ჰყოფდეთ (5,17).

თარგმანი: ამას ადგილსა გუასწავებს წინააღდგომასა ჴორცთა ნებისასა, რაჲთა არა ვითარ მას უნდეს, არამედ — ვითარ-იგი სულსა წმიდასა ენებოს, ესრეთ ვიქცეოდით, და შევიკდიმოთ მისგან, რომლითა-იგი აღბეჭდულ ვართ ნათლისღებისა მიერ.

მოციქულისაჲ: უკუეთუ სულითა იქცეოდით, არა ხართ შჯულსა ქუეშე (5,18).

თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: რომელნი სულიერითა ამით სახარებისა ბრძანებითა ვიდოდინ, მათ რად უჴმს ძუელი იგი შჯული შემწედ? რამეთუ, რომელი არა განრისხნებოდის, მას რად უჴმს სმენად: "არა კაც-ჰკლა" ()? არცა, რომელი გულისთქუმით არა მიხედვიდეს, მისსა საჴმარ არს თქუმად: "არა იმრუშო" (). ესევითარი იგი აღარა შჯულსა ქუეშე არს, არამედ სულსა; რამეთუ ამით სიტყჳთა მოციქულმან დიდად აქო ძუელი შჯული, ვითარ ფრიად საჴმარ იყო მათთჳს, რომელთა ჯერეთ არღა მიეღო სული წმიდაჲ; რამეთუ წინაგანმამზადებელი იყო კაცთაჲ ამისსა მომართ.

მოციქულისაჲ: ხოლო ცხად არიან საქმენი ჴორცთანი, რომელ არიან: სიძვანი, მრუშებანი, არაწმიდებანი, ბილწებანი, კერპთმსახურებანი, მწამლველობანი, მტერობანი, ჴდომანი, შურობანი, გულისწყრომანი, წვალებანი, შფოთებანი, შურნი, კაცის-კლვანი, ლირწებანი, მთრვალობანი, სიღოდანი და მსგავსნი ამათნი (5,19-21).

თარგმანი: რაჟამს ჩუენ განვჰყოფდეთ ვნებათა ამათ, არა ყოველთა ჴორცთად ვიტყჳთ, არამედ შურსა და მტერობასა და მსგავსთა ამათთა — სულისად უწოდთ, ხოლო აწ მოციქული არა სულიერთა და ჴორციელთა ვნებათა განყოფილებასა ჰყოფს, საქმითსა და გონებითსა; რამეთუ საქმითი — ჴორცთაჲ არს, ხოლო გონებითი — სულისაჲ, არამედ ყოველსავე საღმრთოსა საქმესა სულიერად იტყჳს, რაჲცა რაჲ ყოს კაცმან საქმით გინა გონებით, რამეთუ სათნოებასა ზეცისათა მიმართ აქუს თჳსებაჲ და არა ქუეყანისათა; ამისთჳს სულისად იწოდების, რამეთუ სულიცა ზენაჲსა თჳსებისაჲ არს .და არა ქუეყანისაჲ. და კუალად, უკეთურებისა კერძი რაჲცა რაჲ ყოს კაცმან, საქმით გინა გონებით, ესევითარსა მას ჴორცთად უწოდს, რამეთუ მათ თანა აქუს თჳსებაჲ განხრწნადობისა მისთჳს მათისა. და ესე იყავნ მიზეზისათჳს ამათ თქუმულთაჲსა.

ხოლო თჳთ ვნებანი ესე რომელნიმე არა მოქენე არიან თარგმანებისა, ვითარ სიძვაჲ და მრუშებაჲ, ხოლო არაწმიდებაჲ და ბილწებაჲ არს სახელ ბუნებისა გარეგანთა ვნებათა. კუალად, ცხად არს კერპთმსახურებაჲ, მწამლველობაჲ, მტერობაჲ, ჴდომაჲ, ვინაჲცა მტერობაჲ ოდესმე სამართალსა ზედა იქმნების, რაჟამს სარწმუნოებისათჳს ბრძოლასა ვჰყოფდეთ წინააღმდგომთა მიმართ. ხოლო თჳნიერ ამისსა, სხუაჲ მტერობაჲ უჯერო არს; და რომელი თჳნიერ სულისა მავნებელთასა სხუასა ვისმე ემტერებოდის, ესევითარი იგი ჴდომის მოყუარე არს და თჳნიერ სამართალისა მიზეზისა — მბრძოლ. ხოლო შურობაჲ ესრეთ განიყოფების შურისაგან, რამეთუ შურობაჲ ოდესმე ამისთჳსცა იყვის, რამეთუ მისთჳსცა შურობნ და თჳთცა უნებნ, რასა-იგი შურობნ; ხოლო შური ესე არს, რაჟამს არცა თჳთ უნდეს და არცა სხჳსა ქონებად მისსა თავს-იდებდეს; ამას შეუდგს გულისწყრომაჲ, და გულისწყრომასა — ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, შფოთებაჲ. ესე იგი არს, რაჟამს შურისაგან განრისხებული იტყოდის სიტყუათა საშფოთებელთა. და ამას — განწვალებულებაჲ, და მასღა —წვალებაჲ, რამეთუ რაჟამს გონებითა განიწვალნენ, მაშინ სიტყუათაცა წვალებისათა იწყებენ თქუმად. და ამისსა შემდგომად არს შური, და შურსა შეუდგს კლვაჲ. ხოლო მთრვალობასა შეუდგს სიღოდაჲ, რომელ არს განკუთნვითი სიმღერაჲ მომთრვალეთაჲ, რაჟამს გარდარეულებითა სუმისაჲთა სხუაჲ არღარაჲ ეძლის, თჳნიერ ჴმანი რაჲმე უძლურნი და აღსავსენი დაჴსნილებითა.

მოციქულისაჲ: რომელსა წინაჲსწარ გეტყჳ თქუენ, ვითარცა პირველ გარქუ, ვითარმედ: ესევითარისა მოქმედთა სასუფეველი ღმრთისაჲ ვერ დაიმკჳდრონ (5,21).

თარგმანი: ესევითარისა მოწევნადისა რისხვისაგან წინა-განკრძალებაჲ საკუთრად თჳს-ეყვის მოძღუარსა სახიერსა, რაჲთა აუწყოს მოწაფეთა, ვითარმედ ესევითართა საქმეთა მოქმედნი ყოველნი ზოგად განვარდებიან სასუფეველისაგან, ხოლო სატანჯველი თითოეულსა მიელის მსგავსად საქმეთა თჳსთა.

მოციქულისაჲ: ხოლო ნაყოფი სულისაჲ არს (5,22).

თარგმანი: ზემო იტყოდა, ვითარმედ: საქმენი ჴორცთანი ესე არიან, რაჲთა ცხად ყოს, ვითარმედ ბოროტთა საქმეთა ჩუენ მხოლონი ვართ მიზეზ და მომატყუებელ თავთა თჳსთა. ხოლო აწ არა იტყჳს საქმედ სულისა, არამედ ნაყოფად ოდენ სულისა. ესე ამისთჳს, რამეთუ მოქმედებასა შინა კეთილთასა ჩუენი ნებაჲ ოდენ არს კეთილისაჲ, რაჲთა წინა-უყოთ ღმერთსა განმზადებაჲ სულთა ჩუენთაჲ, და ესრეთ, იგი იქმნეს მოქმედ მას შინა, ნაყოფიერ ყოფად უნაყოფოებისა ჩუენისა; ნაყოფთა მათ, რომელნი-იგი აღორძნდებიან სრულებად სათნოებისა სულთა ჩუენთაჲსა, დანერგვითა ჩუენ შორის წმიდისა და ნუგეშინისმცემელისა სულისაჲთა.

მოციქულისაჲ: სიყუარული, სიხარული, მშჳდობაჲ, სულგრძელებაჲ, სიტკბოებაჲ, სახიერებაჲ, სარწმუნოებაჲ, მყუდროებაჲ, მარხვაჲ, მოთმინებაჲ. ესევითართათჳს არა ძეს შჯული (5,22-23).

თარგმანი: ესევითართა ამათ ნაყოფთა მომგებელსა მარადის უხარის, რამეთუ, რაჟამს განწმდეს მის შორის თავისუფლებით ბრწყინვად სანთელი იგი სჳნიდისისაჲ, მიერითგან არღარა უჴმს შიში გარეშეთა შჯულთა მზარდულობისაჲ, რაჟამს კეთილდ შეიკრძალოს ღმრთივ მოცემული იგი შჯული გონებისაჲ, მამხილებელი კეთილთა და ბოროტთასა.

მოციქულისაჲ: ხოლო ქრისტესთა მათ ჴორცნი თჳსნი ჯუარს-აცუნეს ვნებითურთ და გულისთქუმით (5,24).

თარგმანი: რაჲთა არა ურწმუნო უჩნდეს ზემოთა მათ სათნოებათა სიმაღლისაჲ კაცთა მიერ წარმართებაჲ, ამისთჳს ეტყჳს, ვითარმედ: რაჲსა აღვჰრიცხუავ თითოეულსა სათნოებასა! არამედ ესრეთ ვთქუა, ვითარმედ: რომელთა-ესე ჭეშმარიტებით გულისჴმა-ყვეს, ვითარმედ ჴორცნი მათნი ტაძარ ღმრთისა არიან, ამისთჳს ყოვლად ქრისტესა განკუთნვილ იქმნნეს, რაჟამს ჯუარს-აცუნეს ჴორცნი თჳსნი და მოაკუდინნეს იგი ვნებათაგან და გულისთქუმათა ჴორციელთა, რაჟამს არა ხოლო თჳთ მკუდარ იქმნნეს მათგან, ყოვლად უქმებითა მათითა, არამედ იგინიცა მოაკუდინნეს მათდა მიმართ, რაჲთა არა ხოლო საქმით, არამედ არცაღა გონებით აქუნდეს მათ ადგილი მათ შორის. იხილე, ვითარ აქაცა ჴორცად ბოროტთა საქმეთა უწოდს; რამეთუ არა თავთა თჳსთა მოიკლვენ, რომელთა უნდეს ჯუარცუმაჲ ჴორცთაჲ, არამედ ჴორცთა მათთა შინა მყოფთა ვნებათა და გულისთქუმათა მოსწყუედენ, რაჲთა არა ხოლო საქმით, არამედ გონებითცა მოსწრაფე იყვნენ აღმოფხურად ვნებათა, ესოდენ ფიცხლად მოღუაწებითა, რაჲთა განილიოს მათ შორის ყოველი ნივთი ვნებათა და გულისთქუმათაჲ.

მოციქულისაჲ: უკუეთუ სულითა ცხოველ ვართ, სულითაცა ვყვნეთ (5,25).

თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: უკუეთუ სულისა წმიდისა მიერ განცხოველებულ არს მოკუდავებაჲ ჩუენი, ნუმცაღა ვეძიებთ შჯულისა თანაშემწეობასა, არამედ კმა-ვიყოთ შედგომაჲ სულისა ამის, განმაცხოველებელისა ჩუენისაჲ.

მოციქულისაჲ: ნუმცა ვართ მზუაობარ, ურთიერთას მაბრალობელ, ურთიერთას მოშურნე (5,26).

თარგმანი: ყოველთა ბოროტთა მიზეზ — ცუდადმზუაობრობაჲ არს, რომლისა მიერ შემოვალს ურთიერთასი აღმძრველობაჲ, და ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, მიმწოდებელობაჲ, რომელ არს, რაჟამს არა ხოლო თავთა ჩუენთა, არამედ სხუათაცა აღმაზრზენელ ვიყვნეთ მოშურნე და მეშფოთე ყოფად.

მოციქულისაჲ: ძმანო, უკუეთუ ვინმე დაეპყრას კაცი რომელსამე ბრალსა, თქუენ, სულიერთა მაგათ, დაამტკიცეთ ეგევითარი იგი სულითა მით მშჳდობისაჲთა (6,1).

თარგმანი: ვინაჲთგან მრავალნი მათგანნი, ძლეულნი მთავრობისმოყუარებისაგან, შეცოდებათა მოყუსისათა რისხვით ზედა-მიუვიდოდეს, ამისთჳს ეტყჳს, ვითარმედ: უკუეთუ ვინმე დაეპყრას, ესე იგი არს აღტაცებით ქმნასა ცოდვისასა, ნუ რისხვით და ფლობით ზედა-მიუხუალთ, არამედ სულითა მით მშჳდობისაჲთა დაამტკიცეთ იგი მიმოძრვისაგან, რამეთუ ამით გამოჩნდების თქუენი სულიერად ცხორებაჲ, რაჟამს მშჳდობით ჰყოფდეთ კურნებასა, რამეთუ სული იგი ცხოველსმყოფელი — ღმერთი მშჳდობისაჲ არს.

მოციქულისაჲ: ეკრძალე თავსა შენსა, ნუუკუე შენცა განიცადო (6,1).

თარგმანი: ამისსა შემდგომად, რაჲთა არა აღზუავნეს განმმართველი იგი ცთომილებისაჲ, ჟამიერად ეტყჳს მას, ვითარმედ: ეკრძალე თავსა შენსა, ნუ სადა აღგიმაღლდეს გული და მიეცე გამოსაცდელად მტერსა.

მოციქულისაჲ: ურთიერთას სიმძიმე იტჳრთეთ და ესრეთ აღასრულეთ შჯული იგი ქრისტესი (6,2).

თარგმანი: ესე არს ურთიერთას თავს-დებაჲ, რაჲთა, იყოს თუ ვინმე ფიცხელ, ხოლო შენ — მცონარ, იტჳრთე სიფიცხე მისი, რაჲთა მან იტჳრთოს მცონარებაჲ შენი; და ესრეთ, ყოველსავე საქმესა შინა გულისჴმაყავ, რაჲთა შენისა სხჳთ კერძო ნაკლულევანებისათჳს თავს-იდვა სხჳთ კერძოჲ იგი ნაკლულევანებაჲ მოყუსისაჲ, რაჲთა მან თავს-იდვას შენი. ნუ გამოიკულევ მისსა, რაჲთა არა მან — შენი; არამედ ურთიერთას იტჳრთეთ, რაჲთა ესრეთ აღასრულოთ შჯული იგი ქრისტესი, უძლურებათა ჩუენთა თავს-მდებელისა და სნეულებათა ჩუენთა მიმღებელისაჲ, რამეთუ უკუეთუ ყოველსავე ყოველთა თანა ვეძიებდეთ და ურთიერთას თავს-დებასა და შენდობასა განვაგდებდეთ, არაოდეს მოაკლდეს შფოთი შორის სავსებისა ძმათაჲსა.

მოციქულისაჲ: რამეთუ უკუეთუ ეგონოს ვისმე, ვითარმედ არს რაჲმე, და იგი არაჲ იყოს, თავსა თჳსსა აცთუნებს. არამედ საქმენი თჳსნი გამოიცადენინ კაცად-კაცადმან, და მაშინ თავისა თჳსისა ხოლო ქებაჲ აქუნდეს და არა მოყუსისა მიმართ (6,3-4).

თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: მგონებელი რაჲსმე ქონებად, და გამოუცდელი ქონებისა და არა-ქონებისაჲ, თავსა თჳსსა აცთუნებს. ამისთჳს ანუ ნუ იქადი, რამეთუ ყოვლად უჯერო არს, ანუ დაღაცათუ ვერ იპყრობ სიქადულსა, ნუ ფარისეველებრ მოყუასსა ზედა იქადი, არამედ თავსა შორის შენსა თუალ-უხუავ იქმენ, ვითარცა ბრძმედი, გამომცდელი ოქროჲსა და ბრპენისაჲ, რამეთუ უკუეთუ ჭეშმარიტებით განიხილო, უეჭუელად მრავალი რაჲ ჰპოო შენ შორის ადგილი ბრალობისაჲ და დამჴსნელი სიქადულისაჲ.

მოციქულისაჲ: რამეთუ კაცად-კაცადმან თჳსი ტჳრთი იტჳრთოს (6,5).

თარგმანი: ამით სიტყჳთა დაჰჴსნის მოყუასთა მაბრალობელობასა და ურთიერთას განმკითხველობასა, რაჲთა ამისისა გონებისაგან უცალო იყოს კაცი, ვითარმედ: თჳსი ტჳრთი ჰკიდავს და სიტყჳს-მიცემაჲ უნებს მისთჳს, რაჲ-იგი თჳთ უცოდავს, არა — რაი-იგი მოყუასსა. ამისთჳს თჳსთა ცოდვათა ზრუნევდინ და ნუ მოყუსისათა გამოეძიებს.

მოციქულისაჲ: ხოლო ეზიარებოდენ უმეცარი იგი სიტყუასა მასწავლელისასა ყოველსა შინა კეთილსა (6,6).

თარგმანი: უსაკუთრეს არს ესრეთ: ხოლო ეზიარებოდენ მოსწავლე იგი სიტყუასა მასწავლელისასა ყოველთა შინა კეთილთა. ესე იგი არს, ვითარმედ: რომელი სულიერსა სწავლასა ისწავლიდეს მოძღურისაგან, ზიარ მისსა იქმენინ ჴორციელად გამოზრდითა მისითა და ყოვლისავე კეთილისა და ჯეროვნისა პატივისა ჩუენებითა, რომელი-ესე არა ეგოდენ მიცემაჲ არს, რაოდენ ზიარებაჲ მადლთა მისთაჲ, და ჴორციელისა მორთუმაჲ, ხოლო სულიერისა მიღებაჲ მისგან. რამეთუ ესე ძუელსა შინა განაწესა ღმერთმან ლევიტელთათჳს, რაჲთა ერისაგან იზარდებოდინ და ჴორციელისა არაჲს ზრუნვითა განუყოფელ იყვნენ ღმრთისმსახურებისაგან. და ახალსა შინა კუალად ესევე ბრძანა, ვითარმედ: "რომელსა სახლსა შეხვიდეთ, ჭამდით წინადაგებულსა თქუენსა, რამეთუ ღირს არს მუშაკი სასყიდელსა თჳსსა" (). ხოლო ამას თუ ვინმე ეძიებდეს, ვითარმედ: რომელმან-იგი უმადლოჲ ერი ზეცით მანანაჲთა გამოზარდა, მოწაფენი და მოციქულნი თჳსნი რაჲსა უტევნა შრომით და ჭირით უპოვარებად? — ცხად არს, ვითარმედ — ამისთჳს, რაჲთა ყოვლითურთ მსგავს იყვნენ მეუფესა და მოძღუარსა მათსა, რომელსა-იგი არა აქუნდა, სადა თავი მიიდრიკოს; და კუალად, რაჲთა რასა-იგი ქადაგებენ სიტყჳთ, იგი აჩუენონ საქმით; ესე იგი არს, შეურაცხ-ყოფაჲ სოფლისაჲ, და ვითარმედ მრავლითა ჭირითა გჳჴმს შესლვად სასუფეველსა. და კუალად, რამეთუ კმა იყო მათდა სიმაღლედ სიმრავლე იგი ძალთა და კურნებათაჲ, რაჲთა არავინ ჰგონოს მათი გარეგან ჴორცთა ყოფაჲ, ამისთჳს სახე ყოვლისა სიმდაბლისა და უპოვარებისაჲ აჩუენა მათ მიერ, რაჟამს ესოდენთა ძალთა აღმასრულებელნი იგი მოქენე იყვნეს მდღევრისა საზრდელისა, თჳთ მათვე მოწაფეთა მათთაგან, რომელნი-იგი მათ გამოეზარდნეს პურითა ზეცისაჲთა.

მოციქულისაჲ: ნუ სცთებით; ღმერთი არა შეურაცხ იქმნების, რამეთუ, რაჲცა-იგი სთესოს კაცმან, იგიცა მოიმკოს (6,7).

თარგმანი: ჴორციელთა ამათ თესლთაგან სახესა მოართუამს საქმეთაებრისა მისაგებელისასა, ვითარმედ: ვითარ-ესე აქა ვერ ეგების ქრთილსა თესვაჲ და იფქლსა მომკაჲ, არამედ რაჲცა სთესო, მასცა მოიმკი, ვითარებისაებრ თესლისა, ეგრეთვე ნუმცა ვინ სცთების აქა ბოროტის მთესვართაგანი, ვითარმცა მუნ მოიმკო კეთილი.

მოციქულისაჲ: რამეთუ რომელმან სთესოს ჴორცთა შინა თჳსთა, ჴორცთა მიერ თჳსთა მოიმკოს ხრწნილებაჲ, ხოლო რომელმან სთესოს სულსა თჳსსა, სულისაგან თჳსისა მოიმკოს ცხორებაჲ საუკუნოჲ (6,8).

თარგმანი: თესლ ჴორცთა არიან მთრვალობაჲ, შუებაჲ, ნაყროვნებაჲ, უძღებებაჲ ჴორცთაჲ და ყოველი ცოდვაჲ, რომელი ჴორცთა მიერ აღესრულების, — ამათმან მთესველმან მუნ მოიმკოს განუხრწნელი ხრწნილებაჲ სატანჯველისა დაუსრულებელისაჲ, რომელ არს სირცხჳლი და დაშჯაჲ საუკუნოჲ. ეგრეთვე თესლნი სულისანი — მომატყუებელნი ცხორებისა საუკუნოჲსანი არიან: მოწყალებაჲ, სიწმიდე, მარხვაჲ და კრძალულებაჲ ყოველსა შინა, რომლისაგან იშვების ყოველი მწყობრი სათნოებათაჲ.

მოციქულისაჲ: ხოლო კეთილისა საქმე ნუმცა გუეწყინების, რამეთუ თჳსსა ჟამსა მოვიმკოთ, არათუ მოვმედგრდეთ (6,9).

თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: ვინაჲთგან არა აქავე, არამედ მერმესა მას ყოფად არს აქა თესულისა მკაჲ, ესე ნუმცა გუეწყინების, ნუცა განგრძობისათჳს ჟამისა ყოვლად უსასო ვიქმნებით, რამეთუ ათასი წელი წინაშე თუალთა უფლისათა, ვითარცა ერთი დღე. ნუცა კუალად ამას ვჰგონებთ, ვითარმედ, ვითარ-ესე აქა არა ხოლო თესვასა, არამედ მკასაცა ფრიადი დაშრომაჲ შეგუემთხუევის, ეგრეთვე მუნ, რამეთუ მერმე იგი სამკალი, რომელ არს მოსაგებელი კეთილთა საქმეთაჲ, არცა ერთისა რაჲს ოფლისა და შრომისა მოქენე არს. ამისთჳს ნუცა პირველ ჟამისა ვეძიებთ მოსაგებელთა შრომათასა, და მოვიწყინებთ შრომასა დაყოვნებისათჳს მათისა, რამეთუ თჳსი ჟამი უჩნს განკუთნვილი მოღებასა მათსა, ოდეს-იგი უეჭუელად მოვიღოთ, უკუეთუ ოდენ არა მოვმედგრდეთ, ესე იგი არს, დავიჴსნნეთ, აქა განგრძობისათჳს შრომათაჲსა.

მოციქულისაჲ: აწ უკუე, ვიდრე ჟამი გუაქუს-ღა, ვიქმოდით კეთილსა ყოველთავე მიმართ, ხოლო უფროჲსად სახლეულთა მათ მიმართ სარწმუნოებისათა (6,10).

თარგმანი: მოქმედებისა ჟამ არს საწუთროჲ ესე; ხოლო მერმესა მას არარაჲ იქმნების საქმე, თჳნიერ მოსაგებელი საქმეთაებრი. ამისთჳს აწვე გუაწუევს მოციქული, რაჲთა ვიქმოდით კეთილსა ყოველთა მიმართ. ესე იგი არს —ჰურიათა და წარმართთა, ხოლო უფროჲსღა სახლეულთა მათ მიმართ სარწმუნოებისა ჩუენისათა, რომელ არიან მორწმუნენი ქრისტესნი, რომელთა თანა ზოგად ერთსახლ ვართ ერთობითა სარწმუნოებისაჲთა.